სიახლეები

„არაფერს ვნანობ, მხოლოდ სიბერე მაწუხებს“ – 103 წლის ქალი ბათუმიდან

17.01.2024 • 4553
„არაფერს ვნანობ, მხოლოდ სიბერე მაწუხებს“ – 103 წლის ქალი ბათუმიდან

„დიდი ხნის ცხოვრება მაქვს. მეც დიდი ხნის ვარ. 103 წლის ქალი ვარ“, – ამბობს ულფეთ ფუტკარაძე და ხელებს ითბობს შეშის ღუმელზე. თან აკვირდება, თითქოს ცდილობს დარწმუნდეს, რომ ღუმელში შეშა საკმარისია.

შავი ტანსაცმელი და წითელვარდებიანი წინდები აცვია, რომელზეც მოგვიანებით გვეტყვის, რომ შვილთაშვილმა აჩუქა. თავსაფარს ისწორებს, საიდანაც მოკლედ შეჭრილი, წითურად შეღებილი თმა მოუჩანს და დივანზე ჯდება.

მტკიცედ და გადაჭრით მეუბნება – „განვლილი ცხოვრებიდან არაფერია, რასაც ვნანობ“. მისი თქმით, დედამისმაც ამდენ ხანს იცოცხლა, მაგრამ მამა ადრე გარდაეცვალა.

ყველაზე მეტად რაც ენატრება, შუახევის სოფელი შუბანია, სადაც ბავშვობა გაატარა და იქამდე ცხოვრობდა, სანამ არ გაათხოვებდნენ.

საუბარში ულფეთმა ბევრჯერ გაიმეორა, რომ ადრეული ქორწინება არასწორია.

„ძველად ადრე ათხოვებდნენ. ახლა 20 წლის, 30 წლის ეთხუებიან. ძველად გაათხოვებდნენ 14-15 წლის გოგოებს. ბეჩები იყვნენ, ნამდვილად ბეჩები.

ხანდახან ვიტყოდი, ვერ უვლიდნენ შვილს და იმიტომ ათხოვებდნენ-მეთქი. არ უნდა გაათხოვო ადრე გოგო. მე 16 წლის გამათხოვეს და ეს არ იყო სწორი, პატარა ვიყავი.

ქორწილში შევხვდი ჩემს ქმარს. ვისი ქორწილი იყო, არ მახსოვს. არ გვიცეკვია, ერთმანეთს არ გამოვლაპარაკებივართ, ერთად არ ჩამოვმსხდარვართ და არაფერი, შორიდან გავიცანით ერთმანეთი და მერე მალევე წამიყვანეს.

სწავლა არ იყო მაშინ. თან 15-16 წლის რომ გაგათხოვებდნენ, რას გააკეთებდი? რა უნდა გესწავლა? როგორ?

20 წლის მაინც უნდა გახდე, რაღაც რომ ისწავლო, გაძლიერდე. მე არ მინდოდა ადრე გათხოვება. 16 წელი ხომ არაფერია, მაგრამ რა უნდა გექნა?

ახლა იცით როგორაა? [წყვილი] ერთად მიდი-მოდის. ადრე არ იყო ასე. სადმე ერთად გაგვევლო, გაგვესეირნა, არ მახსოვს. დაგინიშნავდნენ და თან მიგიყვანდნენ ქორწილით. ასე იყო ჩემ შემთხვევაშიც.

4 შვილი მყავდა – 2 გოგო მომიკვდა. 2 შვილი დამრჩა“, – გვიყვება ქალი.

ულფეთს 15 შვილიშვილი, 31 შვილთაშვილი და 12 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

ულფეთ ფუტკარაძე

ულფეთი იხსენებს, რომ ქორწილში გრძელი წითელი კაბა ეცვა. ამბობს, მაშინ ან თეთრ კაბას იცვამდნენ, ან წითელს. კაბა მას არ შეურჩევია.

„ახლა დავბერდი, მაგრამ ახალგაზრდობაში ასეთი ხომ არ ვიყავი? დავბერდი და აღარც ხელები მივარგა და აღარც არაფერი, მაგრამ ახალგაზრდა სულ სხვანაირი ვიყავი“ – ღიმილით ამბობს ულფეთი.

ქალი იმასაც იხსენებს, რა იყო მის მზითვში და ამბობს, რომ დაუშვებელია ოჯახის ქონების განაწილებისას გოგო მხოლოდ მზითვის ამარა დარჩეს – „რა აზრი აქვს, შვილი გოგოა თუ ბიჭი. შვილი შვილია და ყველაფერი ერთნაირად უნდა გაუნაწილო“.

ულფეთი წლებია ბათუმში ცხოვრობს ოჯახთან ერთად, იქამდე კი შუახევში ცხოვრობდა და 20 წელი დადიოდა მემთეურად მთა ჩირუხში.

მემთეურობის წლებზე რომ ვკითხე პირველად, მოკლედ მოჭრა – რთული იყოო.

„როცა მემთეური ხარ, ყველაფრის გაკეთება გიწევს. ვაკეთებდი ყურუთს, ყველს, კარაქს. რძის ნაწარმი ყველას უყვარს, მარტო მე კი არა. მეც მიყვარს, ჩვენი საჭმელი ეს იყო.

ყურუთი მიყვარდა ძალიან და გაკეთებითაც კარგად ვაკეთებდი.

ჩირუხის მთაში ვმემთევრობდი. 5-6 ძროხას ჩემსას ვუვლი და აბარებითაც ვიბარებდი.

ავავსებდი ჭურჭელს [რძის პროდუქტებით], წაიღებდნენ და დამლოცავდნენ. მემთევრის ყველა საქმე ჩათინია [რთულია] – ყველის ამოღება ჩათინია, ბოსლის დასუფთავება, იმდენი რამეა…

დავბერდი და გადაწყდა, რომ მემთეურობა აღარ შემიძლია. ახალგაზრდობაში ერთხელ ავად გავხდი და მოვრჩი, ბევრი არ მიწვალია. ახლა მხოლოდ სიბერე მაწუხებს. 103 წლის ვარ, მაგრამ კიდევ კარგი, გავიარ-გამოვიარ, ბოსტანში ჩავალ. კი არ ვმუშაობ, მაგრამ გადავხედავ მაინც.

ბათუმში ცხოვრება აჯობებს. ბევრი საქონელი გვყავდა, ვწვალობდით. ახლა ბევრი საქონელი არავის აღარ ჰყავს. ადრე გვყავდა თხა, ცხვარი, კამეჩი“, – იხსენებს ულფეთი.

ამასობაში, ულფეთის რძალმა ძველი ფოტოალბომები შემოიტანა ოთახში, რომელსაც ქალმა ნელა და დაკვირვებით დაუწყო ფურცვლა. ერთ-ერთ ფოტოზე საკუთარი თავი ამოიცნო და კარგა ხანს აკვირდებოდა.

ულფეთ ფუტკარაძე მარჯვნიდან პირველი

მითხრა, ადრე გრძელი თმა მქონდა, ნაწნავებს გავიკეთებდიო – „თმის საღებავი ბადიშებმა მომიტანეს და რძალმა შემიღება. მომწონს ჩემი თმის ფერი ახლა. რომ დავბერდი, თმა გამითეთრდა და თეთრი თმა არ მომეწონა. დიდი ხანია, რაც თმას ვიღებავ.

სიბერე აღარ მინდა, რთულია, მაგრამ დავბერდი“.

ულფეთ ფუტკარაძე ოჯახის ფოტოალბომს ათვალიერებს

ქალს ახსოვს პერიოდი, როცა მას და მის ოჯახს მჭადიც სანატრელი ჰქონდა.

„ძალიან, ძალიან გვიჭირდა, ახლა სხვა ცხოვრებაა. ახლა იმუშავებ და შეჭამ, არ დარჩები მშიერი.

მაშინ უთენია უნდა ამდგარიყავი, მომზადებულიყავი, კოლექტივს შეერთებოდი“.

წელიწადის დროებიდან განსაკუთრებით გაზაფხული უყვარს იმის ნიშნად, რომ ცივი ზამთარი დამთავრდა, რადგან სიცივეს ვერ ეგუება.

„საშინლად გრძელი ზამთრები იცოდა. 2 მეტრი თოვლი მოდიოდა, დიდი ხნით ვიკეტებოდით. ანიჩბავდნენ თოვლს, ანიჩბავდნენ და ასე გადავდიოდით მეზობელთან“, – გვეუბნება და იქვე კითხვას სვამს – შეშა ხომ არის ღუმელშიო, თითქოს ზამთარზე საუბარმა შეაცივა.

ულფეთი თავის ერთ დღეზეც გვიყვება. ამბობს, რომ ადრე იღვიძებს, მაგრამ საწოლიდან ადგომას არასდროს ჩქარობს. ხშირად უყურებს ტელევიზორს. „თუ გამორთულია, ვეტყვი, ჩართეთ რომ ვუყურო და რაცხა დევნახო-მეთქი“.

ცდილობს, რაც შეიძლება ბევრი იაროს. ცოტა ხნის წინ ფეხი მოიტეხა და ხელჯოხის დახმარებით დადის ოთახიდან ოთახში, აივანზე და სახლთან მოწყობილ პატარა ბოსტანსაც გახედავს ხოლმე.

„სიბერე მაწუხებს, მაგრამ ჩემ თავს ვუვლი.

ახლა აღარ შემიძლია, მაგრამ ძალიან მიყვარდა საჭმელების კეთება და სუფთად, კოხტად გავაკეთებდი. ახლა არაფერი აღარ შემიძლია, მომიტანებენ – ვჭამ, არ მომიტანებენ – ვზივარ“.

ამბობს, რომ განსაკუთრებით უყვარს ჩაი და ახსენდება, როგორ კრეფდა სოფელში მოცვის ჩაის. აქვე დასძენს, რომ ხეებზე არასდროს ავდიოდი, ძალიან მეშინოდაო.

ულფეთის თქმით, მისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ბოსტნეული ფხალია, რომელსაც რძესთან და ნიორთან ერთად ამზადებდა და მისი მთავარი კერძი იყო.

ულფეთ ფუტკარაძე რძალთან და შვილიშვილთან ერთად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: