რატომ გადაიკეტა ბულვარში სასეირნო და ველო ბილიკები არდაგანის ტბასთან

ბათუმში, არდაგანის ტბასა და საცხოვრებელ კორპუს „მაგნოლიას“ შორის არსებული ტერიტორია სამშენებლო ღობით შემოიღობა. ღობის შიგნით მოექცა ბულვარში ფეხით მოსიარულეთა და ველო ბილიკების გარკვეული მონაკვეთიც. ტერიტორიაზე სატუმბი სადგურის მშენებლობა იწყება, რომელიც 2 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს. გამორიცხული არაა ღობეც 2 წლის განმავლობაში დარჩეს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ღობეს იქამდე არ აიღებენ, ვიდრე ამის საჭიროება იქნება: „შესაძლოა სატუმბი სადგურის მშენებლობის რაღაც ეტაპზე ნაწილობრივ აიღონ… 2 წლის განმავლობაში სადგური უნდა აშენდეს და ტესტირებაც გაიაროს“.

„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასეირნო ბილიკისა და ველობილიკის დროებით გადაკეტვის ნებართვა მათგან 2020 წლამდე ითხოვეს.

ამ ადგილზე, სადაც სატუმბი სადგური შენდება, თავს იყრის ნინოშვილის ქუჩიდან გამომავალი სანიაღვრე არხი და ასევე არხი ჯავახიშვილის ქუჩიდან, რომელსაც თავის მხრივ, „ჭაობის“ დასახლებაში უერთდება კიდევ ერთი ცენტრალური სანიაღვრე არხი [რომელიც გიორგი ბრწყინვალის ქუჩიდან გამოდის]. როგორც მერიაში თავის დროზე გვითხრეს, ეს სანიაღვრეები უშუალოდ ტბას არ უერთდება, ზღვაში ჩადის, თუმცა არხს აქვს ე.წ. ფანჯარა, რომლიდანაც სანიაღვრე წყლები დიდი წვიმის დროს არდაგანის ტბაში გადადიოდა.

ახალი სადგურის აშენებით, რაც KFW-ის სესხისა და გრანტით კეთდება, სანიაღვრე არხებიდან წყალი ზღვაში გადაიტუმბება, რამაც ქალაქის დატბორვის რისკიც უნდა შეამციროს და ტბაშიც სანიაღვრე წყლები აღარ უნდა ჩავიდეს. პროექტის მთლიანი ღირებულება ჯამში 5,5 მილიონი ევროა. სამუშაოებს თურქული კომპანია „ეჯიტაში“ასრულებს.

ადგილი სადაც სატუმბი სადგური უნდა აშენდეს /ბათუმი / 4.04.2018

ამავე თემაზე:

რატომ დაჭაობდა არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com