რომელი უსახლკარო ოჯახები მიიღებენ ბინებს – ნახეთ კრიტერიუმები

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების კრიტერიუმები დაამტკიცა.

სწორედ ამ კრიტერიუმებით შეაფასებენ იმ ოჯახებს, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი სახლი/ბინა უნდა გადასცენ.

სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართობის [სახლი/ბინა] საკუთრებაში გადაცემის პროგრამა 2024 წლის 9 იანვრიდან შევიდა ძალაში და წლის ბოლომდე იმოქმედებს.

ახალი პროგრამით სარგებლობა საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში შეუძლია „მძიმე საცხოვრებელ პირობებში ან სხვის საკუთრებაში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს, რომლის შემადგენლობაში არის 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი და მშობელი [მშობლები] ან არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენელი“

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო უსახლკარო ოჯახებს შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად შეაფასებს:

ეს კრიტერიუმები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დღეს, 17 იანვარს დაამტკიცა.

რაც შეეხება უშუალოდ განსახლების პროცედურებს, დეტალურად ნახეთ ამ ბმულზე:

უსახლკარო ოჯახებისთვის ბინის გადაცემის პროცედურა – ახალი პროგრამა

 

მთავარი ფოტო: ბათუმი / „ბათუმელების“ არქივიდან

 

„15 ათასი გირჩი დავჭერი ეკლესიის სახურავებისთვის“ – როგორ მუშაობს უსინათლო გია ბაკურიძე 

შესაძლოა ვინმემ ადვილად ვერ წარმოიდგინოს, როგორ შეიძლება მუშაობდეს მხედველობისარმქონე ადამიანი ელექტროხერხთან, ჩარხთან, ბურღთან დამოუკიდებლად, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. 56 წლის გია ბაკურიძე ხეზე რამდენიმე წელია მუშაობს.

პირველ ნამუშევარსაც გვაჩვენებს – ხის გემს. იქვე, ოთახის კუთხეში კი მასიური ხისგან გამოთლილი „ეკლესია“ აქვს.

„ამ ნაკეთობაზე დიდი ხანი ვიმუშავე. 15 ათასი გირჩი დავჭერი სახურავისთვის და 2-მილიმეტრიანი ლურსმნებით ჩავამაგრე. რადგან ჩვენთან ნესტია, წებო არ გამოვიყენე, წებომ მოშვება იცის“, – გვეუბნება გია ბაკურიძე.

„როცა რაიმეს ვაკეთებ, განმარტოება მიყვარს. თვალს როცა ვხუჭავ, წარმოსახვითი აზროვნება ირთვება და ასე, შინაგანად ვხედავ რა უნდა გავაკეთო. ფორმაც ვიცი, ზომაც და ისიც, სად რა გადაბმებია“, –  ამბობს გია.

გურული ოდაც აქვს გაკეთებული, რომელიც დას აჩუქა. ერთ-ერთ გამოფენაზე მქონდა წაღებული და ისე მოეწონათ, აღარ მატანდნენო. „გინდა თუ არა, მოგვყიდეო, მეუბნებოდნენ, მაგრამ მე არასდროს გამიყიდია ჩემი ნაკეთობა. არც კი მიფიქრია იმაზე, რომ ბიზნესად მექცია ჩემი საქმე.

უბრალოდ, ძალიან მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ. ძალიან დიდ სიმშვიდეს ვპოულობ ამაში“, – გვეუბნება ის.

გია ბაკურიძე
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

გია ბაკურიძეს მხედველობის პრობლემა ბავშვობაში შეექმნა. ამბობს, რომ „მთელი ქვეყანა მოიარეს“, იყვნენ ევროპაშიც, თუმცა გამოსავალი ვერ იპოვეს.

„ბოლოს შევეგუე. როცა ათჯერ ცდი რაღაცას და არ გამოდის, თავს ანებებ. მაგრამ როცა სხვა ჩემ მსგავს ადამიანებს ვუყურებდი, როგორ იყვნენ სხვებზე დამოკიდებული, როგორ შეიყუჟნენ ამის გამო საკუთარ ნაჭუჭში და ვერ ხედავდნენ რა ხდებოდა გარე სამყაროში, საკუთარ თავს პირობა მივეცი, არავისზე ვყოფილიყავი დამოკიდებული.

მაშინ 15-16 წლის ვიყავი. ეს ის პერიოდია, როცა ძალიან დიდი გგონია თავი და შენი ამბიციები, სურვილები გაქვს. ამ დროს ყველაზე დიდ სტრესს იღებ, როცა ხედავ, რომ რაღაც არ შეგიძლია.

„სხვა რომ აკეთებს, მე რატომ ვერა“, – ფიქრობ, მაგრამ ცხოვრებას არასდროს უნდა დანებდე. იმაზე ფიქრი, რომ „მე რატომ მჭირს ეს და სხვა კარგად არის“, არაფერს მოგცემს.

ნებისმიერი ადამიანისთვის ცხოვრება ისედაც ბრძოლაა. მე ვფიქრობ, ის ხედავს, ვინც გულიდან ხედავს. ასე წარმომიდგენია მე ადამიანი.

თვალით დაგინახია, მაგრამ ბოროტი და კეთილი ვერ გაგირჩევია, შავ-თეთრს ვერ არჩევდე, მაგით არ წყდება მგონი ცხოვრება. ვფიქრობ, ჩემი თავისთვის მიცემულ პირობას ვასრულებ. ერთი, საჭეს ვერ ვმართავ მხოლოდ, სხვა ყველაფერი შემიძლია“, – ამბობს გია ბაკურიძე.

გია ბაკურიძის მიერ გამოთლილი გემი

ახალგაზრდობას იხსენებს, ისეთი სხარტი ვიყავი საბჭოთა ქარხანაში მუშაობისას, 3-4 დღეში ვაწყობდი მანქანას თავისი ელექტრობით და ვაბარებდიო.

„სვანეთის ტყეში ტრაქტორებს ვამუშავებდი და სად აღარ ვმუშაობდი.

პურის ჩემი საცხობიც მქონდა ძალიან მაგარი, პოლონური პურის სახლი თუ გახსოვთ, ის იყო ჩემი. მაგრამ პანდემიის დროს დაიხურა, რადგან იაფიან პურებს არ ვაცხობდი, დიდ სასტუმროებსა და რესტორნებზე მქონდა გათვლილი.

ზუგდიდის აქეთ, მთელ სანაპიროს ჩემი ტოსტის პურებით ვამარაგებდი. პანდემიის დროს კორონა დამემართა და ინფარქტიც მივიღე. პური კიდევ ისეთი თემაა, რომ ცოცხალი ორგანიზმია, ყოველდღიური ყურადღება სჭირდება. ამიტომ როცა შევხედე, რომ ჯანმრთელობა ხელს აღარ მიწყობდა, ამ ბიზნესს შევეშვი და რაღაც-რაღაც პატარა საქმეებს ვაკეთებდი.

ფეხზე ტრავმა როცა მივიღე, 4-5 თვე სახლში ყოფნა მომიწია, ამ დროს გამიჩნდა ხეზე მუშაობის იდეაც. ასე, რომ თავისუფალ დროს ხეზე ვმუშაობ“, – ამბობს გია.

15 ათასი გირჩისგან გაკეთებული ეკლესიის სახურავი

ყველაფერს ჩემი დიზაინით ვაკეთებ და არასდროს გამიკეთებია ასლებიო – გვეუბნება გია. თავიდან დანადგარებიც არ ჰქონდა, ამიტომ დანით მუშაობდა ხესთან.

„ჯერ ნახაზებს ვაკეთებ, ყველა დეტალი მაქვს გათვლილი. აი, ხედავთ? ეს ფანჩატური მე ავაწყვე, ის სკამებიც მე გავაკეთე. ახლა მაგიდაზე ვმუშაობ.

ნიგვზის გული მქონდა გადანახული, 12 წელი დასჭირდა გამოშრობას, ამ დღეებში გადავწყვიტე, რომ დამემუშავებინა. თითქმის მზად მაქვს, ცოტა დეტალებიღა დამრჩა“, – გვეუბნება გია და მის ნამუშევარ მაგიდას გვაჩვენებს.

გია ბაკურიძე/მაგიდის მასალის გამოშრობას 12 წელი ელოდა.

სახელოსნო სახლის პირველ სართულზე აქვს მოწყობილი. შესვლისთანავე თვალში მოგხვდებათ კედლებზე ჩამწკრივებული ქანჩები, სხვადასხვა ზომის სამუშაო იარაღი და ხის მასალა.

დიდ მაგიდაზე დევს ელექტროჩარხიც, მასზეც ასევე დამოუკიდებლად მუშაობს გია.

„თავიდან მუშაობა კი არა, ამ ჩარხის ხმისაც კი მეშინოდა, მაგრამ თუ გადაწყვეტ, რომ იმუშაო, მერე ყველაფერს სწავლობ. დღეს უკვე ისე ვარ მიჩვეული, ბევრს ვერც კი წარმოუდგენია, როგორ და რანაირად მოვახერხე ეს“, – გვეუბნება გია ბაკურიძე.

შეგირდები ხომ არ გყავთ ან ხომ არ გაქვთ სურვილი, რომ აიყვანოთ? – ვკითხეთ მას.

ამბობს, რომ ბევრს ეხმარება, ბევრთანაც უმუშავია, „მაგრამ ჩარხი ისეთი რამ არის, მოზარდს ვერ ეტყვი, რომ მოვიდეს და იმუშაოს. მცირედი შეცდომაც და შეიძლება ადამიანი დასახიჩრდეს, ამიტომ ჯერ ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რომ ნამდვილად სურს შესწავლა და მერე შეიძლება“, – გვეუბნება ის.

გიას ვკითხეთ, უსინათლო ადამიანებისთვის რამდენად ადაპტირებულია ქალაქი ან ის გარემო, სადაც ყველაზე ხშირად უწევს გადაადგილება? მისი აზრით, ადაპტირების მხრივ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო. ქუჩის გადაკვეთას ჯერ კიდევ ვერ ბედავს დამოუკიდებლად, „იმდენად არანორმალურად მოძრაობენ მანქანები“.

„ჩვენს ქალაქში არც მძღოლები დადიან ნორმალურად და არც ქუჩებია ადაპტირებული. ამიტომ გადასასვლელებზე ვერ ვენდობი ჩემ თავს. ხმა შემიძლია აღვიქვა ძალიან დიდი დისტანციიდან, მაგრამ მაინც.

ბევრ ქალაქში მინახია უსინათლოთა სპეციალური გადასასვლელები, ხმოვანი ნიშნები, რაც ჩვენთან არ გვაქვს. ალბათ ათი წელი კიდევ დასჭირდება, რომ ეს ქალაქი სრულად ადაპტირებული გახდეს.

არც შშმ პირების პენსიაა საკმარისი. ეს არ არის ღირსეული პენსია. ზოგს შეიძლება ოჯახი ეხმარება, მაგრამ ძალიან ბევრია ისეთი, ვინც მთლიანად ამ პენსიაზეა დამოკიდებული და როგორ იცხოვროს ასეთი დაბალი შემწეობით?

შშმ ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ცხოვრება, განა ორმაგი და სამმაგი პენსია არ უნდა გადაუხადოს სახელმწიფომ, რომ ღირსეულად იცხოვრონ?

გული მტკივა საზოგადოების დაბალ ცნობიერებაზეც. ვერ ვიტან, როცა შშმ ადამიანებს დასცინიან, მასხრად იგდებენ. ამის გამო ბევრჯერ მიჩხუბია. ეს ადამიანის ჩაგვრაა.

თუ შეგიძლია, დაეხმარე და გამოუსწორე მდგომარეობა, გულს რატომ სტკენ“, – ამბობს გია ბაკურიძე.

გია ბაკურიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარაში ცხოვრობს.

32 წლის იყო, როცა ოჯახი შექმნა. არ ვაპირებდი, მაგრამ ჩემს დას პირობა მივეცი და შევასრულეო – გვეუბნება.

„ჩემი და ძალიან ავად იყო და მითხრა, თუ ფეხზე დავდექი, იცოდე, ცოლს მოიყვანო. ადრე ხომ იცით, გოგონებს იტაცებდნენ, მე ამის ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი. თუ ადამიანი გენდობა, თუ შენთან აპირებს ცხოვრების გატარებას, ეს თავშივე უნდა იყოს ნათქვამი. თორემ, მერე „ეს არ მომწონს“, „ის არ მომწონს“, აღარ გამოვა.

26 წელია შეუღლებული ვართ და არასდროს მიგრძნია საყვედური ან მინიშნება იმაზე, რომ აი, შენ მხედველობა გაკლია. ვცხოვრობთ ასე ბედნიერად“, – ამბობს გია.

როგორ მუშაობს უსინათლო კაცი ჩარხზე დამოუკიდებლად

ბოლოს პოლიტიკაზეც ვკითხეთ.  

„ჩვენთან პოლიტიკოსების გარდა ყველა „პოლიტიკას“ აკეთებს. ყველამ რომ თავისი საქმე აკეთოს, არ ვართ იმხელა ქვეყანა, რომ თავი ვერ ვირჩინოთ. ხალხი ხრიოკებში აშენებს წალკოტს და ჩვენ რატომ უნდა გვიჭირდეს? მაგრამ არ გამოდის, იმიტომ, რომ ქართველებს ერთი თვისება გვახასიათებს – კანონი უნდა იყოს კარგი, მაგრამ მასზე არ უნდა გავრცელდეს.

ანუ, ვისაც ძალაუფლება აქვს, იმას არ უნდა ეხებოდეს. სულ ერთმანეთთან ჭიდილია, რაც ცუდ რამეს გვიკეთებს ქართველებს.

ბიძინაზე რა ვთქვა? ვფიქრობ, არ არის ცუდი პიროვნება, ვიღაცებს ხომ ეხმარებოდა? მაგრამ, მესამედ მოდისო? და რაღა უნდა… რატომ მოდის, არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ საქართველოს ერთი ნორმალური ხელისუფლება სჭირდება, რომელიც მოსახლეობაზე იფიქრებს.

ძლიერი ქვეყანა მაშინ ხარ, როცა ერთიანი ხარ და შენი ხალხისთვის გააკეთებ საქმეს“, – მიიჩნევს გია ბაკურიძე.

„არაფერს ვნანობ, მხოლოდ სიბერე მაწუხებს“ – 103 წლის ქალი ბათუმიდან

„დიდი ხნის ცხოვრება მაქვს. მეც დიდი ხნის ვარ. 103 წლის ქალი ვარ“, – ამბობს ულფეთ ფუტკარაძე და ხელებს ითბობს შეშის ღუმელზე. თან აკვირდება, თითქოს ცდილობს დარწმუნდეს, რომ ღუმელში შეშა საკმარისია.

შავი ტანსაცმელი და წითელვარდებიანი წინდები აცვია, რომელზეც მოგვიანებით გვეტყვის, რომ შვილთაშვილმა აჩუქა. თავსაფარს ისწორებს, საიდანაც მოკლედ შეჭრილი, წითურად შეღებილი თმა მოუჩანს და დივანზე ჯდება.

მტკიცედ და გადაჭრით მეუბნება – „განვლილი ცხოვრებიდან არაფერია, რასაც ვნანობ“. მისი თქმით, დედამისმაც ამდენ ხანს იცოცხლა, მაგრამ მამა ადრე გარდაეცვალა.

ყველაზე მეტად რაც ენატრება, შუახევის სოფელი შუბანია, სადაც ბავშვობა გაატარა და იქამდე ცხოვრობდა, სანამ არ გაათხოვებდნენ.

საუბარში ულფეთმა ბევრჯერ გაიმეორა, რომ ადრეული ქორწინება არასწორია.

„ძველად ადრე ათხოვებდნენ. ახლა 20 წლის, 30 წლის ეთხუებიან. ძველად გაათხოვებდნენ 14-15 წლის გოგოებს. ბეჩები იყვნენ, ნამდვილად ბეჩები.

ხანდახან ვიტყოდი, ვერ უვლიდნენ შვილს და იმიტომ ათხოვებდნენ-მეთქი. არ უნდა გაათხოვო ადრე გოგო. მე 16 წლის გამათხოვეს და ეს არ იყო სწორი, პატარა ვიყავი.

ქორწილში შევხვდი ჩემს ქმარს. ვისი ქორწილი იყო, არ მახსოვს. არ გვიცეკვია, ერთმანეთს არ გამოვლაპარაკებივართ, ერთად არ ჩამოვმსხდარვართ და არაფერი, შორიდან გავიცანით ერთმანეთი და მერე მალევე წამიყვანეს.

სწავლა არ იყო მაშინ. თან 15-16 წლის რომ გაგათხოვებდნენ, რას გააკეთებდი? რა უნდა გესწავლა? როგორ?

20 წლის მაინც უნდა გახდე, რაღაც რომ ისწავლო, გაძლიერდე. მე არ მინდოდა ადრე გათხოვება. 16 წელი ხომ არაფერია, მაგრამ რა უნდა გექნა?

ახლა იცით როგორაა? [წყვილი] ერთად მიდი-მოდის. ადრე არ იყო ასე. სადმე ერთად გაგვევლო, გაგვესეირნა, არ მახსოვს. დაგინიშნავდნენ და თან მიგიყვანდნენ ქორწილით. ასე იყო ჩემ შემთხვევაშიც.

4 შვილი მყავდა – 2 გოგო მომიკვდა. 2 შვილი დამრჩა“, – გვიყვება ქალი.

ულფეთს 15 შვილიშვილი, 31 შვილთაშვილი და 12 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

ულფეთ ფუტკარაძე

ულფეთი იხსენებს, რომ ქორწილში გრძელი წითელი კაბა ეცვა. ამბობს, მაშინ ან თეთრ კაბას იცვამდნენ, ან წითელს. კაბა მას არ შეურჩევია.

„ახლა დავბერდი, მაგრამ ახალგაზრდობაში ასეთი ხომ არ ვიყავი? დავბერდი და აღარც ხელები მივარგა და აღარც არაფერი, მაგრამ ახალგაზრდა სულ სხვანაირი ვიყავი“ – ღიმილით ამბობს ულფეთი.

ქალი იმასაც იხსენებს, რა იყო მის მზითვში და ამბობს, რომ დაუშვებელია ოჯახის ქონების განაწილებისას გოგო მხოლოდ მზითვის ამარა დარჩეს – „რა აზრი აქვს, შვილი გოგოა თუ ბიჭი. შვილი შვილია და ყველაფერი ერთნაირად უნდა გაუნაწილო“.

ულფეთი წლებია ბათუმში ცხოვრობს ოჯახთან ერთად, იქამდე კი შუახევში ცხოვრობდა და 20 წელი დადიოდა მემთეურად მთა ჩირუხში.

მემთეურობის წლებზე რომ ვკითხე პირველად, მოკლედ მოჭრა – რთული იყოო.

„როცა მემთეური ხარ, ყველაფრის გაკეთება გიწევს. ვაკეთებდი ყურუთს, ყველს, კარაქს. რძის ნაწარმი ყველას უყვარს, მარტო მე კი არა. მეც მიყვარს, ჩვენი საჭმელი ეს იყო.

ყურუთი მიყვარდა ძალიან და გაკეთებითაც კარგად ვაკეთებდი.

ჩირუხის მთაში ვმემთევრობდი. 5-6 ძროხას ჩემსას ვუვლი და აბარებითაც ვიბარებდი.

ავავსებდი ჭურჭელს [რძის პროდუქტებით], წაიღებდნენ და დამლოცავდნენ. მემთევრის ყველა საქმე ჩათინია [რთულია] – ყველის ამოღება ჩათინია, ბოსლის დასუფთავება, იმდენი რამეა…

დავბერდი და გადაწყდა, რომ მემთეურობა აღარ შემიძლია. ახალგაზრდობაში ერთხელ ავად გავხდი და მოვრჩი, ბევრი არ მიწვალია. ახლა მხოლოდ სიბერე მაწუხებს. 103 წლის ვარ, მაგრამ კიდევ კარგი, გავიარ-გამოვიარ, ბოსტანში ჩავალ. კი არ ვმუშაობ, მაგრამ გადავხედავ მაინც.

ბათუმში ცხოვრება აჯობებს. ბევრი საქონელი გვყავდა, ვწვალობდით. ახლა ბევრი საქონელი არავის აღარ ჰყავს. ადრე გვყავდა თხა, ცხვარი, კამეჩი“, – იხსენებს ულფეთი.

ამასობაში, ულფეთის რძალმა ძველი ფოტოალბომები შემოიტანა ოთახში, რომელსაც ქალმა ნელა და დაკვირვებით დაუწყო ფურცვლა. ერთ-ერთ ფოტოზე საკუთარი თავი ამოიცნო და კარგა ხანს აკვირდებოდა.

ულფეთ ფუტკარაძე მარჯვნიდან პირველი

მითხრა, ადრე გრძელი თმა მქონდა, ნაწნავებს გავიკეთებდიო – „თმის საღებავი ბადიშებმა მომიტანეს და რძალმა შემიღება. მომწონს ჩემი თმის ფერი ახლა. რომ დავბერდი, თმა გამითეთრდა და თეთრი თმა არ მომეწონა. დიდი ხანია, რაც თმას ვიღებავ.

სიბერე აღარ მინდა, რთულია, მაგრამ დავბერდი“.

ულფეთ ფუტკარაძე ოჯახის ფოტოალბომს ათვალიერებს

ქალს ახსოვს პერიოდი, როცა მას და მის ოჯახს მჭადიც სანატრელი ჰქონდა.

„ძალიან, ძალიან გვიჭირდა, ახლა სხვა ცხოვრებაა. ახლა იმუშავებ და შეჭამ, არ დარჩები მშიერი.

მაშინ უთენია უნდა ამდგარიყავი, მომზადებულიყავი, კოლექტივს შეერთებოდი“.

წელიწადის დროებიდან განსაკუთრებით გაზაფხული უყვარს იმის ნიშნად, რომ ცივი ზამთარი დამთავრდა, რადგან სიცივეს ვერ ეგუება.

„საშინლად გრძელი ზამთრები იცოდა. 2 მეტრი თოვლი მოდიოდა, დიდი ხნით ვიკეტებოდით. ანიჩბავდნენ თოვლს, ანიჩბავდნენ და ასე გადავდიოდით მეზობელთან“, – გვეუბნება და იქვე კითხვას სვამს – შეშა ხომ არის ღუმელშიო, თითქოს ზამთარზე საუბარმა შეაცივა.

ულფეთი თავის ერთ დღეზეც გვიყვება. ამბობს, რომ ადრე იღვიძებს, მაგრამ საწოლიდან ადგომას არასდროს ჩქარობს. ხშირად უყურებს ტელევიზორს. „თუ გამორთულია, ვეტყვი, ჩართეთ რომ ვუყურო და რაცხა დევნახო-მეთქი“.

ცდილობს, რაც შეიძლება ბევრი იაროს. ცოტა ხნის წინ ფეხი მოიტეხა და ხელჯოხის დახმარებით დადის ოთახიდან ოთახში, აივანზე და სახლთან მოწყობილ პატარა ბოსტანსაც გახედავს ხოლმე.

„სიბერე მაწუხებს, მაგრამ ჩემ თავს ვუვლი.

ახლა აღარ შემიძლია, მაგრამ ძალიან მიყვარდა საჭმელების კეთება და სუფთად, კოხტად გავაკეთებდი. ახლა არაფერი აღარ შემიძლია, მომიტანებენ – ვჭამ, არ მომიტანებენ – ვზივარ“.

ამბობს, რომ განსაკუთრებით უყვარს ჩაი და ახსენდება, როგორ კრეფდა სოფელში მოცვის ჩაის. აქვე დასძენს, რომ ხეებზე არასდროს ავდიოდი, ძალიან მეშინოდაო.

ულფეთის თქმით, მისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ბოსტნეული ფხალია, რომელსაც რძესთან და ნიორთან ერთად ამზადებდა და მისი მთავარი კერძი იყო.

ულფეთ ფუტკარაძე რძალთან და შვილიშვილთან ერთად

„ალიანსმა“ მშენებლობაში 1.7 მლრდ ჩადო, მთავრობა კი მფლობელის ოჯახს მოცვის ბიზნესს უფინანსებს

„ალიანსის“ დამფუძნებლის ოჯახის წევრების კომპანიებს სახელმწიფომ მოცვის ბაღების გაშენების პროექტი დაუფინანსა. კომპანია წლებია სამშენებლო ბაზარზე ერთ-ერთი მონოპოლისტია. ოფიციალური მონაცემებით, რაც მისსავე ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, კომპანიის ინვესტიცია სამშენებლო სექტორში 1 მილიარდ 75 მილიონი დოლარია, აშენებული ფართობი კი  – 2.2 მილიონი  კვადრატული მეტრი.

როგორც დოკუმენტებშია მითითებული, „ალიანს ჯგუფთან“ დაკავშირებულმა კომპანიებმა ლურჯი მოცვის ბაღების გასაშენებლად სახელმწიფოსგან დაფინანსება სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის „აშენე მომავლის“ ფარგლებში მიიღეს. პროგრამა გულისხმობს ფულად დახმარებას როგორც ნერგების შესაძენად, ასევე წვეთოვანი სისტემის მოსაწყობად. კომპანიამ მიიღო ასევე იაფი აგროსესხი.

პროგრამის მიხედვით, თანადაფინანსებას ექვემდებარება როგორც ადგილობრივად შეძენილი ნერგები, ისე იმპორტირებული. ამავდროულად, თითოეულ ნერგზე დადგენილია მაქსიმალური თანადაფინანსება.

ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მაქსიმალური დაფინანსება 50 %-ია, არაუმეტეს 1,25 ლარი 0.5 ჰექტარზე.

„ალიანს ჯგუფთან“ დაკავშირებულმა კომპანიებმა ლურჯი მოცვის მოსაყვანად მიწის ნაკვეთები დაბა ლაითურში შეისყიდეს – ჯამში 47 ჰექტარი.

ეს პროექტი შესაძლებელია გამოდგეს საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრების  მაგალითად, რომ სახელმწიფო პროგრამებით, რომლებიც ბიზნესის დასაწყებად გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს და თითქოს ახალი პროექტების შეთავაზებით გარკვეული ჯგუფის გაძლიერებას უნდა შეუწყოს ხელი, ხშირად ისევ მილიონერები, საჯარო მოხელეები, დეპუტატები ან მათი ახლობლები სარგებლობენ.

სახელმწიფოს პასუხი ასეთ დროს არის: „შეიქმნება სამუშაო ადგილები“. სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოში მეტწილად მუშახელისთვის სეზონურად დაბალი ანაზღაურების შეთავაზებას გულისხმობს, რაც მოწყვლად სოციალურ ჯგუფებს ვერ აძლიერებს.

„ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის ოჯახის წევრებმა ლურჯი მოცვის მოსაყვანად სულ ოთხი კომპანია დააფუძნეს – „ჯეობლუბერისი“, „ლურჯი მოცვი“, „ნერგი“ და „ჯეო ბლუმ ბლუბერი“. სწორედ ეს კომპანიები ფლობენ დაბა ლაითურში, ერთმანეთის მომიჯნავედ, ჯამში 47 ჰექტრამდე ფართობს.

როგორც დოკუმენტებით ირკვევა, ნაკვეთები უკვე გაწმინდეს, დაამუშავეს და ნერგებიც დარგეს. 2024 წელს კომპანიები პირველ მოსავალს ელიან.

მმართველი კომპანია შპს „ჯეო ბლუმ ბლუბერია“. სწორედ ეს კომპანიაა პასუხისმგებელი მიწის ნაკვეთის დამუშავებაზე ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მისი მართვა აჭარის სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს, ზაურ ფუტკარაძეს აქვს ჩაბარებული.

შპს „ჯეო ბლუმ ბლუბერის“ დირექტორი ზაურ ფუტკარაძე კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მოქმედი მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის მამაა.

ყოფილმა მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ ის კომპანიას ეხმარება, როგორც სოფლის მეურნეობის სპეციალისტი და მისი მოვალეობა მიწის ნაკვეთის დამუშავება- მომზადებაა ხარისხიანი პროდუქტის მოსაყვანად. სხვა საკითხები კი მას არ ეხება და არც ინფორმაციას ფლობს.

  • საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ჯეობლუბერისი“ ბიზნესმენ გია ბიწაძის შვილს, თემურ ბიწაძეს ეკუთვნის. გია ბიწაძე „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებელია. შპს „ჯეობლუბერისი“ ლაითურში 15 ჰექტარს ფლობს [155 659 კვ. მეტრი] 
  • „ჯეობლუბერისის“ მომიჯნავედ 15 ჰექტარზე მეტს ფლობს გია ბიწაძის მეორე შვილის, ნანა ბიწაძის კომპანია შპს „ლურჯი მოცვი“ [154 959 კვ. მეტრი
  • შპს „ნერგის“ ასივე პროცენტის მფლობელი კი, გია ბიწაძის მეუღლე მედეა ბოჭორიშვილია. ზემოთ მითითებული ნაკვეთების მომიჯნავედ ეს კომპანია 16 ჰექტარს ფლობს [168 000 კვ. მეტრი].

საერთო ჯამში, „ალიანს ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანიები ლაითურში ლურჯი მოცვის მოყვანას 47 ჰექტრამდე ფართობზე გეგმავენ. როგორც საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, კომპანიებს მიწის ნაკვეთები კერძო მესაკუთრეებისგან შეუსყიდიათ და ამ ნაწილში სახელმწიფოსთან ვალდებულებები არ აქვთ.

შპს „ჯეობლუბერისმა“ გასული წლის ბოლოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაბა ლაითურში სამელიორაციო სისტემის მოწყობისა და ექსპლუატაციის სკრინინგის ანგარიში წარუდგინა. 2023 წლის სექტემბერში ეს პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაშიც განიხილეს. მერიამ შესაბამისი განცხადება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზეც გამოაქვეყნა. 

განცხადებაზე თანდართული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ამ დროს კომპანიას უკვე მიღებული ჰქონდა მტკნარი წყლების მოპოვების ლიცენზია.

შპს „ჯეობლუბერს“ ლაითურის ტერიტორიაზე მტკნარი წყლების მოპოვებასთან დაკავშირებული ლიცენზია 2023 წლის ივლისში, აუქციონში გამარჯვების შედეგად მიუღია. მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ანდრო ასლანიშვილის ბრძანების შესაბამისად, კომპანიას წელიწადში 21 000 მ3 მტკნარი წლების მოპოვების უფლება აქვს 25 წლის ვადით.

დოკუმენტებით ირკვევა ისიც, რომ კომპანია ლურჯი მოცვის ექსპორტზე გატანას გეგმას, თუმცა უარს არც ადგილობრივ ბაზარზე ამბობს.

სამელიორაციო სისტემის მოწყობაზე თანხმობის მისაღებად კომპანია გარემოს სააგენტოს სწერს, რომ ლურჯი მოცვის ექსპლუატაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მორწყვას, ამიტომაც აპირებს წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობას.

დოკუმენტებში მითითებული ინფორმაციით, კომპანიამ დაბა ლაითურში, დასახლებული პუნქტიდან 500 მეტრის დაშორებით, უკვე დარგო 64 380 ნერგი, რომლებიც სახელმწიფოს თანადაფინანსებით შეისყიდა.

„ალიანს ჯგუფი“ მმართველი პარტიის მხარდამჭერი და შემწირველია.

2023 წლის დეკემბერში თემურ ბიწაძემ „ოცნებას“ 40 000  ლარი შესწირა. „ალიანს ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანიების ერთ-ერთმა დირექტორმა, აკაკი სონგულიამ  კი „ოცნების“ ანგარიშზე  60 000 ლარი შეიტანა. ამდენივე გაიღო „ალიანსის“ კიდევ ერთმა დირექტორმა დავით ბალაძემ.

დავით ბალაძე აჭარის ყოფილი ფინანსთა მინისტრია. კომპანია „ალიანსის“ დირექტორად ზაურ ფუტკარაძის დანიშვნის შემდეგ ის მეორე ყოფილი მინისტრია, რომელიც „ალიანსისთვის“ მუშაობს.

ყოფილი საჯარო მოხელეა აკაკი სონგულიაც, ის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონული ცენტრის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. „ალიანსში“ 2016 წლიდან გამოჩნდა. „ოცნების“ მხარდაჭერა კი ცოტა ადრე, 2014 წელსაც ფულადი შენატანით, 20 000 ლარით გამოხატა.

ყოფილი მინისტრი, დავით ბალაძე „ოცნებას“ თანხას აქტიურად სწირავს. მან მმართველ პარტიას 2012 წელს 4 000 ლარი, 2019-2023 წლებში კი ოთხჯერ 60-60 ათასი ლარი, ჯამში 240 000  ლარი შესწირა.

2023 წლის ბოლოს „ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა მაგდანა ფეიქრიშვილმა, ის „ალიანსის“ გაყიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. 2021 წელს მან „ოცნებას“ თანხა ორჯერ, ჯამში 60 000 ლარი, ხოლო 2020 წელს 40 000 ლარი შესწირა.

„ოცნებას“ 40 000 ლარი შესწირა სალომე სიხარულიძემ, ის „ალიანსის“ გაყიდვების უფროსი მენეჯერია. 2020-2021 წლებში სალომეს „ოცნების“ ანგარიშზე ჯამში 50 000 ლარი შეუტანია.

„ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებელი გია ბიწაძე „ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი და შემწირველია. 2014 წელს გიორგი ბიწაძემ „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა.

ფიდე მაია ჩიბურდანიძეს დაბადების დღეს ულოცავს

ცნობილი ქართველი მოჭადრაკე, მაია ჩიბურდანიძე დღეს 63 წლის გახდა.

ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციამ ქართველ მოჭადრაკეს ფეისბუქზე მიულოცა დაბადების დღე, ხოლო ვებგვერდზე მისი ფოტო გამოიტანა წარწერით – დღის პერსონა.

„ვულოცავთ მაია ჩიბურდანიძეს, ქალთა ყოფილ მსოფლიოს ჩემპიონს, რომელიც დღეს 63 წლის იუბილეს აღნიშნავს!  ქართველი დიდოსტატი, ისტორიაში მხოლოდ მეორე ქალი, რომელსაც GM-ის [გრანდმასტერის] ტიტული მიენიჭა, 1978 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი 17 წლის ასაკში, იმ დროისთვის ყველაზე ახალგაზრდა და იყო 1991 წლამდე“ – წერს ფიდე.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ცნობით, მაია ჩიბურდანიძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის გამარჯვებული, ოთხგზის საჭადრაკო ოსკარის მფლობელი, ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი ჯილდოს „ოქროს პაიკი“ მფლობელი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი და ღირსების ორდენის კავალერი.

მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულთა რიცხვი 232-მდე გაიზარდა

იაპონიაში პირველ იანვარს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 232-მდე გაიზარდა, 21 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

მიწისძვრამ 22 374 შენობა დააზიანა. ამავდროულად, ქალაქ ვაჯიმასა და სუზუში ზარალის შეფასება გრძელდება, ამიტომ ნგრევის მთლიანი მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიაში პირველ იანვარს მოხდა და ნგრევა და ხანძარი გამოიწვია.

ამავე თემაზე:

სად გაითიშება ხვალ გაზი ბათუმში

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 18 იანვარს, 17:00 საათიდან 19:00 საათამდე ბათუმში, ნიკო ჯაყელის ქუჩისა და ფრიდონ ხალვაშის მეორე შესახვევის 106 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება.

ასევე, 18 იანვარს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, გაზმომარაგება შეუწყდება ბათუმში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მცხოვრებ 77 აბონენტს.

ამ ქუჩებზე გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება და სრულად აღდგება დღის ბოლომდე.

გაზის გათიშვის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.

„სოკარი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

შეტევა ხარკოვსა და ოდესაზე – არიან დაღუპულები და დაშავებულები

16 იანვრის ღამეს რუსეთმა უკრაინაში, ხარკოვის ოლქზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, 2 რაკეტა, С-300 რუსეთის ქალაქ ბელგოროდიდან იქნა გასროლილი.

დაბომბვის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავდა 17 მშვიდობიანი მოქალაქე. ერთ-ერთი დაჭრილი 90 წლისაა. ბოლო ცნობების თანახმად 2 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანებულია 20-მდე საცხოვრებელი კორპუსი და სამედიცინო ცენტრის შენობა.

ასევე, უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთი დრონებით დაესხა თავს ოდესას, სადაც დაზიანებულია კორპუსი. ვრცელდება ცნობები სამი დაშავებულის შესახებ.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის შეტევის შედეგად ასობით კორპუსი ხარკოვსა და ოდესაში გათბობისა და დენის გარეშე დარჩა.

__________

ფოტო: EPA-EFE/YAKIV LIASHENKO

გერმანია თითქმის გააორმაგებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას

გერმანია 2024 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 7 მილიარდზე მეტ ევროს  დახარჯავს და არა 4 მილიარდს, როგორც ადრე იყო დაგეგმილი. ამის შესახებ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი – წერს „დოიჩე ველე“.

გამოცემის ცნობით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის გაწეული დახმარების რაოდენობით ლიდერობენ შეერთებული შტატები და გერმანია.

2022 წლის 24 თებერვლიდან ბერლინმა კიევს დაახლოებით 6 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია. კერძოდ, გერმანიამ უკრაინას მიაწოდა ლეოპარდის ტანკები, IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები.

ამჟამად გერმანიაში განიხილება უკრაინისთვის Taurus-ის შორი მოქმედების რაკეტების მიწოდება.

____________

ფოტო: EPA-EFE/CLEMENS BILAN

„შუახევი ჰესმა“ 2023 წელს რეკორდული რაოდენობის ელექტროენერგია გამოიმუშავა

„შუახევის ჰესების“ კასკადმა 2023 წელს ელექტროენერგიის გამომუშავების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 31 დეკემბრის მონაცემებით გამომუშავებული ელექტროენერგიის ჯამურმა მაჩვენებელმა 508 მლნ. კვტ/სთ შეადგინა.

ქვემოთ მოცემულია შუახევის ჰესების კასკადის მიერ 2020 -2023 წლებში გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა (კვტ/სთ).

როგორც ხედავთ, შუახევის ჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ყოველწლიურად მზარდია, რასაც რამდენიმე ფაქტორის  ერთობლიობა განაპირობებს: პირველი, ესაა ჰიდროლოგია ანუ შესაბამისი ამინდი წლის განმავლობაში, შემდეგი არის „შუახევი ჰესის“ თანამედროვე და მაღალი ხარისხის ტექნიკური აღჭურვილობა, რაც გაზრდილი წყლის ნაკადის ათვისებისა და მეტი ელექტროენერგიის გამომუშავების შესაძლებლობას იძლევა და ბოლოს, კომპანიის კომპეტენტური გუნდი, რომელიც ზემოთ ხსენებულ ფაქტორებს მაქსიმალურად გამოიყენებს.

„2023  წელს ჩვენი კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდი გენერაცია დაფიქსირდა.

ზუსტი დაგეგმვის, საუკეთესო ოპერაციული და ტექნიკური პრაქტიკის მეშვეობით, ჩვენ არა მხოლოდ მივაღწიეთ, არამედ გადავაჭარბეთ ელექტროენერგიის გამომუშავების სამიზნე მაჩვენებელს.

წლის წარმატება იზომება არა მხოლოდ გამომუშავებული მეგავატსაათებით, არამედ ჩვენი მიდგომებით იმ საქმის მიმართ, რომელსაც ვემსახურებით.

ჩვენმა ჰიდროელექტროპროექტებმა არამარტო უზრუნველყო სუფთა და საიმედო ენერგიის წარმოება, არამედ ხელი შეუწყო რეგიონულ განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკურ ზრდას.

რეკორდული მაჩვენებლის ელექტროენერგიის გამომუშავებაში ტექნოლოგია იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. ჩვენ განვახორციელეთ ინვესტიცია უახლესი ტექნიკისა და მონიტორინგის სისტემებში, რათა მუდმივად გაგვეუმჯობესებინა სამუშაო პროცესი, რაც დაგვეხმარა ელექტროენერგიის გამომუშავების მაქსიმალურად გაზრდაში.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს საუკეთესო გუნდს, რომლის შრომისმოყვარეობა, გამოცდილება და საქმისადმი სიყვარული  იყო განმსაზღვრელი ამ ისტორიული მიღწევის  პროცესში.

ჩვენი ვალდებულება ინოვაციების, მდგრადობის, ეთიკური ბიზნესპრაქტიკისა და საზოგადოების ჩართულობისადმი, მომავალშიც ურყევი დარჩება. ჩვენ გავაგრძელებთ ახალი ტექნოლოგიების შესწავლას, გავაუმჯობესებთ საოპერაციო ეფექტიანობას და ვითანამშრომლებთ დაინტერესებულ მხარეებთან ჩვენი ინიციატივების უწყვეტი წარმატების უზრუნველსაყოფად.“ – აცხადებენ კომპანიაში.

საქართველოში, ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდის შედეგად, 2023 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის იმპორტი განახევრდა – ამის შესახებ ესკოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის 11 თვეში იმპორტის გზით ქვეყანაში 681 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია შემოვიდა, ხოლო 2022 წელში – 1 533 მილიონი კვტ/სთ.

„აჭარისწყალი ჯორჯია“ ერთ-ერთი წამყვანი ენერგოკომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადს.

შუახევის ჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობის ყოველწლიურად ზრდა ხელს უწყობს ქვეყანაში ელექტროენერგიის შიდა წარმოებას, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ სვლას და  აძლიერებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას.

ელექტროენერგიის სტაბილურ და უსაფრთხო გამომუშავებასთან ერთად კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და სოციალური საკითხები.

კომპანიის მთავარი პრიორიტეტი როგორც მშენებლობის, ასევე ოპერირების ეტაპზე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაა. კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ იყო პირველი კომპანია, რომელმაც დაამკვიდრა კორპორაციული პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი ქართულ ენერგოსექტორში. მშენებლობის პირველივე ეტაპიდან კომპანიამ დაიწყო სოციალური პროექტების განხორციელება, რომლის მთავარ მიზანს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და რეგიონის გრძელვადიანი განვითარება წარმოადგენდა. კომპანია სოციალური პროექტების განხორციელებას ელექტროენერგიის გამომუშავების ეტაპზეც განაგრძობს.

მენოპაუზა ქალებში და მისი მართვის შესაძლებლობები – რჩევები

მენოპაუზა ბუნებრივი ეტაპია ქალის ცხოვრებაში, რომელიც გარკვეულწილად გულისხმობს რეპროდუქციული წლების დასასრულს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მენოპაუზის შემდგომაც შესაძლებელია ქალი დაფეხმძიმდეს და შვილი გააჩინოს. გთავაზობთ ინტერვიუს ინოვაციური სამედიცინო ცენტრ “ბირთის” რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგ ირმა რამიშვილთან, რომელიც მრავალი წელია ამ სფეროში წარმატებულად მოღვაწეობს.

Რა არის მენოპაუზა და რა ასაკში დგება?

Მენოპაუზა ნიშნავს მენსტრუალური ციკლის შეწყვეტას, არარსებობას 6 თვის და დროის მეტი ინტერვალის განმავლობაში. Მენოპაუზა სხვადასხვა ქალს სხვადასხვა დროს ეწყება. საქართველოს გეოგრაფიული განედისთვის ნორმად ითვლება 45 წლის ასაკს ზემოთ ქალებში. არსებობს “საკვერცხეების ადრეული განლევის სინდრომი”, როცა აღნიშნული მდგომარეობა იწყება 20 წლის ასაკშიც კი. ან მაგალითად, მენოპაუზა ვითარდება სხვადასხვა პრობლემის გამო საკვერცხეების ამოკვეთის შემდგომ. მსგავს შემთხვევებშიც აღნიშნული მდგომარეობა მართვადია თანამედროვე მედიკამენტების საშუალებით.

რა იწვევს მენოპაუზას?

მენოპაუზა ძირითადად გამოწვეულია ქალის ორგანიზმში ფიზიოლოგიური ცვლილებებით, რაც განპირობებულია საკვერცხეების მიერ ჰორმონების გამოყოფის ჯერ შემცირებით, შემდეგ კი საბოლოოდ შეწყვეტით. აღნიშნული პროცესი საყურადღებოა, რათა მოხდეს სათანადოდ მართვა და დისკომფორტის შემცირება.

Birth
Birth

Რა სიმპტომები გამოარჩევს მენოპაუზას ან მის დადგომას?

Მენოპაუზის კლინიკური გამოვლინებაა მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა, რაც აისახება ქალის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, კერძოდ, ე.წ. ,,Ალების” არსებობა, არტერიული წნევისა და გუნება-განწყობის ცვლილება, ადვილი გაღიზიანებადობა, ჭარბი ოფლიანობა და უძილობა. Თუმცა თანამედროვე მედიცინის – გინეკოლოგიის მიღწევები საშუალებას გვაძლევს, ვმართოთ არსებული პროცესი და პრეპარატების საშუალებით ქალები ფიზიოლოგიურად გადავიყვანოთ ერთი ასაკობრივი მდგომარეობიდან მეორეში. Რაც გულისხმობს, რომ ეს სიმპტომები ნაკლებად შემაწუხებელი იყოს და ცხოვრებაც უფრო მშვენიერი.

Რამდენ ხანს გრძელდება მენოპაუზა?

მენოპაუზის ხანგრძლივობა განსხვავებულია, თუმცა სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წლის განმავლობაში. საშუალოდ, ქალები შეიძლება განიცდიდნენ მენოპაუზისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს დაახლოებით ოთხიდან ხუთ წლამდე, თუმცა ზოგიერთს შეიძლება ჰქონდეს სიმპტომები უფრო ხანმოკლე ან უფრო ხანგრძლივი.

შეიძლება თუ არა მენოპაუზის შემდეგ ციკლის აღდგენა და დედობა?

Რა თქმა უნდა, შესაძლებელია, შესაბამის გამოკვლევებზე დაყრდნობით ექიმი დანიშნულებას აძლევს ქალს, რითაც მენსტრუალური ციკლისა და შვილოსნობის ფუნქციის აღდგენა ხდება. Ამის არაერთი მაგალითი გვაქვს კლინიკა ბირთში. გვყავდა პაციენტი, რომელიც 54 წლის ასაკში დაფეხმძიმდა 8-წლიანი მენოპაუზის შემდეგ და შაქრიანი დიაბეტის ფონზე. ამჟამადაც გვყავს ფეხმძიმეები 45 + წლის ასაკის.

Რა ზემოქმედებს მენოპაუზის დაჩქარებაზე?

მენოპაუზის მიზეზი შეიძლება იყოს გარკვეული სამედიცინო მკურნალობა, როგორიცაა: ქირურგია საკვერცხეების ამოღების მიზნით ან სხივური თერაპია.

Რამდენად შეიძლება მენოპაუზამ იმოქმედოს სექსუალურ ჯანმრთელობაზე?

მენოპაუზამ შეიძლება გამოიწვიოს ვაგინალური სიმშრალე, ლიბიდოს დაქვეითება და სექსუალური ფუნქციის ცვლილება. ლუბრიკანტები, ჰორმონალური თერაპია და ექიმ-გინეკოლოგთან კომუნიკაცია დაგეხმარებათ ამ პრობლემების მოგვარებაში.

როგორია მენოპაუზის გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე?

მენოპაუზის დროს ჰორმონალურმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს განწყობის ცვალებადობა, შფოთვა და დეპრესია. Ამიტომაც დამხმარე თერაპია, ცხოვრების წესის შეცვლა, მეგობარ-ახლობლებთან დროის გატარება და ფსიქოლოგის კონსულტაცია შეიძლება იყოს მომგებიანი.

საჭიროა თუ არა მივმართოთ ექიმს მენოპაუზის სიმპტომების შეგრძნებისთანავე?

მენოპაუზას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახასიათებს შფოთვა და გუნება-განწყობილების ცვლილება, რის გამოც ხშირია შემთხვევები, როცა მიმართავენ ნევროლოგებს. სასურველია დროულად გამოვიცნოთ მენოპაუზის დადგომა და გინეკოლოგთან კონსულტაცია დაეხმარება ქალს სიმპტომების მართვა – ალაგებაში.

კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით: 557 53 36 92

სუსის უფროსის ანაზღაურება თვეში 12 345 ლარი გახდა, მას წელს ხელფასი 1125 ლარით გაეზარდა 

მთავრობის დადგენილებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] ხელმძღვანელობის და სხვა თანამშრომლების ხელფასები 2024 წლის იანვრიდან გაიზარდა.

1125 ლარით გაიზარდა სუსის უფროსის ხელფასი. შესაბამისად, სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, 2024 წლის იანვრიდან ხელფასი 12 345 ლარი დაერიცხება, 11 220 ლარის ნაცვლად.

990 და 960 ლარით გაეზარდათ ხელფასები სუსის უფროსის მოადგილეებსაც: პირველი მოადგილის ხელფასი 9 900 ლარის ნაცვლად იქნება 10 890 ლარი, ხოლო მოადგილის ხელფასი 9 570 ლარის ნაცვლად იქნება 10 530 ლარი.

სხვადასხვა ოდენობით გაიზარდა სუსის სხვა თანამშრომლების ხელფასებიც. მაგალითად:

  • ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) უფროსის ხელფასი განისაზღვრა 8 715 ლარით, [7 920 ლარის ნაცვლად],
  • ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) უფროსის პირველი მოადგილის – 7 990 ლარით [იყო 7 260],
  • წამყვანი სპეციალისტი, ინსპექტორის ხელფასი – 1 945 ლარით [იყო 1 765 ლარი];
  • იურიდიული მთავარი სამმართველოს უფროსის ხელფასი იქნება 6 175 ლარი [იყო 5 610],
  • გენერალური ინსპექციის უფროსის (დეპარტამენტის დირექტორის) ხელფასი განისაზღვრა 8 715 ლარით [იყო 7 920];
  • კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ხელფასი იქნება 8 715 ლარი [იყო 7 920 ლარი].

სუსის უფროსის ხელფასი 2015 წლის აგვისტოდან 3 540 ლარი იყო, 2018 წლის იანვრიდან 2022 წლამდე – 8 500 ლარი, 2022 წელს – 9 350 ლარი, ხოლო 2023 წელს – 11 220 ლარი.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ახალი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 15 იანვარს მიიღო და მეორე დღიდანვე ამოქმედდა.

ახალი დადგენილებით გაიზარდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთების ოდენობებიც:

 

 

წამალში, საკვებში, ტანსაცმელში 1 ევროც არ გვეხარჯება – რას ჰყვება საფრანგეთში წასული ქალი

„ჩვენ ვერასდროს დავბრუნდებით, მედიკამენტი, რითაც ჩემმა ქმარმა მთელი ცხოვრება უნდა იმკურნალოს ძვირია და საქართველოში არ აქვთ. უკუჩვენებებსაც, რასაც ეს წამალი იწვევს, მართვა სჭირდება ერთმანეთთან დაკავშირებული ექიმების გუნდისგან. ჩემი ქმრისთვის და მის მსგავსად მძიმედ დაავადებული პაციენტებისთვის საქართველოში დაბრუნება სიკვდილს უდრის“, – ამბობს სალომე ლომსიანიძე.

სალომე მეუღლესთან, ნიკასთან ერთად ქალაქ ბორდოში ცხოვრობს. ნიკა საფრანგეთში სამკურნალოდ 2021 წელს წავიდა, 2022 წელს კი სალომეც გაჰყვა.

13 წლის ასაკში დაუდგინეს ნიკას ხმელთაშუა ზღვის ოჯახური ცხელების დიაგნოზი სომხეთში. ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების სიმპტომები ნიკას ბავშვობიდანვე ჰქონდა. საქართველოში ვერ დადგინდა რა დაავადება ჰქონდა პაციენტს.

„შემთხვევით ქუჩაში გაცნობილმა ადამიანმა უთხრა ჩემი ქმრის ოჯახის წევრებს, რომ მეზობელი ჰყავდა მსგავსი სიმპტომებით და სომხეთში მკურნალობდა. ნიკაც სომხეთში წაიყვანეს, სადაც დიაგნოზი დაუსვეს“, – ამბობს სალომე.

ნიკას სომხეთში მკურნალობდნენ, თუმცა ბოლო 3 წელია მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. დაავადებამ თირკმელი დაუზიანა და გადანერგვა დასჭირდა. გადაუნერგეს. მაგრამ სამი წლის წინ კომაში ჩავარდა, ინსულტი დაემართა და მძიმე ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა.

ნიკას ცოლმა ხმელთაშუა ზღვის ოჯახური ცხელების საერთაშორისო ცენტრი მოძებნა პარიზში. ცენტრთან დასაკავშირებლად სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი ბიჭი დაეხმარა, რომელსაც იგივე დიაგნოზი აქვს. დაავადების ცენტრის ხელმძღვანელი სალომეს გამოეხმაურა. აღმოჩნდა, რომ საფრანგეთში ხელმისაწვდომი იყო პრეპარატი, რითაც ნიკას უმკურნალებდნენ.

ანალიზების საფრანგეთში გაგზავნის შემდეგ დადასტურდა, რომ დიაგნოზი სწორად იყო დასმული და დაავადების ფორმაც მკურნალობას დაექვემდებარებოდა.

ნიკა საქართველოშიც იღებდა ერთ მედიკამენტს ცხელების სამკურნალოდ, მაგრამ მისი ორგანიზმი ამ საშუალებას ვერ იღებდა.

„ნიკას საბუთების გადაგზავნის შემდეგ პარიზის ცხელების ცენტრიდან დაგვიკავშირდნენ და გვაცნობეს, რომ 40 კაციანმა კომისიამ განიხილა მისი მდგომარეობა, ყოფილან პაციენტები, რომლებსაც ჩემი ქმრის მსგავსი დაავადება ჰქონდათ და იგივე პროცესები: კომა, ინსულტი და მძიმე შეტევები ვერ გადაიტანეს. რახან ნიკამ გაუძლო ამ ყველაფერს და გადარჩა, გვინდა, ეს პრეპარატი მან უსასყიდლოდ მიიღოსო, მოგვწერეს.

გვაცნობეს ასევე, რომ თავად უნდა მოგვეძებნა გზა, როგორ მივიღებდით ცენტრისგან გამოგზავნილ წამალს საქართველოში. ამ პრეპარატის ერთი თვის დოზა საფრანგეთში 500-1000 ევრო ღირს“, – ამბობს სალომე ლომსიანიძე.

სალომე ლომსიანიძე და ნიკა ამონაშვილი

წამლების საერთაშორისო გადამზიდი იპოვეს, ნიკას ოჯახს ისინიც დაჰპირდნენ, რომ უსასყიდლოდ ჩამოუტანდნენ პრეპარატს. თუმცა რახან საქართველოში მედიკამენტი არ იყო რეგისტრირებული, საჭირო გახდა ჯანდაცვის სამინისტროსგან შემოტანის სპეციალური ნებართვა.

„ნიკას მამა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში მივიდა და წამლის შემოტანის ნებართვა ითხოვა, თუმცა პასუხად კატეგორიული უარი მივიღეთ. ეს წამალი არ არის რეგისტრირებული და მას ვერ შემოიტანთო. ამის შემდეგ ვითხოვეთ ოფიციალური ცნობა ჯანდაცვის სამინისტროსგან, რას პასუხობდნენ პაციენტს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ცნობაში ეწერა, რომ პაციენტისთვის საჭირო ეს წამალი საქართველოში არ იყო ხელმისაწვდომი, ამიტომ სამინისტრო ნიკას ურჩევდა, საზღვარგარეთ მოეძებნა მკურნალობის გზები“, – ამბობს სალომე ლომსიანიძე.

საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ, რახან ნიკას მდგომარეობა მძიმე იყო, სასწრაფომ ის დაუყოვნებლივ გადაიყვანა საავადმყოფოში:

„მიუხედავად იმისა, რომ არც ლტოლვილის ან სხვაგვარი სტატუსი აქ გაქვს, საფრანგეთის ტერიტორიაზე თუ ხარ, გაქვს საყოველთაო დაზღვევით სარგებლობის უფლება. ეს გულისხმობს, რომ თუ სავალალო მდგომარეობაა, სასწრაფოს საავადმყოფოში გადაჰყავს პაციენტები და მკურნალობის პროცესი იწყება.

სამედიცინო დაზღვევა, რომელიც ჩასვლისთანავე მოვითხოვეთ, მოვიდა 8 თვეში, მაგრამ ამ სამ თვემდეც ნიკას უკეთდებოდა უსასყიდლოდ ყველაფერი, რაც სჭირდებოდა, საყოველთაო დაზღვევით. 12, 13 დასახელების წამალს სვამდა, მათ შორის იმ მედიკამენტს, რის გამოც ჩამოვედით.

როცა კლინიკიდან გამოვედით, მერე მოვითხოვეთ ლტოლვილის სტატუსი. მანამდეც ყველა პროცედურა დაგვიფინანსეს.

ნიკას ექიმმა იცოდა, რომ თუ კლინიკიდან გამოგვწერდნენ ღია ცის ქვეშ ვრჩებოდით. არც ფული გვქონდა, არც თავშესაფარი. ექიმმა დაიწყო გამუდმებით რეკვა 115-ზე, ეს სასწრაფო ცხელი ხაზია საფრანგეთში. ექიმი რეკავდა ჩვენს ნაცვლად და ეუბნებოდა ოპერატორს, რომ პაციენტის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო და ვერ გაწერდა კლინიკიდან. მანამ მეყოლება საავადმყოფოში, სანამ ზუსტად არ მეცოდინება, რომ კლინიკიდან გავა და სახლი ექნებაო“, – იხსენებს სალომე.

სალომე და ნიკა ბორდოში დღემდე იმ სახლში ცხოვრობენ, რომელიც მაშინ გამოუყო საემიგრაციო სამსახურმა. მიუხედავად იმისა, რომ ნიკას საფრანგეთში მკურნალობენ, ოჯახმა ლტოლვილის სტატუსზე უარი მიიღო, რაც გაასაჩივრეს.

თუ გასაჩივრების შემდეგაც ვერ მიიღეს ლტოლვილის სტატუსი, ნიკას ჯანმრთელობის მდგომარეობას მნიშვნელობა აღარ ექნება და საცხოვრებლიდან გააძევებენ. ამ შემთხვევაში ცოლ-ქმარი ქუჩაში რჩება. მოვლენების განვითარების ასეთ შემთხვევაშიც, ოჯახი საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს. სალომე ამბობს, რომ ლტოლვილის სტატუსზე საბოლოო უარიც კი საფრანგეთში არ გულისხმობს სრულად უსახსროდ დარჩენას.

გასაჩივრების პროცესის დასრულებამდე ოჯახს თვეში ერთხელ ფულადი დახმარება ერიცხება, რაც საკვებში არ ეხარჯებათ. სურსათს, ტანსაცმელს და ჰიგიენურ საშუალებებს უსტატუსო ემიგრანტებს სხვადასხვა ორგანიზაცია გადასცემს, მათ შორის „წითელი ჯვარი“, „secours populaire“, „secours catholique“ და სხვები.

„საკვებში, ჰიგიენურ საშუალებებსა და ტანსაცმელში ერთი ევროც არ გვეხარჯება, კვირაში სამჯერ სამი სხვადასხვა ორგანიზაცია გვამარაგებს ამ ყველაფრით. მათ შორის კვერცხით, ხორცით, ხილით, ბოსტნეულით. ხანდახან ვეძებთ ხალხს, ვისაც დავურიგებთ ამ ყველაფერს. ლტოლვილის სტატუსზე საბოლოო უარიც რომ მივიღოთ, ეს ორგანიზაციები მაინც ასე დაგვეხმარებიან, თუმცა აღარ გვექნება ყოველთვიური თანხა და სახლი. აქ უსახლკაროებისთვის განკუთვნილი მოსასვენებელი სივრცეებია, სადაც შეგიძლია ყავა გაიკეთო, გათბე ზამთარში, აბაზანით ისარგებლო, თუმცა ღამით ვერ დარჩები.

კარავში ცხოვრება კი უწევთ ადამიანებს ხშირად, მაგრამ ცხელ კერძებს ყველა მსურველს სთავაზობენ უფასო სასადილოებში. ერთ-ერთ ასეთ სასადილოში მეც ვმუშაობდი მოხალისედ. კარგი გარემო და სისუფთავეა სოციალურ სასადილოებში.

თუ სტატუსზე უარს გვეტყვიან ასე ვიცხოვრებთ, მაგრამ საქართველოში ვერ დავბრუნდებით“, – ამბობს სალომე.

მისი მონათხრობის მიხედვით, მხოლოდ წამლის არახელმისაწვდომობა არ არის იმის მიზეზი, რომ პაციენტის ოჯახი საქართველოში ვერ ბრუნდება. სალომე ჰყვება, რომ რახან იშვიათ დაავადებას ეხება საქმე, ნიკას ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმების ერთმანეთთან დაკავშირებული გუნდი აკონტროლებს და მკურნალობაც ამ პრინციპით მიმდინარეობს.

სალომე ჰყვება, რომ არცერთი ექიმი ნიკას დანარჩენ ექიმებთან შეთანხმების გარეშე არ მოქმედებს.

„ერთ უბრალო წამალსაც კი არ უწერენ, თუ არ დარეკავენ და შეათანხმებენ ნეფროლოგთან, ენდოკრინოლოგთან, კარდიოლოგთან და სხვებთან. ხშირად კონსილიუმს იწვევენ მისი მდგომარეობის განსახილველად. ოპერაციას ოპერაციაზე უნიშნავენ, მძიმე შემთხვევაა, თუმცა ნიკა უმკლავდება.

მედიკამენტებს შორისაც უზარმაზარია სხვაობა. სტომატოლოგთან ვიზიტი დამჭირდა, კბილის ოპერაცია გავიკეთე. მთელი სახე და ყბა რომ გამყუჩებოდა ოპერაციისშემდგომი ტკივილებისას ერთი აბი პარაცეტამოლი დამინიშნეს, რაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. ვერ წარმომედგინა, რომ ერთი აბი პარაცეტამოლი გააყუჩებდა ისეთ მდგომარეობას.

ჩვენი ჯანდაცვის სისტემის გათვალისწინებით ნიკას საქართველოში წამოსვლა წარმოუდგენლად გვესახება“, – ამბობს სალომე.

ხმელთაშუა ზღვის ოჯახური ცხელება იშვიათ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება და ძირითადად გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის აუზისა და წინა აზიის ქვეყნებში. საქართველოში პაციენტებს ამ დიაგნოზით კოლხიცინით ან ბიოლოგიური პრეპარატებით მკურნალობენ.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 17 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 372 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +730]
  • ტანკი – 6 126 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 11 372 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 8 811 ერთეული [+10]
  • MLRS – 964 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 653 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 331 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 884 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 817 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 11 755 ერთეული [+24]
  • სპეცტექნიკა – 1 367 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 17 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 567 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 10 779 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 450 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 658 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 202 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 759 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 17 560 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„იარაღიც რომ გაგვითავდეს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ“ – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

 

 

მთავარი ფოტო: ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“/facebook 

 

რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები ქობულეთში ტყუპ ცათამბჯენს ააშენებენ

ქობულეთში, ზღვისპირას, ტყუპი ცათამბჯენის აშენება იგეგმება. 40-45-სართულიანი კორპუსების აშენებას აღმაშენებლის 285 ნომერში კომპანია „ვითიქეი“ გეგმავს. ამ კომპანიის მესაკუთრეები ბელარუსისა და ორმაგი – საქართველო-რუსეთის მოქალაქეები არიან. პროექტთან დაკავშირებით სკრინინგის განცხადებით ქობულეთის მერიამ უკვე მიმართა გარემოს ეროვნულ სააგენტოს.

სკრინინგის პროცედურით სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროება უნდა განისაზღვროს დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით.

დოკუმენტების მიხედვით, შპს „ვითიქეი“ მრავალსართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებას თავის საკუთრებაში – 8 165 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აპირებს. კომპლექსი მოიცავს სასტუმრო/აპარტამენტებს, კაზინოს, სარელაქსაციო სივრცეებს, კომერციულ ობიექტებს, სავაჭრო ცენტრებსა და სხვადასხვა სახის სარესტორნო სივრცეს.

„ტყუპი“ ცათამბჯენი ქობულეთში / ესკიზი სკრინინგის ანგარიშიდან

მთავარ კომპლექსს დაეთმობა 76 000 კვადრატული მეტრი, ხოლო დარჩენილი კვადრატობა გადანაწილდება ავტოსადგომსა და კომპლექსის ფუნქციონირებისთვის საჭირო ნაგებობებზე.

კომპლექსში 4-5 სართული დაეთმობა კომერციულ და საკონფერენციო სივრცეებს, ხოლო 40-40 სართული – ორ, ტყუპ შენობას, სადაც მოეწყობა სასტუმროსა და აპარტამენტის სტილის ფართობები.

კომპლექსის საერთო სიმაღლე, საპროექტო ნიშნულიდან, დაახლოებით 140-150 მეტრი იქნება. ხოლო მიწის ქვეშ მოეწყობა 2 სართული [სიმაღლე 6 მეტრი] საპარკინგე ტერიტორია, რომელიც გათვლილი იქნება კომპლექსისთვის.

შპს „ვითიქეის“ ტერიტორია ქობულეთში [მონიშნულია წითელი ხაზით], სადაც კომპანიამ მრავალფუნქციურო კომპლექსი უნდა ააშენოს / ფოტო სკრინინგის ანგარიშიდან
საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია 2012 წლამდე შპს „კატრის“, შემდეგ კი „საქართველოს ბანკის“ საკუთრებაში იყო. „საქართველოს ბანკისგან“ ნაკვეთი 2022 წელს იყიდა „ვითიქეიმ“. რეესტრის ბოლო ამონაწერით, ნაკვეთი „საქართველოს ბანკში“ იპოთეკითაა დატვირთული.

ქობულეთი, აღმაშენებლის 285 / არსებული სიტუაცია / ფოტო სკრინინგის ანგარიშიდან

შპს „ვითიქეი“ საქართველოში 2022 წლის ივლისში დაარეგისტრირა ვაძიმ ბოჰაჩმა, რომელიც ბელარუსის მოქალაქეა. დღევანდელი მონაცემებით, ის კომპანიის 75 პროცენტი წილის მფლობელი და დირექტორია. დარჩენილ 25 პროცენტს კი ჯონი დავითაძე ფლობს – მას ორმაგი [საქართველოსა და რუსეთის] მოქალაქეობა აქვს.

კომპანია აღნიშნული კომპლექსის აშენებას 5 წელში ვარაუდობს.

ქობულეთი. „ვითიქეის“ ტერიტორია ზღვასთან ახლოს და ახალი კომპლექსის ესკიზი / ფოტოები სკრინინგის ანგარიშიდან

რატომ ვერ წავიდა ბავშვების ნაწილი სკოლაში – რას ამბობენ მოსწავლეების გადამყვან კომპანიაში

15 იანვარს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა სკოლების გარკვეულ ნაწილში ბავშვები სასწავლო პროცესს ვერ დაესწრნენ, რადგან ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მათი ტრანსპორტით მომსახურება ვერ უზრუნველყო.

„ბათუმელები“ რამდენიმე სკოლის დირექტორს ესაუბრა, სადაც გვითხრეს, რომ გუშინ ბავშვები ტრანსპორტს არ მიუყვანია სკოლაში, თუმცა რატომ – ზუსტი მიზეზი მათთვის უცნობია.

„თოვლია და ალბათ მაგიტომ არ მოვიდა ტრანსპორტი“, – გვეუბნება სხალთის სკოლის დირექტორი თემურ შაინიძე. ზუსტად რამდენი ბავშვი სარგებლობს ტრანსპორტის მომსახურებით ვერ გვიზუსტებს, თუმცა ამბობს, რომ მიზეზი სავარაუდოდ ყინვებია.

თაგოს საჯარო სკოლის დირექტორი ილია ბოლქვაძე კი ამბობს, რომ მის სკოლაში 5 მოსწავლე სარგებლობს ტრანსპორტით, თუმცა გუშინ მოსვლა მოახერხეს.

„ჩვენ მაღალი გამავლობის მანქანა გვყავს და შეძლო მოყვანა. თუმცა, ძალიან ბევრი სკოლა წერდა, რომ ვერ მოემსახურნენ. არ ვიცი რა იყო მიზეზი“, – გვეუბნება ის.

სკოლებში ბავშვების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა შპს „საქართველო 777“-ს ევალება – ტენდერში სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა. როგორც „ბათუმელებს“ აჭარის განათლების სამინისტროში უთხრეს, კომპანია ახლა აწარმოებს მძღოლებთან მოლაპარაკებებს და შეფერხების მიზეზი ეს არის.

„დეკემბერში ჩატარდა კონსოლიდირებული ტენდერი და გამარჯვებულია შპს „საქართველო 777“. ახლა მიმდინარეობს მძღოლებთან შეხვედრა, მოლაპარაკებები.

რამდენში [სკოლაში] არ შესრულდა რეისი, ასე კონკრეტული ციფრი არ ვიცი, მაგრამ მუშა პროცესია, მიმდინარეობს შეხვედრები მძღოლებთან“, – ამბობს ჯაბა აბულაძე, აჭარის განათლების სამინისტროს საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტირების კოორდინატორი.

„ბათუმელები“ შპს „საქართველო 777“-ის წარმომადგენელს გოჩა შავაძეს ესაუბრა, რომელიც ადასტურებს, რომ გარკვეული პრობლემები ნამდვილად შეიქმნა, თუმცა აგვარებენ.

„კომპანია, „333“, რომელიც წინა წლებში მუშაობდა და ვეღარ გაიმარჯვა ტენდერში, მძღოლებს ჰპირდებოდა ხელფასზე 10 ლარის დამატებას და ეუბნებოდა, რომ ჩვენთან არ ემუშავათ. ამის გამო, ოცამდე მძღოლმა უარი განაცხადა მუშაობაზე. სალიბაურის ორ სკოლაში შეგვექმნა პრობლემა, ერგეშიც იყო პრობლემა, რადგან მძღოლებმა გამოგვიცხადეს, რომ არ იმუშავებდნენ ჩვენთან.

ახალშენში, ორთაბათუმში ვიყავით და დაველაპარაკეთ მძღოლებს, სალიბაურში არც მოგვისმინეს. თუ ვინმე არ გავიდა, ხვალ შეიძლება ვერ ჩავანაცვლოთ ისინი, მაგრამ ვინც არ იმუშავებს მათ დროთა განმავლობაში ჩავანაცვლებთ. ბავშვებს ქუჩაში ხომ ვერ დავტოვებთ.

ეს ყველაფერი მოდის წინა [ტენდერში გამარჯვებული] კომპანიის ხელმძღვანელობიდან და ამის ფაქტებიც გვაქვს, როცა ის შეხვდა მძღოლებს და ჰპირდებოდა ხელფასების გაზრდას, თუ ჩვენთან არ იმუშავებდნენ.

დღეს თითქმის 95 პროცენტით მოგვარებული გვაქვს პრობლემა და თუ რომელიმე მძღოლი კიდევ არ წამოვა მოლაპარაკებაზე, მაშინ ავიყვანთ სხვებს“, – გვეუბნება გოჩა შავაძე.

შავაძე ირწმუნება, რომ მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მძღოლებთან ყველაფერი გარკვეულია და მალე ხელშეკრულებებსაც გააფორმებენ, თუმცა არ აზუსტებს იმ სკოლებს, სადაც ვერ მოხერხდა მოსწავლეების ტრანსპორტირება.

„რამდენიმე მძღოლია კატეგორიული წინააღმდეგი, არ ვიცი ხვალ ვინ არ გამოვა. წინასწარ როგორ გითხრათ. მაგრამ უმრავლესობა მუშაობს და ისინი, ვინც არიან ზიალ ბერიძის მეგობრები, ამხანაგები, უარს ამბობენ. ქობულეთში მოიგეს ტენდერი და იმუშაონ“, – ამბობს შავაძე.

„ბათუმელები“ შპს „333“-ის წარმომადგენელს ზიალ ბერიძესაც ესაუბრა. ის უარყოფს მძღოლებზე ზემოქმედების საკითხს და ამბობს, რომ მათთან რაიმე მოლაპარაკებებს არ მართავს.

„ჩვენ დავამთავრეთ მძღოლებთან ხელშეკრულება წინა წელში. არავითარი შეხება აღარ გვაქვს მათთან. ახალი კომპანია როგორ მუშაობს და რას აკეთებს ნამდვილად არ ვიცით.

ჩვენი მეორე კომპანია მუშაობს ქობულეთში, სხვა რეგიონებში აღარ ვმუშაობთ. იმ თანხად, რაც „საქართველო 777“-მა შესთავაზა სახელმწიფოს, არ მიღირს მუშაობა და ის რას იზამს, არ ვიცი“, – ამბობს ზიალ ბერიძე.

გოჩა შავაძის თქმით, სკოლების ტრანსპორტით მომსახურებისთვის 1 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული ტენდერით. კომპანია ვალდებულია 350 საჯარო სკოლას გაუწიოს მომსახურება წლის განმავლობაში.

მას ვკითხეთ, რატომ ვერ მოახერხა სწავლის დაწყებამდე მძღოლებთან ხელშეკრულებების გაფორმება, რაზეც შავაძე ამბობს, რომ დასვენების დღეებმა შეუშალათ ხელი. „ახალი წლის დღეები იყო. ხალხი არ მუშაობდა და ველოდებოდით“, – განაცხადა მან.

ტრანსპორტის მომსახურებაზე შპს „საქართველო 777“-თან ხელშეკრულება განათლების სამინისტრომ 2023 წლის 28 დეკემბერს გააფორმა.

ხელშეკრულების მიხედვით, ტრანსპორტირების ხარჯი შემდეგნაირადაა გადანაწილებული:

ქედა – 1 165 715 ლარი.  ერთი სამარშრუტო კილომეტრის ფასი 4,74  ლარი.

შუახევი – 1 005 460 ლარი.  3.2. ერთი სამარშრუტო კილომეტრის ფასი 5,17  ლარი.

ხელვაჩაური – 2 009 664 ლარი.  3.2. ერთი სამარშრუტო კილომეტრის ფასი 3,35  ლარი.

ხულო – 1 006 215 ლარი.  3.2. ერთი სამარშრუტო კილომეტრის ფასი 6,15  ლარი.

როგორც სამინისტროში გვეუბნებიან, მთლიანობაში მოსწავლეების ტრანსპორტირენაზე 9 მილიონი ლარია გამოყოფილი. ბათუმსა და ქობულეთში კი ხელშეკრულება სხვა კომპანიებთან არის გაფორმებული.

თიბისის მხარდაჭერით, ICCA წევრი კომპანიების შეხვედრა ჩატარდა

„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ“, თიბისის მხარდაჭერით, ახალი წევრი კომპანიების ტრადიციულ პრეზენტაციას უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში, ასოციაციის ახალი წევრი კომპანიები წარადგინეს, რომლებიც სამშენებლო ინდუსტრიაში სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებენ: „ელსაიდი“, „ჰიდროდიაგნოსტიკა“, „ბემონი ინჟინერია და მშენებლობა“, „ვორტექსი“, „სელფორდი“, „აპარტ ქონსთრაქშენი“, „სპეცკომფორტი“.

„ღონისძიება, რომელსაც ასოციაცია, უკვე არაერთი წელია ტრადიციულად მართავს, საშუალებას გვაძლევს დავინახოთ სექტორის, ერთი მხრივ, მრავალფეროვნება და, მეორე მხრივ, აძლიერებს ჩვენს ხმას – ინდუსტრიის ხმას, როგორც ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი სექტორისა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ინდუსტრიამ თანამედროვე მიდგომები გაითავისოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ღონისძიების თემად შეგვერჩია მდგრადი მშენებლობა, რადგან ვთვლი, რომ აღნიშნული საკითხი არის სექტორის განვითარების აქტუალური ნაწილი. აქვე, უნდა აღვნიშნო, რომ ამ დღის ფარგლებში გამგეობის ახალ წევრს ავირჩევთ“, – ანა საბახტარიშვილი – ICCA ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

„მოხარული ვართ, რომ ტრადიციულად „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ ღონისძიების მხარდამჭერები ვართ. ინფრასტრუქტურის სექტორი თიბისისთვის ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც მთელი ქვეყნისთვის, ვინაიდან ამ სექტორს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი უკავია. ინფრასტრუქტურული პროექტები სამუშაო ადგილებს აჩენს, ახალი ტექნოლოგიები შემოაქვს და განვითარების პოტენციალს ქმნის, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ვინაიდან, ბოლო წლებში, საქართველო ყალიბდება როგორც რეგიონული სავაჭრო, სატრანსპორტო და ტურისტული ცენტრი. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი პირველ რიგში სწორედ თანამედროვე, მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას გულისხმობს. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ადგილობრივ ბიზნესებს საშუალებას აძლევს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი, ენერგოეფექტური პროდუქცია შექმნან ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის“, – გიორგი დარჩიაშვილი – თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე მენტორინგის პროგრამის დახურვის ღონისძიება შედგა. მენტორინგის პროგრამის ფარგლებში, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები, როგორც მენტორები, აქტიურად ეხმარებოდნენ რეგიონებში არსებულ სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიებს სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციების გაცემითა თუ ტექნოლოგიური და სხვა ტიპის განვითარების მიმართულებით. მენტორებს წარმატებული საქმიანობისათვის სერტიფიკატები გადაეცათ.

რა ქუჩებზე შეწყდა ბათუმში წყლის მიწოდება

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 16 იანვარს, 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდათ გუდიაშვილის ქუჩაზე, ბაგრატიონზე (შარტავადან – აღმაშენებლის კვეთამდე) და აბუსერიძის N25-N35-მდე მცხოვრებ აბონენტებს.

კომპანია აცხადებს, რომ ასევე, ფიქსირდება ინტერნეტის წერტილოვანი დაზიანება, რის გამოც შეფერხდა ცხელი ხაზის მუშაობა.

ასევე, დღეს, ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოების გამო 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდათ ბაქოს ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს.

„იარაღიც რომ გაგვითავდეს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ“ – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ამერიკულ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იარაღის ამოწურვის შემთხვევაშიც კი, უკრაინელები „ნიჩბებით იბრძოლებენ“ რუსეთის წინააღმდეგ. მისივე თქმით, იწურება დრო კონგრესის ახალი შეთანხმების მისაღებად, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას უკავშირდება.

კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაზრდით პოტენციურად შესაძლებელი გახდება ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი დაპირისპირების თავიდან აცილება.

„რა ძვირიც არ უნდა ღირდეს ახლა უკრაინის მხარდაჭერა, მსოფლიოში არეულობის გამოსწორების ფასი, თუ უკრაინა წააგებს, გაცილებით მეტი იქნება.

თუ დასავლეთი ვერ შეაჩერებს რუსეთს უკრაინაში, მაშინ ვის შეუძლია შეაჩეროს რუსეთი მსოფლიოს სხვა ადგილას?

იარაღი რომც გაგვითავდეს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ, რადგან უკრაინისთვის სასწორზეა ერის არსებობა“.

კულებამ გამორიცხა პუტინის რეჟიმთან ნებისმიერი მოლაპარაკება მანამ, სანამ უკრაინა ბრძოლის ველზე გაცილებით ძლიერ პოზიციას არ დაიკავებს.

თურქეთში ავტობუსი გადაბრუნდა და 9 ადამიანი დაიღუპა

9 ადამიანი დაიღუპა თურქეთში, მერსინი-ანტალიის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად.

სამგზავრო ავტობუსი საქალაქთაშორისო მარშრუტზე მარმარისიდან მარდინში მიდიოდა. მაგისტრალზე, იენიკაშისის რაიონთან ახლოს, ის ბარიერს შეეჯახა და ამობრუნდა.

ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურს 9 ადამიანი გარდაცვლილი დახვდა. დაშავებულია 30 მგზავრი. სასწრაფო დახმარების სამსახურმა ავარიის შედეგად დაშავებული მგზავრები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაანაწილეს.

თურქული მედიის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია ავტობუსის მძღოლის ვინაობა. მომხდარ ფაქტზე აიდიჯინქის მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

აჭარაში ხვალიდან ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 იანვრის 21 საათიდან 17 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში თოვა;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა: 3-4 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით აჭარაში 18 იანვარს ღამით შენარჩუნებული იქნება წვიმა, მთაში – თოვა. 18 იანვარს დღისით და 19-20 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 16 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 372 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110]
  • ტანკი – 6 113 ერთეული [+24]
  • ჯავშანტექნიკა – 11 358 ერთეული [+36]
  • საარტილერიო სისტემა – 8 801 ერთეული [+30]
  • MLRS – 961 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 653 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 331 ერთეული [+2]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 877 ერთეული [+12]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 816 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 11 731 ერთეული [+33]
  • სპეცტექნიკა – 1 365 ერთეული [+9]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 16 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 567 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 10 758 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 450 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 645 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 202 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 750 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 17 507 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

 

 

გაციებასაც ვირუსი იწვევს – რით განსხვავდება გრიპისგან „უბრალოდ გაციება“

მოსახლეობაში გავრცელებული წარმოდგენის მიხედვით, გაციება სხეულის ფიზიკური გადაცივების შედეგია, გრიპის გამომწვევი კი – ვირუსი ხდება. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტლის ინფექციონისტი რევაზ ნაკაშიძე განმარტავს, რომ გაციების მიზეზიც ვირუსებია, თუმცა არა გრიპის, არამედ რესპირატორული ვირუსები.

ექიმი პასუხობს „ბათუმელების“კითხვებს, რა განსხვავებაა გრიპსა და გაციებას შორის და რა მსგავსი ან განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს ორივე მათგანს.

  • ბატონო რეზო, თავიდან რომ განგვიმარტოთ, რეალურად შესაძლებელია სიცივემ გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: ცხვირის გაჭედვა, ხველა, ცემინება, სიცხე? რა არის რეალურად გაციება? 

გაციების მიზეზი არის არა უშუალოდ სიცივე, არამედ ე.წ. რესპირატორული ვირუსები, რომლებიც მრავალი სახეობის არსებობს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სხეულის გადაციება [ფიზიკური გაცივება], ხელშემწყობი ფაქტორია გაციების.

  • ეს ნიშნავს, რომ გაციებაც გადამდებია?

რა თქმა უნდა, რადგან გაციების გამომწვევიც ვირუსია. გაციების გამომწვევი საკმაოდ მრავალნაირი ვირუსი არსებობს, მათგან ყველაზე ხშირად გაციებას იწვევენ რესპირატორული ვირუსები.

გაციების მიზეზი შეიძლება გახდეს ბაქტერიებიც, მაგრამ ძირითადად გაციებას მაინც ვირუსები, კერძოდ, ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები იწვევენ.

MayoClinic: უბრალო გაციება არის ცხვირის, სინუსების, ყელისა და სასუნთქი მილების ინფექცია. გაციება ადვილად ვრცელდება, განსაკუთრებით საკლასო ოთახებსა და სამუშაო ადგილებზე. გაციება შეიძლება გამოიწვიოს 200-ზე მეტმა სხვადასხვა ვირუსმა. გაციების ყველაზე გავრცელებული ვირუსი არის რინოვირუსი. ჩვეულებრივ, გაციება ქრება შვიდიდან 10 დღეში.

  • რა არის გრიპი და რა არის მისი გამომწვევი?

გრიპის გამომწვევია გრიპის ვირუსი. არსებობს A, B და C ტიპის გრიპის ვირუსები, მათგან ყველაზე მძიმედ მიმდინარეობს A ტიპის ვირუსით გამოწვეული გრიპი. 

A ტიპის ვირუსს რამდენიმე ქვეტიპი აქვს, მათ შორის არის H1N1 ანუ ღორის გრიპი, არის სეზონური გრიპი და სხვა.

რაც შეეხება B ტიპის ვირუსს, ის შედარებით უფრო მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, მასაც აქვს რამდენიმე ქვეტიპი.

C ტიპის გრიპის ვირუსი უფრო იშვიათია და მას გაციების მსგავსი მიმდინარეობა ახასიათებს.

  • რა სიმპტომებით განსხვავდება გაციება და გრიპი ერთმანეთისგან?

A ტიპის გრიპის ვირუსი განსხვავდება გაციებისგან და სხვა ვირუსებისგან იმით, რომ იწყება უეცრად, მაღალი ტემპერატურით, ახასიათებს თავის, ყელის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ასევე ძლიერი საერთო სისუსტე. იშვიათად ახასიათებს დასაწყისში ხველა და ცხვირის გაჭედვა, განსხვავებით რესპირატორული ვირუსებისგან, რომლებიც იწყება ნელა, თანმიმდევრობით, ახასიათებს უფრო მეტი სურდო, მეტი ხველა და სხეულის ტემპერატურა არ აჭარბებს 38.5 გრადუსს. გრიპის დროს კი ტემპერატურა ადის 39-40 გრადუსამდე.

აღსანიშნავია, რომ A ტიპის ვირუსიც შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქი ფორმით.

  • როდის მივმართოთ ექიმს?

პაციენტებს უჭირთ გარჩევა, გაციებასთან აქვთ საქმე თუ ბაქტერიულ ინფექციასთან. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ საშუალო მიმდინარეობაა, რაც ნიშნავს, რომ პაციენტს არ აქვს სუნთქვის გაძნელება, არ აქვს ძლიერი საერთო სისუსტე, იღებს სითხეს და საკვებს, მაშინ შეიძლება 2-3 დღე არ მიმართოს ექიმს. მაგრამ თუ უფრო მძიმე მიმდინარეობაა, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში, მაშინ, რა თქმა უნდა, თავიდანვე უნდა მიმართოთ ექიმს.

  • როგორია მკურნალობა ამ დროს?

ხაზგასმით მინდა აღნიშნო, რომ გაციებასა და გრიპს არ სჭირდება ანტიბიოტიკებით მკურნალობა.

ანტიბიოტიკების დანიშვნის საჭიროება უნდა გადაწყვიტოს მხოლოდ და მხოლოდ ექიმმა. 

რისკჯგუფში არიან ორ წლამდე ასაკის ბავშვები, 85 წელზე უფროსი ასაკის ან ქრონიკული დაავადების მქონე პირები – აქ თავიდანვე უნდა ჩაერთოს ექიმი და თუ აუცილებლობაა, გადაწყვიტოს ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება. 

ასეთ დროს თვითმკურნალობა დაუშვებელია, გარდა სიმპტომური მკურნალობისა, რაც მოიცავს ხველის საწინააღმდეგო, ცხვირის გაჭედვის საწინააღმდეგო ან სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენებას. ანტივირუსული მკურნალობა და ანტიბიოტიკოთერაპია უნდა დანიშნოს მხოლოდ და მხოლოდ ექიმმა. 

NCDC: გრიპი ადამიანთა უმეტესობას გადააქვს მსუბუქად და არ სჭირდებათ სამედიცინო დახმარება ან ანტივირუსული მედიკამენტები. გრიპის მძიმე შემთხვევებისას შესაძლებელია მკურნალობა ჩატარდეს გრიპის საწინააღმდეგო სპეციფიკური ანტივირუსული მედიკამენტებით და არა ანტიბიოტიკებით, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.

  • როგორია გრიპის მიმდინარეობის ხანგრძლივობა?

სხვადასხვანაირია, მაგრამ მაქსიმუმ შეიძლება გაგრძელდეს შვიდი დღე. თუ შვიდ დღეზე მეტ ხანს გრძელდება ტემპერატურის მატება, ან თუ ნახველი შეიცვალა ჩირქოვანი ნახველით, ან ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენია, არის სუნთქვის გაძნელება, ან პაციენტს აღენიშნება ყურის ტკივილი, მაშინ საქმე გვაქვს ბაქტერიულ გართულებასთან.

ამჟამად გავრცელებულია რამდენიმე ტიპის ვირუსი, მათ შორის გრიპის ვირუსი, კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც ჯერ არ არის დაფიქსირებული, ასევე ბავშვებში განსაკუთრებით გავრცელებულია რესპირატორულ-სინპიციური ვირუსი, რომელიც ბრონქიოლიტს იწვევს; ამათ გარდა არის კიდევ გაციების გამომწვევი რამდენიმე სხვადასხვა ვირუსი.

  • როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისგან?

ცხადია, გრიპის საწინააღმდეგო აცრა არის ძალიან ეფექტური მეთოდი, ის დაგვიცავს A და B ტიპის გრიპის ვირუსებისგან, თუმცა არ უნდა ჩავთვალოთ, რომ აცრის შემდეგ აღარ გავცივდებით. გრიპის საწინააღმდეგო აცრა საჭიროა ჩატარდეს ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის მონაკვეთში, სანამ არ დაწყებულა გრიპის სეზონი.

NCDC: გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, შესაბამისად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საჭიროა ყოველწლიურად.

რაც შეეხება სხვა საპრევენციო ზომებს – ავადმყოფი უნდა დარჩეს სახლში, უნდა ვატაროთ ნიღაბი, ხშირად დავიბანოთ ხელები, ჩავიცვათ სეზონის შესაბამისად და ვიკვებოთ ჯანსაღი საკვებით.

„ხომ დავკრეფდი, ფასი რომ ჰქონოდა?“ – რატომ ჩავარდა მანდარინის სეზონი აჭარაში

„რა აზრი ჰქონდა, სად დალპებოდა? ხომ დავკრეფდი, ფასი რომ ჰქონოდა?“ – კითხულობს რომან ნოღაიდელი, მეციტრუსე ქობულეთიდან და უკვე დათოვლილი, დაუკრეფავი მანდარინის ხეების მწკრივებს მიუყვება. რომან ნოღაიდელი ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავში ცხოვრობს. მას მანდარინის ჩავარდნილი სეზონის შესახებ ვესაუბრეთ.

მანდარინის მოსავლის დიდი ნაწილი აჭარაში ისევ გასაყიდია. მანდარინის დაკრეფისა და რეალიზების საუკეთესო დრო ნოემბერ-დეკემბერია. ქობულეთში, თითქმის ყველა მეორე სახლის სარდაფში დაგხვდებათ ლპობადაწყებული, ნახევრადგაფუჭებული მანდარინი – სეზონის დასაწყისში ანუ გასული წლის ნოემბრის ბოლოს საშუალო ხარისხის მანდარინი დაახლოებით 70 – 80 თეთრად იყიდებოდა, თუმცა კრეფის დასრულებამდე მყიდველი გაქრა.

დაუკრეფავი მანდარინის ხეებიც ბევრი დარჩა აჭარის იმ სოფლებში, სადაც ტრადიციულად მეციტრუსეობით ირჩენენ თავს.

ექსპორტიორების თქმით, წელსაც, სეზონის დასაწყისში, მანდარინი ძირითადად რუსეთში გაჰქონდათ, თუმცა იმის გამო, რომ დამამზადებლების ერთმა ნაწილმა ე.წ. თოჯინა [ყუთში მხოლოდ ზემოდანაა კარგი ხარისხის მანდარინი] მოაწყო და ხარისხის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მანდარინი ვეღარც რუსეთში გააქვთ.

რატომ ჩავარდა ციტრუსის სეზონი აჭარაში და რას შეიძლება ელოდეს მეციტრუსე ამჯერად? – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბსა და აჭარის მთავრობის აპარატში დღესაც უპასუხოდ დატოვეს შეკითხვები.

მანდარინის ბაღი ქობულეთში, სოფელ ალამბარში – 2024 წლის იანვარი

 

მანდარინის ბაღი ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავში – 2024 წლის იანვარი

„არ ვიცი, ვისთვის რა არის წარმატებული სეზონი. ჩემთვის აგერაა ფაქტი. მე ვიმუშავე. ხომ დავკრეფდი ამას, ფასი რომ ჰქონოდა?“ – საკუთარი სახლის წინ, თოვლიან მიწაზე დაყრილ მანდარინზე მიგვითითებს რომან ნოღაიდელი და სახლის წინ ჩერდება. რომანის სახლს ირგვლივ მანდარინის ბაღია. აქ წელს 10 ტონამდე მანდარინი ყოფილა დასაკრეფი.

„რა აზრი ჰქონდა, სად დალპებოდა?“- მეციტრუსე, რომელმაც მანდარინი არ დაკრიფა. ციტრუსის სეზონი ჩავარდა

რომან ნოღაიდელის შემთხვევა ქობულეთში ტიპურია: რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა მეციტრუსე წელს.

„მანდარინის კრეფა დავიწყეთ ნოემბრის 20-ში, მანამდე არ იყო ყვითელი,“ – გვიყვება რომან ნოღაიდელი. – „ტონა-ნახევარი მქონდა დაკრეფილი და 70 თეთრად გავყიდე, შემდეგ გზები ჩაიკეტაო თუ ჩაწვა ბაზარი… ფასი დავარდა და ჩამოვიდა 55, 50, 45 თეთრამდე. სამეზობლოში გაყიდეს ახლა 45 თეთრად, თუ გადაარჩევ და „სუპერს“ მისცემ, 55 თეთრიც შეიძლება.

მერე არც არავინ მოსულა. რომ შევხედე, აღარ იყიდებოდა, გავაჩერე კრეფა და ვთქვი: რა აზრი აქვს? რა მნიშვნელობა ჰქონდა, სად დალპებოდა მანდარინი: ხეზე თუ სარდაფში? აღარ მიღირდა მოკრეფა.

დასეტყვილია თანაც უკვე მანდარინის ბაღი. სეტყვამდე რომ მოასწრო და სწრაფად დაკრიფო, მუშახელი უნდა მოიყვანო. ერთი მუშა დღეში 60 ლარია, იმას კიდევ გამასპინძლება უნდა. ერთი კაცი დღეში 150-200 კილოგრამ მანდარინს დაკრეფს. მოგება რა გრჩება?

არასტანდარტულ მანდარინს იბარებენ მხოლოდ ქობულეთში 30 თეთრად და ისიც სახელმწიფოს სუბსიდიით, მაგრამ ტრანსპორტირება ძვირია – 100 ლარი ჯდება ჩატანა. თუ გაცლის მანქანას მაშინვე, ხომ კარგი, თუ არადა, უნდა ჩადგე რიგში და ყოველ ღამე 100-100 ლარი იხადო დამატებით. ამ დროს შეიძლება, 200 ლარის მანდარინი საერთოდ არ გქონდეს იმ მანქანაზე დატვირთული.

მსმენია, რომ საწარმოს მიღების დროს კიდევ უნდა აჩუქო თანხა, თუ გინდა, დროულად მიიღონ არასტანდარტული მანდარინიო. ეს ისე გამიგია, მტკიცებულება არ მაქვს,“ – გვითხრა რომან ნოღაიდელმა.

რომან ნოღაიდელი
დაუკრეფავი მანდარინის ხეები ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავში
სახელმწიფო სუბსიდია მხოლოდ არასტანდარტულ მანდარინზე გაიცემა: მეციტრუსეს 1 კგ არასტანდარტულ მანდარინში საწარმოში 30 თეთრს უხდიან, თუმცა ტრანსპორტირების ხარჯს და რიგში ჩადგომას მეციტრუსე ამჯობინებს, კილოგრამი არასტანდარტული მანდარინი ადგილზე 15 თეთრად გაყიდოს.

რომან ნოღაიდელი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების დაინტერესებისა და პასუხისმგებლობის აღების შემთხვევაში მანდარინის რეალიზებისთვის შესაბამისი ბაზრის მოძიება შეიძლება, მაგალითად, გასვლა ევროპის ბაზარზე. მეციტრუსეს გავუზიარეთ ხელისუფლებისა და ექსპორტიორების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი: აჭარაში მანდარინის ბაღებს შესაბამისად აღარ უვლიან, უხარისხო მანდარინით კი, ევროპის ბაზარზე ვერ გავალთ.

„მე რომ ამას არ ვუვლიდე, ეს ხომ არ გამოისხამს?“ – მანდარინის დათოვლილ ნაყოფს უბრუნდება რომან ნოღაიდელი. ის იმ პრობლემებს ასახელებს, რაც ხელს უშლის რეალურად ხარისხიანი მოსავლის მიღებას.

„ევროპაში ცუდს ხომ ვერ გაიტან, კარგია საჭირო ხომ? წაიღონ ის ხარისხიანი და ნაკლებში ნაკლები ფასი გადაიხადონ…

ხარისხიანი მანდარინი რომ მიიღო, ხარისხიანი წამალია საჭირო. არ ვიცი, ვისი ბრალია, მაგრამ ამ შეწამვლას არანაირი შედეგი არ მოაქვს. ერთი შეწამვლა დაახლოებით 100 ლარი ჯდება, სიშავის წამალს ვამბობ, კიდევ „დელფინის საპონია“ საჭირო წელიწადში ორ-სამჯერ. წელიწადში დაახლოებით 500-600 ლარი ჯდება მხოლოდ შეწამვლა და შედეგი არ არის.

არავინ მოდის გლეხთან, რომ აუხსნას, რაა საჭირო და როდის. არც წამლის ხარისხს აკონტროლებს ვინმე. მანდარინს დაბარვა უნდა, მოვლა, აზოტიც უნდა, შრომატევადია ეს ყველაფერი.

ორჯერ მეტი მოსავალი მოდიოდა ამ სოფელში და იყიდებოდა. ახლა მანდარინით ვერავინ ირჩენს თავს. ჩემი ცოლი გერმანიაშია წასული მომვლელად…

დაინტერესება რომ იყოს, ეს ასე არ იქნებოდა ხომ?“ – ამბობს რომან ნოღაიდელი და მანდარინის ხის ტოტების მცირე თოვლისგან გათავისუფლებას ცდილობს.

ქობულეთში ოჯახებს ტონობით მანდარინი ულპებათ
ჩავარდნილი სეზონის გამო მეციტრუსეების ნაწილმა მანდარინი დაუკრეფავი დატოვა

ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა

ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანია „სინოჰიდროსთან“ კონტრაქტის შეწყვეტას მთავრობამ მხარი დაუჭირა. ამის შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა შეუსრულებელი ვალდებულებების გამო.

უფრო დეტალურ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტრო გააკეთებს, თუმცა ლოგიკურია, თუ კონტრაქტორი არ ასრულებს თავის ვალდებულებას, შესაბამისი იურიდიული პროცედურები უნდა განხორციელდეს, რისი ინიციატივაც ჰქონდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მთავრობამ მხარი დაუჭირა“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„დღეს მთავრობა დათანხმდა კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტას, გატარდება შესაბამისი პროცედურები და ხულო-ზარზმის გზის დასრულებაზე უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი“ – გვითხრეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

  • ხულო-ზარზმის გზაზე სამუშაოები 2 ლოტად მიმდინარეობდა: პირველი: ხულო-გოდერძის უღელტეხილი – სახელშეკრულებო ღირებულებაა 57 177 829 ლარი. დაფინანსებულია არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის (KFAED) მიერ და მეორე: გოდერძის უღელტეხილი-ზარზმა – პროექტის ღირებულებაა 38 511 473 ლარი. აღნიშნული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

„ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების შესრულების დაბალი ტემპისა და სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო, იგეგმება კონტრაქტის შეწყვეტა და სამუშაოების ბიუჯეტიდან დაფინანსება“ – აღნიშნული იყო აუდიტის დასკვნაში, რომელიც 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს ეხებოდა.

მაშინ [2023 წლის ნოემბერში] გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ იმ მომენტისთვის ხელშეკრულების შეწყვეტა დღის წესრიგში არ იდგა. ამასთან, უწყებაში ისიც განაცხადეს, რომ „ახალ ბიუჯეტში გაწერილი არის 61 მილიონი ლარი იმისთვის, რომ თუ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა და თუ საჭიროება დადგა, ეს პროექტი ყველა შემთხვევაში დასრულდეს 2024 წელს საბიუჯეტო სახსრებით. ანუ, მოხდება ისე თუ ასე, პროექტი მომავალ წელს უნდა დასრულდეს.“

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე 2018 წელს ტენდერში გამარჯვებულად გზების დეპარტამენტმა კომპანია „ტოდინი“ გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა და ტენდერები ხელახლა გამოაცხადა.

ხულო-ზარზმის გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის [დაბა ხულოდან დიდაჭარის კაშხალთან მისვლამდე მონაკვეთში] რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან“ 14,6 მილიონ ლარზე იყო გაფორმებული.

„სინოჰიდრო“ კი, გამარჯვებულად  ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ხელახალ ტენდერებში გამოავლინეს ორივე ლოტზე – დიდაჭარის კაშხალიდან ზარზმამდე მონაკვეთი.

ამავე თემაზე:

ხულო-ზარზმის პროექტი გაძვირდა – მეწყერი გზის გაფართოების სამუშაოების შედეგია

ბათუმი-თბილისის მატარებელი ერთი საათის დაგვიანებით გავიდა სადგურიდან

დღეს, 15 იანვარს, ბათუმი-თბილისის მატარებელმა, რომელიც 17:20 წუთზე უნდა დაძრულიყო დედაქალაქისკენ, რკინიგზის სადგური ერთი საათის დაგვიანებით დატოვა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, როგორც მგზავრებს განუმარტეს, ერთსაათიანი შეფერხების მიზეზი ელექტროენერგიის არასტაბილურობა გახდა.

საქართველოს რკინიგზა ადასტურებს, რომ მატარებლის შეფერხების მიზეზი სწორედ ძაბვის პრობლემა იყო.

 

რამდენმა ადამიანმა მიიღო 100 ათასზე მეტი ლარი ხელფასი საქართველოში 2023 წელს

საქართველოში 100 ათასზე მეტი ლარი ხელფასი 2023 წლის განმავლობაში 20 185 პირს დაერიცხა. დასაბეგრმა ხელფასმა კი, ჯამურად, 4,6 მილიარდი ლარი შეადგინა.

შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით, ეს მაჩვენებელი წინა, 2022 წელთან შედარებით 2 479-ით არის გაზრდილი. გასული წლის ივლისში 100 ათასზე მეტი ლარი ხელფასი 17 706 პირს დაერიცხა [ჯამურად 4,1 მილიარდი ლარი].

ამავე სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს:

  • 100-მდე ლარი ხელფასი დაერიცხა 5 001 პირს
  • 100-დან 1 000-მდე ლარი ხელფასი დაერიცხა 72 694 პირს
  • 1 000-დან 15 ათასამდე ლარი ხელფასი – 631 636 პირს
  • 15 ათასიდან 100 ათასამდე ლარი ხელფასი კი – 463 318 პირს

ხელფასის ოდენობა და მიმღებ ფიზიკურ პირთა რაოდენობა 2023 წელში:
წყარო: შემოსავლების სამსახური

რაც შეეხება მთლიან შემოსავლებს [ხელფასი, მოგება და სხვა], 2023 წელში 100 ათასზე მეტი ლარი შემოსავალი 26 539-მა პირმა მიიღო [ჯამში 8,4 მილიარდი ლარი].

წინა, 2022 წელს კი, ამ ოდენობის მთლიანი შემოსავლების მიმღები პირების რაოდენობა 3 114-ით ნაკლები, 23 425 იყო [ჯამში 7,4 მილიარდი ლარი].

 

აია სოფიაში შესვლა 25 ევრო ეღირება

თურქული მედიის ცნობით, დღეიდან, 15 იანვრიდან, სტამბოლში, აია სოფიაში შესვლა ფასიანი ხდება უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

ბილეთის ფასი 25 ევრო (27,40 აშშ დოლარი) იქნება.

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს განცხადების თანახმად, ასე აია სოფიაში გრძელი რიგების თავიდან აცილებას შეძლებენ.

ასევე, ახალი, მეჩეთში დანერგილი QR კოდის სისტემის გამოყენებით, ვიზიტორებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია 23 ენაზე მლოცველთა შეწუხების გარეშე, მობილური ტელეფონების გამოყენებით – ყურსასმენებით ან ერთჯერადი ყურსასმენებით.

აია სოფია, რომელსაც რამდენჯერმე შეუცვალეს დანიშნულება, თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობადაა მიჩნეული.

ისტორიულად უმნიშვნელოვანესი, გუმბათოვანი ნაგებობა, სტამბოლში, ფათიჰის უბანში, სულთანაჰმეთის მოედანზე მდებარეობს და ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს მასპინძლობს. 532 წელს, როდესაც იუსტინიანე I-მა მისი მშენებლობის ნებართვა გასცა, ქალაქს კონსტანტინოპოლი ერქვა და ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქის სტატუსი ჰქონდა.

აია სოფია 9 საუკუნის მანძილზე იყო აღმოსავლეთის მართლმადიდებელი საპატრიარქოს ცენტრი. სურათი შეიცვალა 1453 წელს, როდესაც ოსმალეთმა, მეჰმედ II-ის მმართველობის ქვეშ, დაიკავა ქალაქი და აია სოფია მეჩეთად გადააკეთეს.

I მსოფლიო ომის, ოსმალეთის იმპერიის დაშლისა და თურქეთის რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, ახალი რესპუბლიკის პირველმა, სეკულარული რეფორმებით ცნობილმა პრეზიდენტმა, მუსტაფა ქემალ ათათურქმა აია სოფია მუზეუმად გადააკეთა და შენობას მუზეუმის სტატუსი ჰქონდა 2020 წლამდე, როცა რეჯეფ-თაიფ ერდოღანის მთავრობამ და სასამართლომ აია სოფიას მუზეუმის სტატუსი გააუქმეს და ისევ მეჩეთად გადააკეთეს.

მეჩეთად გადაკეთების შემდეგ, 2020 წლიდან დღემდე, აია სოფიაში შესვლა უფასო იყო ტურისტებისთვის.

___________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/SEDAT SUNA

ლეონიძის ქუჩა ნაწილობრივ გადაიკეტა – შეიცვალა საქალაქო ავტობუსების მარშრუტებიც

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ლეონიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება ტაბიძის ქუჩიდან ხახულის ქუჩამდე მონაკვეთში.

შეზღუდვა შეეხება 1, 1ა, 4, 7, 8 და 11 ნომერ მუნიციპალურ ავტობუსებს, რომლებიც იმოძრავებენ შემდეგი სქემის მიხედვით:

  • N1 და N8 – ლეონიძის, ტაბიძისა და აღმაშენებლის ქუჩების გავლით
  • N1ა – აღმაშენებლის, ტაბიძისა და ლეონიძის ქუჩების გავლით
  • N4, N7 და N11 – აღმაშენებლის ქუჩის გავლით

„ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია პარალელური ქუჩებით. ცვლილებები სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე შენარჩუნდება“ – აცხადებს ბათუმის მერია.

რა პერიოდით გადაიკეტა ქუჩა, „ბათუმელები“ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურს დაუკავშირდა.

„აღნიშნული გზის მონაკვეთის ეტაპობრივი გახსნა ერთი თვის შემდეგ დაიწყება “ – გვითხრეს მერიის სამსახურში.

ვინ არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი, რომლის ქონება 100 მლრდ დოლარს აჭარბებს

საფრანგეთის მოქალაქე ფრანსუაზა ბეტანკურ-მეიერსი ისტორიაში პირველი ქალი გახდა, რომლის ქონებამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

სააგენტო „ბლუმბერგის“ 2023 წლის ბოლოს გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად,  ფრანსუაზა ბეტანკურ-მეიერსი მილიარდერთა სიაში მე-13 ადგილზეა. ის 70 წლისაა.

ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი ცნობილი პარფიუმერული კომპანიის, L’Oreal-ის დამფუძნებლის, ევგენი შულერის შვილიშვილია. ფრანსუაზას დედას, ლილიან ბეტანკურს 2017 წლამდე, გარდაცვალებამდე, მსოფლიოს უმდიდრესი ქალის პოზიცია ეკავა. მან ეს ტიტული გადასცა ფრანსუაზას და დაუტოვა მემკვიდრეობა – 40 მილიარდი დოლარი, ძირითადად L’Oreal კონცერნის აქციების სახით, კომპანიის 34,7%.

ფრანსუაზა არის მესამე თაობის წარმომადგენელი იმ ოჯახის, რომელმაც დააარსა და ნაწილობრივ ფლობს L’Oreal-ის იმპერიას. „დოიჩე ველეს“ ცნობით, კომპანია ახლა კოსმეტიკის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში და ფლობს ისეთ პოპულარულ ბრენდებს, როგორიცაა: Lancome, Kiehl’s, Maybelline, Garnier და სხვა.

L’Oreal-ის კომპანიებში 85 ათასამდე თანამშრომელია დასაქმებული, წლიური ბრუნვა კი $38 მილიარდ დოლარს აღწევს.

Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგში, პირველ ოცეულში კიდევ ორი ქალია,  ამერიკელები: ელის უოლტონი, Walmart-ის ქსელის თანამფლობელი და ჯულია ფიშერ კოხი, ნავთობის ბიზნესით დაკავებული ოჯახის წევრი.

_________

ფოტო: EPA/CAROLINE BLUMBERG

სად შეწყდება დღეს გაზი ბათუმში

კომპანია „სოკარის“ ცნობით, დღეს, 15 იანვარს, ბათუმში 800-მდე აბონენტს შეუწყდება გაზის მიწოდება რამდენიმე საათით.

კერძოდ, გაზი 11:00 საათიდან გაეთიშება შერიფ ხიმშიაშვილი ქუჩაზე მცხოვრებ 584 აბონენტს. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება 16:00 საათიდან და სრულად აღდგება 15 იანვრის ბოლომდე.

15 იანვარს 11:00 საათიდან გაზის მიწოდება შეუწყდება ბაგრატიონის ქუჩის #129გ-ს მცხოვრებ 118 აბონენტს. მიწოდება დაიწყება დღესვე, 17:00 საათიდან და სრულად აღდგება დღის ბოლომდე.

ასევე, 15 იანვარს 11:00 საათიდან გაზის მიწოდება შეუწყდება აღმაშენებლის #7 ქუჩაზე მცხოვრებ 86 აბონენტს. მიწოდების აღდგენა დაიწყება 17:00 საათიდან.

გაზის შეწყვეტის მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 370 980 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980]
  • ტანკი – 6 089 ერთეული [+14]
  • ჯავშანტექნიკა – 11 322 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 8 771 ერთეული [+24]
  • MLRS – 958 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 650 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 865 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 815 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 23 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 11 698 ერთეული [+31]
  • სპეცტექნიკა – 1 356 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 567 თვითმფრინავი
  • 265 ვერტმფრენი
  • 10 689 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 450 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 632 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 202 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 736 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 17 489 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

 

1 კაცი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა – 3 ავარია ბათუმში დღეს, ძველით ახალ წელს

დღეს, 14 იანვარს, აჭარაში 3 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მათ ჯგუფს ჩაქვში მომხდარი ავარიის ადგილზე ერთი პირი გარდაცვლილი დახვდათ.

მეორე შემთხვევაც ჩაქვთან, ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე, სოფელ ბუკნარში მოხდა. „ბუკნარში, მომხდარი ავარიის გამო ორი დაშავებული გადავიყვანეთ ქობულეთის კლინიკაში“, – გვითხრეს სასწრაფოში.

მესამე ავარია კი ბათუმში, აღმაშენებლის და ხახულის ქუჩების კვეთაში მოხდა. სასწრაფოს ინფორმაციით, ამ ავარიის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამივე ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.

ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ვინ და რატომ დასცინის შშმ პირებს ბათუმში – ვიდეო

ვერც წინ წახვალ და ვერც უკან დაბრუნდები. გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ პანდუსი არ მიდის შესასვლელთან და კარების გვერდით წყდება.

გარდა ამ უცნაურობისა, თავად პანდუსი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, რადგან მაღალი დახრილობა აქვს, ზედაპირი კი სრიალაა. არც დამცავი მოაჯირები აქვს და თუ ეტლით მოსარგებლე სხვისი დახმარების გარეშე, უკუსვლით შეეცდება ჩამოვიდეს პანდუსიდან, არსებობს უდიდესი ალბათობა, რომ ეტლიანად აყირავდეს და ტრავმა მიიღოს.

მაგალითად, ასეთი პანდუსი დგას ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე, ერთ-ერთი მაღაზიის წინ და მასზე ეტლით გადაადგილება დიდი რისკია.

„ეს პანდუსი არის ფასადური, გარედან რომ დაინახონ თითქოს პანდუსი აქვთ“, – ამბობს ეტლით მოსარგებლე თომა კაკაბაძე „ბათუმელებთან“.

პანდუსი, რომელიც შესასვლელ კარებამდე არ მიდის.

ჩვენ სწორედ თომასთან და ასევე ეტლით მოსარგებლე ანეტა ტაკიძესთან ერთად შემოვიარეთ ბათუმის ერთ-ერთი ახალაშენებული უბანი და შევამოწმეთ, რამდენად ადაპტირებულია ეს გარემო შშმ ადამიანებისთვის.

თომა ელექტროეტლით გადაადგილდება, ანეტა კი მექანიკურ ეტლს იყენებს.

ანეტა საკუთარი მაგალითით გვაჩვენებს, როგორ უჭირს მექანიკურ ეტლს არასტანდარტულ გადასასვლელებზე და დამრეც პანდუსებზე მოძრაობა.


„ტროტუარის კიდე იმდენად მაღალია, თუ დავატრიალებ ბორბალს, ავყირავდები“ – ამბობს ანეტა.

„აქ ფიზიკურად ვერ ავა ეტლი, ისეთი მაღალია გადასასვლელების წინა ნაწილი. თუ ძალას დავატან, გადავყირავდები. გინდა თუ არა, ვინმე უნდა გახლდეს გვერდით ან სხვას უნდა სთხოვო, რომ ასეთ პანდუსზე ასვლაში ან გადასასვლელზე დაგეხმაროს. მექანიკური ეტლის შემთხვევაში კი ფიზიკური ძალაც გჭირდება, რომ მოახერხო არაადაპტირებულ გარემოში გადაადგილება“, – ამბობს ანეტა.

პანდუსის ზედაპირი, როგორც თომა და ანეტა გვეუბნება, უნდა იყოს ხაოიანი, უხეში იმისთვის, რომ საბურავი არ მოცურდეს. აუცილებლად უნდა ჰქონდეს დამცავი მოაჯირები და 1.50 მეტრი მოსატრიალებელი სივრცე შენობის კარებთან, რასაც ბათუმში არსებული პანდუსების უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს. ტროტუარზე გადასასვლელები კი ნულოვანი ზედაპირით უნდა იყოს, რადგან ეტლმა დაბრკოლების გარეშე შეძლოს მოძრაობა.

თითქმის ყველა პანდუსს, რომელიც აღნიშნულ უბანში ვნახეთ, მარმარილოს მოპირკეთება და მაღალი დახრილობა აქვს, რაც ეტლის მოსრიალების რისკს ზრდის. პრობლემურია გადასასვლელებიც.


ისეთი ციცაბო „პანდუსებიც“ ვნახეთ, რომელიც უბრალოდ ნახევარმეტრიანი დახრილი ნაგებობაა და მასზე ეტლით დამოუკიდებლად ასვლა, შეუძლებელია. ასვლის შემთხვევაშიც კი, ეტლით მოსარგებლე არა კარებს, არამედ ყრუ კედელს მიადგება, რადგან კარებთან მისასვლელი სივრცე დატოვებული არ არის.


ერთ-ერთი კორპუსის „პანდუსი“ შარტავას ქუჩაზე.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაინც მიაღწევს ეტლით მოსარგებლე კარებამდე, შიდა სივრცეში ვერ შევა დამოუკიდებლად, რადგან კარის ზღურბლი მაღალია და ეტლი ვერ გადავა მასზე სხვისის დახმარების გარეშე.

„ამით შშმ ადამიანებს უგულებელყოფენ. ჩვენ არ ვარსებობთ თითქოს, არც გვითვალისწინებენ“, – ამბობს თომა კაკაბაძე.

მისი თქმით, დღეს, 21-ე საუკუნეში განვითარებული ქვეყნები ცდილობენ უნივერსალური დიზაინის შექმნას, საქართველოში, ბათუმში კი ჯერ კიდევ პანდუსების არსებობა-არარსებობაზე უწევთ შშმ ადამიანებს ბრძოლა. „და ესეც კი არ გვაქვს“, – გვეუბნება ის.


„ბათუმელების“ რეპორტაჟის შემდეგ ამ პანდუსს ხაოიანი სტიკერები დააკრეს. თუმცა პანდუსი დააზიანეს.


სტიკერდაკრული და დამტვრეული პანდუსი

ვცადეთ გაგვერკვია, რატომ ამონტაჟებენ საცხოვრებელი კორპუსების თუ სავაჭრო ცენტრების წინ ისეთ პანდუსებს, რომლითაც ვერ სარგებლობენ შშმ პირები.

იმ მაღაზიის წარმომადგენელსაც ვესაუბრეთ, სადაც პანდუსი კარებამდე ვერ აღწევს.

მენეჯერიც აღიარებს, რომ პანდუსი სტანდარტებთან შეუსაბამოა და სამომავლოდ, აუცილებლად გამოასწორებენ.

„ადრე ეს ფართობი სხვებს ჰქონდათ ნაქირავები და ალბათ მათ გააკეთეს ასე. არც მერიის რომელიმე სამსახურს შეუმოწმებია სტანდარტულია თუ არა და ალბათ ამიტომ შემორჩა.

პანდუსის თაობაზე გვქონდა საუბარი მაღაზიის მენეჯერთანაც და ვაპირებთ ახლის გაკეთებას“, – ამბობს გაყიდვების მენეჯერი აჩიკო მიქელაძე. თუმცა ვერ გვიზუსტებს, რამდენ ხანში შეიძლება განაახლონ პანდუსი.

პანდუსის სტანდარტებთან დაკავშირებით კიდევ ერთი მაღაზიის მენეჯერს ვესაუბრეთ. მაღაზია ჭავჭავაძისა და შარტავას ქუჩების კუთხეში მდებარეობს. ეს სავაჭრო სივრცეც დიდი საცხოვრებელი კომპლექსის პირველ სართულზეა განთავსებული.


მარმარილოთი მოპირკეთებული პანდუსი ჭავჭავაძის ქუჩაზე სტანდარტს არ აკმაყოფილებს.

მაღაზიის წინ ორი პანდუსია დამონტაჟებული, თუმცა ორივე არასტანდარტული – სრიალა მარმარილოს ზედაპირით და ციცაბო და უმოაჯირო.

„მთლად უსაფრთხო რომ არ არის ჩვენც ვხედავთ, მაგრამ რადგან მაღაზია იხსნებოდა, მშენებელს ვთხოვეთ პანდუსი გაეთვალისწინებინა, მაგრამ ასეთი დაგვხვდა.

ვხედავთ, რომ სტანდარტებში არ ჯდება. სახიფათოა და მოაჯირიც უნდა გაუკეთდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გადაიხედება, რადგან ეს შენიშვნები ალბათ მერიის სამსახურსაც ექნება სამომავლოდ“, – ამბობს ტექნიკის მაღაზიის მენეჯერი რომა თიკანაძე.

ის, რომ გარემო ადაპტირებული უნდა იყოს შშმ ადამიანებისთვის, ამას არა მარტო საერთაშორისო კონვენციები, არამედ საქართველოს რამდენიმე კანონიც არეგულირებს. ზედამხედველობას კი მუნიციპალიტეტები ახორციელებენ.

ბათუმის შემთხვევაში, ქალაქის მერიის მუნიციპალური ინსპექციაა ვალდებული მონიტორინგი გაუწიოს მშენებლობის პროცესს და სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.

ამიტომ, მუნიციპალურ ინსპექციას ვკითხეთ, ჩვენს მიერ გადამოწმებულ კორპუსების პროექტში იყო თუ არა თავიდანვე გათვალისწინებული პანდუსები და თუ იყო, დაიცვა თუ არა მშენებელმა სტანდარტი? ასევე თუ არ დაიცვა, რა ზომები მიიღო მუნიციპალურმა ინსპექციამ?

მუნიციპალურ ინსპექციაში თავდაპირველად დაგვპირდნენ რომ ინფორმაციას მოგვაწვდიდნენ, თუმცა მოგვიანებით გვითხრეს, რომ მათთვის წერილობით უნდა მიგვემართა.

„ეს მეტყველებს იმაზე, რომ გულგრილი დამოკიდებულებაა მერიის მხრიდან. რეალურად, არცერთი რეგულაცია არ მუშაობს, აღსრულება არ არის კანონის და არც არავინ სთხოვს პასუხს მშენებლებს, რომ შშმ ადამიანებზე მორგებული შენობები ააშენონ. ეს არის დაცინვა“, – ამბობს თომა კაკაბაძე.

მისი აზრით, მერიის წვლილია იმაში, რომ ასეთ პროექტებზე სამშენებლო ნებართვებს გასცემს.


არაადაპტირებული გადასასვლელები ბათუმში

ბათუმის მერიას ორი მრჩეველთა საბჭო ჰყავს, ერთი სამოქალაქო, მეორე კი უშუალოდ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფია.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრია რამინ მაჭარაშვილი, რომელიც თავადაც შშმ პირია და აქტიურად იბრძვის სხვა შშმ პირების უფლებების დასაცავად.

რამინს ვკითხეთ, რამდენად ინტერესდება მერია სამშენებლო სტანდარტებით და თუ ჰქონია შესაბამის უწყებებთან არაადაპტირებულ პანდუსებზე ან გადასასვლელებზე საუბარი.


რამინ მაჭარაშვილი.

მისი თქმით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მსგავს საკითხებზე ბევრი არ უმსჯელია, თუმცა თავად რეკომენდაციებით მიმართავს ხოლმე მერიას, სადაც ხაზგასმით წერია, თუ რა პრობლემებია ადაპტირების მხრივ აღმოსაფხვრელი ქალაქში.

„ნებისმიერი გარე სამუშაო, რაც ხორციელდება ქალაქში, უნდა შეთანხმდეს მერიასთან. მე რომ მომინდეს ჩემი კომერციული ფართობის წინ პანდუსი გავაკეთო, ეს უნდა შევათანხმო მერიასთან, თვითნებურად არ შემიძლია ხომ?

თუ პანდუსი სამშენებლო ნებართვის ნაწილია, სანამ სამშენებლო ნებართვას გასცემს მერია, ჯერ პროექტში უნდა გადამოწმდეს, აკმაყოფილებს თუ არა სტანდარტს და მეორედ მაშინ, როცა მერია იბარებს დასრულებულ მშენებლობას.

ის, რომ საცხოვრებელი გარემო შშმ პირებისთვის უნდა გახდეს ადაპტირებული, ეს რეგულაციები არ ეხება მხოლოდ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს, ამიტომ კორპუსების შემთხვევაშიც უნდა გადამოწმდეს სტანდარტი“, – ამბობს რამინ მაჭარაშვილი.

მისი თქმით, ხელმისაწვდომობის სტანდარტი ითვალისწინებს იმას, რომ 2035 წლის ბოლომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით იდეალური ფიზიკური გარემო უნდა შეიქმნას შშმ პირებისთვის.

„მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ დღეს ვიღაც მშენებელმა არ გაითვალისწინა პანდუსი ან არ შექმნა ადაპტირებული გარემო იმ მოტივით, რომ ამას ხვალ გამოასწორებს, ამაზე მერიამ თვალი უნდა დახუჭოს“, – ამბობს რამინ მაჭარაშვილი.


ქვეითთა გადასასვლელები ხშირად ავტომანქანებითაა ჩახერგილი, რაც პრობლემას უქმნის ეტლით მოსარგებლეებს.

კანონის მიხედვით, თუ მშენებელი სამშენებლო ნებართვის პირობებს არღვევს, დაჯარიმდება. თუმცა მუნიციპალურ ინსპექციაში ვერ გვეუბნებიან, დაჯარიმდა თუ არა ვინმე ოდესმე იმის გამო, რომ დაარღვია ვთქვათ პანდუსის მშენებლობის ან გადასასვლელების სტანდარტი.


უსინათლოთა ბილიკებზე საყვავილეები და სარეკლამო ბანერებია განთავსებული.

„ერთი შემთხვევა მახსენდება მხოლოდ, როცა ერთ-ერთ ბანკთან იყო არასათანადოდ პანდუსი გაკეთებული, ერთ-ერთმა აქტივისტმა მიმართა ბათუმის მერიას და შემდეგ ვნახეთ, რომ ის პანდუსი იქ აღარ იყო. მერიამ ააღებინა თუ თავად აიღეს, ეს არ ვიცით.

არც სტატისტიკას გვაცნობენ და არც ის ვიცით, აჯარიმებს თუ არა მერია იმ პირებს, ვინც ასეთი არასტანდარტული პანდუსები გააკეთა ქალაქში.

ვიღაცამ უნებართვოდ კორპუსი რომ ააშენოს, ხომ მივა ინსპექცია და დააჯარიმებს? იგივე სიტუაციაა აქაც. თუ პანდუსი სამშენებლო ნებართვის დროს წარადგინა და უნდა გაეკეთებინა სტანდარტული და შემდეგ არ გააკეთა, სამშენებლო ნებართვა დაარღვია ხომ?

მუნიციპალური ინსპექციაა ვალდებული რეაგირება გააკეთოს ამაზე და თუ მშენებლობის პროექტში არ იყო პანდუსი გათვალისწინებული და შემდეგ მიადგა შენობას, ესეც დარღვევაა და ამაზეც უნდა მოახდინოს ინსპექციამ რეაგირება, რომ გადამოწმდეს სტანდარტები“, – ამბობს რამინ მაჭარაშვილი.

„პირადად მე, ეტლით მოსარგებლემ ვერ შევძელი ის, რომ რაღაც ბარიერები გადამელახა, პანდუსები გამომეყენებინა ან ტროტუარზე გადავადგილებულიყავი სხვისი დახმარების გარეშე.

ნებისმიერ ადამიანს და მით უფრო სრულწლოვანს, უფლება აქვს იყოს დამოუკიდებელი და ის, რასაც ჩვენ ვაწყდებით ყოველდღიურ რეალობაში, ჩვენი უფლებების დარღვევაა.

ეს არის ის, რაც გარედან ჩანს, მაგრამ შენობების შიგნით არსებული მდგომარეობა ცალკე პრობლემაა, რადგან ერთია შენობაში შეღწევა და შემდეგ ის, შიგნით რამდენად მორგებულია გარემო შშმ პირებზე. თითქოს რაღაცები გაკეთებულია, მაგრამ ფაქტობრივად ვერაფერს იყენებ“, – გვეუბნება ანეტა ტაკიძე.

თომა კაკაბაძის აზრით, მერიის ინტერესი უნდა იყოს შექმნას ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ინკლუზიურ ტურიზმსაც შეუწყობს ხელს და ადგილობრივ მოსახლეობასაც.

„ცუდი ისაა, რომ ჯერ ძველის გამოსწორებას ვერ ვასწრებთ და ახალი პრობლემა გვემატება. ათი წლის წინ რა პრობლემაზეც ვსაუბრობდით, იმავეზე გვიწევს ახლაც ბრძოლა.

დაგვცინიან – ამდენი მიმართვების, გაშუქების და მითითებების შემდეგ, ყველაფერს მაინც ზედაპირულად აკეთებენ.

გადასასვლელებზე ხომ ავტეხეთ ამბავი, მოვიდნენ ჩამოთალეს ნაპირი და აჰა დაწყნარდითო, გვითხრეს. ამას არ შევარჩენთ არავის და ვაჩვენებთ მერიას, როგორ უნდა გააკეთონ უნივერსალური დიზაინი“, – ამბობს თომა კაკაბაძე.


ბათუმი/ ფიროსმანის ქუჩა

ყველა ამბობს, რომ „გვინდა სახლიდან გამოვიდნენ ეს ადამიანები“, მაგრამ პირველი რა ბარიერსაც აწყდებიან შშმ პირები ქალაქში არის ინფრასტრუქტურა.

„ეს თუ არ მოწესრიგდა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება ამ ადამიანების გარეთ გამოსვლა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა – განათლების მიღება, დასაქმება და ასე შემდეგ. ამ კუთხით არავინ არ ზრუნავს. პირიქით, იგივეს აგრძელებენ და არცერთი რეგულაცია, არც კანონი აღარ მუშაობს, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალოს“ – დასძენენ თომა და ანეტი.

ბულვარი ახალ სკვერს მოაწყობს – გამოყოფილია 324 ათასი ლარი

ბათუმის ბულვარში, საზღვაო აკადემიის მოპირდაპირედ, ბულვარის ადმინისტრაცია ახალ ე.წ. მექსიკურ სკვერს მოაწყობს, რისთვისაც 340 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ამ თანხით ადმინისტრაციამ ტენდერი „ახალი თემატური სკვერის მოწყობის სამუშაოს შესყიდვაზე“ უკვე გამოაცხადა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 28 იანვარს დაიწყება და 2 თებერვალს დასრულდება.

„მექსიკური სკვერი“ ბათუმში საზღვაო აკადემიის პირდაპირ/ რენდერი პროექტიდან

ტენდერის პირობის მიხედვით, პრეტენდენტს „2021 წლის პირველი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური შინაარსის, სირთულისა და ხასიათის – პარკების ან/და სკვერების ან/და სარეკრეაციო სივრცეების ან/და გამწვანებული ტერიტორიების მოწყობის ან/და რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების გამოცდილება – ღირებულებით არანაკლებ 850 ათასი ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით“.

სკვერის მოწყობის სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი გულისხმობს სკვერის მოწყობას გამწვანების გარეშე, მეორე კი, გამწვანებას.

უშუალოდ გამწვანების სამუშაოებს ბულვარი საკუთარი ძალებით შეასრულებს, საჭირო ხე-მცენარეებს კი, ცალკე ტენდერით შეისყიდის.

სკვერისთვის ტერიტორია კი, აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა მოაწყოს.

„მექსიკური სკვერის“ რენდერები პროექტიდან

პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც სამუშაოები უნდა ჩატარდეს, ბათუმის ბულვარს შპს „მრავალკუთხედისგან“ აქვს შეძენილი 8 ათას 24 ლარად.

პროექტირებაზე ტენდერი ბულვარს 11 ათას 16 ლარით ჰქონდა გამოცხადებული:

ბათუმის ბულვარი მექსიკური სკვერის მოწყობას გეგმავს

ჩაქვში ავარიას ერთი პირი ემსხვერპლა

შენიშვნა: ინორმაციის თავდაპირველ ვერსიაში გამოქვეყნებული იყო ფოტო, რომელიც დღეს მომხდარ სხვა ავტოსაგზაო შემთხვევას ასახავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 14 იანვარს ჩაქვში.

შემთხვევის შედეგად ავტომანქანის მძღოლი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

Exit mobile version