მთავარი

ორიონის თანავარსკვლავედის პირველი ფოტო და სამი კარტოფილის დილემა

13.02.2016 • 2267
ორიონის თანავარსკვლავედის პირველი ფოტო და სამი კარტოფილის დილემა

მარიამ ორიონ მუთიძე, სტუდენტი

შარშან, სექტემბერში, დავწერე სასურველი ნივთების ჩამონათვალი. მინდოდა ტელესკოპი, საბეჭდი მანქანა, ვარსკვლავების რუკა და ფოტოაპარატი, რომელიც ღამის ცას გადაიღებდა. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღეს ჩემს ოთახში შევიდოდი და თვალს მოვავლებდი ამ ნივთებს. რამდენიმე დღის წინ მეგობარი მესტუმრა, ჩემი ფოტოაპარატის ფუნქციებში კარგად გამარკვია და იმ საღამოსვე გადავიღე თბილისის ცაზე ორიონის თანავარსკვლავედის პირველი ფოტო. ასეთ დროს ვგრძნობ, რომ ჯადოსნურ სამყაროში ვცხოვრობ.

შარშან სტუდენტი გავხდი. ერთხელ წავიკითხე, რომ ვერასდროს შეძლებ დედობისთვის და მამობისთვის წინასწარ მოემზადო, რადგან ეს ჯერ განუცდელ შეგრძნებებთანაა კავშირშიო. ეგებ და სტუდენტური ცხოვრება დიდად ვერ გაუტოლდება მშობლისას, მაგრამ აქაც მსგავსი შემთხვევაა, ვერაფრით განსაზღვრავ წინასწარ რა მოგელის. სიმართლე რომ ვთქვა, ჩემი პირველი უნივერსიტეტი მხოლოდ სახელისა და მშობლებთან შეთანხმების საშუალოს გამოყვანით ავირჩიე. სოციალურ-პოლიტიკური ფაკულტეტი იყო. თავიდან მომეწონა თუ არა ვერ ვიხსენებ, რადგან რაღაც მომენტში ერთი კორპუსიდან მეორისკენ მიმავალი ვჩერდებოდი და ვფიქრობდი: აქ რატომ ვარ? პირველ კურსს გავუძელი, მერე კი…

მერე ერთ სანაყინეში გავაგზავნე CV-ი. მალევე დავწერე ტესტები, გავიარე გასაუბრება და მუშაობაც დავიწყე. მანდვილად არ იყო მარტივი საქმე, მაგრამ რადგან ეს ჩემი პირველი სამუშაო იყო, მთელი გულით ვცდილობდი ყველაფერი კარგად მეკეთებინა. მთელი ბავშვობა ვეუბნებოდი დედაჩემს, 18 წლის რომ გავხდები, მუშაობას დავიწყებ და სახლიდან გადავალ-მეთქი. სამსახურში რომ ამიყვანეს, დავურეკე და ვუთხარი, რომ რამდენიმე თვის დაგვიანებით შევასრულე პირობა. პირველი ხელფასი, რა თქმა უნდა, სისულელეებში დავხარჯე. არასდროს დამავიწყდება, რამდენად სასიამოვნოა ეს პროცესი. მერე კარგი რეკომენდაციით ერთ არაჩვეულებრივ წიგნის მაღაზიაში დავიწყე მუშაობა, ეს იყო ნამდვილად ოცნების სამსახური. შემომსვლელებს წიგნებს ვურჩევდი და ვფიქრობდი, რომ ძალიან გამიმართლა, რომ აქ ვიყავი.

მაღაზიაში ერთი კარადა გვქონდა, რომელზეც კვირაში ერთხელ წიგნის პოსტერებს ვახატავდი, გამვლელები და თანამშრომლები უყურებდნენ, მოსწონდათ. ალბათ ეს „მოწონება“ გახდა იმის საბაბი, რომ ზაფხულის ბოლოს გადავწყვიტე უნივერსიტეტი გამომეცვალა. ეს ძალიან დიდ რისკად დამიჯდა, დავბრუნდი ბათუმში, მოვაგროვე ჩემი ნამუშევრები, დავიწყე ჩანახატების გაკეთება და ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში შევიტანე მობილობაზე განაცხადი. მშობლებთანაც ბევრის ახსნა დამჭირდა, მაგრამ ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან და გამიგეს. საუკეთესო უნივერსიტეტში მიმიღეს ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტზე და ეს იყო ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება განვლილი ცხოვრების მანძილზე. ახლა ჩემი უნივერსიტეტის ერთი კორპუსიდან მეორისკენ მიმავალი ვჩერდები და ვფიქრობ, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.

შეიძლება სპონტანური ადამიანი ვარ, მაგრამ სისულელედ მეჩვენება რაღაცების გათვლა. ვერაფრით მიხვდები, მოგეწონება თუ არა შენ მიერ არჩეული გზა, მაგრამ არასდროსაა გვიან კურსის შეცვლა. სამყარო ძალიან არასწორხაზოვანია წინასწარ დაგეგმისთვის.

სტუდენტობაში ხანდახან სახლში მხოლოდ სამ ცალ კარტოფილს აღმოაჩენ და მთელი საღამო იმაზე იფიქრებ, ეს კარტოფილი მოხარშო და ჭამო, თუ მარსზე დარჩენილი მარკ უოტნივით დარგო და სამომავლოდ აიღო მოსავალი. საბოლოოდ ცხოვრება მაინც საინტერესო თავგადასავლებით და უფრო საინტერესო ადამიანებით ივსება, რომლებიც ერთ დღეს კარზე მოგიკაკუნებენ და ტელესკოპს გაჩუქებენ. ასეც რომ არ იყოს, მათთან ერთად საღამოების გატარებაც ძალიან გაგიხარდება. ნამდვილად არ ღირს ამაზე უარის თქმა. უბრალოდ, ხშირად უნდა ჰკითხო თავს, რამდენად კმაყოფილი ხარ შენი ამჟამინდელი მდგომარეობით და თუ არ მოგწონს, უნდა მოძებნო გზები მის შესაცვლელად. სამყაროს ძალები ყოველთვის შენ მხარეს იქნებიან ასეთ შემთხვევაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: