„ეს მიუთითებს ადამიანის უფლებების მზარდ კრიზისზე, სადაც საკანონმდებლო კლიმატი კიდევ უფრო მკაცრი ხდება…
როდესაც ვსაუბრობთ აღქმების საკითხზე, ეს უფრო მეტად აჩენს რისკს იმისა, რომ ამის მიზანი არის რეალურად გამოხატვის თავისუფლების სისხლისსამართლებრივი რეგულირება, რომ აი, განსხვავებულ აზრს ეშინოდეს იმისა, რომ ამ აზრის გამოხატვის შემდეგ მასზე შეიძლება სისხლის სამართლის რეპრესია განხორციელდეს,“ – მიიჩნევს თამარ ონიანი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი.
მას „ქართული ოცნების“ მორიგ რეპრესიულ კანონზე ვესაუბრეთ, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი პირი შეიძლება დააპატიმრონ, თუ მისი კონკრეტული ქმედება მიმართულია „კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ“.
- ქალბატონო თამარ, რა ეტაპზე გადადის ბრძოლა საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად, როცა „ოცნება“ ცდილობს დაპატიმრებით შეაშინოს ყველა, ვინც არ აღიარებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციას? ფეისბუქგვერდზე დღეს წერდით, რომ „ძალადობრივი კანონშემოქმედების მიზანი წარსულშიც და ახლაც სამოქალაქო ცხოვრებიდან აქტიური ადამიანების განდევნაა და პირდაპირი მნიშვნელობით დევნაც ემატება“.
ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სისხლის სამართლის კოდექსში ინიციირებულ ცვლილებებს ექსტრემიზმთან მიმართებით, ჩვენ გავაკეთეთ შეფასება.
ეს საკითხი არის პრობლემური. რეალურად, სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები მოწესრიგებულია და მთელი თავი ეთმობა ამას კოდექსში. ეს იცავს კონსტიტუციურ წყობილებას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების და ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლებს. რეალურად ეს ნორმები ფარავს ისეთ ქმედებებს, როგორიცაა, მაგალითად, კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი შეცვლა, სახელმწიფო გადატრიალება, აჯანყება, ხელისუფლების მიტაცება, ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდება და ასე შემდეგ. ამრიგად, ეს საკითხები, რაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ძალადობრივ და ორგანიზებულ საფრთხეებს მიემართება, ისედაც დარეგულირებულია.
რეალურად, ამ ცვლილებებით შემოთავაზებული მუხლს, რომელიც არეგულირებს ხელისუფლების არაღიარებას, არალეგიტიმურობის აღქმის დამკვიდრებას ან მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ სისტემურ მოწოდებასთან დაკავშირებულ ქმედებებს, ისეთი ნორმატიული შინაარსი აქვს, რომ ეს აჩენს, ჩვენი შეფასებით, ნორმატიული დუბლირების საფრთხეს. ნორმატიული დუბლირება კი, ყველა ასეთ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ ეს სისხლისსამართლებრივი რეპრესიის გაფართოების რისკია.
თუ ხსენებული ქმედებები შეიცავს ძალადობის რეალურ და უშუალო, კონკრეტულ საფრთხეს, ეს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უკვე რეგულირებულია სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე თავით და თუ ეს ქმედებები არ შეიცავს ძალადობის რეალურ, უშუალო და კონკრეტულ საფრთხეს, გამოდის, რომ მათი კრიმინალიზაცია რეალურად სცდება სახელმწიფო უსაფრთხოების კლასიკურ დაცვას და გადადის უკვე პოლიტიკური გამოხატვის რეგულირების სფეროში.
ანუ გვაქვს რეალობა, როდესაც პოლიტიკური გამოხატვისთვის, ანუ სიტყვის თავისუფლებისთვის, თუკი ის არ აჩენს ძალადობის რეალურ, უშუალო და კონკრეტულ საფრთხეს – რაც რეგულირებულია უკვე ისედაც სისხლის სამართლის კოდექსში – ადამიანები სისხლის სამართლის წესით დაისჯებიან და ეს არის გამოხატვის თავისუფლებაში, ამ ფუნდამენტურ უფლებაში ისეთი ჩარევა, რომელიც ამ კონსტიტუციურ თანაზომიერების პრინციპს, რა თქმა უნდა, ვერ გადის.
- როცა საუბარია „არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებაზე“ და ეს უნდა მიემართებოდეს კანონმდებლობის მასობრივ დარღვევას, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებას… რამდენად მკაფიოა ახალი მუხლის ჩანაწერი?
თქვენს შეკითხვაზე ერთადერთი პასუხი მაქვს მხოლოდ და მხოლოდ: ამ ნორმის გარკვეული ასპექტები არის ბუნდოვანი.
ზოგადად, რეპრესიული კანონმდებლობისთვის დამახასიათებელი მთავარი ნიშანი არის ბუნდოვანება.
ბუნდოვანება არის განსაკუთრებით პრობლემური სისხლისსამართლებრივი ნორმებისთვის, როდესაც ადამიანმა რეალურად არ იცის, მისთვის საკმარისი სიცხადით შეცნობადი არ არის, რა ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ გაიგოს მისი ქმედება სისხლის სამართალს დაექვემდებარება თუ არა. ყველა კანონმორჩილი მოქალაქის ინტერესია ის, რომ არ გახდეს სისხლისსამართლებრივი მექანიზმების სამიზნე.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ძალადობრივ კანონშემოქმედებაზე, აქ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ამ ნორმების მიერ თანაზომიერების პრინციპის დარღვევაზე, ან ნორმების დუბლირებაზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ ამ ნორმების განუჭვრეტელობაზე. მათ შორის, ინიციირებული ცვლილებები პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონმდებლობაში, რაზეც ასევე გვქონდა შეფასება, გარკვეული ბუნდოვანებით ხასიათდება და ეს აჩენს საბოლოო ჯამში დასკვნას, რომ ბუნდოვანება რეპრესიული კანონშემოქმედების ერთ-ერთი მთავარი ნიშანია.
სისხლის სამართლის კოდექსს უკვე დაცული აქვს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.
როდესაც ვსაუბრობთ აღქმების საკითხზე, ეს უფრო მეტად აჩენს რისკს იმისა, რომ ამის მიზანი არის რეალურად გამოხატვის თავისუფლების სისხლისსამართლებრივი რეგულირება, რომ აი, განსხვავებულ აზრს ეშინოდეს იმისა, რომ ამ აზრის გამოხატვის შემდეგ მასზე შეიძლება სისხლის სამართლის რეპრესია განხორციელდეს.
გამოხატვის თავისუფლების მთელი შინაარსობრივი კომპონენტი ნიშნავს იმას, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს როგორც სიტყვის თავისუფლება, ასევე თავისუფლება ამ სიტყვის თქმის შემდეგ, თუ ეს არ შეიცავს ძალადობის აშკარა, კონკრეტულ საფრთხეს. ეს არის ტესტი, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ინტეგრირებული; ეს არის ტესტი, რომელიც ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციურ წესრიგში, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული უფლებების ნაწილში მოიაზრება.
არ შეიძლება გამოხატვის თავისუფლების კრიმინალიზება, თუ ის არ გულისხმობს კონკრეტულ, უშუალო საფრთხეს.
- რასთან გვაქვს საქმე პრაქტიკულად, როცა ხელისუფლების ლეგიტიმურობა მყარდება სისხლისსამართლებრივი მექანიზმებით?
რეალურად ეს არის მცდელობა, რომ ხელისუფლების ლეგიტიმურობის დაცვის მიზნით სისხლის სამართლის მექანიზმები იყოს გამოყენებული, რაც ჩვენი შეფასებით, კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების კრიზისზე.
არცერთ საკანონმდებლო ინიციატივას ჩვენ არ განვიხილავთ იზოლირებულად. ყველა ეს ინიციატივა, ყველა ეს ცვლილება მოქმედებს უკვე არსებულ შემზღუდველ საკანონმდებლო მარეგულირებელ კლიმატში, რომელშიც ვართ. ეს კლიმატი არის საკმაოდ მკაცრი უკვე, ეს კლიმატი არის საკმაოდ განუჭვრეტელი ბუნების, ეს კლიმატი არის რეპრესიული, მაგალითად, ვხედავთ, რომ ადამიანებს ტროტუარზე დგომისთვის აპატიმრებენ.
ამიტომაც, არცერთი საკანონმდებლო ცვლილება იზოლირებულად ვერ იქნება განხილული არსებული ადამიანის უფლებების კრიზისიდან. ეს მიუთითებს ადამიანის უფლებების მზარდ კრიზისზე, სადაც საკანონმდებლო კლიმატი კიდევ უფრო მკაცრი ხდება.
ჩვენი შეფასებით, რეალურად ეს ცვლილებები საფრთხეს უქმნის დემოკრატიული პლურალიზმის საყრდენებს ქვეყანაში. ეს საყრდენები, რა თქმა უნდა, უპირველესად გადის თავისუფალ აზრზე, ვინაიდან ოპოზიციური აზრის და კრიტიკის დევნა რეალურად არღვევს თავისუფალ საზოგადოებრივ დისკურსს და ასეთი დროს, რა თქმა უნდა, დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპები ფუნქციური ვეღარ არის. როდესაც ეს საყრდენები იშლება, ეს არის საგანგაშო.
- რა გამოსავალი არსებობს ამ დროს, უკვე ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ მოქალაქისთვის, რომელიც თვლის, რომ ძალაუფლების მიტაცებას არ უნდა შეეგუოს და მის თვალში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არალეგიტიმურია?
ზოგადად ვერცერთი უფლება ვერ იქნება გარანტირებული, თუ მას არ ახლავს უფლების დაცვის საშუალება.
ნებისმიერი ადამიანისთვის უპირველესი დაცვის გარანტია უნდა იყოს თავისი უფლებებისთვის არსებობდეს უფლების დაცვის მექანიზმი… თუ ვინმე ჩათვლის, ან იქნება მსხვერპლი ასეთი საკანონმდებლო რეგულირების, რა თქმა უნდა, მას მოუწევს, რომ სცადოს სამართლის პოვნა ჯერ ადგილობრივ მექანიზმებში და თუ ამას ვერ შეძლებს, შემდეგ უკვე საერთაშორისო მექანიზმებით ისარგებლოს, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ისე გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების სახით.
ამ თემაზე:






