რა შენიშვნები მისცა უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობას – 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი

„მიზანშეწონილია, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტში გადაიხედოს ის პროგრამები და ქვეპროგრამები,  რომელთა შესრულების მაჩვენებლები მიმდინარე საანგარიშო პერიოდისთვის გამოირჩევა დაბალი აქტივობით და მოხდეს ამ პროგრამების და ქვეპროგრამების ფუნდამენტური ცვლილება და მორგება შესაბამის ბენეფიციარზე,“ – ეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ერთ-ერთ შენიშვნაა აჭარის ბიუჯეტის 2018 წლის პროექტზე. ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობას დღეს, 29 ნოემბერს დაუბრუნა.

უმაღლესი საბჭოს კომისიებიდან ყველაზე მეტი შენიშვნა საფინანსო კომისიას აქვს. რომელი პროგრამა დაუწუნა უმაღლესმა საბჭომ მთავრობას? – კომისიის თავმჯდომარე, გიორგი რომანაძე ამბობს, რომ ასეთი რამდენიმეა. „მაგალითად, ნივრის პროგრამა, რომელზეც ტენდერი რამდენჯერმე ჩავარდა. შესაძლოა ტენდერის ჩავარდნის გამო არ გააუქმო პროგრამა, მაგრამ გამოდის, რომ პრობლემა არსებობს და ეს გადასახედია, იქნებ სატენდერო პირობებშია პრობლემა, დოკუმენტაციაში. ასევე დაბალი აქტივობა ჰქონდა სტუდენტების სწავლების დაფინანსებას საზღვარგარეთ… ჩვენ არ ვითხოვთ ამ პროგრამების ამოღებას ბიუჯეტიდან. ვთქვით, რომ ყურადღება არის მისაქცევი,“ – ამბობს გიორგი რომანაძე.

აგროსესხების გაცემა – ესეც საფინანსო კომისიამ ჩაუწერა მთავრობას შენიშვნებში. „სასურველია ისეთი პროგრამის შექმნა, რომლის ფარგლებშიც ფერმერები მიიღებენ გრძელვადიან აგროსესხებს საშეღავათო პერიოდით (ბაღების გაშენების, ხილის მოსავლიანობის,  ნერგების განაშენიანების მიზნით) და სესხის დაფარვა მოხდეს მოწეული მოსავლის რეალიზაციის შემდგომ პერიოდში“, – ვკითხულობთ კომისიის დასკვნაში.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ ეს ინიციატივაა, რომელსაც განხილვა სჭირდება.

„ეს იდეის დონეზე მივაწოდეთ მთავრობას და მოლოდინი არ გვაქვს, რომ უცებ დამუშავდება. პროგრამა თუ შემუშავდება, შესაძლებელია, მომავალ წელს, როცა ბიუჯეტში ცვლილება შევა, დაიწყოს ამ პროგრამის განხორციელება… საუბარია მთავრობის თანამონაწილეობაზე, ვთქვათ, ამ სესხის გარკვეული პროცენტი რომ იფარებოდეს ბიუჯეტიდან და ფერმერებმა მარტივად შეძლონ აგროსესხის აღება შესაბამისი პროექტის არსებობის შემთხვევაში,“ – გვითხრა საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი რომანაძემ.

აგრარულ კომისიაში მიიჩნევენ, რომ უნდა გაიზარდოს ბიუჯეტში პროგრამის დაფინანსება, რომელიც ფაროსანას საწინააღმდეგო შემასხურებელი აპარატის შეძენას ითვალისწინებს. კომისიის აზრით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჯამში 2500 ასეთი აპარატი უნდა შეიძინოს. აგრარული კომისია ასევე ითხოვს 12 ტყის მცველის დამატებას.

მუსიკალური ცენტრის შენობის რეაბილიტაცია და აუდიოგიდები რამდენიმე ენაზე ბათუმის მუზეუმებში – ეს განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის შენიშვნებია.

ჯანდაცვის კომისიის აზრით, სამთო-სათხილამურო კურორტებზე სამედიცინო დახმარების ორგანიზება უნდა მოახდინოს მთავრობამ, ასევე უნდა გაიზარდოს მაღალმთიან აჭარაში მომუშავე სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურება.

შრომის ანაზღაურებას ექიმებისთვის ითხოვს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“. ფრაქციის აზრით, თუკი ბიუჯეტიდან მაღალმთიან აჭარაში ექიმების ხელფასი თანადაფინანსების პრინციპით დაფინანსდება, რამდენიმე წელში საკუთარი შემოსავლებიც გაეზრდება იქ არსებულ კლინიკებს.

„ცნობილია, რომ არსებობს კვალიფიციური ექიმის პრობლემა მაღალმთიანეთში, პაციენტებიც პირდაპირ ბათუმში მოდიან. ჩვენი გათვლებით, თუკი ხულოს და შუახევის კლინიკას ბიუჯეტიდან გამოეყოფა 120 ათასი ლარი, შესაძლებელი იქნება პროფესიონალი ექიმების მიზიდვა. ამის შემდეგ ადგილობრივი მცხოვრები პირდაპირ იქ მივა და კლინიკებსაც ბიუჯეტის დახმარება აღარ დასჭირდება,“ – აღნიშნავს გია აბულაძე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

„ნაციონალურ მოძრაობის“ შენიშვნების ჩამონათვალი გაცილებით დიდია, ვიდრე ყველა დანარჩენი კომისიის. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი სწორად დაგეგმილი არ არის და მთავარი დაპირებაც, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე, შეუსრულებელია.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს ციტრუსის ლოჯისტიკური ჰაბის შექმნას, რომლითაც მანდარინის ევროპულ ბაზარზე გატანა იქნება შესაძლებელი უკრაინის გავლით. ფრაქციის მოთხოვნაა ასევე ეკომიგრანტი ოჯახებისთვის გამოყოფილ – 25 ათასი ლარს დაემატოს თანხა.

„ამ თანხით უკვე შეუძლებელია საცხოვრებლის ყიდვა. რეალურად არც იმას არკვევს ვინმე, ვისაც 25 ათასი ლარი მისცეს, იყიდა თუ არა სახლი. ჩვენი აზრით, სადღაც 35 ათასი მაინც უნდა მივცეთ ეკომიგრანტებს,“ – დასძენს გია აბულაძე.

ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენელი ერთმანეთს ტრანსფერების ნაწილში ეთანხმებიან. ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გადასაცემი ტრანსფერების რაოდენობა ჯამში დაახლოებით 23 მილიონით მცირდება.

„ქობულეთის შემთხვევაში, მაგალითად, მცირდება 8 მილიონით. თუკი არგუმენტი არის ის, რომ ვინმე ამ თანხას ვერ ითვისებს და ნაშთი რჩებათ, ქობულეთს ნაშთი არ ჰქონია. პირიქით, ნაპირსამაგრი სამუშაოები ხორციელდებოდა, მათ შორის, ტრანსფერის საშუალებით. იმედი მაქვს, ამისთვის თანხა ისევ გამოიძებნება,“ – ამბობს გიორგი რომანაძე.

გია აბულაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „ფაქტია, რომ მუნიციპალიტეტებს რჩებათ ნაშთი. გასულ წელს დაახლოებით 90 მილიონი დარჩა აუთვისებელი, წელს 100 მილიონზე მეტი იქნება… ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ მუნიციპალიტეტს ფული არ სჭირდება. პირიქით არის საქმე, ამ ოდენობის ნაშთი რომ რჩება, ეს მიანიშნებს დაგეგმვის პრობლემაზე. ვერ გეგმავს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და ვერც მთავრობა გეგმავს“.

 

 

 

.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი