მთავარი,სიახლეები

ევროსასამართლომ „აჭარის ტელევიზიის საქმეზე“ ხელისუფლებას პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვა

17.12.2024
ევროსასამართლომ „აჭარის ტელევიზიის საქმეზე“ ხელისუფლებას პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვა

„ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის წინააღმდეგ“ – საქმე სტრასბურგის სასამართლოში კომუნიკაციის ეტაპზე გადავიდა. ევროსასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას უკვე მოსთხოვა პოზიციის და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება საქმისთვის აუცილებელი დასკვნებისთვის.

„ეს ნიშნავს, რომ საქმე ოფიციალურად გადადის მეორე ეტაპზე, სადაც სასამართლო იწყებს მხარეებს შორის პირდაპირ მიმოწერას,“ – განმარტავს იურისტი ნათია კაპანაძე, რომელიც აჭარის ტელევიზიის დირექტორი იყო და 2019 წელს იმპიჩმენტი მოუწყვეს, მან ევროსასამართლოს მიმართა. – „მთავრობისთვის კომუნიკაცია ნიშნავს, რომ სასამართლო აყენებს კითხვებს ან იღებს პასუხებს იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც იმპიჩმენტის მოწყობის საქმეს ეხება. ეს ეტაპი ხშირად გულისხმობს სახელმწიფოსგან ოფიციალურ პოზიციას და განმარტებებს კონკრეტული უფლებრივი დარღვევების შესახებ.

მთავრობის კომუნიკაციის შემდეგ სასამართლო მხარეთა პოზიციების შესწავლას დაასრულებს და მიღებს გადაწყვეტილებას, ჰქონდა თუ არა ადგილი ადამიანის უფლებების დარღვევას უკანონო იმპიჩმენტის ჩატარებით.

მე, როგორც სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს ყოფილი დირექტორი, ვითხოვ უსამართლობის დადასტურებას – კონვენციის მეათე მუხლის დარღვევის გამო. ჩემი კომპენსაციის ნომინალური თანხა 41 ევროა, მმართველი პარტიის საარჩევნო ნომრის მიხედვით, რადგან ზუსტად „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დევნის და დაშინების სამიზნე აღმოვჩნდი. მჯერა, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი საზოგადოებრივი არხების პირობებში, მოძალადე მთავრობა ვერ გვეყოლება.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საკუთარ თავს წარმოვადგენ. ვცდილობ, ამ ფორმითაც გავაგრძელო ბრძოლა უკეთესი სახელმწიფოს ასაშენებლად,“ – ამბობს ნათია კაპანაძე.

——

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორს, ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი 2019 წელს მოუწყვეს. საქართველოს საერთო სასამართლოებმა საქართველოში ნათია კაპანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილეს. ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას წინ უსწრებდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, უცხო ქვეყნის საელჩოსეუთოს სპეცწარმომადგენლების შეშფოთება სარედაქციო პოლიტიკაში გარე ძალების ჩარევაზე, მაგრამ ამას მაშინდელი მრჩევლებისთვის არ შეუშლია ხელი დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე მიეყვანათ.

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ ტელევიზიიდან რამდენიმე ჟურნალისტი გაათავისუფლეს, ნაწილი კი, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშორეს და სხვა სამსახურში გადაიყვანეს. 4-წლიანი სასამართლო დავის შემდეგ აჭარის ტელევიზიიდან უკანონო გათავისუფლება სასამართლომ დაადასტურა, მაგალითად, თეონა ბაკურიძის შემთხვევაში. ის აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანად მუშაობდა და ხელისუფლების კრიტიკის გამო სამსახურიდან გაუშვეს.

 

ამ თემაზე:

„ჩემი კომპენსაციის თანხა 41 ლარია“ – ევროსასამართლო ნათია კაპანაძის საჩივარს განიხილავს აჭარის ტელევიზიის საქმეზე

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: