„ბათუმის მეჩეთის საქმეს“ სასამართლო 20 თებერვალს განიხილავს

ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 20 თებერვალს დაიწყება. საქმეს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს.

გუშინ, 13 თებერვალს, მეჩეთთან დაკავშირებული სარჩელის შესახებ განცხადება გაავრცელეს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI).

ამ ორგანიზაციებმა სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისს მიმართეს, ამ დრომდე კი სასამართლო სხდომა არ ჩატარებულა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ სამოქალაქო დავის განხილვა სასამართლოში სარჩელის შეტანიდან 2 თვეში უნდა დაწყებულიყო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში განმარტავენ, რომ საქმე არ გაჭიანურებულა და ამ დრომდე „საქმე მომზადების ეტაპზე იყო.“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი