პეტრას ციხის ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები დაიწყო

აჭარის ა/რ მთავრობის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით 2015 წელს პეტრას ციხის რეაბილიტაცია დაიწყო. სააგენტოს მიერ შეძენილ იქნა ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ციხის კედლების რეაბილიტაცია.

2017 წლისათვის სააგენტოს მიერ შეძენილ იქნა პეტრას ციხის ინფრასტრუქტურით მოწყობის პროექტი, რომლის მიხედვითაც მუზემ-ნაკრძალში დაიწყო პირველი ეტაპის სამუშაოები: ამ ეტაპზე მიმდინარეობს ღობის მოწყობა.

2018 წლისათვის დაგეგმილია ვიზიტორთა ცენტრისა და ავტოსადგომის მოწყობა, ასევე გაკეთდება მისასვლელი გზები, ბილიკები, ბანერებისა და თვალსაჩინო მასალების განთავსების ადგილები.

აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ მიმდინარე წელს არქეოლოგიური სამუშაოების დროს ციხეზე აღმოჩენილი იქნა ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით დათარიღებული უმნიშვნელოვანესი მასალები: რკინის საბრძოლო ცულები, სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, მუზარადი, ჯაჭვის პერანგისა და ფარის ნაშთები, მრავალრიცხოვანი კერამიკული ნაწარმი და განძი (95 ვერცხლის მონეტა).

პირველად ციხის შესწავლა 1930-იან წლებში დაიწყო, 1934 წელს ს. ჯანაშიამ სადაზვერვო სამუშაოები ჩაატარა ციხეზე და გამოვლინდა ტაძრის ნაშთი. ფართო მასშტაბის არქეოლოგიური გათხრები კი დაიწყო 1960-იანი წლების დასაწყისში ივანე ჯავახიშვილის სახ.ინსტიტუტისა და ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ერთობლივი ექსპედიციის ძალებით, ამ გათხრების შედეგად გამოვლინდა სამხრეთის კოშკი, სამხრ.კარიბჭე, სამნავიანი ბაზილიკა, აღმ.კარიბჭე და აბანო.

ციხე-ქალაქი პეტრა ადრეფეოდალური კულტურის ერთ-ერთი უბრწყინვალესი ძეგლია, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით თარიღდება. ეს ტერიტორია ისტორიულად ერთ-ერთი ქართველური ტომის-ლაზების სამოსახლო იყო. უნიკალური სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ აქ ქალაქი გააშენა. ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა უმნიშვნელოვანესი სახმელეთო გზა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა დასავლეთ საქართველოს, ბიზანტიის პროვინციებს, ირანს და სომხეთს. შუა საუკუნეებისათვის პეტრას ციხე იმდენად მიუდგომელი გახდა, რომ მას ქაჯეთის ციხე უწოდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი