Batumelebi | მარტოხელა დედის წერილი ბიზნესმენებსა და მთავრობას მარტოხელა დედის წერილი ბიზნესმენებსა და მთავრობას – Batumelebi
RU | GE  

მარტოხელა დედის წერილი ბიზნესმენებსა და მთავრობას

 

ღია წერილი პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საქართველოსა და აჭარის მთავრობას, ბიზნესმენებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც დახმარება შეუძლია.

 

ეთერ შარაძესანამ ამ წერილს დავწერდი, ბევრ ადამიანს, თანამდებობისა თუ სასულიერო პირს მივწერე თხოვნის წერილი. ასე მგონია, უკვე ყველას მობეზრდა ჩემი და ჩემი შვილის გასაჭირის მოსმენაც კი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ამ წერილის დაწერა. წერილებს ვწერ უკვე რამდენიმე წელია, მას შემდეგ, რაც შვილი გამიჩნდა. ჩემი შვილი – ილონა ახლა 14 წლისაა. 

 

ჩვილი იყო, როცა ქუჩაში აღმოვჩნდით, უმუშევარი, უსახლკარო და მიუსაფარი. გამოსავალი ვერ ვიპოვე, ამიტომ ბავშვი დროებით ბათუმის ბავშვთა სახლში მივიყვანე. ეს იყო ყველაზე საშინელი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. არ მახსოვს მაშინ ვინ მიმასწავლა – გაზეთ „ბათუმელების“ რედაქციაში მივედი და ვუთხარი ჩემი გასაჭირი. რამდენიმე სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მთავრობის ყურადღება მიიქცია სტატიებმა და მწვანე კონცხზე, სასტუმრო „ნარინჯში“ ერთი ოთახი გამომიყვეს. ოთახს ვამბობ, მაგრამ ეს არი იყო ოთახი – ეს იყო 8 კვ.მ ფართობი კიბის უჯრედის ქვეშ.

 

ბავშვს იქ ვერ მივიყვანდი, ამიტომაც ისევ ბავშვთა სახლში მყავდა. ბედით მაინც კმაყოფილი ვიყავი, რადგან ღამით თავზე ჭერი მქონდა.

 

მერე მოხდა ის, რომ სასტუმრო ყაზახ ინვესტორებს მიჰყიდა მთავრობამ და გამომასახლეს. მაშინ მომცეს კომპენსაცია – 7 ათასი დოლარი. ამ ფულით ბინა დავიგირავე. ამასობაში ბავშვი გახდა სასკოლო ასაკის. ილონა ეკლესიასთან არსებულ ბავშვთა სახლში მიიღეს, რადგან ნაგირავებ ბინაში არ იყო ბავშვის საცხოვრებელი პირობები და ჩემი შემოსავალიც უკიდურესად მწირი იყო, ის იქ იკვებებოდა და სწავლობდა. ასე გადიოდა წლები, შაბათ-კვირას სახლში მომყავდა, ჩემთან. 

 

ამ ისტორიას იმიტომ ვყვები, რომ მეტი აღარ შემიძლია ცხოვრების ასე გაგრძელება. მე და ჩემს შვილს ერთად ცხოვრება გვინდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ გვეძლევა. უკვე ასაკში ვარ და ჩემი ყოფა თანდათან უფრო უიმედო ხდება. 

 

უმორჩილესად გთხოვთ, ყურადღება მომაქციოთ. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, გარკვეული თანხა, 7 ათასი დოლარი მაქვს, მაგრამ ამ ფულით ბათუმში კერძო საკუთრებას ვერ იყიდი. მივმართავ მთავრობას, მშენებელ კომპანიებს, თქვენ შეგიძლიათ ჩემი დახმარება, რომ დედა-შვილს მოგვეცეს ერთად ცხოვრების საშუალება.

 

ვიცი, რომ ბევრ ადამიანს უჭირს ჩვენს ქვეყანაში, ვიცი, რომ ყველას ვერ გასწვდებით, მაგრამ მაინც გწერთ.

 

თქვენ ჩემი ბოლო იმედი ხართ.

ტელ: 558 79 47 54  

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეთერ შარაძე