მთავარი,სიახლეები

რა კავშირშია სულხან თამაზაშვილი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან

22.02.2026
რა კავშირშია სულხან თამაზაშვილი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან

აჭარის „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის სახელი მედიაში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან კავშირში გაჟღერდა.

22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წელს მოკლეს თბილისში. ამ დროს სულხან თამაზაშვილი თბილისის პოლიციის უფროსი იყო.

ახალგაზრდა კაცის მკვლელობიდან ერთ თვეში დააკავეს ორი პირი, რომელთაც უკვე პატიმრობა აქვთ მისჯილი, მაგრამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე 2026 წლის თებერვალში ისევ აქტუალური გახდა და საქმეში გამოჩნდა მოწმე, რომელიც ამბობს, რომ მაშინდელი თბილისის პოლიციის უფროსი, სულხან თამაზაშვილი იმ მაღალჩინოსნებს შორის იყო, რომელთაც მოისმინეს ნიკო კვარაცხელიას მკვლელის აღიარებითი ჩვენება, რომელშიც დასახელებული იყო მკვლელობის დამკვეთიც, თუმცა საქმეში მკვლელობის დამკვეთების ვინაობა მიჩქმალეს.

  • ვინ არის მოწმე, რომელიც თამაზაშვილს ასახელებს

მოწმე, რომელმაც სულხან თამაზაშვილი დაასახელა, როგორც პირი, რომელსაც ინფორმაცია ჰქონდა, თუ ვინ იყო ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთი, ყოფილი პოლიციელი,  წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, დიმიტრი ქვაჭრელიშვილია.

სწორედ დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა დააკავა 2021 წელს აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე, რომლებსაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის 17 და 16 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი.

დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ამჟამად პატიმარია. იგი 2024 წელს დააკავეს უფლებამოსილების გადამეტებისა და ქრთამის აღების ბრალდებით და 15-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ამჟამად მისი საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს.

ნიკო კვარაცხელიას საქმე მისი მკვლელობიდან 5 წლის შემდეგ, 2026 წლის თებერვალში ისევ გააქტიურდა. კერძოდ, პროკურატურამ განაცხადა, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემკვეთები ე.წ. კანონიერი ქურდის შვილები, ძმები კაკულიები და ბუსა ჟვანია [ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას შვილი] იყვნენ.

პროკურატურის ამ განცხადების შემდეგ დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა თქვა, რომ მზად იყო, გამოძიებისთვის მიეწოდებინა მის ხელთ არსებული ინფორმაცია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე.

  • რას ჰყვება წყნეთის ყოფილი პოლიციის უფროსი 

დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა 19 თებერვალს მისცა ჩვენება. 21 თებერვალს ტელეკომპანიებმა: „ფორმულამ“ და „პირველმა“ მოამზადეს ვრცელი სიუჟეტები ამ ჩვენების შესახებ.

ამ სიუჟეტების თანახმად, ყოფილმა პოლიციელი გამოძიებას დეტალურად უამბო, რა ხდებოდა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების, აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის დაკავების ღამეს წყნეთის პოლიციის განყოფილებაში, 2021 წელს.

კერძოდ, დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა „ტვ პირველს“ უთხრა, რომ როგორც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჰყვება, მკვლელობაში ბრალდებულების, ჭელიძისა და კავილაძის დაკავების დროს პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ და ბრალდებულების აღიარებითი ჩვენება პირადად მოისმინეს: სულხან თამაზაშვილმა – თბილისის პოლიციის მაშინდელმა უფროსმა; კახა მურადაშვილმა – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ; კახაბერ სირაძემ – თბილისის მკვლელობების მთავარი სამმართველოს უფროსმა და გელა ქურდაძემ – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს უფროსმა.

ადვოკატის თქმით, ქვაჭრელიშვილს, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებმა, დაკავების ღამეს, წყნეთის პოლიციაში, სამართალდამცავებს დეტალურად უთხრეს, რატომ მოკლეს ნიკო კვარაცხელია, სად იმალებოდნენ, რა იყო მათი ფინანსური სარგებელი და ა.შ. ადვოკატის თქმით, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ მის მიერ დაკავებულმა აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ თავიდანვე დაასახელეს ძმები კაკულიები და ბუსა ჟვანია და ეს მოისმინა სულხან თამაზაშვილმაც და მეტიც, მან აღიარებითი ჩვენების ვიდეოც გადაიღო. 

ასევე, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სულხან თამაზაშვილმა დაკავებულების აღიარებითი ჩვენება მოისმინა, ის სატელეფონო კავშირზე იყო ვინმე „ანზორიჩთან“.

ყოფილი პოლიციელი ვერ აკონკრეტებს „ანზორიჩის“ ვინაობას, თუმცა „შაბათის ფორმულა“ ვარაუდობს, რომ შესაძლოა საუბარია „ოცნების“ ყოფილ მთავარ პროკურორზე, ოთარ ფარცხალაძეზე, რომელსაც ამჟამად ეძებენ.

თუ ყოფილი პოლიციელის ჩვენება დადასტურდება, ეს ნიშნავს, რომ სულხან თამაზაშვილი ჯერ კიდევ 5 წლის წინ იყო ინფორმირებული, ვინ იყვნენ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთები და ეს მიჩქმალა, პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად. 

  • რა უპასუხა სულხან თამაზაშვილმა ბრალდებას 

21 თებერვალს, მას შემდეგ, რაც ქვაჭრელიშვილის ჩვენების შესახებ სიუჟეტების ანონსები ეთერში გავიდა, სხვა დროს სიტყვაძუნწმა სულხან თამაზაშვილმა საკმაოდ ვრცელი კომენტარი მისცა ჟურნალისტებს ამ თემაზე.

თამაზაშვილი კატეგორიულად უარყოფს, რომ კავშირი ჰქონდა ფარცხალაძესთან, ამბობს, რომ მას საერთოდ არ იცნობს, ხოლო წყნეთის პოლიციის ყოფილ უფროსს ცრუ მოწმეს უწოდებს. იგი მიიჩნევს, რომ „საკითხი ამოწურულია“.

„ჩვენებაში არის საუბარი, მე ვესაუბრე ოთარ ფარცხალაძეს. სრული პასუხისმგებლობით მინდა დავაფიქსირო, რომ მე ამ ადამიანს არ ვიცნობ, მეტიც, არასდროს არ შევხვედრივარ, არასდროს მქონია კომუნიკაცია ცხოვრებაში, არც სატელეფონო და არც პირადი.

ასევე, ზოგადად ამ მოვლენის მიმართ ჩვენების და მისი ავტორის, ეგრეთ წოდებულ ცრუ მოწმის მიმართ მაქვს ამბივალენტური დამოკიდებულება. მე მახსოვს ეს ადამიანი, იყო მართლაც წყნეთის პოლიციის უფროსი. ის, სამწუხაროდ, დააკავეს ქრთამის აღებისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. ერთი მხრივ, მის მიმართ მხოლოდ სიბრალულის ემოცია მაქვს, ხოლო მეორე მხრივ, ეს ცრუ ჩვენება გარდაცვლილის დედის მდგომარეობას ალბათ უფრო დაამძიმებდა, რასაც რეალურად განვიცდი.

შევეხები ზოგადად ამ სისხლის სამართლის საქმეს. კარგად მახსოვს, რა თქმა უნდა, ძალიან შემზარავი და მძიმე ფაქტი იყო, თუმცა დანაშაული მყისიერად გაიხსნა, დანაშაულის ჩადენის დღეს, იმ დღესვე დანაშაულის ჩამდენი პირები იყვნენ იდენტიფიცირებულები. მოგვიანებით, დაახლოებით ორი დღის შემდეგ ისინი მიეცნენ პასუხისგებაში და დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ისინი უკვე ძებნის სტატუსით იქნენ დაკავებულები.

მათმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დუმილის უფლება გამოაყენებინა, შესაბამისად გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს, თუმცა გამოძიება აქტიურად მუშაობდა დანაშაულის ორგანიზატორების გამოვლენის და მხილების მიზნით და საკმარისი, შესაბამისი მტკიცებულებები შექმნილი იყო იმ ეტაპზეც.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ ის პირები, ვისაც წარედგინათ ბრალი ამ დანაშაულის ჩადენის ორგანიზებისთვის [გულისხმობს ძმებ კაკულიებს], დაკავებული იყო სწორედ ჩემი ხელმძღვანელობის, ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელობის პერიოდში, სხვა დანაშაულის ჩადენისთვის. მკვლელობიდან დაახლოებით 7-8 თვის შემდეგ.

აქედან გამომდინარე, აქ დანაშაულის „ჩაფარცხვაზე“ და რაღაც „დახმარებაზე“ ლაპარაკი მე მგონი არასერიოზულია და ეს საკითხი მე ვთვლი, რომ ამოწურულია“, – თქვა სულხან თამაზაშვილმა.

  • რას ამბობს საქმის პროკურორი 

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორი, გია შაიშმელაშვილი „შაბათის ფორმულასთან“ ამბობს, რომ ბუსა ჟვანიას შესახებ ჩანაწერები საქმეში ჯერ კიდევ 5 წლის წინ იყო, თუმცა საქმისთვის კლასიფიკაციის მიცემას – შეკვეთილი განზრახ მკვლელობა, დრო დასჭირდა.

მისივე თქმით, ბუსა ჟვანიას, რომელზეც ძებნა გამოცხადდა, ოფიციალურად საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთია.

პროკურორის განმარტებით, ჟვანიაზეა ჯერ შიდა ძებნაა გამოცხადებული, ხოლო თუ დარწმუნდებიან, რომ უცხოეთში იმყოფება, საერთაშორისო ძებნასაც გამოაცხადებენ.

„ჩვენი ინფორმაციით, მას საქართველოს საზღვარი დატოვებული არ აქვს, მაგრამ ყველა მიმართულებით მიმდინარეობს ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები მისი ადგილსამყოფლის დადგენის თაობაზე.

მას შემდეგ… თუ გამოიკვეთება, რომ იგი არ იმყოფება საქართველოში და მიმალულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თაობაზე”, – აცხადებს პროკურორი.

ბუსა ჟვანიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს 18 თებერვალს.

რაც შეეხება ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ კაკულიებს – ისინი სხვა დანაშაულის გამო პატიმრობაში არიან, მათ 9 წელი აქვთ მისჯილი. ძმები კაკულიები ნიკო კვარაცხელიას საქმეზე წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან.

  • რატომ განახლდა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე 5 წლის შემდეგ 

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გააქტიურდა 2026 წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც მოკლული ახალგაზრდის დედამ, იზა ომაძემ, საჯაროდ განაცხადა, რომ ქუჩაში გამოდის სამართლის საძიებლად, რადგან მისი შვილის მკვლელობის ორგანიზატორები არ არიან დაკავებული.

მოკლული ახალგაზრდის დედის განცხადებიდან რამდენიმე დღეში პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალი წარუდგინა ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს და ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა საქართველოში. ნიკო კვარაცხელია იყო 22 წლის ტექნოლოგიური მეწარმე, პირველი ქართული სოციალური პლატფორმის, Feedc-ის დამფუძნებელი. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ ტექნოლოგიების სფეროში.

მკვლელობა მოხდა 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე. ნიკო კვარაცხელიას საკუთარ ავტომობილთან ახლოს, დაახლოებით 10-ჯერ ესროლეს. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანდა, როგორ ელოდებოდა მკვლელი მსხვერპლს და როგორ დაცხრილა ის დღისით, ხალხმრავალ ადგილას. ნიკო კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: