მთავარი,სიახლეები

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა – საქსტატის ახალი მონაცემები

04.03.2026
სურსათი თებერვალში წლიურად  9.5 %-ით გაძვირდა – საქსტატის ახალი მონაცემები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში, წლიურად, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასი 9.5 %-ით გაიზარდა.

ჯგუფში – „სურსათი და უალკოჰოლო სასმელები“ ფასები გაიზარდა 9.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.2 პროცენტული პუნქტით აისახა.

„ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული [23.1 %], პური და პურპროდუქტები [13.8 %], ხილი და ყურძენი [13.3 %], ბოსტნეული და ბაღჩეული [10.2 %], ხორცი და ხორცის პროდუქტები [9.6 %], შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 9.4 %], ზეთი და ცხიმი [7.1 %), ყავა, ჩაი და კაკაო [5.9 %], მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები [5.3 %], რძე, ყველი და კვერცხი [5.3 %]“ – წერს საქსტატი. 

ამავე მონაცემების მიხედვით, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასი მცირედით – 0.3 %-ით გაიაფდა 2026 წლის თებერვალში 2026 წლის იანვართან შედარებით.

ინფლაციის დონე 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით ჯამურად არის 4.6%-ია.

სტატისტიკის სამსახურის თებერვლის მონაცემებით, რომელიც დღეს, 4 მარტს გამოქვეყნდა, ჯანმრთელობის დაცვა 5.9 %-ით გაძვირდა.  ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა [8.1 %] ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება [5.6 %], საავადმყოფოების მომსახურება [1.7 %].

ამავე დროს, გასულ თვესთან, 2026 წლის იანვართან შედარებით, თებერვალში, საქსტატის ცნობით:

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.18 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებასა (5.5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.2 პროცენტი);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რაც 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (17.9 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (0.8 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-3.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-2.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-0.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.5 პროცენტი).

ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (4.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.1 პროცენტი), თევზეული (1.9 პროცენტი), ხილი და ყურძენი (1.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.6 პროცენტი).

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: