ახალი სავარძელი ახალარჩეული მერისთვის შუახევში

შუახევის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული მერისთვის, ფრიდონ ფუტკარაძისთვის, სავარძლის შესაძენად ელექტრონული ტენდერი შუახევის გამგეობამ უკვე გამოაცხადა.

შავი ფერის სავარძელთან ერთად შუახევის გამგეობა სახელმწიფო შესყიდვით ტანსაცმლის ერთ და წიგნების – ორ კარადას, 20 საოფისე სკამსა და სავარძლების სამეულს  ყიდულობს.

შუახევის მერიაში განმარტავენ, რომ სამეულსა და ტანსაცმლის კარადას, მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებისთვის ყიდულობენ. რაც შეეხება სავარძელს, შუახევის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი, ომარ აბუსელიძე განმარტავს, რომ ხელმძღვანელი პირისთვის სავარძელი გამგეობამ 4-5 წლის წინ შეისყიდა.

„არსებული სავარძელი მწყობრიდან გამოვიდა, ავეჯის შესყიდვაზე თანხმობა მთავრობისგან მივიღეთ,“ – ამბობს ის.

ავეჯის შესყიდვაზე შუახევის მერიის მიერ 2 490 ლარზე 27 ნოემბერს გამოცხადებული ტენდერი 5 დეკემბერს დასრულდება. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ავეჯი შუახევის მერიას 26 დეკემბრამდე უნდა მიაწოდოს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი