„მზიას სიას“ ქართველი ემიგრანტები უკვე უგზავნიან 36 ქვეყანას. დასასანქცირებელთა სიაში 277 პირია.
სიაშია ირაკლი დგებუაძე – პოლიციელი, რომელმაც თქვა, რომ სილის გაწვნის შემდეგ ლოყა ეტკინა. „მზიას სიაში“ ქართველმა ემიგრანტებმა ჩაწერეს სინდისის პატიმრების საქმის გამყალბებელი გამომძიებლები, პროკურორები, მოსამართლეები, პროპაგანდისტები, „ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლები, „ტიტუშკები“, ცრუ მოწმეები…
თბილისის სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსიც მოხვდა ამ სიაში, ის კაცი, განსაკუთრებული აგრესიით რომ ექცევა პროცესზე დასასწრებად მისულ ადამიანებს.
მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტია, გამოცემების „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ დამფუძნებელი. მას სილის გაწვნის გამო 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
„მზიას სია“ მოძრაობის ფარგლებში „მზია“ ქართველი ემიგრანტების 34-მა ჯგუფმა და ორგანიზაციამ შეიმუშავა ქართულ სამოქალაქო ორგანიზაციებთან და პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობით.
„ბათუმელები“ ესაუბრა დავით ძიძიშვილს, ქართველი ემიგრანტების ერთ-ერთი საზოგადოებრივი მოძრაობის – „პლატფორმა 2025“-ის წარმომადგენელს. იგი ჰიბრიდული ომების მკვლევარია და ამ დროისთვის ბელგიაში მუშაობს:
- ბატონო დავით, რა ეტაპზე გადავიდა „მზიას სია“, რომელიც ემიგრანტებმა შეადგინეთ და ემსახურება ავტორიტარული რეჟიმის დასანქცირებას საქართველოში?
ეს არის დოკუმენტი, რომელიც შევიმუშავეთ ქართულ სამოქალაქო სექტორთან აქტიური კოორდინაციით. ჩვენ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც საქართველოში არიან ბაზირებული. მათი მხარდაჭერითა და მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შევიმუშავეთ 277 ადამიანისაგან შემდგარი სია, რომელიც აერთიანებს არამხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, არამედ კონცენტრირებულია ადამიანებზე, ვინც უკანონო დავალებების უშუალოდ შემსრულებლები არიან:
პროკურორები, მოსამართლეები, გამომძიებლები, სამართალდამცველები, ცრუ მოწმეები, ე.წ.„ტიტუშკები”, რომლებიც ძალადობენ ადამიანებზე და ხშირად არიან განმეორებით ქმედებებში შემჩნეული, ადამიანები, რომლებიც ავტორიტარიზმის საცეცებად იქცნენ და მათი ქმედებები აშკარად მიმართულია დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ.
- „მზიას სია“ საჯაროა, ცნობილია ამ 277 პირის ვინაობა?
თავიდანვე გადაწყდა, რომ ამ სიაში შესული ადამიანების ნაწილი გასაჯაროვდება Facebook-ის არხების საშუალებით. ეს გადაწყვიტეს იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც გაერთიანდნენ მოძრაობა „მზიას” ფარგლებში. ეს არ არის ერთი კონკრეტული ორგანიზაცია, მე წარმოვადგენ „პლატფორმა 2025-ს“, თუმცა ეს არ არის კონკრეტულად „პლატფორმა 2025“-ის მიერ მომზადებული დოკუმენტი, ან განცხადება.
ჩვენ ჯერ კიდევ გვიერთდებიან ორგანიზაციები. შევჯერდით პრინციპზე, რომ 277-ივე ადამიანის გასაჯაროებას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ იმ მიზეზის გამო, რომ ყველას, ვინც თავად იცის, რომ ჩართულია ამ პროცესში, ჰქონდეს განცდა, რომ თვითონაც შეიძლება იყოს ამ სიის ნაწილი.

დავით ძიძიშვილი
ასევე, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ეს 277 ადამიანი იყოს ფიქსირებული ციფრი, თუკი ისინი იქნებიან იდენტიფიცირებული. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ წერილში, რომელსაც ვუგზავნით 36 ქვეყანას საგარეო საქმეთა სამინისტროების, ადგილობრივი პარლამენტებისა და ადგილობრივი მთავრობების დონეზე. ამ სიას გადავცემთ ევროკომისიას, ნატოს, ევროპარლამენტს.
გამოვიყენებთ პერსონალურ კავშირებს და ვეცდებით, რომ ეს სია გადავცეთ არამხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროებს, არამედ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც ვიცით, რომ რეაგირებას მოახდენენ ამ სიაზე. ეს არ უნდა იყოს სია სიისთვის, რომელიც სადღაც გაიგზავნა.
ქართულ ემიგრაციას აქვს საკმაოდ კარგი კავშირები იმ 36 ქვეყანაში, რომელშიც ეს სია იგზავნება და ეს მოიცავს პრინციპში მთელ მსოფლიოს, დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დამთავრებული ავსტრალიით. ეს 36 ქვეყანა არ არის მხოლოდ ევროპული ქვეყნები.
მაგნიტსკის აქტზე მუშაობაც ასე დაიწყო თავის დროზე. ის ერთი ადამიანის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს შეეხებოდა და იმ ადამიანთან მიმართებაში ეს პროცესი ძალიან ტრაგიკული იყო. იმედია, ჩვენ ამაზე არასოდეს არ მოგვიწევს საუბარი მზიასთან მიმართებაში.
- ვისაც უკვე გადაეცით ეს სია, ხომ არ არის უკვე ცნობილი მათი დამოკიდებულება? რამდენად არსებობს ინტერესი „მზიას სიის“ მიმართ?
როცა ჩვენ „მზიას მოძრაობის” შესახებ დავიწყეთ კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალურ თანამდებობის პირებთან, მივიღეთ ძალიან კარგი უკუკავშირი, მაგალითად, ბალტიის ქვეყნებიდან. ისინი მზად ელიან ამ სიას. გვაქვს ღიად მიღებული სიგნალი იმასთან დაკავშირებით, რომ დაინტერესებულები არიან ამ სიის მიღებით.
„მზიას სიაში“ არიან ის ადამიანებიც, ვინც უკვე დასანქცირებული ჰყავს ბალტიის ქვეყნებს, თუმცა არიან ახალი ადამიანები, რომლებსაც ჯერ არ შეხებია სანქცია.
სხვადასხვა ტიპის გამოხმაურების გამოცდილება გვაქვს და ამიტომ ველით, რომ ამ შემთხვევაშიც პასუხი იქნება საკმაოდ სოლიდური, რაც მთავარია, დროში არ იქნება გაწელილი. როგორც ცნობილია, მსგავსი ტიპის დოკუმენტებთან დაკავშირებით ხშირად იწელება გადაწყვეტილებები, თუმცა ვნახეთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ სწრაფად რეაგირებენ ასეთი ტიპის წერილებზე და ვიღებთ პასუხებს.
- „მზიას სიაშია“ ირაკლი დგებუაძე – ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი და ამის შესახებ ფეისბუქგვერდზე წერდით. კიდევ ვინ შეიძლება დაასახელოთ „მზიას სიიდან“?
ირაკლი დგებუაძე, ბუნებრივია, არის „მზიას სიაში“, რადგან მთელი ეს პროცესი დაიწყო ამ ადამიანის მიერ გამოგონილი, თითიდან გამოწოვილიც აღარ ჰქვია მაგას – ბრალდებებით და მას მოწინავე ადგილი აქვს ამ სიაში.
ირაკლი დგებუაძის გარდა ამ სიაშია, ცხადია, მზია ამაღლობელის საქმის განმხილველი მოსამართლე, გამომძიებლები და პროკურორები, ასევე ნინო დათაშვილი საქმის მოსამართლე.
სიაში შევიყვანეთ, მაგალითად, დავით მატიაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის უფროსი, რომელიც წარმოუდგენელი, გაუგონარი აგრესიით გამოირჩევა ადამიანებთან მიმართებაში.
ამ სიაში ადამიანები არიან დანომრილი პირობითად. ჩავთვალეთ, რომ არაა მნიშვნელოვანი: სიაში პირველი ვინ იქნება, მეორე ვინ იქნება და ასე შემდეგ. მიგვაჩნია, რომ 277-ვე არის თანაბარი დონის დამნაშავე. მაგალითად, ირაკლი კობახიძე, რომელიც ამ სიაშია – ნუ, მის გარეშე ეს სია ვერ იარსებებდა – მაგრამ არ მიმაჩნია, რომ, მაგალითად, აი, ჩვენ მიერ ხსენებული დგებუაძე ნაკლები დამნაშავეა. ისინი თანაბარი მნიშვნელობის დამნაშავეები არიან ამ ქვეყანაში ავტორიტარიზმის, პოლიტპატიმრების და პოლიტიკური დევნის შექმნის პროცესში.
მარტო ირაკლი კობახიძე ვერაფერს იზამს, რომ არ ჰყავდეს შემსრულებლები. კობახიძის და სხვების უკანონო გადაწყვეტილებების აღსრულება რომ არ ხდებოდეს და წინააღმდეგობას უწევდნენ, კობახიძე ვერ შეინარჩუნებდა რეჟიმს, ხომ?
შესაბამისად, ისინი არიან ამ რეჟიმის ფორმირების თანამონაწილეები. ამიტომაც, „მზიას სიაში“ ვიღაც შეიძლება წერია 178-ედ, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
წერილში, რომელიც ახლავს ამ სიას, გვაქვს ახსნილი ეს ნაწილი. სიას თან ახლავს საკმაოდ ბევრი დანართი თითოეულ ადამიანზე, სადაც ახსნილია, კონკრეტულად რის გამო მოხვდა ესა და თუ ის ადამიანი „მზიას სიაში“.
ამ კუთხით ძალიან დაგვეხმარა რამდენიმე ქართული ორგანიზაცია. ისინი, რომლებიც წლებია იცავენ საქართველოში ადამიანის უფლებებს.
- როგორ იღებთ გადაწყვეტილებას, ვინ უნდა მოხვდეს „მზიას სიაში“?
რეალურად გადაწყვეტილებას ვიღებთ მას შემდეგ, როცა გვაქვს კომუნიკაცია ქართულ ორგანიზაციებთან და ისინი გვეუბნებიან, რომ აი, ეს კონკრეტული ადამიანი იდენტიფიცირებულია, არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები ამ ადამიანთან მიმართებაში და შემდეგ ვაკეთებთ იდენტიფიცირებას: რამდენად შესაბამისობაშია მოძრაობა „მზიას“ მიზნებთან. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მზიას და არა მარტო მზიას – ყველა პოლიტიკური ტყვის თავისუფლება.
ეს სამოქალაქო ორგანიზაციები საქართველოში დაახლოებით 20-25 წელია იცავენ ადამიანის უფლებებს და მათ მიმართ არ არსებობს შეკითხვები, რომ აი, თავიანთ საქმეს სწორად აკეთებენ თუ არა.
ასევე, შეიძლება, ვიღაც ადამიანზე იყოს მოსაზრება, რომ დასასანქცირებელია, მაგალითად, იმის გამო, რომ მუშტებს უქნევს პოლიტიკურ ოპონენტს. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ვუყურებთ შემდეგი პრიზმიდან: რამდენად არის ეს ადამიანი ავტორიტარიზმის და ქვეყანაში პოლიტიკური ტყვეების არსებობის თანამონაწილე? თუ დასტურდება, რომ თანამონაწილეობა, მაშინ მისი ადგილი ამ სიაშია.
- რა დატვირთვას იძენს „მზიას სია“?
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენ გვახსოვს დაკავებები სხვადასხვა ხელისუფლების დროს, რაც ბადებდა შეკითხვას: ხომ არ იყო ეს პოლიტიკური დაკვეთა? მზია ამაღლობელის დაკავება იყო ყველაზე ნათელი მაგალითი, როგორ ებრძვის რეჟიმი საქართველოში სიტყვის თავისუფლებას.
მზია გახდა პირველი თვალსაჩინო ტყვე რეჟიმისა. ამ დაკავებით რეჟიმმა თქვა, რომ დიახ, პოლიტიკური დაკავებებით და რეპრესიებითაა დაკავებული. ის ბრალდება, რომლითაც მზია ამაღლობელი დააკავეს, სასაცილოც არ არის. როცა უყვები ევროპაში ადამიანებს, რის გამო დააკავეს მზია ამაღლობელი და რამდენი ხნის განმავლობაში აპირებენ, რომ ჰყავდეთ ციხეში გამოკეტილი, გაოგნებულია ყველა. თანაც, როცა უხსნი, რომ ეს ადამიანი არის დამოუკიდებელი ჟურნალისტი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მედიასაშუალებას და ამ მედიასაშუალების მიმართ არცერთი ხელისუფლების დროს არ იდგა კითხვა: რამდენად ობიექტური.
დამოუკიდებელ მედიაზე დგას რეალურად თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოება. ყველაზე მეტად რეპრესია მედიის მიმართ რომ ხორციელდება საქართველოში, ეს ბევრისთვის ნათელი გახდა სწორედ მზიას დაკავების შემდეგ. ჩემთვის, ან ბევრისთვის საქართველოში, შეიძლება მანამდეც ნათელი იყო ეს ამბავი, მაგრამ მზია ამაღლობელის საქმე იყო ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი, რომ ნამდვილად ის ხდება, რაზეც უკვე ამდენი ხანია საუბარია ამ ქვეყანაში.
ამიტომაც, გაჩნდა იდეა, რომ მზია უნდა ყოფილიყო სწორედ შემკრები ემიგრაციული ორგანიზაციებისა. მზიას სახელის ხსენება დასავლეთში ძალიან გასაგებია ყველასთვის, რაზე საუბრობ. არავინ არ სვამს კითხვას: იქნებ რაღაც დანაშაული იყო.
სწორედ მზია ამაღლობელის გარშემო უნდა გაერთიანდეს – ანუ თავისუფალი სიტყვის გარშემო – ქართული ემიგრაციული ორგანიზაციებიც. ამან შეიძლება მოგვცეს რესურსი იმის, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი საქმიანობის ეფექტურობა.
შესაძლებელია, ასევე, „მზიას სია“ იქცეს საკანონმდებლო აქტად, რომელიც დაიცავს არამარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც გამოხატვის თავისუფლებას, რომ ადამიანებს არ აკავებდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს აბსურდული ბრალდებით.
გარდა იმისა, რომ მზია ამაღლობელს შეზღუდული აქვს პროფესიული საქმიანობა, მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებიც აქვს და ვიცით, რაც ხდება ქართულ ციხეებში.
___
ამ თემაზე:
ვინ მოხვდება „მზიას სიაში“ – რის გაკეთებას გეგმავენ ემიგრანტები






