მთავარი,სიახლეები

საქალაქო სასამართლოს ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საქმის გაჭიანურებაზე მიუთითეს

13.02.2018 • 3284
საქალაქო სასამართლოს ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საქმის გაჭიანურებაზე მიუთითეს

 ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავაში  ბათუმის საქალაქო სასამართლოს საქმის დროული განხილვისკენ და სამართლიანი სასამართლოს ბაზისური სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებენ.

ორგანიზაციების შეფასებით, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე ბათუმის მერიის მიერ ნებართვის გაცემაზე უარის თქმა რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციაა.  „სარჩელი სასამართლოში 2017 წლის 13 ივნისს დარეგისტრირდა, თუმცა მითითებულ საქმესთან დაკავშირებით დღემდე არც ერთი სასამართლო სხდომა არ ჩატარებულა და არც დანიშნულა.

მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო მსგავსი კატეგორიის საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე მისი განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 თვისა.

მოცემულ შემთხვევაში კი, სარჩელი შეტანიდან 8 თვეა გასული, თუმცა როგორც აღინიშნა სასამართლოს მიერ დღემდე არცერთი სხდომა არ დანიშნულა,“-ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სასამართლოებში გადატვირთულობის სისტემური პრობლემის აღიარების მიუხედავად, სასამართლომ საქმის განხილვის ყველა გონივრული ვადა დაარღვია, რაც სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს.

„საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, ასევე მეჩეთის მშენებლობაზე მუსლიმი თემის მწვავე სოციალური საჭიროებისა და უფლების შეზღუდვის განგრძობადობის გათვალისწინებით, სასამართლოს უმოქმედობა სამართლებრივი მექანიზმების მიმართ ნდობის და ეროვნულ დონეზე ეფექტიანი და დროული მართლმსაჯულების  განხორციელების შესაძლებლობას ასუსტებს,“-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: