მთავარი,სიახლეები

„ვსეგდა დაბრო პაჟალავაწ“ – რაზე და როგორ საუბრობს კალაძე რუსულენოვან ბლოგერებთან

19.08.2026
„ვსეგდა დაბრო პაჟალავაწ“ – რაზე და როგორ საუბრობს კალაძე რუსულენოვან ბლოგერებთან

ბოლო ათ დღეში სოციალურ მედიაში თბილისის მერის, კახა კალაძის რუსულ ენაზე ჩაწერილი ორი ინტერვიუ გამოჩნდა, რომელსაც საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

ინტერვიუებში კახა კალაძე საუბრობს ქართულ სუფრაზე, ქართულ სტუმართმოყვარეობაზე, საყვარელ კერძებზე, ავტომობილებზე, ცხოვრების სტილზე და საერთოდ არ ახსენებს რუსულ ოკუპაციას.

ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია იმიტომ, რომ ორივე ინტერვიუ 9-12 აგვისტოს შუალედში გამოქვეყნდა, 2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე.

9 აგვისტოს, ბელარუსი ბლოგერის, ვალენტინა პაზლევიჩის ფეისბუქ გვერდზე ორწუთიანი ვიდეო  გავრცელდა.

თბილისის მერი, კახა კალაძე ბლოგერს ქართულ სტუმართმოყვარეობაზე და სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციაზე ელაპარაკა.

„ყოველთვის კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ყოველთვის შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ. ჩვენთან ღვინოც და ქართული სამზარეულოც ძალიან გემრიელია, ასე რომ ჩამოდით, ჩვენ ყოველთვის გაგვიხარდება თქვენი ნახვა საქართველოში,“ – ეუბნება კახა კალაძე რუს ბლოგერს.

ბლოგერი კალაძეს სთხოვს გაუზიაროს თავისი საყვარელი კერძები, რომლის გასინჯვასაც ის ტურისტებს ურჩევს.

კალაძე ამბობს, რომ უყვარს ხინკალი, ქაბაბი, იმერული და აჭარული ხაჭაპური.

ვიდეო 9 აგვისტოს გამოქვეყნდა ბლოგერის ფეისბუქ გვერდზე და ქართულ აუდიტორიაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

ერთისმხრივ მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ კახა კალაძე, თბილისის მერი და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, რუსულად ესაუბრებოდა ბლოგერს, მეორე მხრივ კი აკრიტიკებდნენ შინაარსის გამო – თბილისის მერმა ილაპარაკა ხინკალზე, ღვინოზე, ხაჭაპურზე და „არცერთი სიტყვა არ უთქვამს ოკუპაციაზე“ – ასეთი იყო კრიტიკის მთავარი ხაზი.

კახა კალაძეს განმარტების გაკეთება მოუწია იმასთან დაკავშირებით, თუ როდის და რა ვითარებაში შეხვდა ბლოგერს და რა ვითარებაში მისცა ინტერვიუ.

„არ ვიცი, ეს კონკრეტული ადამიანი ბლოგერია თუ ჟურნალისტი. რამდენიმე დღის წინ, მუნიციპალიტეტის სამუშაოებზე ვიმყოფებოდი. შემდეგ ერთ-ერთ კაფეში ყავის საყიდლად შევედი. აბსოლუტურად შემთხვევით შევხვდი ამ ქალბატონს. მითხრა, რომ თბილისზე სიუჟეტს ვაკეთებო და შეკითხვები დამისვა. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

მე ახლაც ვიტყვი, რომ ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა. რუსი იქნება, უკრაინელი, იტალიელი, ამერიკელი თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ყველას შეუძლია ჩამოსვლა და სასიამოვნო დღეების გატარება. ისინი დახარჯავენ ფულს, ეს წაადგება ჩვენს ეკონომიკას და იმ ადამიანებს, ვინც ტურიზმის სფეროში საქმიანობენ“, – თქვა თბილისის მერმა.

12 აგვისტოს რუსულ იუთუბარხზე – Коммент.Шоу – გამოქვეყნდა კახა კალაძესთან ჩაწერილი ინტერვიუ. ამ ინტერვიუდან ნაწყვეტები პერიოდულად ვრცელდება იუთუბერის სხვადასხვა სოციალური მედიის არხზე.

Коммент.Шоу არის ფეხბურთზე ორიენტირებული იუთუბარხი. ამ არხზე იძებნება ინტერვიუები სხვადასხვა ცნობილ რუს კომენტატორებთან და ფეხბურთის ექსპერტებთან. არხი 2020 წელს შეიქმნა.

კალაძესთან ინტერვიუ რუსმა სპორტულმა ჟურნალისტმა და ფეხბურთის კომენტატორმა ნობელ არუსტამიანმა ჩაწერა. ის Коммент.Шоу-ს ერთ-ერთი მთავარი სახე და ამ პროექტის ხელმძღვანელია.

ინტერვიუ ვრცელია, 50 წუთზე მეტი და ის ბევრ თემას ეხება, მათ შორის, ქართულ ფეხბურთს, ფეხბურთის ახალ ვარსკვლავებს, კალაძის მილანში გატარებულ წლებს, ქართულ სუფრას და თბილისის მერის საყვარელ კერძებს. კახა კალაძე საუბრობს იმაზე, თუ როგორ გადაადგილდება მანქანით მარტო, მძღოლის გარეშე თბილისის ქუჩებში, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება და ა.შ.

ამ ინტერვიუში კალაძემ ასევე მიმართა რუსი ეროვნების ტურისტებს და მათ საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდა.

„ჩვენთან [საქართველოში] ჩამოსვლა უსაფრთხოა. შემიძლია ვთქვა, რომ თბილისი და საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, უსაფრთხო ქალაქია. ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, ქვეყნის გარედან ძალებმა, სხვისი გავლენით, წამოიწყეს ახალი პროპაგანდისტული კამპანია ჩვენი ხალხის და ინტერესების წინააღმდეგ.

ისინი ამტკიცებენ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს და მოუწოდებენ მათ, არ ჩამოვიდნენ ჩვენთან. სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშებით ბოტები ავრცელებენ ინფორმაციას, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება.

წერენ, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს მარტო ტოვებენ ტყეში, სპეციალურად აფუჭებენ საკვებს, რომელსაც რუსი ტურისტები უკვეთავენ რესტორნებში და ა.შ. ეს ტყუილის მხოლოდ ნაწილია. შემდეგ ამ ცრუ ინფორმაციას, სამწუხაროდ, რეგულარულად აქვეყნებენ დიდი უცხოური ვებგვერდები, რომელთა აუდიტორიაც რამდენიმე მილიონია. ამ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებენ ბლოგერები, რომლებსაც, სავარაუდოდ აკონტროლებენ ამ ტყუილის ავტორები.

თუ არ მეშლება, სუსმა გამოძიება დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობის ფაქტზე. ეს კამპანია საზღვარგარეთიდანაა ორგანიზებული და მას ქვეყნის შიგნით უჭერენ მხარს, რათა ზიანი მიაყენონ ჩვენს ეკონომიკას და სახელმწიფოს. მინდა ოფიციალურად ვთქვა, რომ მთელი ეს ინფორმაცია, რაც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, ტყუილია. ჩვენს ქვეყანაში არავინ არ ექცევა ცუდად არც ერთ ტურისტს. რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს – არც რუსებს, არც უკრაინელებს, არც ევროპული, აზიური ან სხვა ქვეყნების მოქალაქეებს. ჩვენი ერი ღვთისგან საჩუქრად მიიჩნევს სტუმარს.

არ დაუჯეროთ ამ ტყუილებს, ჩამოდით საქართველოში და თავად ნახავთ, რომ ჩვენ ლამაზ ქვეყანაში, რომელსაც უდიდესი ისტორია და დიდი კულტურა აქვს, გელოდებათ დაუვიწყარი დღეები. გპირდებით, არასდროს დაივიწყებთ საქართველოში გატარებულ ბედნიერ მომენტებს. ასე რომ, ყოველთვის კეთილი იყოს თქვენი მობრძანება,“ – თქვა ინტერვიუში კახა კალაძემ.

ინტერვიუს დასასრულს, კახა კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას: თუ როგორ მიხვდა, რომ პოლიტიკაში წასვლა უნდოდა.

„სიმართლე რომ გითხრათ, არასდროს მიოცნებია, რომ ერთ მშვენიერ დღეს პოლიტიკოსი ვიქნებოდი ან ქალაქ თბილისის მერი. დიახ, როცა პატარა ვიყავი სულ ვოცნებობდი ფეხბურთელობაზე. სულ ვოცნებობდი, რომ მეთამაშა კარგი გუნდის შემადგენლობაში.

როდესაც ენერგეტიკის მინისტრად დამნიშნეს, დიახ, მაშინ ყველა ამბობდა: „რა უნდა გააკეთოს მან, სულ ბურთს აგორებდა, როგორი მინისტრი უნდა იყოსო“.

მახსოვს ივანიშვილის სიტყვები, როცა მან პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მინისტრი იქნება კახა კალაძე და მაშინ ჟურნალისტმა იკითხა: როგორ, აბა, სად კახა და სად ენერგეტიკა ზოგადად, ხომ ორი სხვადასხვა რამეაო. და მან [ივანიშვილმა] თქვა: აი, დაიმახსოვრეთ, მე კარგად ვიცნობ ამ ადამიანს, აი, დაიმახსოვრეთ, ის იქნება საუკეთესო მინისტრიო.

ეს სიტყვები, წარმოგიდგენთ, რა უზარმაზარი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის. მე ძალიან ბევრი ვიმუშავე. ავიყვანე ადამიანები, რომლებიც კარგად ერკვეოდნენ ენერგეტიკაში. ახლა მე განათლებული ადამიანი ვარ და კარგად მესმის, შემიძლია ნებისმიერი მიმართულება, როცა გიხსნიან და გეუბნებიან, როგორ არის, ძალიან სწრაფად გავიგო და ავითვისო.

როცა ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ზუსტად მაშინ ავაშენეთ 21 ჰიდროელექტროსადგური. ეს ძალიან კარგი შედეგია,“ – თქვა კახა კალაძემ.

რუს ბლოგერთან და იუთუბერთან ინტერვიუსას კალაძე მაქსიმალურად თავაზიანია, თუმცა საქართველოში არაერთხელ უნახავთ როგორ ესაუბრება კალაძე კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს.

მაგალითად, კალაძეს ჟურნალისტებისთვის უწოდებია „უბინძურესი ადამიანები“, მედიის კითხვებს ხშირად პასუხობს დამცინავად და არაკორექტულად, ასევე, არანორმატიულ ლექსიკას იყენებს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: