ბათუმის ბულვარში იასონ გორდეზიანის ძეგლი გაიხსნა

ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან, იასონ გორდეზიანის ძეგლი გაიხსნა. იასონ გორდეზიანი ბათუმის მთავარი მებაღე და ცნობილი დეკორატორი იყო. ძეგლის გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ბათუმის მერი დაესწრო.

იასონ გორდეზიანის ქანდაკების ჩამოსხმისა და მონტაჟის სამუშაოების შესყიდვისთვის ბათუმის ბულვარის ბიუჯეტიდან 128 174 ლარი დაიხარჯა. „ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, იასონ გორდეზიანის დეკორატიული სკულპტურის ავტორია მოქანდაკე ირაკლი წულაძე. ქანდაკების განთავსება ბულვარის ადმინისტრაციის ინიციატივა იყო.

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, იასონ გორდეზიანი 1876 წელს რაჭაში დაიბადა, 1911 წელს წარჩინებით დაამთავრა ვერსალის სასოფლო-სამეურნეო ნაციონალური ინსტიტუტი და მიიღო სახელმწიფო ჯილდო, ოქროს მედალი.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საფრანგეთის, ბელგიის, შვეიცარიის, ჰოლანდიის საბაღო მეურნეობებში. პარიზში, მსოფლიოში ცნობილ სელექციონერ ველმორენის სათესლე-სანერგე მეურნეობაში იღრმავებდა ცოდნას. ევროპაში აღიარებულ სპეციალისტს სამუშაოდ იწვევენ ლონდონის ბოტანიკური ბაღის მებაღე-დეკორატორად.

„1913 წლის იანვარში ბრუნდება საქართველოში და მწვანე კონცხზე ბოტანიკური ბაღის იდეის სულისჩამდგმელი და არქიტექტორია,“-ამბობენ ბულვარის ადმინისტრაციაში.

1916  წელს კი ის ინიშნება ბათუმის გამწვანების ტრესტის დირექტორად. „სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული ბულვარის განახლება-განაშენიანების მცენარეული საფარის, ახალი სათბურების, სანერგეებისა და ორანჟერეების შექმნა-მშნებელობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი