კვირის ამბები

აჭარის ახალი პროკურორი „ნაცმოძრაობისდროინდელი“ პრინციპით

19.12.2013 • 4749
აჭარის ახალი პროკურორი „ნაცმოძრაობისდროინდელი“ პრინციპით

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აჭარის ყოფილი მთავარი პროკურორი, ლევან გზირიშვილი, ისე როგორც პროკურატურის სხვა თანამშრომლები, ყოველგვარი მესამე პირისა თუ პრესცენტრის ჩარევის გარეშე ნებისმიერ საკითხზე აკეთებდნენ კომენტარს ისე, რომ მათ მედიასთან ურთიერთობას გამოძიებისთვის ხელი არ შეუშლია. ლევან გზირიშვილი ამბობს, რომ ეს მაშინდელი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილება იყო.

ვინ აუკრძალა პროკურატურის თანამშრომლებს აზრის გამოხატვის თავისუფლება? – ამ კითხვის საპასუხოდ პროკურატურის პრესცენტრში აცხადებენ, რომ მივმართოთ წერილობით. პრესცენტრის თანამშრომლის, ეკა ჩიჩუას თქმით, უმჯობესია მათ სამუშაო დღეებში დავუკავშირდეთ… თავის მხრივ, პროკურატურის პრესცენტრთან ურთიერთობაში ესეც სიახლეა, რადგან აქამდე პრესცენტრის თანამშრომლები არასამუშაო დღეებში, გვიან ღამითაც კი ახერხებდნენ კომენტარის გაკეთებას.

აჭარაში მოქმედი ადვოკატების ინფორმაციით, ახალმა პროკურორმა გააუქმა მოქალაქეებთან მიღების დღეც. ეს იმას ნიშნავს, რომ შოთა ტყეშელაშვილი კანონს არღვევს, რადგან იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 26 აგვისტოს ბრძანების შესაბამისად, აჭარის პროკურორი ვალდებულია შეხვდეს მოქალაქეებს, მიიღოს და განიხილოს საჩივრები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ბიუროს ჟურნალისტი მერაბ წულუკიძე მიიჩნევს, რომ პროკურატურის ჩაკეტილობა მის საქმიანობას უდავოდ გაართულებს: „პროკურატურა სპეციფიკური უწყებაა, ამიტომაც ამ მხარის კომენტარი აუცილებელია… ბოლო პერიოდში ტენდენცია მიდის იქითკენ, რომ ამ უწყებიდან, ზოგადად, ინფორმაციის მიღებაც გართულდება“.

მერაბ წულუკიძე დარწმუნებულია, რომ „ჩაკეტილობა არაფერს კარგს არ მოუტანს თავად პროკურატურას“ და აპირებს გაარკვიოს, ვინ ან რამ განაპირობა მისი ჩაკეტილობა.

პროკურატურის ჩაკეტილობა უკვე იგრძნო კიდევ ერთმა ჟურნალისტმა, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ერთ-ერთმა პროდიუსერმა სოფო ჟღენტმაც. მისი აზრითაც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ღია სტრუქტურა ბოლო ორი თვეა ისევ ჩაიკეტა: „მოქალაქეების მიღებს დღეც კი გააუქმეს. როცა ვცადეთ გაგვერკვია, რატომ გააკეთეს ეს, ვერანაირი კომენტარი ვერც პროკურორისგან მივიღეთ და ვერც მისი პრესცენტრისგან. პროკურატურის ჩაკეტილობა ნებისმიერ შემთხვევაში ხელს შეგვიშლის, რადგან ერთი მხარის არგუმენტებს ვეღარ მოვისმენთ, შესაბამისად, ვერც მოქალაქეებს მივაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას. პრინციპში, ახლა პროკურატურაში ის ხდება, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში მივეჩვიეთ“.

სოფო ჟღენტიც ამბობს, რომ შეეცდებიან გაარკვიონ, „რატომ აღარ არის საჯარო უწყება საჯარო“.

აჭარის ამჟამინდელი პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი 29 წლისაა. როგორც ის თავის ქონებრივ დეკლარაციაში წერს, აქვს მიწის ნაკვეთები იმერეთის სოფლებში, ხოლო მის მშობლებს საცხოვრებელი სახლი და ბინები აქვთ ქუთაისსა და თბილისში.

იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აჭარის ახალი პროკურორის კარიერა 2007-2008 წლებში სტაჟიორობით დაიწყო ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურაში. აქედან მოყოლებული 2010 წლამდე მცხეთაში უმუშავია რაიონულ პროკურორად. 2010 წლიდან თბილისში აგრძელებს პროკურატურის სისტემაში მუშაობას, იქამდე, ვიდრე 2012 წლის თებერვალში რუსთავის პროკურორად არ დაინიშნება. ის აჭარაში ცოტა ხნის წინ მოავლინეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: