მთავარი,სიახლეები

ყველაფერი შეიძლება მივიდეს სოციალურ აფეთქებამდე – ტაქსის მძღოლების პროტესტი ბათუმში

01.05.2026
ყველაფერი შეიძლება მივიდეს სოციალურ აფეთქებამდე – ტაქსის მძღოლების პროტესტი ბათუმში

დღეს, პირველ მაისს, ბათუმში ტაქსის მძღოლებმა მეოთხედ გამართეს საპროტესტო აქცია. მძღოლები შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ და დამსაქმებელ კომპანიებს სთხოვენ, გადახედონ ტაქსის გამოძახების ტარიფებს.

ტაქსის მძღოლების თქმით, შრომითი პირობების მხრივ, უკიდურესი მდგომარეობა აქვთ.

„მე პირადად ვარ „იანდექსის“ მძღოლი, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა რომელ კომპანიაში ხარ დასაქმებული, ფაქტობრივად პირობები ყველგან არის ერთნაირი. ძალიან დამაზიანებელია ჩვენთვისაც და ჩვენი საქმისთვისაც. იმდენად დაბალია ჩვენი გამომუშავება, რომ ტრანსპორტის ხარჯებსაც კი ვერ ვწვდებით.

ბენზინის ფასის ზრდა იყო ალბათ ბოლო წვეთი. პრობლემაა ისიც, რომ არცერთი დამსაქმებელი კომპანიის ოფისი საქართველოში არ მდებარეობს, უცხოეთშია და კომუნიკაცია გვიჭირს.

„იანდექსი“ მილიარდიანი შემოსავლების მქონე კომპანიაა და ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი შრომითი პირობები. სანამ არ დათანხმდებიან ჩვენს პირობებს, მანამდე გაგრძელდება პროტესტი“ – ამბობს პროტესტში მონაწილე ერთ-ერთი მძღოლი ზურაბ ვასაძე.

ბათუმში ტაქსის მძღოლები შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ – აქცია

„დილით რომ გამოდიხარ შეშინებული ხარ, იმიტომ, რომ არ იცი როგორი იქნება სამუშაო დღე. შენ თავზე აღარ ფიქრობ, იმაზე ფიქრობ ოჯახში რა მიიტანო, წამალი იქნება ეს თუ საკვები. მერე იმის გეშინია, რომ პოლიციამ არ დაგაჯარიმოს.

გულზე რომ არ წაგივიდეს და წყალი იყიდო ან აფთიაქთან გააჩერო 2-3 წუთით, მაშინვე 100-ლარიანი ჯარიმა მოდის. მთელ მსოფლიოში, ყველგან შგიძლია გაჩერდე 5 წუთით, ავარიულს თუ ჩართავ და ამ ქალაქში ვერსად გაჩერდები ჯარიმის გარეშე.

დილის რვა საათზე რომ გამოხვიდე და მთელი დღე იმუშაო, შეიძლება 50 ლარიც არ დაგვრჩეს. ყველაზე დაბალი, 5 ლარიდან მაინც უნდა იწყებოდეს ტაქსის გამოძახება, რომ რაღაც მაინც დაგვრჩეს ჩვენც“ – ამბობს კიდვ ერთი ტაქსის მძღოლი.

ტაქსის მძღოლების პროტესტი ბათუმში

ტაქსის მძღოლების თქმით, ისეთ პირობებს ქმნის სახელწმიფო და დამსაქმებელი ამ ქვეყანაში, რომ ყველაფერი შესაძლოა მივიდეს სოციალურ აფეთქებამდე:

„გზა წესიერად არ არის გაკეთებული, ჯარიმა ჯარიმაზე, ასე მუშაობა ძალიან რთულია. სახელმწიფო უნდა იყოს ხალხისთვის და არა თავისთვის. თუ ასე გაგრძელდა მივა ყველაფერი სოციალურ აფეთქებამდე, არეულობამდე“.

ტაქსის მძღოლები მოითხოვენ ჯანმრთელობის დაზღვევასაც, რადგან მათი თქმით, დღეს არსებული შემოსავლები მათ არც ჯანდაცვაში ჰყოფნით და არც ოჯახების შენახვაში.

„თუ მთელი შემოსავალი წამალში დავხარჯე, რად გვინდა ასეთი სამუშაო“- ამბობენ ისინი.

ვიდეო:

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: