კვირის ამბები

სამზარეულოს კულტურა ქობულეთში

30.08.2015 • 4560
სამზარეულოს კულტურა ქობულეთში

 

ბუხრის მაკეტი ქობულეთის მუზეუმიდან
ბუხრის მაკეტი ქობულეთის მუზეუმიდან

გადმოცემის თანახმად, დიასახლისი იმით ფასობდა, როგორ მოუვლიდა ცეცხლს. მის დასანთებად საღამოობით ნაცარში დაფლავდნენ ხოლმე ნაკვერჩხალს. დილით გააღვივებდნენ და თავიდან დაანთებდნენ. თუ ისე მოხდებოდა, რომ ნაკვერჩხალი ჩაქრებოდა, უახლოეს მეზობელთან მიდიოდნენ ცეცხლის სათხოვნელად. სწორედ აქედან წარმოიშვა გამოთქმა ცეცხლის მეზობელი, ან როგორც ქობულეთში ამბობენ „ცეხლის მეზობელი“.

 

მუდმივად ანთებული ბუხარი ქობულეთურ სტუმარ-მასპინძლობასთან იყო შერწყმული. ბუხრის წინ კეცზე მუდმივად იყო მიფიცხებული მჭადი, თუ მოულოდნელად სტუმარი შემოესწრებოდათ, სათანადოდ რომ გამასპინძლებოდნენ. თუ მჭადი გაცივდებოდა, ასეთ დროს იტყოდნენ, კერა გაცივდაო.

 

ხის კალათები ხილისთვის
ხის კალათები ხილისთვის

ქობულეთის მუზეუმში მრავლადაა დაცული ქობულეთში გავრცელებული სამზარეულოს ჭურჭლის ნიმუშები. ექსპონატებს მუზეუმში ცალკე ექსპოზიცია აქვს დათმობილი. აქ შეგიძლიათ ნახოთ ორასი წლის ფილთაქვა, ძველისძველი სუფრები, თუნგები, გუგუმები, თაფლის ჩასასხმელი ჭურჭელი, ყველის დასადები ჯამები და სხვა საოჯახო ნივთები.

 

თუნგებსა და გუგუმებს წყლისთვის, ღვინოსთვის და რძისთვის იყენებდნენ. რძის ჩასასხმელი გუგუმი აუცილებლად მოკალული უნდა ყოფილიყო. ბუხრის პირას მუდამ იდგა ლითონის პატარა ქოთანი, რომელშიც კვეთს (რძის შესადედებლად საჭირო სითხე) ამზადებდნენ.

 

„ყველის გემოს საიდუმლოება კვეთშიც იყო. იმისთვის, რომ გემრიელი ყველი დაემზადებინათ, ძროხა უნდა ყოფილიყო ალპურ საძოვრებზე ნასაზრდოები. კვეთს კი სახლის პირობებში ამზადებდნენ. ბებიაჩემიდან ვიცი, ჩვენთან ფრინველს რომ დაკლავდნენ, კუჭს ამოაცლიდნენ. ამ კუჭს აქვს გარსი, ამ გარსს შემოაცლიდნენ, გარეცხავდნენ, გააშრობდნენ, გაახმობდნენ და მისგან შემდეგ ამზადებდნენ კვეთს. ყველაზე ხშირად აკეთებდნენ ქათმისგან, თუმცა კურდღლის კუჭის გარსი, საუკეთესო იყო,“ – ამბობს ქობულეთის მუზეუმის დირექტორი რეზო ტაკიძე.

 

მუზეუმში ქართული სუფრის რამდენიმე ნიმუშიცაა დაცული. ეს არის სხვადასხვა სიდიდის მრგვალი ფორმის, ხისფეხიანი სუფრები. როდესაც სტუმარი ესტუმრებოდათ, საჭმელს თუ ღვინოს სწორედ ამ სუფრით მიართმევდნენ ხოლმე მას. რაც შეეხება საკვებს – ქობულეთელის სახლში მუდმივად იყო აპოხტი (დამარილებული ქათამი) და გამხმარი თევზი.

 

თაფლის შესანახი ხის ჭურჭელი
თაფლის შესანახი ხის ჭურჭელი

„სტუმრისთვის დიდ პატივისცემად ითვლებოდა აპოხტი ქათმის მირთმევა. აპოხტს შემოდგომაზე ამზადებდნენ. დაკლავდნენ, გაასუფთავებდნენ, ოქტომბრის ქარებში გამოაშრობდნენ, მერე ბუხართან ჩამოკიდებდნენ და ჰქონდათ სტუმრის მოსვლამდე. სტუმარი რომ მოვიდოდა, ჩამოხსნიდნენ და მისგან კერძს მოამზადებდნენ. ასევე დელიკატესად ითვლებოდა გამხმარი თევზი. დღეისათვის ეს კულტურა ხინოშია შემორჩენილი. იქ დღესაც გამხმარი თევზი აქვთ, ძირითადად კალმახი. გამოაშრობდნენ, გამოწელავდნენ, შემდეგ მარილში აჩერებდნენ რამდენიმე დღე, ქარები როცა იქნებოდა, გამოაშრობდნენ და შემდეგ ისიც გადაინაცვლებდა ბუხართან. სხვაგან თხილს და არაყს რომ მოგიტანენ, ჩვენთან ეგრე ნაკვერჩხალზე თევზს წვავდნენ. შქერის ან ნიგვზის ფოთოლში ახვევდნენ და ისე.

 

თევზს იჭერდნენ ბიგით. ბიგა იყო ორწვერა ჯოხი, რომელსაც ბადეს მოახვევდნენ. მდინარე რომ ადიდდებოდა, უსვამდნენ ამ ამღვრეულ მდინარეს და იჭერდნენ ასე თევზს. ანკესით იშვიათად, სად ეცალა ქობულეთელ კაცს იმისთვის, ანკესით თევზი დეეჭირა“.

 

ქობულეთელები მეფუტკრეობას კარგა ხანია მისდევენ. ამაზე უძველესი ნივთიც მეტყველებს, რომელშიც თაფლს ასხამდნენ და შემდეგ ბაზარში მიჰქონდათ გასაყიდად. მრგვალი, მოგრძო ფორმის ხის ჭურჭელი დღეისათვის ქობულეთის მუზეუმშია დაცული.

 

ხის სუფრა
ხის სუფრა

„ძველად ქობულეთში იყო როგოები – სკები, ამ როგოებს მაღალ ხეზე აიტანდნენ და დადგამდნენ. ამ პროცესს სკის გაცოცხლებას ეძახდნენ. შევიდოდა ფუტკარი, დაამზადებდა თაფლს და შემდეგ ჩამოჰქონდათ. როგოებს მხოლოდ წიფელაზე დგამდნენ. იმიტომ რომ წიფელას კანი აქვს სქელი და დათვი ვერ ადიოდა. როდესაც თაფლს მიიღებდნენ, სპეციალური ხის ჭურჭელით მიჰქონდათ ბაზარში გასაყიდად. დაახლოებით ხუთი კილოგრამი თაფლი ჩადის. საინტერესოა რომ დიდი სიზუსტით არის დამზადებული“, – ამბობს ქობულეთის მუზეუმის დირექტორი რეზო ტაკიძე.

 

ხის კასრები
ხის კასრები

ასევე ქობულეთში გავრცელებული კერძებია: წვენიანი ფხალი, რომელსაც ბრინჯს ურევენ, ჩირბული – პომიდვრითა და კვერცხით მზადდება და ქობულეთური ბორანო კვერცხით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: