Batumelebi | წყალქვეშა ტურიზმი – შესაძლებლობა, რომელსაც ვერ ვიყენებთ წყალქვეშა ტურიზმი – შესაძლებლობა, რომელსაც ვერ ვიყენებთ – Batumelebi
RU | GE  

წყალქვეშა ტურიზმი – შესაძლებლობა, რომელსაც ვერ ვიყენებთ

 

საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, წყალქვეშა ტურიზმის განვითარება მხოლოდ აჭარაში, გონიო-კვარიათის მონაკვეთზეა შესაძლებელი, _ მიიჩნევს „წყალქვეშა ცურვის ასოციაციის“ ხელმძღვანელი, „პოსეიდონის სამყაროს“ დირექტორი, დავით ნიკოლეიშვილი. მისივე თქმით, წყალქვეშა ტურიზმის განვითარება აჭარაში სრულიად შესაძლებელია, თუმცა ხელისუფლება ამ თემით არ ინტერესდება.

ბატონო დავით, რა პოტენციალი არსებობს წყალქვეშა ტურიზმის განვითარებისათვის საქართველოში, აჭარაში და რამდენად რეალურია ამ მიმართულებით ტურიზმის განვითარება?

იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთი დაკარგულია და იქ დიდი პოტენციალი იყო წყალქვეშა ტურიზმის განვითარებისთვის, განსაკუთრებით გუდაუთა-ბიჭვინთის სანაპირო ზოლში, სადაც იყო ყველაზე კარგი წყალქვეშა სანახაობა, ყველაზე კარგი პოტენციალი საქართველოს შავზღვისპირეთში აქვს, განსაკუთრებით სარფი-კვარიათის ზონაში. სამწუხაროდ, აქ გვაქვს არასწორი მიდგომა, სანაპირო ზოლის გამაგრება, ერთი მხრივ, სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, დაზიანდა ძალიან კარგი წყალქვეშა სანახაობა. შესაძლებელი იყო სანაპიროს გამაგრება ისე, რომ წყალქვეშა ლანდშაფტი არ დაზიანებულიყო, რომელიც ღირებულია ტურისტებისთვის. ფაქტობრივად, ნახევარი სანაპირო ამ თვალსაზრისით დაზიანებულია, თუმცა შესაძლებელია ბევრი რამის გაკეთება, სახელწიფოსა და ინვესტორების მხარდაჭერით. წყალქვეშა ტურიზმის განვითარების შესაძლებლობა არის ციხისძირშიც და ასევე, მწვანე კონცხზე, რომელიც ადრე უფრო კარგი იყო, ახლა აქ დიდი ოდენობის ნატანი შემოდის და წყალქვეშა კლდეები, სადაც თევზი გროვდება, მოლუსკები ვითარდება, ნატანმა დაფარა. ახლა იქ ხუთი მეტრი სიღრმეზე მთავრდება სანახაობა და იწყება წყალქვეშა უდაბნო, რომელიც ტურისტისთვის ინტერესს არ წარმოადგენს.

რისი ნახვის შესაძლებლობა აქვთ წყალქვეშა ტურიზმის მოყვარულებს ჩვენთან?

წყალქვეშა ტურიზმში არის ბევრი მიმართულება, მსოფლიოში დაივინგს უკვე 70-წლიანი ისტორია აქვს, თუმცა ჩვენთან ეს დარგი არ არის განვითარებული, სანახაობაც ამ მოცემულობით ცოტა გვაქვს. ტურისტებს აინტერესებთ ჩაძირული ობიექტები, წყალქვეშა ლანდშაფტი, თევზების მრავალსახეობა. ჩვენ არა გვაქვს მარჯნის რიფები, როგორც მაგალითად, ეგვიპტეშია, რჩება თევზის სანახაობა და ჩაძირული ობიექტები. ვგულისხმობ ჩაძირულ ისტორიულ გემებს და ქალაქებს. ჩაძირული იპოდრომია ფოთთან, მაგრამ იქ წყალში მხედველობა არ არის, შესაბამისად, ეს ადგილი გამოუყენებელია.
როცა წყალქვეშ არ არის ბუნებრივი სანახაობა, მრავალ ქვეყანაში აკეთებენ ხელოვნურ განაშენიანებას, ძირავენ ძველ გემებს, ისტორიებს იგონებენ, მუზეუმებს აკეთებენ, მთელი ინდუსტრია იქმნება, რომელსაც მოაქვს სერიოზული შემოსავალი.

როგორც ვიცი, გქონდათ არაერთი მცდელობა ხელისუფლების დაინტერესების თვალსაზრისით. თქვენი აზრით, რატომ იკავებს თავს ხელისუფლება?

მესამე მთავრობაა უკვე, რომელთანაც ვცდილობთ ამ თემაზე საუბარს. 20 წელი ვმუშაობთ ამ საკითხზე, მარიკულტურაზე, დაივინგზე. იტალიის მთავრობამ მიმიწვია და ოქროს მედლით დამაჯილდოვა საქართველოში მარიკულტურის განვითარებისა და წვლილის შეტანისთვის, იქვე გავიარე სტაჟირება. იყო საუბარი, რომ იტალიის მთავრობა აძლევდა საქართველოს მთავრობას 3 მილიონ დოლარს გრანტის სახით, ეს იყო ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის დამსახურება. პირველი უცხოური ინვესტიცია მეთევზეობაში შემოტანილია ჩვენი ორგანზიციის მიერ, ეს იყო დანიური ინვესტიცია 1994 წელს. საქართველოს მთავრობას ზღვისპირეთის მდგრადი განვითარების გეგმა დღმდე არა აქვს. უპირატესობას ანიჭებენ ტერმინალებსა და პორტებს და იგნორირებულია სხვა დარგების განვითარება, იგივე წყალქვეშა ტურიზმი, თევზების მოშენება და ა.შ.
გაგზავნილი გვაქვს წერილები ეკონომიკის სამინისტროში, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ არჩილ ხაბაძესთან, ტურიზმის დეპარტამენტში, ბათუმის მერ გიორგი ერმაკოვთან… დადასტურების პასუხი მომივიდა მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროდან. სხვა არც შეგვხმიანებია. მქონდა თბილისში ტურიზმის დეპარტამენტთან შეხვედრა, მაგრამ მიიჩნევენ, რადგან ზღვას ეხება, ეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საქმეა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ფუქციები და ბიუჯეტი ამ პროექტებს დაძვრის საშუალებას ვერ მისცემს.
სამწუხაროდ, საქართველოში ყველაფერს წყვეტს ერთი ან ორი ადამიანი, ეს არის პრობლემა.

რა ტიპის მხარდაჭერას ითხოვთ მთავრობისგან?

თუ არ მოგვეცა ყველაფრის შესწავლის საშუალება, დატესტვის, წყალქვეშა დინებების შესწავლის, ვერაფერს გავაკეთებთ. ჩვენ არ შეგვიძლია დამოუკიდებლად ასეთი სახის წყალქვეშა კვლევის ჩატარება და დეკორაციული ნაგებობის საკუთარი სახსრებით აგება, ზღვაში ჩაძირვა. მითუმეტეს, რომ ზღვაში ნებისმიერი ნაგებობის ჩაძირვისთვის ნებართვაა საჭირო. ასეთი ნაგებობა აღნიშნული უნდა იყოს საზღვაო რუკაზე, კარგად უნდა იყოს დაცული და გაკონტროლებული, რათა მას არ წამოედოს სათევზაო ხომალდებიდან ჩაშვებული ბადეები და არ დააზიანოს, ან საერთოდ არ დაანგრიოს ეს ნაგებობები. ასე რომ, ჩვენი ძალებით ეს ვერ გამოვა.
2014 წელს გონიო-კვარიათში წყალქვეშ ხელოვნური პარკის მოწყობის პროექტის პრეზენტაცია თურქეთში, ტრაბზონში, შავი ზღვის ქვეყნების სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო შეხვედრაზე წარმოვადგინე, პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა საქართველოს მთავრობის დაინტერესება ვერ შევძელი ამ დრომდე.

დავუბრუნდები შეკითხვას პროექტის ღირებულების შესახებ. დაახლოებით რა დაჯდება წყალქვეშა ტურიზმის განვითარება აჭარის სანაპიროზე?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი გაკეთება გვინდა. გააჩნია, რა სეზონზე გვინდა ამის გაკეთება, მხოლოდ ზაფხულზე შევჩერდებით თუ სხვა სეზონებზეც. წყალქვეშა ტურიზმი მხოლოდ ზაფხულის სეზონზე არ არის მიბმული, ჩვენი სანაპირო წყლები თბილია, ფაქტობრივად, მთელი წლის მანძილზე შეიძლება მუშაობა, დაივინგით დაინტერესებულებს რუჯი არ აინტერესებთ, მათ სჭირდებათ წყალქვეშა სანახაობა. ფასი ასევე დამოკიდებულია იმაზე, ერთ გემს ჩავძირავთ თუ სხვა რამესაც გავაკეთებეთ, რა რაოდენობის ტურისტებზე გვინდა გათვლა, რა ტურებზე… სახელწიფოს მხარდაჭერის გარეშე ეს არ გამოვა. წყალქვეშა ტურიზმი ძალიან დიდი შემოსავალია. წყალქვეშა ტურიზმის ბრუნვა მსოფლიოში სამ მილიარდ დოლარს აღწევს და ამ თანხიდან ვერც ერთ კაპიკს ვერ იღებს საქართველოს ბიუჯეტი, რადგან არ აქვთ ინტერესი, არ ესმით და არც სპეციალისტებს უსმენენ, არც გვყავს სამწუხაროდ სპეციალისტები, სულ ერთი-ორი სპეციალისტი ვართ საქართველოში.
წყალქვეშა ტურიზმის განვითარება აჭარაში მოგვცემდა შესაძლებლობას, დაგვეძლია სეზონურობის პრობლემა. არის კვარიათში, სარფში სასტუმროები, რომლებიც სეზონის შემდეგ იკეტება. თუ ჩვენ გვექნება განვითარებული წყალქვეშა ტურიზმი, მივიღებთ სულ სხვა სიტუაციას, ტურისტები ჩამოვლენ, სასტუმროები დაიტვირთება და ეს ყველაფერი ქვეყანაზე სასიკეთოდ აისახება.
უამრავი რამის გაკეთება შეიძლება წყალქვეშ, არაერთ ქვეყანას აქვს ამის გამოცდილება, აშენებ ხელოვნურ პარკებს, სასახლეებს, მუზეუმებს, გემებს… ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ისტორია გავაცოცხლოთ წყალქვეშა სამყაროში, ანტიკური სამყარო თუ სხვა პერიოდი, ეს ძალიან პერსპექტიული იქნება ქვეყნისთვის.

2010-2011 წლებში იყო გარკვეული მცდელობა წყალქვეშა ტურიზმის განვითარების. გემიც კი ჩაძირეს კვარიათში. რა ბედი ეწია ამ გემს?

დიახ. კვარიათში ჩაძირეს ძველი გემი „ვლადიმერ ფაჩულია“, სადაც მიხეილ სააკაშვილმა 2011 წლის ზაფხულში ჩაყვინთა. ეს გემი სწრაფად და არასწორად ჩაძირეს, 15 მეტრის სიღრმეზე, მაშინ, როცა სიღრმე უნდა ყოფილიყო 20 მეტრი, ესაა ყველაზე პოპულარული და გამართლებული სიღრმე. იმდენად არასწორი ადგილი და სიღრმე შეარჩიეს, რომ დღეს ამ გემისგან არაფერია დარჩენილი. სხვათა შორის, რამდენი დაიხარჯა ამ გემის შესაძენად, დღემდე ვერ გავარკვიე. საუბარი დიდ თანხზე იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნანა კვაძაჭე