ბათუმში, სანაპიროსთან ახლოს, შერიფ ხიმშიაშვილის #12-ში ე.წ. ჰოლანდიური სახლი და მასთან დაკავშირებული 501 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი, 2044 წლამდე გაასხვისა ბათუმის მერიამ. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ქონება აუქციონზე არ გაუტანიათ, მოაღნაგეს ხელშეკრულება გაუგრძელეს [აღნაგობის ხელშეკრულებას აფორმებდნენ, როცა მიწის ნაკვეთზე შენობაც დგას].

მონიშნულია ე.წ. ჰოლანდიური სახლი ბათუმში
ამ ეტაპზე უცნობია, თუ შეიცვალა შეთანხმების პირობები და რა გადასახადებს იხდის მოაღნაგე ბიუჯეტში ქონებით სარგებლობის სანაცვლოდ – ეს ინფორმაცია საჯარო მონაცემებში ასახული არ არის. წესით ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე საკრებულოსაც უნდა ემსჯელა.
თუმცა, მერია ამ თემაზე კითხვებს ჯერ არ პასუხობს.
ბოლო წლებში, ბათუმის მერიამ მუნიციპალური ქონების მართვის პოლიტიკა ერთი შეხედვით გაამკაცრა – განსაკუთრებით მათ მიმართ, ვისაც ხელშეკრულების ვადა გაუვიდა, თუმცა მუნიციპალური ქონებით მაინც სარგებლობდა.
არის გამონაკლისები, ვისაც ვადა გაუვიდა და მაინც სარგებლობს ქონებით. არიან ისეთები, ვისაც გასულ წლებში გაფორმებული ხელშეკრულების ვადა გაუვიდა, მაგრამ უპრობლემოდ გაუგრძელეს, მათ შორის არის თემურ თხილაიშვილიც [როგორც დოკუმენტებშია მითითებული, მისი უფლებამონაცვლე დავით შამილაძეა].
საჯარო რეესტრის მონაცემებით, თემურ თხილაიშვილი მერიის მოაღნაგეა 2006 წლიდან, 2024 წელს კი მას აღნაგობის ხელშეკრულება 2044 წლამდე გაუგრძელეს. დოკუმენტების მიხედვით ირკვევა ისიც, რომ 2006 წელს, როდესაც მერიამ ეს მიწის ნაკვეთი იჯარით გასცა, აქ შენობა არ იდგა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ხიმშიაშვილის ქუჩის #12-ში მდებარე ჰოლანდიური სახლი თემურ თხილაიშვილის აქვს სარგებლობაში.
საჯარო რეესტრის 2016 წლის ამონაწერის მიხედვით, კომპანიას 19-წლიანი ხელშეკრულება ჰქონდა, შესაბამისად ვადა ზუსტად 2024 წელს ეწურებოდათ.


