გემ „კარგოს“ კაპიტანი რეზო ნაკაშიძე გემს ზღვაში გასასვლელად ამზადებს. ამბობს, რომ მისი მთავარი პრობლემა საზღვარია.
„ბათუმის მაიაკიდან ჭოროხამდე, მწვანე კონცხის გვირაბიდან, 45 პარალელის გასწვრივ ვმუშაობთ ბუკნარამდე. ეს ხაზი გვაქვს სამუშაოდ ბათუმელ მეთევზეებს. ამის იქით ვერ მივდივართ. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბულვარის ტერიტორია და ბობოყვათი დაკეტილი იყო. ახლა მოგვცეს საშუალება, კორიდორი გაგვიკეთეს, მაგრამ თევზის ძირითადი რაიონი სადაც არის, ბობოყვათი-ციხისძირი, მთლიანად დაგვიკეტეს და ვერ შევდივართ. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ იმედი გვქონდა რამე შეიცვლებოდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა,“ – აცხადებს რეზო ნაკაშიძე.
ამირან შოთაძე იმ ოთხკაციანი ბრიგადის წევრია, რომელიც „მელკიმორიიდან“ ყოველდღე გადის ზღვაში სათევზაოდ. მეთევზეებს ნაპირიდან 300 მეტრის მანძილზე შეუძლიათ მხოლოდ თევზაობა. სანაპიროზე მომუშავე ბრიგადებს სახელმწიფო ლიცენზიას არ სთხოვს, არც გადასახადებს ახდევინებს, თუმცა საზღვრის დარღვევის შემთხვევაში სერიოზულ ჯარიმებს აკისრებს.
„300 მეტრის იქით არ წახვიდეო მეუბნებიან, 300 მეტრში დაბმული კი არაა თევზი. 300 მეტრში რომ ჩაყრი, კიბორჩხალა ჭამს, გამოგვაქვს ბადე და ცარიელი თავებია თევზის,“ – ამბობს ამირან შოთაძე.
ვლადიმერ ვაშაკიძეც მეთევზეთა ბრიგადის ერთ-ერთი წევრია. მისი თქმით, ურჩევნიათ ლიცენზია ჰქონდეთ, გადასახადი გადაიხადონ და ისე იმუშაონ.
„ამ არეალში სამუშაო არაა. გვეუბნებიან წადით და სახლში დაიხოცეთო. ამდენი წელია ვთხოვთ ლიცენზია მოგვცენ, მაგრამ არ გვაძლევენ. ათი წლითაა გაცემულიო. მე რა ვქნა? სახლში დავჯდე და თევზი არ ვაჭამო შვილიშვილებს? ნავზე ოთხი კაცია. ოთხი კაცი – ოთხი ოჯახია. დაგვასაქმონ და სულ შევეშვები. დილის რვა საათიდან გასულებმა აი ეს 5 კილო თევზი ძლივს დავიჭირეთ. ახალი მთავრობაა. რაღაცა ინიციატივა უნდა გამოიჩინოს და დაგვეხმაროს გლეხკაცებს“, – ამბობს ვლადიმერი.
სახელმწიფომ ათწლიანი ლიცენზია 2006 წელს გასცა. თავდაპირველად 4 ლიცენზიანტი იყო, თუმცა შემდგომ წილები გადანაწილდა და ახლა შავ ზღვაში თევზის მოპოვების უფლება ხუთ ლიცენზიანტს აქვს. ნაპირიდან სამასი მეტრის სიღრმეში თევზაობა ლიცენზიისგან გათავისუფლებულ სანაპირო ბრიგადებს შეუძლიათ. სივრცე არც მათ ჰყოფნით.
ზამთრის სეზონზე მთავარი პროდუქტი, რომელსაც მეთევზეები მოიპოვებენ, ქაფშია, ე.წ. ხამსაა. წელს ლიცენზიანტებს 85 ათასი ტონა ქაფშიის დაჭერა შეუძლიათ. ეს ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტო რაოდენობაა. 5 იანვრის მონაცემებით, სეზონის დაწყებიდან იანვრამდე ლიცენზიანტებმა 16 861 ტონა ქაფშია დაიჭირეს. იანვრის მონაცემები ჯერ დათვლილი არ არის, მაგრამ როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის უფროსი ირაკლი ჭავჭანიძე ამბობს, რომ მოპოვებული ქაფშიის რაოდენობა 25 ათას ტონას აჭარბებს.
გასაღების ბაზარი
ლიცენზიანტი კომპანიებისთვის პრობლემა გასაღების ბაზარია. როგორც რეზო ნაკაშიძე ამბობს, თევზმჭერი გემები ერთმანეთთან მოლაპარაკებული არიან, რომ დღეში დადგენილ ლიმიტზე მეტი თევზი არ დაიჭირონ. სხვა შემთხვევაში დაზარალდებიან.
„მთელ ბათუმს დღეში 5 ტონა თევზი უნდა. 7 გემი თევზაობს. დღეში 5-10 ტონას ნებისმიერი გემი დაიჭერს. მაგრამ ყველამ რომ ხუთ-ხუთი ტონა მოიტანოს, სად უნდა წავიდეს ის თევზი? გასაღების ბაზარი არის ფოთში. რომც დავიჭირო თევზი, ფოთამდე რომ გადავიტანო, 6-7 საათი მინდა ჩემი გემით, ამ დროში თევზი აყროლდება,“ – ამბობს რეზო ნაკაშიძე.
მისი თქმით, თევზის რეწვის სისტემა აწყობილი რომ იყოს, თევზის ფასზე და, შესაბამისად, მომხმარებლის ჯიბეზეც აისახებოდა.
„მელკიმორიის ბაზარზე ვართ დამოკიდებული. რაც ბაზარს სჭირდება, იმდენს ვიჭერთ. სახეობებსაც ვურჩევთ. ბევრი თუ დაიჭირეს მეთევზეებმა, მაშინ ფასები ვარდება. იმ რაოდენობით ვერ ვიჭერთ, რომ ფასები დავარეგულიროთ. ერთი ბაზარი გვაქვს და ყველა გემი მასზე მუშაობს. ფასს რაც შეეხება, მაგალითად, ჩვენ ხამსას ვყიდით 50 თეთრში, მაგრამ გადამტანმა მოუგო ლარი, 50 თეთრი გამყიდველმა და ბაზარში თევზი გაიყიდა 2 ლარში“, – ამბობს ნაკაშიძე.
ლიცენზიანტი კომპანიების მიმართ პრეტენზიები აქვთ საქართველოს მეთევზე მეზღვაურთა დამოუკიდებელ პროფკავშირში. პროფკავშირის თავმჯდომარე დავით ნიკურაძე ამბობს, რომ დარგის ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია.
„თევზჭერის ინფრასტრუქტურა, ფლოტი, მერე წარმოება თევზის, გადამუშავება – ყველაფერი მოშლილია. ლიცენზიები არასწორადაა გაცემული და საჭიროა ამის რეგულაცია,“ – აცხადებს დავით ნიკურაძე.
შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის უფროსის ირაკლი ჭავჭანიძის განცხადებით კი, შავ ზღვაში რეწვა სრული კანონის დაცვით ხდება და მისი სამსახური სწორედ ამ პროცესს აკონტროლებს.
„როგორც ლიცენზიანტების მიერ თევზსაჭერი საშუალებების გამოყენება, ასევე ბადე-იარაღების გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით არსებულ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. თითქმის ყველა გემი მოწმდება. ამ ბოლო ხანში დარღვევა არასდროს ყოფილა. მანამდე ყოფილა კიდევაც და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყოლია,“ – ამბობს ირაკლი ჭავჭანიძე.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მომუშავე ლიცენზიის საჭიროების არ მქონე თევზმჭერ ბრიგადებს აქვთ ე.წ. „ბუიოკებია“.
„ერთი კვირის წინ სანაპირო დაცვამ 550 ლარით დაგვაჯარიმა და ორი ბადე წაგვართვა, 300-მეტრიანი ზოლი დაარღვიეთო. თევზი არ გვქონდა, დარღვევა არაფერი არ იყო. რითი ვზომო ახლა ნაპირიდან 300 მეტრო,“ – ამბობს ამირან შოთაძე.
ზღვაში ნიშნულების განთავსებასთან დაკავშირებით ირაკლი ჭავჭანიძე აცხადებს, რომ ეს სასაზღვრო სამსახურის კომპეტენციაა.
„მაგრამ თუ მაგის პრობლემაა, თუ მაგას ვერ აკონტროლებენ, ჯიპიესის სისტემის მოწყობილობა ღირს 90 ლარი. თუ სამას ლარს ბადეში აძლევენ, ჩემი აზრით, არ იქნებოდა ცუდი, რომ ჯიპიესი შეიძინონ, რომელიც მიცემდა კონკრეტულად ორიენტაციას. ჩვენ, მაგალითად, სწორედ ჯიპიესით ვსაზღვრავთ იყო თუ არა დარღვევა. ჩემი აზრით, სახელმწიფო იმას ვერ უზრუნველყოფს, რომ მთელ შავ ზღვაზე წითელი ზოლი გაევლოს ზემოდან,“ – აცხადებს ირაკლი ჭავჭანიძე.
მომდევნო წელს ლიცენზიანტებს ლიცენზიით სარგებლობის ვადა ეწურებათ. „ბათუმელებმა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ჰკითხა, აპირებს თუ არა სამინისტრო ამ კუთხით რაიმე ცვლილებას. როგორც სამინისტროში განმარტეს, ამჟამად მუშაობენ ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვით. კონკრეტულ გადაწყვეტილებას კი მოგვიანებით მიიღებენ.