მთავარი,სიახლეები

„პირველ მაისს ვთიშავთ აპლიკაციას“ – ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია

30.04.2026
„პირველ მაისს ვთიშავთ აპლიკაციას“ – ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია

პირველ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, ტაქსის მძღოლები მათი შრომითი უფლებების დაცვის მიზნით მსვლელობას გეგმავენ.

„მძიმე სოციალური და ეკონომიური მდგომარეობის გამო საქართველოს დიდ ქალაქებში – ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში, ტაქსის მძღოლები პროტესტის ნიშნად დილის 09:00 საათიდან აპლიკაციას გათიშავენ, ხოლო შემდგომ მსვლელობას მოაწყობენ საქართველოს დიდ ქალაქებში.

მსვლელობა დაიწყება 15:00 საათიდან.

ამავე დროს, 12:00 საათზე თბილისში შეიკრიბებიან კურიერებიც, მძიმე შრომითი და სოციალური მდგომარეობის გასაპროტესტებლად და შეუერთდებიან ტაქსის მძღოლებს.

ამავე დღეს, პირველ მაისს, „გურია ექსპრესში“ გაიფიცებიან დასაქმებულები. დაგეგმილია დამოუკიდებელი და თავისუფალი პროფესიული კავშირების კონფედერაციის დაფუძნება.

პირველი მაისი შრომის საერთაშორისო დღეა და ამ დღეს მთელ მსოფლიოში დასაქმებულები გამოდიან საკუთარ ქალაქებში და ღირსეული შრომის უფლებას ითხოვენ. პირველი მაისის მნიშვნელობა საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ დაამახინჯა, შემდგომმა საქართველოს ხელისუფლებებმა საერთოდ გააუფასურეს. ყვითელმა პროფკავშირებმა, პროფკავშირებს დაუკარგეს არსი, მნიშვნელობა და ნდობა.

სწორედ ამიტომ, დროა დამოუკიდებელი, ძლიერი მშრომელთა გაერთიანებები შეიქმნას, რომ დავიწყოთ ბრძოლა იმ სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ, რაც ამ ქვეყანაში დროთა განმავლობაში უფრო მეტად მწვავდება.

ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რესურსი და უნარები, რომ პირველ მაისს და მშრომელთა მოძრაობებს დავუბრუნოთ თავისი მნიშვნელობა“- ნათქვამია დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, „ლაბორის“ განცხადებაში.

ბათუმში კერძო კომპანიაში დასაქმებულმა ტაქსის მძღოლებმა უკვე სამჯერ გამართეს საპროტესტო აქცია. ისინი შრომის პირობების გაუმჯობესებას და ასევე ტარიფების გაზრდას მოითხოვდნენ.

თუმცა, როგორც მძღოლები აცხადებდნენ, ამ დრომდე დამსაქმებლების მხრიდან არ ყოფილა შესაბამისი რეაგირება მათ მოთხოვნებზე, ამიტომ, მათივე თქმით, ისინი გააგრძელებენ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვას.

______________________

მთავარ ფოტოზე: ტაქსის მძღოლების საპროტესტო მსვლელობა ბათუმში, 2026 წლის აპრილი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: