მთავარი,სიახლეები

„მოსამართლემ თქვა: განვარისხეთ გურული ქალიო“ – რატომ აწყობს „ოცნებას“ საქმეების გაჭიანურება

30.07.2026
„მოსამართლემ თქვა: განვარისხეთ გურული ქალიო“ – რატომ აწყობს „ოცნებას“ საქმეების გაჭიანურება

„6 წელია მოსამართლის თანაშემწე ასე მპასუხობს: იქნება, მალე იქნება თქვენი პროცესიო, მაგრამ პროცესი არ ტარდება…

გვაწვალებენ. სხვა რა ჰქვია ამას? ალბათ იმედი აქვთ, რომ დავიღლებით, დავნებდებით და შევეშვებით. ვიღაცამ თვალი დაადგა ამ მიწას და ამიტომ გვჩაგრავენ,“ – უყვება „ბათუმელებს“ გონიოში მცხოვრები 62 წლის მალხაზ ბარამიძე. ეს მოსარჩელე არაა გამონაკლისი, ვინც წლებია ელის „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე გაცემული მთავარი დაპირების შესრულებას – იმას, რომ სამართალმა პური ჭამოს.

მალხაზ ბარამიძის სარჩელი ბათუმის მერიის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლომ წარმოებაში 2021 წელს მიიღო, თუმცა ამ საქმეზე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს ჯერ ერთი სხდომაც არ ჩაუტარებია. სასამართლოებში ათეულობით ასეთი საქმეა – სარჩელი წლების წინ შევიდა, მაგრამ მოსამართლეს თაროდან საქმე ჯერ არ ჩამოუღია.

ეს საქმეები არაერთ მნიშვნელოვან პრობლემას ეხება: ქონებას, შრომით დავას, ბიზნესს, ადამიანები ვეღარ პოულობენ პრობლემიდან გამოსავალს, რჩებიან ყოველგვარი შემოსავლის გარეშე…

წლებია სასამართლო ხელისუფლება საქმეების განხილვის გაჭიანურების პრობლემას არ აგვარებს.

  • მოქალაქე: „რამდენჯერმე მივედი სასამართლოში, რა იქნა პროცესი ამდენი წელი?“ 

მოქალაქე მალხაზ ბარამიძე გონიოში ცხოვრობს. მას მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით აქვს დავა. მალხაზ ბარამიძეს 2021 წელს ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურმა სადავო მიწის ნაკვეთი ჯერ დაუმოწმა და დაუდასტურა, მალევე თავისივე მიღებული ბრძანება გააუქმა.

„უთხრეს, რომ ახლა აღმოვაჩინეთ, ეს მიწის ნაკვეთი სარეფორმო არ ყოფილა, ანუ არ შეიძლებოდა მისი საკუთრებაში გადაცემა, რადგან სანაპირო ზოლიაო, მაგრამ მიმდებარედ არაერთი მიწის ნაკვეთია… ეს ეხება 21 პირს. ყველა შემთხვევაში ანალოგიური მოიქცა მერია,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი, რომელიც გონიოელებს ინტერესებს იცავს სასამართლოში.

მალხაზ ბარამიძე ზღვასთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების დადასტურებას 1994 წელს გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ითხოვს. მოსარჩელის მოთხოვნაა სასამართლოში, მერიის დავალდებულება მალხაზ ბარამიძის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით 2021 წელს გაუქმებული ბრძანებების აღდგენა.

ვინაიდან მიწის ნაკვეთები ზღვასთან ახლოსაა, მალხაზ ბარამიძე თვლის, რომ მიწას „თვალი დაადგეს“, ხოლო სახელმწიფო „ბიზნესმენის მხარს იჭერს.“ მალხაზ ბარამიძის თქმით, იგი რამდენჯერმე თავად მივიდა სასამართლოში და სცადა გარკვევა: რატომ არ ინიშნება სხდომა, როცა ამდენი წელი გავიდა?

„მოსამართლის თანაშემწეს დამაკავშირეს სასამართლოს პირველი სართულიდან, მოვა თქვენი დროც, დაინიშნებაო, თავაზიანად მიპასუხა. მას მერე ასე მპასუხობენ ერთსა და იმავეს. მერე თანაშემწემ თავისი ტელეფონის ნომერი მომცა და სასამართლოში აღარ მიწევს მისვლა, პირდაპირ ვურეკავ.

ალბათ იმედი აქვთ, რომ დავიღლებით და დავანებებ თავს. ეტყობა, ამ მიწას თვალი დაადგეს და ინტერესია. ამიტომაც, არ იმართება პროცესი,“ – გვითხრა მალხაზ ბარამიძემ.

„თქვენ ფიქრობთ, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის“? – შეკითხვას მოქალაქე ისე პასუხობს, რომ მაინც ჩანს: როგორ ხედავს მოქალაქე პოლიტიკურ გავლენას სასამართლო ხელისუფლებაზე.

„არ ვიცი, ეს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემაა, თუ რა არის, მაგრამ სახელმწიფო ბიზნესმენის მხარეს იჭერს, ჩვენსას – არა,“ – გვითხრა მალხაზ ბარამიძემ.

გონიოს სანაპირო ზოლი

მიწის ნაკვეთი, რაზეც მალხაზ ბარამიძე დავობს ზღვიდან დაახლოებით 70 მეტრშია და თავის დროზე იმისთვის მიუზომეს, რომ კანონით გათვალისწინებული „საკარმიდამო“ ნაკვეთი – 2500 კვადრატული შეევსოთ ოჯახისთვის:

„მამაჩემი მაშინ ცოცხალი იყო და აპროტესტებდა, მაგ მიწაზე სულ ჭაობია, მაინც არაფერი არ ხარობსო. ახლა ისეთი ფასი დაიდო მიწამ, რას ამბობთ?

მიწას ჩვენ ვიყენებთ ისევ, სიმინდს ვთესავ, მაგრამ სხვა არაფერი. ეს ნაკვეთი ჩემი სახლიდან დაახლოებით 2 კილომეტრის დაშორებითაა, მაგრამ გონიოს ციხიდან 700 მეტრის რადიუსში. იქ დიდი მშენებლობა არა, მაგრამ დროებით კოტეჯების მოწყობა შეიძლება, რამე ტურისტული, მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევენ,“ – გვითხრა მალხაზ ბარამიძემ.

  • ბათუმის სასამართლოში თითო მოსამართლეს საშუალოდ 1813 სამოქალაქო საქმე აქვს განსახილველი   

სასამართლოებში საქმეების გაჭიანურება წლებია სახელდება ქართული მართლმსაჯულების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად. მოსამართლეების დეფიციტის შევსებას ხელისუფლება აშკარად არ ცდილობს.

რამდენია საქმეა დღეისთვის, მაგალითად, ბათუმის საქალაქო სასამართლოში და თითოეულ მოსამართლეს რამდენი საქმე აწერია? – „ბათუმელებს“  ამ საკითხზე საჯარო ინფორმაცია ნაწილობრივ მიაწოდეს. ირკვევა, რომ 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 9069 სამოქალაქო საქმეა ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში. სამოქალაქო საქმეებს სულ 5 მოსამართლე განიხილავს. გამოდის, რომ საშუალოდ, თითოეულ მოსამართლეს 1813 საქმე აქვს განსახილველი.

სამოქალაქო საქმე მოსამართლემ 2 თვეში უნდა განიხილოს, თუმცა კანონი უშვებს საქმის სირთულიდან გამომდინარე, ვადის 5 თვემდე გახანგრძლივებას. ადვოკატებს ასე მოკლე დროში დასრულებული საქმე პრაქტიკულად არ ახსენდებათ.

გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო საქმეების განმხილველი მოსამართლეები მორიგეობის მიხედვით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევებსაც განიხილავენ.

რაც შეეხება უშუალოდ ადმინისტრაციულ დავებს, როგორიც, მაგალითად, მოქალაქე მალხაზ ბარამიძის საქმეა – ასეთ საქმეებს ბათუმში 3 მოსამართლე განიხილავს. „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2912 ადმინისტრაციული საქმეა წარმოებაში – საშუალოდ თითოეულ მოსამართლეს 970 საქმე აქვს.

სისხლის სამართლის 2245 საქმეს კი, 5 მოსამართლე განიხილავს. გამოდის, რომ საშუალოდ თითოეული მოსამართლე სისხლის სამართლის კოლეგიიდან 449 საქმეს განიხილავს, ან უფრო მეტს – ამ ხუთი მოსამართლიდან ერთ-ერთი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე კულულაშვილია. იგი სხვა მოსამართლეებთან შედარებით, ბევრად ნაკლებ საქმეს განიხილავს.

სასამართლომ არ მოგვაწოდა დაზუსტებული მონაცემი: კონკრეტულ მოსამართლეს რამდენი საქმე აწერია.

2026 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოში 30 ივნისის მდგომარეობით დასრულდა:

  • 398 ადმინისტრაციული საქმე [3 მოსამართლე]
  • 2337 სამოქალაქო საქმე [5 მოსამართლე]
  • 1026 სისხლის სამართლის საქმე [5 მოსამართლე]

ბათუმის საქალაქო სასამართლო

  • რას ამბობს სახალხო დამცველი მოსამართლეების დეფიციტზე? 

სასამართლო საქმეების გაჭიანურების პრობლემა სახალხო დამცველი ბოლო, 2025 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც შეეხო. აი, რას წერს სახალხო დამცველი პრობლემაზე, რაზეც წლებია საუბრობს სხვადასხვა მხარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი, მოსამართლეების არსებულ ვაკანსიებსაც კი არ ავსებს.

„სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულებისთვის აუცილებელი გარემოებაა მოსამართლეთა შესაბამისი რაოდენობა. 2026 წლის 21 იანვრის მონაცემებით, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში სულ 366 მოსამართლეა.

მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის განმავლობაში სისტემას 8 ახალი მოსამართლე შეემატა, ამავე პერიოდში თანამდებობიდან 6 მოსამართლის განთავისუფლების გამო, მოსამართლეთა კორპუსის საერთო მატებამ მხოლოდ 2 ერთეული შეადგინა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს 2024 წლის საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემების [3,914,000 მოსახლე] და არსებულ მოსამართლეთა რაოდენობის ურთიერთმიმართება აჩვენებს, რომ საქართველოში ყოველ 100,000 მოსახლეზე 9.35 მოსამართლე მოდის. ეს მაჩვენებელი მკვეთრად ჩამორჩება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს, რომელიც 23.92-ს შეადგენს. ამ ფონზე, საგულისხმოა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში არსებული 74 ვაკანტური ადგილის მიუხედავად, 2025 წელს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა მიღება და სწავლება არ განხორციელებულა, ასევე, 2025 წლის განმავლობაში, არც მოსამართლეობის მსურველთათვის ჩატარებულა საკვალიფიკაციო გამოცდა,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.

  • რატომ აწყობს ივანიშვილს მოსამართლეების დეფიციტი?  – ინტერვიუ ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილთან შეგილიათ ნახოთ აქ.
  • რას ამბობს მოქმედი მოსამართლე რეალობაზე, როცა ზოგიერთ მოსამართლეს, მაგალითად, დღეში 12 საქმის განიხილავს?

ადვოკატები აღარ მალავენ, რომ განსაკუთრებით ბიზნესდავების განხილვა იმდენად გაჭიანურებულია, რომ მხარეს ურჩევნია მიმართოს ალტერნატიულ და „უკანონო მეთოდებს“. ეს ჩანს კიდეც თავად პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში: როდესაც „ქურდული სამყაროს“ ბრალდებით აკავებენ ათეულობით მოქალაქეს, ხშირად არის შემთხვევა, როცა ბიზნესმენი დავის გადაწყვეტას ცდილობს არა სასამართლოში, არამედ მიმართავს „ქურდულ სამყაროს.

ერთ-ერთმა ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა გაგვაცნო საქმე, სადაც რამდენიმე ბიზნესკომპანია დავობს კახეთში მიწის ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებით. სიღნაღის რაიონულ სასამართლოში 2021 წელს დარეგისტრირებულ ამ სარჩელზე მოსამზადებელი ეტაპიც არ დასრულებულა. სასამართლოსთვის წლების განმავლობაში რამდენჯერმე მიუმართავს, როგორც მოსარჩელეს, ისე მოპასუხე მხარეს:

„საქმეზე ამ 5 წლის მანძილზე მოსამზადებელი ეტაპი არ არის დასრულებული. შპს-ები ვერ სარგებლობენ თავიანთი საკუთრებაში არსებულ და სადაო მიწის ნაკვეთებით, ვერ თესავენ მარცვლოვან კულტურას, ვერ იღებენ მოსავალს, ვერ ახდენენ მის რეალიზებას, რის გამოც გაკოტრების პირას არიან პრაქტიკულად 2022 წლიდან. საქმეზე არც ერთი სხდომა არ ჩატარებულა, თუმცა არაერთგზის ვითხოვდით წერილობით, თუ ზეპირი ფორმით,“ – წერდა მოსამართლეს მოსარჩელეების ადვოკატი.

„წლების განმავლობაში ჭიანურდება მოპასუხე გიორგი ხ.-ს მიმართ წარმოდგენილი სარჩელის განხილვა,“ – მიუწერია მოსამართლისთვის მოპასუხის ინტერესების დამცველ ადვოკატს, არჩილ ჩოფიკაშვილს.

  • ადვოკატი ანა ბერძენიშვილი: „სასამართლოს სცალია ზებრაზე დაჯარიმების საქმის განსახილველად…“ 

„როცა სასამართლო ამბობს, რომ არ აქვს დრო, არ ყოფნის რესურსი, ეს განსაკუთრებით პირველ ინსტანციას ეხება, რა ახსნა შეიძლება მოეძებნოს იმას, რომ სასამართლო ყოველთვის უსწრაფესად ნიშნავს საქმეებს, როცა ეს ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, როგორიც არის, მაგალითად, ზებრაზე გადასვლა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი ანა ბერძენიშვილი.

ზებრაზე გადასვლის საქმეზე“ ერთ-ერთი საქმეა პროევროპული წინააღმდეგობიდან საქართველოში – 2025 წლის 31 იანვარს, მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა „არასაკმარის რაოდენობაზე“ მითითებით აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ ქუჩაში ავტომანქანის მოძრაობა უნდა აღდგენილიყო, დემონსტრანტებმა მოძრაობა ზებრა გადასასვლელზე დაიწყეს. ზებრა გადასასვლელზე გამოხატული პროტესტის გამო ბათუმში 29 ადამიანი დააჯარიმეს.

ანა ბერძენიშვილი გვიყვება, რომ ერთ-ერთ სხდომაზე შეახსენა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს ეს ამბავი, როცა მოსამართლემ მიუთითა, სასამართლოს რესურსი არ ჰყოფნისო.

„8 საათი დაუთმეს მაშინ ზებრის საქმის განხილვას… მოსამართლემ თქვა: განვარისხეთ გურული ქალბატონი, თქვენი კრიტიკა სასამართლოს მიმართ არასწორიაო,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი, ადვოკატი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ყოფილი იურისტი.

ანა ბერძენიშვილი

რატომ აწყობს სისტემას მოსამართლეების დეფიციტი და გაჭიანურებული საქმეები? – მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადვოკატი გვიზიარებს თავის დაკვირვებას: ამ გზით სახელმწიფო მოქალაქეს აგრძნობინებს, რომ მის ხელშია და ჩუმად უნდა იყოსო.

„დააკვირდით იმ მოსარჩელეებს, რომელთა საქმეები წლებია არ განუხილავთ სასამართლოში, მათ არ სურთ საჯაროდ ისაუბრონ ამ პრობლემაზე. როცა ვეუბნები, რომ წერილობითი განცხადებით მივმართავ მოსამართლეს, დროულად ჩაინიშნოს სხდომა-მეთქი, მეუბნებიან, რომ ამით შესაძლოა მოსამართლე გაბრაზდეს.

არ დამავიწყდება ერთი შემთხვევა ბათუმის სამოქალაქო სასამართლოში: საქმე მოვიგეთ და კომპენსაციის დაკისრების თაობაზე 110 განცხადება დავწერე. პირადად ყოველდღე მიმქონდა კანცელარიაში განცხადება, რომ მოსამართლეს გადაწყვეტილება მიეღო. ბოლოს ვიღაც შეწუხდა: კანცელარიაში მეუბნებოდნენ, დილით ხომ მოიტანეთ განცხადებაო. ვპასუხობდი, რომ სასამართლოს რეაგირება არ აქვს. დილით, შუადღისას და საღამოს შემქონდა ერთი და იგივე შინაარსის განცხადება.

პრობლემას ქმნის ის, რომ სასამართლო სისტემა ჩაკეტილია. არ შეიძლება 2500 საქმე ეწეროს ერთ მოსამართლეს. მოსამართლესაც აქვს დასვენების უფლება, მოსამართლეც უნდა განიტვირთოს…

მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობის ხარისხს განაპირობებს არა მხოლოდ სამართლიანი მართლმსაჯულება და მართლმსაჯულების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, არამედ ის, თუ რამდენად სწრაფია მართლმსაჯულება. სასამართლო სხდომების არჩანიშვნა თუ ვერჩანიშვნა პირდაპირპროპორციულად აისახება სასამართლო სისტემის სანდოობაზე, მის ხარისხზე და, ზოგადად, ადამიანების სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებზე – ადამიანების დამოკიდებულებაზე სახელმწიფოს მიმართ.

საზოგადოებას აქვს შეკითხვები: რად მინდა ისეთი სასამართლო, თუ შედეგს ვერ მოვესწარი, კომპენსაცია ვერ ავიღე, ალიმენტი ვერ გამოვიყენე? რაღა აზრი აქვს სასამართლოსთვის მიმართვას? მქონია შემთხვევა, როცა მხარე გარდაიცვალა. ხუთი შემთხვევა მქონდა ასეთი,“ – გვითხრა ანა ბერძენიშვილმა.

იურისტი მიიჩნევს, რომ საქმის გაჭიანურების გამო ოზურგეთის მოსამართლეს მოუწოდა: დატოვეთ მაშინ მოსამართლეობა, თუ 7 წელი საქმეზე ერთ სხდომასაც ვერ ატარებთო.

ოზურგეთის სასამართლოში დღეისთვის სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებსაც მხოლოდ ერთი მოსამართლე განიხილავს. ანა ბერძენიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ რთული სიტუაციის მიუხედავად, ოზურგეთის სასამართლოშიც ნახულობენ დროს, მაგალითად, ფეისბუქკომენტარის ავტორის დასჯისთვის, ანუ საქმეებისთვის, რომელიც ივანიშვილს სჭირდება ქვეყანაში პროტესტის ჩასახშობად და დემოკრატიის გასაქრობად.

ადვოკატი ხაზს უსვამს ასევე იმას, რომ ვერც მედიაციის ინსტიტუტი გაძლიერდა, რომელიც ოჯახურ, სამეზობლო, შრომით დავებს უნდა განიხილავდეს. აქაც მიზეზი სასამართლოში საქმის გაჭიანურებაა: მედიაციის გზით მიღწეულ შეთანხმებას სასამართლო ამტკიცებს. ანა ბერძენიშვილი ამბობს, რომ მედიაციაში წარმატებით დასრულებული ერთ-ერთი საქმე ბათუმში თითქმის ერთი წელია არ დაამტკიცა სასამართლომ.

„თუკი სასამართლო დავა მედიაციის გარეშე გაგრძელდება მაინც იმდენი ხანი, რამდენი ხანიც უნდა ყოფილიყო სასამართლო დავა, მაშინ რაღა აზრი აქვს მედიაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას?“ – კითხულობს ადვოკატი ანა ბერძენიშვილი.

მთავარი ფოტო: ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეები. ეს 5 მოსამართლე 9069 სამოქალაქო საქმეს განიხილავს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: