მთავარი,სიახლეები

„სანამ ბათუმელები და ნეტგაზეთი არსებობს, გვიან არ იქნება“ – თამთა კახაბერიძე

09.06.2026
„სანამ ბათუმელები და ნეტგაზეთი არსებობს, გვიან არ იქნება“ – თამთა კახაბერიძე

ავტორი: თამთა კახაბერიძე, ჟურნალისტი

______________________________

-„აბა, მოიფიქრე ვისი ხმა გინდა ისმოდეს შენს პირველ სტატიაში?“ – მკითხა ნანამ.

მოვიფიქრე. სოფელში მცხოვრები ახალგაზრდების.

13 წლის ვიყავი. ნანა კვაჭაძე, „ბათუმელების“ ნიუსრუმის რედაქტორი, მაშინ ჩემი მასწავლებელი იყო „ბათუმელების“ მედიასკოლაში. სანამ სტატიის დაწერას დამავალებდა, ამიხსნა, რომ ჟურნალისტის ფუნქცია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების გარდა, იმ მოქალაქეების ხმის გაჟღერებაა, ვისაც რაიმე პრობლემა აქვს, ვისაც დახმარება სჭირდება, ვისი სათქმელიც არ ესმით გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ან ესმით, მაგრამ არ ანაღვლებთ.

მე საკმაოდ პატარა და გამოუცდელი ვიყავი იმისთვის, რომ ვინმეს ხმა ვყოფილიყავი გარდა საკუთარი თავისა – თურქეთის საზღვრისპირა სოფელში მცხოვრები გოგოსი, რომლის ცნობისმოყვარეობას მისი სოფლის საზღვრები ვერ იტევდა. ასე დავწერე ჩემი პირველი სტატია რეგიონებში, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებზე, რომლებიც შესაბამისი ინფრასტრუქტურის, ინტერნეტზე შეზღუდული წვდომის, არაფორმალური განათლების სივრცეების არარსებობის, სიღარიბის და სხვა მრავალი გამოწვევის გამო, ვერ იღებდნენ მრავალმხრივ განათლებას, ვერ ერთვებოდნენ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში იმდენად, რამდენადაც მათ სურდათ და სჭირდებოდათ.

ეს სტატია „ბათუმელებში“ გამოქვეყნდა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ბეჭდური სახით გამოიცემოდა. გაზეთის ერთი გვერდი მედიასკოლის მოსწავლეების ნაშრომებს ეთმობოდა. მედიასკოლა იყო სასწავლო კურსი სკოლის მოსწავლეებისთვის – ერთ-ერთი იმ უამრავ საგანმანათლებლო და სოციალურ პროექტს შორის, რომელიც „ბათუმელებს“ განუხორციელებია აჭარის რეგიონში.

ეს იყო ჩემი ნახევარი ცხოვრების წინ. მას შემდეგ 2-ჯერ გავიზარდე და ახლა დაახლოებით იმდენი წლის ვარ, რამდენი წლისაც იყო მზია ამაღლობელი, როცა დააარსა „ბათუმელები“ – დამოუკიდებელი მედია, რომელიც დასვამდა კრიტიკულ კითხვებს, მოიძიებდა პასუხებს, მიაწვდიდა საზოგადოებას ინფორმაციას და რაც მთავარია, იქნებოდა იმ მოქალაქის ხმა, ვისიც არ ესმით „ძლიერთა ამა ქვეყნისა“.

ახლა ნეტგაზეთში ვმუშაობ, მზიას დაფუძნებულ კიდევ ერთ მედიაში და ვცდილობ დავსვა კითხვები, მოვიძიო პასუხები,  მივაწოდო ინფორმაცია საზოგადოებას და ვიყო მოქალაქეების ხმა.

მაგალითად, ბოლოს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე დედის ხმა ვიყავი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან ათენებდა და აღამებდა, რომ შვილისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი წამალი მოიპოვებინა;

იქამდე ერთი პატარა, თბილისური ეზოს მაცხოვრებლების, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო იძულებით ასახლებს სახლებიდან;

უფრო ადრე ტყიბულში, მეწყერს ძლივს გადარჩენილი ოჯახების, რომლებმაც არ იციან სად გააგრძელებენ ცხოვრებას, რადგან სტიქიამ მათი სახლები დაანგრია;

კიდევ უფრო ადრე, ონკოპაციენტი ქალის, რომელმაც საჭირო მკურნალობა სამშობლოში ვერ მიიღო და ევროპაში ცდილობდა თავშესაფრის მიღებას;

მიუსაფარი ძაღლების და მათზე მზრუნველი ადამიანების, რომლებიც ოთხფეხა მეგობრების დაცვას ცდილობდნენ სურსათის სააგენტოსგან;

ქალების, რომლებიც დაკავების შემდეგ პოლიციელებმა იძულებით გააშიშვლეს და ახალგაზრდების, რომლებიც სასტიკად სცემეს;

სტუდენტების, რომლებსაც უნივერსიტეტს უხურავენ და პროფესორების, რომლებსაც სასწავლო პროგრამებს უუქმებენ;

შვილმკვდარი დედის, რომელიც სამართალს ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს;

ბავშვის, რომელსაც მშობლების ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ;

მშობლების, რომლებიც შვილებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას ითხოვდნენ;

სტუდენტის, რომელიც ტროტუარზე დგომის გამო დააკავეს და სტუდენტის, რომელსაც დაკავება ერჩივნა, მაგრამ 5000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს;

სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებული ყოფილი საჯარო მოხელის და მისი კოლეგის, რომელმაც თავად დატოვა თანამდებობა, რათა უსამართლობა გაეპროტესტებინა;

ჭიათურელი მაღაროელების და დევნილების, რომლებსაც მეორედ ასახლებენ საცხოვრებლიდან – ამჯერად, აღსრულების ბიუროს თანამშრომლები;

დეზერტირების ბაზართან, ავარიულ კორპუსში მცხოვრები ოჯახის, ამ ავარიული შენობის ფასადის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული კაცის და ამ ბაზრის წინ მოვაჭრე ქალის, რომელსაც მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ხილ-ბოსტნის დახლი დაუნგრია – „ქალაქის იერსახეს ამახინჯებსო“;

ძალადობის მსხვერპლი ქალის და ვინ მოსთვლის, ვისი აღარ…

– „აბა, მოიფიქრე რა უნდა უთხრა ჩვენს აუდიტორიას, რატომ უნდა დაგვიჭიროს მხარი?“ – მეკითხება ნანა, აწ უკვე ჩემი კოლეგა და თანამშრომელი.

– მოვიფიქრე, ნანა, მოვიფიქრე, იმიტომ, რომ მათი ხმა ვიყო. შენ თვითონ არ მასწავლე?!

სანამ ჟურნალისტობას გადავწყვეტდი, იურისტობა მინდოდა, რათა უფლებადამცველი გამოვსულიყავი. მერე მივხვდი, რომ ყველა იურისტი უფლებადამცველი არ არის. პირიქით, ზოგიერთი უფლებადამრღვევია, უფლებადამცველობას კი იურისტობა სულაც არ სჭირდება. ჩემი აბიტურიენტობის დილემა ჟურნალისტიკის სასარგებლოდ გადაწყდა, რამდენიმე კვირის წინ კი მე და ჩემს თანამშრომლებს წლის უფლებადამცველის ჯილდო გადმოგვცეს. მავანი იტყვის, რომ უფლებადამცველობა ჟურნალისტიკის სტანდარტებში არ ჯდება. იმ სტანდარტებში, ვიღაცებმა საკუთარ ინტერესებზე რომ მოირგეს და BBC-ის სტანდარტად გაასაღეს (თუმცა, როცა მათ ინტერესს დაუპირისპირდა, ზემოთ ხსენებული BBC-საც დაუწუნეს სტანდარტი). მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში ჟურნალისტი მოქალაქეების უფლებებს თუ არ იცავს, თუნდაც ირიბად, მთლად კარგი ჟურნალისტიც ვერ ყოფილა. მე მჯერა, რომ როგორც ჟურნალისტი, უფლებადამცველიც ვარ. 

„ამ რედაქციის საქმიანობა ყოველთვის იყო ბრძოლა“ – თქვა ნესტან ცეცხლაძემ, როცა მისი რედაქტორობით „ნეტგაზეთმა“ წლის უფლებადამცველის ჯილდო მიიღო.

მზიას სიტყვები გამახსენდა – იბრძოლეთ, სანამ გვიან არ არისო, ციხიდან რომ შემოგვითვალა.

მე არ ვფიქრობ, რომ გვიანია: სანამ მე და ჩემი თანამშრომლები პროფესიულ საქმიანობას ვაგრძელებთ, სანამ „ბათუმელები“ და ნეტგაზეთი არსებობს, გვიან არ იქნება.

ჩვენი არსებობა კი ნამდვილად არის ბრძოლა. ბრძოლაა მედიაში მუშაობა იმ ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტობა თავისუფლებისა და ჯანმრთელობის ყოველდღიური რისკია, სადაც გამოხატვის თავისუფლება რეპრესიული მექანიზმების პირდაპირი სამიზნეა. ამ ბრძოლაში იმ ადამიანების მხარდაჭერა გვჭირდება, ვისი ხმაც ვყოფილვართ აქამდე, ან ვისიც შეიძლება ვიყოთ მომავალშიც.

დამოუკიდებელი მედიის გარეშე დამოუკიდებელი ქვეყანა არ არსებობს. ამიტომ, არაფერია იმაზე მეტად სიმბოლური, ვიდრე „ბათუმელების“ დაფუძნება 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

მჯერა, რომ ჩვენი მუშაობით ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვისაც ვზრუნავთ.

 

________________________________________________________________________________

 

გადადით ლინკზე და დაუჭირეთ მხარი ბათუმელებს და ნეტგაზეთს

თვეში 1 ლარიდან. 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: