მთავარი,სიახლეები

სასამართლოში აღარ მოვიდნენ ყოფილი პატიმრები, რომლებიც ციხის უფროსებს წამებაში ადანაშაულებენ 

26.12.2018 • 1865
სასამართლოში აღარ მოვიდნენ ყოფილი პატიმრები, რომლებიც ციხის უფროსებს წამებაში ადანაშაულებენ 

“მოწმეები არ მოვიდნენ. ჩვენ მათ დავუკავშირდებით და შემდეგ სხდომაზე უზრუნველვყოფთ მათ გამოცხადებას,” – ამ სიტყვებით მიმართა პროკურორმა რამაზ შავაძემ მოსამართლეს დღევანდელ სხდომაზე. მოწმეთა გამოუცხადებლობის გამო სასამართლო სხდომა გადაიდო.

პატიმრების წამების საქმის“ განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2014 წელს დაიწყო. ამის მიუხედავად, 119 მოწმიდან ამ დრომდე სასამართლოს დაახლოებით 40 მოწმის ჩვენება აქვს მოსმენილი.

სასამართლო პროცესები ამ საქმეზე იშვიათად ტარდება. ერთ-ერთ წინა სხდომაზე პროკურორი არ გამოცხადდა. დღეს კი უკვე სასამართლოში ყოფილი პატიმრებიც აღარ მოვიდნენ. მათ მოწმის სახით უნდა მიეცათ ჩვენება სასამართლოსთვის ციხეში მომხდარი ძალადობის შესახებ.

“კარგი იქნებოდა წინასწარ გეცნობებინათ, ბრალდებულს სამეგრელოდან აღარ მოუწევდა ჩამოსვლა“, – თქვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. ამ საქმეზე ბრალდებულები, ანუ ბათუმის ციხის ყოფილი უფროსები, გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებულები.

“ისინი ოჯახური პირობების გამო ვერ გამოცხადდნენ, ახალი წელია მოახლოებული,” – გვითხრა პროკურორმა რამაზ შავაძემ პროცესის გადადების შემდეგ. დღეს სასამართლოსთვის 4 მოწმეს უნდა მოეყოლა საკუთარი ისტორია.

“ხომ არ აჩვენებს მოწმეების გამოუცხადებლობა იმას, რომ ყოფილ პატიმრების პროცესის ოთხწლიანი გაჭიანურების გამო სამართლიანობის მოლოდინი აღარ აქვთ?” – ესეც პროკურორს ვკითხეთ.

“ასე არ არის. ისინი მოვლენ სასამართლოში,” – დასძინა პროკურორმა.

გამოძიება ბათუმის ციხის ყოფილ ხელმძღვანელ პირებს – გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავება.

კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 2016 წლამდე სასამართლოში შესული საქმეების განხილვა 2019 წლის პირველ იანვრამდე უნდა დასრულდეს. ამ ჩამონათვალშია „პატიმრების წამების საქმეც“, რომლის პროცესებიც იშვიათად იმართება. 19 მარტს გამართულ პროცესზე საქმის განმხილველმა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა თქვა, რომ საქმის განხილვას იგი წლის ბოლომდე აუცილებლად დაასრულებდა. ამ სხდომაზე ერთ-ერთმა ყოფილმა პატიმარმა მოსამართლეს უთხრა: “თუ სამართალია სადმე, მეც მინდა”.

კანონი არ განსაზღვრავს, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი 2016 წლამდე დაწყებული საქმის განხილვას სასამართლო 2019 წლის დადგომამდე ვერ ასრულებს.

მოსამართლემ თქვა, რომ ამ საქმეზე შემდეგი პროცესი 2019 წლის იანვარში გაიმართება. მას კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

 

ამ თემაზე:

ყოფილი პატიმარი მოსამართლეს: თუ სამართალია სადმე, მეც მინდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: