„2026 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 8.05 ლარამდე გაიზარდა, რაც 1.6%-ით აღემატება 2026 წლის იანვრის მაჩვენებელს და 14.3%-ით 2025 წლის თებერვლის მაჩვენებელს,“ – აღნიშნულია 2026 წლის თებერვლის „ხაჭაპურის ინდექსში“.
ეს ISET-ის, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის „ხაჭაპურის ინდექსის“ ახალი მონაცემია. ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც. „ხაჭაპურის ინდექსის“ შთაგონების წყარო ჟურნალ Economist-ის „ბიგ მაკის“ ინდექსია – ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორი.
ახალი მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტად გაიზარდა ყველის ფასი [+2.8%], შემდეგ მოდის საფუარი [+2.2%] და ფქვილი [+1.9%], ხოლო რძის ფასი მხოლოდ უმნიშვნელოდ გაიზარდა [+0.1%].
კარაქის ფასი 4.4%-ით შემცირდა, კვერცხის – 1.9%-ით. კარაქის ფასის მნიშვნელოვანი ვარდნის მიუხედავად, სხვა ძირითადი ინგრედიენტების – განსაკუთრებით კი ყველის, რომელსაც ხაჭაპურის ხარჯებში შედარებით მაღალი წილი უჭირავს – ფასების ზრდამ გადაფარა ეს კლება და თვიურ ჭრილში ხაჭაპურის ინდექსის 1.6%-იანი ზრდა განაპირობა.
წლიურ ჭრილში კი, ინგრედიენტების უმეტესობის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყველის ფასები 18.1%-ით გაიზარდა, კვერცხი [+16.7%], ფქვილი [+11.9%], კარაქი [+6.1%] და საფუარი [+3.9%]. რძის ფასი წლიურად 2.0%-ით შემცირდა.
„2026 წლის თებერვალში დაფიქსირებული ზომიერი ყოველთვიური ზრდის მიუხედავად, ძირითადი ინგრედიენტების ფასების ძლიერი წლიური ზრდა ფასებზე მუდმივ ზეწოლაზე მიუთითებს. რძის ფასები, სავარაუდოდ, მომდევნო თვეებში სეზონურ კლების ტენდენციას მიჰყვება. გასათვალისწინებელია აღდომის ეფექტიც – 23 თებერვალს დაიწყო დიდი მარხვა – რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა რძისა და რძის პროდუქტების ფასები კიდევ უფრო შემცირდეს, რადგან ყველსა და სხვა რძის პროდუქტებზე მოთხოვნა, როგორც წესი, ამ პერიოდში მცირდება,“ – აღნიშნულია ISET-ის ახალ შეფასებაში.
ირაკლი კობახიძის განკარგულებით, 2025 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობს კომისია სურსათის ფასებზე. ქვეყანაში არსებულ მაღალ ფასებზე პირველად ირაკლი კობახიძემ 24 დეკემბერს განაცხადა. ირაკლი კობახიძემ მაღაზიებში სურსათზე ფასების ზრდა სუპერმარკეტებისა და დისტრიბუტორების ქსელებს გადააბრალა. ამის შემდეგ პარლამენტმა შექმნა კომისია ამ საკითხის შესასწავლად, ხოლო სუს-მა მოკვლევა დაიწყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში, წლიურად, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასი 9.5 %-ით გაიზარდა.
ამ თემაზე:
სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა – საქსტატის ახალი მონაცემები






