მთავარი,სიახლეები

TI: ბესიკ ბიწაძემ, თემურ ჟღენტმა და ნიკოლოზ თევზაძემ „ოცნებას“ მარტში 150 000 ლარი შესწირეს

25.05.2026
TI: ბესიკ ბიწაძემ, თემურ ჟღენტმა და ნიკოლოზ თევზაძემ „ოცნებას“ მარტში 150 000 ლარი შესწირეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-მარტში „ქართულ ოცნებას“ 73-მა შემომწირველმა 2.6 მილიონი ლარი გადაურიცხა.

შემომწირველებთან დაკავშირებულმა 37-მა კომპანიამ 2015 წლიდან დღემდე 521 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს, აგრეთვე 49.7 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვები, 4 მილიონი ლარის აგროსუბსიდია, 169 ათასი კვ.მ-ის სამშენებლო ნებართვა და წიაღისეულის მოპოვების 12 ლიცენზია მიიღეს.

მაგალითად, სამშენებლო-დეველოპერულ კომპანია „ალიანს ჯგუფთან“ დაკავშირებულმა პირებმა – ბესიკ ჟღენტმა, თემურ ბიწაძემ და ნიკოლოზ თევზაძემ, 2026 წლის 26-30 მარტს „ქართულ ოცნებას“ ჯამში 150,000 ლარი შესწირეს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ჯგუფს ჯამურად პარტიისთვის 913 000 ლარი აქვს გადარიცხული.

ასევე, „გამჭვირვალობის“ ცნობით, შემომწირველებთან დაკავშირებულ კომპანიებს  მიღებული აქვთ:

2024 წელს შპს „ალიანს ლისს“ ლისის ტბის მიმდებარედ 27,431 კვ.მ-ის სამშენებლო ნებართვა;

2021-2023 წლებში შპს „გონიო 2020“-ის მიერ ქობულეთში 21 ათასი კვ.მ სახელმწიფო მიწის პრივატიზაციით შესყიდვა უკონკურენტო აუქციონებზე;

2021 წელს აჭარის მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, 600 კვ.მ ნაკვეთი გონიოში და 2022 წელს შპს „ჯეობლუბერის“ – 1 მილიონი ლარის აგროსუბსიდია.

„გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“ სხვა შემწირველებიც ჰყავს.

მაგალითად, 2026 წლის 10 თებერვალს, პარტიას 60 000 ლარი შესწირა (ჯამში შეწირული აქვს 416,000 ლარი) რომან აბრამიშვილმა. მისმა კომპანიამ, შპს „გ&კ ტექნოლოგმა“ 2015 წლიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და შპს „საქართველოს მელიორაციისგან“ 58,2 მილიონი ლარის სახელმწიფო ტენდერები მოიგო (აქედან 14 მილიონი – 2025 წლის შემდეგ).

ამავე კომპანიამ 2020 წელს მარნეულში სახელმწიფოსგან პრივატიზაციით (ელექტრონული აუქციონი) 106 ათასი კვ.მ ფართობის ტერიტორია 674 ათას ლარად – კვ.მ 6.40 ლარად – შეიძინა.

აბრამიშვილის კომპანიები აგრეთვე ფლობენ ქვიშა-ხრეშის მოპოვების 10 ლიცენზიას. აბრამიშვილს 2012 წელს ნაციონალური მოძრაობისთვისაც აქვს შეწირული 7 000 ლარი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: