კვირის ამბები

რას ითხოვენ გონიოელები მერიისგან

19.09.2014 • 2465
რას ითხოვენ გონიოელები მერიისგან

„ჩაბნელებული ბულვარი ვის გაუგონია, არ ვიცით, რა ახსნა აქვს ამას! დაიხარჯა ბიუჯეტიდან მილიონები იმისთვის, რომ დამსვენებელმა გაკეთებული სიკეთით ვერ ისარგებლოს. ამდენი ფულია დახარჯული ამ პროექტში და საქმე არ არის დამთავრებული ხურდის გამო” – ამბობს შოთა ჯიბლაძე, გონიოს მკვიდრი, რომელმაც ადგილობრივებთან ერთად 12 აგვისტოს ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს, წერილობით მიმართა. წერილში საუბარია გონიოში არსებულ პრობლემებზე. მერიის კეთილმოწყობის სამსახურისგან გონიოელებმა პასუხი 20 აგვისტოს მიიღეს. პასუხში ვკითხულობთ: „როგორც აღმოჩნდა, გარკვეულ მონაკვეთში მოპარულია 400 გრძ. მ.ელ. სადენი, რაც შეუძლებელს ხდის დღეისთვის ზღვისპირა ბილიკის განათებას. ჩვენ მიერ აღწერილი ფაქტის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება. გარე განათების აღდგენის სამუშაოების ჩასატარებლად მომზადებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც უახლოეს პერიოდში განხორციელდება გარე განათების აღდგენის სამუშაოები.”

გონიოელები ამბობენ, რომ დაპირებები ადრეც მოუსმენიათ, ისინი ორი წლის განმავლობაში ითხოვენ ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებას: „ყველა არჩევნებზე მოდიან და გვპირდებიან, რომ პრობლემას მოაგვარებენ, უკვე მესამე სეზონი მთავრდება, არაფერი შეცვლილა. მე ბულვარში ველოსიპედებს ვაქირავებ, განათება რომ იყოს, პირველ საათამდე დავრჩებოდი, ახლა მაქსიმუმ ცხრის ნახევრამდეა ხალხი, განათება არ არის, ველოსიპედი ვის უნდა ბნელში. შარშანაც გვითხრეს ჩაგირთავთ შუქსო, მაგრამ არ ჩაურთავთ, ოხრად დარჩენილ ქონებას ვიღაც დაეპატრონება, აბა რას იზამს! გვრცხვენია, დამსვენებლებს რა ვუპასუხოთ?!” – ამბობს ნადიმ სურმანიძე.

მოსახლეობას პრობლემას უქმნის ურნების არარსებობაც: „სანდასუფთავების თანამშრომლები ყოველ დილით ასუფთავებენ ზღვისპირა ზოლს, მაგრამ სად წაიღონ ნაგავი, ურნა არ არის, მანქანა არ არის. ტომრებში აგროვებენ და მერე მოპირდაპირე მხარეს ყრიან, გაყოლებაზე სულ ნაგავია დაყრილი, კიდევ კარგია, რომ სანაპირო ზოლს ასუფთავებენ” – ამბობს შოთა ჯიბლაძე.


საფარის შეღებვის, სანაგვე ურნებისა და სკამების მონტაჟისთვის საჭირო თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტში არ გაუთვალისწინებიათ. მერია გონიოელებს ამ პრობლემის მოგვარებას მომავალი წლისთვის დაჰპირდა, თუმცა მოსახლეობისთვის გაუგებარია სახსრების არ არსებობის შემთხვევაში რატომ აწარმოებს მერია არამიზნობრივ სარემონტო სამუშაოებს: „მიმდინარე წლის მაის-ივლისში ჩვენთვის გაუგებარი სამუშაოები ჩატარდა რკინაბეტონის საფარზე. მუშებს როცა ვკითხეთ რას აკეთებდნენ, გვითხრეს, რომ რემონტის გაკეთება დაევალათ. ბულვარში რამდენიმე ადგილი ამოჭრეს, სადღაც 300 მეტრი. შემდეგ შეუსაბამო ფერისა და ფორმის დააგეს. რაც ამოჭრეს, ის ნაწილი დაზიანებული არ იყო, ამ სამუშაოებმა გააფუჭა და საჭიროებს რემონტს” –  ამბობენ ადგილობრივები.

გონიოს კლდოვანი ფერდობებიდან ჩამომდინარე წყლების გამო ზღვის მიმართულებით გაჭრილია არხები, რომლებიც დაბლობში ზოგან ჭაობებს წარმოქმნიან, ამის შედეგად მოსახლეობას მწერები და ქვეწარმავლები წლებია აწუხებს. არხების დაწამვლას მოსახლეობა თავისი ძალით ვერ ახერხებს: `თვით არხები ქმნის არაესთეტიკურ და კურორტისათვის შეუსაბამო სიტუაციას, არხები რკინაბეტონის კალაპოტშია მოსაქცევი, სხვაგვარად გონიოს ესთეტიკური მხარე და კურორტი სრულ შეუსაბამობაში იქნება. ამის შეწამვლას სჭირდება სპეციალისტი, გაზაფხულზევე უნდა მოხდეს შეწამვლა, სანამ მწერები განვითარდებიან” – ამბობს შოთა ჯიბლაძე.

წერილით გონიოელებმა აღნიშნულთან დაკავშირებითაც აცნობეს ბათუმის მერიას, მერიისგან მოსახლეობამ მიიღო პირობა, რომ შპს „სანდასუფთავებას” ეცნობოდა ფაქტის შესახებ და ისინი უახლოეს პერიოდში დაწამლავდნენ ტერიტორიას. თუმცა როგორც ადგილობრივებმა გაგვიმარტეს, „სანდასუფთავების” თანამშრომლები ტერიტორიის დასაწამლად არ მისულან.

მოსახლეობა იმაზეც ღელავს, რომ სანაპირო ზოლში წარმოებული მშენებლობების გამო ზღვაზე გასასვლელი მათთვის დაკეტილია: „ნებისმიერ დამსვენებელს უნდა ზღვაზე გასასვლელი, მშენებლები ზღვაზე გასავლელს არ ტოვებენ, სასტუმროებმა შლაგბაუმები დადგეს. დამსვენებლებს, რომლებიც ამ სასტუმროების უკან არიან დაბინავებული, შემოვლითი გზებით შეუძლიათ ზღვაზე გასვლა. როცა გასცემენ მშენებლობის ნებართვას, არ შეიძლება პირობაშივე ჩაუდონ, რომ ერთმეტრიანი გასასვლელი დატოვონ? ისე ვითარდება პროცესი, რამდენიმე წელში ზღვაზე გასასვლელი არ იქნება” – ამბობს ედნარ მიქელაძე.

გონიოლები ყველაზე დიდ პრობლემად წყალმომარაგებას ასახელებენ, მოსახლეობა მიწიდან ამოქაჩული წყლით სარგებლობს, რომელიც სასმელად არ გამოდგება: „მიწიდან ვქაჩავთ წყალს, ვაგროვებთ და ისე ვაწვდით დამსვენებლებს, არც ტუალეტი და არც საშხაპე არ არის ზღვის პირას. ვიცით, რომ სასმელი წყლით გონიოს დასახლების მომარაგებაზე პროექტები შემუშავებული უნდა იყოს” – ამბობს შოთა ჯიბლაძე.


აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად მერია ელექტრონული ტენდერის გამოცხადებას გეგმავს: „გონიო-კვარიათის დასახლების წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოების ჩატარებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე, ქ. ბათუმის მერიის მიერ გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი. რის შემდგომაც განხორციელდება წყალმომარაგების სამუშაოები” – ნათქვამია წერილში, რომელიც გონიოელებმა ბათუმის მერიისგან მიიღეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: