მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

გაციებასაც ვირუსი იწვევს – რით განსხვავდება გრიპისგან „უბრალოდ გაციება“

15.01.2024 • 8538
გაციებასაც ვირუსი იწვევს – რით განსხვავდება გრიპისგან „უბრალოდ გაციება“

მოსახლეობაში გავრცელებული წარმოდგენის მიხედვით, გაციება სხეულის ფიზიკური გადაცივების შედეგია, გრიპის გამომწვევი კი – ვირუსი ხდება. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტლის ინფექციონისტი რევაზ ნაკაშიძე განმარტავს, რომ გაციების მიზეზიც ვირუსებია, თუმცა არა გრიპის, არამედ რესპირატორული ვირუსები.

ექიმი პასუხობს „ბათუმელების“კითხვებს, რა განსხვავებაა გრიპსა და გაციებას შორის და რა მსგავსი ან განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს ორივე მათგანს.

  • ბატონო რეზო, თავიდან რომ განგვიმარტოთ, რეალურად შესაძლებელია სიცივემ გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: ცხვირის გაჭედვა, ხველა, ცემინება, სიცხე? რა არის რეალურად გაციება? 

გაციების მიზეზი არის არა უშუალოდ სიცივე, არამედ ე.წ. რესპირატორული ვირუსები, რომლებიც მრავალი სახეობის არსებობს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სხეულის გადაციება [ფიზიკური გაცივება], ხელშემწყობი ფაქტორია გაციების.

  • ეს ნიშნავს, რომ გაციებაც გადამდებია?

რა თქმა უნდა, რადგან გაციების გამომწვევიც ვირუსია. გაციების გამომწვევი საკმაოდ მრავალნაირი ვირუსი არსებობს, მათგან ყველაზე ხშირად გაციებას იწვევენ რესპირატორული ვირუსები.

გაციების მიზეზი შეიძლება გახდეს ბაქტერიებიც, მაგრამ ძირითადად გაციებას მაინც ვირუსები, კერძოდ, ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები იწვევენ.

MayoClinic: უბრალო გაციება არის ცხვირის, სინუსების, ყელისა და სასუნთქი მილების ინფექცია. გაციება ადვილად ვრცელდება, განსაკუთრებით საკლასო ოთახებსა და სამუშაო ადგილებზე. გაციება შეიძლება გამოიწვიოს 200-ზე მეტმა სხვადასხვა ვირუსმა. გაციების ყველაზე გავრცელებული ვირუსი არის რინოვირუსი. ჩვეულებრივ, გაციება ქრება შვიდიდან 10 დღეში.

  • რა არის გრიპი და რა არის მისი გამომწვევი?

გრიპის გამომწვევია გრიპის ვირუსი. არსებობს A, B და C ტიპის გრიპის ვირუსები, მათგან ყველაზე მძიმედ მიმდინარეობს A ტიპის ვირუსით გამოწვეული გრიპი. 

A ტიპის ვირუსს რამდენიმე ქვეტიპი აქვს, მათ შორის არის H1N1 ანუ ღორის გრიპი, არის სეზონური გრიპი და სხვა.

რაც შეეხება B ტიპის ვირუსს, ის შედარებით უფრო მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, მასაც აქვს რამდენიმე ქვეტიპი.

C ტიპის გრიპის ვირუსი უფრო იშვიათია და მას გაციების მსგავსი მიმდინარეობა ახასიათებს.

  • რა სიმპტომებით განსხვავდება გაციება და გრიპი ერთმანეთისგან?

A ტიპის გრიპის ვირუსი განსხვავდება გაციებისგან და სხვა ვირუსებისგან იმით, რომ იწყება უეცრად, მაღალი ტემპერატურით, ახასიათებს თავის, ყელის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ასევე ძლიერი საერთო სისუსტე. იშვიათად ახასიათებს დასაწყისში ხველა და ცხვირის გაჭედვა, განსხვავებით რესპირატორული ვირუსებისგან, რომლებიც იწყება ნელა, თანმიმდევრობით, ახასიათებს უფრო მეტი სურდო, მეტი ხველა და სხეულის ტემპერატურა არ აჭარბებს 38.5 გრადუსს. გრიპის დროს კი ტემპერატურა ადის 39-40 გრადუსამდე.

აღსანიშნავია, რომ A ტიპის ვირუსიც შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქი ფორმით.

  • როდის მივმართოთ ექიმს?

პაციენტებს უჭირთ გარჩევა, გაციებასთან აქვთ საქმე თუ ბაქტერიულ ინფექციასთან. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ საშუალო მიმდინარეობაა, რაც ნიშნავს, რომ პაციენტს არ აქვს სუნთქვის გაძნელება, არ აქვს ძლიერი საერთო სისუსტე, იღებს სითხეს და საკვებს, მაშინ შეიძლება 2-3 დღე არ მიმართოს ექიმს. მაგრამ თუ უფრო მძიმე მიმდინარეობაა, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში, მაშინ, რა თქმა უნდა, თავიდანვე უნდა მიმართოთ ექიმს.

  • როგორია მკურნალობა ამ დროს?

ხაზგასმით მინდა აღნიშნო, რომ გაციებასა და გრიპს არ სჭირდება ანტიბიოტიკებით მკურნალობა.

ანტიბიოტიკების დანიშვნის საჭიროება უნდა გადაწყვიტოს მხოლოდ და მხოლოდ ექიმმა. 

რისკჯგუფში არიან ორ წლამდე ასაკის ბავშვები, 85 წელზე უფროსი ასაკის ან ქრონიკული დაავადების მქონე პირები – აქ თავიდანვე უნდა ჩაერთოს ექიმი და თუ აუცილებლობაა, გადაწყვიტოს ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება. 

ასეთ დროს თვითმკურნალობა დაუშვებელია, გარდა სიმპტომური მკურნალობისა, რაც მოიცავს ხველის საწინააღმდეგო, ცხვირის გაჭედვის საწინააღმდეგო ან სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენებას. ანტივირუსული მკურნალობა და ანტიბიოტიკოთერაპია უნდა დანიშნოს მხოლოდ და მხოლოდ ექიმმა. 

NCDC: გრიპი ადამიანთა უმეტესობას გადააქვს მსუბუქად და არ სჭირდებათ სამედიცინო დახმარება ან ანტივირუსული მედიკამენტები. გრიპის მძიმე შემთხვევებისას შესაძლებელია მკურნალობა ჩატარდეს გრიპის საწინააღმდეგო სპეციფიკური ანტივირუსული მედიკამენტებით და არა ანტიბიოტიკებით, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.

  • როგორია გრიპის მიმდინარეობის ხანგრძლივობა?

სხვადასხვანაირია, მაგრამ მაქსიმუმ შეიძლება გაგრძელდეს შვიდი დღე. თუ შვიდ დღეზე მეტ ხანს გრძელდება ტემპერატურის მატება, ან თუ ნახველი შეიცვალა ჩირქოვანი ნახველით, ან ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენია, არის სუნთქვის გაძნელება, ან პაციენტს აღენიშნება ყურის ტკივილი, მაშინ საქმე გვაქვს ბაქტერიულ გართულებასთან.

ამჟამად გავრცელებულია რამდენიმე ტიპის ვირუსი, მათ შორის გრიპის ვირუსი, კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც ჯერ არ არის დაფიქსირებული, ასევე ბავშვებში განსაკუთრებით გავრცელებულია რესპირატორულ-სინპიციური ვირუსი, რომელიც ბრონქიოლიტს იწვევს; ამათ გარდა არის კიდევ გაციების გამომწვევი რამდენიმე სხვადასხვა ვირუსი.

  • როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისგან?

ცხადია, გრიპის საწინააღმდეგო აცრა არის ძალიან ეფექტური მეთოდი, ის დაგვიცავს A და B ტიპის გრიპის ვირუსებისგან, თუმცა არ უნდა ჩავთვალოთ, რომ აცრის შემდეგ აღარ გავცივდებით. გრიპის საწინააღმდეგო აცრა საჭიროა ჩატარდეს ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის მონაკვეთში, სანამ არ დაწყებულა გრიპის სეზონი.

NCDC: გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, შესაბამისად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საჭიროა ყოველწლიურად.

რაც შეეხება სხვა საპრევენციო ზომებს – ავადმყოფი უნდა დარჩეს სახლში, უნდა ვატაროთ ნიღაბი, ხშირად დავიბანოთ ხელები, ჩავიცვათ სეზონის შესაბამისად და ვიკვებოთ ჯანსაღი საკვებით.

გადაბეჭდვის წესი