კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერი: „მაღალსართულიანი სახლების ყრუ კედლები კლდესავითაა წამოჭიმული“

17.03.2018 • 2697
ბათუმის მერი: „მაღალსართულიანი სახლების ყრუ კედლები კლდესავითაა წამოჭიმული“

ახალი სამშენებლო პროექტის დაგეგმვისას ბათუმში მშენებლები სიმაღლის ნიშნულს ამავე კვარტალში არსებული ახალი შენობიდან იღებენ. მაგალითად, თუ მომიჯნავე ნაკვეთზე თოთხმეტსართულიანი სახლია, ისინი მიიჩნევენ, რომ მის გვერდითაც თოთხმეტსართულიანი სახლი უნდა აშენდეს. ამ გადაწყვეტილებას ხშირად ე.წ ყრუ კედლებითაც ხსნიან.

„ჩემს წინაშე დგას კითხვა, როგორ შევცვალოთ ე.წ. ყრუ კედლები განაშენიანების ზონაში? – მაღალსართულიანი სახლების ყრუ კედლები, რომლებიც დღეს კლდესავით არის წამოჭიმული, ყოველგვარი დატვირთვის გარეშეა და საშინელებაა. ძალიან ხშირად მენაშეენეებს აქვს მიდგომა, ხომ ხედავ აქ ყრუ კედელია დამაყენებინე სახლი, ამას დავფარავ, იმას დავფარავო.  ყველა ვხვდებით, რომ ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ, ამაში არის გარკვეული ლოგიკური შემადგენელიც, ხომ არ შეიძლება იმ ყრუ კედლის რაღაც არქიტექტურული გადაწყვეტილებით შერბილება.“ – ამბობს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე. მან ე.წ. ყრუ კედლების გაცოცხლების იდეაზე, ჩართულობის ცენტრის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

იდეა დადებით შეაფასა ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა, მან განმარტა, რომ ყოველი ასეთი პროექტისთვის მერია ერთიან კონცეფციას ვერ შეიმუშავებს და ცელკეულ შემთხვევას ინდივიდუალური გადაწყვეტა სჭირდება:

„ … ეს შეიძლება იყოს მხატვრობაც , გამწვანებაც, ყველანაირი გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს, კონკრეტული შენობის კედელი უნდა გაკეთდეს არტისტების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ან გამწვანების სპეციალისტების მიერ, იმის მიხედვით კონკრეტულად იმ სივრცეს, რა მოერგება, რა მოუხდება და რისი საშუალება აქვს ფინანსურად ბათუმის მერიას.

ყველა ყრუ კედლის წინ აშენებულ სახლს, ასევე ყრუ კედელი მოჰყვება, ეს არი ჯაჭვი, ერთს რომ დაფარავ მეორე ჩნდება, მეორეს – მესამე. ეს არ არის გამოსავალი. ეს არის თვალის დახუჭვა არსებულ პრობლემაზე, რომელიც იმიტომ გაჩნდა, რომ ერთხელ დავუშვით, შემდეგ პირველს მოყვა მეორე და ასე შემდეგ და მივიღეთ ის, რომ საკმაოდ დიდი პროცენტი ძველი ბათუმისა დავკარგეთ აი ამ ყრუ კედლების პრობლემის გამოსწორებაში.“

ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრას, სადაც მერმა ყრუ კედლების გაცოცხლებასა და ბათუმში არსებულ სხვა ურბანულ პრობლემებზე ისაუბრა არქიტექტორები და  სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: