აჭარის მთავრობის პასუხი ენმ-ის ბრალდებაზე

აჭარის მთავრობა უმაღლესი საბჭოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ასმათ დიასამიძეს პასუხობს. მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის ოთარ დიასამიძის თქმით, უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ასმათ დიასამიძეს დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის მიზნით, მთავრობისთვის არ მიუმართავს.

„ინფორმაცია სასამართლოზე მიმართვის შესახებ ჩვენთვის მედია საშუალებით გახდა ცნობილი. რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის გაცემას, მთავრობის აპარატს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართავენ სხვადასხვა ორგანიზაციები, მოქალაქეები და არასდროს არ შექმნილა პრობლემა, მითუმეტეს სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე.

მოცემულ შემთხვევაშიც ინფორმაცია მთავრობის აპარატის მიერ გაიცა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ვფიქრობთ, რომ სრული ინფორმაცია მივაწოდეთ იმ განცხადების საფუძველზე, რა განცხადებითაც მოგვმართეს. აქვე ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ დაზუსტების მიზნით ქალბატონ ასმათს არ მოუმართავს მთავრობის აპარატისთვის. თუ მას დამატებით რაიმე ინფორმაცია ჭირდებოდა, შეიძლებოდა მარტივად განცხადების შემოტანა დაზუსტების თაობაზე. თუმცა ეს მოწმობს, რომ სასამართლოსთვის მიმართვა ამ შემთხვევაში პოლიტიკურ შინაარსს ატარებს. ვინაიდან თუ ინტერესი არის, ის რომ მიიღო დამატებით კიდევ რაიმე სახის ინფორმაცია მარტივია – დაზუსტების მიზნით მიმართავენ ადმინისტრაციულ ორგანოს, რაც ქალბატონ ასმათს არ გაუკეთებია,“ – განაცხადა ოთარ დიასამიძემ.

ოთარ დიასამიძის კომენტარი აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.

აჭარის მთავრობისთვის საჯარო ინფორმაციის მოწოდების დავალდებულების მოთხოვნით სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ასმათ დიასამიძემ დღეს, 11 იანვარს შეიტანა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი