მოძალადე პოლიციელი, ირაკლი დგებუაძე ახალ თანამდებობაზე დანიშნეს: ამიერიდან ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, დეტექტივების მთავარ სამმართველოს უხელმძღვანელებს. აქამდე ის 6 თვის განმავლობაში ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. იქამდე, ცოტა ხნას კრიმინალურ პოლიციაში, საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელობდა.
ბოლო 10 თვეში, ბათუმის პოლიციის სამმართველოდან წასვლის შემდეგ მან სამი სხვადასხვა თანამდებობა შეიცვალა.
დგებუაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო, როცა დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე. ის ამტკიცებდა, რომ მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნის შედეგად მას ლოყა გაუწითლდა და ეტკინა. „ბათუმელების“ მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მზია ამაღლობელს დაკავების დროს ირაკლი დგებუაძე აგინებს და ემუქრება.
ინციდენტი 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს, ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან მოხდა. ამ დღეს უწყვეტი პროევროპული აქციების არაერთი მონაწილე დააკავეს ადმინისტრაციული წესით – საპროტესტო სტიკერის გაკვრის და პოლიციელის მოწოდებაზე დაუმორჩილებლობის საბაბით. მათი დიდი ნაწილი დაკავების შემდეგ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს, მათ შორის, პირადად ირაკლი დგებუაძის მხრიდან.
ირაკლი დგებუაძემ ფიზიკური ძალადობა სცადა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მზია ამაღლობელსაც – დაკავების შემდეგ პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა, ასევე არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას. პოლიციის უფროსის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის შემთხვევა პროკურატურამ არ გამოიძია.
ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწნის გამო მზია ამაღლობელს ბრალი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წარუდგინეს. 9-თვიანი განხილვის შემდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მას წარდგენილი ბრალი პოლიციელის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით მისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით შეუცვალა და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მზია ამაღლობელი უკვე წელიწად-ნახევარია, რაც უკანონო პატიმრობაშია.
მისი ინტერესების დამცველმა იურისტებმა მზია ამაღლობელის სახელით უკვე 4 სარჩელი გააგზავნეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
___
ამავე თემაზე:






