ვერც წინ წახვალ და ვერც უკან დაბრუნდები. გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ პანდუსი არ მიდის შესასვლელთან და კარების გვერდით წყდება.
გარდა ამ უცნაურობისა, თავად პანდუსი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, რადგან მაღალი დახრილობა აქვს, ზედაპირი კი სრიალაა. არც დამცავი მოაჯირები აქვს და თუ ეტლით მოსარგებლე სხვისი დახმარების გარეშე, უკუსვლით შეეცდება ჩამოვიდეს პანდუსიდან, არსებობს უდიდესი ალბათობა, რომ ეტლიანად აყირავდეს და ტრავმა მიიღოს.
მაგალითად, ასეთი პანდუსი დგას ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე, ერთ-ერთი მაღაზიის წინ და მასზე ეტლით გადაადგილება დიდი რისკია.
„ეს პანდუსი არის ფასადური, გარედან რომ დაინახონ თითქოს პანდუსი აქვთ“, – ამბობს ეტლით მოსარგებლე თომა კაკაბაძე „ბათუმელებთან“.
პანდუსი, რომელიც შესასვლელ კარებამდე არ მიდის.
ჩვენ სწორედ თომასთან და ასევე ეტლით მოსარგებლე ანეტა ტაკიძესთან ერთად შემოვიარეთ ბათუმის ერთ-ერთი ახალაშენებული უბანი და შევამოწმეთ, რამდენად ადაპტირებულია ეს გარემო შშმ ადამიანებისთვის.
თომა ელექტროეტლით გადაადგილდება, ანეტა კი მექანიკურ ეტლს იყენებს.
ანეტა საკუთარი მაგალითით გვაჩვენებს, როგორ უჭირს მექანიკურ ეტლს არასტანდარტულ გადასასვლელებზე და დამრეც პანდუსებზე მოძრაობა.
„ტროტუარის კიდე იმდენად მაღალია, თუ დავატრიალებ ბორბალს, ავყირავდები“ – ამბობს ანეტა.
„აქ ფიზიკურად ვერ ავა ეტლი, ისეთი მაღალია გადასასვლელების წინა ნაწილი. თუ ძალას დავატან, გადავყირავდები. გინდა თუ არა, ვინმე უნდა გახლდეს გვერდით ან სხვას უნდა სთხოვო, რომ ასეთ პანდუსზე ასვლაში ან გადასასვლელზე დაგეხმაროს. მექანიკური ეტლის შემთხვევაში კი ფიზიკური ძალაც გჭირდება, რომ მოახერხო არაადაპტირებულ გარემოში გადაადგილება“, – ამბობს ანეტა.
პანდუსის ზედაპირი, როგორც თომა და ანეტა გვეუბნება, უნდა იყოს ხაოიანი, უხეში იმისთვის, რომ საბურავი არ მოცურდეს. აუცილებლად უნდა ჰქონდეს დამცავი მოაჯირები და 1.50 მეტრი მოსატრიალებელი სივრცე შენობის კარებთან, რასაც ბათუმში არსებული პანდუსების უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს. ტროტუარზე გადასასვლელები კი ნულოვანი ზედაპირით უნდა იყოს, რადგან ეტლმა დაბრკოლების გარეშე შეძლოს მოძრაობა.
თითქმის ყველა პანდუსს, რომელიც აღნიშნულ უბანში ვნახეთ, მარმარილოს მოპირკეთება და მაღალი დახრილობა აქვს, რაც ეტლის მოსრიალების რისკს ზრდის. პრობლემურია გადასასვლელებიც.
ისეთი ციცაბო „პანდუსებიც“ ვნახეთ, რომელიც უბრალოდ ნახევარმეტრიანი დახრილი ნაგებობაა და მასზე ეტლით დამოუკიდებლად ასვლა, შეუძლებელია. ასვლის შემთხვევაშიც კი, ეტლით მოსარგებლე არა კარებს, არამედ ყრუ კედელს მიადგება, რადგან კარებთან მისასვლელი სივრცე დატოვებული არ არის.
ერთ-ერთი კორპუსის „პანდუსი“ შარტავას ქუჩაზე.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაინც მიაღწევს ეტლით მოსარგებლე კარებამდე, შიდა სივრცეში ვერ შევა დამოუკიდებლად, რადგან კარის ზღურბლი მაღალია და ეტლი ვერ გადავა მასზე სხვისის დახმარების გარეშე.
„ამით შშმ ადამიანებს უგულებელყოფენ. ჩვენ არ ვარსებობთ თითქოს, არც გვითვალისწინებენ“, – ამბობს თომა კაკაბაძე.
მისი თქმით, დღეს, 21-ე საუკუნეში განვითარებული ქვეყნები ცდილობენ უნივერსალური დიზაინის შექმნას, საქართველოში, ბათუმში კი ჯერ კიდევ პანდუსების არსებობა-არარსებობაზე უწევთ შშმ ადამიანებს ბრძოლა. „და ესეც კი არ გვაქვს“, – გვეუბნება ის.
„ბათუმელების“ რეპორტაჟის შემდეგ ამ პანდუსს ხაოიანი სტიკერები დააკრეს. თუმცა პანდუსი დააზიანეს.
სტიკერდაკრული და დამტვრეული პანდუსი
ვცადეთ გაგვერკვია, რატომ ამონტაჟებენ საცხოვრებელი კორპუსების თუ სავაჭრო ცენტრების წინ ისეთ პანდუსებს, რომლითაც ვერ სარგებლობენ შშმ პირები.
იმ მაღაზიის წარმომადგენელსაც ვესაუბრეთ, სადაც პანდუსი კარებამდე ვერ აღწევს.
მენეჯერიც აღიარებს, რომ პანდუსი სტანდარტებთან შეუსაბამოა და სამომავლოდ, აუცილებლად გამოასწორებენ.
„ადრე ეს ფართობი სხვებს ჰქონდათ ნაქირავები და ალბათ მათ გააკეთეს ასე. არც მერიის რომელიმე სამსახურს შეუმოწმებია სტანდარტულია თუ არა და ალბათ ამიტომ შემორჩა.
პანდუსის თაობაზე გვქონდა საუბარი მაღაზიის მენეჯერთანაც და ვაპირებთ ახლის გაკეთებას“, – ამბობს გაყიდვების მენეჯერი აჩიკო მიქელაძე. თუმცა ვერ გვიზუსტებს, რამდენ ხანში შეიძლება განაახლონ პანდუსი.
პანდუსის სტანდარტებთან დაკავშირებით კიდევ ერთი მაღაზიის მენეჯერს ვესაუბრეთ. მაღაზია ჭავჭავაძისა და შარტავას ქუჩების კუთხეში მდებარეობს. ეს სავაჭრო სივრცეც დიდი საცხოვრებელი კომპლექსის პირველ სართულზეა განთავსებული.
მარმარილოთი მოპირკეთებული პანდუსი ჭავჭავაძის ქუჩაზე სტანდარტს არ აკმაყოფილებს.
მაღაზიის წინ ორი პანდუსია დამონტაჟებული, თუმცა ორივე არასტანდარტული – სრიალა მარმარილოს ზედაპირით და ციცაბო და უმოაჯირო.
„მთლად უსაფრთხო რომ არ არის ჩვენც ვხედავთ, მაგრამ რადგან მაღაზია იხსნებოდა, მშენებელს ვთხოვეთ პანდუსი გაეთვალისწინებინა, მაგრამ ასეთი დაგვხვდა.
ვხედავთ, რომ სტანდარტებში არ ჯდება. სახიფათოა და მოაჯირიც უნდა გაუკეთდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გადაიხედება, რადგან ეს შენიშვნები ალბათ მერიის სამსახურსაც ექნება სამომავლოდ“, – ამბობს ტექნიკის მაღაზიის მენეჯერი რომა თიკანაძე.
ის, რომ გარემო ადაპტირებული უნდა იყოს შშმ ადამიანებისთვის, ამას არა მარტო საერთაშორისო კონვენციები, არამედ საქართველოს რამდენიმე კანონიც არეგულირებს. ზედამხედველობას კი მუნიციპალიტეტები ახორციელებენ.
ბათუმის შემთხვევაში, ქალაქის მერიის მუნიციპალური ინსპექციაა ვალდებული მონიტორინგი გაუწიოს მშენებლობის პროცესს და სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.
ამიტომ, მუნიციპალურ ინსპექციას ვკითხეთ, ჩვენს მიერ გადამოწმებულ კორპუსების პროექტში იყო თუ არა თავიდანვე გათვალისწინებული პანდუსები და თუ იყო, დაიცვა თუ არა მშენებელმა სტანდარტი? ასევე თუ არ დაიცვა, რა ზომები მიიღო მუნიციპალურმა ინსპექციამ?
მუნიციპალურ ინსპექციაში თავდაპირველად დაგვპირდნენ რომ ინფორმაციას მოგვაწვდიდნენ, თუმცა მოგვიანებით გვითხრეს, რომ მათთვის წერილობით უნდა მიგვემართა.
„ეს მეტყველებს იმაზე, რომ გულგრილი დამოკიდებულებაა მერიის მხრიდან. რეალურად, არცერთი რეგულაცია არ მუშაობს, აღსრულება არ არის კანონის და არც არავინ სთხოვს პასუხს მშენებლებს, რომ შშმ ადამიანებზე მორგებული შენობები ააშენონ. ეს არის დაცინვა“, – ამბობს თომა კაკაბაძე.
მისი აზრით, მერიის წვლილია იმაში, რომ ასეთ პროექტებზე სამშენებლო ნებართვებს გასცემს.
არაადაპტირებული გადასასვლელები ბათუმში
ბათუმის მერიას ორი მრჩეველთა საბჭო ჰყავს, ერთი სამოქალაქო, მეორე კი უშუალოდ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფია.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრია რამინ მაჭარაშვილი, რომელიც თავადაც შშმ პირია და აქტიურად იბრძვის სხვა შშმ პირების უფლებების დასაცავად.
რამინს ვკითხეთ, რამდენად ინტერესდება მერია სამშენებლო სტანდარტებით და თუ ჰქონია შესაბამის უწყებებთან არაადაპტირებულ პანდუსებზე ან გადასასვლელებზე საუბარი.
რამინ მაჭარაშვილი.
მისი თქმით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მსგავს საკითხებზე ბევრი არ უმსჯელია, თუმცა თავად რეკომენდაციებით მიმართავს ხოლმე მერიას, სადაც ხაზგასმით წერია, თუ რა პრობლემებია ადაპტირების მხრივ აღმოსაფხვრელი ქალაქში.
„ნებისმიერი გარე სამუშაო, რაც ხორციელდება ქალაქში, უნდა შეთანხმდეს მერიასთან. მე რომ მომინდეს ჩემი კომერციული ფართობის წინ პანდუსი გავაკეთო, ეს უნდა შევათანხმო მერიასთან, თვითნებურად არ შემიძლია ხომ?
თუ პანდუსი სამშენებლო ნებართვის ნაწილია, სანამ სამშენებლო ნებართვას გასცემს მერია, ჯერ პროექტში უნდა გადამოწმდეს, აკმაყოფილებს თუ არა სტანდარტს და მეორედ მაშინ, როცა მერია იბარებს დასრულებულ მშენებლობას.
ის, რომ საცხოვრებელი გარემო შშმ პირებისთვის უნდა გახდეს ადაპტირებული, ეს რეგულაციები არ ეხება მხოლოდ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს, ამიტომ კორპუსების შემთხვევაშიც უნდა გადამოწმდეს სტანდარტი“, – ამბობს რამინ მაჭარაშვილი.
მისი თქმით, ხელმისაწვდომობის სტანდარტი ითვალისწინებს იმას, რომ 2035 წლის ბოლომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით იდეალური ფიზიკური გარემო უნდა შეიქმნას შშმ პირებისთვის.
„მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ დღეს ვიღაც მშენებელმა არ გაითვალისწინა პანდუსი ან არ შექმნა ადაპტირებული გარემო იმ მოტივით, რომ ამას ხვალ გამოასწორებს, ამაზე მერიამ თვალი უნდა დახუჭოს“, – ამბობს რამინ მაჭარაშვილი.
ქვეითთა გადასასვლელები ხშირად ავტომანქანებითაა ჩახერგილი, რაც პრობლემას უქმნის ეტლით მოსარგებლეებს.
კანონის მიხედვით, თუ მშენებელი სამშენებლო ნებართვის პირობებს არღვევს, დაჯარიმდება. თუმცა მუნიციპალურ ინსპექციაში ვერ გვეუბნებიან, დაჯარიმდა თუ არა ვინმე ოდესმე იმის გამო, რომ დაარღვია ვთქვათ პანდუსის მშენებლობის ან გადასასვლელების სტანდარტი.
უსინათლოთა ბილიკებზე საყვავილეები და სარეკლამო ბანერებია განთავსებული.
„ერთი შემთხვევა მახსენდება მხოლოდ, როცა ერთ-ერთ ბანკთან იყო არასათანადოდ პანდუსი გაკეთებული, ერთ-ერთმა აქტივისტმა მიმართა ბათუმის მერიას და შემდეგ ვნახეთ, რომ ის პანდუსი იქ აღარ იყო. მერიამ ააღებინა თუ თავად აიღეს, ეს არ ვიცით.
არც სტატისტიკას გვაცნობენ და არც ის ვიცით, აჯარიმებს თუ არა მერია იმ პირებს, ვინც ასეთი არასტანდარტული პანდუსები გააკეთა ქალაქში.
ვიღაცამ უნებართვოდ კორპუსი რომ ააშენოს, ხომ მივა ინსპექცია და დააჯარიმებს? იგივე სიტუაციაა აქაც. თუ პანდუსი სამშენებლო ნებართვის დროს წარადგინა და უნდა გაეკეთებინა სტანდარტული და შემდეგ არ გააკეთა, სამშენებლო ნებართვა დაარღვია ხომ?
მუნიციპალური ინსპექციაა ვალდებული რეაგირება გააკეთოს ამაზე და თუ მშენებლობის პროექტში არ იყო პანდუსი გათვალისწინებული და შემდეგ მიადგა შენობას, ესეც დარღვევაა და ამაზეც უნდა მოახდინოს ინსპექციამ რეაგირება, რომ გადამოწმდეს სტანდარტები“, – ამბობს რამინ მაჭარაშვილი.
„პირადად მე, ეტლით მოსარგებლემ ვერ შევძელი ის, რომ რაღაც ბარიერები გადამელახა, პანდუსები გამომეყენებინა ან ტროტუარზე გადავადგილებულიყავი სხვისი დახმარების გარეშე.
ნებისმიერ ადამიანს და მით უფრო სრულწლოვანს, უფლება აქვს იყოს დამოუკიდებელი და ის, რასაც ჩვენ ვაწყდებით ყოველდღიურ რეალობაში, ჩვენი უფლებების დარღვევაა.
ეს არის ის, რაც გარედან ჩანს, მაგრამ შენობების შიგნით არსებული მდგომარეობა ცალკე პრობლემაა, რადგან ერთია შენობაში შეღწევა და შემდეგ ის, შიგნით რამდენად მორგებულია გარემო შშმ პირებზე. თითქოს რაღაცები გაკეთებულია, მაგრამ ფაქტობრივად ვერაფერს იყენებ“, – გვეუბნება ანეტა ტაკიძე.
თომა კაკაბაძის აზრით, მერიის ინტერესი უნდა იყოს შექმნას ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ინკლუზიურ ტურიზმსაც შეუწყობს ხელს და ადგილობრივ მოსახლეობასაც.
„ცუდი ისაა, რომ ჯერ ძველის გამოსწორებას ვერ ვასწრებთ და ახალი პრობლემა გვემატება. ათი წლის წინ რა პრობლემაზეც ვსაუბრობდით, იმავეზე გვიწევს ახლაც ბრძოლა.
დაგვცინიან – ამდენი მიმართვების, გაშუქების და მითითებების შემდეგ, ყველაფერს მაინც ზედაპირულად აკეთებენ.
გადასასვლელებზე ხომ ავტეხეთ ამბავი, მოვიდნენ ჩამოთალეს ნაპირი და აჰა დაწყნარდითო, გვითხრეს. ამას არ შევარჩენთ არავის და ვაჩვენებთ მერიას, როგორ უნდა გააკეთონ უნივერსალური დიზაინი“, – ამბობს თომა კაკაბაძე.
ბათუმი/ ფიროსმანის ქუჩა
ყველა ამბობს, რომ „გვინდა სახლიდან გამოვიდნენ ეს ადამიანები“, მაგრამ პირველი რა ბარიერსაც აწყდებიან შშმ პირები ქალაქში არის ინფრასტრუქტურა.
„ეს თუ არ მოწესრიგდა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება ამ ადამიანების გარეთ გამოსვლა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა – განათლების მიღება, დასაქმება და ასე შემდეგ. ამ კუთხით არავინ არ ზრუნავს. პირიქით, იგივეს აგრძელებენ და არცერთი რეგულაცია, არც კანონი აღარ მუშაობს, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალოს“ – დასძენენ თომა და ანეტი.