კვირის ამბები

ეკოტურიზმი სამცხე-ჯავახეთში

05.10.2015 • 7983
ეკოტურიზმი სამცხე-ჯავახეთში

გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი: გაქვავებული ტყე

სამცხე-ჯავახეთი მთიანი ხეობებით, სწრაფი მდინარეებითა და ტბებით გამორჩეული რეგიონია. საქართველოში ყველაზე მეტი – 80-მდე ტბა სწორედ ამ მხარეშია. ყველაზე დიდი ტბა ფარავანია. აქ ცივიდა სუსხიანი ზამთარია. ამიტომ ზამთრობით ტბებზე რამდენიმესანტიმეტრიანი ყინულია. ეს რეგიონი განსაკუთრებულად მიმზიდველია თევზაობის მოყვარულებისთვის, რადგან ტბები მდიდარია სხვადასხვა სახის თევზით. სამცხე-ჯავახეთში მთავარ პრობლემას წარმოადგენს ინფრასტრუქტურა და სასტუმროები. ამ ადგილების მონახულების დროს ღამის გათევა სოფლებში, საოჯახო ტიპის სასტუმროებშია შესაძლებელი, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 20-ია.

„ზოგს თოვლიანი პერიოდი აინტერესებს, თუმცა ყველაზე მოსახერხებელი ეკოტური მაინც ზაფხულშია“, – ამბობს მთვარისა თარხნიშვილი, რომელიც რამდენიმე წელია ტურისტული ტურების მოწყობითაა დაკავებული და რამდენიმე ადგილს გვთავაზობს ეკოტურის მოსაწყობად:

ფარავანის ტბა

 

ზღვის დონიდან 2073 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, ყველაზე დიდი ტბაა საქართველოში. მისი სიგრძე 9,5 კმ-მდე აღწევს, სიგანე – 6 კმ-ს, სიღრმე კი – 3,8 მეტრია. ტბა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აბულ სამსარისა და ჯავახეთის ქედებს შორისაა მოქცეული. ტბა ზამთრობით იყინება და ყინულის სისქე 47-73 სანტიმეტრამდე აღწევს. ზაფხულობით კი ლამაზი პეიზაჟის ნახვის გარდა ფარავნის ტბა მიმზიდველია თევზაობის მოყვარულებისთვისაც. ტბაში ბინადრობს სხვადასხვა სახეობის თევზი: ხრამული, კალმახი, ნაფოტა, კობრი, ჭაფალა და სხვა. ფარავნის ტბასთან ახლოს მდებარეობს სოფელი ფოკა, სადაც ეთნიკურად სომეხი ქართველი მოსახლეობა ცხოვრობს. ნინოწმინდაში მისულებს შეგიძლიათ მოინახულოთ საღამოს ტბაც, რომელიც ნინოწმინდიდან 13 კილომეტრის დაშორებით, სოფელ საღამოსთან მდებარეობს.

 

 

ფარავნის ტბა | ფიტო:moe.gov.ge

 

 

 

საღამოს ტბა | ფოტო: samtskhe-javakheti.gov.ge

 

„სოფელ საღამოში კარგი ამინდის დროს შუა დღის მერე ბინდბუნდია, თითქოს მოღამდაო, ამ მახასიათებლიდან გამომდინარე, ამ ტერიტორიას სოფელსაც და ტბასაც – საღამო დაერქვა“, – ამბობს ისტორიკოსი, მკვლევარი და ახალციხის მუნიციპალიტეტში განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი რევაზ ანდღულაძე.

ტაბაწყური

 

ბორჯომისა და ახალქალაქის საზღვარზე, ზღვის დონიდან 1991 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ტბის საშუალო სიღრმე 15 მეტრი, მაქსიმალური კი 40 მეტრზე მეტია. დეკემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე ტბა გაყინულია. ირგვლივ სოფლები – მოლითი და ტაბაწყური მდებარეობს.

ტაბაწყურის ტბა

წუნდის ტბა 

 

6 მეტრი სიღრმის ტბა ასპინძის სოფელ ნოქალაქევში მდებარეობს. მის გვერდით მდინარე მტკვარი მიედინება. არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც თამარ მეფე თითქოს ამ ტბის ანარეკლით ისწორებდა თმას. ამიტომ ეს ტბა „თამარის სარკის“ სახელითაც არის ცნობილი.

 

 

წუნდის ტბა | ფოტო: samtskhe-javakheti.gov.ge

 

კარწახის ტბა 

 

იგივე ხოზაფინის ტბა, ერთადერთი ტბაა საქართველოში, რომელიც საზღვარს წარმოადგენს და საქართველოსა და თურქეთს აერთიანებს. ტბის ნახევარი – ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილი საქართველოში ხოლო სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი თურქეთში მდებარეობს. კარწახის ტბა ახალციხის მუნიციპალიტეტშია და ზღვის დონიდან 1799 მეტრზე მდებარეობს. კარწახის აუზის ფართობი 158 კვადრატული მეტრია. სიღრმე მხოლოდ ერთ მეტრს აღწევს.

კარწახის იგივე ხოზაფინის ტბა ერთადერთი ტბაა საქართველოში რომელიც საზღვარზე დებარეობს, ტბის ნახევარი საქართველოში ნახევარი კი თურქეთში მდებარეობს

გაქვავებული ტყე 

 

დაცული ტერიტორიების სააგენტომ „გაქვავებულ ტყედ“ წოდებული 365 ჰექტრამდე ტყე უნიკალურად გამოაცხადა და ბუნებრივი ძეგლის სტატუსი მიანიჭა. „გაქვავებული ტყე“ ადიგენისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზეა და გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლს წარმოადგენს. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე ასეული წლის წინ ტყის მასივი მიწაში დაიმარხა და უჰაერო სივრცეში გაქვავდა. „გაქვავებული ტყე“ ზღვის დონიდან 1600-2100 მეტრ სიმაღლეზე, გოდერძის უღელტეხილთან ახლოს, უტყისუბანში მდებარეობს.

 

 

გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი: გაქვავებული ტყე | ფოტო: apa.gov.ge

 

რაფტინგი მდინარეებზე 

 

მთვარისა თარხნიშვილის თქმით რაფტინგისთვის, იგივე ჯომარდობისთვის, სამცხე-ჯავახეთი მაღალი მთებითა და სწრაფი მდინარეებით საუკეთესო ადგილია საქართველოში. „სამწუხაროდ, ახლა გახდა ჯავახეთში ეკოტურიზმი მიმზიდველი, აქამდე ამ მიმართულებით ერთადერთი, რაფტინგი ტარდებოდა, ძირითადი ინტერესი კულტურულ ძეგლებზე იყო სამცხეში“, – ამბობს მთვარისა თარხნიშვილი და დასძენს, რომ ჯავახეთს დიდი პოტენციალი გააჩნია ეკოტურიზმის განვითარებისთვის. ის სამცხე-ჯავახეთში, უცნობ და ეკოტურისტულ და ზოგადად, ტურისტულის მქონე და ჯერ კიდევ შეუსწავლელ მხარეებად მიიჩნევს ურაველის ხეობას სამცხეში და ნინოწმინდას – ჯავახეთში.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: