მთავარი,სიახლეები

პატიმარი წამალს ითხოვს და ამის გამო კვირაზე მეტია შიმშილობს ლაითურის ციხეში – ადვოკატი

21.04.2026
პატიმარი წამალს ითხოვს და ამის გამო კვირაზე მეტია შიმშილობს ლაითურის ციხეში – ადვოკატი

„მისთვის აუცილებელი ფსიქოტროპულ მედიკამენტის დანიშვნას მსჯავრდებული თვეზე მეტია ითხოვს… ადმინისტრაციის მხრიდან გულგრილი მოპყრობის გამო, მსჯავრდებული ერთ კვირაზე მეტია შიმშილობს პროტესტის ნიშნად,“ – ამბობს ადვოკატი ნესტან ანანიძე. იგი ერთ-ერთი პატიმრის ინტერესებს იცავს, რომელიც ლაითურის პირველ დაწესებულებაშია მძიმე ფსიქოლოგიური და მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობით.

ადვოკატი განმარტავს, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია პატიმარს საჭირო დოზით მედიკამენტებს არ უნიშნავს, პატიმარს აქვს დანიშნული კონკრეტული მედიკამენტები, რომელსაც არასაკმარისი რაოდენობით აძლევენ. ის იღებს მხოლოდ დილის დოზას, თუმცა მას ესაჭიროება ასევე საღამოს იგივე ოდენობით წამლის მიღება. პატიმარი სწორედ ამ გრაფიკით იღებდა მედიკამენტებს ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში, ვიდრე გადმოიყვანდნენ ლაითურის N1 პენიტენციურ დაწესებულებაში.

პრობლემის მოგვარების თხოვნით ადვოკატს 2026 წლის 8 აპრილს მიუმართავს სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის, მაგრამ ადვოკატს პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღია. 16 აპრილს ციხეში მისულ ადვოკატისთვის კიდევ უფრო მეტად დაუძლურებულ პატიმარს უთქვამს, რომ მან თვითმკვლელობაც სცადა.

„… მითხრა, რომ ჩაამსხვრია სარკე და თავის დაზიანებას აპირებდა, რა დროსაც საკანში შევიდნენ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები. ამის მიზეზი არის ლაითურის N1 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ გამოხატული გულგრილობა და სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარის თქმა.

მას კვლავ აღენიშნება შფოთვა და უძილობა, ღამის განმავლობაში სძინავს მხოლოდ ოთხი საათის განმავლობაში. აქვს ნევროზი და ფსიქოლოგიურად აღგზნებულია, რაც მათ შორის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიმართ აგრესიაშიც გამოიხატება. მისი ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, არაერთხელ ითხოვა წამლის დოზის გაზრდა, დილით და საღამოს ერთი და იგივე დოზის მიღება, რაზეც უარი უთხრეს.

ამის ნაცვლად სამედიცინო პერსონალი მსჯავრდებულს სთავაზობს სხვა წამლის მიღებას, რომელიც იწვევს კუნთების მოდუნებას და არა რეალურად ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ასევე, მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში ეხმარებოდა კვირაში ორჯერ სავარჯიშო დარბაზში ვიზიტი, რაზეც უკვე აღარ რთავენ ნებას და შესაბამისად შეზღუდული აქვს სოციალური აქტივობებით დაკავების შესაძლებლობაც. პატიმრის ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაამძიმა შემთხვევამ, როდესაც მას ოჯახის წევრების მიერ მიწოდებული ტანსაცმელი შეუტანეს აშკარად განზრახ დაზიანებულ მდგომარეობაში. ტანსაცმლის გამოყენება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.

ადმინისტრაციის მხრიდან გულგრილი მოპყრობის გამო, მსჯავრდებულმა ერთ კვირაზე მეტია დაიწყო შიმშილობა პროტესტის ნიშნად, იგი იღებს მხოლოდ წყალს, უარს აცხადებს ექიმების მომსახურებაზე. უკვე უჭირს მეტყველება, მოძრაობა, ფეხზე დგომა, აქვს თავბრუსხვევა და საერთო სისუსტე.

ასევე, მსჯავრდებული გადაიყვანეს სპეციალურ საკანში მარტო.

იგი ითხოვს სათანადო მოპყრობას ადმინისტრაციის მხრიდან, მედიკამენტების დანიშვნას ფსიქიატრის მხრიდან შესაბამისი დოზით და იუსტიციის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან N1 პენიტენციური დაწესებულების ფსიქიატრის მიმართ მის მიერ განხორციელებული გადაცდომების თაობაზე სათანადო რეაგირებას,“ – აღნიშნულია წერილში, რომელიც 20 აპრილს მიუწერია ადვოკატს  სახალხო დამცველისთვის.

ომბუდსმენისთვის ადვოკატისგან გაგზავნილი წერილში ვკითხულობთ იმასაც, რომ პატიმარი ფსიქიატრს მოთხოვნიდან ერთი კვირის შემდეგ შეახვედრეს, ასევე ის, რომ ექიმი პატიმარს არ უთმობს საკმარის დროს.

ადვოკატის თქმით, ფსიქიატრმა მსჯავრდებულს დაუდასტურა, რომ მას ნამდვილად სჭირდება დამატებით დოზა.

„თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო არ აწვდის მათ წამლებს, რათა დაუნიშნოს პაციენტს ისე, როგორც ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში იღებდა. მოცემული გარემოებები მსჯავრდებულის ფსიქოლოგიურ და მენტალურ ჯანმრთელობას კიდევ უფრო ამძიმებს და აუარესებს, იმატებს შფოთვის დონეც, რაც ადვოკატისთვისაც გარეგნული შეფასებით თვალხილულია.

მსჯავრდებულს აშკარად და ნამდვილად ესაჭიროება მედიკამენტების დოზის გაზრდა თუმცა ფსიქიატრისა თუ სამინისტროს მხრიდან არ ხდება სათანადო რეაგირების,“ – აღნიშნულია წერილში.

პატიმარს ადვოკატისთვის მოუყოლია თანამესაკნის ისტორიაც, რომელიც ასევე ითხოვდა წამლების დანიშვნას, მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს და თავის დაწვა სცადაო.

„ნათელია, რომ იგნორირებულია მსჯავრდებულის რეალური საჭიროებები და ეს გრძელდება ერთი თვის განმავლობაში, მაშინ, როდესაც ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების მიმართ რეაგირება უნდა იყოს დაუყოვნებლივი და სასწრაფო, რათა კიდევ უფრო არ დამძიმდეს მდგომარეობა,“ – აცხადებს პატიმრის ადვოკატი, ნესტან ანანიძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: