მთავარი,სიახლეები

„ჩვენ ვრჩებით. ისევ თქვენი ხმა ვართ და თქვენ – ისევ ჩვენი ძალა“ – ეთერ თურაძე

26.05.2026
„ჩვენ ვრჩებით. ისევ თქვენი ხმა ვართ და თქვენ – ისევ ჩვენი ძალა“ – ეთერ თურაძე

ავტორი: ეთერ თურაძე, „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი

______________________________________________________

დაუჭირეთ მხარი „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ აქ. 

ხულოში ახალგაზრდა ქალს ჩაგრავდა მთავრობა, რასაც ადგილობრივი საზოგადოება თვალს არიდებდა. ამ ქალის შესახებ ქვეყანას შევატყობინეთ. მისი ცხოვრება შეიცვალა.

ბათუმში ობოლ ბავშვებს ვერ ხედავდა სახელმწიფო. ისინი ვაჩვენეთ საზოგადოებას. მათი ცხოვრებაც შეიცვალა.

ზუგდიდში შშმ კაცს და დაუძლურებულ ქალს აბუჩად იგდებდა ის, ვისაც მათი დაცვა ევალებოდა. ისინი საკუთარ ტკივილთან მარტო არ დავტოვეთ – მათი ამბავი მთელ ქვეყანას შევატყობინეთ და მათი ცხოვრებაც შეიცვალა.

ამ ისტორიებს 25 წელია გიყვებით. იმ ადამიანების შესახებ გიამბობთ, ვისაც არ აქვს ძალაუფლება და გავლენა. ვისი ხმაც ყველაზე სუსტად ისმის.

ამ წლების განმავლობაში სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლაზეც ბევრჯერ გითხარით და იმაზეც, როგორ იქცა კორუფცია ყოველდღიურობად, როგორ ეჯიბრებიან მთავრობის წევრები თუ რიგითი მოხელეები ერთმანეთს ხალხის დოვლათის მითვისებაში.

როგორ იცვლება სამშობლო ფუფუნებაზე.

კიდევ რაზე გიამბობდით? – ციხეებზე. ადგილებზე, რომელთა კედლებს მიღმა ათასობით ჩუმი ტრაგედია იმალება… დღეს საქართველო ერთ-ერთი ლიდერია ევროპაში პატიმრების რაოდენობით. და ეს მხოლოდ სტატისტიკა არ არის. ეს არის ადამიანების სიცოცხლე, რომელიც სიჩუმეში იკარგება.

რუსთავის ციხეშია გამოკეტილი მზია ამაღლობელი – ქალი, რომელმაც გაბედა და უსამართლობას გააწნა სილა. მანამდე კი, 23 წლის განმავლობაში, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად შექმნა ისეთი მედია, როგორიცაა „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“.

დღეს ჩვენი გამოცემების დაბადების დღეა – 25 წელი შეგვისრულდა. იუბილეს მზიას გარეშე აღვნიშნავთ –  მალე 17 თვე გახდება, რაც ის „ოცნებამ“ უკანონოდ გამოკეტა ციხეში. არც ეს გვაკმარა, მიიღო კანონები, რითაც საზღვრების დადგენა გადაგვიწყვიტა – ან ვიყოთ „მისი ხმა“, ან დავდუმდეთ.

ამის მიუხედავად, ჩვენ ისევ ვრჩებით. ისევ თქვენი ხმა ვართ.

და თქვენ – ისევ ჩვენი ძალა.

ჩვენი რწმენით, ხმა არ უნდა დადუმდეს, თუ სიჩუმე დაისადგურებს, სწორედ მაშინ გაიმარჯვებს უსამართლობა.

ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება.

ამიტომაც დაგვიდექით გვერდით, თუნდაც 1 ლარით. ეს თქვენთვის იქნება ძალიან მცირე, თითქმის შეუმჩნეველი წვლილი, მაგრამ ჩვენ მოგვცემს ძალას გავაგრძელოთ საქმე, რომელიც ყველას ერთად გადაგვარჩენს. გადაარჩენს ჩვენს სამშობლოს.

ფინანსურ მხარდაჭერაზე მეტად კი იმის ცოდნაა მნიშვნელოვანი, რომ მარტო არ ვართ და ჯერ კიდევ ვჭირდებით ადამიანებს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს საზოგადოება, რომელსაც სჯერა ჰუმანიზმის და სიმართლის – მართალი სიტყვის ძალის.

_______________________________________

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: