სპორტი

კალათბურთელი კარიერისა და მეექვსე მოთამაშის შესახებ

24.11.2014 • 1993
კალათბურთელი კარიერისა და მეექვსე მოთამაშის შესახებ

 

ირაკლი მიქელაძე

 

ირაკლი, საიდან იწყება თქვენი კარიერა კალათბურთში?

– ხუთი წლის ვიყავი კალათბურთის თამაში რომ დავიწყე, ჩემი ძმა თამაშობდა და მას დავყვებოდი. აქედან გამიჩნდა ინტერესი და მეც ვისწავლე კალათბურთი. 7 წლისამ კალათბურთის ვარჯიშებზე დავიწყე სიარული. პროფესიონალურ კალათბურთს 14 წლიდან ვთამაშობ. 15 წლისა ვიყავი, როცა ბათუმის უმაღლეს გუნდში ვითამაშე პირველი თამაში. შემდეგ მომიწია ასაკობრივი ნაკრებები. ვიყავი ესპანეთში, კლუბ „ვალენსიაში“ ერთი თვე. პრობლემების გამო ვერ მოვახერხე იქ დარჩენა. 17 წლიდან თბილისში გადავედი და სამი წელი „ოლიმპში“ გავატარე. მომავალში დიდი სურვილი მაქვს გავაგრძელო კარიერა უცხოეთში – ევროპაში ან ამერიკაში. ჩემზეა დამოკიდებული როგორ შევძლებ ამას, როგორ ვითამაშებ და გამომიძახებენ თუ არა ნაკრებში.

 

როგორ დაიწყო წლევანდელი წელი და რა მოლოდინი გაქვთ ამ სეზონში?

– ორი თამაში მოგვიწია – ერთი შარშანდელ ჩემპიონთან – თბილისის „დინამოსთან“ და მეორე თამაში ვიცე-ჩემპიონთან ქუთაისთან. ორივე თამაშში ბოლო მომენტში დავმარცხდით. წელს ისეთი შემადგენლობა ვართ, ვფიქრობ, ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია. ჩემი აზრით სამეულში უნდა გავიდეთ. ამჟამად სასურველ ფორმაში არ ვარ, მაგრამ ვშრომობ და ვვარჯიშობ ამისთვის. ვფიქრობ, საჭირო ძალა ვიქნები გუნდისთვის და დავეხმარები წარმატების მიღწევაში. ჩემი ოცნებაა დიდ ნაკრებში მოხვედრა. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს.

 

ირაკლი მიქელაძე და თანაგუნდელთან – ნიკოლას ჯეიმს კელოგთან ერთად ვარჯიშის დროს

  

საზღვარგარეთ რომელ კლუბში ისურვებდით თამაშს?

– კონკრეტულ კლუბს ვერ დავასახელებ, თუმცა არის ბევრი ქვეყანა, სადაც თამაშის სურვილი მაქვს – იქ კალათბურთის დონე გაცილებით მაღალია. ისე უნდა მოვემზადო, რომ, როცა იქ ჩავალ, იმათზე უკეთ ვითამაშო, საშუალო დონის კალათბურთელი იქ ვერ ითამაშებს. მინდა ახლო მომავალში ამერიკაში წავიდე, სადაც კალათბურთსაც ვითამაშებ და ვისწავლი კიდევაც, შემდეგ კი ევროპაში მინდა გავაგრძელო კარიერა.

 

რა უნდა ისწავლოთ ამერიკაში?

– ბათუმში არის პერსონალის მართვის კიევის საერთაშორისო აკადემიის ფილიალი, სადაც ბიზნესსა და მართვას ვსწავლობ. დაუსწრებელზე ვარ, დამოუკიდებლად ვემზადები და ვაბარებ გამოცდებს. ალბათ ამერიკაშიც ამ მიმართულების შესწავლას გავაგრძელებ.

 

ესპანეთისვალენსიაახსენეთ. რატომ წამოხვედით ამ კლუბიდან?

– 13 წლისა ვიყავი იქ რომ წავედი. ბათუმში კემპი (თამაში, რომელსაც უცხოეთიდან მოწვეული ან ადგილობრივი კვალიფიციური სპეციალისტები აკვირდებიან და არჩევენ პერსპექტიულ მოთამაშეებს) ჩატარდა, სადაც მე და თორნიკე შენგელიამ გავიმარჯვეთ. ერთად წავედით და ერთი თვე იქ ვვარჯიშობდით. თორნიკე იქ დარჩა, მე წამოვედი.

 

რას ფიქრობთ, როგორია კალათბურთის განვითარების დონე საქართველოში?

– ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში კალათბურთის დონე მაღალია. საშუალო დონეც არაა, როცა უყურებ კალათბურთი როგორია ევროპაში. ვფიქრობ, საჭიროა ბავშვთა სკოლების გახსნა, პროგრამების გაკეთება, დაფინანსება და სპონსორების გამოჩენა. თაობა რომ წამოვიდეს, საჭიროა პირობები. სპორტსმენის ცხოვრება ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი ცხოვრებისგან. ყველაფრის სწორად წარმართვაა საჭირო ეს იქნება კვება, დასვენება, ვარჯიში, ვიტამინების მიღება. ამ ყველაფერს სჭირდება ხელშეწყობა. საჭიროა სპონსორების გამოჩენა, რომ დააფინანსონ კლუბები. სრულიად შესაძლებელია ერთი-ორი გუნდის ევროპის პირველობაზე გასვლა. საქართველოს ჩემპიონატზე ოთხი წლის წინ მართლაც სანახაობრივი იყო თამაშები და ხალხიც დადიოდა. „არმიას“ ჰყავდა ძლიერი გუნდი. ჰქონდათ შესაძლებლობა კლუბებს მოთამაშეები უცხოეთიდან ჩამოეყვანათ. ახლა რომ გადახედოთ, უცხოელები მარტო ჩვენ გვყავს. სეზონის დასაწყისში ყველა გუნდში პრობლემა იყო. გუნდები თამაშამდე მხოლოდ ორი კვირით ადრე დაკომპლექტდა და ვერ მოახერხეს სრული შემადგენლობის ჩამოყალიბება.

 

რამდენად პოპულარულია კალათბურთი ბათუმში?

– ერთი ისეთ თამაში გვქონდა ბათუმში, ჯერ რომ არ მითამაშია. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს, რადგან არც ერთი ცარიელი ადგილი არ დარჩენილა დარბაზში. გულშემატკივარი მოთამაშისთვის დიდი მოტივაციაა. ფაქტობრივად, მეექვსე მოთამაშეა მოედანზე, როცა მაყურებელი გგულშემატკივრობს.

 

რას ფიქრობთ უცხოელი კალათბურთელების თამაშზე ადგილობრივ კლუბებში?

– სულ ადგილობრივი მოთამაშეები თუ იქნებიან, თამაშის დონე კიდევ უფრო დაიწევს. საქართველოში მასობრივად ძლიერი მოთამაშეები არ გვყავს. რაღაც წარმატებას რომ მიაღწიოს გუნდმა, ორი-სამი უცხოელი მოთამაშე გუნდისთვის აუცილებელია.

 

კალათბურთის გარდა სხვა საქმე თუ გაინტერესებთ, თუ გაქვთ რაიმე გატაცება?

– მუსიკის გარეშე არ შემიძლია. მთელი დღე თავისუფალ დროს შემიძლია ვუსმინო მუსიკას. ჩემითაც ვქმნი ელექტრომუსიკას, თუმცა მოყვარული ვარ და პროფესიონალურად არ ვუდგები ამ საქმეს. მაინტერესებდა როგორ იქმნებოდა ელეტრონული მუსიკა და ჩემით შევისწავლე 10 წლიდან. სახლში მაქვს აპარატურა და თავისუფალ დროს მუსიკით ვერთობი.

 

ირაკლი მიქელაძე

 

როცა ამოწურავთ საკუთარ ძალებს კალათბურთში, რას აპირებთ?

– მაგაზე ჯერ არ მიფიქრია. არავინაა ტრავმისგან დაზღვეული, არავინ იცის როდემდე ითამაშებს კალათბურთს. კალათბურთის გარეშე არ შემიძლია და სანამ შევძლებ, მანამდე ვითამაშებ. განათლება ამიტომ მჭირდება – კარიერას რომ მოვრჩები შემდეგ რამე საქმე ხომ უნდა გავაგრძელო. კონკრეტულად რას გავაკეთებ, არ ვიცი. ბიზნესს ვსწავლობ და ალბათ ამ გზას გავყვები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: