მთავარი,სიახლეები

გაზულუქდნენ ხალხის ზურგზე. აღარ იციან, სად წაიღონ შემოსავლები – მეზღვაურების პროტესტი | ვიდეო

19.10.2024 •
გაზულუქდნენ ხალხის ზურგზე. აღარ იციან, სად წაიღონ შემოსავლები – მეზღვაურების პროტესტი | ვიდეო

„მეზღვაურის ერთ-ერთი მთავარი იარაღი სიმამაცეა. ტალღა თუ ვერ გვაშინებს, რომელიმე პოლიტიკური გუნდი, თუნდაც მმართველი – არაფერია,“ – ეს ნაწყვეტია ბათუმში ახალდაარსებული „ბათუმელ მეზღვაურთა კლუბის“ განცხადებიდან, რომელიც 17 ოქტომბერს გაავრცელეს.

პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი მეზღვაურები ღიად გამოდიან და ქვეყნის კურსს აპროტესტებენ.

„მეზღვაურები არასდროს არ ვერეოდით პოლიტიკაში. თვეობით ვართ ოჯახს მოწყვეტილი, მაგრამ ახლა ისე დაედარა, რომ ამ რუსული კანონის მიღების შემდეგ ძალიან დაიძაბა სიტუაცია. გარკვეულია, რომ რუსეთისკენ მიგვაქანებენ. ლოზუნგი კი აქვთ, მშვიდობით ევროპისკენ, მაგრამ რუსეთიდან ევროპაში მიმავალ გზას ვერ ვხედავ მე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მეზღვაური, უფროსი მექანიკოს რამაზ დიასამიძე.

მისი თქმით, თავისუფლების ფასი ყველაზე უკეთ მეზღვაურებს ესმით.

„28 წლის ვიყავი ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო. 62 წლის ვარ და არ დაადგა საშველი ამ ქვეყანას. 35 წელია მეზღვაური ვარ. ნახევარი მსოფლიო მაქვს მოვლილი. ევროპის და დასავლეთის შედარება რუსეთთან არ შეიძლება. 11 შვილიშვილი მყავს. მინდა თავისუფალ ქვეყანაში გაიზარდონ, იქ ისწავლონ, სადაც მოისურვებენ. [მაღალჩინოსნების] შვილები, ნათესავები იქეთ ჰყავთ ევროპაში, ჩვენ მიგვაქანებენ ჩელიაბინსკში,“ – ამბობს რამაზ დიასამიძე.

რას ელოდებით 26 ოქტომბერს? რატომ არის ეს არჩევნები თქვენთვის მნიშვნელოვანი? – ვკითხეთ მეზღვაურს.

„გზაგასაყარზე ვდგავარ, ან რუსეთი ან ევროპა. ამას რად უნდა ლაპარაკი? ამას ბავშვიც კი ხვდება. ან ვტრიალდებით ისევ რუსეთში და ვიქნებით რუსეთის კოლონია ან დავადგებით თავისუფალი განვითარების გზას.

„2010 წლიდან ჩემი ხელფასი შეადგენდა 11 000 დოლარს. წელიწადში 6-7 თვე ყოველთვის გემზე ვიყავი. მერე 14-ზე ავედი. საქართველოში არცერთ მინისტრს არ ჰქონდა ასეთი ხელფასი.

ახლა ნებისმიერი მოიყვანეთ, ჩემი ცხოვრება დაანახეთ იმას და ნახეთ მათი [მაღალჩინოსნების] ცხოვრება. საიდან აქვთ და როგორ?  გაზულუქდნენ, გამდიდრდნენ ხალხის ზურგზე. არ იციან სად წაიღონ მათი შემოსავალი.

26-ში წყდება საქართველოს ყოფნა არ ყოფნის ბედი. ახლა რომ ჩვენ ბელორუსიასავით კოლონიაში მოვხვდეთ, მერე ყველაფერი გაკეთდება, რომ ქართველმა აღარ გაიხაროს. ყველაფერს გააკეთებენ, ამოგვწყვეტენ,“ – ამბობს რამაზ დიასამიძე.

მეზღვაურის აზრით ევროპული გზიდან გადახვევა განსაკუთრებით ცუდად აისახება მეზღვაურებზე.

„ჩვენ უკვე გვექმნება პრობლემები. მეზღვაურების შეცვლა ხდება პორტებში. ჩვენ რომ ვიზაზე პრობლემები შეგვექმნება, ვერც გემზე წახვალ და ვერც გემიდან ჩამოხვალ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ევროკავშირის წევრები გავხდებით. გაგვიადვილდება მისვლა, მოსვლა, ყველაფერი.

ახლა გაქვს საშუალება, რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ჩაიყვანო ცოლ-შვილი, ჩამოხვიდე გემიდან, ნახო, გაჩერდე ერთი კვირა და მერე წამოხვიდე სახლში. ამას ყველაფერს დაემშვიდობებიან.

ევროპის პორტებში შესვლაც კი აღარ იქნება, ამათმა თუ თავისი გაიტანეს და კიდევ თუ ესენი დარჩნენ,“ – ამბობს რამაზ დიასამიძე.

ქვეყნის კურსის ცვლილებას აპროტესტებს უჩა ხუჭუაც. მეზღვაური ამბობს, რომ საფრთხე, რომელიც ქვეყანას ემუქრება, რეალურია.

„32 წელია მეზღვაური ვარ. ჩემი ქვეყნის განვითარების ერთადერთი გზა ვიცი მხოლოდ – ესაა დასავლური განვითარება. ესაა ევროპა, დასავლური ცივილიზაციები. პროტესტის განცდა მაქვს, როდესაც ვხედავ, რომ ჩემი ქვეყანა არ მიდის იმ სწორი მიმართულებით, რითაც უნდა წავიდეს და განვითარდეს. ჩემი რეაქცია ასეთია, მე პირადად მივდივარ არჩევნებზე და ჩემს არჩევანს გავაკეთებ.

ახლა ვართ ნამდვილად საფრთხის წინაშე. ჩვენ თუ არ გავაკეთეთ სწორი არჩევანი, შეიძლება მეზღვაურებმა დავკარგოთ სამუშაო. დაახლოებით მეზღვაურთა 80-მა პროცენტმა შეიძლება დაკარგოს სამუშაო – დაგვიწესებენ ვიზებს, უცხოელი გემთმფლობელები ჩვენ აღარ აგვიყვანენ სამუშაოზე, იმიტომ, რომ მათ დასჭირდებათ ჩვენთვის ვიზების კეთება.

მათ შეექმნებათ პრობლემები ჩვენ გამო, იმიტომ, რომ ჩვენ ვეღარ ვიქნებით ისეთი ხელმისაწვდომი, როგორიც ვართ ამ წუთას. უბრალოდ, მეზღვაური დაკარგავს სამუშაოს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ერთი მეზღვაურის უკან ორი-სამი ოჯახი მაინც დგას. ამიტომ მოვუწოდებ ყველა მეზღვაურს, გააკეთონ სწორი არჩევანი და მისცენ ხმა დასავლურ განვითარებას. ისეთ პარტიას, რომელიც წაუძღვება დასავლეთში და ევროკავშირში“, –  ამბობს უჩა ხუჭუა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: