კვირის ამბები

“მინდა ისეთი დედა ვიყო, როგორიც იყო დედაჩემი ჩემთვის”

15.12.2014 • 3428
“მინდა ისეთი დედა ვიყო, როგორიც იყო დედაჩემი ჩემთვის”

 

 

ლიზა ოთხი წელია მოდელად მუშაობს. ფეხმძიმობის მიუხედავად პოდიუმზე ხუთ თვემდე გამოდიოდა. ამბობს, რომ ეს არის პროფესია, რომელსაც მისთვის ბედნიერება მოაქვს. საკუთარი შედეგით არ ამაყობს, თუმცა ამბობს, რომ შესაძლებლობა, რომელიც ამ ქალაქში მიეცა, გამოიყენა.

 

“სილამაზისკენ სწრაფვა მქონდა მუდმივად. 14 წლის ვიყავი, როცა დიზაინერმა გოგა ნიქაბაძემ, რომელიც არის ჩემი ოჯახის ახლო მეგობარი, შემომთავაზა მასთან დამეწყო მუშაობა, რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი. დაახლოებით 16 წლის ასაკში გამოვჩნდი სამოდელო სივრცეში. გოგას ჩვენებაზე გამოვედი პირველად, ეს იყო 2011 წელს, “აკროპოლისში”, ყველას გვეცვა ერთი სტილის კაბა და მაღალი ჩექმები, გული საშინლად მიცემდა, მეგონა, რომ დავეცემოდი, მაგრამ არა, ჩემი დებიუტი წარმატებით შედგა” – იხსენებს ლიზა.

 

მოდელობა სწორედ ამ დებიუტის შემდეგ გადაწყვიტა. მიიღო სარეკლამო კომპანიებისგან შეთავაზება, მუშაობდა “გუმბათი ჯგუფთან”, “ნიუ მედია აჭარასთან”, “რედისონთან” და “აჭარაბეთთან”, იყო მიწვეული თბილისში გამართულ ჩვენებებზე, მონაწილეობდა სომხეთის “FaShion week”-ში: “Fashion TV რომ ირთვება, თვალს ვერ ვწყვეტ, მინდა მეც ვიღებდე იმ ჩვენებებში მონაწილეობას. ამ პროფესიამ ბევრი რამ მასწავლა, თუნდაც ის, თუ როგორ ვიყო ყოველთვის ფორმაში, როგორ გავიკეთო მაკიაჟი ისე, რომ შემდგომ არ დავინაოჭო სახე. ჩვენებებში და სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობა რამდენიმე წელს გაგრძელდა, მერე გავთხოვდი, 27 დეკემბერს გავიპარეთ მე და ჩემი მეუღლე, მე ამ დღეს ერთი ფრაზით გამოვხატავ: “ყველაფერი კარგი მოულოდნელად ხდება”. ჩემი მეუღლე ზუკა ქურდობაძეა, ფეხბურთელი, ის იმ პერიოდში ბათუმში არ ცხოვრობდა, როგორც ყველა ფეხბურთელი, მომთაბარე ცხოვრებას ეწევა, აქედან გამომდინარე ჩვენი შეყვარებულობის პერიოდი იყო ძალიან რთული, სწორედ ამიტომ მივიღეთ ცოტა ნაჩქარევი გადაწყვეტილება, თუმცა ამას ჩვენი საქმიანობებისთვის ხელი არ შეუშლია.

 


ჩემს მეუღლეს ძალიან მოსწონს ჩემი საქმიანობა, გამოვიყურები კარგად, ჩემზე მეტად მოსწონს ჩემი ყურადღების ცენტრში ყოფნა, ამის გამო სახლშიც მუდამ მოწესრიგებული და გაპრანჭული ვარ. მე ადრე, თინეიჯერობისას უფრო მომწონდა კომპლიმენტები, ახლა მაბნევს, არ ვიცი რა ვუპასუხო, როგორი პასუხი იქნება თავაზიანი. მე ისეთივე მხარდაჭერას არ ვუწევ ფეხბურთში, მისი წყალობით ვერკვევი უკვე ამ სფეროში, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ფეხბურთი მიყვარს. ზუკას მატჩებზე არ დავდივარ, ეს მას არ უნდა, მეუბნება, რომ შეიძლება ყურადღება გავუფანტო.

 

ასე მგონია, რომ ზუკასთან ერთად ყოველთვის ვიქნები ბედნიერი, ბედნიერებისთვის კი ასაკი არ არსებობს. გათხოვილის სტატუსი არ მზღუდავს, ხუთი თვის ფეხმძიმეც კი ვიდექი პოდიუმზე. ერთმანეთი დანახვისთანავე მოგვეწონა, მალევე განვითარდა ჩვენი ურთიერთობა, ქორწილი ბათუმში გვქონდა, გოგა ნიქაბაძის კაბა მეცვა. საერთოდ არ ვღელავდი, მხოლოდ ეკლესიაში შესვლისას მივხვდი, რომ სერიოზულ ფიცს ვდებდი” – ამბობს ლიზა.

 

ოცნება დიდ სახლზე, სადაც საყვარელ ადამიანებთან ერთად იცხოვრებდა, ნაწილობრივ აუხდა, ლიზა მეუღლის დიდ ოჯახს შეუერთდა: “მონატრებული მქონდა ოჯახური ურთიერთობა, მამა ადრე დამეღუპა, დედისერთა ვარ, მე და დედა მარტო ვცხოვრობდით. იმისათვის, რომ არაფერი მომკლებოდა, დედა ძირითად დროს სამსახურში ატარებდა, ამას ყოველთვის განვიცდიდი. ბავშვობაში დიდ სახლზე ვოცნებობდი, სადაც ყველა ჩემთვის საყვარელ ადამიანთან ერთად ვიცხოვრებდი, ახლა მაქვს დიდი სახლი, სადაც ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვცხოვრობ, ძალიან ბედნიერი ვარ ამ გარემოში.”

 

ლიზა დედობისთვის ემზადება, ახლა ძირითად დროს უთმობს საჭირო ცოდნის მიღებას, ამბობს, რომ ცოტა ღელავს, მაგრამ იმედი აქვს, რომ ყველაფერი გამოუვა: “ყველა გზას ვიყენებ, რომ რამე ვისწავლო, ინტერნეტშიც ვეძებ, გამოცდილ ადამიანებს ვეკითხები რა როგორ გავაკეთო, ძირითადად მაინც დედის რჩევებს ვითვალისწინებ. ჩემთვის დედობა ყოველთვის ნიშნავდა ყველაზე რთულ და სერიოზულ პროფესიას. როცა გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, პირველი რეაქცია ის იყო, რომ გამიხარდა, მერე დავჯექი და მივხვდი, რომ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა მეკისრებოდა. ჩემს თავს ვუთხარი: ლიზა, მორჩა, შენ სერიოზული უნდა გახდე, ამის შემდეგ უფრო მშვიდი და ყურადღებიანი გავხდი, პატარა ნიცამ ჩემი გეგმები დააჩქარა, მინდა რომ სწრაფად მივიღო შედეგი. ვცდილობ, ყველაფერი ვისწავლო, მინდა კარგი დედა ვიყო, აი, ისეთი, როგორი დედაც იყო დედაჩემი ჩემთვის” – ამბობს ლიზა მოისწრაფიშვილი.

 


“სერიოზული პროფესიისთვის” მზადებაში ლიზას მთელი ოჯახი ეხმარება, ყველაფერი უკვე მზად აქვს: “ზუკა, მე, დედაჩემი, ზუკას დედა, ბებიები, მამიდები, ბიცოლები – საერთოდ ყველა არის აქტიურად ჩართული ამ პროცესში, ერთი სული გვაქვს, როდის გაჩნდება, ტანსაცმელი, ოთახი, აბსოლუტურად ყველაფერი გავამზადეთ.”

 

ლიზა მეორე კურსის სტუდენტია, ის ხელოვნების უნივერსიტეტში ხელოვნებისა და კულტურის მენეჯმენტს სწავლობს. ოცნებობს სამსახურზე, სადაც არ დახვდება რუტინული სამუშაო. ყველაზე მეტად მაინც ეკრანი ხიბლავს, ფიქრობს მომავალი საქმიანობა ტელევიზიას დაუკავშიროს: “კაბინეტური სამსახური არ მომწონს, მინდა აქტიური ვიყო, დედაჩემი აჭარის ტელევიზიაში მუშაობს, აქედან გამომდინარე ტელევიზია არასოდეს ყოფილა უცხო, მესმის, რომ რთულია ტელევიზიაშიც და ოჯახშიც ერთდროულად წარმატებული იყო, იმედია მე ბალანსს მივაღწევ. გამოცდილება მქონდა წამყვანობის, რამდენიმე თვის წინ ვიყავი პროექტის – “მე მიყვარს ცეკვა” – წამყვანი, ამ ამპლუასაც კარგად გავართვი თავი. ძალიან მიხარია ის, რომ ვიქნები ახალგაზრდა დედა, ყოველთვის ვიზრუნებ საკუთარ გარეგნობაზე, 10 წლის შემდეგ ვიქნები კარგი დიასახლისი და მექნება წარმატებული კარიერა.”

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: