მთავარი,სიახლეები

„ომის დაწყებისას რუსეთს სატანკო რეზერვების 24 ბაზა ჰქონდა, ახლა აქვს 9“ – ინტერვიუ გენერალთან 

24.10.2025
„ომის დაწყებისას რუსეთს სატანკო რეზერვების 24 ბაზა ჰქონდა, ახლა აქვს 9“ – ინტერვიუ გენერალთან 

„რუსეთი უკვე მისულია კულმინაციის წერტილში, მას ძალიან უჭირს შეტევის გაგრძელება,“ – ფრონტის ხაზს ისევ აქტიურად აკვირდება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, რუსეთი წარმატებას ვერ აღწევს, მაგრამ გაჩერებაც არ სურს, იქნებ, დასავლეთს დასტყუო რამეო.

„რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს რაღაც გადაინახოს და უბრალოდ ადამიანური რესურსი გამოიყენოს, ასევე მოტოციკლეტები, მაგრამ უკვე იწყება წვიმების სეზონი, ასე გადაადგილება ძალიან გართულდება. რუსეთი ამჯერად ცდილობს შექმნას გარკვეული პლაცდარმი და მოემზადოს გაზაფხული-ზაფხულისთვის…,“ – გვეუბნება გადამდგარი გენერალი და იმ სამხედრო ტექნიკის მონაცემებს აღწერს, რომელსაც მალე მიიღებს უკრაინა. ამ ტექნიკის გამოყენება უკრაინელებს რუსეთის სიღრმეშიც შეეძლებათ.

„ტაურუსიც“ თუ მიიღო უკრაინამ, რაზეც გერმანია უკვე აქტიურად საუბრობს, 500 კილომეტრამდე არტყამს…ეს საშუალებები ძალიან ეფექტურია არსებულ აეროდრომებზე და თვითმფრინავების განლაგებაზე დარტყმისათვის. რუსული სამხედრო-საჰაერო ძალების ძირითადი პარკის ტაქტიკური ფრენის რადიუსი [ანუ გაფრენა და დაბრუნება] დაახლოებით 600 კმ-ია, ვერტმფრენებისთვის – 450 კმ. დასავლური სისტემების მიწვდომის რადიუსშია ფაქტობრივად რუსეთის 10-მდე რეგიონი, სადაც 250 მნიშვნელოვანი სამხედრო სამიზნეა,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალთან, ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ბოლო მონაცემებით, რა ხდება ფრონტის ხაზზე, რა იცვლება?

ცვლილებები არის მცირე, ტაქტიკური, საერთო ოპერატიული სურათი კი, არ იცვლება.

მოგეხსენებათ, არ არის ეს ერთიანი ფრონტი და რამდენიმე საოპერაციო თეატრია: არსებობს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის მიმართულება, ცენტრალური და სამხრეთ-დასავლეთი. აი, ამ საოპერაციო თეატრებში ვითარება არის განსხვავებული. სამხრეთში, იგივე ხერსონი-ზაპოროჟიეს მიმართულებაზე შედარებით სიწყნარეა, თუმცა რუსები ცდილობენ დაიკავონ დნეპრის კუნძულები. ეს ხდება სპეცდანიშნულების, გარკვეული მოიერიშე ჯგუფების საშუალებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ ამის აღმოჩენა და ბომბავენ წყალში გადაადგილების დროს.

გარკვეულ კუნძულებზე აღწევენ რუსები, რაც უმნიშვნელოა და არ ცვლის არსებულ სურათს.

ხერსონის მარჯვენა სანაპირო, სადაც ქალაქი ხერსონია და რომელიც უკრაინელების მიერაა კონტროლირებადი, არის ფლატე. მისი ფორსირება ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს. დღესდღეობით უკვე რუსებს არ გააჩნიათ არც საშუალება და არც ძალები – შესაბამისად, არც სურვილი, როგორც ჩანს, რომ ეს განახორციელონ, ვინაიდან მარჯვენა ნაპირის სიმაღლიდან უკრაინელები ძალიან კარგად აკონტროლებენ მისასვლელებს.

დაახლოებით იგივე სურათია ზაპოროჟიეს რაიონის მიმართულებაზეც, თუმცა კახოვკის დამშრალი წყალსაცავზე – ახლა უკვე მდინარე გაედინება – რუსებს ჰქონდათ იერიშის მცდელობა.

რაც შეეხება კურსკს – აქ რამდენიმე მცირე ტერიტორიას ისევ იკავებენ უკრაინელები და აღარ არის დიდი აქტიურობა. რუსებმა ძირითადი ძალები აქედან მოხსნეს, ეს ეხება საზღვაო ქვეითებს და გადაისროლეს ცენტრალურ მიმართულებაზე, სადაც ჯერ კიდევ ძალიან აქტიურია კუპიანსკის მიმართულება. აქ ყოველ დღე-ღამეში 70-მდე შეტევის მცდელობაა. ამ მიმართულებაზე საკმაოდ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს – ქალაქ კუპიანსკში, თითქმის ცენტრში მიდის ბრძოლები.

თუ დავხედავთ რუკას, აქ მდინარე ოსკოლი ჰყოფს შუაზე ქალაქს და რუსები ცდილობენ ხიდის გაკონტროლებას. ამ შემთხვევაში ხიდის აღმოსავლეთ ნაპირზე, მარცხენა ნაპირზე მყოფი უკრაინელების დანაყოფები შეიძლება აღმოჩნდნენ ალყაში.

ამჟამად აი, ამ ხიდისთვის მიდის ბრძოლა.

მსგავსი ვითარებაა მდინარის ქვედა წელშიც – ოსკოლის წყალსაცავის მახლობლად არსებულ ხიდზე. აქ ორივე ნაპირზე არიან უკრაინელები. ამ ხიდის კონტროლიც უნდათ რუსებს.

რუსები აქტიურად მოქმედებენ სოფელ პოკროვსკოეს მიმართულებითაც. არის ქალაქი პოკროვსკი, რაზეც უკვე მოგახსენეთ და არის აგრეთვე დასახლებული პუნქტი პოკროვსკოე. ამ მიმართულებით ცდილობენ რუსები გაღწევას, იგივე შეტევას. მიმართულება არის ალექსეევკა-პოკროვსკოე. ამ სოფლამდე არის დაახლოებით 15 კილომეტრი და ამ სოფელზე გადის მნიშვნელოვანი გზატკეცილი. ამ გზით ხდება უშუალოდ პოკროვსკის მომარაგება, პოკროვკის შემდეგ კი უკვე დანარჩენი მიმართულებების მომარაგება. თუ სხვაგან რაღაც მეტრებით ახერხებენ რუსები წინ წაწევას, აქ შედარებით სწრაფად, ათეულობით მეტრებით ხდება დღე-ღამეში წინ წაწევა. რუსებმა მოახერხეს ამ მიმართულებაზე შეექმნათ, მნიშვნელოვანი უპირატესობა.

ამჟამად ბრძოლები მიმდინარეობს სოფელ ევგოროვკა, ვიშნოვოეს და ალექსეევკას საბოლოო დასაკავებლად, რათა შეტევის პლაცდარმი შეიქმნას. ეს საშუალებას მისცემს რუსებს გავიდნენ შედარებით დიდ ქალაქ პავლოგრადზე და იქიდან [თუკი მას აიღებენ, რაც ამ ტემპებით კითხვის ქვეშაა] უკვე მომავალ წელს შეეცდებიან დნეპროპეტროვსკზე განახორციელონ შეტევა.

აქ არის სტეპური რაიონი. თითქმის არავითარი სიმაღლე, ხეობა, ან ხევი აქ არ არის. შესაბამისად, თავდაცვის ორგანიზება რთულდება. თუმცა შეტევის ორგანიზებაც რუსებს უჭირთ – ღია ველზე უწევთ გადაადგილება.

  • რუსებმა გაააქტიურეს საჰაერო იერიშებიც, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა ტრამპი-პუტინის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ამჯერად უკრაინას რუსებმა ერთდროულად 405 უპილოტო საფრენი აპარატით და 28 რაკეტით შეუტიეს. პუტინს მაინც აქვს მოლოდინი, რომ უკრაინა წავა დათმობაზე? რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის წინაპირობად ისევ დონბასის რეგიონის სრულ კონტროლს ითხოვს.

აქ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – ზამთრის მოახლოება და რუსეთის მცდელობა, უკრაინაში შექმნას ენერგეტიკული პრობლემები, რათა ზამთარი პრობლემატური იყოს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

საჰაერო დარტყმები არ არის რაღაც განსაკუთრებული მოვლენა. გვინახავს 700 დრონით ერთდროულად თავდასხმაც. რა თქმა უნდა, გააქტიურებულია დარტყმები და ეს დარტყმები ხორციელდება სამოქალაქო ობიექტებზეც.

რუსეთი ამ გზით ცდილობს, აჩვენოს ტრამპს, რომ ჯერ კიდევ უპირატესობა და ინიციატივა რუსეთის ხელშია. მეორე მიზანია მოსახლეობის მორალური სტრესი, თუმცა რუსეთი ასე მოქმედებს 2022 წლიდან და ეს ახალი არ არის. რუსეთი ყოველი ზამთრის დადგომის წინ ემუქრება უკრაინას, რომ ჩააქრობს.

უკრაინამ მიიღო მნიშვნელოვანი დახმარება არაერთხელ ინდივიდუალური თუ კოლექტიური გენერატორების სახით. შესაბამისად, ამ კუთხით რუსები უკრაინელები მაინცადამაინც მნიშვნელოვან პრობლემას ვერ უქმნიან.

რაც უფრო აქტიურდებიან რუსები, აქტიურდება უკრაინული დარტყმებიც. ჩვენ ვნახეთ ამჯერად პლასტმასის ქარხნის აფეთქება ჩელიაბინსკიში. რუსები იძახიან, რომ თითქოს ეს შემთხვევაც დაუდევრობამ გამოიწვია და სავარაუდოდ ვიღაც სიგარეტს ეწეოდაო. ჩემი აზრით, ეს უფრო ჰგავს დივერსიას. რაც ვნახე ფოტოები, ჩემთვის ცხადია, რომ ასეთი ნგრევა არ შეეძლო არც დრონს და არც ბალისტიკური რაკეტის მოხვედრას გამოეწვია. ეს იყო აფეთქება ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ინახებოდა საბრძოლო, ასაფეთქებელი მასალა.

  • როგორ აისახება ამ ომზე რუსული, მსხვილი ნავთობკომპანიების სანქცირება? თანაც, ჩინეთმაც უარი თქვა რუსული ნავთობის შეძენაზე.

ჩინეთის რამდენიმე კომპანიამ თქვა უარი, რომელიც უშუალოდ თანამშრომლობდა რუსულ ნავთობკომპანიებთან.

ცხადია, ეს მნიშვნელოვანი დარტყმაა რუსებისთვის. პუტინმაც განაცხადა, რომ დიახ, ეს იქნება მძიმე, მაგრამ მნიშვნელოვნად არ აისახება ჯერჯერობით ეკონომიკაზეო, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, აისახება. ვიცით, რომ იგივე ნავთობობიექტებზე უკრაინელების მხრიდან დარტყმების შემდეგ რუსეთში საწვავზე რიგებია და ხელზე 20 ლიტრზე მეტს არ იძლევიან. გარკვეულ რეგიონებში ტალონებიც კი შემოიღეს.

ეს სანქციები მყისიერად ფრონტის ხაზზე არ აისახება, მაგრამ ძირითადი დაწოლა მოხდება სოციალურ სფეროზე.

  • რა ირკვევა მოსკოვის ოლქში მრავალბინიან სახლზე დარტყმის შესახებ? ცნობილია, რომ უკრაინა რუსეთში მხოლოდ სტრატეგიულ ობიექტებს ურტყამს. 

მე ვერ გეტყვით ზუსტად რა შეიძლება მომხდარიყო. შეიძლება, ელემენტარულად ჩამოაგდეს დრონი და დაეცა. უკრაინული დრონებიც არ არის მაღალი სიზუსტის.

ასევე, სრულად შესაძლებელია საზენიტო რაკეტა ჩამოვარდა და ა.შ.

შეიძლება, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებით ჩაახშვეს სიგნალი და ჩამოვარდა ეს დრონი – ესეც შესაძლებელია. ასე რომ, ეს დეტალები არ ვიცი და ვერ გეტყვით, რა მოხდა.

ფაქტია, რომ უკრაინელები საგანგებოდ არ ურტყამენ რუსეთში მოსახლეობას. აღნიშნულს, როცა რუსებისგან განსხვავებით სისტემური ხასიათი არ აქვს, შეიძლება გაყვანილ იქნას ე.წ. „თანმხვედრ ზარალში“. რაც დათესეს, იმას იმკიან რუსები.

  • რამდენად იცვლება ბოლო პერიოდში ტრამპის დამოკიდებულება რუსეთთან?

ზელენსკიმ უკვე თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის უკრაინა მზად არის დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას დღეს არსებულ ხაზზე, დანარჩენი მოლაპარაკების საკითხიაო, ასევე, გადაავადოს ნატო-ში გაწევრიანება. მოგეხსნებათ, მანამდე ზელენსკი ამბობდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხაზი გადიოდა უნდა გასულიყო 2014 წლის მდგომარეობაზე.

ნათელია, რომ უკრაინა თანახმაა აშშ-ს პირობებზე, რუსეთი – არა. რუსეთს ისევ გაურკვეველი მოთხოვნები აქვს, რომლის იმედი თვითონ რუსეთშიც არავის არ აქვს, მაგრამ ამას რუსეთი აკეთებს დროის გაყვანისთვის – რაღაც რომ გამოსტყუოს დასავლეთს.

ალბათ დადგა დრო, რუსეთი მიხვდეს, რომ პირიქით აღიზიანებს ამერიკას. პუტინი აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც ტრამპს წაართვა ნობელის პრემია. ტრამპმაც გააცნობიერა, რომ პუტინი ვირეშმაკობს. არ შეიძლება მოატყუო ყველა და ყოველთვის.

  • რამდენად შეიძლება აღმოჩნდეს ტრამპის გაღიზიანება ამ ომში გადამწყვეტი ფაქტორი?

აშშ-მ, როგორც იცით, მოუხსნა უკრაინას წითელი ხაზები, რომელიც ეხებოდა „ჰაიმარსების“, „ატაკამსების“, „შტორმ შედოუების“ და „სკალპების“ გამოყენებას რუსეთის სიღრმეში.

  • რა შეიცვალა უკვე ამ კუთხით?

ჯერ ეს ორი დღის ამბავია. ასე უცებ არა მგონია რაღაც შეიცვალოს. იქ იყო კოლონებზე დარტყმები და ეს დარტყმები განხორციელდა დიდი ალბათობით „ჰაიმარსის“ საშუალებით… ეს საწყისი ნიშანია.

წარმოიდგინეთ, „ატაკამსის“ და „შტორმ შედოუს“ ფრენის მანძილი 300 კილომეტრია, „სკალპი“ მიფრინავს 250 კილომეტრზე. თუ „ტაურუსიც“ მიიღო უკრაინამ, რაზეც გერმანია უკვე აქტიურად საუბრობს, ის 500 კილომეტრამდე არტყამს.

ეს საშუალებები ძალიან ეფექტურია არსებულ აეროდრომებზე და თვითმფრინავების განლაგებაზე დარტყმისათვის. რუსული სამხედრო-საჰაერო ძალების ძირითადი პარკის ტაქტიკური ფრენის რადიუსი [ანუ გაფრენა და დაბრუნება] დაახლოებით 600 კმ-ია, ვერტმფრენებისთვის – 450 კმ. დასავლური სისტემების მიწვდომის რადიუსშია ფაქტობრივად რუსეთის 10-მდე რეგიონი, სადაც 250 მნიშვნელოვანი სამხედრო სამიზნეა.

  • ეს არის სამიზნეები, რომელზე დარტყმაც აიძულებს რუსეთს გაჩერდეს?

ყოველ შემთხვევაში, აიძულებს, რომ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.

  • ზელენსკის თქმით, კიევი ამზადებს კონტრაქტს 25 ერთეული Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვისთვის, რომლის დაფინანსებაც გაყინული რუსული აქტივებით იგეგმება. ეს რამდენად ცვლის რეალობას?

რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის საჰაერო თავდაცვას რაკეტების წინააღმდეგ, განსაკუთრებით „კინჟალის“ და ხმელეთი-ხმელეთი „ისკანდერის“ ტიპის რაკეტების წინააღმდეგ.

  • რამდენად ჩანს რუსეთის გამოფიტვის ნიშნები? დააჩქარებს რუსეთის დასუსტებას აშშ-ს ახალი სანქციები, ასევე ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი?

რუსეთი მნიშვნელოვნად არის გამოფიტული.

არიან სტატისტიკოსები, რომლებიც, მაგალითად, თითოეულ აფეთქებულ ტანკს და ჯავშანტექნიკას აღრიცხავენ. ამ სტატისტიკური მონაცემებით, 2022 წელს, როცა ომი დაიწყო რუსეთმა, რუსეთს ჰქონდა სატანკო რეზერვები განთავსებული 24 ბაზაზე. დღეს ამ ბაზების რაოდენობა არის 9. დასკვნა თქვენ გამოიტანეთ, გამოიფიტა თუ არა რუსეთი.

რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს, საბრძოლო ტექნიკიდან რაღაც გადაინახოს და უბრალოდ ადამიანური რესურსი გამოიყენოს, ასევე მოტოციკლეტები, მაგრამ უკვე იწყება წვიმების სეზონი, ასე გადაადგილება ძალიან გართულდება. რუსეთი ამჯერად ცდილობს შექმნას გარკვეული პლაცდარმი და მოემზადოს გაზაფხული-ზაფხულისთვის.

  • გამოიკვეთა, რა ლოგიკით არ წყობთ რუსებს ცეცხლის შეწყვეტა? პუტინი ხედავს, რომ დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ უცვლელი და მზარდია.

რუსეთის შემთხვევაში ლოგიკაზე ცოტა ძნელია საუბარი. ფაქტია, რუსეთი ცდილობს, მეტი გამოსტყუოს დასავლეთს ამ აქტიურობით.

ლოგიკას თუ მივყვებით, რუსეთი უკვე მისულია კულმინაციის წერტილში. მას ძალიან უჭირს შეტევის გაგრძელება. დავუშვათ, აიღო პოკროვსკი, მაგრამ მერე რა? რუსეთი ვერ გადის დონბასის საზღვარზე. დონბასის საზღვარზე რომ გავიდეს, მან უნდა აიღოს კრამატორსკი და სლოვიანსკის აგლომერაცია, რომელიც გაცილებით უფრო ძლიერი და დიდი დასახლებული პუნქტებია. ეს პუნქტები გაცილებით ძლიერად არის დაცული. შესაბამისად, თუ რუსებს ერთ წელზე მეტი დასჭირდა პოკროვსკის დასაკავებლად, დაითვალეთ რამდენი დასჭირდება დანარჩენი დასახლებული პუნქტებისთვის?

ამიტომაც, ლოგიკურად რუსეთს უნდა აწყობდეს ცეცხლის შეწყვეტა და თუნდაც ჰიპოთეტურად მოემზადოს შემდგომი გაძლიერებისთვის, გადაჯგუფებისთვის. არსებული ვითარებაც პუტინს შეუძლია თავისი შიდა აუდიტორიისთვის წარმატებად გაყიდოს – იტყვის, რომ აი, ნატო აღარ იღებს უკრაინას, ყირიმი ჩვენია, ლუგანსკს და დონეცკის მივუმატეთ ხერსონის, ზაპოროჟიეს ნაწილი.

რუსეთში აუდიტორიას რაც არ უნდა დაუწერო კედელზე, იმის სჯერა, გარეთ კი, ვეღარავის ვეღარ მოატყუებს პუტინი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: