თიბისი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

თიბისი, თბილისში გამართულ, განათლების ყველაზე მასშტაბურ და მრავალფეროვან გამოფენაში იღებს მონაწილეობას.

გამოფენის ფარგლებში მსურველებს შესაძლებლობა ექნება დაესწროს საინტერესო ლექციებს, დისკუსიებს, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა შემეცნებით და ინტერაქციულ აქტივობაში.

გამოფენაში მონაწილეობის მიზანი თიბისის განათლების პროგრამების გაცნობა და ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. თიბისის სტენდთან დეტალურად მოგიყვებით ჩვენი განათლების პროგრამის, IT აკადემიის და ახალი თაობის მხარდამჭერ სხვა პროექტების შესახებ. სტუდენტები კი შეძლებენ  სტუდენტური ბარათის ადგილზე აღებას.

გამოფენა ეწყობა ექსპო ჯორჯიას ორგანიზებით, რომელშიც ეროვნული ბანკის ინიციატივით ფინანსური ინსტიტუტებიც იღებენ მონაწილეობას.

გამოფენა გაიმართება 6 და 7 ოქტომბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე.

მისამართი: აკ. წერეთლის გამზ. #118. ექსპო ჯორჯია, პავილიონი #11.

აქტივისტ სამირა ბაირამოვას კარზე რუსეთის დროშა და შავი ჯვარი მიუხატეს

სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას სახლის კარზე სტიკერი – „შინ ევროპისკენ“ გადაღებეს და კარზე შავი საღებავით – ჯვარი, კართან კი რუსეთის დროშა მიახატეს. შემთხვევა დღეს, 4 ოქტომბერს თბილისში მოხდა.

სამირა ბაირამოვა ამ ფაქტს მასზე ზეწოლად აფასებს.

„ბათუმელებთან“ სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ ჯერჯერობით პოლიციისთვის არ მიუმართავს.

ეს მეორე შემთხვევაა, როცა უცნობი პირები სამირას საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ.

„პირველი შემთხვევა იყო 2016 წელს, არჩევნების პერიოდში, როცა ჩემი სახლის მისამართით ისროლეს. ახლა კი ეს სიტუაცია დამხვდა კარებზე“, – გვეუბნება სამირა.

სამირას ბინის კარზე უცნობმა პირებმა რუსეთის დროშა და ჯვარი დაახატეს – „შინ ევროპისკენ“ სტიკერი კი შავი საღებავით გადაღებეს

მისი თქმით, „შინ ევროპისკენ“ სტიკერის გარდა კარზე ქალთა გაძლიერების და აგვისტოს ომის ამსახველი სტიკერებიც ჰქონდა გაკრული, რომელიც ასევე შავი საღებავით გადაუღებეს.

სამირამ შემთხვევის შესახებ პოსტი ფეისბუქშიც გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მარნეულიდან თბილისში უსაფრთხოების გამო გადმოვიდა საცხოვრებლად, თუმცა ის არც აქ აღმოჩნდა დაცული.

სამირა ბაირამოვა აგრესიისა და მუქარის სამიზნე არაერთხელ გახდა ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან.

2022 წელს მან პრორუსული „ალტ-ინფოს” პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის ფანჯრებზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა.

ამავე შენობის ფასადზე განთავსებულ ბანერზე ბაირამოვამ დაწერა: „რუსეთი ოკუპანტია“.

ამის გამო, მას „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები ღიად დაემუქრნენ.

სამირა აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო კამპანიაში „შინ ევროპისკენ“, რის გამოც მას ასევე 2022 წელს მარნეულის ბაზარში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გარკვეულმა პირებმა ხელი შეუშალეს „შინ ევროპისკენ“ ბუკლეტების დარიგებაში.

მაშინ სამირას მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ირმა ზარქუა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და იმ დროისთვის სავარაუდოდ, იყო მარნეულის მერიის თანამშრომელი.

ის სამირას მიმართ შეურაცხმყოფელ სტატუსებს სოციალურ ქსელებშიც წერდა.

ადამიანის უფლებადამცველი ორგანოები მოუწოდებდნენ შსს-ს, რომ დროულად აღეკვეთა სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარა, რომელიც შეიცავდა როგორც ეთნიკური, ასევე გენდერული სიძულვილის ნიშნებს.

რა ხდება ფრონტზე – უკრაინის გენშტაბის ბოლო ცნობები

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ წინსვლას მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით, აქვთ ნაწილობრივი წარმატება რობოტინოს დასავლეთით, ზაპოროჟიეს რაიონში, ასევე ნაწილობრივი წარმატება კლიშჩეევკასა და ანდრეევკას რაიონებში და მაგრდებიან მიღწეულ ხაზებზე.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაწერა დღეს, 4 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ცნობებში.

გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებაზე რუსეთმა წარუმატებლად სცადა დაკარგული პოზიციის აღდგენა დონეცკის ოლქში, ანდრეევკას რაიონში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში მოხდა 43 შეტაკება, რუსეთმა განახორციელა 5 სარაკეტო, 108 საჰაერო დარტყმა და 55 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების ორივე პოზიციაზე.

_____________

ფოტო: უკრაინის გენერალური შტაბი/facebook

ქვედა კვირიკეში ადიდებულმა მდინარემ ხიდი და გზა დაანგრია

სოფელ ქვედა კვირიკეში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სოფლის გზაზე არსებული სახიდე გადასასვლელი და გზა დაანგრია.

3 ოქტომბრიდან გზაზე გადაადგილება შეუძლებელია და მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობს.

ქობულეთის მერიაში არ აკონკრეტებენ, როდის აღადგენენ ხიდს.

„რადგან შემოვლითი გზა არის, რომლითაც შეუძლიათ ოჯახებმა ისარგებლონ, ამიტომ დროებითი ხიდის მოწყობა არ იგეგმება. ზარალი დაითვლება, გაკეთდება ხარჯთაღრიცხვა და შემდეგ მოეწყობა ხიდი“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ქობულეთის მერიის პრესსამსახურში.

დანგრეული გზა და ხიდი სოფელ ქვედა კვირიკეში

3 ოქტომბერს, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქ ქობულეთის რამდენიმე უბანიც.

ამ თემაზე:

ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთი დაიტბორა

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 4 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 279 890ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +450]
  • ტანკი – 4 743 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 9 026 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 6 612 ერთეული [+47]
  • MLRS – 802 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 540 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 316 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 121 ერთეული [+41]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 530 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 962 ერთეული [+30]
  • სპეცტექნიკა – 946 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 4 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 484 თვითმფრინავი
  • 250 ვერტმფრენი
  • 7 491 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 440 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 326 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 160 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 642 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 13 789 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა ოლექსეი არესტოვიჩზე ძებნა გამოაცხადა

რამ შეიძლება გამოიწვიოს გულყრა? – ინტერვიუ ნევროლოგთან

გულყრებით მიმდინარე სამედიცინო მდგომარეობების დროს ტვინის ელექტრული აქტივობა დროგამოშვებით ირღვევა, რაც მისი ფუნქციის დროებით და სხვადასხვა ხარისხით მოშლას იწვევს.

გულყრა ყოველთვის ე.წ. კრუნჩხვით არ მიმდინარეობს და არც ეპილეფსიაა მისი გამომწვევი ერთადერთი მიზეზი. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ გულყრების უმეტესობის კონტროლი შესაძლებელია მედიკამენტებით.

რა შეიძლება გახდეს გულყრის მიზეზი და ვის უნდა მივმართოთ დახმარებისთვის? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ კლინიკა „მედცენტრის“ ნევროლოგი, ჯამბულ მაკარაძე საუბრობს.

  • ბატონო ჯამბულ, რა მოვლენაა გულყრა, რა ხდება ამ დროს? 

გულყრა არის ზოგადი ტერმინი, რითაც აღინიშნება ის მდგომარეობა, როცა ადამიანს შეტევის სახით ემართება განსხვავებული რამ, რაც გამოიხატება ცნობიერების შეცვლით ან დაკარგვით,  კუნთთა გარკვეული ჯგუფის ან მთელი სხეულის კრუნჩხვით, დაცემით, ფერის შეცვლით და სხვა.

  • რა ძირითადი მიზეზები იწვევს გულყრას? 

პირობითად, გულყრა შეიძლება დავყოთ ეპილეფსიურ და არაეპილეფსიურ გულყრად.

არაეპილეფსიური გულყრის მაგალითია ისტერიული გულყრა, რაც ემართებათ კონვერსიული აშლილობის მქონე პირებს.

Clevelandclinic: კონვერსიული აშლილობა არის მდგომარეობა, როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არღვევს ტვინის მუშაობას. ეს იწვევს რეალურ, ფიზიკურ სიმპტომებს, რომელსაც ადამიანი ვერ აკონტროლებს. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გულყრას/კრუნჩხვებს, სისუსტეს ან დამბლას, ერთი ან რამდენიმე გრძნობის (მხედველობა, ხმა და ა.შ.) დაქვეითებას. ეს მდგომარეობა ხშირად განკურნებადია სხვადასხვა სახის თერაპიის საშუალებით.

გულყრათა ძირითად (უხშირეს) მიზეზს კი წარმოადგენს ეპილეფსია, რაც საკუთრივ არის ძირითადად ქრონიკულად მიმდინარე დაავადება, რომელიც შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ადამიანს, ასაკის და სქესის მიუხედავად. 

მისთვის დამახასიათებელია მრავალფეროვანი სიმპტომატიკა, პაციენტის რამდენიმეწამიანი გახევებიდან დაწყებული და დიდი ეპილეფსიური კრუნჩხვებით დამთავრებული. 

MayoClinic: სიმპტომები განსხვავდება გულყრის ტიპის მიხედვით. ისინი ასევე შეიძლება ვარირებდნენ მსუბუქიდან მძიმემდე და შეიძლება მოიცავდეს: კონფუზიას (დეზორიენტაცია დროსა და გარემოში); მზერის გაშეშებას; მკლავებისა და ფეხების მკვეთრ მოძრაობებს, რომელთა კონტროლი შეუძლებელია; ცნობიერების ან სიფხიზლის დაკარგვა; და კოგნიტური ან ემოციური ცვლილებები, რაც შეიძლება მოიცავდეს შიშს, შფოთვას ან განცდას, რომ თქვენ უკვე განიცადეთ ეს მომენტი, რაც ცნობილია როგორც დეჟავუ.

  • ეპილეფსიის გარდა რა მდგომარეობების, ან დაავადებების დროს შეიძლება განვითარდეს გულყრა? 

გარდა ეპილეფსიისა, არსებობს ეპილეფსიური სინდრომი, გამოწვეული ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური, იმუნური, სისხლძარღვოვანი, ონკოლოგიური ან ინფექციური პროცესებით, რაც ასევე შეიძლება გამოვლინდეს გულყრით.

ასეთ დროს არაიშვიათია ერთჯერადი გულყრა, რაც არ საჭიროებს სპეციფიკურ ანტიეპილეფსიურ მკურნალობას.

აქვე უნდა აღინიშნოს ე.წ. ფებრილური გულყრა, რომელიც ემართებათ ბავშვებს მაღალი ტემპერატურის დროს. 

  • როგორ დავეხმაროთ ამ დროს ადამიანს?

გულყრის დროს ადამიანი უნდა დავაწვინოთ ჰორიზონტალურად, შევუხსნათ მჭიდრო ტანსაცმელი და შევეცადოთ უზრუნველვყოთ ზემო სასუნთქი გზების გამავლობა – კბილებს შორის მოვათავსოთ რაიმე რბილი საგანი, მაგალითად, ნაჭრით შემოხვეული კოვზის ტარი. ყველა ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტია დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაცია.

Mayoclinic: კრუნჩხვების უმეტესობა გრძელდება 30 წამიდან ორ წუთამდე. კრუნჩხვა, რომელიც ხუთ წუთზე მეტხანს გრძელდება, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

  • რა გამოკვლევა უტარდება ამ დროს პაციენტს?

გულყრის შემთხვევაში, მიუხედავად მისი ხასიათისა, აუცილებელია ოჯახის ექიმის და ნევროლოგის კონსულტაცია და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება. 

აუცილებელ კვლევათა რიგშია ელექტროენცეფალოგრაფია, სისხლის საერთო და ბიოქიმიური კვლევები, ზოგჯერ თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევაც.

________________________________

Clevelandclinic – სხვა მიზეზები, რის გამოც შეიძლება განვითარდეს გულყრა: ანევრიზმა; ჟანგბადის ნაკლებობა; თავის ტვინის ტრავმული დაზიანება ან მძიმე შერყევა; ტვინის დეგენერაციული დაავადებები, ისეთი, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება ან ფრონტტემპორალური დემენცია; ნარკოტიკული საშუალებები და ალკოჰოლი; აბსტინენციის სინდრომი; ეკლამფსია; ელექტროლიტების პრობლემები, განსაკუთრებით დაბალი ნატრიუმი (ჰიპონატრიემია), კალციუმი ან მაგნიუმი; მგრძნობელობა მოციმციმე ან მბჟუტავი სინათლის მიმართ; ინფექციები (განსაკუთრებით ენცეფალიტი ან მენინგიტი); მეტაბოლური პრობლემები, განსაკუთრებით სისხლში შაქრის მაღალი დონე (ჰიპერგლიკემია) ან დაბალი შაქრის დონე (ჰიპოგლიკემია); სეფსისი; ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა; ტოქსინებითა და შხამებით მოწამვლა; ანთება ჰიპონატრიემია მდგომარეობებისგან. 

„ემიგრანტი აღარ  ვიქნები“ – დაბრუნება ემიგრაციიდან 16 წლის შემდეგ

ბაღდათელი ნათია თოლორდავა იტალიიდან საქართველოში 16-წლიანი ემიგრაციის შემდეგ დაბრუნდა. 19 წლის იყო, როცა გერმანიაში წავიდა თავიდან AU PAIR-ის პროგრამით. ნათიას დედაც ემიგრაციაში იყო ამ დროს, დედა-შვილს ერთმანეთი 5 წელი არ ჰყავდათ ნანახი. ნათიას მიზანი ახალ გარემოში ცხოვრება, ენების სწავლა, მოგზაურობა და დედასთან ახლოს ყოფნა იყო.

ნათია იტალიასა და გერმანიაში ემიგრაციის გამოცდილებაზე, დაბრუნების მიზეზსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს „ბათუმელებთან“.

ნათია თოლორდავა, 37 წლის, იტალიაში 16-წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნებული მიგრანტი:

„2021 წლის ნოემბერში დავბრუნდი საქართველოში. ეს პანდემიის პერიოდი იყო, საშინლად დაიძაბა ამ დროს იტალიაში მდგომარეობა, ყველას გვახსოვს… თან ძალიან მომენატრა ჩემი ქვეყანა და ასე, უბრალოდ ავდექი და წამოვედი.

ტურისტად თუ დავბრუნდები უკან, ემიგრანტი აღარ ვიქნები.

მამა ადრე გარდამეცვალა. სკოლა ახალდამთავრებული გვქონდა მე და ჩემს ძმას. დედა ამ დროს ემიგრაციაში იყო. ძალიან მენატრებოდა, ვერ ვუმკლავდებოდი დიდ სევდას, მონატრებას და ამ სევდას რომ არ მოვეკალი მეც, წასვლა გადავწყვიტე. გერმანული ენა მიყვარდა და მინდოდა კარგად მესწავლა. ვფიქრობდი ძიძად ვიმუშავებდი გერმანიაში და თან დედის ნახვის შესაძლებლობაც მომეცემოდა იტალიაში.

ბავშვობაში რუსეთში ვცხოვრობდით, მერე ჩემი მშობლები ბაღდათში დაბრუნდნენ, ბებია-ბაბუის სახლში და სკოლაც ბაღდათში დავამთავრეთ. უნივერსიტეტში რუსული ენის და ლიტერატურის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და აკადემიური ავიღე.

ემიგრაციაში წავედი 19 წლის. დავბრუნდი 35 წლის ასაკში, 2021 წელს.

დედა 2003 წელს წავიდა ემიგრაციაში, იტალიაში. დღემდე იქ ცხოვრობს და მუშაობს, ძალიან გვეხმარება მე და ჩემს ძმას.

ცოტა დრო მაქვს საქართველოში გატარებული, რუსეთიდან რომ დავბრუნდით ბაღდათში და მერე ევროპაში ჩემი ემიგრაცია – ამ შუალედში ვიცხოვრე მხოლოდ საქართველოში და ბებია-ბაბუებმა ჩვენი მთების, ბუნების სიყვარული მასწავლეს ამ მცირე დროში. ამ სიყვარულის გამო დავბრუნდი საქართველოში.

ბაღდათში მე და ჩემს ძმას გვაქვს დიდი სახლი, ეზო, ვენახი, ბაღი და ბოსტანი, მყავს ქათმები, 5 კატა, მიწის დიდი ფართობი საირმის მთებში, სადაც მეურნეობის დაწყებას ვგეგმავთ და გვაქვს დიდი ენთუზიაზმი, რომ ამას აუცილებლად შევძლებთ.

საკუთარი მიწის და დიდი სახლის ფასი მაშინ გავიგე, როცა მდიდარი ევროპელების ძიძად ვმუშაობდი. მიუხედავად იმისა, რომ შეეძლოთ ყოველდღე გარეთ, რესტორანში ესადილათ და ევახშმათ, შინ ამზადებდნენ სადილებს და ეზოში მოჰყავდათ ყველაფერი. მიწაზე მუშაობას სამყაროს დიდ საჩუქრად თვლიდნენ.

გერმანიაში მიწის პაწაწინა ნაკვეთი მაინც თუ ჰქონდათ, მაშინვე რამე მოჰყავდათ. საკუთარ ეზოში მოყვანილი ხილ-ბოსტნეული დიდ ბედნიერებად, პრივილეგიად ითვლებოდა: შვილებისთვის შინ მოყვანილ პროდუქტის დამზადება, ერთად კრეფა ნაყოფის, შინ მზადება.

იტალიელს სულ რომ არ ჰქონდეს მიწა, პომიდორს აივანზე მაინც მოიყვანს, ქოთანში, თუნდაც სიმბოლურად.

თავიდან ძიძად ვმუშაობდი გერმანიაში და ამ დროს ბევრი ვიმოგზაურე ოჯახებთან და ბავშვებთან ერთად, ვნახე მთელი გერმანია, ვიყავით უამრავ სხვადასხვა კურორტზე, ყველაზე ძალიან შაბათ-კვირის კემპინგები მომწონდა.

მერე იტალიაში გადავედი, ასე დედასთან უფრო ახლოს ვიყავი. სხვადასხვა დროს ვცხოვრობდი მილანში, ბარში, ტოსკანაში, ფლორენციაში, ფრიულში, უდინესა და ვენეციაში. რამდენი ფულიც არ უნდა მქონოდა და რამდენიც არ უნდა მემოგზაურა საქართველოდან უცხოეთში, ამ გამოცდილებას ვერ მივიღებდი. როცა სხვა გარემოში ცხოვრობ, სხვანაირად ერწყმი ამ ქვეყანას და ეს ენა, ყოფა და კულტურა შენიც ხდება.

ვისწავლე გერმანული და იტალიური ენები.

ბავშვობაში სულ ვუსმენდი იტალიურ სიმღერებს და მერე, ენა რომ ვისწავლე, აღფრთოვანებული ვიყავი, თურმე ტექსტებიც რა კარგი ჰქონია ამ სიმღერებს-მეთქი, ვფიქრობდი. იტალიური ახლა ჩემთვის მშობლიურ ენასავითაა, თუმცა იტალიის სხვადასხვა რეგიონი სხვადასხვანაირად საუბრობენ, ჩემთვის ყველაზე ახლობელი სამხრეთ იტალიაა, ემოციური და მხიარული ხალხით, რომლებსაც ძალიან უყვართ სტუმრები და მისვლა-მოსვლა. სარდინიაც ძალიან მიყვარს, სადაც ხალხური სიმღერები ქართულ ფოლკლორს მაგონებდა.

სადაც არ უნდა წავიდე იტალიაში, ქალაქებში, სადაც მიცხოვრია, ყველგან თვალდახუჭულმა ვიცი სად რა ქუჩაა, სად რა ადგილია. ძალიან მიყვარს გერმანიაც და იტალიაც.

შრომა უცხოეთში ძალიან რთულია.

ყველა ემიგრანტი ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას, მაგრამ სინამდვილეში ყველა ამაზე ოცნებობს. ვიცი ემიგრაციიდან დაბრუნებული ქართველი ემიგრანტები, თითქოს დაბრუნდნენ, საქართველოში დაქორწინდნენ, შვილები გაუჩნდათ და მერე უკან დაბრუნდნენ, ისევ ემიგრაციაში…ეს ძალიან რთულია.

როცა ემიგრაციის გზას ირჩევ, ყველაფერს გულით და დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო. ქართველ ქალებს ძირითადად მოხუცებთან გვიწევდა მუშაობა იტალიაში და ეს დიდი პასუხისმგებლობაა. შენც იცი, რომ ერთ დღეს დაბერდები, როგორც სხვას მოუვლი, შენც ასე მოგივლიან.

რა თქმა უნდა, სნეული მოხუცები რთული მოსავლელია და ამიტომაც აჰყავთ მომვლელები, კარგად მყოფისთვის მომვლელი არავის აჰყავს, ყველაფერში უნდა ჩადო გული.

ჩემს ხელში ორი მოხუცი გარდაიცვალა, ბოლომდე მათთან ვმუშაობდი, ორივე საკუთარი ბებიებივით მიყვარდა, კათოლიკეები იყვნენ, მე მართლმადიდებელი ვარ, მაგრამ დღემდე ვლოცულობ მათთვის.

ემიგრაციაში გასამდიდრებლად არ წავსულვარ, მინდოდა უცხო გარემოში მეცხოვრა, სამყარო მენახა და სხვანაირი ხალხი, სხვანაირი ქვეყნები. ამ გამოცდილებამ გაამდიდრა და გაამრავალფეროვნა ჩემი ცხოვრება, ბევრი რამ მასწავლა და შემცვალა.

გერმანიაში დისციპლინას, პუნქტუალურობას მივეჩვიე, პასუხისმგებლობის მნიშვნელობა გავაცნობიერე და ბუნებას როგორ უნდა გავუფრთხილდეთ, ამაზე დავფიქრდი.

იტალიური ჩემს მეორე ენად იქცა, ამ ქვეყნის სამზარეულო ქართულთან ერთად ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია და ეს სულ ასე იქნება. ეს წლები ჩემგან აღარსად გავა, ჩემთანაა.

ბაღდათის ეზოში, ჩვენს ბოსტანში ქინძთან და ოხრახუშთან ერთად ხარობს ბაზილიკო და როზმარინი, ეზოს ახლა ვამშვენებთ მცენარეებით და სხვა ნარგავებთან ერთად გვაქვს სიცილიური ბუგენვილია, მილანური გლიცინია და იტალიური ჯიშის ჯუჯა, ცისფერი ნაძვები“.

ქობულეთში ორსართულიანი სახლების ნაცვლად 2 კორპუსი აშენდება – მეპატრონეებს ბანკის ვალები აქვთ

„ინფორმაცია არ გაქვს, შვიდი იპოთეკარი ოჯახი ცხოვრობს მაქ. სახელმწიფომ ომი არ აღიარა და ვერ გადაიხადეს გადასახადები. გაკოტრდა ოჯახები, ართმევდა ბანკი… მე წინააღმდეგი ბევრი რამის ვარ, მაგრამ საპარკინგე ზონაც არის“…

– „თქვენი მოთხოვნა არის ის, რომ ქობულეთში არ უნდა აშენდეს არაფერი?

– „რა პასუხს გასცემთ მოქალაქეებს?“

ამ ფრაზებით დაუპირისპირდნენ ქობულეთის საკრებულოს წევრები „ოცნების“ ფრაქციიდან, კოლეგას ილონა ანანიძეს, რომელიც საკრებულოს სხდომაზე, სადაც ორი გენგეგმა განიხილეს, ამტკიცებდა, რომ „ამდენი მასშტაბური მშენებლობა ქობულეთში დაუშვებელია.“

გარდა უსაფრთხოების საკითხებისა, ურბანული პოლიტიკა, რომელსაც ქობულეთის მერია მიმართავს, სეზონური გაქირავების დროს, მეორე ზოლში მცხოვრები მოსახლეობის უსახსროდ დარჩენას განაპირობებს – ამტკიცებდა საკრებულოს წევრი სხდომაზე.

„სასტუმროები აკლებენ ფასებს სეზონურად გარკვეულ სეგმენტზე, სხვადასხვა ღირებულების მომსახურებას სთავაზობენ. ამის პარალელურად მეორე ზოლში მცხოვრებლებს, ფაქტობრივად, ჩაუკეტეს ზღვაზე გასასვლელები. ასეთ ფონზე ადგილობრივები კონკურენციას ვერ უწევენ სასტუმროებს“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა.

მხოლოდ და მხოლოდ იმ არგუმენტით, რომ აქ მცხოვრებ მოსახლეობას სახლები იპოთეკით აქვთ დატვირთული, საკრებულომ გდგ დაამტკიცა. სხდომაზე არავის უთქვამს, რომ ინტენსიური გადახვევა ქალაქის ურბანული პოლიტიკიდან, რომელსაც დამტკიცებული გენგეგმა აქვს, შეიძლება მეორე მხრივ იმავე ადამიანებისთვის აღმოჩნდეს პრობლემა, ვინც ახლა ხსნას მხოლოდ მშენებლობაში ხედავს.

რა პასუხს გასცემ მოსახლეობას? – ჰკითხეს ილონა ანანიძეს საკითხის დამტკიცების შემდეგ. მან დოკუმენტის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა.

„თუ მათ უჭირთ, არსებობს ამდენი სახელმწიფო პროგრამა და სხვანაირად დავეხმაროთ“, – შესთავაზა მან კოლეგებს, თუმცა ამაზე პასუხი არ მიუღია.

ქობულეთის საკრებულოს სხდომა

იგივე არგუმენტებით ითხოვდა მშენებლობის ნებართვას კომპანიაც.

შპს „ჯმს თაუერი 2022“-მა ქობულეთის მერიას აცნობა, რომ საპროექტო ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლების უმეტესობა „დატვირთულია ვალდებულებებით ფინანსურ ინსტიტუტებთან“, ანუ „ჩადებულია ბანკში“.

კომპანიამ სამშენებლოდ მონიშნული მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალურ გეგმაში [გდგ] დიდი ადგილი დაუთმო იმის ახნას, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ სახლების დანგრევა და ახლი მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობაა:

„…ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ემუქრებათ გამოსახლება. ისინი პრობლემის მოგვარების გზას და გამოსავალს ხედავენ მხოლოდ ინვესტიციაში, რომლის განხორციელებაც შპს „ჯმს თაუერი 2022-ის“ მეშვეობით შესაძლებელია“. 

„ბათუმელების“ მიერ შესწავლილ ნაკვეთის განაშენიანების ათეულობით დეტალურ გეგმაში მსგავსი ჩანაწერი არ შეგვხვედრია.

მერიაში წარდგენილი გდგ დოკუმენტის მიხედვით, სამშენებლო პროექტი ქობულეთის სანაპიროზე, აღმაშენებლის #301/303/305-ში სამი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს. საპროექტო ტერიტორია ერთ ჰექტრამდე ფართობს მოიცავს. მშენებლობას ორი კომპანია გეგმავს, თუმცა ქობულეთის მერიამ საკრებულოში დასამტკიცებლად განაშენიანების ერთი, გაერთიანებული, დეტალური გეგმა გადააგზავნა.

დეტალური გეგმის მიხედვით, შპს „ჯმს თაუერი 2022“ ფიჭვნარის დასახლებაში აღმაშენებლის ქუჩისა და სანაპირო ზოლს შორის არსებულ ტერიტორიას, ერთმანეთის მომიჯნავედ, 11 საკადასტრო ერთეულს აითვისებს.

მონიშნულია მიწის ნაკვეთები, რომელთა ათვისებასაც კომპანია გეგმავს

დოკუმენტში, რომელიც საკრებულოს წარუდგინეს, კომპანია განმარტავს, რომ საკვლევი არეალი მოიცავს საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ ორ გეგმარებით კვარტალს, გამწვანებულ ტერიტორიებს შორის.

კომპანიამ დოკუმენტში ასევე ხაზგასმით განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით ტერიტორიაზე დარღვეულია ამ ზოლის ფუნქციური ხასიათი.

„ზოლის ერთგვაროვან უწყვეტობას რამდენიმე ქაოსურად განაშენიანებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არღვევს“, – წერს პროექტის ავტორი.

11 საკადასტრო ერთეულზე შპს „ჯმს თაუერი 2022“ მრავალბინიანი 20-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს ერთი მიწისქვეშა სართულით. შპს „ჯეიმს თაუერი 2022“ დაგეგმილი პროექტის კოეფიციენტის გაზრდას 5.0- დან 7.0-მდე ითხოვს.

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც გდგ დოკუმენტში დასახელებული არ არის და რომლის სახელსაც ქობულეთის მერია მალავს, გვერდით მდებარე ფართობზე [6736 კვ.მეტრი] კიდევ ორი, 28 და 32-სართულიანი, მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობას გეგმავს.

მონიშნულია საპროექტო ტერიტორია

ამ ნაკვეთების მიმდებარედ 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს კიდევ ერთი კომპანია, შპს „მიმა“.

ამ კომპანიას შოთა თოლორდავა ფლობს.

საპროექტო ტერიტორია

ქობულეთში სამშენებლო მოედნის შესასვლელად იქცა კოლონადები, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს

„თანამედროვე სტანდარტების კომპლექსების ასაშენებლად“ და „ბანკის ვალებისგან თავის დასახსნელად“, – ასეთი არგუმენტებით ქობულეთის საკრებულომ გასულ კვირას კიდევ ორი განაშენიანების გეგმა დაამტკიცა. მათ შორის, ერთი მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებდა სანაპირო ზოლში.

ქობულეთის სანაპიროზე არსებულ ორსართულიან შენობებსა და გამწვანებულ ეზოებს ერთმანეთის მიყოლებით ანაცვლებს მრავალბინიანი კორპუსების პროექტები. ამ პროცესის პარალელურად, გარდა იმისა, რომ ქალაქი იერ-სახეს იცვლის, ძეგლის სტატუსის მქონე შენობებსაც კარგავს.

ქალაქი კარგავს ასევე ლანდშაფტური ძეგლის სტატუსის მქონე ბაღს იმ სახით, რა სახითაც მას სტატუსი მიანიჭეს.

კოლონადები, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს, ახლა სამშენებლო მოედნის შესასვლელია – შპს „კრისტალ ბილდინგი“ აჭარის მთავრობასთან აღებული ვალდებულებებისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ნებართვის შესაბამისად, აქ მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებენ.
კოლონადები – ქობულეთის პარკის ერთ-ერთი შესასვლელი, რომელსაც ძეგლის სტატუსი 2006 მიანიჭეს

ქობულეთის ზღვისპირა ბაღის ცენტრალურ შესასვლელში არსებულ კოლონადას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ბაღს კი საბაღე-საპარკო ხელოვნებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის ძეგლის სტატუსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ 2006 წელს მიანიჭა.

„ბაღი ზღვის სანაპიროსა და ქობულეთის ცენტრალურ, დ. აღმაშენებლის ქუჩას შორის, გარკვეულ მონაკვეთს იკავებს. გზის მხარეს ის დაახლოებით ნახევარი მეტრის სიმაღლის კედლით არის შემოსაზღვრული, ზღვის მხარეს კი გახსნილია და სასეირნო ბილიკს მიუყვება. ქუჩისკენ, ტროტუარის მიმყოლად განლაგებული კედლის ფარგლებში მოქცეულია ბაღში შესასვლელი სადა, დაბალი კოლონადა, რომელსაც მარჯვნიდან, სამთაღოვანი დამატებითი ნაგებობა (მოსაცდელი) ებჯინება. ობიექტი მასიური „ბურჯებისა“ და მათ შორის მოქცეული, დორიული კაპიტელებით დაგვირგვინებული წრიული გეგმის მქონე სვეტების მწკრივით განისაზღვრება. სადა კოლონადა, მიუხედავად მცირე ზომისა, ყურადღებას იქცევს კარგად გაწონასწორებული კომპოზიციითა და ოსტატურად შესრულებული გამოსახულებით. ბაღის ტერიტორიაზე, ძირითადად, წიწვოვანი ხეებია დარგული“ – ვკითხულობთ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს პორტალზე განთავსებულ მასალებში.

ცენტრალურ კოლონადას და მის გასწვრივ არსებულ მოაჯირს სპეციალისტები ასე აღწერენ:

„საინტერესოდ არის დაგეგმარებული. მისი კიდეები სწორხაზოვნად არის განლაგებული, ცენტრალურ ნაწილში კი ნახევარწრეს შემოხაზავს, შუაღერძზე გახსნილია. შესასვლელის წინ, კიდეების სისწორეზე აღმართულია სამი მასიური „ბურჯისა“ და მათ შორის მოქცეული ასევე სამ-სამი სვეტისაგან შემდგარი, ცალკე მდგომი ზღუდე. ნახევარწრიულად და სწორხაზოვნად განლაგებული სვეტების კუთხეებში „ბურჯები“, სხვებთან შედარებით, კიდევ უფრო მასიურია. „ბურჯების“ მასიური კიდეები თითო-თითო, დიდი ზომის რუსტებით არის დაფარული. მათ თავზე კი, რამდენიმე საფეხურიან კვარცხლბეკზე დეკორატიული ქოთნებია მოთავსებული, რომელთან ნაწილიც განადგურებულია.

ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო [სავარაუდოდ ფოტო ასახავს 2006 წლის მდგომარეობას, როცა კოლონადებს ძეგლის სტატუსი მიანიჭეს, ხოლო ბაღს ლანდშაფტური ძეგლის სტატუსი.
ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

ქალაქის სხვა ნაწილში ისტორიული ღობე ჯერ კიდევ შემორჩენილია, თუმცა არ ვიცით აქვს თუ არა ძეგლის სტატუსი ამ ნაწილში არსებულ შესასვლელებს, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩა, ისინი სამშენებლო ღობეებად არის გამოყენებული.

 

ასეთი ღობეები მშენებლობის გაჭიანურებასთან ერთად წლობით რჩება, რაც ქალაქის იერ-სახეს ამახინჯებს, ქვის ძველ კონსტრუქციას კი აზიანებს.

ვერც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში და ვერც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ვერ გვიპასუხეს, ვის აქვს ვალდებულება აღებული ძეგლების კონტროლზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ შენობების მიმდებარედ მშენებლობა იწყება.

ისევ მოუვლელი და მიტოვებულია ე.წ. ეფენდიევის ვილაც, ქობულეთში აღმაშენებლის #568-ში. ეს სახლი იმ შენობების ჩამონათვალში იყო, რომლის რეაბილიტაციაც ფონდ „ქართუს“ უნდა დაეფინანსებინა. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა 2019 წელს განაცხადა. 

ქობულეთი, აღმაშენებლის #568, ეფენდიევის ვილა.

სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, რესტავრაციის პროექტი შეისყიდეს და მესაკუთრეს უსასყიდლოდ გადასცეს. მესაკუთრემ სახლის შენობის პროექტის შესაბამისად რესტავრაციის ვალდებულება აიღო, თუმცა არ დაუსრულებია, მოაწყო მხოლოდ ინტერიერი. ფასადის რეაბილიტაციის ნებართვის მისაღებად კი სააგენტოსთვის ჯერ კიდევ არ მიუმართავს.

„ქალბატონი სალომე რომ მოსულიყო, ნაკლებს ილაპარაკებდა“ – რეპორტაჟი საკონსტიტუციოდან

„არსებობდა კონკრეტული ფაქტორები“, – საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსაც კი არ უთხრა მთავრობის წარმომადგენელმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა კონკრეტული მიზეზი: რის გამო უთხრეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უარი ევროპელ ლიდერებთან ვიზიტებზე.

დღეს, 3 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე განიხილა. არსებითი განხილვის სხდომა ხვალ კითხვა-პასუხის ეტაპიდან გაგრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლომ 14 ოქტომბრამდე უნდა დადოს თავისი დასკვნა: დაარღვია თუ არა კონსტიტუცია სალომე ზურაბიშვილმა, როცა ის მთავრობის უარის მიუხედავად, ევროპაში მაინც წავიდა. ამის შემდეგ შეუძლია პარლამენტმა იმპიჩმენტის საკითხს კენჭი უყაროს.

„მინდა, ვიცოდე, რა იყო რეალური საფუძველი, როცა პრეზიდენტს უარი უთხარით“, – მთავრობის წარმომადგენელს მიმართა მოსამართლე მანანა კობახიძემ და იქვე დასძინა, რომ ირაკლი კობახიძესაც უსმენდა, როცა აღნიშნა, ეს მთავრობის კონსტიტუციური დისკრეციაა და მთავრობას არ აქვს ვალდებულება ახსნას, რატომ ეუბნება პრეზიდენტს უარს საგარეო ურთიერთობაში წარმომადგენლობაზე.

მთავრობის წარმომადგენელს, ვახტანგ ბაჩიაშვილს დამატებით არაფერი განუმარტავს, მას უხერხულობა უფრო სხვა ნაწილში დაეტყო. მას სხდომაზე მყოფი ირაკლი კობახიძის მიშველებაც დასჭირდა.

„მაგალითად, ტელეფონზე რომ დაურეკოს პრეზიდენტს უცხოელმა კოლეგამ, რა უნდა იყოს პროცედურა, რომ ჯერ ეს თქვენთან უნდა შეთანხმდეს და შემდეგ გადაურეკავს?“ – იკითხა მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ.

„პროცედურულ დეტალებში შევდივართ“, – თქვა მთავრობის წარმომადგენელმა, რომელმაც მანამდე მოსამართლეებს განუმარტა, რომ სატელეფონო საუბრებიც, სადაც წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს პრეზიდენტი, მთავრობასთან უნდა შეთანხმდეს.

„მაშინ 2021 და 2022 წლებში რატომ არ მოახდინეთ რეაგირება, როცა პრეზიდენტის ვებგვერდიდანაც ჩანს ეს აქტივობა?“ – მთავრობის წარმომადგენელს მიაჩერდა ისევ მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე.

მოსამართლემ სხვადასხვა სოციალური ქსელიდან რამდენიმე შემთხვევა გაახსენა მთავრობის იურისტს, ვახტანგ ბაჩიაშვილს, საიდანაც ჩანს, რომ პრეზიდენტს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან სატელეფონო საუბრები ჰქონდა და მერე ამის შესახებ ფეისბუქშიც დაწერა.

„პრაქტიკაში არის ხარვეზი“, – მთავრობის წარმომადგენელს გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე, რაც პრეზიდენტის ინტერესების დამცველმა, მაია კოპალეიშვილმა გააპროტესტა. მან მოსამართლეებს პროცედურის დაცვისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტის ინტერესების დამცველების, ყოფილი დეპუტატის – თამარ ჩუგოშვილის და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის – მაია კოპალეიშვილის აქცენტით, საჭიროა კონსტიტუციის ლოგიკაზე მიყოლა და მიჯნის დანახვა, როცა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობას მთავრობის თანხმობა სჭირდება, მაგალითად, საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის, ან შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების წარმოების დროს.

პრეზიდენტის ინტერესების დამცველები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ პრეზიდენტი არ განსაზღვრავ საგარეო პოლიტიკას, შედეგზე მთავრობაა პასუხისმგებელი, მაგრამ პრეზიდენტი კონსტიტუციის მიხედვით სახელმწიფოს მეთაურია და ის წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. „ქართული ოცნების“ მტკიცებით კი, ნებისმიერ ეტაპზე, როცა პრეზიდენტი საქართველოს წარმოადგენს საგარეო ურთიერთობებში, ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით, მთავრობასთან უნდა იყოს შეთანხმებული.

„მაგრამ პრეზიდენტი ტყვე არ არის“, – მკაფიოდ დააფიქსირა სხდომაზე პოზიცია მაია კოპალეიშვილმა.

„მაინცა და მაინც თვითმფრინავის აფრენაა პრობლემა და სხვა ქვეყანაში გასვლა? ქვეყნის შიგნით შეხვედრებზეც ხომ წარმოადგენს პრეზიდენტი საქართველოს?“ – იკითხა თამარ ჩუგოშვილმა და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აქამდე არასდროს დაუნახავს „ოცნებას“ პრობლემა, როცა იგივე უცხოელ ლიდერებს სალომე ზურაბიშვილი, მაგალითად, თბილისში შეხვდა.

დღევანდელ სხდომაზე არაერთხელ გაჟღერდა ისიც, რომ პრეზიდენტს უცხოეთში ვიზიტებზე მას შემდეგ შეუქმნა მთავრობამ პრობლემა, როცა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ღიად გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა.

„კანონს არა აქვს ხარვეზი, მთავრობამ უნდა იცოდეს, როდის არის გამოსაცემი ბრძანება და პრეზიდენტმა მით უმეტეს იცის, ის დიპლომატია“, – ირაკლი კობახიძეს მიმართა მაია კოპალეიშვილმა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა.

„ანუ ლაპარაკი მოლაპარაკება არ არის“, – რეპლიკა ჩაურთო დიალოგში მოსამართლე მერაბ ტურავამ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.

„გეოგრაფიას მნიშვნელობა თუ არ აქვს, მიგაჩნიათ, რომ მთავრობის თანხმობა ყოველთვის სჭირდება პრეზიდენტს?“ – მთავრობის წარმომადგენელს, ვახტანგ ბაჩიაშვილს მიუბრუნდა ისევ მაია კოპალეიშვილი.

საქართველოს მთავრობის განმარტებით, პრეზიდენტს მთავრობის თანხმობის გარეშე არცერთ შემთხვევაში არ შეუძლია საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობა.

„მაგალითად, პრეზიდენტი თანხმობით წავიდა ბრიტანეთში დედოფლის დაკრძალვის ცერემონიალზე, როგორც გავიგეთ, თანხმობა იყო გაცემული“, – მთავრობის წარმომადგენელს ამჯერად თამარ ჩუგოშვილმა მიმართა. – „დავუშვათ, იქ ერთ სივრცეში მოხვდა სხვა სახელმწიფოს მეთაურებთან, მაგრამ მათთან საუბრისთვის მას თანხმობა არ მიუღია. რა ქნას გასვენებაში წასულმა პრეზიდენტმა, არ მიესალმოს?“ – ღიმილი ვეღარ შეიკავა თამარ ჩუგოშვილმა.

„ეს აბსურდია“, – გაბრაზდა მთავრობის წარმომადგენელი.

„აბსურდი თქვენი პოზიციაა“, – ემოცია აღარ დამალა პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა.

„პროტოკოლს ხომ წინასწარ ათანხმებენ?“ – მთავრობის წარმომადგენლისთვის მიშველება ამჯერად მერაბ ტურავამ სცადა. მალევე ირაკლი კობახიძეც გამოჩნდა: „ბრიტანეთში დედოფლის დაკრძალვაზე როცა იყო წასული პრეზიდენტი, მან ასევე ითხოვა პარლამენტის სპიკერთან შეხვედრა…“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„მე სულ სხვა შემთხვევა ვიგულისხმე“, – მოუჭრა ირაკლი კობახიძეს თამარ ჩუგოშვილმა.

„თქვენი წარდგინება იმდენად დაუსაბუთებელია ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, წესით არ უნდა მიეღო სასამართლოს არსებითად განსახილველად. თქვენ ვის ეუბნებით, რომ უნდა დაასაბუთოთ, როცა თქვენ არ დაასაბუთეთ?“ – „ოცნების“ ლიდერებს მიმართა მაია კოპალეიშვილმა, თუმცა ირიბად ყოფილ კოლეგებიც გააკრიტიკა – მოსამართლეები.

„ჩვენ ხომ განმწესრიგებელ სხდომაზე არა ვართ… ქალბატონი სალომე რომ მოსულიყო, უფრო ნაკლებს ილაპარაკებდა და ნაკლები ლანძღვა-გინება ექნებოდა ალბათ ამ შემთხვევაში,“ – განაწყენდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.

„პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმის“ არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში

ბსუ-ს სტატუსის აღდგენაზე 1000 სტუდენტიდან მხოლოდ 108-მ მიმართა

1000 სტატუსშეჩერებული სტუდენტიდან, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტატუსის აღდგენაზე ჯერჯერობით მხოლოდ 108 სტუდენტმა მიმართა.

როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, არც ჰქონდათ იმის მოლოდინი, რომ სტატუსის აღდგენას ყველა სტუდენტი მოინდომებდა.

რაზე შეთანხმდა ბსუ სახელმწიფოსთან? – ამ თემაზე უნივერსიტეტის კანცლერს, მერაბ დიასამიძეს ვესაუბრეთ.

  • ბატონო მერაბ, როგორც ვიცით, მთავრობამ უმაღლეს სასწავლებლებს დაგავალათ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის განულება. რაზე შეთანხმდით საბოლოოდ მთავრობასთან – ეს ვალი დაიფარება ბიუჯეტიდან, თუ, უბრალოდ, თქვენ უნდა გაანულოთ?

ის მემორანდუმი, რომელიც უნივერსიტეტებთან გაფორმდა, არ ითვალისწინებს თანხის გადახდას. თუმცა ჩვენ სტუდენტებს არაფერს ვთხოვთ, მათ გაუნულდებათ ყველა ფინანსური დავალიანება. ეს პროცედურა დავიწყეთ, ოღონდ ასეთი დათქმით, რომ სტუდენტს სტატუსის აღდგენა არ შეეძლება მანამ, სანამ მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასურის 40%-ს მაინც არ გადაიხდის.

მთავრობის ინიციატივას მხარი რომ ავუბათ, ჩვენი შიდა რეგულაციებით, წინა კვირას მივმართეთ წარმომადგენლობით საბჭოს, რომ ერთჯერადად მოეცათ უფლება, ფინანსური დავალიანების სტატუსის მქონე სტუდენტებიც აღგვედგინა და მიგვეცა მათთვის სასწავლო პროცესში ჩართვის უფლება.

სახელმწიფოსთან კი შევთანხმდებით იმაზე, რომ განათლების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად შეიმუშავებს იმ რეგულაციებს, რაც უნივერსიტეტებს დაეხმარება სტუდენტებისთვის ვალის განულებაში. ამას სჭირდება სამართლებრივი ბაზა.

  • ეს რეგულაციები ჯერ არ არსებობს?

დღე-დღეზე მივიღებთ ამ რეგულაციებს. თუმცა შეთანხმება არსებობს მემორანდუმის სახით, რომელსაც აწერენ ხელს უნივერსიტეტის რექტორები.

  • რამდენ სტუდენტს აქვს ამ დროისთვის სწავლის საფასურის დავალიანება?

1800 სტუდენტს აქვს მთლიანობაში სტატუსი შეჩერებული, თუმცა სწავლის საფასურის დავალიანება აქვს მხოლოდ ათას სტუდენტს, 1 ლარიდან 3 ათას ლარამდე.

თუმცა არიან კეთილსინდისიერი გადამხდელებიც, რომლებიც აკადემიურ შვებულებაში გავიდნენ იმის გამო, რომ ვერ იხდიდნენ სწავლის საფასურს.

  • ამ ათასიდან რამდენმა სტუდენტმა გამოთქვა სწავლის გაგრძელების სურვილი?

დღევანდელი ანუ 3 ოქტომბრის მონაცემებით, 108 სტუდენტმა მოგვმართა სტატუსის აღდგენაზე. სტუდენტებს ხვალ დღის ბოლომდე შეუძლიათ განცხადებების შემოტანა. შემდეგ უკვე ვეღარავინ დაემატება.

  • ამ ათასიდან ყველას რომ გამოეთქვა დაბრუნების სურვილი, შეძლებდა უნივერსიტეტი მათ მიღებას?

ჩვენ არც გვქონდა იმის მოლოდინი, რომ ყველა სტატუსშეჩერებული სტუდენტი დაბრუნდებოდა. არც ახლა ველით.

  • ფაქტია, რომ სურვილის შემთხვევაში ყველა სტუდენტი ვერ დაბრუნდებოდა, რადგან ბსუ-ს ხომ არ აქვს ავტორიზაციით ამდენი კვოტა მინიჭებული?

ჩვენ 8 ათასი სტუდენტის მიღების საშუალება გვაქვს. ამ ეტაპზე, აქტიური სტატუსი დაახლოებით 7 350 სტუდენტს აქვს. ესე იგი, 650 ადგილი თავისუფალი გვაქვს და შეგვიძლია ამ რაოდენობის სტუდენტების მიღება. განაცხადი კი 108 პირს აქვს შემოტანილი. ხვალამდე ეს რიცხვი შესაძლოა უმნიშვნელოდ გაიზარდოს.

თუმცა, თუ უფრო მეტი მოინდომებდა, ეს მემორანდუმი ითვალისწინებს იმას, რომ სახელმწიფო, ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრო, უზრუნველყოფდა კვოტების გაზრდას.

  • თუმცა ვიცით, რომ კვოტებს ავტორიზაციის საბჭო განსაზღვრავს და არა სამინისტრო.

მომავალ წელს გვაქვს გეგმური ავტორიზაცია და ჩვენ ათი ათას სტუდენტზე უნდა წარვადგინოთ განაცხადი.

  • გასაგებია, მაგრამ ეს იქნება მომავალ წელს და არა ახლა, როცა მთავრობამ დაგავალათ ვალების განულება.

გასაგებია, დოკუმენტურად არ გვაქვს დღეს ეს კვოტა, მაგრამ მემორანდუმში წერია, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას უნივერსიტეტებისთვის გაზარდოს კვოტა და ეს მარტივად შეიძლება. უნივერსიტეტმა შეიძლება დაჩქარებული წესით მიმართოს ავტორიზაციის საბჭოს და უთხრას, რომ გვაქვს ახალი კორპუსი, შეაფასეთ და დაგვიმატეთ კვოტები. ესეც ერთ-ერთი გზაა, პირობითად.

  • რა ფინანსური ზიანი მიადგა ვალების განულებით ბსუ-ს, შეგიძლიათ გვითხრათ. თქვენ ხომ რესურსები დახარჯეთ ამ წლებში?

ამ შემთხვევაში, ჩვენ პოზიტიურად რომ შევხედოთ, ეს არის გაცოცხლებული შემოსავალი უნივერსიტეტისთვის.

ზარალს რაც შეეხება, ინფრასტრუქტურულ ნაწილში, მაგალითად ბოლო ათი წლის განმავლობაში, უნივერსიტეტს საკუთარი ბიუჯეტიდან სადღაც 10-15 პროცენტი თუ ექნება დახარჯული, დანარჩენი მაინც ბიუჯეტიდან ფინანსდება.

თითქმის ასევეა სასწავლო რესურსებშიც.

  • ხომ არ გაქვთ მოკვლეული, სად არიან ის სტუდენტები, ვინც ვალის განულების შემთხვევაშიც ვერ ახერხებს სწავლის გაგრძელებას. როგორ პირობებში ცხოვრობენ ან ხომ არ დაუტოვებიათ ქვეყანა?

ჩვენ არ გვაქვს ამის რესურსი, რომ ეს ინფორმაცია მოვიძიოთ. ამის გარკვევა არც არის უნივერსიტეტის კომპეტენცია, ვკითხო სტუდენტს აპირებს თუ არა დაბრუნებას.

  • მაშინ როგორ აპირებთ იმ დავალიანების ამოღებას, რომელიც ვთქვათ სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში ექნება სტუდენტს, თუკი არ იცით არაფერი მათი მდგომარეობის შესახებ?

ახლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმას, რომ იმ სტუდენტებს, ვისაც აქვს სწავლის სურვილი, პროცესებს რომ არ ჩამორჩეს, მომართვის შემთხვევაში აღვუდგენთ სტატუსს დღესვე.

ვინც არ აღიდგენს სტატუსს, მაგრამ აქვს დავალიანება და წლების შემდეგ, თუკი ამის გამო შეუწყდებათ სტატუსი, ჩვენ სასამართლოს წესით მაინც ამოვიღებთ ამ ვალს.

რაც შეეხება სტატუსაღდგენილ სტუდენტებს, მათთან ახალი ხელშეკრულება 9-10 ოქტომბერს უნდა გაფორმდეს.

ბათუმსა და ხელვაჩაურში გაზი გაითიშა

კომპანია „სოკარის“ ცნობით, გაზის მიწოდება არაგეგმიურად შეწყდა ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში.

„მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, უხვი ნალექის შედეგად, დაზიანდა „სოკარ ჯორჯია გაზის“ კუთვნილი 500 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენი, რამაც გამოიწვია აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის შეზღუდვა.

კერძოდ, სრულად გაითიშა ბათუმის მუნიციპალიტეტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩაისუბანი და სოფელი სახალვაშო, ასევე დაბა ჩაქვის ნაწილი“ – აცხადებს „სოკარი“.

კომპანიის ცნობით, აბონენტებისთვის გაზმომარაგების აღდგენა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება 6 ოქტომბერს, დილის 10 საათიდან, ეტაპობრივად.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ბათუმში კიდევ 3 ქუჩაზე შეწყდება წყალი

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 3 ოქტომბერს 18:30 საათიდან 4 ოქტომბრის 03:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეეზღუდებათ შერიფ ხიმშიაშვილზე, ინასარიძესა და კობალაძის ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს.

კომპანიის ცნობით, წყლის შეწყვეტის მიზეზი უხვი ნალექის შედეგად სათავიდან წყალმომარაგების შეზღუდვაა.

ამავე თემაზე: 

ბათუმში 12-ზე მეტ ქუჩაზე წყალი შეწყდება

 

ზელენსკი ნობელის მშვიდობის პრემიის კანდიდატებს შორის ტოტალიზატორების ფავორიტია

პარასკევს, 6 ოქტომბერს ცნობილი გახდება ვინ მიიღებს ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში.

ნობელის პრემიის ვებგვერდის თანახმად, 2023 წლის მშვიდობის პრიზზე 351 ნომინანტია: 259 ფიზიკური პირი და 92 ორგანიზაცია. კანდიდატების ვინაობა შეიძლება ცნობილი გახდეს მხოლოდ 50 წლის შემდეგ, თუმცა წარმდგენებს უფლება აქვთ გაამხილონ მათ მიერ შეთავაზებული პირის ან ორგანიზაციის სახელი.

მედიის ინფორმაციით, წელს ნომინანტებს შორის არიან: უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ნატოს ხელმძღვანელი იენს სტოლტენბერგი და უკრაინული ჯგუფი, რომელიც მუშაობს საერთაშორისო ომის დანაშაულების ტრიბუნალის შექმნაზე, ასევე, რუსი აქტივისტი ალექსეი ნავალნი, ჟურნალისტი და პოლიტიკური აქტივისტი ვლადიმირ კარა-მურზა და რუსული პროდემოკრატიული ახალგაზრდული მოძრაობა „ვესნა“, კლიმატის აქტივისტები: გრეტა თუნბერგი შვედეთიდან და ვანესა ნაკატე უგანდადან, ირანელი ჟურნალისტი და ქალთა უფლებადამცველი მასიჰ ალინეჯადი და მისი მოძრაობა ჰიჯაბის ტარების წინააღმდეგ.

მედიის ცნობით, წელს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ტოტალიზატორების ფავორიტია – ათასობით ადამიანი სწორედ ზელენსკის მოგებაზე დებს ფსონს.

ტოტალიზატორების ფავორიტია, ასევე, ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი.

მიუხედავად ამისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საეჭვოა ომის პერიოდის ლიდერი გახდეს მშვიდობის პრიზის მფლობელი.

 

თბილისში სრულად ელექტრო Audi Q8 e-tron-ისა და აუდის კლუბის პრეზენტაცია გაიმართა

29 სექტემბერს თბილისში ”აუდი საქართველოს” ორგანიზებით გაიმართა აუდის კლუბისა და Audi Q8 e-tron-ის პრეზენტაცია, რომლის პარტნიორიც თიბისი დაზღვევა და თიბისი კონცეპტი იყო. პრეზენტაციის მიზანი იყო მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის ახალი მოდელის წარდგება, მისი ფუნქციებისა და შესაძლებლობების ჩვენება.

„ახალი Audi Q8 e-tron არის პროგრესული ნაბიჯი პრემიუმ ელექტრომობილების წარმოებაში – განახლებული ბატარეის ტექნოლოგიით, გასაოცარი დიზაინითა და გაუმჯობესებული მართვის დინამიკით. აუდი მომხმარებლებს, გარდა ექსკლუზიური შეთავაზებებისა, ახალ გამოცდილებებს სთავაზობს, იქნება ეს ღამით საცობებისგან თავისუფალ ქუჩებში ტესტ-დრაივი თუ დემო-რაიდები უქმე დღეებში, – აუდი საქართველო.

„თიბისი დაზღვევისთვის მნიშვნელოვანია ისეთ ბრენდთან პარტნიორობა, როგორიც აუდია და მისი მომხმარებლებისათვის საუკეთესო პროდუქტების შეთავაზება. ისინი ჩვენს ავტოდაზღვევაზე სპეციალური პირობებით ისარგებლებენ,” – თიბისი დაზღვევა.

„თიბისი დაზღვევა” ავტოდაზღვევის ლიდერი კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს მუდმივ სიახლეებს სთავაზობს და უმარტივებს ცხოვრებას მომსახურების გაციფრულებით. განვითარებული დისნტაციური სერვისებით, მათ შეუძლიათ ისარგებლონ ყვლზ სწრფ მომსახურებით.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლები, 15 ოქტომბრამდე სპეციალური შეთავაზებით -10 პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

რუსეთმა ოლექსეი არესტოვიჩზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი ძებნილთა სიაში შეიყვანა.

ამის შესახებ რუსული მედია წერს ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.

„არესტოვიჩი ოლექსეი ნიკოლაევიჩი. უკრაინელი. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, წითელწყარო. იძებნება სისხლის სამართლის კოდექსით”, – ნათქვამია მონაცემთა ბაზაში.

რუსული სახელისუფლებო მედია „ტასი“ წერს, რომ 2022 წლის 12 აპრილს ოკუპირებული დონეცკის სეპარატისტული ხელისუფლების პროკურატურამ არესტოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ექსტრემისტული აქტივობის მოწოდების გამო. საუბარია არესტოვიჩის მოწოდებაზე, უკრაინის მოსახლეობას წინააღმდეგობა გაეწია რუსული ოკუპაციისთვის.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩევლის პოსტი არესტოვიჩმა 2023 წლის იანვარში დატოვა. გადადგომა უკავშირდებოდა მისსავე გადაუმოწმებელ განცხადებას დნეპრში საცხოვრებელი კორპუსის რუსული რაკეტით დანგრევის გარემოებების შესახებ.

ღამით ბათუმში კვლავ ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი – სინოპტიკოსები

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება ხვალაც, 4 ოქტომბერს.

სინოპტიკოსების ცნობით, 3 ოქტომბერს, ღამით, ზოგან ისევ მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მათ შორის ბათუმშიც.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში 12-17 გრადუსი იქნება, დღისით კი  – 18-23 გრადუსი.

სინოპტიკოსების ცნობით, 5 ოქტომბერს ღამით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით კი – უმეტესად უნალექოდ.

5 მილიონი ლარი ქალაქის გაფორმებისთვის – ბათუმის მერია საახალწლოდ ემზადება

საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისთვის და სხვადასხვა მანათობელი კონსტრუქციების შესაძენად ბათუმის მერიამ 5 მილიონი ლარი გამოყო. ამ თანხაში შედის საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი და ასევე, სადემონტაჟო სამუშაოებიც.

„ქალაქ ბათუმში საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისთვის საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების და სხვადასხვა მოწყობილობის [თანმდევი მომსახურება მონტაჟით-დემონტაჟი] სახელმწიფო შესყიდვაზე“ ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა 5 მილიონ 159 ათასი ლარით. ამ თანხაში არ შედის გასართობი ღონისძიებები.

პირობის მიხედვით:

  • შესასყიდი მანათობელი კონსტრუქციების საგარანტიო ვადა არანკლებ 5 წელი უნდა იყოს.
  • სამონტაჟო სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით; კონკრეტულ მისამართებს და სამონტაჟო კონცეფციას ტენდერში გამარჯვებულს მერიის სამმართველო წერილობით აცნობებს.
  • სადემონტაჟო სამუშაოები უნდა განხორციელდეს 2024 წლის 15 თებერვლის ჩათვლით;
  • შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისი, ასევე დაზიანებული [რომელიც ექვემდებარება შეკეთებას შემდგომში გამოყენების შესაძლებლობით] და შემდგომში გამოსაყენებლად უვარგისი ყველა საახალწლო აქსესუარის რაოდენობრივი ჩამონათვალის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს 2024 წლის 1-ელი მარტის ჩათვლით.
  • ყველა დაზიანებული, მაგრამ რემონტს დაქვემდებარებული და შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისი საახალწლო აქსესუარის შეკეთება შემდგომი დასაწყობებით უნდა განხორციელდეს 2024 წლის 25 მარტის ჩათვლით.

რაც შეეხება ტენდერში მონაწილეობის მსურველის გამოცდილებას, მერიის სამმართველოს მოთხოვნა ასეთია:

„ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უკანასკნელი წლების განმავლობაში [2020 წლის სექტემრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე] შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები [საშობაო-საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების მიწოდება მონტაჟი, გარე განათების მონტაჟი ან/და საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმება] საერთო ღირებულებით არანაკლებ 5 მილიონი ლარის ოდენობით“.

ასეთი გამოცდილება აჭარაში ფაქტობრივად ერთ კომპანიას – „აჭარგანათებას“აქვს, რომლისგანაც ქალაქის მერიამ შარშან 968 ათას 387 ლარად საახალწლო ნაძვის ხეც შეისყიდა.

მერიის სამმართველოს სატენდერო კომისიის შესაბამის ოქმში კი, აღნიშნულია, რომ ტენდერის გამოცხადებამდე ჩაატარეს ბაზრის კვლევა, რომელსაც „2 პოტენციური მიმწოდებელი გამოეხმაურა“:

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 3 ნოემბერს დასრულდება.

გასულ, 2022 წელს, ბათუმის საახალწლოდ გაფორმებისთვის 2 მილიონამდე ლარი იყო გამოყოფილი.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

4.6 მილიონი ლარი – ახალი წლის ხარჯები აჭარაში

რა მისწერა მოქალაქემ მოსამართლეებს „პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე“

„ეს საკითხი სახელმწიფო მნიშვნელობისაა. საქართველოს საკონსტიტუციო მოსამართლეებმა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების საფუძველზე უნდა მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება,“ – მისწერა გუშინ, 2 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მოქალაქე რემზი შარაძემ „პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე“.

საუბარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე – კონსტიტუციურ წარდგინებაზე, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს ირაკლი კობახიძემ და „ოცნების“ სხვა დეპუტატებმა მიმართეს.

დღეს, 3 ოქტომბერს, საქმის განხილვას სასამართლო უკვე შეუდგა.

მოქალაქე რემზი შარაძემ „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია და ახლა ადვოკატია. რემზი შარაძემ იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავა იუსტიციის სამინისტროს მოუგო.

ამიკუსით, ანუ „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართვის უფლება ნებისმიერ პირს აქვს. ამიკუსით ყველაზე ხშირად მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს სახალხო დამცველი, თუმცა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე ამ დრომდე ამიკუსი ომბუდსმენს არ მოუმზადებია.

საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური ინტერნეტგვერდის მიხედვით, რემზი შარაძის გარდა ამიკუსით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა პარტიამ „ლელომ“ და თინათინ ერქვანიამ, პარლამენტის ყოფილმა წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში.

სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა „ქართულმა ოცნებამ“ მას შემდეგ დაიწყო, როცა პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა გადაწყვიტა.

„საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) 2023 წლის 14 სექტემბრის  N 1797 კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის  მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის საკითხზე არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი,“ – აღნიშნავს ამიკუსში მოქალაქე რემზი შარაძე:

„მე ვარ არაპოლიტიკური პირი. არც „ქართულ ოცნების“, არც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ან სხვა პარტიის მიმართ სიმპათიებით არ ვარ განწყობილი, მაგრამ  საქართველოს მთავრობის ბევრი გადაწყვეტილება მომწონს, რომელიც საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ იქნა მიღებული. ასევე, არავითარი სიმპათიებით არ ვარ განწყობილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართ. მე საქართველოში მშვიდობის და კეთილდღეობის მომხრე ვარ.

პარტია „ქართული ოცნება“ ყოველ შემთხვევისათვის თავს იზღვევს და მათთვის სანდო და სასურველი ახალი პრეზიდენტის არჩევა აქვს დასახული 2024 წლისთვის. ასევე, მათ არ აქვთ გარანტია, რომ  საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილს სააკაშვილს არ შეიწყალებს. ისინი ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამ შეიძლება საქართველოში დაძაბულობა და არეულობა გამოიწვიოს. ცნობისათვის, პირადად მე მიხეილ სააკაშვილის მიმართ უარყოფითი განწყობა გამაჩნია და ჩემი შეხედულებით ის უარყოფითი პიროვნებაა.

ჯობს, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოსახლეობას მიანდოს მათი ბედი და საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტოს, თუ ის მმართველ პარტიად ვის აირჩევს ან კოალიციური მთავრობა ეყოლება თუ არა საქართველოს,“ – წერს ამიკუსში მოქალაქე რემზი შარაძე.

„მთელს ამ პოლიტიკურ-სამართლებრივ დრამატურგიაში მთავრობის მიერ პრეზიდენტისთვის დელიქტად შერაცხული ქმედება ერთიანი პროცესის ნაწილია, რომელშიც მთავრობა ფორმალისტურად მიუდგა თავის პოლიტიკურ დისკრეციას და მისით სარგებლობისას განახორციელა თვითნებობის აქტი, რომელიც არათუ ეფუძნებოდა რეალურ სამართლებრივ საფუძველს, არამედ ეწინააღმდეგებოდა სკ-ის 78-ე მუხლს, რომლის დაცვაც ყველა სახელმწიფო ორგანოს, მათ შორის და უპირატესად საქართველოს პრეზიდენტს ავალია,“ – აღნიშნულია „ლელოს“ [გიორგი სიორიძე] მიერ მომზადებულ „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებაში.

„საპარლამენტო რესპუბლიკის საქართველოში დღეს მოქმედი მოდელი ყველაზე მეტ მსგავსებას ავლენს გერმანულ პარლამენტარიზმთან. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებანი და სტატუსი მსგავსია გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის სტატუსისა. ამიტომ, საინტერესო იქნებოდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის გერმანული გზის გაანალიზება და მხედველობაში მიღება იმდენად, რამდენადაც ის შინაარსობრივად არის ქართულ მოდელთან შედარებადი.

გერმანიაში პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის გათვალისწინებულია პოლიტიკური კომპონენტი, რომელიც გულისხმობს საკითხის აღძრას ბუნდესტაგის ან ბუდენსრატის (ფედერალური საბჭოს) წევრთა ერთი მეოთხედის ინიციატივით. პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევისა თუ დანაშაულის ჩადენის დასადგენად კი ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაა მნიშვნელოვანი, რომელიც იწვევს შედეგს: პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოსაგან განსხვავებით, გერმანიაში იმპიჩმენტის წესით არაა შესაძლებელი მთავრობის ხელმძღვანელის -კანცლერისა და მთავრობის წევრების – მინისტრების, იმპიჩმენტი…

მთავარი კითხვა არის, თუ რის საფუძველზე ეთქვა პრეზიდენტს უარი სადავო საგარეო ვიზიტების განხორციელებისას? ცნობილია, რომ სახელმწიფო ორგანოების აღჭურვა კონკრეტული უფლებამოსილებებით, მიუხედავად აღმჭურავი თუ მავალდებულებელი ნორმების მიერ გამოყენებული მსგავსი დეონტური ოპერატორებისა, არ შეიძლება განვიხილოთ სხვა სუბიექტური უფლებების, უპირატესად, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული ძირითადი უფლებების, ეკვივალენტურად.

კომპეტენციების განხორციელება ყოველთვის უნდა იყოს შებოჭილი ისეთი დაწერილი თუ წარმოებული პრინციპებით, როგორიცაა ლეგალურობა, თანაზომიერება, განჭვრეტადობა. სახელმწიფო ორგანოს მიერ უფლებამოსილების განხორციელება უნდა მოხდეს კეთილსინდისიერად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დაცვით, რათა თავიდან იქნეს აცილებული სახელმწიფო ძალაუფლებით აღჭურვილი პირისა თუ ორგანოს თვითნებობა.

თუ ადმინისტრაციულ სამართალში დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება შებოჭილია ამ პრინციპებით, კონსტიტუციური ორგანო მით უმეტეს უნდა იყოს თავისი კონსტიტუციური ფუნქციების განხორციელებისას ამ ფუნქციებით შებოჭილი (argumentum a maiore ad minus).

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი აგრეთვე გულისხმობს დისკრეციული გადაწყვეტილების დასაბუთებულობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ გადაწყვეტილებას შემზღუდველი ხასიათი აქვს. პრეზიდენტისათვის საგარეო ვიზიტებზე უარის თქმა მთავრობის განკარგულებებით არ არის დასაბუთებული. არც შემდგომ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები, რომ პრეზიდენტი თავისი საქმიანობით ხელს უშლიდა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს, გვარწმუნებს ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში:

ჯერ ერთი, პრეზიდენტის გაცხადებული კურსი სწორედ კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიზნის მიღწევაა. საპირისპიროს მტკიცების ვალდებულება სწორედ „ბრალმდებელი მხარის“ ტვირთია. ობიექტური დამკვირვებლისთვის კი ცხადი ხდება, რომ მთავრობის მიერ პრეზიდენტისთვის ვიზიტებზე თანხმობის არმიცემა, სულ სხვა მოტივით არის ნაკარნახევი:

2023 წლის აგვისტოს პერიოდში პრეზიდენტს უარი ეთქვა ისეთ ვიზიტებზე, რომელიც უკავშირდებოდა შვეიცარიაში, ქ. ბაზელში ფიროსმანის გამოფენაზე ჩასვლას და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მსოფლიო კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ სამიტში მონაწილეობას (იხ. დანართი N2). ეს ყოველივე ემთხვევა პრეზიდენტის მიერ მთავრობის საჯარო გაკრიტიკების შემდგომ პერიოდს, რაც გვაფიქრებინებს, რომ მთავრობა პრეზიდენტზე პირადი ანგარიშსწორების მიზნით ცდილობს მის ხელთ არსებული ბერკეტების და ფორმალობების გამოყენებას.

პრეზიდენტი, როგორც ზეპარტიული ფიგურა, მართალია, არ არის პარტიული პოლიტიკოსი, თუმცა ის პოლიტიკოსია. შესაბამისად, მას აქვს თავისი პოლიტიკური აზრის გამოხატვის  უფლება და იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება მთავრობისა და მმართველი პოლიტიკური ძალის კურსს, შეუძლია გააკრიტიკოს კიდეც ის.

სიტუაციურად, როდესაც პრეზიდენტი აკრიტიკებს მთავრობას, ხოლო მთავრობა ამას მის მიერ განხორციელებულ საგარეო-პოლიტიკურ კურსზე იერიშად აცხადებს, გამოდის, რომ პრეზიდენტის მიერ სკ-ის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებული ხალხისთვის მიმართვის უფლებამოსილებით სარგებლობისას, პრეზიდენტს ყოველთვის შეიძლება მთავრობის კურსის ხელის შეშლა დააბრალონ. პრეზიდენტის პოლიტიკური ავტონომიის ამგვარ შეზღუდვას კი შეიძლება უარყოფითი შედეგები მოჰყვეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ,“ – აღნიშნულია „ლელოს“ მიერ მომზადებულ მოსაზრებაში.

სუსის კადრებში არ არის დანაშაულის მტკიცებულება – საია „რევოლუციისთვის მზადებაზე“

„გავრცელებულ კადრებში არ ჩანს იმ დანაშაულის მტკიცებულება, რასაც სუსი იძიებს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნონა ქურდოვანიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე.

კადრები, რომლებიც სავარაუდოდ ერთ-ერთ ტრენინგზეა გადაღებული, სუსმა გუშინ, 2 ოქტომბერს, გაავრცელა. რა ჩანს სუსის მიერ გავრცელებულ კადრებში და რა მიზანი აქვს რეალურად ხელისუფლებას?

  • ქალბატონო ნონა, სუსი აცხადებს, რომ ორგანიზაცია „კანვას საქართველო“ ახალგაზრდებს რევოლუციური სცენარისთვის ამზადებს. იმ კადრებში ჩანს რაიმე კანონსაწინააღმდეგო?

დღეს გავრცელებულ კადრებში არ არის იმ დანაშაულის მტკიცებულება, რაზეც სუსი საუბრობს. ჩანაწერში რაც ჩანს, ეს არის ჩვეულებრივი ლექცია, სადაც ადამიანები ჰყვებიან სხვადასხვა გამოცდილების შესახებ.

ამ კადრების ავთენტურობას მე ვერ დავადასტურებ, ნამდვილად შედგა ეს ლექცია თუ არა, თუმცა მისი შინაარსი არ შეიცავს რაიმე ისეთს, რაც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით აკრძალულია.

ამ ქვეყანაში არ არის აკრძალული ლექციების ჩატარება, მათ შორის სხვადასხვა შეკრების, პროტესტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება არ წარმოადგენს დანაშაულს და თუ ეს არის „მტკიცებულება“ იმ საქმისა, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს სუსში, ეს მიანიშნებს იმას, რომ სუსს რეალურად არ აქვს არავითარი ხელშესახები მტკიცებულებები და ეს არის მორიგი მცდელობა იმისა, რომ ამით სხვა მნიშვნელოვანი საქმეები გადაიფაროს.

მაგალითად, ფარცხალაძის საქმე, რომლის შესახებაც ჩვენ ამ დრომდე არ ვიცით, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება, დაიკითხა თუ არა ვინმე ამ საქმეზე, რა პროგრესი აქვს ამ საქმის მიმდინარეობას, რა სტატუსი აქვს ფარცხალაძეს ამ საქმეში და ასე შემდეგ.

ასეთი ფაქტების გადაფარვის მცდელობაა ეს ახალი შეთქმულების თეორიის გავრცელებაც, რადგან ჩვენ არ გვინახავს იმის მტკიცებულებები არც ამ კადრებში და არც აქამდე გავრცელებულ განცხადებებში, რაც წარმოადგენს დანაშაულს.

  • როგორ ფიქრობთ, ეს კადრებიც ანტიდასავლური პოლიტიკის ნაწილია, რადგან ამ შემთხვევაშიც სამიზნე არის დასავლეთი, კონკრეტულად კი ამერიკული USAID-ი?

ეს არ არის ახალი, რომ საქართველოს ხელისუფლება და მისი ცალკეული შტოები ცდილობენ გაავრცელონ ანტიდასავლური რიტორიკა. ეს განცხადებაც შეიძლება ჩაითვალოს ამის ერთ-ერთ გამოვლინებად. ძალიან სამწუხაროა, რადგან ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი იმისთვის, რომ მივიღოთ ევროკომისიის შეფასება, თუ როგორ ვასრულებთ 12 პუნქტს.

ამიტომ, ამ ტიპის არადამაჯერებელი განცხადებები, პრესკონფერენციები, სამწუხაროდ, აზიანებს ქვეყნის მდგომარეობას და ჩვენს სვლას ევროპული სივრცისკენ.

  • ამავდროულად, ხელისუფლება ცდილობს დაასუსტოს სამოქალაქო აქტივიზმი?

რა თქმა უნდა, სამოქალაქო აქტივიზმის შესუსტებას ემსახურება ის კანონპროექტიც, რომელიც შეიტანეს პარლამენტში – ის ეხება შეკრება-მანიფესტაციების კანონში ცვლილების შეტანას, რომლითაც იზღუდება საპროტესტო აქციების დროს კარვის განთავსება.

დღეს არსებული კანონმდებლობა საკმაოდ ნათელია და რაიმე საფრთხეების შემთხვევაში ისედაც არსებობს შეზღუდვის ბერკეტები. ამიტომ, ახლა ჩანაწერები კანონმდებლობაში ფაქტობრივად გამოიწვევს იმას, რომ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდება კიდევ უფრო მეტად. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის უკუსვლა დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით და ადამიანის უფლებების მდგომარეობა ამ ქვეყანაში გაუარესდება.

  • ეს ხომ ანტიკონსტიტუციური იქნება?

გვექნება ამ კანონპროექტის შეფასება, როდესაც დეტალურად ვნახავთ და, ბუნებრივია, გამოვიყენებთ ყველა მექანიზმს, რომ ამის მიღებას შევეწინააღმდეგოთ.

თუმცა გადაწყვეტილების მიმღები პარლამენტია. სამწუხაროა, რომ ეს ხდება დაჩქარებული წესით და ეს ხდება მაშინ, როცა ძალიან ცოტა დროა დარჩენილი ევროკომისიის შეფასების გამოქვეყნებამდე. შესაძლოა ამან დააზიანოს პროცესი.

  • ხელისუფლებამ დაინახა საზოგადოების რეაქცია „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით და მაშინ ითქვა, რომ თუკი ხელისუფლება არ შეასრულებს 12 პუნქტს და ხელს შეუშლის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ის უნდა წავიდეს. ამ კადრების გავრცელება, კანონის გამკაცრება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ელის ევროპისგან უარს და ეშინია ხალხის რეაქციის?

ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ეშინია ხალხის და ისიც ვიცით, რომ შემდგომი წელი არის საარჩევნო წელი: როგორც წესი, გადატვირთულია ხოლმე პოლიტიკურად, იმართება სხვადასხვა აქცია, შეკრება და ეს ნაბიჯები, რაც ახლა იდგმება პარლამენტის მხრიდან, რომ შეზღუდონ ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში იწვევს სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას, ავიწროებს სამუშაო სივრცეს, როგორც აქტივისტებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ამით, რა თქმა უნდა, იზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლება.

შეკრების და გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს იმას, რომ ადამიანებმა თვითონ აირჩიონ რა ფორმით გამოხატონ პროტესტი, მათ შორის გამოიყენონ თუ არა კარავი.

ჩვენმა სასამართლოებმაც ცალსახად თქვეს, რომ კარვის გამოყენება შეკრების დროს არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი და მისი შეზღუდვა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს.

ეს კანონპროექტიც შეგვიძლია ჩავთვალოთ მარტის მოვლენების გაგრძელებად, როცა საზოგადოების პროტესტის შედეგად შეჩერდა რუსული კანონი. თუმცა ხელისუფლება მაინც ცდილობს სხვადასხვა კანონპროექტის სახით შემოიტანოს სამოქალაქო აქტიურობის შემზღუდავი მექანიზმები.

  • თქვენ ამბობთ, რომ არც კადრებში ჩანს დანაშაულის მტკიცებულება და არც სუსს წარმოუდგენია რაიმე დამატებით. როცა ხელისუფლება დაუსაბუთებლად სდებს ბრალს კონკრეტულ მოქალაქეებს, ორგანიზაციებს ასეთ მძიმე დანაშაულში, როგორი უნდა იყოს ამაზე სამართლებრივი რეაგირება?

მე როგორც ვიცი, ბრალდებულის სტატუსით არავინაა ამ დროისთვის. თუმცა ასეთი განცხადებებით შესაძლოა მიაყენო კონკრეტულ პირს, ორგანიზაციას რეპუტაციული ზიანი საზოგადოების თვალში.

ეს ყველაფერი არის შესაფასებელი, თუ რა კონტექსტი აქვს ამ განცხადებებს, როგორი შინაარსი აქვს და რეპუტაციული ზიანის შემთხვევაში, დავის შესაძლებლობა არსებობს.

____________________

ამ თემაზე:

რას ჰყვება მწერალი ტრენინგზე, რომელიც სუსმა სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასა

ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთი დაიტბორა

დღეს, 3 ოქტომბერს, ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთი ისევ დაიტბორა.

როგორც მოქალაქეები „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობენ, ამ დროისთვის ქალაქში გადაადგილება შეფერხებულია.

„მე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფები და ვერ გავდივარ გარეთ. ცოტა ხნის წინ იკლებდა წყლის დონე, თუმცა ახლა ისევ გაძლიერდა წვიმა და ალბათ კიდევ აიწევს წყალი“, – ამბობს ანჟელა ხაჯიშვილი.

როგორც ქობულეთის მერიაში აცხადებენ, ამ დროისთვის ისევ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაა დატბორილი. „მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და წყლის დონის მატების შემთხვევაში დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები“.

მერიის ინფორმაციით, რამდენიმე სოფელში არსებობს მეწყრის განვითარების საფრთხეც. „კონკრეტული სოფლების შესახებ ინფორმაციას ვაზუსტებთ“, – განაცხადეს მერიაში.

 

 

ბათუმში 12-ზე მეტ ქუჩაზე წყალი შეწყდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 3 ოქტომბერს, 20:00 საათამდე შესაძლოა წყლის მიწოდება შეეზღუდოთ გარკვეულ უბნებს ბათუმში.

კომპანიის განცხადებით, უხვი ნალექის შედეგად სათავიდან წყალმომარაგების შეზღუდვის გამო წყლის მიწოდება შეეზღუდებათ განთიადში, ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და ჩიხებში მცხოვრებებს.

ასევე, ბენზეში, ბარცხანაში, ჩაისუბანსა და ორთაბათუმში, გოროდოკში, აღმაშენებელზე, ანგისასა და ჰელიმიშზე, მახინჯაურსა და აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებ აბონენტებს.

პრეზიდენტი იმპიჩმენტის საქმის განხილვას არ ესწრება

დღეს, 3 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციურ წარდგინებას.

სხდომას პრეზიდენტი ზურაბიშვილი არ ესწრება.

„ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში – თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს,“- დაწერა დღეს პრეზიდენტმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში იმსჯელებენ, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც უცხოეთში გაემგზავრა მთავრობასთან შეუთანხმებლად.

მაია კოპალეიშვილი თავად არის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი, ხოლო თამარ ჩუგოშვილი საიას ყოფილი თავმდჯომარეა. ის წინა მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნების“ სიით, რომელიც შემდგომში დატოვა.

სპეციალისტები პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს კონსტიტუციის თვითნებურ განმარტებად აფასებენ.

საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის ყოფილი წარმომადგენელი თინათინ ერქვანია მიიჩნევს, რომ „საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ წამოწყებული იმპიჩმენტის პროცედურა არალეგიტიმურია, რადგან ეფუძნება კონსტიტუციის თვითნებურ განმარტებას“.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 279 440 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +360]
  • ტანკი – 4 732 ერთეული [+15]
  • ჯავშანტექნიკა – 9 008 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 6 565 ერთეული [+40]
  • MLRS – 801 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 540 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 316 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 080 ერთეული [+20]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 529 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 932 ერთეული [+23]
  • სპეცტექნიკა – 943 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 483 თვითმფრინავი
  • 250 ვერტმფრენი
  • 7 417 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 440 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 275 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 160 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 634 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 13 721 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„უკრაინელები მიადგნენ ძირითადი თავდაცვის ზღუდეს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

საქართველო ევროპის იმ 11 ქვეყანას შორისაა, სადაც ჰიპერტენზიის გავრცელების უმაღლესი მაჩვენებელია

საქართველო ევროპის იმ 11 ქვეყანას შორისაა, რომელთაც ჰიპერტენზიის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ. გლობალურ დონეზე კი ქვეყნის მაჩვენებლები საშუალოზე მაღალია – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლეს ანგარიშში წერია.

ჰიპერტენზიის შესახებ ჯანმოს გლობალურ ანგარიშის მიხედვით, ჰიპერტენზიით დაავადებული ყოველი 5 ადამიანიდან 4 არ იტარებს ადეკვატურ მკურნალობას.

ანგარიშიდან ჩანს, რომ ევროპის რეგიონში, ჰიპერტენზიის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პოლონეთში, რუმინეთსა და ბელარუსში.

ჯანმოს ანგარიში

 

ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა) მსოფლიოში ყოველ მესამე ზრდასრულ ადამიანს აწუხებს. იგი იწვევს ინსულტს, გულის შეტევას, გულის უკმარისობას, თირკმელების დაზიანებას და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს. 

ასაკმა და გენეტიკამ შეიძლება მაღალი წნევის განვითარების რისკი გაზარდოს, თუმცა ჰიპერტენზიის ძირითადი რისკ-ფაქტორებად მიიჩნევა: მარილის ჭარბი მიღება, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება და დაბალი ფიზიკური აქტივობა. 

ჯანმოს ანგარიშში ჰიპერტენზიის რისკ-ფაქტორებთან დაკავშირებით ასევე ვკითხულობთ, რომ ჯანმო ჰიპერტენზიის თავიდან ასაცილებლად მხარს უჭერს საკვებში ნატრიუმის [მარილი] შემცირებას (და კალიუმის გაზრდას), ალკოჰოლის მოხმარების შემცირებას, თამბაქოს მოხმარების უკეთეს კონტროლს, მოსახლეობისთვის ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობას და ჰაერის დაბინძურების შემცირებას/ ამ რისკის ფაქტორების კონტროლის ყველაზე ეფექტური გზებად ჯანმო ფართომასშტაბიან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებს ასახელებს.

ჯანმო: 1990 წლიდან 2019 წლამდე, ჰიპერტენზიით დაავადებულთა რიცხვი (მათ, ვისაც არტერიული წნევა 140/90 მმ ვწყ. სვ. ან უფრო მაღალი აქვს ან იღებენ ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებს) გაორმაგდა 650 მილიონიდან 1,3 მილიარდამდე. მსოფლიოში ჰიპერტონული პაციენტების თითქმის ნახევარმა ჯერ არ იცის თავისი დაავადების შესახებ. ჰიპერტენზიის მქონე მოზრდილების (78%) სამ მეოთხედზე მეტი ცხოვრობს დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში.

საქართველოს მონაცემები/ჯანმო

იმისთვის, რომ ქვეყანამ მიაღწიოს 50%-იანი კონტროლის სამიზნეს, დამატებით, ჰიპერტენზიის მქონე 364 000 ადამიანს დასჭირდება ეფექტური მკურნალობა, რითაც შესაძლებელია 2040 წლისთვის ქვეყანაში 55000-მდე სიკვდილის შემთხვევის თავიდან აცილება.

ჰიპერტენზიის პრევენცია, მისი ადრეული გამოვლენა და ეფექტური მართვა არის ერთ-ერთი ყველაზე ხარჯთ-ეფექტური ინტერვენცია ჯანდაცვის სფეროში. 

ჰიპერტენზიის მართვისას ცხოვრების წესის ცვლილებები მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საკმარისი, ამიტომ ჯანსაღი ცხოვრების წესი შეიძლება ჩაითვალოს ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებთან ერთად დამხმარე და არა ერთადერთ თერაპიად.

ანგარიშის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ ჰიპერტენზიის გავრცელების შემცირებასა და მართვაში სახელმწიფო პროგრამების როლს.

დაბალი შემოსავლების მქონე ბევრ ქვეყანაში მკურნალობის ხარჯების უმეტეს ნაწილს, მედიკამენტების ჩათვლით, ჯიბიდან იხდიან ჰიპერტენზიის მქონე ადამიანები, რომლებიც დამატებით შეიძლება ვერც აცნობიერებდნენ ამ მედიკამენტების მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიღების საჭიროებას, როდესაც დაავადება ასიმპტომურია.

„ამჟამად ერთსა და იმავე, (ძირითად) ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებს, სხვადასხვა ქვეყანაში ათი განსხვავებული ფასი აქვს, შესაბამისად ბევრ ქვეყანაში ამ წამლებში იმაზე მეტი ფული იხარჯება, ვიდრე საჭიროა“ – წერია ანგარიშში.

რატომ დავასრულე პირველი ქორწინება 28 წლის შემდეგ – 3 შვილის დედა, რომელიც უცხოეთში მუშაობს

„ისწავლე, შენი სწავლით სამსახური იშოვე და იშრომე იმისათვის, რომ შენი შვილები მისმა დედამ გაზარდოს, – ასე ვარიგებ ჩემს 22 წლის ბიჭს, რომელიც სტუდენტია და რომელიც 8 წლის იყო, როცა პირველად დავტოვე და სამუშაოდ თურქეთში წამოვედი,“ – ასე იწყებს საუბარს 57 წლის ნაზიკო გოგიტიძე.

ნაზიკო სამი შვილის დედა და 4 შვილიშვილის ბებიაა.

პირველად თურქეთში 1999 წელს წავიდა. თავიდან პერიოდულად გადადიოდა, მუშაობდა და მერე ისევ საქართველოში ბრუნდებოდა. თუმცა ერთ დღესაც დადგა ფაქტის წინაშე, რომ მისი ეს დროებითი მუშაობა ოჯახს აღარ ჰყოფნიდა. ამიტომ შვილები შედარებით ხანგრძლივად დატოვა და ოჯახში ავადმყოფის მომვლელად დაიწყო მუშაობა.

„ბავშვები რომ დავტოვე, უფროსი გოგო 18 წლის იყო, მეორე გოგო – 15-ის და ბიჭი რვა წლის. ზუსტად იმ დროს დავტოვე, როცა ძალიან სჭირდებოდათ დედა.

ჩემი პატარა ბიჭი უფროსმა გოგომ გაზარდა. დედობა გაუწია. ჩემს ბიჭს როდესაც ვეკითხებოდი უფრო მეტად რომელი გიყვარს-მეთქი, არჩევანს ვერ აკეთებდა. მე რა დონეზეც ვუყვარდი, იმ დონეზე თავისი და უყვარდა. დედის როლი რომ შეასრულა, ალბათ იმიტომ-მეთქი, ასე ვფიქრობ,“ – იხსენებს ნაზიკო გოგიტიძე.

ნაზიკოს ისტორია ათასობით სხვა ქალის ისტორიას ჰგავს. იმ ქალების, რომლებმაც 90-იან წლებში ოჯახის გადამრჩენელის როლი მოირგეს და სამუშაოდ უცხო ქვეყნებს მიაშურეს.

ნაზიკომ სამი შვილი, როგორც ახლა ამბობს, „შვილების მამასთან დატოვა“ და სამუშაოდ წავიდა.

„როცა თურქეთში წავედი, მაშინ პირველ ქორწინებაში ვიყავი. არ მინდა ჩემი შვილების მამაზე ცუდი რამ ვთქვა, მაგრამ იყო უპასუხისმგებლო. ხვალ რა უნდა გვეჭამა ან რა უნდა გვესვა, ამაზე არ ფიქრობდა. მე როგორც დედა, მაქსიმალურად ვცდილობდი შვილები მშიერი არ დამრჩენოდა. თავდაპირველად, ჩემი მშობლები მეხმარებოდნენ, შედარებით ახალგაზრდები იყვნენ. მერე ისინიც დაბერდნენ. აღარ შეეძლოთ მუშაობა. ამიტომ იძულებული გავხდი მე მეფიქრა ოჯახზე.

თავიდან ჩემი შვილების მამაც გადმოდიოდა, ცოტა-ცოტა მეხმარებოდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ემიგრაცია იძულება იყო. დავუტოვე ბავშვები მამას და წამოვედი სამუშაოდ.

 თურქეთში რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ დავინახე, რომ სულ ფულს ითხოვდა. შვილებზე მეტად საკუთარ თავზე ფიქრობდა. არ ვიცი, ჩემი ბრალი იყო თუ, უბრალოდ, ასეთი პიროვნება იყო… არ ვიცი.

გადავწყვიტე, თუ ვიმუშავებ, შვილებისთვის ვიმუშავებ და არა იმ ადამიანისთვის, რომელიც ამდენი წელი ჩემი ქმარი იყო, მაგრამ არაფერი არ გაუკეთებია იმისათვის, რომ ჩემი შვილები დედას გაეზარდა და მას ეზრუნა ჩვენზე, მას ებრძოლა, მას ეშრომა. ამიტომ, პირველ ქორწინებას 28 წლის შემდეგ წერტილი დავუსვი.

პირველ რიგში შვილებს ვუთხარი, მე ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, თქვენ რას იტყვით-მეთქი. შვილებმა მხარი დამიჭირეს.

თან განქორწინებამდე სულ ჩხუბი გვქონდა. ვეუბნებოდი – წადი ჩემსავით, იშრომე ფიზიკურად, არაფერი არ გჭირს. მე თუ ვშრომობ შვილებისთვის, შენც წადი, იშრომე…

შუათანა გოგომ სწავლა მომთხოვა. უფრო ბევრი ხარჯი მქონდა, მეტი ფული იყო საჭირო. სოფლიდან ქალაქში ჩავედით. ქალაქში ბინა არ მქონდა, ქირა იყო საჭირო. ქალაქში შვილები მერჩინა და სოფელში ქმარი, ამდენი აღარ შემეძლო“, –  იხსენებს ნაზიკო გოგიტიძე საკუთარ ამბავს.

ნაზიკო გოგიტიძე

ნაზიკო საბჭოთა კავშირში დაიბადა. სკოლა რომ დაამთავრა, გადაწყვიტა პიონერხელმძღვანელი გამხდარიყო და შესაბამის ტექნიკუმში გაიარა სასწავლო კურსი. როცა კომუნისტური რეჟიმი დაემხო და საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, ნაზიკოს სამსახური გაუქმდა. ნაზიკო დიასახლისი გახდა.

ქორწინება 90-იან წლებში, სამი შვილის გაჩენა და შემდეგ უკვე ოჯახის შიმშილისგან გადამრჩენელის როლის მორგება – მუხლჩაუხრელი შრომითაა სავსე 57 წლის ქალის ბიოგრაფია.

ნაზიკო გოგიტიძე თავის პირველ სამსახურს იხსენებს, როცა თურქეთში, ერთ-ერთ ქალაქში მძიმე ავადმყოფის მოვლას დათანხმდა. სანამ ნაზიკო სამუშაოდ მივიდოდა, ოჯახს რამდენიმე მომვლელი ჰყავდა გამოცვლილი. მუშაობის დაწყებიდან ხუთი დღის შემდეგ ოჯახის უფროსმა ქალმა ნაზიკოს შენიშვნა მისცა იმის გამო, რომ ფანჯრის დაკეტვა დაავიწყდა.

„როდესაც სამუშაოდ მივდიოდი, შვილებს ვუთხარი: დედა, მე ახლა მივდივარ, ბევრ ფულს მოგიტანთ, სასმელი, საჭმელი რაც გინდათ, ყველაფერს მოგიტანთ, არაფერი მოგაკლდებათ-მეთქი.

როცა მუშაობის დაწყებიდან მეხუთე დღეს მეპატრონემ უსამართლო შენიშვნა მომცა, ძალიან გამიჭირდა. მახსოვს, ავადმყოფის ოთახში, რომელსაც ვუვლიდი, სარკე იყო. მივედი ამ სარკესთან, ვიყურებოდი და ვტიროდი. თან ვამბობდი – რა საქმე გაქვს აქ ნაზიკო? რას აკეთებ? წადი, ცარიელი ჩაი დალიე და შვილებთან იყავი. მაგრამ იმ წამში, მეორე მე მეუბნებოდა – შენ ხომ შვილებს დაჰპირდი, რომ საჭმელს და ჩასაცმელს მიუტანდი? ახლა რომ მე აქედან ცარიელი წავიდე, შვილები რას მეტყვიან? როგორ ავუხსნა მათ? რომ ვიღაცამ შეურაცხყოფა მომაყენა და ამის გამო დავტოვე სამსახური?

რომ მითხრან, დედა, მოგეთმინა და ჩვენთვის ფული მოგეტანა, მერე რა ვქნა? ეს ორი მე ერთმანეთს ეჩხუბებოდა. ბოლოს იმ მემ გაიმარჯვა, რომელიც დედა იყო და სამი შვილი ჰყავდა მშიერი.

ჩემს თავს შემოვძახე, დაუმტკიცე ნაზიკო ამათ, რომ შენ ხარ კარგი, შენ ეს შეგიძლია და შეურაცხყოფის ღირსი არ ხარ. იმის შემდეგ 15 წელი გავიდა. გეფიცებით, არ ვტრაბახობ, ისეთი ნდობა მოვიპოვე, დღესაც მკითხულობს ის ოჯახი. მერე ჩემი შვილებიც კი გაიცნეს“, – ჰყვება ნაზიკო გოგიტიძე.

რატომ დავასრულე პირველი ქორწინება 28 წლის შემდეგ – 3 შვილის დედა, რომელიც უცხოეთში მუშაობს

ნაზიკოს ორი შვილი დაქორწინებულია და თავადაც შვილები ჰყავთ. უმცროსი ბიჭი უნივერსიტეტში სწავლობს.

„მინდა, ჩემს შვილს ვასწავლო, რომ ამით გადავარჩინო. სწავლის დასრულების მერე რაღაცა სამუშაო ნახოს და იმუშაოს. ოღონდ მარტო ბიჭს არ ვეხმარები. გათხოვილ გოგოებსაც ვეხმარები. წინა დღეს ჩემი გოგო გადმოვიდა, სასკოლოდ უნდოდა შვილებისთვის რაღაცები. ბევრი რამე ჩემი მაღაზიიდან მივეცი, ბევრში თანხა გადავიხადე – პროდუქტი, ტანსაცმელი ვუყიდე. მეორე გოგოსაც მაქსიმალურად ვეხმარები. აქედან ტანსაცმელი გადამაქვს, პროდუქტი და ფულითაც ვეხმარები.

მყავს 87 წლის დედა, რომელსაც პენსია არ ჰყოფნის. 4 წამალია, რომელიც სულ უნდა მიიღოს. აქ ვყიდულობ წამალს და ვუგზავნი, პროდუქტსაც. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყველას ხელი შევუწყო. საქართველოში ძნელია ცხოვრება, ამიტომ ჩვენ, დედები მაქსიმალურად ვცდილობთ, შვილების საკეთილდღეოდ ყველაფერი გავაკეთოთ,“ – ამბობს ნაზიკო გოგიტიძე.

„ასე მგონია, ჩვევად გვექცა სხვების დახმარება“

ნაზიკო გოგიტიძე მიიჩნევს, რომ წვლილი, რომელიც საზღვარგარეთ სამუშაოდ წასულმა ქალებმა საქართველოს განვითარებაში შეასრულეს, ჯერ არც შესწავლილია და, შესაბამისად, არც დაფასებული.

ნაზიკოს თქმით, ამ ქალებმა ჯერ გააჩინეს შვილები და შემდეგ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ეს შვილები გადაერჩინათ – მიეცათ საკვები და განათლება. თუმცა იმის გამო, რომ წლების გასვლასთან ერთად ქვეყანა ვერ განვითარდა და ვერ შეიქმნა მოქალაქეებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობები, 90-იანების ემიგრანტ ქალებს ისევ უწევთ უწყვეტ დახმარების ციკლში ჩართვა.

„როგორაა იცით? ჩვენი დროის ქალები უკვე შვილიშვილებზე გადავედით. ჩვენს შვილებს არ აქვთ ის ძალა, ის მდგომარეობა, რომ დახმარების გარეშე გაზარდონ თავიანთი შვილები.  ჩვენ, ქალებს უკვე ჩვევად გვექცა, მთელი ცხოვრება, ცხოვრების ბოლო წუთამდე, შვილიშვილებისთვის და კიდევ მათი შვილებისთვის უნდა ვიმუშაოთ.

სიმართლე თუ გაინტერესებთ – წავიდე, ცოტახანს დავისვენო, მეყო – ეს არასდროს არც კი გამიფიქრია. იქ, საქართველოში რომ მივდივარ, ვხედავ უფულობას, უმუშევრობას. ვფიქრობ – ჩემი ფული რომ მოაკლდებათ, მერე გაუჭირდებათ.

ნაზიკო მეორედ დაქორწინდა. მისი მეუღლე ლაზია. ნაზიკოს ახლა თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, ქემალფაშაში, მაღაზიისთვის ფართობი აქვს ნაქირავები და ტანსაცმლით ვაჭრობს. მაღაზიის გამართვაში მეუღლე დაეხმარა.

„ვმუშაობ იმისათვის, რომ აქ აღებული ყველა თეთრი ჩემს შვილთან მიდის. რომ ჩემმა შვილმა ისწავლოს და მერე სამსახური იპოვოს. ჩემს ბიჭს სულ ვეუბნები – შვილო, შენ იმუშავე და შენი შვილები მისმა დედამ გაზარდოს. როგორც შენ მეუბნები ხოლმე – დედა მაკლია, შენმა შვილებმაც იგივე არ თქვან-მეთქი. უმამობა შეიძლება, მაგრამ უდედობა საშინელებაა. 22 წლისაა და მაინც მეუბნება – სულ მაკლიხარო.

ყველაფერს ვაკეთებ, რომ განათლება მივცე და მერე სამსახური იპოვოს. უნივერსიტეტის გადასახადი გავუგზავნე. რამდენიმე დღის წინ ჩემი შვილის დაბადების დღე იყო და არ გადავსულვარ. მირჩევნია აქ რაღაცა ფული შევაგროვო და ის კარგად იყოს, ვიდრე მის დაბადების დღეზე გადავიდე. ვუთხარი – როდესაც გადმოვალ, მაშინ იქნება შენი დაბადების დღე-მეთქი,“ – ამბობს ნაზიკო.

ქემალფაშა

ქემალფაშაში ასობით ქალია დასაქმებული, რომლებიც ყოველდღიურად გადადიან თურქეთში სამუშაოდ. ქალების სამუშაოს ართულებს გზა, რომლის გავლაც მათ უწევთ სამსახურამდე. დაუსრულებელი რიგი სარფის საბაჟოზე და რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა.

„სკოლის დაწყების წინა პერიოდში საშინელება იყო. საათობით იჭყლიტებოდნენ ქალები რიგში, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდნენ ადრე გადმოსულიყვნენ. აქედანაც რიგი უწევდათ, რადგან როცა უკან მიდიოდნენ, ეს ხალხიც მაშინ მიდიოდა და რიგი იყო. ალბათ სახლში მისულები ვერაფერს აკეთებდნენ.

ძალიან ძნელია ასე შრომა. ზოგი ქალი აქ რჩება ქირაში, შედარებით იაფია, კვებაც, ქირაც. ამიტომ აქ ურჩევნიათ – ფული გზაში არ დაგვეხარჯოს და იქით გავაგზავნოთო.

კიდევ რას აკეთებენ იცი? სამი თვე რომ არ ამოეწუროთ, ამისათვის ღამის 11 საათზე გადადიან, ერთ საათს სარფში ჩერდებიან და ახალი დღე რომ იწყება, ღამის პირველ საათზე გადმოდიან, რომ დღე არ ჩაეთვალოთ თურქეთში ყოფნად,“ – ამბობს ნაზიკო გოგიტიძე.

ნაზიკოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქალებს, უზარმაზარი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში, ზუსტად იმ შრომის გამო, რასაც წევენ, ნაკლებად არიან ჩართული პოლიტიკაში.

„დილას რომ აქ ქალი მოვა და მერე უკან გადავა, იმას პოლიტიკაზე ფიქრი არ შეუძლია. ერთი სული აქვს ჭამოს, სვას და დაიძინოს, რომ დილას ისევ ადგეს, რომ ისევ იგივე საქმე გააკეთოს.

სახელმწიფოს როლი ნულია ემიგრანტებთან მიმართებაში. სახელმწიფოს ურჩევნია ჰყავდეს ემიგრანტები და არ შეწუხდეს,  ვიდრე ქვეყნის შიგნით იყვნენ ისინი და მოაზროვნე ხალხმა ხმა აიმაღლოს.

მე ასე მგონია, სახელმწიფომ ყველა საზღვარი იმისათვის გახსნა, რომ ყველა საღად მოაზროვნე წასულიყო, რადგან დაბეჩავებული ხალხი ადვილი სამართავია.

დრო საკუთარ თავზე ფიქრისთვის

„ადრე თუ 100%-ით ჩემს შვილებზე ვფიქრობდი, ახლა 70 %-ს ვფიქრობ და 30 % გამოვყავი საკუთარი თავისთვის“, – ამბობს ნაზიკო.

ნაზიკოს თქმით, ამაში წვლილი მის მეუღლეს მიუძღვის.

„მთელი ცხოვრება სხვაზე გიფიქრია – დედა, მამა, ძმა, შვილები, შვილიშვილები. შენი თავი საერთოდ დავიწყებული გყავსო – მითხრა ჩემმა მეუღლემ.

ჩემს წარსულს რომ გადავხედავ, იმდენი გამიკეთებია, ჩემი თავი საერთოდ არ შემბრალებია. გამიხარჯია ბოლომდე. ბოლომდე მიბრძოლია. ახლაც ვიბრძვი.“

უკანონო კაფე ქობულეთის პლაჟზე მერიასთან ახლოს – როგორ მუშაობენ მუნიციპალიტეტში

ქობულეთის პლაჟზე, თამარ მეფის #52-ის გასწვრივ, ბეტონის ხიმინჯები ჩამოასხეს, შემდეგ ერთსართულიანი ღია ვერანდა მოაწყვეს და შუშით შეფუთეს. მშენებლობის დასრულების შემდეგ აქ კაფე გახსნეს, რომელიც ახლაც ფუნქციურია.

მერიის ინფორმაციით, უკანონო კაფე ქობულეთის სანაპიროზე ალბერტ ხინიკაძეს ეკუთვნის.

ამ კაფეს ქობულეთის ბულვარში, სასეირნო ბილიკის ნაწილი აქვს დაკავებული.  მშენებელმა კაფეს, რომელიც ტროტუარზე ჰქონდა მოწყობილი, ფაქტობრივად, პლაჟის მხრიდან ვერანდა მიადგა ისე, რომ პლაჟზე ჩასასვლელიც ჩაკეტა.

თამარ მეფის #52 ქობულეთის მერიიდან 10 წუთის სავალზეა. მიუხედავად ამისა, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უკანონო მშენებლობა ვერ აღკვეთა.

ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკანონო შენობასთან დაკავშირებით, სადაც კაფე „პაპალო ქობულეთი“ ფუნქციონირებს, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გამოსცა დადგენილება დემონტაჟის თაობაზე, თუმცა კაფე ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას.

პრესსამსახურში განმარტეს, რომ მშენებელმა ზედამხედველობის დადგენილება მერთან ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა. მერს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

უკანონო მშენებლობა ამ კაფეს გვერდითაც წამოიწყეს. მერიის ინფორმაციით ამ შემთხვევაში ილია მეგრელიძემ მოაწყო ბეტონის ხიმინჯები და ჩამოასხეს იატაკი, თუმცა ამჯერად მშენებელს სამუშაოების შეჩერება მოუწია. ქობულეთის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოცემულია დადგენილება დემონტაჟზე, თუმცა დემონტაჟი ჯერ დაწყებული არ არის.

ორივე შემთხვევაში მშენებლებს პლაჟზე ტერიტორია საიჯარო წესით აქვთ აღებული, თუმცა სამშენებლო ნებართვა არ მიუღიათ და პლაჟზე ბეტონის კონსტრუქციის მოწყობა უკანონოდ დაიწყეს.

ქობულეთის პლაჟზე სხვა კაფეებიც არის, თუმცა მათი უმეტესობა აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნას პლაჟზე მშენებლობის მასშტაბის თვალსაზრისით.

არამხოლოდ პლაჟზე, ქობულეთის სანაპიროსთან ახლოს აქტიური სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს. ორსართულიანი საცხოვრებელი სახლების დემონტაჟის ხარჯზე ახალ, მრავალბინიან კორპუსებს აშენებენ.

„ბათუმელებმა“ გასულ კვირას 30-მდე სამშენებლო მოედანი გადაიღო, მათ შორის არც ერთს არ ჰქონდა განთავსებული საინფორმაციო დაფა. არც იქვე მყოფმა კომპანიის წარმომადგენლებმა შეიწუხეს თავი იმისთვის, რომ დასმულ კითხვებზე ეპასუხათ და მოეწოდებინათ მინიმუმ ის ინფორმაცია, რაც კანონით საინფორმაციო დაფაზე უნდა იყოს განთავსებული.

რას ჰყვება მწერალი ტრენინგზე, რომელიც სუსმა სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასა

„თუ სახელმწიფოს შეუძლია იკადროს და 30 ადამიანს, 30 ხელოვანს დააბრალოს რევოლუციის, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, ესე იგი, მათ ყველაფრის კადრება შეუძლიათ“, – ამბობს მწერალი, რეჟისორი ივა ფეზუაშვილი „ბათუმელებთან“.

„ბათუმელები“ ივა ფეზუაშვილს იმ კადრებზე ესაუბრა, რომელიც დღეს, 2 ოქტომბერს, სუს-მა გაავრცელა. სუს-ი მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ ტრენინგზე, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ჩატარდა, სამოქალაქო აქტივისტებს „რევოლუციური სცენარისთვის“ ამზადებენ.

ტრენინგს მხოლოდ ხელოვანები ესწრებოდნენ.

  • ივა, როგორ მოხვდით ამ ტრენინგზე და რა მოისმინეთ სინამდვილეში, რას შეეხებოდა ტრენინგის თემა?

ამ ტრენინგზე USAID-მა მიმიწვია და პირველ რიგში, ამ ორგანიზაციის მიმართ ჩემი ნდობა იყო მონაწილეობის მიზეზი.

თემა, რა თქმა უნდა, იყო არაძალადობრივი პროტესტის შესახებ.

მაგალითად, მე წარმოვადგენ მწერლებს, ხომ?! მაგრამ ლიტერატურის სფეროში რაც ხდება, შესაძლოა ფართო საზოგადოებისთვის ეს იმდენად არ იყოს საინტერესო. მაგალითად ის, კინოცენტრში დირექტორი არჩევნების წესით დაინიშნება თუ პირდაპირ კულტურის მინისტრი დანიშნავს. ამიტომ ამ ტრენინგზე მოვისმინეთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მიაწოდო ეს ამბავი საზოგადოების ფართო ნაწილს და გააგებინო, რატომ არის ეს პრობლემა.

ვუყურეთ დოკუმენტურ ფილმს მარტინ ლუთერ კინგის შესახებ და ძალიან კარგი იქნებოდა, სუს-ის კამერა პროექტორისკენაც მიეტრიალებინათ, რადგან ბევრს სასარგებლო ინფორმაციას გაიგებდნენ.

ჩვენ, ხელოვანები, მართლა იმაზე ხომ არ ვდავობთ, მაგალითად, ივა ფეზუაშვილის წიგნი დაიბეჭდება თუ არა, ან ითარგმნება თუ არა. სინამდვილეში ჩვენ გვინდა ხალხს გავაგებინოთ, რომ ცენზურასთან გვაქვს საქმე. თუ ამ ეტაპზე მათი ტროლ-ბოტების პირით გვამადლიან, რომ „რა გინდათ, ხომ იბეჭდება ყველა წიგნი“, ხვალ თუ მე ჩემს წიგნში ვილაპარაკებ ყველა იმ პრობლემაზე, რაც ქვეყანაშია და თუ ამ წიგნის თარგმანის ბედი უნდა გადაწყვიტოს პარტიის მიერ დანიშნულმა ადამიანმა, ის ხომ არასდროს არ თარგმნის ამ წიგნს, არა?!

აი, ამაზეა საუბარი, რომ ეს გავაგებინოთ საზოგადოებას.

  • ამ ტრენინგზე კულტურის სფეროს წარმომადგენლები იყავით მხოლოდ?

დიახ.

აბსურდული და სამარცხვინოა ეს [სუსის] განცხადება. ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლება ამას ჰქონდეს არის ის, რომ შეგვეშინდეს. მე მეშინია იმის, რომ თუ დღეს შეუძლიათ რეჟისორს, მწერალს, კინომცოდნეს და მსახიობს კამერა დაუმონტაჟონ და უთვალთვალონ, ესე იგი ხვალ ბელარუსში ან რუსეთში გავიღვიძებთ.

მაგრამ მე ვარ ძალიან ოპტიმისტი ადამიანი, გულწრფელად მჯერა მშვიდობიანი პროტესტის და მჯერა, რომ ყველაფერი არჩევნებით უნდა შეიცვალოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ჯერ კიდევ გვაშორებს რაღაც ნაბიჯები ზემოთ ნახსენებ ქვეყნებს.

  • სუს-ი ხშირად ახსენებს ოქტომბერ-ნოემბერში „დაგეგმილ არეულობას“. თქვენი აზრით, რას უკავშირდება ეს?

ის ვიცი, რომ ოქტომბერში არის ფრანკფურტში წიგნის ფესტივალი და ნოემბერში რა ხდება არ ვიცი. არჩევნებიც არ არის წელს, ხომ?!

  • არჩევნები არა, მაგრამ წლის ბოლოს ველოდებით ევროკავშირის პასუხს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ფიქრობთ, რომ ხელისუფლება უარყოფით შეფასებას ელოდება და ამიტომ ეშინია ხალხის რეაქციების?

არ ვიცი ამაზე რა გიპასუხოთ, თუმცა ვიცი ერთი რამ, რომ ევროპული მომავალი არის ის, რაზეც ამ ქვეყნის მოქალაქეების 95 პროცენტი ოცნებობს და თანხმდება, რომ გვინდა ევროპაში. ამიტომ ძალიან მეეჭვება, ამის გადაფარვა შეძლონ ამ ტყუილით, რასაც დღეს მთელი დღეა ვისმენთ. თუ ასე ალაგებენ, არა მგონია, კარგი მარკეტინგი იყოს მათთვის.

  • რა მიზანი აქვს ხელისუფლებას ამ ტიპის თავდასხმებით, რისი მიღწევა სურს?

ამ შემთხვევაში, არა მგონია, რომ სამიზნე მხოლოდ კულტურის სფეროს წარმომადგენლები ვიყოთ, დასავლურ ორგანიზაციებთან ბრძოლას უფრო ჰგავს ეს ყველაფერი და მეორე, თუ ხელოვანები გაერთიანდნენ და რაღაც აქტივიზმი დაიწყეს, რატომ უნდა მიიყვანონ ეს ყველაფერი უფრო მეტ თავის ტკივილამდე? როცა შეიძლება ბარემ აქვე ააგორონ შავი პიარი ჩვენს წინააღმდეგ.

  • ფიქრობთ, რომ წულუკიანის ხელი ჩანს ამ ყველაფერში?

ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მე, პირადად, ეს ტრენინგები ნამდვილად დამეხმარა იმის გააზრებაში, თუ რატომ არის წულუკიანის მინისტრობა პრობლემა.

როცა თეა წულუკიანმა დაიწყო ყველა სსიპ-ში, მწერალთა სახლში, კინოცენტრში, მუზეუმებში რეპრესიული პოლიტიკა, ჩემი პირველი რეაქცია იყო, რომ წულუკიანი უნდა გადადგეს. თუმცა ამას არ ვამბობდი ხმამაღლა.

ჩვენ ხომ არ გვეგონა, რომ საყდრისის ამფეთქებელ მინისტრზე უარესი მინისტრი მოვიდოდა?! მაგრამ მოვიდა.

ამ ტრენინგების მერე მივხვდი, რომ სინამდვილეში წულუკიანის წასვლა ამ პროცესის ნაწილია მხოლოდ. კულტურის პოლიტიკა ისე უნდა მუშაობდეს, რომ არასდროს, არავის არ შეეძლოს ძალაუფლების ისეთი უზურპაცია, როგორც თეა წულუკიანმა შეძლო.

ამიტომ ასეთი ტრენინგები გეხმარება პრობლემის უფრო ნათლად დანახვაში და გააზრებაში.

  • როგორც ვიცით, გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ უცხოელი ტრენერები. ტრენინგის მონაწილეები ხომ არ დაუბარებიხართ? და რა მოლოდინი გაქვთ, როგორი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ამ ამბავს?

არა, ჩვენ არ დაგვკავშირებიან. თუმცა ბუნებაში არ არსებობს სახელმწიფო გადატრიალების გეგმა. ყოველ შემთხვევაში, კულტურის სფეროს ხალხში და იმ ხალხში, ვინც იქ ვიყავით.

ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. ახალი ამბავიც კი ერთ დღეზე მეტი აქტუალური აღარ არის.

ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ ასე იქნება. ერთი-ორი დღე გაგვაშავებენ, შემდეგ, როცა რაიმე კრიტიკული განცხადებები იქნება ჩვენი მხრიდან, მაშინ გავახსენდებით.

და ეს იქნება.

აქციის დაგეგმვას რომ დავიწყებთ, ან სადმე აქციაზე თუ გამოვალთ, დაქოქავენ სამთავრობო მედიას, რომ საკუთარი სფეროს წარმომადგენლებიც კი, რომლებიც შეიძლება ბოლომდე კარგად არ გიცნობენ, არ გენდობოდნენ და ეგონოთ, რომ მართლა რევოლუციონერი ხარ.

არადა, მე პირადად, მშვიდობიანი პროტესტის გარდა არაფრის მჯერა.

ვფიქრობ, ეს რეპრესიები არის იმის გაგრძელება, რაც რუსულ კანონს უნდა გაეკეთებინა და რაც ვერ გაიტანეს პარლამენტში მოსახლეობის პროტესტის გამო.

ასევე, ეს ყველაფერი არის დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ, რადგან ყველამ ვიცით, რომ დასავლელი პარტნიორები ტყუილის ტირაჟირებისთვის არავის აფინანსებენ, გეხმარებიან, რომ ქვეყანა უფრო განვითარდეს და დემოკრატიის გზით წავიდეს.

დემოკრატია კი პირველია, რაც არ უყვართ ავტორიტარულ რეჟიმებს და დღეს ჩვენ თითქმის ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ.

დამახინჯებულ და ტყუილზე აგებულ დღის წესრიგს ქმნიან სახელისუფლებო მედიები, ამიტომ ამის საპირისპიროდ ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ ძალიან, ძალიან ფხიზლად ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ყველაფერი, რასაც ესენი ამბობენ, უდიდესი ტყუილია.

რადგან, თუ სახელმწიფოს შეუძლია იკადროს და 30 ადამიანს, 30 ხელოვანს დააბრალოს რევოლუციის, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, ესე იგი მათ ყველაფრის კადრება შეუძლიათ.

_________________________

ფოტოზე: ივა ფეზუაშვილი. კადრი პირველი არხის გადაცემიდან.

ბათუმის მე-4 და მე-5 სკოლის მოსწავლეებს 4 სკოლაში გადაანაწილებენ – ტენდერი ტრანსპორტირებაზე

ბათუმის მე-4 და მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას, დროებით, სხვადასხვა სკოლის შენობებში გააგრძელებენ. მიზეზი მე-4 და მე-5 სკოლის შენობებში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია – ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს აქვს გამოცხადებული.

ჯამში 2 400-მდე მოსწავლის ოთხი სხვადასხვა სკოლის შენობაში ტრანსპორტირებაზე ტენდერი აჭარის განათლების სამინისტრომ გამოაცხადა.

ორი თვის [44 სასწავლო დღის] განმავლობაში მოსწავლეთა ტრანსპორტირებაში სამინისტრო მაქსიმუმ 387 ათას 950 ლარს გადაიხდის [ტენდერი ამ თანხითაა გამოცხადებული].

მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები დროებით, ბათუმის 27-ე და 26-ე საჯარო სკოლის შენობებში გააგრძელებენ სწავლას, მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეები კი – ორთაბათუმისა და ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის შენობებში.

მოსწავლეთა ტრანსპორტირების სავარაუდო ვადად სამინისტროს 2023 წლის 30 ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი [44 სასწავლო დღე] აქვს მითითებული. თუმცა, სატენდერო განაცხადში აღნიშნულია, რომ „ტრანსპორტირების დაწყების თარიღი წერილობით ეცნობება მიმწოდებელს“ [ტენდერში გამარჯვებულს].

ბათუმის რესურსცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოსწავლეთა ტრანსპორტირების დაწყება დამოკიდებულია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერების შედეგებზე: „როცა ფონდი ხელშეკრულებებს გააფორმებს და გვეტყვიან თარიღს, რომ სკოლის შენობები გამოვათავისუფლოთ, ამის მიხედვით ვიმოქმედებთ“.

მოსწავლეთა ტრანსპორტირებაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყება და 10 ოქტომბერს დასრულდება.

მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ორი ლოკაციიდან წაიყვანენ:

  • უშუალოდ მე-4 სკოლიდან 27-ე საჯარო სკოლაში და უკან [სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ] და
  • ბესიკის ქუჩიდან [ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან] – 26-ე საჯარო სკოლაში და უკან.

მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი, ტრანსპორტი რამდენიმე ლოკაციაზე მოემსახურება:

  • ორთაბათუმის საჯარო სკოლამდე მოსწავლეებს წაიყვანენ და უკან დააბრუნებენ შემდეგი ადგილებიდან: სახელმწიფო ანსამბლი „არსიანის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან; მე-5 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან; ახალშენის მეურნეობიდან; ახალშენის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან და ბონის სამხედრო დასახლების მიმდებარე ტერიტორიიდან.
  • ქვემო ახალშენის საჯარო სკოლაშიც მოსწავლეებს იგივე ლოკაციებიდან წაიყვანენ, თუმცა, აქ დამატებულია კიდევ ერთი ადგილი – საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია.

მოსწავლეების წაყვანის და წამოყვანის დროები, მარშრუტებისა და მოსწავლეთა რაოდენობების მიხედვით, გაწერილია ტენდერში, რომელიც, სამინისტროს განცხადებით, შესაძლებელია დაკორექტირდეს/დაზუსტდეს ხელშეკრულების გაფორმების პროცესში.

ამასთან, პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა „უნდა უზრუნველყოს ტრანსპორტირებისას თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის დაზღვევა არანაკლებ 1 500 ლარის ოდენობით“.

რაც შეეხება მე-4 და მე-5 საჯარო სკოლების შენობების რეაბილიტაციას:

ბათუმის მე-4 სკოლის შენობის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში, დღევანდელი მდგომარეობით, გამარჯვებული გამოვლენილია. ეს არის შპს „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუს“, რომელთანაც დაგეგმილია ხელშეკრულების გაფორმება 4 606 174 ლარზე.

სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა ორ პრეტენდენტს: შპს „მანე ლუქსის“ [შეთავაზება 4 713 935 ლარი] და შპს „ტექნიკა ონლინს“ [4 699 997 ლარი].

მუნიციპალური განვითარების ფონდს ტენდერი 4 926 650 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. სამუშაოების დაწყების შემთხვევაში სად გაგრძელდებოდა სასწავლო პროცესი, გადაწყვეტილი არ იყო, თუმცა, ერთ-ერთ ვარიანტად ხელვაჩაურის სოფელ ორთაბათუმის სკოლა განიხილებოდა.

ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი კი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.

ამ სკოლის რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდს სამი კომპანია სთავაზობს:

Horasan Taahhüt ve İnşaat Anonim Şirketi [11 568 024 ლარად], შპს „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუს“ [9 902 400 ლარად] და სააქციო საზოგადოება „მეთაგ ინშაათ თიჯარეთის ფილიალი საქართველოში“ [9 546 331 ლარად].

მე-5 სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი ფონდს 10 664 649 ლარით ჰქონდა გამოცხადებული:

მე-4 და მე-5 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულებების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს.

ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, აჭარის განათლების სამინისტროს ამჯერად მოსწავლეთა ტრანსპორტირებაზე ტენდერი მხოლოდ მიმდინარე სასწავლო სემესტრისთვის აქვს გამოცხადებული. მომდევნო სემესტრში მოსწავლეთა ტრანსპორტირებაზე კი, ტენდერს შემდეგ გამოაცხადებენ.

 

როცა ხელის თითებს ვერ შლი, მკურნალობის რა გზა არსებობს? – ინტერვიუ ქირურგთან

დიუპიუტრენის კონტრაქტურა – ასე ეწოდება დაავადებას, რომელიც იწვევს ერთი ან მეტი თითის მოხრას ხელისგულზე. დაავადების დროს დაზიანებული თითები სრულად ვეღარ იშლება.

„ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ქირურგი შალვა გლახოშვილი ამბობს, რომ შორსწასული ფორმების დროს ოპერაციული ჩარევაც მეტ ძალისხმევას მოითხოვს და რეაბილიტაციის პერიოდიც ხანგრძლივდება. ზოგიერთი კვლევა ამ მდგომარეობას აკავშირებს ხელით შესრულებულ მძიმე ფიზიკურ შრომასთან.

  • ბატონო შალვა, რა მდგომარეობაა ეს, როგორ ვითარდება?

ეს არის ძირითადად ხელგულის აპონევროზის პრობლემა. 

აპონევროზი ეწოდება ხელის გულს შიგნით არსებულ დამცავ, თხელ ფენას, რომლის ფიბროზული ქსოვილით, ანუ ნაწიბუროვანი გადაგვარების გამო, ვითარდება მკვრივი ჭიმები, ზოლების სახით, რომელიც შემდეგ ქაჩავს თითებს, ხრის მათ და ვითარდება მოხრითი კონტრაქტურა [ცალკეული კუნთის ხანგრძლივი, ტონური, უნებლიე შეკუმშვა], რის გამოც პაციენტს უჭირს თითების გაშლა.

ხელისგულის აპონევროზი მდებარეობს კან-ცხიმოვანი ქსოვილის ქვეშ, ნერვულ-სისხლძარღვოვან კონამდე და ასრულებს მის დამცავ ფუნქციას.

  • რა იწვევს ამ ქსოვილის გადაგვარებას?

გადაგვარება შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო მოხდეს. შეიძლება ეს იყოს დაზიანება, შეიძლება იყოს ხანგრძლივად მიმდინარე ანთებითი პროცესი ხელისგულში. რისკფაქტორია მძიმე ფიზიკური შრომა ან სპორტული საქმიანობა, მაგალითად, ჩოგბურთი. ასევე, რისკჯგუფს შეიძლება წარმოადგენდნენ IT სპეციალისტები და ადამიანები, რომელთაც მუდმივად მაუსზე აქვთ ხელი, რა დროსაც მუდმივი ზეწოლა ხდება ხელისგულზე, ეს მიკროანთებით პროცესებს წარმოშობს, იზღუდება ხელის მოძრაობა, ნელ-ნელა იხრება თითები და მერე სრულად ვეღარ შლის პაციენტი ხელს, რადგან ყალიბდება მკვრივი მასა – ზოლი/ჭიმი.

რბილი ხელისგულის მიდამოში მკვრივი ჭიმების გაჩენა ადვილად შესამჩნევია, ხელის მოსმის დროს იგრძნობა მკვრივი ზოლები, რომლებიც მიუყვება თითებისკენ; შეიძლება ერთ თითზე იყოს, თუ შორსწასულია, შეიძლება რამდენიმე თითი მოიცვას.

დამატებითი რისკფაქტორები MayoCLinic-ის მიხედვით: გენეტიკური წინასწარგანწყობა; დიაბეტი; თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება; ყველაზე ხშირად ვითარდება 50 წლის შემდეგ; კაცებს მეტი რისკი აქვთ ამ მდგომარეობის განვითარების, ვიდრე ქალებს; კაცებში დაავადების პროგრესირება შესაძლოა მოხდეს უფრო სწრაფად, ვიდრე ქალებთან.

  • ტკივილი ახასიათებს?

ახლავს – თუ ეს ფიბროზულად გადაგვარებული ქსოვილი აწვება ნერვულ დაბოლოებებს, იქ, სადაც თითის ნერვები, საერთო ნერვები გადის; შეიძლება ტკივილი არც იყოს, გააჩნია სტადიას.

პირველ სტადიაში რბილი ჭიმებია და პრაქტიკულად ამოძრავებს პაციენტი, მაგრამ ოდნავ უჭირს, ნელ-ნელა, მესამე-მოთხე სტადიაზე უფრო და უფრო მაგრდება, ხელისგულში ყალიბდება უხეში, მკვრივი, ნაწიბუროვანი ქსოვილი და თითები შეიძლება სრულად მოიხაროს.

  • როგორია მკურნალობა?

საწყის ეტაპზე, ქირურგიულ ჩარევამდე, ფიზიოთერაპიის ფონზე შეიძლება მედიკამენტების შეყვანა ხელისგულში, რისი მიზანიცაა დროებით შეაჩეროს, შეანელოს პროცესი, მაგრამ როგორც წესი, ბოლოს მაინც ქირურგიულ ჩარევამდე მივდივართ.

ქირურგიული ჩარევის დროს გააჩნია რომელი ხარისხის დაზიანებაა. პირველი-მეორე ხარისხის დაზიანების დროს უფრო ადვილია ჩარევა, როგორც ტექნიკურად, ისე რეაბილიტაციის მხრივაც.

მესამე-მეოთხე სტადიაზე ცოტა უფრო რთული პროცესია, რეაბილიტაციაც ხანგრძლივია. საქმე ის არის, რომ როცა სრულიად მოხრილია თითები, კანიც იჭმუხნება, დაპატარავებულია და აღარ ჰყოფნის [თითებს გასაშლელად], ამიტომ ამ დროს ოპერაცია როგორც ამ გადაგვარებული აპონევროზის სრულად მოშორება/ამოღებას, ისე ხელისგულის და შეიძლება თითების მიდამოში კანის პლასტიკასაც (რაც შეიძლება გადანერგვასაც მოიცავდეს) საჭიროებდეს. 

თუ დიდი ხნის განმავლობაში არ მიმართა პაციენტმა ექიმს, იკეტება ფალანგების სახსრები, იგივე ანკილოზი. როცა ძალიან გვიან მოდის პაციენტი, ნაწიბურები რომც მოაშორო, სახსარი უკვე ჩაკეტილია და თითს მაინც ვერ გაშლის. იმისთვის, რომ შედეგი დადგეს, სახსრის პლასტიკა ცალკე უნდა გააკეთო და ხელოვნური სახსრები უნდა ჩასვა.

Mayoclinic: თუ თქვენ გაქვთ მსუბუქი დუპუიტრენის კონტრაქტურა, შეგიძლიათ დაიცვათ ხელები შემდეგი გზით: თავიდან აიცილეთ ხელსაწყოების უხეში სახელურების დაჭერა, დაამაგრეთ მათზე რბილი იზოლაცია; ხელით მძიმე სამუშაოს შესრულებისას გამოიყენეთ ხელთათმანები სქელი საფენებით.

რატომ არ სრულდება ველობილიკების მოწყობის გეგმა, რომელიც 1 წლის წინ დაამტკიცეს

ბათუმის ქუჩების რეაბილიტაციისთვის ყოველწლიურად ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება. მიმდინარე პროექტები ველობილიკების მოწყობას არ ითვალისწინებს, მაშინ, როცა ქალაქის ველოსტრატეგია უკვე დამტკიცებულია.

მომავალში ველო-ქსელის მოწყობისას, რეაბილიტირებული ქუჩები ხელახლა უნდა გათხარონ, რომ ველობილიკები მოაწყონ? – ვკითხეთ მერიის შესაბამის სამსახურს, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „love to ride – Batumi“-ის დამფუძნებელი, ანა ნიქაბაძე გეგმის განხორციელებას ეჭვქვეშ აყენებს. მისი თქმით, მერია ველოგადაადგილების გეგმის გვერდის ავლით მოქმედებს, როცა ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ველობილიკის გათვალისწინების გარეშე ყიდულობს. ცხადია, შემდეგში შესაბამის სამუშაოებსაც მათ გარეშე უკვეთს და ახორციელებს.

ანა ამის საილუსტრაციოდ ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს ასახელებს.

„ბათუმში არსებული ველობილიკები არ იძლევა საშუალებას, რომ „ა“ წერტილიდან „ბ“ წერტილში ველოსიპედით შეუზღუდავად გადაადგილდე. ამიტომაც ითვალისწინებს სტრატეგია პირველადი ქსელის მოწყობას. პირველად ქსელში მოიაზრება ის ქუჩები, რომლებსაც ველოინფრასტრუქტურა არ აქვთ, მაგალითად, ბაგრატიონის ქუჩაზე ახლა მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი. თავის მხრივ ეს ქუჩა შედის ამ სტრატეგიის პირველად ქსელში.

აქ არ მოაწყვეს ველობილიკი. ქსელის შექმნა წარმოუდგენელია, თუ პირველად ქსელში შესული ქუჩების რეაბილიტაციისას,  ბათუმის მერია არ გაითვალისწინებს, გვერდს აუვლის ველოგადაადგილების გეგმას. ჩვენ მერიამ ამ ქუჩის გეგმები მოგვაწოდა, რაც განვიხილეთ სამუშაო ჯგუფში და ვთქვით, რომ არ აკმაყოფილებს სტანდარტს, რომლითაც გენერალური გეგმა იქნება გათვალისწინებული“, – ამბობს ანა.

ქალაქის ველოგადაადგილების გენერალური გეგმა ბათუმის საკრებულომ 2022 წლის 31 ოქტომბერს დაამტკიცა. მასზე  მუნიციპალიტეტის ველომომხმარებელთა ადგილობრივი ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) რეგიონული პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

ამ დროისთვის ბათუმში 26 კმ სიგრძის ველოინფრასტრუქტურაა, რომელიც ძირითადად ზღვისპირა პარკისა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილს მოიცავს.

გეგმა ქალაქს სთავაზობს ბათუმში 66 კმ სიგრძის პერიფერიული ქსელის დაგეგმვას, ველოინფრასტრუქტურის დიზაინის პროექტის ჩათვლით.

შემოთავაზებული ქსელი მთელ ქალაქს მოიცავს და ეფუძნება დაცული ველობილიკებს – ველოსიპედით მოძრაობის სამანქანო მოძრაობისგან სტრუქტურულად განცალკევებულია. შემოთავაზებული ველოქსელების ღირებულება დაახლოებით 3.1 – 5.2 მილიონი ლარია.

გეგმის მიხედვით, მთლიანი ქსელის მოწყობისთვის მუშაობა მომავალი წლიდან დაიწყება და 2025-2030 წლებში დასრულდება. დაფინანსებისა და განხორციელების საკითხებზე ბათუმის მერიამ უნდა იმუშაოს.

ანა ნიქაბაძის ინფორმაციით, ველოგადაადგილების გეგმის დამტკიცების შემდეგ შეიქმნა ჯგუფი, რომლის მიზანიც ამ გეგმის განხორციელების მონიტორინგია. ჯგუფში მერიის სამსახურების უფროსების მოადგილეები და მერიის სხვა წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ.

სტრატეგია ითვალისწინებს ასევე ველოკოორდინატორის დანიშვნას, რომელიც სამუშაო ჯგუფის მუშაობას უხელმძღვანელებდა. მერიამ ეს ფუნქცია მოქმედ თანამშრომელს შეუთავსა.

ველოგადაადგილების დამტკიცებული გენგეგმის მიხედვით, ქსელის არსში უკეთ წვდომის მიზნით, ბათუმის მარშრუტიზებული ქსელი დაყოფილია პირველად და მეორად კატეგორიებად. პირველადი ქსელი არის ბათუმში ველოსიპედის ქსელის განვითარების პირველი და ყველაზე კრიტიკული ეტაპი, ხოლო მეორადი ქსელი შედგება დამატებითი საგზაო კავშირებისაგან, რომლებიც შეიქმნება შემდგომ ეტაპზე.

როგორ მოვამზადოთ კანი შემოდგომისთვის?

ჩვენი სხეულის კანს ყოველ სეზონზე განსხვავებული მოვლა ესაჭიროება. შემოდგომის  მოახლოებასთან ერთად, იკლებს ტემპერატურა, ამიტომ დროა კანისა და თმის მოვლის რუტინა ხავერდოვან პერიოდს მოვარგოთ და განვაახლოთ.

გარდამავალ სეზონზე კანის მოვლის პირველი ნაბიჯია სიღრმისეული გაწმენდა, რისთვისაც შეგვიძლია გამოვიყენოთ დეტოქს ნიღაბი. ამ საშუალებით ჩვენს კანს გავასუფთავებთ დაბინძურებისგან, დავარეგულირებთ ცხიმის გამოყოფას და ფორებიც ნაკლებად შესამჩნევი იქნება.

 

Caudalie – კოდალი Vinergetic ნიღაბი

დეტოქს ნიღაბი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის. ნიღაბი ასუფთავებს კანს დაბინძურებისგან, არეგულირებს ცხიმის გამოყოფას კანზე, ავიწროვებს ფორებს. შეიცავს ვარდისფერ თიხას, კოფეინს. 100% დეტოქს ეფექტი. ვეგანური პროდუქტი. არ შეიცავს სილიკონს, პარაბენს და ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს. გამოყენების წესი: გამოიყენება კვირაში 2-ჯერ. დაიტანეთ ნიღბის თხელი ფენა გასუფთავებულ სახის კანზე, გაიჩერეთ 5-10 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.

რუჯის გადასვლასთან ერთად, შესაძლოა პიგმენტაციის დარღვევამ იჩინოს თავი, რისგან გასათავისუფლებლადაც სასურველია ვიტამინი C-ს შემცველი პროდუქტები ჩავსვათ ყოველდღიურ რუტინაში. არ დაგავიწყდეთ, რომ C ვიტამინის გამოყენების შემთხვევაში, დღის რუტინა უნდა დასრულდეს მზისგან დამცავი საშუალებით.


SVR – ესვიერი ვიტამინ C შრატი Ampoule Anti-Ox

აღმდგენი კონცენტრატი სახის ბრწყინვალებისთვის და ნაოჭების კორექციისთვის. ოპტიმზირებული 20% ვიტამინი C შრატი მატებს კანს ბრწყინვალებას, ხსნის დაღლილობის ნიშნებს და ასწორებს ნაოჭებს. ვიტამინი C – არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, აფერხებს დაბერების პროცესს და მატებს კანს ერთგვარ ფერს. ახდენს ბუნებრივი კოლაგენის გამომუშავებას კანზე, დღითიდღე კანი იდეალურ მდგომარეობაშია, ტონიზირებულია და ბრწყინვალე. ყოველდღიური გამოყენების შემდეგ კანის ტონუსი უფრო მომატებულია, ხოლო დაბერების ნიშნები შემცირებული. ვიტამინ C ათეთრებს კანს, აუფერულებს პიგმენტურ ლაქებს და ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს. არაკომედოგენური. გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალება დილით ან/და საღამოს, დამოუკიდებლად ან კრემთან ერთად.

შემოდგომის დადგომასთან ერთად, თამამად შეგვიძლია რეტინოლის გამოყენება! რეტინოლი ა ვიტამინის ფორმაა, რომელიც ასაკობრივ ნიშნებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. მისი გამოყენება შესაძლებელია 26 წლიდან. ის ემატება თავის მოვლის საშუალებებს, რათა ხელი შეუწყოს კანის განახლებას, აკნეს ალაგებას, კოლაგენისა და ელასტინის წარმოქმნას.

რეტინოლი ასევე მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი – კანს ეხმარება, თავიდან აიცილოს თავისუფალი რადიკალებით დაზიანება, რაც დაბერების ხილული ნიშნების აღმოცენებას იწვევს. ძლიერი მოქმედებიდან გამომდინარე, თავდაპირველად გამოიყენება კვირაში მხოლოდ ერთხელ და შემდეგ სურვილისამებრ, იზრდება ინტენსივობა. ამ შემთხვევაშიც, დღის რუტინა სრულდება მზისგან დამცავი საშუალებით.

 

SVR – ესვიერი ვიტამინ A შრატი Ampoule Lift

ვიტამინი A ძირითადი ინგრედიენტია შრატში, გამოყენებულია ორი ფორმით, სუფთა და კაფსულირებული რეტინოლი. საშუალება მოქმედებს კანის ყველა ფენის უჯრედზე და აუმჯობესებს მას. გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალება გასუფთავებულ სახის, ყელისა და დეკოლტეს არეზე ერთხელ დღეში. საკმარისია რამდენიმე წვეთის დატანა კრემამდე ან კრემში მათი გარევა. არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ორსულობის დროს.

შემდეგი ნაბიჯია დამატენიანებელი საშუალების გამოყენება, რომელიც დაგვეხმარება, რომ აღვადგინოთ კანის ბალანსი და მოვემზადოთ სუსხიანი დღეებისთვის. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ჰიალურონის შემცველი პროდუქტები. ჰიალურონის მჟავა ყველა ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივი კომპონენტია. იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც წყლის მოლეკულასთან ერთად წარმოქმნის გელს, რაც მატებს კანს სიმკვრივესა და ელასტიურობას.

 

Esthederm – ესტედერმი სახის კრემი ჰიალურონი INTENSIVE HYALURONIC CREME

ესტედერმის მიერ შექმნილი უნიკალური პატენტი INTENSIF HYALURONIC® – წარმოადგენს 3 განსხვავებული ზომის ჰიალურონის მჟავას მოლეკულას, რომელიც საშუალებას აძლევს მას შეაღწიოს კანის ღრმა ფენებში და უზრუნველყოს უჯრედების მომარაგება წყლით, რის შედეგადაც კანი ხანგრძლივი დროით დატენიანებულია და უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. გამოყენების წესი: დაიტანეთ სუფთა სახისა და ყელის კანზე, დილას ან საღამოს. სასურველია მისი გამოყენება INTENSIVE HYALURONIC შრატთან კომბინაციაში.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თვალის გარშემო კანი ყველაზე თხელია, მზის სხივების ზემოქმედების შემდეგ, ყველაზე მეტად შრება და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. ასევე, ტუჩებიც, მარილიანი ან ქლორიანი წყლის ზემოქმედება, აშრობს და ქერცლავს ტუჩის ზედაპირს, ამიტომ აუცილებელია მისი სწორი მოვლა.

 

Algologie – ალგოლოჟი Presquile თვალის და ტუჩის კრემი

ძლიერმოქმედი ბალზამი რბილი ტუჩებისა და ბრწყინვალე თვალებისთვის. 3 in 1 საშუალება, რომელიც ხელს უწყობს მუქი წრეების, შეშუპებისა და ნაოჭების შემცირებას. ეფექტურია როგორც თვალის, ასევე ტუჩის კონტურის ზონებზე გამოსაყენებლად. შემადგენლობა: ალგო 4® ექსკლუზიური ბიო-მიმეტიკური კომპლექსი, რომელიც დატვირთულია ორი ძირითადი ინგრედიენტით: ზღვის კრიტმუმის ექსტრაქტი კანის უჯრედების სტიმულირებისთვის, და უნდარია პინატიფიდას ღეროვანი უჯრედები კანის უჯრედების ბუნებრივი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. გამოყენების წესი: ნაზად დაიმასაჟეთ თვალისა და ტუჩის კონტურის მიდამოებში დილით ან/და საღამოს. შედეგი: შემცირებული ნაოჭები, დასვენებული და ახალგაზრდული იერი, გასწორებული ტუჩის კონტური.

კანის მოვლის ბოლო ნაბიჯია მზისგან დაცვა. მზე დიდ ზიანს აყენებს კანს, ამიტომ კოსმეტოლოგები და დერმატოლოგები ხაზს უსვამენ მზისგან დამცავის გამოყენების აუცილებლობას ნებისმიერ სეზონზე. და რადგან შედარებით გრილ სეზონებზე მჟავების და აქტიური კომპონენტების გამოყენებას ვიწყებთ, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ კანის დაცვას.

შემცირებული ინტენსივობის მზის სხივები არ გულისხმობს ფოტოდაზიანების ნაკლებ ალბათობას, ამიტომ მზისგან დამცავის გამოყენება კვლავ ყოველდღიურად საჭიროა.


Martiderm – მარტიდერმი მზისგან დამცავი ფლუიდი SPF50 MINERAL D

თხევადი ტექსტურის სახის მზისგან დამცავი ფლუიდი შექმნილია ექსკლუზიურად ფართო სპექტრის მინერალური ფილტრებით, რათა უზრუნველყოს ოპტიმალური, ყოვლისმომცველი დაცვა (UVA, UVB, IR და ლურჯი შუქი) მგრძნობიარე კანისთვის. შეიცავს დამატენიანებელ, ანტიოქსიდანტურ და პრებიოტიკურ აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებიც აძლიერებენ კანის ბუნებრივ დამცავ მექანიზმებს. არ შეიცავს ქიმიურ ფილტრებს. არ წვავს თვალებს. წყალგამძლე. გამოყენების წესი: დაიტანეთ მზეზე გასვლამდე 30 წუთით ადრე და გაიმეორეთ ხშირად, განსაკუთრებით ოფლიანობის, ცურვის შემდეგ.

 

ბულგარეთმა აკრძალა რუსული სანომრე ნიშნებით მანქანების შესვლა

ბულგარეთმა 2 ოქტომბრიდან ქვეყანაში რუსული ნომრის მქონე მანქანების შესვლა აკრძალა.

ამის შესახებ ბულგარეთის სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ანტონ ზლატანოვმა განაცხადა.

ბულგარეთში შესვლის აკრძალვა ვრცელდება რუსული ნომრების მქონე მსუბუქ და სატვირთო მანქანებზე.

მსგავსი ზომები ადრე შემოიღეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ფინეთმა, რომლებიც ესაზღვრებიან რუსეთს. შეზღუდვა დაწესებულია ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საფუძველზე.

აკრძალვის შემოღებამდე რუსეთიდან ბულგარეთში სახმელეთო გზით მოხვედრა თურქეთის ტერიტორიის გავლით იყო შესაძლებელი.

ბათუმში ჰაერის ტემპერატურა 18-23 გრადუსია – სანამდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 ოქტომბრის 21 საათიდან 2 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა – ზოგან ძლიერი, ელვა-ჭექა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან გაძლიერდება – 17-22 მ.წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +23 გრადუსია. მოსალოდნელია 4-5-ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 4 ოქტომბერს გამოიდარებს, თუმცა გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, 10 ოქტომბრამდე ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

გზის შეკეთებაზე 330 ათასი ლარის უკანონოდ დაუფლებისთვის 4 პირი ამხილეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე მხილებულია 4 პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო უწყების დაკვეთით, ტენდერში გამარჯვების შედეგად, ბრალდებულის მმართველობის ქვეშ მყოფ კომპანიას უნდა უზრუნველეყო სამეგრელოს რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება.

2021-2022 წლების პერიოდში ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შეადგინა შესრულებული სამუშაოების ამსახველი ყალბი აქტები ე.წ. ფორმა N2-ები, რომლებშიც გაზრდილი იქნა შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რა გზითაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ჯამში 330 097 ლარს“ – აცხადებს საგამოძიებო უწყება.

სამსახურის ინფორმაციით, „გამოძიების პროცესში ასევე დადგინდა, რომ სამუშაოების შესრულების ხარისხსა და მოცულობაზე კონტროლის მიზნით, დამკვეთმა დაიქირავა სპეციალისტები, რომლებმაც თავის მხრივ, არ განახორციელეს შესაბამისი რეაგირება კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან არსებულ დარღვევებზე, რითაც მას საშუალება მიეცა უკანონოდ დაუფლებოდა სახელმწიფო თანხებს“.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 180-ე, 182-ე, 220-ე და 332-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

„გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

ფოტო: საგამოძიებო სამსახური

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 2 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 279 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +510]
  • ტანკი – 4 717 ერთეული [+15]
  • ჯავშანტექნიკა – 9 000 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 6 525 ერთეული [+48]
  • MLRS – 801 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 540 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 316 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 061 ერთეული [+18]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 529 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 909 ერთეული [+26]
  • სპეცტექნიკა – 938 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 2 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 483 თვითმფრინავი
  • 250 ვერტმფრენი
  • 7 359 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 439 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 266 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 159 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 623 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 13 700 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]მედვედევი ამჯერად გერმანულ ქარხნებზე თავდასხმაზე წერს და მესამე მსოფლიო ომით იმუქრება[/yellow_box]

ამავე თემაზე:

„უკრაინელები მიადგნენ ძირითადი თავდაცვის ზღუდეს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

Exit mobile version