„ქართული ოცნების“ მცდელობა, ხელისუფლების ლეგიტიმურობის დაცვის მიზნით გამოიყენოს სისხლის სამართლის მექანიზმები, კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებების კრიზისზე… აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ქმნის რისკს, რომ სისხლის სამართალი გამოყენებული იქნება არა კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად, არამედ ოპოზიციური აზრის დევნისა და მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური ლეგიტიმაციის გასამყარებლად, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული რესპუბლიკის ფუნდამენტურ პრინციპებს,“- აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ექსტრემიზმთან“ დაკავშირებით ინიციირებული ცვლილებების შესახებ საიამ შეფასების დოკუმენტი მოამზადა. შეფასების დოკუმენტი „ქართული ოცნების“ მიერ 2026 წლის 21 იანვარს ინიციირებულ კანონპროექტს ეხება.
- სიხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი შინარსის მქონე მუხლი 316¹ – „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ,“ რაც გულისხმობს საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯაროდ მოწოდებას, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად წარმოჩენას, ან ამავე პირის მიერ ჩადენილ სხვა სისტემატურ მოქმედებას, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე აღნიშნული ქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შექმნის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.
„შემოთავაზებული ახალი მუხლი კი, რომელიც ხელისუფლების არაღიარებასთან, არალეგიტიმურობის აღქმის დამკვიდრებასთან ან მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ სისტემატურ მოწოდებასთან დაკავშირებული ქმედებების კრიმინალიზებას ახდენს, აჩენს ნორმატიული დუბლირების და სისხლისსამართლებრივი რეპრესიის გაფართოების რისკს.
თუ ხსენებული ქმედებები არ შეიცავს ძალადობის რეალურ, უშუალო და კონკრეტულ საფრთხეს, მათი კრიმინალიზაცია სცდება სახელმწიფოს უსაფრთხოების კლასიკურ დაცვას და გადადის პოლიტიკური გამოხატვის რეგულირების სფეროში.
- განსაკუთრებით პრობლემურია ისეთი შეფასებითი და ფართო კატეგორიების მითითება, როგორებიცაა „არალეგიტიმურობის აღქმის დამკვიდრება“ ან „სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება“, რადგან ისინი არ აკმაყოფილებს სამართლებრივი განსაზღვრულობის მოთხოვნას. სისხლის სამართლის ნორმა უნდა იყოს მკაფიო, პროგნოზირებადი და ვიწროდ განსაზღვრული, რათა არ შეიქმნას მისი შერჩევითი ან პოლიტიკურად მოტივირებული გამოყენების საფრთხე.
ისეთი ცნებები, როგორებიცაა „ინტერესების დაზიანება“, „არალეგიტიმურობა“ ან „სისტემატური მოქმედება“, სამართლებრივად ღია ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობის მქონე ფორმულირებები მეტად არის დამახასიათებელი საბჭოთა სამართლის მოდელისთვის.
ამასთანავე, პოსტსაბჭოთა პრაქტიკაში პოლიტიკური ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ხშირად აღიქმებოდა, როგორც „ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“, – აღნიშნულია საიას შეფასებაში.
საია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ხელისუფლების არაღიარება ან მისი ლეგიტიმაციის საჯაროდ ეჭვქვეშ დაყენება დემოკრატიულ სახელმწიფოებში პოლიტიკური დისკურსის ნაწილია და გამოხატვის თავისუფლებით არის დაცული, ვიდრე იგი არ გადაიზრდება ძალადობრივ, ან კონსტიტუციური წყობილების ძალისმიერი დამხობისკენ მიმართულ ქმედებაში.
„არსებული სისხლის სამართლის მექანიზმები უკვე უზრუნველყოფს რეალურ საფრთხეებზე სამართლებრივ რეაგირებას. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა. დემოკრატიულ რესპუბლიკაში კი სახელმწიფოს ლეგიტიმურობა ვერ დამყარდება სისხლის სამართლის მექანიზმებით – იგი უნდა ეფუძნებოდეს კონსტიტუციურ წესრიგს, არჩევნებსა და საზოგადოების ნდობას.
არაღიარების კრიმინალიზაცია ქმნის საფრთხეს, რომ პოლიტიკურმა დისკურსმა და ოპოზიციურმა აქტივობამ გადაინაცვლოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სფეროში, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპს – პლურალიზმს,“ – ვკითხულობთ საიას შეფასებაში.






