მთავარი,სიახლეები

ივანიშვილი საბოლოოდ უარს ამბობს ევროპაზე – კომენტარი ორგანიზაციების დაყადაღებაზე

28.08.2025
ივანიშვილი საბოლოოდ უარს ამბობს ევროპაზე – კომენტარი ორგანიზაციების დაყადაღებაზე

სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნით 27 აგვისტოს დააყადაღა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში, სისხლის სამართლის წესით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

ეს მოხდა ევროკომისიისათვის ოფიციალური ანგარიშის წარდგენის ბოლო ვადამდე 4 დღით ადრე. მიმდინარე წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია განიხილავდა საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს. ამის თავიდან ასარიდებლად ევროკომისიამ გასცა რვა რეკომენდაცია, რომელთა შესრულების შესახებ განახლებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ უნდა წარადგინოს 2025 წლის 31 აგვისტოს.

რას ნიშნავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღება მაშინ, როდესაც ევროკომისია ითხოვს რეპრესიების შეწყვეტას და რეპრესიული კანონების გაუქმებას?

„ახლების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე „ბათუმელებთან“ აფასებს არასამთავრობოების დაყადაღებას.

  • ბატონო გიორგი, რას ნიშნავს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშის დაყადაღება?

არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღება ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით მოხდება ბრალის წარდგენა ამ ორგანიზაციის რომელიმე თანამშრომლებისთვის. ამასთან მნიშვნელოვანია კონტექსტი – რა დროს კეთდება ეს.

ევროკავშირისგან აგვისტოს ბოლომდე აქვს რეჟიმს დრო მიცემული რეკომენდაციების შესასრულებლად.

რა რეკომენდაციებია ეს? პოლიტიკური მართლმსაჯულების წინააღმდეგ უნდა იქნეს ქმედითი ნაბიჯები გადადგმული, დემოკრატია უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში და ასე შემდეგ.

სწორედ ამ დროს, რეჟიმი აკეთებს ამას – აყადაღებს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშს.

ეს ნიშნავს ძალიან ცალსახა პასუხს ბიძინა ივანიშვილისგან ქართველი ხალხისა და დასავლელი პარტნიორებისადმი, რომ ის ბოლომდე ამბობს უარს ამ ქვეყნის ევროპულ მისწრაფებაზე.

ივანიშვილი თავიდან ბოლომდე აპირებს ჩვენი საგარეო ვექტორის გადართვას რუსეთის მხარეს, რაც კატასტროფამდე მიიყვანს ამ ქვეყანას.

თაობების ბრძოლას, რომელიც შეეწირა რუსული ჭაობიდან თავის დაღწევას და ევროპასთან, ანუ ნორმალურ ცხოვრებასთან ახლოს მისვლას, ივანიშვილი ერთი ხელის მოსმით აფუჭებს.

ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ აი, კიდე რა უნდა გააკეთოს ივანიშვილმა, რომ ყველამ დავინახოთ რა გზაზე დგას? აგერ ეს არის მორიგი ძალიან მკვეთრი ნაბიჯი ივანიშვილის მხრიდან ევროკავშირისკენ მიმავალი გზის საბოტაჟის.

  • არასამთავრობოების ანგარიშების დაყადაღება ხომ არ არის ერთგვარი განაცხადი ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ცდილობენ, პირიქით, იზოლაციაში მოაქციონ ქვეყანა?

თქვენ „ოცნებას“ ამბობთ, ჩემთვის კი ეს ხალხი მართლა რეჟიმის წარმომადგენლები არიან. ეს არის მართლა რუსული რეჟიმი ამ ქვეყანაში.

ისინი დგამენ მხოლოდ იმ ნაბიჯებს, რაც შედის ჩვენი ისტორიული მტრის, იმპერიალისტი რუსეთის ეროვნულ ინტერესებში, რაც პირდაპირ შეუთავსებელია ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესთან.

რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ევროკავშირში ინტეგრაცია?

თავისუფლება და დემოკრატია თუ გვინდა და ეს იყო ყოველთვის ქართველი ხალხის მოთხოვნა, ამისი დაცვა შესაძლებელია მხოლოდ ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ეს მოიტანს იმას, რომ ნორმალურად ვიცხოვრებთ ამ ქვეყანაში, სტაბილურობის განცდა გვექნება, გრძელვადიანი პერსპექტივით მშვიდობა გვექნება. უკეთესი ხელფასი, პენსია, განათლება, ჯანდაცვა გვექნება. ეს არის ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესი, ოღონდ ამის საპირისპირო ამბავია რუსეთის ეროვნული ინტერესები, ამ რუსეთის, რა ფორმაციის რუსეთიც ახლა ჩვენ გვყავს მეზობლად.

ფაქტია, რომ ივანიშვილი ერთი-ერთზე ატარებს მის პოლიტიკას.

სხვა არაფრით არ იხსნება, რატომ დააყადაღებინა არასამთავრობოების ანგარიშები მაინც დღეს ივანიშვილმა და მაგალითად, ეს არ გააკეთეს 3 სექტემბერს.

გიორგი კირთაძე

გააკეთეს მაშინ, როცა 31 აგვისტომდე გვაქვს ვადა რეკომენდაციების შესრულების. ეს არის საბოტაჟი ევროკავშირისკენ მიმავალი გზის, ქვეყნის იზოლაციისკენ წაყვანის.

იზოლაციისკენ წაყვანა პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ვიქნებით ძალიან მოწყვლადები, ვიქნებით დამოკიდებული იმაზე, რას დაგვიგეგმავს კრემლი ჩვენს ქვეყანაში.

მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ეს არ გამოუვათ, როგორც არ გამოუვიდათ სხვებს. ბოლოსდაბოლოს საბჭოთა კავშირიც დაინგრა, ხომ?!

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოყალიბებულია იმ რწმენაში, რომ მას შეუძლია იცხოვროს უკეთ და ეს უკეთ ცხოვრება არის დასავლურ სამყაროსთან ჩვენი აქტიური ურთიერთობით.

ჩემი აზრით, მზად არის ხალხი იმისთვის, რომ ამ სიკეთისთვის არა მხოლოდ რაღაცა ოცნებები და სურვილები ჰქონდეთ, არამედ იბრძოლონ კიდეც. იბრძოლონ მშვიდობიანად, ქუჩის პროტესტით და ამის შედეგებს ყველანი კარგად ვნახავთ.

შორს ვარ იმ აზრიდან, რომ ივანიშვილს შეუძლია ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას მოუგოს. ვერ მოუგებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: