სპეციალური პენიტენციური სამსახური საკუთარ ფეისბუქის გვერდზე საკადრო ცვლილებების შესახებ წერს.
უწყების ინფორმაციით, დღეს შემდეგი საკადრო ცვლილებები განხორცილედა:
„#8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი, რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. მის ნაცვლად #8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად დაინიშნა ნოდარ ქინქლაძე, რომელიც ამ დრომდე #1 ლაითურის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
აღნიშნული საკადრო გადაწყვეტილებები განხორციელდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანხმობით“.
___
26 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა. მის ადგილზე რამაზ თათარაშვილი დაინიშნა.
პატარიძის გადადგომა მოჰყვა პროკურატურის რეკომენდაციას, რომ მას უფლებამოსილება შესჩერებოდა. პროკურატურა იძიებს გლდანის ციხეში მოთავსებული პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმეს.
ადვოკატის განცხადებით, დავით ფეიქრიშვილი გამომძიებლებმა 26 ოქტომბერს გამოკითხეს. უფლებადამცველმა თქვა, რომ ის დაზიანებები, რაც ფეიქრიშვილს აქვს, ოქმშიც ასახეს.
პატიმარი დავით ფეიქრიშვილი 20 ოქტომბერს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. ის წინა დღეს, 19 ოქტომბერსაც იყო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული, თუმცა მალევე გაწერეს.
დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი, პაატა გოგიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ციხის საკანში ფიზიკური დაზიანებები რამდენიმე პირმა მიაყენა, მათ შორის- ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა („კაწრომ“). ადვოკატმა ასევე თქვა, რომ დავით ფეიქრიშვილმა თვითდაზიანება მიიყენა. გარდა ამისა, მისი განცხადებით, 19 ოქტომბერს ვენები გადაიჭრა მისმა ძმამ, გიორგი ფეიქრიშვილმაც. ადვოკატის განცხადებით, დავით ფეიქრიშვილს დამტვრეული ჰქონდა ნეკნები, სახის ძვლები, დაზიანებული ჰქონდა თავის ქალა.
თუმცა პენიტენციური სამსახური ფეიქრიშვილის ცემას უარყოფდა მანამ, სანამ 20 ოქტომბერს ღამით იუსტიციის სამინისტრომ განცხადება არ გაავრცელა, რომ „მასმედიის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო“.
ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს, თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.
რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს [კაწრო], რომლებიც ასევე „ავტორიტეტებად“ მოიხსენიებენ კრიმინალურ სამყაროში, 15 ოქტომბერს დააკავეს რესტორანში მომხდარ ჩხუბის საქმეზე.
ადვოკატის მონათხრობიდან გამოდის, რომ ბილანიშვილი და ყიფიანი სხვებთან ერთად ზუსტად იმ საკანში შეასახლეს, სადაც დავით ფეიქრიშვილი იმყოფებოდა.
ყველა ეს პატიმარი ამჟამად გლდანის #8 დაწესებულებაში იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ ვატო ყიფიანი წარსულში ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის დაგეგმვაში იყო ბრალდებული. კერძოდ, 2020 წელს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი ოპერაციით თავიდან აიცილეს ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობა. პროკურატურის ვერსიით, თავდასხმას უკრაინაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი გეგმავდა. აღნიშნულ საქმეზე ყიფიანი 2021 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინიდან საქართველოში გამოაძევეს. თუმცა ვატო ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ მან ციხე დატოვა, ვინაიდან სასამართლომ ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობაში ყიფიანის ბრალეულობა ვერ დაადგინა.
ციხეებში პატიმრების რაოდენობის ზრდის ტენდენცია გრძელდება.
საქსტატის უახლესი, 30 სექტემბრის ანგარიშის მიხედვით, 14 პენიტენციურ დაწესებულებაში ჯამში 12 375 პატიმარია – როგორც მსჯავრდებული, ისე ბრალდებული.
მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრის განმავლობაში ციხე, სხვადასხვა საფუძვლით 756-მა პირმა დატოვა, პატიმრების საერთო რაოდენობა მაინც გაიზარდა 63 ადამიანით (31 აგვისტოს მონაცემებით ციხეებში, ჯამში, 12 312 პატიმარი იყო).
გაზრდილია არასრულწლოვანი პატიმრების რაოდენობაც: თუ აგვისტოს ბოლოს ციხეში 183 არასრულწლოვანი იჯდა, სექტემბრის ბოლოს მათი რაოდენობა 191 იყო.
საინტერესოა, რომ პატიმრების საერთო რაოდენობა გაიზარდა ბრალდებულთა ხარჯზე: თუ 31 აგვისტოს მონაცემებით ციხეებში 2 681 ბრალდებული იყო, 30 სექტემბერს მათი რიცხვი 2 765-მდე გაიზარდა, რაც წინა თვესთან შედარებით 84-ით მეტია.
რაც შეეხება მსჯავრდებულებს, მათი რაოდენობა ერთი თვის განმავლობაში შემცირდა 9 631-დან 9 610-მდე, თუმცა, როგორ აღვნიშნეთ, ციხეებში პატიმართა საერთო რაოდენობა მაინც მზარდია.
წინა თვეების მსგავსად, დადგენილ ზღვარზე მეტი ადამიანი იმყოფება სამ ციხეში – ქუთაისში (#2 დაწესებულება), თბილისში (#8 დაწესებულება) და ქსანში (#15 დაწესებულება). აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მე-2 და გლდანის მე-8 დაწესებულებებში, წინა თვესთან შედარებით, პატიმართა რაოდენობა მცირედით ნაკლებია, თუმცა დადგენილ ზღვარს მაინც სცდება.
აღსანიშნავია არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება (მე-11 პენიტენციური დაწესებულება თბილისში), სადაც სულ 81 მსჯავრდებულია განთავსებული, ადგილების რაოდენობა კი არის 82. ეს ნიშნავს, რომ თუ მომავალში 1-ზე მეტ არასრულწლოვანს მიუსჯიან პატიმრობას და ამავე პერიოდში, მე-11 დაწესებულებას არავინ დატოვებს, შესაძლოა, დადგენილ ლიმიტს ამ დაწესებულებაში მყოფთა რაოდენობამაც გადააჭარბოს.
საქართველოში არასრულწლოვანი მსჯავრდებულები სასჯელს სწორედ მე-11, სარეაბილიტაციო დაწესებულებაში იხდიან. მათი სხვა ციხეში გადაყვანა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, სპეციალური ბრძანებითაა შესაძლებელი.
გრაფიკა: საქსტატი
საქსტატის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2026 წლის სექტემბრის თვეში პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულის გარდაცვალების 1 ფაქტი დაფიქსირდა. დოკუმენტში გარდაცვალების მიზეზად გულის გაჩერებაა მითითებული, თავად გულის გაჩერების მიზეზი კი, როგორც წერია, დაუზუსტებელია.
ციხეებში პატიმართა რაოდენობის ზრდის მიზეზებზე, ამისგან გამოწვეულ პრობლემებსა და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე „ბათუმელები“ ესაუბრა იურისტ მერაბ ქართველიშვილს. ინტერვიუ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 3 პირი, 16 პირს კი ბრალი წარედგინა, ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების გამო.
„დანაშაულებრივი სქემის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 548 809 ლარზე მეტი ზიანი მიადგა.
გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 3 პირი, ხოლო 16 პირს ბრალდება წარედგინა. მათგან ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, რადგან იგი საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას თავს არიდებდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2025-2026 წლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ავტომობილებს რეექსპორტის რეჟიმში ფიქტიურად აფორმებდნენ. ამ სქემაში მათ 15 უცხო ქვეყნის მოქალაქეც ჩართეს, რომლებსაც აღნიშნული მოქმედებების სანაცვლოდ ანაზღაურებას უხდიდნენ.
სქემის ფარგლებში, ჯამში, 138 ავტომობილი რეექსპორტის რეჟიმში მოაქციეს, თუმცა კანონით დადგენილ ვადაში მათ საქართველოს ტერიტორია არ დატოვეს. ასეთ შემთხვევაში ავტომობილები იმპორტის პროცედურაში მოქცეულად ითვლება და შესაბამისი გადასახადები უნდა გადაიხადონ“- წერს საგამოძიებო.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 185-ე მუხლებით, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 2 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 592 770 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 500. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 452 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 25 629 ერთეული [+7]
საარტილერიო სისტემა – 51 801 ერთეული [+46]
MLRS – 2 251 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 731 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 452 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 592 541 ერთეული [+936]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 3 063 ერთეული [+9]
გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 169 110 ერთეული [+371]
სპეცტექნიკა – 4 863 ერთეული [+2]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 140 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
2026 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა – 596.8 ათასი, რუსეთის ფედერაციიდან იყო.
ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური [საქსტატი] აქვეყნებს.
საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში პროცენტულად ყველაზე მეტი ვიზიტი – 26.7 პროცენტი, რუსეთიდან იყო.
მეორე ადგილზეა თურქეთი 14.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე — სომხეთი 11.0%-იანი წილით.
ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (695.8 ათასი), თურქეთისა (398.1 ათასი) და სომხეთის (316.2 ათასი) მოქალაქეების მიერ.
ჯამში, 2026 წლის III კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.1 მილიონი შემოსვლა, რაც, საქსტატის ცნობით, 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტორთა 40.1 პროცენტის ასაკი 31-50 წელი იყო.
„აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.6 მილიონი შეადგინა, რაც 3.3 პროცენტით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2026 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.2 მილიონს მიაღწია, რაც 3.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე“ – წერს საქსტატი.
საერთაშორისო ვიზიტორების 82.1 პროცენტს ტურისტები შეადგენდნენ. მხოლოდ ექსკურსანტების [ვიზიტორი, რომელიც ღამეს არ ათენებს საქართველოს ტერიტორიაზე] წილმა 14.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.6 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
საქსტატის ცნობით, 2026 წლის III კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (58.8 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში,
რაც შეეხება შემოსავლებს, საქსტატის ცნობით, 2026 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 5.7 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 8.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
____________
ფოტოზე: ლარსი, საქართველო-რუსეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/ზურაბ ქურციკიძე
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ელი ნოემბრის 21 საათიდან 2 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:
რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდში, უკრაინული დრონები ნავთობის ქარხანას დაესხნენ თავს.
უკრაინული და რუსული ტელეგრამარხები ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით წერენ, რომ დრონების დარტყმის სამიზნე კომპანია „ლუკოილის“ ქსტოვსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო.
ნიჟნი ნოვგოროდის მერის ცნობით, დრონების შეტევის შედეგად დაზიანდა კომუნალური ინფრასტრუქტურაც და ქალაქის ზოგიერთ უბანში გათბობისა და ელექტროენერგიის პრობლემაა.
პირველადი ინფორმაციით, დარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ასევე, ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ქსტოვოს რაიონში მდებარე ქარხანამ „მნიშვნელოვანი ზიანი“ მიიღო.
ნავთობის ქარხანა ნიჟნი ნორვგოროდში არაერთხელ გახდა უკრაინული დრონების სამიზნე.
ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ადასტურებს, რომ საფეხბურთო კლუბ „ნიკე-ლუსოსთან“ მატჩი, რომელიც ლანჩხუთელმა ფეხბურთელებმა „ნიკე-ლუსოს“ ფეხბურთელი ქალის სოლიდარობისა და ძალადობის მიმართ პროტესტის ნიშნად არ ითამაშეს, წაგებაში ჩაეთვალათ.
ამავე დროს, ქსკ „ლანჩხუთი“ აცხადებს, რომ ძალადობის წინააღმდეგ პოზიციის გამოხატვა იყო ერთადერთი არჩევანი.
„შეგვიძლია დავადასტუროთ მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 29 სექტემბერს ნიკე-ლუსოსთან არშემდგარ მატჩში ჩვენს კლუბს ჩაეთვალა წაგება.
გვესმის, შეიძლება დავკარგოთ ჩემპიონობის შანსი, თუმცა ვთვლით, რომ შექმნილ სიტუაციაში სწორ მხარეს დგომა და ძალადობის წინააღმდეგ აქტიურად საკუთარი პოზიციის გამოხატვა არის ის ერთადერთი არჩევანი, რომელსაც ჩვენთვის სხვა ალტერნატივა არ გააჩნია.
ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებს გელოდებით ეროვნული ჩემპიონატის მორიგ მატჩზე თბილისში, „კვარტალის“ წინააღმდეგ, 3 ნოემბერს, 14:30 წუთზე, ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში“ – წერს ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ უარი თქვა მეტოქე გუნდთან, „ნიკე-ლუსოსთან“ თამაშზე და მოედანი დატოვა. იქამდე „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა მოედანზე გაშალეს ბანერი წარწერით: „ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“.
იმავე დღეს გუნდმა განმარტა, რომ ამ ფორმით მხარდაჭერა გამოუცხადეს „ნიკე-ლუსოს“ 19 წლის ქალ ფეხბურთელს, რომელიც გუნდის მფლობელს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა. ფეხბურთელის ქალების პროტესტამდე რამდენიმე დღით ადრე, 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, კლუბ „ნიკე-ლუსოს“ მფლობელი ბიზნესმენი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ლანჩხუთელი ფეხბურთელი ქალების სოლიდარობას მთელს ქვეყანაში მოჰყვა გამოხმაურება. არაერთი ქალთა საფეხბურთო კლუბი შეუერთდა ლანჩხუთის ქსკ-ს კამპანიას – „ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“.
კამპანიას განცხადებით გამოეხმაურაკლუბი „ნიკე-ლუსოც“. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ მიერ გავრცელებულ „ცილისმწამებლურ განცხადებასთან“ და მასში მითითებულ „განზრახ დამახინჯებულ ფაქტებთან“ დაკავშირებით სასამართლოს მიმართავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის მოქალაქე დააკავა.
„დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი მუქარის ბრალდებით იძებნებოდა“ – წერს შს სამინისტრო.
უწყების ცნობით, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ბოლო თვეების განმავლობაში შსს ინტერპოლის მიერ ძებნილი არაერთი პირის დაკავებაზე წერს. ბოლო ასეთი ინფორმაცია უწყებამ გუშინ, 31 ოქტომბერს გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ბათუმში დააკავეს 12 წლამდე ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ძებნილი პირი.
ტელეკომპანია „პირველმა“, „შაბათის ეთერმა“, 31 ოქტომბრებს გამოაქვეყნა სიუჟეტი – „როგორ ხოცავს ძაღლებს სახელმწიფო – გამაოგნებელი კადრები საიდუმლო სამარხებიდან“, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავთ ღამით ქუჩებიდან აყვანილი მიუსაფარი ძაღლები და სპეციალურ ორმოებში ყრიან.
სიუჟეტის თანახმად, პირველადი დაკვირვებით, დახოცილ ცხოველებს არ აღენიშნებათ ავადობის კვალი.
„პირველი“, წყაროებზე დაყრდნობით, აღნიშნულს უკავშირებს ბოლო თვეების განმავლობაში სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიუსაფარი ძაღლები, რომლებზეც ცხოველთა უფლებადამცველები ზრუნავენ, ქუჩებიდან ქრებიან და მათ, შესაძლოა, მიზანმიმართულად, ფარულად კლავენ, რაც კანონდარღვევაა.
„შაბათის ეთერის“ ცნობით, რამდენიმე კვირიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ თბილისში სამუშაო დღეებში, მაგრამ არასამუშაო დროს, შუაღამისას იწყებენ ძაღლების დამარხვას და თეთრი მიკროავტობუსი, რომელსაც თავშესაფრის სიმბოლიკა მოხსნილი აქვს, ღამე ზოგჯერ ორ რეისს აკეთებს.
„პირველის“ სიუჟეტს გამოქვეყნებიდან მოკლე ხანში გამოეხმაურა თბილისის მერია, რომელიც უარყოფს ბრალდებას კანონდარღვევის შესახებ და აცხადებს, რომ აღნიშნული სიუჟეტი „საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“ და „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობის დისკრედიტაციას“ ისახავს მიზნად.
მერია ასევე აცხადებს, რომ სამართლდამცავ ორგანოებს მიმართეს.
„…ტელეკომპანია „პირველის“ გავრცელებული ვიდეომასალა ასახავს პროცესს, რომელიც სრულად არის დაშვებული კანონმდებლობით.
აღნიშნული სამარხი განკუთვნილია თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად. მათ შორის არიან ცხოველები, რომლებიც დაიღუპნენ სხვადასხვა დაავადების, ავტოსაგზაო შემთხვევების, უბედური შემთხვევებისა და ბუნებრივი სიკვდილის შედეგად. დედაქალაქის მასშტაბით, წელიწადში ევთანაზიით ასობით, ხოლო ბუნებრივი სიკვდილით ათასობით ცხოველი იღუპება.
აღნიშნული ინფორმაცია არასოდეს ყოფილა დამალული ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ.
…ამის შესახებ კარგად არიან ინფორმირებულები სწორედ ის პირები, რომლებმაც, საზოგადოებაში დაძაბულობის და პანიკის დათესვის მიზნით, ჩაიდინეს უკანონობა და გადათხარეს დაღუპულ ცხოველთა სამარხები. ამ ადამიანებს თავადაც არაერთხელ უსარგებლიათ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სერვისით, რათა დაემარხათ მათივე გარდაცვლილი ცხოველები.
განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ცილისწამება, თითქოს აღნიშნულ სამარხში ცოცხალი, სპეციალურად დაძინებული ძაღლები არიან განთავსებული, რაც არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია.
ჩვენ უკვე მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა შეისწავლონ გარკვეული ჯგუფის მიერ განხორციელებული ვანდალური ქმედება და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“ – ვკითხულობთ თბილისის მერიის განცხადებაში.
„ტვ პირველის“ სიუჟეტის შემდეგ დღეს, პირველ ნოემბერს, ცხოველთა უფლებადამცველი აქტივისტები 18:30 საათზე კანცელარიასთან შეკრებას აანონსებენ.
„აუცილებელია გამჭვირვალე, სრულყოფილი გამოძიება; დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომელიც გამოიკვლევს სიკვდილის მიზეზს და დაადგენს, გამოყენებული იყო თუ არა სედაცია ან ანესთეზია; სრული დოკუმენტაცია სამარხში ნაპოვნი ცხოველების შესახებ, მათ შორის სამედიცინო დასკვნები, გამოყენებული პრეპარატები და სიკვდილის მიზეზები; ახსნა-განმარტება, რატომ არ მარხავენ ცხოველებს ბიოთერმულ ორმოებში, რაც დაავადებათა გავრცელების პრევენციას მოახდენდა“ – ნათქვამია განცხადებაში.
მიუსაფარი ძაღლების პრობლემა საქართველოში დღემდე დაუძლეველ პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება და ქვეყანაში ასობით მოხალისე საკუთარი ინიციატივით ზრუნავს მიუსაფარ ცხოველებზე, პრობლემა წლებია ვერ გვარდება.
ბოლო თვეებში ცხოველთა უფლებადამცველები საუბრობენ არაერთ შემთხვევაზე, რაც ეჭვებს აჩენს, რომ სახელმწიფო შესაძლოა არაჰუმანური, უკანონო გზით ცდილობს გადაჭრას ეს პრობლემა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის პირველ ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 590 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 100. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 451 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 25 622 ერთეული [+2]
საარტილერიო სისტემა – 51 755 ერთეული [+16]
MLRS – 2 249 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 730 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 452 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 591 605 ერთეული [+944]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 3 054 ერთეული [+9]
გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 168 739 ერთეული [+259]
სპეცტექნიკა – 4 861 ერთეული [+1]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 140 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა განაცხადა, არ აპირებს რუსეთის მხრიდან საფრთხეზე საუბრისას თავი შეიკავოს.
ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ესტონეთის პრემიერის განცხადებას წინ უძღოდა სააგენტო „როიტერსის“ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს სთხოვა, შეარბილონ ტონი რუსეთის შესახებ განცხადებებში და შეამცირონ საფრთხეზე აქცენტი.
„სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან აგრესიას დაიწყებდა, ჩვენ ვაფრთხილებდით რუსი დიქტატორის, პუტინის, გეგმებისა და განზრახვების შესახებ. ჩვენ ამას ვაგრძელებთ და მეც გავაგრძელებ. თავს არ ვიკავებ, რადგან დიქტატორების სიამოვნება ან მათი გულისთვის დუმილი ნამდვილად არ არის გამოსავალი. პირიქით, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა და უკრაინის მხარდაჭერა – ეს არის ერთადერთი გზა, რათა პუტინმა შეცვალოს თავისი მიზნები“, – განაცხადა კრისტენ მიხალმა.
ესტონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ მას არ მიუღია მოთხოვნა ტონის შერბილების შესახებ. მან თქვა, რომ ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტს ნატოს სამიტზე შეხვდა ანკარაში და ამერიკულმა მხარემ ხაზი გაუსვა ევროპული ქვეყნების მიერ რუსული საფრთხისგან საკუთარი თავდაცვის სერიოზულად აღქმის აუცილებლობას და თავდაცვაზე მეტი რესურსის გამოყოფას. „ესტონეთი ამას ნამდვილად აკეთებს“, – თქვა მიხალმა.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით განაცხადა, რომ აუცილებელია გაგრძელდეს ზეწოლა რუსეთზე.
„ახლა, ამ ზამთრის პირას, პუტინის გადაწყვეტილებით ელექტროენერგიისა და გათბობის ინფრასტრუქტურა იბომბება და ნადგურდება. ისინი ქალებსა და ბავშვებს კლავენ.
რა სიტყვებით შეუძლიათ ევროპელ ლიდერებს აღწერონ ის, რაც ხდება? ყველა სიტყვა ზედმეტად რბილია.
ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია ამის დაშვება და მე ნამდვილად არ ვაპირებ რუსეთის მიმართ ტონის შერბილებას ან დუმილს.
კიდევ ვინ, თუ არა ესტონეთის ლიდერებმა – პრემიერ-მინისტრმა საჯარო გამოსვლებში თუ პირად საუბრებში, ესტონეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებმა სხვადასხვა გამოსვლებსა და საუბრებში – უნდა ისაუბრონ პირდაპირ იმაზე, თუ რას აკეთებს რუსეთი? როგორც ჯონ მაკკეინმა ერთხელ თქვა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რუსეთი არის ბენზინგასამართი სადგური, რომელიც თავს ქვეყნად ასაღებს და დღეს მას დიქტატორი მართავს, რომელიც ქალებსა და ბავშვებს კლავს. და, ჩემი აზრით, ნებისმიერი სიტყვა ძალიან რბილია ამის აღსაწერად“, – დასძინა ესტონეთის პრემიერმა.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ჯამში 300 000 ლარი გადაუხადა ბიუჯეტიდან კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ გამარჯვებულებს, დაჯილდოების ცერემონია კი უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა.
შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიის – „გამომყევი აჭარაში“ გამარჯვებულები ბათუმში 30 ოქტომბერს გამოავლინეს.
პირველი ადგილი გუგა გიორგობიანმა აიღო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, მის მიერ აჭარაში მოგზაურობისას გამოქვეყნებული კონტენტის წვდომამ 162 812 845 შეადგინა.
მეორე ადგილზე ბათუმელი ხვიჩა ასამბაძე გავიდა, რომლის მიერ გამოქვეყნებულმა კონტენტმა სოციალურ ქსელებში 104 637 525 წვდომა დააგროვა.
მესამე ადგილი ნიკა გელაშვილმა ( 92 405 981 წვდომა), ხოლო მეოთხე ადგილი ჯაბა გოგიტიძემ (66 594 579 წვდომა) დაიკავეს.
საპრიზო თანხა ასე გადანაწილდა [გადასახადების ჩათვლით]:
1 ადგილი – 150 000 ლარი.
2 ადგილი – 70 000 ლარი;
3 ადგილი – 50 000 ლარი;
4 ადგილი – 30 000 ლარი.
რაც შეეხება სხვა ფულად პრიზებს, დეპარტამენტში განმარტეს, რომ სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები კერძო კომპანიებმა დააჯილდოვეს.
ჯამში, კამპანიისთვის ბიუჯეტიდან 440 789 ლარი დაიხარჯა. ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ინდმეწარმე ნანა გორგილაძესთან გააფორმა.
კამპანიის – „გამომყევი აჭარაში“ დაჯილდოების ცერემონია ბათუმში 30 ოქტომბერს რესტორან „G17“-ში გაიმართა, რომელიც უკანონოდ მუშაობს. რესტორანი ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილს ეკუთვნის.
კამპანიის პრეზენტაციისა და დაჯილდოების ღონისძიების ორგანიზებისთვის, ხელშეკრულების თანახმად, 48 ათასი ლარი დაიხარჯა.
რესტორანმა „G17“-მა წელს ჯერ კიდევ 2024 წელს ვადაგასული საიჯარო ხელშეკრულებით გააგრძელა მუშაობა, მაშინ, როცა იმავე მიზეზით ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ბულვარში ათობით კომერციული ობიექტი დაანგრია. სწორედ ამ რესტორანში გაიმართა წელს, ზაფხულში, ედნარ პაპუნაიშვილის შვილის ქორწილი. ბიზნესმენის შვილის მეჯვარე ბერა ივანიშვილი იყო.
კამპანია „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლიდან ტარდება და დეპარტამენტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ეს პროექტი დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს, თამარ ლომიძეს უკავშირდება, რომელიც 2024 წელს სამსახურიდან გაათავისუფლეს საჯაროდ გამოხატული პროევროპული პოზიციისთვის.
2024 წელს თამარ ლომინაძის დათხოვნის ოფიციალურ მიზეზად ტურიზმის დეპარტამენტმა შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვა დაასახელა, თუმცა ფაქტი სახალხო დამცველმა შეისწავლა და დაადგინა, რომ თამარ ლომაძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, სავარაუდოდ, სწორედ კრიტიკული პოზიციის საჯაროდ გამოხატვას უკავშირდება.
_____________
ფოტოზე: დაჯილდოების ცერემონია. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თორმეტი წლის ასაკს მიღწეული ბავშვის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სექსუალური ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა.
პოლიციამ ძებნილი პირი ბათუმში დააკავა.
„დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – წერს შსს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 588 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 670. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 450 ერთეული [+0]
ჯავშანტექნიკა – 25 620 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 51 739 ერთეული [+19]
MLRS – 2 247 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 730 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 452 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 590 661 ერთეული [+1 663]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 3 045 ერთეული [+6]
გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 168 480 ერთეული [+206]
სპეცტექნიკა – 4 860 ერთეული [+0]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 140 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
დღეს, 30 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის გაუქმების საქმის განხილვა გაგრძელდა. თავდაპირველად მოხსენება გიორგი სიორიძემ დაასრულა – „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შემდეგ კი, სასამართლოს თავისი პოზიცია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ გააცნო.
სხდომაზე ორივეს დაუპირისპირდა „ოცნების“ პარლამენტარი, არჩილ გორდულაძე.
„სიტყვას როგორ ახსენებთ მართლმადიდებელ ეკლესიაზე? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თურმე უსმენს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს. ეს არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია,“ – ამ განცხადებით დღევანდელ სხდომაზე მოხსენება შეაწყვეტინა გიორგი სიორიძეს „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ.
მანამდე გიორგი სიორიძემ სუს-ის 2024 წლის ანგარიშიდან წაიკითხა კონკრეტული ჩანაწერი, სადაც საუბარია „ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსიფიკაციის პოლიტიკის საფრთხეზე“.
„ოცნების“ შეფასებით, ოპოზიცია რუსეთის გაღიზიანებას ცდილობს, როცა სუს-ის ანგარიშიც კი, პირდაპირ მიუთითებს რუსეთისგან მომავალ საფრთხეზე:
„მართლა გგონიათ, რომ რუსეთის გრუ-ს სძინავს და სუს-ის საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტს ვერ კითხულობს?… ამ საკითხებით უნდა იყოს კიდეც სუსი დაინტერესებული, ნაცვლად სასულიერო პირების, „ოცნების“ ოპონენტების და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების პირადი ცხოვრების უკანონო თვალთვალისა,“ – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
„ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები… დაანებოს თავი ამ ტყუილების გამეორებას,“ – ამ ნაწილში შეაწყვეტინა გამოსვლა გიორგი სიორიძეს არჩილ გორდულაძემ. მან თქვა, ტყუილია, რომ სუს-ი სასულიერო პირებს უსმენსო.
„გაღიზიანებას ვერ ვატყობ. ამ მითითებას არ იზიარებს სასამართლო,“ – თქვა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ, თუმცა მაინც არჩია „ოცნების“ რეპლიკა გაეთვალისწინებინა და გიორგი სიორიძეს მიმართა:
„რაც შეეხება ბრალდებებს, ბატონო გიორგი, შეეცადეთ იყო კორექტული. ამა თუ იმ ფაქტზე თქვენი შეფასებებისგან შეიკავეთ თავი. რაც არ არის კონკრეტული გადაწყვეტილებებით დადასტურებული, ასეთი მითითებებისგან თავი შეიკავეთ,“ – აღნიშნა რევაზ ნადარაიამ.
„გადაწყვეტილებებში“ მან სასამართლოს გადაწყვეტილებები იგულისხმა, თუმცა როგორ იარსებებს სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ გამოძიება, მაგალითად, გასაჯაროებულ „სუს-ის ფაილებს“ არ გამოიძიებს?
აღსანიშნავია, რომ თავის დროზე „სუს-ის ფაილების საქმეზე“ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ და „ოცნების“ დამფუძნებელმა, მანანა კობახიძემაც ისაუბრა. კერძოდ, მოსამართლე მანანა კობახიძემ სუს-ის კრებსებში მოხვედრის შემდეგ საგამოძიებო უწყებას 2022 წელს მიმართა და დაზარალებულის სტატუსი მოითხოვა. კობახიძე პროკურატურაში გამოიკითხა. „დაკითხული ვარ პროკურატურაში, დიახ. ჩემი ინიციატივით მივმართე [საგამოძიებო უწყებას] და, რამდენადაც მახსოვს, დაზარალებულის სტატუსი მოვითხოვე“, — განაცხადა მანანა კობახიძემ 2022 წელს. სავარაუდოდ, სუს-იდან 2021 წელს გაჟონილ ფაილებში მანანა კობახიძისა და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის საუბრები მოხვდა პრეზერვატივების კომპანია „აიისას“ სარჩელთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობდა.
„ეს იყო საჯაროდ გავრცელებული ფაქტები, რაზეც სასულიერო პირებიც საუბრობდნენ. კრებსები არაერთხელ გამოსულა. ეს მართლა ხდებოდა,“ – მოსამართლე რევაზ ნადარაიას მიმართა გიორგი სიორიძემ.
„ისეთ რაღაცაზე ვსაუბრობთ, რაც თემას არ ეხება,“ – დისკუსია დაასრულა რევაზ ნადარაიამ.
შესვენების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნასთან ბერდია სიჭინავა მივიდა, პარტიის – „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი.
2019 წელს, როცა შს მინისტრი გიორგი გახარია იყო, საოკუპაციო ზოლთან მიმდებარე სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგო მოეწყო. „ოცნება“ ახლა აცხადებს, რომ საგუშაგოს მოწყობის შესახებ გახარიამ ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რამაც საოკუპაციო რეჟიმი გააღიზიანა და მცოცავი ოკუპაციის შედეგად საქართველომ დამატებით ტერიტორიაზე დაკარგა კონტროლი.
ბერდია სიჭინავას თქმით, საგუშაგოს შექმნით, პირიქით, სოფელი ჩორჩანა ოკუპაციას გადარჩა:
„…საგუშაგოს მოწყობამდე იყო მცოცავი ოკუპაციის დამადასტურებელი ნიშნები. ამას ადასტურებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ევროკავშირის მისიამ ბორდერიზაციის შემდგომ გაჩენილ ახალ ნიშნებზე ისაუბრა… იქ დაფიქსირდა ახალი მონიშვნები, არსებული მავთულხლართები გადმოწიეს და მათ კონტროლქვეშ მოაქციეს წყლის სათავე ნაგებობა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გეგმავდნენ დამატებით 1800 ჰექტარზე შემოსვლას და ჩორჩანას თავიდან ბოლომდე ოკუპაციას, მაგრამ მშვიდობიანად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად ამას გადავურჩით… შემდგომი ოკუპაცია შეჩერდა ამ ტერიტორიის,“ – თქვა ბერდია სიჭინავამ და მერე მოსამართლეებს გიორგი გახარიას ბრალდების ფორმულირება გააცნო: ისე მიიღო გადაწყვეტილება გახარიამ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაურეკეს სუს-ს და იქიდან გაიგო სუსმაო.
ბერდია სიჭინავამ მოვლენების ქრონოლოგიას გაუსვა ხაზი – ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობის შემდეგ „ოცნებამ“ გიორგი გახარია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჯერ საარჩევნო სიის პირველ ნომრად ჩაწერა, შემდეგ კი, მის გაპრემიერებას დაუჭირა მხარი.
„გახარიას მაშინ არ გამიჯვნია არც ივანიშვილი და არც მისი გუნდი. გახსოვთ ივანიშვილი რას ამბობდა? „რას ერჩით გახარიას, რატომ უნდა გადადგესო?“ – „ოცნების“ დეპუტატებს გადახედა ბერდია სიჭინავამ და დასძინა, გახარიამ რომ ოპოზიციაში გადავიდა, მერე გახდა თურმე ქვეყნის დამაქცევარიო.
ივანიშვილის ფრაზის გახსენებაზე დარბაზში ჩაიცინეს. სხდომას დღეს „გახარია საქართველოს“ ბევრი მხარდამჭერი ესწრებოდა.
„ოცნების“ სარჩელის მიხედვით, გიორგი გახარიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება – ჩორჩანაში საგუშაგო მოეწყოთ, მიმართული იყო ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ:
„მაგრამ ამ მუხლით არ აქვს წარდგენილი ბრალი გახარიას. მას ედავებიან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას…
გახარიამ დადო ვინმესთან ხელშეკრულება, შეცვალა სახელმწიფო ტერიტორიის საზღვარი? რა განზრახვა ამოძრავებდა გახარიას?“ – ისევ „ოცნების“ დეპუტატებს გამოხედა ბერდია სიჭინავამ.
„პროკურატურა ამ დანაშაულს გახარიას ვერ ედავება [ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა] და პარტია რატომ არ ემიჯნებაო… ჩორჩანა არ არის მხოლოდ პარტიის საკითხი. ეს არის ეროვნული ინტერესების საკითხი. საოკუპაციო ხაზს აქეთ, კონტროლირებად ტერიტორიაზე საგუშაგოს მოწყობა თურმე არის დანაშაული, რადგან ამან ვიღაცის გაღიზიანება არ გამოიწვიოს“ – თქვა მან.
გახარიას წინააღმდეგ „ოცნებას“ კიდევ ერთი საქმე აქვს – „20 ივნისი“.
ამ ნაწილში „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა დასაწყისშივე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე გააკეთა აქცენტი, რომლის მიხედვითაც, 20 ივნისის აქციის დაშლის დროს რეზინის ტყვიების გამოყენებაზე შს მინისტრს, ანუ გახარიას და მის მოადგილეებს, ბრძანება არ გაუციათ.
„გახარიას ედავებიან აქციაზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას. ეს მეორე სისხლის სამართლის საქმეა გახარიას წინააღმდეგ,“ – თქვა ბერდია სიჭინავამ და ხაზი გაუსვა იმას, რომ 121-ტომიან საქმეს მხოლოდ 40 ფურცელი დაემატა ამ საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
„ჩემკენ მითითებას თავი დაანებეთ,“ – გაღიზიანება დაეტყო არჩილ გორდულაძეს და ფეხზე წამოდგა – „ევროსასამართლომ ის ჩაწერა, რომ სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს დამნაშავე პირების მიერ ჩადენილ ქმედებები….“
„რომელი კანონის, რომელი მუხლის საფუძველზე წამოხტით და მეუბნებით ამას? …ქალთან ქცევა თქვენ არ იცით, კაცთან, პარლამენტში და ეკლესიაში…“ – შეეპასუხა მას ბერდია სიჭინავა.
„ზრდილობას მოუხმეთ, თავი დაიწყნარეთ,“ – წამოიძახა ამჯერად არჩილ გორდულაძემ.
ბერდია სიჭინავამ დასძინა, რომ პარტიას გახარიასთან გამიჯვნას სთხოვენ 20 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო, მაგრამ ამ დროს ჯერ განაჩენი სასამართლოს არ გამოუტანია, შესაბამისად, გახარია დამნაშავედ არავის მიუჩნევია „20 ივნისის საქმეზე“:
„თავად „ოცნება“ როდის გაემიჯნა გახარიას 20 ივნისის გამო? 2025 წელს, როცა გახარიას ბრალი წარუდგინეს?“ – ირონია დაეტყო ბერდია სიჭინავას.
გახარიას წინააღმდეგ „ოცნების“ მორიგი კონსტიტუციური ბრალდება პრემიერის პოსტის დატოვებაა. „ოცნების“ მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება გახარიამ ენმ-თან თანამშრომლობის გამო მიიღო:
„გადატრიალება და დამხობა თუ უნდოდა გახარიას, რასაც „ოცნება“ გვაბრალებს, თანამდებობიდან რატომ გადადგებოდა მაშინ? თანამდებობიდან გადადგომა არის კონსტიტუციით განსაზღვრული ქმედება და ამას ასაღებენ კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვად,“ – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.
„ოცნების“ სარჩელის მიხედვით, საეჭვო იყო ის ამბავიც, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სადაც ოპოზიციამ ჯამურად არჩევნები „ოცნებას“ მოუგო, გახარიას პარტიამ და ენმ-ს წარმომადგენლებმა ერთმანეთის კანდიდატებს დაუჭირეს მხარი:
„ასე ბიუჯეტს ჩვენც ვუჭერთ მხარს საკრებულოებში, რომ კრიზისი არ შეიქმნას. რა გამოდის: „ოცნებასთან“ კოალიციაში ვართ?“ – მიმართა სიჭინავამ პლენუმს.
ბერდია სიჭინავას თქმით, 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილი „წინააღმდეგობის პლატფორმაც“ არ ნიშნავდა იმას, რომ „ყველა ერთ აზრზეა“. ამის დასტურად სიჭინავამ საპარლამენტო, საგამოძიებო კომისიაზე გახარიას დასწრება დაასახელა – მაშინ, გახარიასგან განსხვავებით, წინააღმდეგობის მონაწილე სხვა პარტიებმა ჩათვალეს, რომ ე.წ. წულუკიანის კომისიაზე არ უნდა გამოცხადებულიყვნენ.
„ეს პლატფორმა იყო საჭირო იყო კოორდინაციისთვის… ამ დროს ადამიანებს სვამდნენ მიკროავტობუსებში, სცემდნენ, „მარადიორობდნენ“, ოქროს ნივთებს ართმევდნენ, კონკრეტული ისტორიებია… ჟურნალისტებს როგორ უსწორდებოდნენ ფიზიკურად, ყველამ ვნახეთ,“ – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.
„მაინც ყველაზე დიდი ფეიკი ამ სარჩელში არის ჩვენი პარტიის 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირება… 4 ოქტომბრის გამართვამდე ჰქონდა ინტერვიუ გახარიას, რაც მტკიცებულების სახით წარმოგიდგინეთ. იმ ინტერვიუში გახარია ამ აქციას „ოცნების“ და სუს-ის სპეციალურ ღონისძიებას, ავანტიურას უწოდებდა. მაშინ ირაკლი კობახიძეც ამბობდა: ოპოზიციას სიურპრიზს ვუმზადებთო, ანუ იყო ამის ნიშნები,“ – დასძინა ბერდია სიჭინავამ.
გახარიას პარტიის წარმომადგენლის მოხსენების მოსმენით „ოპოზიციის გაუქმების საქმეზე“ საკონსტიტუციო სასამართლოში ახსნა-განმარტების ეტაპი დასრულდა.
9 ნოემბრიდან მხარეები უკვე ერთმანეთს დაუსვამენ შეკითხვებს.
„ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის, გია ბიწაძის მეუღლის, მედეა ბოჭორიშვილის კომპანიას ბათუმში, თამარის დასახლებაში უკვე დამტკიცებული სამშენებლო პროექტის ფარგლებში კ2 კოეფიციენტის გაზრდისთვის დაწესებული ნამატი ფართობის 10 პროცენტის მერიისთვის გადაცემა არ სურს. შპს „სიფერლიმ“ მერიას სანაცვლოდ თანხის გადახდა შესთავაზა. ამას კანონიც უშვებს.
მედეა ბოჭორიშვილის კომპანიამ – შპს „სიფერლიმ“ და მერმა, გიორგი ცინცაძემ შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გააფორმეს და კომპანიამ 1კვ.მეტრში 890 დოლარი გადაიხადა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმში, ზღვის სანაპიროზე კი არა, გარეუბნებშიც კი, დიდი ხანია ამ ფასად შავ კარკასსაც ვეღარ იყიდი, არათუ თეთრ კარკასს. ეს მერიამაც კარგად იცის და მედეა ბოჭორიშვილმაც.
ვინ დარჩა ამ გარიგებით მოგებული – კომპანია თუ მუნიციპალიტეტი?
ბათუმის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად [რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე სამშენებლო კოდექსებს და სხვა მთელ რიგ კანონებს ეყრდნობა], ასეთი შეთავაზების შემთხვევაში სამშენებლო კომპანიამ გადასაცემი ფართობის, თითოეული კვადრატული მეტრის ფასი, საბაზრო ღირებულებით, ბიუჯეტში სამშენებლო ნებართვის მიღებამდე უნდა გადაიხადოს.
ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ და მედეა ბოჭორიშვილის კომპანიამ შპს „სიფერლიმ“ გააფორმეს, საუბარია თამარის დასახლებაში დაგეგმილ პროექტზე. უკვე დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, კომპანია სანაპიროზე, ზღვის, ქალაქისა და მთის ხედებით 3 ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს.
მონიშნულია მიწის ნაკვეთი, სადაც შპს „სიფერლი“ სამი 60-სართულიანი ცათამბჯენის აშენებას გეგმავს
ხელშეკრულების თანახმად, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდა, კომპანიას პროექტის კ2 კოეფიციენტის გაზრდის სანაცვლოდ მუნიციპალიტეტისთვის ნამატი ფართობის 10 პროცენტი უნდა გადაეცა.
თუმცა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ამ ბინებს მერიას არ გადასცემს და ბიუჯეტში გადაიხდის შესაბამის ღირებულებას. ასეთ შემთხვევაში, ბათუმის საკრებულოს დადგენილების თანახმად, საცხოვრებელი ბინების ფასი დაითვლება არა შავი, არამედ თეთრი კარკასის ღირებულებით, ოღონდ საანგარიშო ფართობის არა 10, არამედ 4 პროცენტიდან.
თითოეული კვადრატული მეტრის საბაზრო ღირებულება კი განისაზღვრება უფლებამოსილი პირის აუდიტორული ან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.
ბათუმის მერისა და მედეა ბოჭორიშვილის კომპანიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, შპს „სიფერლიმ“ მერიას წარუდგინა შპს „KPMG“-ს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, 1 კვ.მეტრი თეთრი კარკასის ღირებულება 890 აშშ დოლარია.
შეთანხმებული არქიტექტორული პროექტის კოეფიციენტის გაზრდით მიღებული ნამატი ფართობი კი 31 090,31 კვ.მეტრია, რომლის 4 პროცენტიც არის 1243.62 კვ.მეტრი. შესაბამისად, კომპანიამ ბიუჯეტში 1 მილიონ 106 821,8 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი გადაიხადა.
დოკუმენტის თანახმად, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, კომპანიას ბიუჯეტში გადახდილი აქვს 2 მილიონ 921 234. 78 ლარი.
თუმცა, ბათუმში, ზღვის სანაპიროზე, ერთი კვ.მეტრი ბინის ფასი 890 დოლარი დიდი ხანია აღარ არის. ეს მერიამაც კარგად იცის და მედეა ბოჭორიშვილმაც.
ამის დასადასტურებლად შორს რომ არ წავიდეთ, თავად „ალიანს ჯგუფის“ და მისი შვილობილი კომპანიების პროექტების ფასებიც კმარა, რაც კომპანიისავე ვებგვერდზეა გამოქვეყნებული: ზღვასთან ახლოს, ერთი კვ.მეტრის ფასი მაღალ სართულებზე 3000 დოლარს აღემატება, როგორც ბათუმში, ასევე ქობულეთში. დაბალ სართულებზე კი, მაგალითად, ქობულეთში 1800 დოლარიდან იწყება და იზრდება.
ბათუმში დაახლოებით 3 ათასამდე ოჯახია, ვინც მერიისგან შეღავათიან ფასად ბინის მიღებას ითხოვს. თუმცა, უცნობია, კ2 კოეფიციენტის გაცემის სანაცვლოდ მერიამ თავის საბინაო ფონდში რამდენი ბინა მიიღო ან ვის გადასცემს ამ ბინებს. უკვე მესამე წელია მერიას არც იაფი სახლის მშენებლობა დაუწყია. ჯერჯერობით მერიას ტენდერი არც ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ჩამორთმეული კორპუსების საცხოვრებლად გადაკეთებაზე გამოუცხადებია.
შპს „სიფერლისთან“ დადებული გარიგების შესახებ „ბათუმელები“ მერიისგან დამატებითი ინფორმაციის მიღებას ცდილობს, პასუხის მიღების შემთხვევაში კომენტარს აქვე გამოვაქვეყნებთ.
___
„ალიანს ჯგუფის“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების დირექტორები და პარტნიორები „ოცნების“ მხარდამჭერები და შემწირველები არიან. „ოცნების“ აქტიური შემწირველია გია ბიწაძის შვილი თემურ ბიწაძე.
სამშენებლო კომპანია „ალიანსის“ დამფუძნებლის შვილმა „ოცნებას“ 2026 წლის მარტში 60 000 ლარი შესწირა, ნანა ბიწაძემ კი – 15 000 ლარი. საერთო ჯამში, თემურ ბიწაძის შენატანი „ოცნების“ ანგარიშზე 205 000 ლარია, ნანა ბიწაძის შენატანი კი – 25 000 ლარი.
„ალიანის“ ბიზნესპარტნიორმა ბესიკ ჟღენტმა „ოცნებას“ 2026 წლის მარტში 60 000 ლარი შესწირა, სულ მისი შენატანი „ოცნების“ ანგარიშზე 300 000-ზე მეტი ლარია.
„პოლიტიკა ვერ გაიმიჯნება განათლების სისტემისგან და ვერც საჯარო სკოლისგან. ჩვენ კი იმდენჯერ გავემიჯნეთ, რომ ბოლოს მარტონი დავრჩებით და როცა შველა დაგვჭირდება, არავინ მოვა საშველად. ვერანაირი ჯილდო ვერ გახდება იმის საპირწონე, რომ პირში წყალი ჩავიგუბოთ“, – ამბობს ქიმიის, ფიზიკისა და მედიაწიგნიერების მასწავლებელი ალექსანდრე ბახტაძე.
„ბათუმელები“ ქართულ-ამერიკული სკოლის მასწავლებელს სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებასა და მასწავლებლის როლზე ესაუბრა.
ბატონო ალექსანდრე, წლებია გვესმის, რომ სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება ვერ ხერხდება სრულყოფილად, რადგან საჯარო სკოლები არ არის აღჭურვილი ლაბორატორიებით. როგორ უყურებთ ამ მეცნიერებების განვითარებას საქართველოში, მომავალში?
ძალიან ვრცელი და კომპლექსური საკითხია, მაგრამ თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს, მაგალითად, ქიმია ან ბიოლოგია სკოლაში, საზოგადოებას ამაზე ემპირიული შეხედულება აქვს მაინც. ჰგონიათ, რომ მათ შესასწავლად გაკვეთილზე აუცილებლად უნდა ჩატარდეს ცდა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქიმია კლასიკური მეცნიერებაა და რაღაც ეტაპზე მისი სწავლება არ უნდა გადაიქცეს შოუდ. ამას ყოველთვის ვეწინააღმდეგები.
ექსპერიმენტი შოუა?
იმ გაგებით, რა გაგებითაც ითხოვს საზოგადოება, დიახ. თუ ამ ექსპერიმენტის მიღმა მოსწავლე ვერ ხედავს ცდის რეალურ არსს, მაშინ ეს არის დროის და რესურსების ფუჭი ხარჯვა.
ჩვენთან კი, სამწუხაროდ, მოსწავლე ექსპერიმენტის არსს ვერ ხედავს. ეს არის რამდენიმეწუთიანი სანახაობის ელემენტი და იმის იქით ვერ მივდივართ. რეალური ინდექსი, რითაც მოსწავლეთა შედეგი იზომება, სამწუხაროდ არ გვაქვს. განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, რადგან დასავლეთ საქართველოდან 15 წელზე მეტია არავინ ყოფილა, მაგალითად, საქართველოს ქიმიის ეროვნულ ნაკრებში.
რატომ, რა არის მიზეზი?
მიზეზი არის ის, რომ მასწავლებლები ცდებს არ აჩვენებენ. რეაქტივები ძალიან ძვირი ღირს, საჯარო სკოლებს კი ამის ფინანსური რესურსი არ აქვთ. ძალიან ბევრ საჯარო სკოლას არ შეუძლია ქიმიის ლაბორატორიისთვის ჭურჭელი, რეაქტივი, უსაფრთხოების ელემენტარული ინვენტარი შეიძინოს.
ვთქვათ, შეიძინა სკოლამ ეს ინვენტარი, არიან მასწავლებლები, რომლებსაც არ აქვთ ქიმიის სწავლების პრაქტიკული გამოცდილება ლაბორატორიაში. ჯერ ამ ხალხს უნდა ვასწავლოთ, როგორ იგეგმება ქიმიის სწავლება პრაქტიკული მიმართულებით, ანუ როგორ ტარდება ექსპერიმენტი, რომელიც არ არის შიშველი სანახაობა, მას აქვს თავისი სერიოზული და ძალიან რთული, რუტინული თეორიული ასპექტი, რაზეც რატომღაც არასდროს საუბრობენ.
ექსპერიმენტის ჩატარება ძალიან რთულია, ბევრად უფრო რთული, ვიდრე თეორიული ამბების გავლა, რადგან ექსპერიმენტს აქვს ცდის ოქმი, რომლის შევსება ძალიან რუტინულია და შრომატევადი. მოითხოვს ძალიან დიდ ცოდნას და ამ რუტინული შრომისთვის არც სკოლაა მზად, არც მასწავლებელი და არც მოსწავლე.
თუ გვინდა, რომ რაღაცას დავასხათ რაღაც და ფერი შეიცვალოს, ამით მოვიხიბლოთ და ნახევარ საათში ეს დაგვავიწყდეს, არის შოუ. თუ გვინდა მეცნიერების რეალურად სწავლა, როგორც ტარდება სტანდარტიზებულ მიმართულებებზე, არის ის, რასაც მე გეუბნებით.
ისე არ მინდა ვინმემ გაიგოს, რომ სკოლებში ცდების ჩატარების წინააღმდეგი ვარ, მინდა, რომ სწორად გააკეთონ და მიზნობრიობა ჰქონდეს ამას და ეს არ იყოს რესურსების უმიზნოდ ხარჯვა.
რეაქტივები ძალიან ძვირია. მაგალითად 1 კილოგრამი ვერცხლის ნიტრატი რომ იყიდოს სკოლამ, 10 000 ლარი უნდა გადაიხადოს. აბა მითხარით საჯარო სკოლა, რომელიც ამას შეძლებს.
ვთქვათ, შევიძინეთ სისტემები, ეს ძვირადღირებული რეაგენტებიც, ამას სჭირდება სპეციალური შემნახავი სისტემები, მჟავათა და ტუტეთა შემნახველი კარადები – ვენტილაცია უნდა ხდებოდეს, რადგან ლაბორატორიასა და საცავში მოსწავლეები შემოდიან, მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზეც უნდა ვიფიქროთ. ზოგიერთი მოსწავლე ალერგიულია. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია, რადგან რაიმე რომ მოხდეს, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას?
ამ რეაქტივების შემნახავი სისტემები გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე რეაქტივები. ამას სჭირდება თავისი დაერთების სისტემები ელექტროენერგიაზე, გამწოვებით, გადატიხვრებით და ეს ყველაფერი დამატებითი ხარჯია.
გამოდის, სკოლები ამ ყველაფრისთვის დღეს მზად არ არის?
საჯარო სკოლები არ არის მზად – შენობა არ არის ადაპტირებული, სპეციალისტები არ გვყავს, ვინც ამას დააერთებს, ქიმიის მასწავლებლის ან ქიმიკოსის ზოგადი პროფილი არ ეყოფა ამას, კომპანია სჭირდება, რომელსაც შევუკვეთავთ, მას მოჰყვება სპეციალისტი, რომელიც მოაგვარებს ასეთ საკითხებს.
მაგალითად, „ქართულ-ამერიკულ“ სკოლაში მე მაქვს ლაბორატორია, სადაც ჩვეულებრივად გაკეთდება სამაგისტრო კვლევა.
რადგან ქოუჩი ვიყავი და მასწავლებლებს ვატრენინგები, აქ ვატარებდი ვორქშოფებს, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ აზრი არ აქვს ამას, რადგან ეს ხალხი თავიანთ სკოლებში ვერ გამოიყენებენ ამ ცოდნას.
სახელმწიფოს თუ უნდა, რომ ეს მიმართულებები გააძლიეროს, უნდა დაიწყოს შენობების ადაპტირება, სპეციალისტები უნდა გაზარდოს და შეეშვას ათასი სისულელის კეთებას. მაგალითად, ისეთის, როგორიცაა ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლისთვის და ასე შემდეგ.
ამაში ამდენი ფულის ხარჯვა წარმოუდგენელია და მე თუ მკითხავთ, საერთოდ არ არის წიგნი საჭირო, თვითონ სპეციალისტმა უნდა აკინძოს თავისი კურიკულუმი ეროვნული სტანდარტის მიხედვით.
ეს არ გამოიწვევს ქაოსს?
ჩვენ არავინ გვავალდებულებს, რომ მხოლოდ ერთი წიგნით ვიხელმძღვანელოთ. 11 წელია მასწავლებელი ვარ და სახელმძღვანელოს საერთოდ არ მივყვები, მაქვს ეროვნული სასწავლო გეგმა და ვიცი, რა შედეგზე უნდა გავიდე.
რატომ გადაწყვიტეს სამინისტროში, რომ ჩემზე უფრო კომპეტენტურები არიან. მე უნდა განვსაზღვრო, რა უნდა ვასწავლო და როგორ.
ბოლო წლებში ახალი სკოლები ხომ ააშენეს, არც ამ სკოლებშია ის სტანდარტი, რაზეც თქვენ საუბრობთ, თუ გინახავთ რომელიმე სკოლაში ისეთი ლაბორატორიები, რაც თქვენს სკოლაშია?
ჩვენი ქალაქის მაგალითზე ასეთ სკოლას ვერ დაგისახელებთ. ფოთის N1 საჯარო სკოლას აქვს არაჩვეულებრივი ლაბორატორია, მაგრამ ეს არ არის ახლანდელი სახელმწიფოს დამსახურება.
ეს არის ძალიან ადრე, 70 წლის წინ გაკეთებული ლაბორატორია, რომელიც შეინარჩუნეს ამ ადამიანებმა. ძალიან სერიოზული ლაბორატორიაა და მეორე მახსენდება საჩხერის ერთ-ერთი საჯარო სკოლა, სადაც ელისო აბრამიშვილია ქიმიის მასწავლებელი, მაგრამ მას აქვს საერთაშორისო გრანტი.
ბათუმს რაც შეეხება, ჩვენს სკოლებში კეთდება მინიმალური ცდები, მხოლოდ ვიდეორესურსებით. ცუდი მასწავლებლები არ გვყავს, მაგრამ სტანდარტი რასაც მოითხოვს, ასეთი სივრცე არ არსებობს.
განათლების რეფორმა იმ მოტივით ხომ დაიწყეს, რომ მეცნიერება გვინდა განვავითაროთ და პროფესიული სწავლება უნდა გავხადოთ პრიორიტეტულიო, ხედავთ ამ მიმართულებით რაიმე სწორ ნაბიჯებს?
მოსწავლის მოტივაციას არც ადრე ქმნიდა განათლების სისტემა და არც ახლა. მარტო მოტივაციაზე თუ ვსაუბრობთ, ქიმია მე-7 კლასიდან იწყება და მაშინ შეიძლება მოტივაციის ამაღლება, მაგრამ თუ სერიოზულ სამეცნიერო ხედვაზე ვლაპარაკობთ, მაშინ საერთოდ პროგრამებია შესაცვლელი.
2024 წელს, სანამ მე-12 კლასის გაუქმებაზე დაიწყებოდა საუბარი, ჩვენ სხვა სტანდარტზე ვმუშაობდით. მე დიდი ხანია ვარ გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ქიმიის ექსპერტი და ვმუშაობდი სტანდარტზე, თუ რის მიხედვით უნდა მიგვენიჭებინა სკოლებისთვის ავტორიზაცია და როგორ უნდა გვესწავლებინა სკოლებში ქიმია.
ეს იყო ძალიან კარგი სტანდარტი და არა იმიტომ, რომ მე ვიყავი სამუშაო ჯგუფში, იმიტომ, რომ ობიექტურად ძალიან კარგი იყო. მე-11, მე-12 კლასი მთლიანად იყო პროფილური, ფაქტობრივად, AP პროგრამებს უტოლდებოდა, საერთაშორისო ბაკალავრიატის დონის პროგრამები იყო და ითვალისწინებდა იმას, რომ მე-10 კლასის დასრულების შემდეგ, თუ მოსწავლე გადაწყვეტდა, რომ სწავლა უნდა გაეგრძელებინა უმაღლესში, უნდა ჩაებარებინა ეროვნული შეფასების გამოცდა. ანუ მოსწავლე ეროვნული შეფასების გამოცდას აბარებდა ქიმიაშიც, ფიზიკაშიც, მუსიკაშიც და ყველა საგანში.
მაგრამ როცა დაიწყო მე-12 კლასის გაუქმების კამპანია, ბუნებრივია, ეროვნული შეფასებაც ჩაიხსნა.
ეროვნული შეფასების ტესტის ავტორები რომ გადაემზადებინა, სახელმწიფომ დახარჯა ძალიან დიდი ფინანსები. ამერიკიდან ჩამოსული იყო ჯგუფი და ერთი თვის განმავლობაში, უწყვეტად გვიტარდებოდა ტრენინგები. ძალიან დიდ თანხებზეა აქ საუბარი და თუ სხვა რამეს აპირებდნენ, ამ თანხებს რატომ ხარჯავდნენ?
ჩემი აზრით, ის რომ დაენერგათ, რასაც ვაპირებდით, იქნებოდა საუკეთესო საგანმანათლებლო პროცესის საწყისი.
რასაც თქვენ ჰყვებით, ეს ძალიან ჰგავს დასავლური განათლების მოდელს. დღეს კი სხვა რამეს ვხედავთ.
ეს იყო რამდენიმე ევროპული მოდელის შეჯერებული ვარიანტი, რომელიც მორგებული იყო ქართულ რეალობაზე.
ეროვნული ტესტის ჩაბარების შემდეგ, მე-11 კლასში გადასული მოსწავლე ირჩევდა თავის პროფესიულ მიმართულებას – რისი სწავლაც უნდოდა უნივერსიტეტში და ჯდებოდა AP პროგრამაზე. ასეთ შემთხვევაში ყველა მოსწავლეს არ მოუწევდა მე-11 და მე-12 კლასში მათემატიკის გაძლიერებული დონით სწავლა, ყველა მოსწავლე ისწავლიდა იმ საგანს, რაც სჭირდებოდა მას უმაღლესი სწავლის გასაგრძელებლად.
ახლა კი მე-11, მე-12 კლასში გვიზის მოსწავლე, რომელიც აბარებს პირობითად დიზაინზე და კლასში უზის თანაკლასელი, რომელიც მათემატიკოსობას აპირებს. ეს ორი მოსწავლე მათემატიკას სწავლობს ერთი და იმავე სახელმძღვანელოთი. არის თუ არა ეს საგანმანათლებლო ნონსენსი?
ესეც ხომ რესურსების არასწორი ხარჯვა გამოდის სახელმწიფოს მხრიდან?
დიახ, ჩვენ აქამდე მივდივართ, რომ რესურსები ნაწილდება არასწორად.
ვთქვათ, სკოლას აქვს კარგი ლაბორატორია, მაგრამ ლაბორანტი გვყავს? – არ არსებობს სკოლებში ასეთი შტატი. მასწავლებელს, რომელსაც კვირის განმავლობაში უამრავი გაკვეთილი აქვს ჩასატარებელი, ახლა ლაბორატორიის დალაგების და ჭურჭლის რეცხვის ვალდებულებაც უნდა ავკიდოთ.
როგორც ვიცით, მომავალი წლიდან აპირებენ რეპეტიტორიუმის დანერგვას. აქ როგორ არის წარმოდგენილი ქიმიის სწავლება, თუ გაქვთ ინფორმაცია?
რეპეტიტორიუმი სისულელეა და გეტყვით რატომ. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიზანი არ არის მოსწავლის მომზადება ეროვნული გამოცდისთვის.
სკოლის ფუნქციაა, მოსწავლეს შესძინოს სხვადასხვა უნარი, რასაც გამოიყენებს ცხოვრებაში. ჩვენი ტიპის სკოლების სტრუქტურები ასეთია. რეპეტიტორიუმი გეუბნება პირდაპირ, რომ მოამზადებს მოსწავლეს კონკრეტული გამოცდისთვის და ამას ამბობს განათლების მინისტრი, რომელიც, როგორც ჩანს, ძალიან შორს არის საგანმანათლებლო სისტემიდან.
დატოვეს ისევ ზოგადსაგანმანათლებლო პროფილი და გვეუბნებიან რეპეტიტორიუმი უნდა იყოსო. ეს არის სისულელე. ამ სისტემის მთავარი დანაშაული არის ის, რომ არაფერს ცვლის განათლების სასიკეთოდ.
აწყობს აი ამ ქაოსში ჩახარშვა – ეს არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ განათლების სისტემაში დასაქმებული ადამიანები მართო და გამოიყენო ისინი ელექტრონულად.
მასწავლებლების 10-ათასლარიანი ჯილდოებიც ამას ემსახურება? – დასაჩუქრებული მასწავლებლების კრიტიკულ განწყობებს ვერ ვხედავთ.
მასწავლებლის მთავარი ფუნქცია არ არის მხოლოდ ის, რომ ქიმია ვასწავლო მოსწავლეს. პედაგოგის მთავარი ფუნქციაა თანამედროვეობასთან იყო მჭიდრო კავშირში. დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მოითხოვს ხალხის გვერდით დგომას და იმ პრობლემებზე საუბარს, რის წინაშეც დგას ჩვენი საზოგადოება.
შორს წასვლა არ გვინდა, ჩვენსავე სისტემაში, ჩვენსავე სკოლებში, ჩვენსავე უნივერსიტეტებში რა პრობლემებიც არის, ყველაფერს პოლიტიკა განსაზღვრავს.
პოლიტიკა ვერ გაიმიჯნება განათლების სისტემისგან და ვერც საჯარო სკოლისგან. ჩვენ კი იმდენჯერ გავემიჯნეთ, რომ ბოლოს მარტონი დავრჩებით და როცა შველა დაგვჭირდება, არავინ მოვა საშველად. ვერანაირი ჯილდო ვერ გახდება იმის საპირწონე, რომ პირში წყალი ჩავიგუბოთ.
დღეს ქვეყანაში აუქმებენ პოლიტიკურ პარტიებს, ათეულობით ადამიანი ციხეშია გამოხატვის თავისუფლების გამო, რეპრესიების ქვეშაა საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, თუმცა მესმის ფრაზები, რომ „მე ჩემს საქმეს გავაკეთებ“, „მთავარია, კარგი გაკვეთილი ჩავატარო“. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამაზე?
ამ პოზიციას ჰქვია საკუთარი პროფესიის არ ცოდნა. პედაგოგიკას ორი მნიშვნელოვანი განმარტება აქვს. პირველყოფილი განმარტება, ანუ როგორც კვინტილიანემ თქვა, პედაგოგიკის მთავარი არსი ის არის, აღზარდოს ყოველმხრივ განვითარებული მოქალაქე – ზნეობრივად, ფიზიკურად, სულიერად, მენტალურად შემდგარი მოქალაქე და მეორე, რომელიც იან ამოს კომენსკის ეკუთვნის, რომ სკოლა ვალდებულია აღზარდოს შრომითი ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი მოქალაქე.
როგორ გამოდის სკოლა პოლიტიკისგან დაცლილი? როცა პოლიტიკა განსაზღვრავს იმ გარემოს, სადაც ჩვენ უნდა გავუშვათ მოსწავლეები სწავლის დასრულების შემდეგ.
ამ გარემოსთვის მომზადებული თუ არ გავუშვი მოსწავლე, მაშინ ჩემი ამოცანა რა არის, ლექსები რომ იცოდეს დაზუთხულად და რაღაც განტოლება ამომიხსნას?
თუ მასწავლებელი ამბობს, რომ „მე კლასში ჩავიკეტები“, სულ რომ სოფოკლე და არისტოტელე იყოს, კაპიკია ამ გაკვეთილის ფასი, თუ რეალობასთან ბმას ვერ ხედავს. ეს არის პროფესიის ვერგააზრება. მოქალაქეობრივი პოზიციიდანაც ადამიანს ძალიან ბევრი ვალდებულება აქვს და არა მხოლოდ ის, რომ არჩევნებზე წავიდეს და ვინმე შემოხაზოს.
მე, უბრალოდ, არ მესმის, საქართველოში როგორ შეიძლება მასწავლებელი კმაყოფილი იყოს რომელიმე მთავრობის პოლიტიკით, როცა ეს პროფესია ყველაზე მეტად დაკნინებულია ფინანსური თვალსაზრისითაც.
შეადარეთ მასწავლებლის ანაზღაურება სამომხმარებლო კალათას – ენთუზიაზმი შეიძლება გეყოს რაღაც პერიოდი, მთელი ცხოვრება ვერ იმუშავებ ენთუზიაზმზე.
მერე ჩნდება საქმის გვერდზე გადადება, ეგრეთ წოდებული ხალტურა, მერე იჩენს თავს არაპროფესიონალიზმი. ჩემი აზრით, მასწავლებლის გამოცდები და ეს სქემაც ზუსტად ისეა შედგენილი, რომ საშინელი გავლენა მოახდინოს მასწავლებლის ფსიქოლოგიაზე. და ამის მერე, როგორ შეიძლება კმაყოფილი იყოს მასწავლებელი რომელიმე რეჟიმის.
რომელ ქიმიურ პროცესს შეადარებთ იმ სიტუაციას, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში ან განათლების სისტემაში?
ეს არ არის ქიმიური პროცესი, ეს არის რეაქცია ნივთიერებებს შორის, რომლებიც ერთმანეთთან ქიმიურად არ ურთიერთქმედებენ. ანუ ჩვენ გვაქვს სისტემაში უამრავი ნალექი, უამრავი უხსნადი ნივთიერება და შიგადაშიგ რაღაც აირებიც, რომლებიც სისტემას ტოვებენ ანუ მიდიან ციხეში, თორემ უმრავლეს შემთხვევაში, გვაქვს ერთმანეთში უხსნადი ნივთიერებები, არაერთგვაროვანი, ჰეტეროგენული ნარევი, რაც ნიშნავს კატასტროფულ სიტუაციას.
ცნობილი რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ აცხადებს, რომ გამოცემა დაიხურა. განცხადება ამის შესახებ გაზეთის სარედაქციო ჯგუფმა დღეს, 30 ოქტომბერს გაავრცელა.
„ნოვაია გაზეტა“, რომლის 6 ჟურნალისტი, მათ შორის ანა პოლიტკოვსკაია, მოკლეს სხვადასხვა წელს, აცხადებს, რომ გაზეთი მოკლა რუსეთის ხელისუფლებამ.
„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ „ნოვაია გაზეტას“ სარედაქციო წერილს.
„ჩვენ მოგვკლეს.
9 ნოემბერს შუქს ჩავაქრობთ სახლში, სადაც 30 წელი ვცხოვრობდით, სერვერებს გამოვრთავთ და წავალთ.
გაზეთი აღარ არსებობს. რუსეთის ხელისუფლებამ და რუსეთის სპეცსამსახურებმა რედაქციას საქმიანობის შეწყვეტა აიძულეს.
ქვეყანასთან და მის მოქალაქეებთან ერთად ოცდაათ წელზე მეტი ხნის ცხოვრება ჩვენთვის ქუჩაში დასრულდება, საარსებო წყაროს გარეშე, რეპრესიების მუდმივი საფრთხის ქვეშ.
ჩვენი სიცოცხლის წლები ბედნიერი იყო – შემოქმედებითი და იმედიანი, მკითხველებით, მეგობრებით, ტექსტებით, ფილმებით. ზოგჯერ ეს წლები სასოწარკვეთილად მწარე იყო.
მწარე, რადგან სწორედ ამ რეჟიმის მმართველობის დროს და არა განგსტერულ 1990-იან წლებში, პოლიტიკური მოტივებით, პროფესიული და სამოქალაქო მოვალეობის შესრულების გამო მოკლეს ჩვენი კოლეგები: იგორ დომნიკოვი, იური შჩეკოჩიხინი, ანა პოლიტკოვსკაია, სტას მარკელოვი, ანასტასია ბაბუროვა და ნატალია ესტემიროვა.
გამოსახლების წერილთან ერთად გაგვიუქმეს დონაციის სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევდა, ჩვენი მკითხველებისგან შემოწირულებები მიგვეღო. ანუ ყოველგვარი საარსებო წყარო წაგვართვეს. სრულად.
ეს კოორდინირებული ქმედებაა. ვერავის დაარწმუნებს ბანკების თავის მართლება, რომ ისინი შიდა კორპორაციული წესების საფუძველზე მოქმედებენ. ეს გარე წესებია, დადგენილი რეპრესიული სახელმწიფო აპარატის, „ეფესბეს“ თანამშრომლების მიერ, რომლებმაც ყველა ორგანიზაციაში შეაღწიეს. ისინი ქვეყანას თავის საკუთრებად თვლიან.
საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ჩვენ, ისევე როგორც სხვა ჟურნალისტებს, წაგვერთვა შესაძლებლობა გვესაუბრა ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი და ტრაგიკული მოვლენების შესახებ. მიიღეს კანონები, რომლებმაც ქვეყანაში ცენზურა დააბრუნა. შემდეგ ეს ცენზურა ადამიანის ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროზე გავრცელდა.
ხელისუფლებამ დაბლოკა ჩვენი ყველა ონლაინრესურსი. სახელმწიფომ წაგვართვა სტამბა, ხოლო სხვა სტამბებში დასაქმებულმა სპეცსამსახურების ოფიცრებმა და ცენზორებმა უარი თქვეს გაზეთის გამოცემაზე. ჩვენი მრავალი თანამშრომელი იძულებული გახდა, წასულიყო ქვეყნიდან.
შემდეგ სახელმწიფომ გააუქმა ჩვენი მედიის რეგისტრაცია, რამაც წაგვართვა საარსებო წყაროს შოვნის უფლება.
გაზეთის მთავარ რედაქტორს, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატ დიმიტრი მურატოვს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც იგი ლამის დაბრმავდა. სისხლის სამართლის საქმე არ აღძრეს, მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავეების შესახებ ცნობილია.
შემდეგ ჩვენს ჟურნალისტებს „უცხოეთის აგენტები“ შეარქვეს, მთავარი რედაქტორიდან დაწყებული.
შემდეგ რედაქციის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმეები აღიძრა.
ჩეჩნეთში ჩვენი სარედაქციო სვეტის ავტორი ელენა მილაშინა გაიტაცეს და სასტიკად სცემეს.
გაზეთის მმართველი რედაქტორი, ოლეგ როლდუგინი, მძევლად აიყვანეს და ჟურნალისტად მუშაობაში დაადანაშაულეს. სასამართლო პროცესი მალე იქნება.
„ნოვაია გაზეტას“ ოფისებში რამდენიმესაათიანი ჩხრეკა ჩატარდა, ასევე – მთავარი რედაქტორის ბინაში.
წელს, სექტემბერში, მთელი რედაქციის პერსონალი „უცხოელ აგენტად“ გამოაცხადეს, სიაში ასზე მეტი ადამიანი ჩაწერეს – ჟურნალისტები და ავტორები.
თითქმის ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით სპეცსამსახურების ალყაში მუშაობა.
და ახლა – მორჩა. ჩვენ „მკვლელ ზონაში“ აღმოვჩნდით.
ეს მხოლოდ ჩვენი პირადი ისტორია არ არის. ეს არის ქვეყნისა და საზოგადოების ისტორია, რომელსაც ზუსტად ასე ანადგურებენ.
ამას აკეთებენ „ეფესბე“, იუსტიციის სამინისტრო, პროკურატურა და სხვები, რომლებმაც სახელმწიფოს პრივატიზება მოახდინეს და ძალაუფლება მიითვისეს. ეს არ არის საბჭოთა რესენტიმენტი – მისი აბრის ქვეშ თითქმის აშენდა სამხედრო დიქტატურა.
ისინი ამბობენ, რომ კონსტიტუციურ წესრიგს იცავენ. არა, ეს არაკონსტიტუციური წესრიგია. იმიტომ, რომ კონსტიტუცია გაუპატიურებულია, ნაცემი, პირაკრული და დიდი ხნით ციხეშია ჩაგდებული.
ისევე, როგორც საკუთარი ქვეყნის ათასობით მოქალაქე, რომლებიც უბრალოდ მის დებულებებს მისდევდნენ. ისევე, როგორც ქვეყნის ათიათასობით სხვა მოქალაქე, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დევნილები გამხდარიყვნენ, სახლები დაეტოვებინათ და გაურკვევლობაში გაქცეულიყვნენ.
შეწყვიტეთ იმის თქმა, რომ ახლა არ არის სტალინური 1937 წელი და რომ რეპრესიებს რაღაცნაირად „ციფრული ხასიათი“ აქვს. ეს სახელმწიფო რეპრესიებია. და ადამიანები, და არა რიცხვები, იღუპებიან ციხის საკნებში. წერტილი.
ადამიანის სიცოცხლემ დაკარგა აზრი და გაუფასურდა.
სიტყვა „კონსტიტუცია“ სარკაზმსა და სიცილს იწვევს. ყველაში. მოსამართლეებშიც კი. განსაკუთრებით მოსამართლეებში. არავის სჯერა, რომ ეს ქვეყნის ფუნდამენტური კანონია და პრეზიდენტი მასზე იფიცებოდა. გაითვალისწინეთ, რომ ოფიციალურმა პროპაგანდამ დიდი ხანია შეწყვიტა პრეზიდენტის კონსტიტუციის გარანტად მოხსენიება.
ქვეყანაში ადამიანის უფლებები და თავისუფლებები ლიკვიდირებულია და მათი დაცვა დანაშაულთან გაიგივდა. არჩევნები და არჩეული ორგანოები ფაქტობრივად გაუქმდა. საჯარო ინსტიტუტები გაუქმდა. სინდისის თავისუფლება და ადამიანის ღირსება გათელეს. პირადი ცხოვრება ბინძური ხელებით ამოატრიალეს.
განა დღეს დაცინვად არ ჟღერს კონსტიტუციის 29-ე მუხლი: „ცენზურა აკრძალულია“? სასამართლოები განადგურებულია კანონთან და კანონის უზენაესობასთან ერთად. პრინციპების ქონა ახლა სახელმწიფოს ღალატია.
მაგრამ ღალატია, როცა სახელმწიფო ღალატობს საკუთარ კონსტიტუციას. და ეს ღალატი მიმდინარე დანაშაულია, რომელიც ახლა მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება.
„ნოვაია გაზეტას“ მკვლელობა ამის კიდევ ერთი დასტურია.
ჩვენ სწორედ ამაზე ვწერდით მთელი ამ წლების განმავლობაში. სანამ შეგვეძლო. ამიტომაც მოგვკლეს.
მადლობა ყველას, ვინც მოგვისმინა“.
წერილი „ნოვაია გაზეტას“ ვებგვერდზე რედაქტორთა ჯგუფის სახელით გამოქვეყნდა.
„ნოვაია გაზეტა“ იყო ცნობილი რუსული დამოუკიდებელი გამოცემა, რომლის მთავარი რედაქტორი დიმიტრი მურატოვი 2021 წელს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა.
რუსეთში დაწესებული ცენზურისა და რეპრესიების გამო, რედაქციის ნაწილმა მუშაობა ევროპაში განაგრძო სახელით „ნოვაია გაზეტა ევროპა“.
ფოტოზე: „ნოვაია გაზეტას“ ერთ-ერთი ნომერი, დიმიტრი მურატოვი. ფოტოკოლაჟი.
მაშინ, როცა საქართველოში უწყვეტი პროტესტის მე-700 დღე შეაჯამეს, სერბეთში არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობენ. იმ არჩევნებში, რომლის ვადაზე ადრე ჩატარების შესაძლებლობაც თითქმის 2-წლიანი ბრძოლის შედეგად მოიპოვეს.
ძალაუფლებაში მყოფი პარტიის წინააღმდეგ პერმანენტული დემონსტრაციები ორივე ქვეყანაში 2024 წლის შემოდგომაზე დაიწყო: საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რომელსაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს, ხოლო სერბეთში 1-ელი ნოემბრის შემდეგ, როცა ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევას 16 ადამიანი ემსხვერპლა.
თითქმის ორი წლის განმავლობაში, ორივე ქვეყანაში, მოქალაქეები მუდმივი პროტესტის, საპასუხო რეპრესიების, დემონსტრაციებისა და დარბევების პირობებში იბრძოდნენ. სხვადასხვა მიზეზით დაწყებული წინააღმდეგობა, სხვადასხვა მოთხოვნით გაგრძელდა – საქართველოში პროევროპული საგარეო კურსის შენარჩუნებისა და პოლიტიკური მოტივით დაკავებული ადამიანების გათავისუფლების, ხოლო სერბეთში კორუფციის აღმოფხვრისა და განათლების დაფინანსების გაზრდის მოტივით.
ორი წლის განმავლობაში იცვლებოდა პროტესტის ფორმები, წინააღმდეგობის მუხტი, რეპრესიების მასშტაბი, პროპაგანდის გავლენა, მოქალაქეთა შემართება და ბრძოლის მეთოდები, მაგრამ უცვლელი რჩებოდა მიზანი – მმართველი პარტიის ძალაუფლების სათავეებიდან ჩამოშორება და ქვეყნის დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნება.
ზეიმი „სტუდენტური სიის“ შტაბ-ბინაში არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, EPA (25.10.2026)
სერბეთში ეს ბრძოლა 2026 წლის 25 ოქტომბერს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „სტუდენტური სიის“ გამარჯვებით დასრულდა, საქართველოში კი დღემდე გრძელდება.
სერბეთის მაგალითმა საქართველოში კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში საკითხი, რომელიც ბოლო 2-წლის განმავლობაში აქამდეც არაერთხელ განხილულა – რა როლი აქვთ ან შეიძლება ჰქონდეთ სტუდენტებს საზოგადოებრივ პროცესებში და როგორ შეიძლება ახალგაზრდულმა მოძრაობამ შეცვალოს ქვეყნის ჯერ პოლიტიკური დღის წესრიგი, ბოლოს კი ხელისუფლება.
ამ საკითხზე „ბათუმელები“ ესაუბრა ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის – „დაიცავი ილიაუნის“ წევრს, ამავე უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს, ალექსანდრე რიგვავას.
ალექსანდრე, რომელიც წლებია აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო აქტივიზმში, გვიზიარებს თავის დაკვირვებებსა და მოსაზრებებს – რა გამოწვევები აქვს წინააღმდეგობის მოძრაობას საქართველოში, როგორ მიაღწიეს წარმატებას სერბმა სტუდენტებმა და რა შეიძლება ისწავლონ ქართველმა ახალგაზრდებმა სერბი თანატოლების მაგალითზე.
ალექსანდრე, სანამ თქვენს შეფასებებსა და ანალიზს გაგვიზიარებთ, დავიწყოთ ემოციით, რომელიც გქონდათ 25 ოქტომბერს – როცა, 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ალექსანდრ ვუჩიჩმა აღიარა, რომ არჩევნებში „სტუდენტურ სიასთან“ დამარცხდა.
არჩევნების დღეს, დილიდან საღამომდე კომპიუტერთან ვიჯექი, აქტივობას ვაკვირდებოდი და მაგით ვცდილობდი გამომეთვალა, რამდენად შეეძლო ვუჩიჩს გაეყალბებინა არჩევნები. იმიტომ, რომ ჩვენც წინ გვაქვს 2028 წლის არჩევნები და რადგან 2024 წლის არჩევნები გაგვიყალბეს, სერბეთი კარგი მაგალითი შეიძლება ყოფილიყო ჩვენთვის, რამდენად ღირს ავტორიტარულ რეჟიმებში არჩევნებში შესვლა. თვალს ვადევნებდით და ვკითხულობდით ხან X-ზე, ხან ტელეგრამარხებზე ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობდა არჩევნები.
მთელი დღე საკმაოდ დაძაბული მდგომარეობა იყო, ქუჩებიც კი იყო გადაკეტილი, იყო გაყალბების მცდელობებიც და შესაბამისად, გვქონდა მოლოდინი, რომ ვუჩიჩი არაფერს დათმობდა. ვფიქრობდი, რომ საქართველოს მსგავსი შედეგი დაიდებოდა. საღამოს, როცა უბნები უკვე იკეტებოდა და 64%-ზე მეტი იყო აქტივობა, მივხვდი – საკმაოდ დიდი შანსი იყო იმისა, რომ ვეღარ გაეყალბებინა. ვფიქრობდი, რომ „სტუდენტური სია“ შევიდოდა პარლამენტში, მაგრამ უმრავლესობას თუ აიღებდნენ, არ მეგონა.
უკვე წუთებს ვითვლიდი, სანამ გამოცხადდებოდა პირველადი შედეგები და ერთგვარი სიურპრიზი მოგვიწყო ვიჩუჩმა – კაპიტულაცია გამოაცხადა. სრული შოკი იყო.
მახსოვს, ფეხბურთს ვუყურებდით, რეალი-ბარსელონა, შუა მატჩი გავთიშე და მთლიანად აღნიშვნაზე გადავედი. თვითონ სერბი სტუდენტებიც არ ელოდნენ, რომ გამოვიდოდა ვუჩიჩი და ასე ღიად გამოაცხადებდა კაპიტულაციას.
ალექსანდრ ვუჩიჩი ბფირინგზე, სადაც დამარცხება აღიარა, EPA (25.10.2026)
როდის დაინტერესდი სერბეთში მიმდინარე მოვლენებით, დიდი ხანია აკვირდები სერბი სტუდენტების პოლიტიკურ ბრძოლას?
სერბეთის სტუდენტურ მოძრაობას თავიდანვე ვაკვირდები.
დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დაიწყო ჩვენთან და სერბეთში წინააღმდეგობის პროცესი. ეს იყო 2024 წლის ნოემბერი. ჩვენთან უკვე მიმდინარეობდა არჩევნების გაყალბების შემდგომი აქციები, როცა ნოვი-სადის ტრაგედია მოხდა და დაიწყო ფართომასშტაბიანი აქციები.
დაახლოებით 5 დღეში უკვე სტუდენტები ჩაერთნენ, დაიწყო დარბევები და ჩემი ინტერესიც გაიზარდა. ჩვენთანაც იყო საკმაოდ სერიოზული კონფრონტაცია პოლიციასთან თსუ-ს წინ და უკვე ფართომასშტაბიანი აქციებისთვის ვემზადებოდით. იმიტომ, რომ არჩევნები გაყალბებული იყო და რაღაც პასუხი უნდა გაგვეცა „ქართული ოცნებისთვის“. ამ პერიოდში დაიწყო სერბეთშიც სტუდენტურმა მოძრაობამ ფართომასშტაბიანი აქციები. მეც, იქიდან მოყოლებული, თვალს ვადევნებდი.
არა მარტო მე, ზოგადად, ქართული საპროტესტო მოძრაობა. თუ გახსოვთ, სერბებმა რომ მაგისტრალი გადაკეტეს, მაშინ ჩვენთანაც აქტუალური გახდა მაგისტრალის გადაკეტვა და ვცადეთ კიდეც „თბილისის მოლის“ წინ აქცია მოგვეწყო. თუმცა, მაგისტრალი ვერ გადავკეტეთ, ამის საშუალება არ მოგვცეს. იმის თქმა მინდა, რომ არა მარტო ჩემთვის, არამედ ზოგადად, აქციებში ჩართული მოქალაქეებისთვის თავიდანვე საინტერესო იყო სერბეთი. მართლა ძალიან სერიოზული მობილიზაცია ჰქონდათ სტუდენტებს და საინტერესო გზებს მიმართავდნენ.
როცა ამ სტუდენტურმა მოძრაობამ სტუდენტური სია ჩამოაყალიბა და განაცხადა, რომ არჩევნებში მიიღებდნენ მონაწილეობას, კიდევ უფრო საინტერესო გახდა ჩემთვის. ამ მომენტისთვის უკვე განათლების რეფორმა იყო დაწყებული ჩვენთან და ვფიქრობდით ახალი სტუდენტური მოძრაობის შექმნაზე. შესაბამისად, ორმაგი ინტერესი გამიჩნდა სერბეთის სტუდენტური მოძრაობის მიმართ, მათი სტრუქტურის, ქმედებების, თვითორგანიზების მიმართ.
თავიდან, რა თქმა უნდა, უბრალოდ სოლიდარობის და ინტერესის საკითხი იყო – ისინიც აპროტესტებენ, ჩვენც ვაპროტესტებთ. რაღაც მომენტის მერე აღმოვაჩინე, რომ ჩვენთან ისე არ მიდის საქმეები, როგორც ჩვენ გვინდა, სერბები კი გაცილებით უკეთესად ართმევენ თავს. აღმოვაჩინე, რომ უკეთესი თვითორგანიზების ფორმა აქვთ და ძალიან საინტერესოა მიდგომა თვითონ პროტესტის მიმართ:
თუ ჩვენ უფრო გეოპოლიტიკურ ჭრილში ვუყურებდით საკითხს და აქცენტი გვქონდა საგარეო ზეწოლაზე, შესაბამისად, უფრო სხვანაირი პროტესტის ფორმებს მივმართეთ, სერბებმა სრულიად საპირისპირო გააკეთეს [რეგიონებში დადიოდნენ და შიდა პოლიტიკაზე აქცენტირებდნენ – ავტ.]. როცა დავინახე, რომ მათ უფრო გამოსდით, უფრო წარმატებული მოძრაობა აქვთ, მერე უკვე უფრო მკვლევრის თვალითაც ვაკვირდებოდი და ვცდილობდი, რომ ჩვენთვის სასარგებლო მომენტები დამეჭირა და გამომეყენებინა.
თუმცა, ნამდვილად არ ყოფილა მარტივი საქმე, რადგან სერბეთის სტუდენტური მოძრაობა საკმაოდ ჩაკეტილი მოძრაობაა და ძალიან რთულია მათთან პირადი კონტაქტების დამყარება.
სტუდენტური მოძრაობის ორგანიზებული აქცია ბელგრადში, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, EPA (23.05.2026)
თუ გქონდათ მცდელობა, რომ დაკავშირებოდით, გაგეზიარებინათ ერთმანეთისთვის გამოცდილება, ხედვა ან უბრალოდ გაგეცნოთ ერთმანეთი?
პირდაპირ სტუდენტურ მოძრაობასთან კომუნიკაცია არ გვქონია. მცდელობა, რა თქმა უნდა, იყო და არა მარტო ჩემი მხრიდან. ვიცი, რომ ბევრი ცდილობდა კონტაქტზე გასულიყო, მაგრამ სულ ირიბი გზებით. საკმაოდ ჩაკეტილები იყვნენ. მათი პოლიტიკა ასეთი იყო, რომ ჩვენს საკითხებს მარტო ჩვენ ვწყვეტთ და არანაირი კავშირი, კონტაქტები არ გვინდა უცხოელებთან.
და არა მარტო უცხოელებთან – როგორც შემდგომში უკვე გავარკვიეთ, თვითონ ქვეყნის შიგნითაც, სხვადასხვა ჯგუფთან, სხვა მოძრაობებთანაც კომუნიკაცია თითქმის არ ჰქონიათ. შესაბამისად, ინტენსიური კომუნიკაციის არხი ვერ გავჭერით.
ეს იყო მათი სტრატეგიის ნაწილი. პლენუმებზე, ანუ მაგათ კრებებზე ამ მიდგომას უყარეს კენჭი. დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, მათი სტრატეგიაც იცვლებოდა. მაგალითად, თავიდან მედიასაც კი არ ეკონტაქტებოდნენ და შემდგომ უკვე პირიქით, გაიხსნენ. ქვეყნის გარეთაც ჰქონდათ აქტივობები, მაგალითად, ველოსიპედით ჩავიდნენ ბრიუსელში და ა.შ. მაგრამ, ეგ იყო დამატებითი აქტივობები. ძირითადი საყრდენი იყო თავად სტუდენტური მოძრაობა.
რა იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო, რაც სერბულმა სტუდენტურმა მოძრაობამ გააკეთა, რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
ყველაზე მოულოდნელი და ყველაზე უნიკალური, რაც სტუდენტურმა მოძრაობამ გააკეთა სერბეთში, რა თქმა უნდა, არის „სტუდენტური სია“. 250 საჯარო მოღვაწე – მეცნიერები, პროფესორები, ლექტორები, სპორტსმენები გააერთიანეს ერთ სიაში და ჩამოაყალიბეს პოლიტიკური პარტია, რომელიც არ პოზიციონირებდა, როგორც პოლიტიკური პარტია. ეს იყო სტუდენტური ინიციატივა, რომელიც პარლამენტში უნდა შესულიყო. ეს ცოტა შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის.
წარმოიდგინეთ, სტუდენტური მოძრაობა აპირებს შევიდეს პარლამენტში ისე, რომ თვითონ არ მონაწილეობს არჩევნებში, არამედ გთავაზობს ჯგუფს და ატარებს მთლიან კამპანიას, ეს ჯგუფი აირჩიოს საზოგადოებამ. თუ არ ვცდები, დაახლოებით ნახევარი წელი მუშაობდნენ ამაზე, მაგრამ სია გამოქვეყნდა მხოლოდ მაშინ, როცა ჩაინიშნა არჩევნების თარიღი.
ხელმოწერებით სავსე ყუთები მიაქვთ საარჩევნო კომისიაში „სტუდენტური სიის“დასარეგისტრირებლად, EPA (14.09.2026)
ჩემთვის შთამბეჭდავია თვითონ პროცესი – როგორ იქმნებოდა ეს სია: ჯერ უნივერსიტეტები ირჩევდნენ სიის თავიანთ წევრებს, მერე პლენუმი ირჩევდა, ვინ უნდა დარჩენილიყო სიაში. ყველა წევრის წარსულს იკვლევდნენ, მათთან კომუნიკაცია და დარწმუნება, რომ სიაში ყოფილიყვნენ, ცალკე ამბავია. ეს ყველაფერი არის წარმოუდგენელი ბიუროკრატია. წარმოუდგენელი შრომა ჩადეს სტუდენტებმა ამ ყველაფერში.
თავიდან უფრო ინტერესით ვუყურებდი, ვიდრე იმედით. იმიტომ, რომ ფაქტობრივად მთელ ოპოზიციურ სპექტრზე უარი თქვეს და არჩევნებში დააყენეს ხალხი, რომელთაც იქამდე პოლიტიკასთან პირდაპირი შეხება არ ჰქონიათ. ისინი, რა თქმა უნდა, კარგი მოქალაქეები იყვნენ, მაგრამ წინასაარჩევნოდ გამოუცდელი პოლიტიკოსების სია რამდენად ეფექტიანი იქნებოდა, არავინ იცოდა. ამ კუთხით ძალიან საინტერესო იყო.
2-წლიანი დაკვირვებისა და პირადი გამოცდილების გათვალისწინებით, თქვენი აზრით, რა მსგავსება და რა განსხვავებაა სერბულ და ქართულ სტუდენტურ მოძრაობებს შორის?
მასიური მობილიზება, როგორც ჩვენ გვქონდა თავიდან, ანალოგიურად ჰქონდათ სერბებსაც: როდესაც ჩვენ ევროპის მოედანი გავავსეთ 2024 წლის გაზაფხულზე დაახლოებით 200-300 ათასი ადამიანით, მათ სლავიას მოედანი გაავსეს ბელგრადში.
მთავარი განსხვავება არის ორგანიზების ფორმა. ჩვენ, სამწუხაროდ, ჩავიკეტეთ, სერბული მოძრაობა კი გაფართოვდა. ჩვენ ვერ მოვახერხეთ, რუსთაველის გამზირს გავმცდარიყავით, ჩავსულიყავით რეგიონებში, სხვადასხვა ქალაქში გაგვეშალა პროტესტი და რაც შეიძლება მეტი ხალხი ჩაგვერთო და რაც მთავარია, დაგვეტოვებინა პროტესტში. სერბეთის სტუდენტური მოძრაობა მაქსიმალურად ცდილობდა, რომ სხვადასხვა ქალაქში ყოფილიყო პროტესტი, მაქსიმალურად მეტი ხალხი ჩაერთოთ და მეტ ხალხში გამოეწვიათ ინტერესი, რომ პროტესტში დარჩენილიყვნენ.
ჩვენს შემთხვევაში, სამწუხაროდ, სტუდენტური მოძრაობა, როგორც ერთიანი სხეული, პროტესტში არ გამოჩნდა. იყვნენ სტუდენტები, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ, მაგრამ მათ ვერ მოახერხეს პროტესტის სტრუქტურიზება. სერბეთში უნივერსიტეტის მოძრაობა ჩამოყალიბდა როგორც ბიუროკრატიული სისტემა, სტრუქტურა. ჩვენთან ეგ ვერ მოხერხდა, ვერ გავერთიანდით. შესაბამისად, დროთა განმავლობაში, უფრო დავპატარავდით, როგორც მოძრაობა. სერბეთი კი გაიზარდა და გაიზარდა.
აი, ეს არის მთავარი განსხვავება.
1. საქართველო (2024 წლის მარტი) 2. სერბეთი (2025 წლის მარტი)
თქვენი აზრით, რატომ ვერ მოხერხდა მსგავსი ტიპის ორგანიზება საქართველოში?
ამაზე ამომწურავი პასუხის გაცემა რთულია. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, თუ რამდენად თავისუფალია სერბული უნივერსიტეტები. მაგალითად, სერბეთის უნივერსიტეტში პოლიციას შესვლის უფლება არა აქვს, რომ სტუდენტები დააკავოს. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბატონმა სამუშიამ პოლიცია არ შეუშვას. მით უმეტეს, რომ გვაქვს უკვე გამოცდილება, თუ როგორ გამოიყენა პოლიციამ უნივერსიტეტის ეზო.
სტუდენტები ფაკულტეტების მიხედვით ერთიანდებოდნენ. მაგალითად, ბელგრადის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტები და ნოვი-სადის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტები ერთად აორგანიზებდნენ, კომუნიკაცია ჰქონდათ. ჩვენს უნივერსიტეტებში სტუდენტებს, სამწუხაროდ, კავშირი არ გვაქვს. არ ვართ დიდი, ორგანიზებული საზოგადოება. გარდა ამისა, საგულისხმოა იმ სტუდენტების რაოდენობაც, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში არიან ჩართულები.
ბევრი ასეთი პატარა დეტალია, რამაც ალბათ განაპირობა სერბული მოძრაობის წარმატება. იმავენაირად ჩვენთანაც ბევრი პატარა დეტალია, რაც, ჯერჯერობით, ჩვენს წარუმატებლობას განაპირობებს.
ერთ-ერთი, მაგალითად, იყო ის, რომ თუ სერბეთში სტუდენტებმა ოპოზიციური სპექტრი თავიდანვე უარყვეს და თქვეს, რომ თქვენ ხალხი არ გენდობათ და ამიტომ აღარ არის უკვე თქვენი დრო, გვაცალეთ ჩვენ მუშაობაო, ჩვენ შემთხვევაში პირიქით იყო. არჩევნები რომ გაყალბდა და აქციები დაიწყო, პირიქით, ჩვენ მოვითხოვეთ, რომ პოლიტიკოსებს რამე გაეკეთებინათ და უმაქნისად არ მსხდარიყვნენ.
სრულიად განსხვავებული სცენარებით წარიმართებოდა პროტესტი ჩვენთან და სერბეთში. მსგავსი პატარა განსხვავებები, ალბათ, საბოლოო ჯამში, სერიოზულ გავლენას ახდენს პროტესტზე.
სერბი სტუდენტები პატივს მიაგებენ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულებს, EPA (01.11.2025)
საქართველოში ხშირად ვსაუბრობთ ლიდერის საჭიროებაზე. მოქალაქეთა ნაწილი წუხს, რომ არ არსებობს ლიდერი, ვინც პროტესტის სათავეში ჩადგება, ვისაც ხალხი ენდობა. ამ დროს სერბეთში გაიმარჯვა ჰორიზონტალური მმართველობის მქონე სტუდენტურმა მოძრაობამ, რომელმაც ყველა არსებული პოლიტიკური ლიდერი გვერდზე გაწია. თქვენი შეფასებით, რომელი მიდგომა არის უფრო ეფექტიანი?
ლიდერს სერბეთშიც ელოდნენ. ამ კუთხით სერბული და ქართული საზოგადოება არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ორივეგან საზოგადოება იყო ლიდერის მოლოდინში, მაგრამ სერბეთში სტუდენტებმა შეძლეს, ეს სტერეოტიპები დაამსხვრიეს და ულიდერო მოძრაობა წამოიწყეს.
თუმცა, თუ უფრო ფართო მასშტაბით შევხედავთ, წინააღმდეგობის ლიდერი სერბეთში იყო ერთიანი სტუდენტური ჯგუფი. ჩვენთან ესეც ვერ ხერხდება, რომ ერთიანი სტუდენტური მოძრაობა შეიქმნას, რომელიც სათავეში ჩაუდგება პროტესტს. აქ საუბარი არაა მხოლოდ ერთ პიროვნებაზე, საუბარია იმაზე, თუ ვინ ჩაუდგება საპროტესტო მოძრაობას სათავეში.
ამის მიზეზებზე ალბათ ცალკე საუბარია საჭირო: უნგრეთში მოიგო მადიარმა, ჩვენ დავიწყეთ მადიარის ძებნა; სერბეთში მოიგეს სტუდენტებმა, ჩვენ დავიწყეთ სტუდენტებისგან სიის შექმნის მოთხოვნა. ეს, ჩემი აზრით, ძალიან აბსურდულია. ალბათ, დრო გვიჩვენებს, ვინ გვჭირდება ჩვენ – დეცენტრალიზებული მოძრაობა, თუ კონკრეტული ლიდერი.
სტუდენტური მოძრაობის აქცია სერბეთის ქალაქ ნიშში, EPA (01.03.2025)
საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის განმავლობაში სტუდენტები და, ზოგადად, ახალგაზრდული მოძრაობები მუდმივად განხილვის საგანია. საზოგადოება ხან აქებს სტუდენტების საქმიანობას და აქტივიზმს, ხან პირიქით – აკრიტიკებს პასიურობის გამო. თქვენ, როგორც სტუდენტი, როგორ უყურებთ ამას?
საქართველოში სტუდენტების მიმართ არის საკმაოდ დიდი მოლოდინები. ოღონდ, ზოგიერთ მომენტში უბრალოდ ირაციონალურ მოთხოვნებამდე დაგვყავს – სტუდენტებმა ჩამოაყალიბონ პარტია, სტუდენტებმა იყარონ კენჭი, სტუდენტები შევიდნენ პარლამენტში და ა.შ. უბრალოდ, გვიყვარს პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანა.
თუ ქვეყნის გადარჩენაზეა საუბარი, ყველამ ერთად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. მაგალითად, ისევ სერბეთზე რომ ვისაუბროთ, მიუხედავად იმისა, რომ პროტესტს სათავეში სტუდენტური მოძრაობა ედგა, მათ უკან იყო უზარმაზარი საზოგადოებრივი ქსელი, რომელიც მათ მხარს უჭერდა, ენდობოდა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს ეხმარებოდა კიდეც.
საარჩევნო შტაბები რეგიონებში მთლიანად ადგილობრივი ქსელების მიერ იყო ჩამოყალიბებული და წინასაარჩევნო ლოჯისტიკა რიგითი მოქალაქეების მიერ იყო უზრუნველყოფილი.
იმის თქმა მინდა, რომ თუ სტუდენტების იმედი გვაქვს, მხარდაჭერა და ნდობაც უნდა გამოვუცხადოთ, უნდა დავეხმაროთ. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, აქციაზე გამოვიდეს თუ სხვა სახით ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში.
საზოგადოების და მათ შორის ახალგაზრდების ნაწილი, ვინც თავიდან აქტიურად იყო ჩართული პროტესტში, თანდათან ჩამოშორდა ამ პროცესს. გარდა ამისა, ახალგაზრდების ნაწილი საერთოდ გულგრილია პოლიტიკური პროცესების მიმართ. რას ეტყოდით მათ?
იმ სტუდენტებს, ვისაც პოლიტიკა არ აინტერესებთ, ვეტყოდი, რომ პოლიტიკას მათი ცხოვრება ძალიან აინტერესებს. შესაბამისად, სანამ დროა, სანამ გვაქვს ამის შესაძლებლობა, ჯობია, დაინტერესდნენ პოლიტიკით და უფრო აქტიურად ჩაერთონ თავიანთი ცხოვრების დაგეგმვაში, თავიანთი მომავლის გადაწყვეტაში.
იმ ხალხს, ვინც ჩვენთან ერთად იყო ჩართული ამ პროცესებში, მაგრამ რაღაც მომენტში მიიჩნიეს, რომ ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა და გადაწყვიტეს, პირად ცხოვრებას უნდა მიხედონ, ვეტყოდი, რომ მესმის მათი. ძალიან რთულია 700 დღის განმავლობაში ყოველდღე ამ საშინელ რთულ პროცესში იყო ჩართული, მაგრამ ამის საჭიროება არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და გავიმარჯვოთ, რადგან დამარცხების შემთხვევაში, კიდევ უფრო რთული დღეები გველის წინ.
პროტესტისა და პოლიტიკური ჩართულობის სხვადასხვა ფორმა არსებობს. არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველზე, პარლამენტის წინ იდგე. უბრალოდ, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, იმ ხალხის მხარდაჭერა, ვინც დღემდე ქუჩაში იბრძვის, ძალიან მნიშვნელოვანია და ესეც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს პროცესზე.
სტუდენტების მსვლელობა ქალაქი კრაგუევაციდან ახლომდებარე სოფელ ცუმიჩში, EPA (14.02.2025)
უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან 700-ზე მეტი დღე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამე შეიცვალა. თქვენი აზრით, რა არის საქართველოში არსებული წინააღმდეგობის მოძრაობის მთავარი გამოწვევა ახლა?
ჩვენი მთავარი გამოწვევა გაურკვევლობა და იმედგაცრუებაა. აშკარაა, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც აქამდე მოვედით, პროტესტმა თავისი თავი ამოწურა. უკვე არ არის ეგ ეფექტური, ახალი გზების ძიება კი გვიჭირს.
არის რაღაც საკითხები, რაზეც ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბდით. მაგალითად, არჩევნებზე უნდა გავიდეთ თუ არა. თუ გავდივართ, მაშინ სხვანაირად უნდა ვიმოქმედოთ დღეიდან. თუ არ გავდივართ, მაშინ რას ვაკეთებთ? პარალელურად, ოპოზიციურ პარტიებს გვიკრძალავენ. ხალხი დაიღალა. რთულია მუდმივი წნეხისა და ამხელა რეპრესიების ფონზე დარჩე პროტესტში და იბრძოლო თავისუფლებისთვის. ჩემთვის ეს გასაგებია, მაგრამ როგორმე უნდა ვიპოვოთ ძალა, რომ გადავლახოთ ეს ბარიერები. რაც მალე ვიზამთ ამას, მით უკეთესია.
რა გაკვეთილი შეიძლება ისწავლონ ქართულმა სტუდენტურმა მოძრაობებმა სერბების გამოცდილებიდან, რას გაითვალისწინებთ, რომ თქვენი საქმიანობა იყოს უფრო ეფექტიანი?
უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენივე თავის პატრონები ჩვენ ვართ და ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, რა არის ჩვენთვის სწორი და რა არის არასწორი. შეიძლება მაგალითის აღება სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ჩვენ ჩვენი კონტექსტიდან, ჩვენი პრობლემებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა დავორგანიზდეთ.
სერბებისგან თუ რამის აღება შეიძლება, ეს არის თვითორგანიზების სისტემა და სიჯიუტე, რომელიც ბიუროკრატიულ პროცესებთან შეჭიდების დროს გამოიჩინოს, ძალისხმევა ჩადეს და პროცესი გამარჯვებამდე მიიყვანეს.
ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსი“ ბათუმში ახალგაზრდულ, ინკლუზიურ ბანაკს გამართავს და მონაწილეობის მსურველებს მოუწოდებს, ბანაკს შეუერთდნენ.
„გიყვარს წიგნები, მუსიკა, ფილმები და სამაგიდო თამაშები? გინდა ახალი მეგობრების შეძენა და საინტერესო აქტივობებში მონაწილეობა? მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!“ – აცხადებს ორგანიზაცია.
ახალგაზრდულ ინკლუზიურ ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ მაღალმთიან აჭარასა და გურიაში.
კონკურსის საფუძველზე შეირჩევა ბანაკის 15 მონაწილე, რომლებიც 5 დღეს გაატარებენ ბანაკში, განსხვავებულ და ინკლუზიურ გარემოში.
„არაფორმალური განათლება, საინტერესო აქტივობები, ახალი გამოცდილება და მეგობრული გარემო – ეს ყველაფერი ერთ სივრცეში გელოდება! გაიცანი ახალი ადამიანები, გაუზიარე სხვებს შენი ინტერესები და გაატარე ხუთი დღე განსხვავებულ და ინკლუზიურ გარემოში“ – წერს შშმ ქალთა ალიანსი.
შავ ზღვაში 2026-2027 წლის სეზონზე 90 ათასი ტონა ქაფშიის მოპოვება იქნება შესაძლებელი. ეს კვოტა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა.
სააგენტოს ინფორმაციით, ქაფშიის მოპოვების აქტიური სეზონი საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში ძირითადად ნოემბრის თვეში იწყება.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა შავ ზღვაში 2026-2027 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა დაადგინეს, მათ შორის ძირითადი სარეწაო სახეობის – ქაფშიის, რომელიც 90 000 ტონას შეადგენს.
ჩატარებული კვლევები თანამედროვე სამეცნიერო მეთოდებსა და საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილ შეფასების მოდელებს ეფუძნება, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია თევზის პოპულაციების სტრუქტურის, ბიომასისა და თევზჭერის ინტენსივობის განსაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების კვლევები ყოველწლიურად, სარეწაო სეზონის დაწყებამდე ხორციელდება, რადგან მარაგების მოპოვებისათვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრიდან მაისამდე გრძელდება, ხოლო ქაფშიის მოპოვების აქტიური სეზონი საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში ძირითადად ნოემბრის თვეში იწყება“, – წერს სააგენტო.
საქართველოში შავ ზღვაზე თევზჭერის ლიცენზიებს 5 კომპანია ფლობს.
„თევზჭერის ექსკლუზიური უფლება ფოთში მხოლოდ 5 კომპანიას აქვს, რომელიც მთავრობამ აუქციონის გარეშე გაუგრძელა. სანაცვლოდ მათ მმართველ გუნდს 1.4 მილიონზე მეტი შესწირეს“, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.
„საერთოდ სიტყვას როგორ ახსენებთ მართლმადიდებელ ეკლესიაზე? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თურმე უსმენს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს. ეს არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია,“ – ამ განცხადებით დღევანდელ სხდომაზე მოხსენება შეაწყვეტინა „ლელოს“ წარმომადგენელს, გიორგი სიორიძეს „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ.
მანამდე გიორგი სიორიძემ სუსის 2024 წლის ანგარიშიდან წაიკითხა კონკრეტული ჩანაწერები, სადაც საუბარია „ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსიფიკაციის პოლიტიკის საფრთხეზე“.
გიორგი სიორიძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ როცა „ოცნების“ შეფასებით, ოპოზიცია რუსეთის გაღიზიანებას ცდილობს, ამ დროს სუსის ანგარიშიც კი, პირდაპირ მიუთითებს რუსეთისგან მომავალ საფრთხეზე.
„მართლა გგონიათ, რომ რუსეთის გრუ-ს სძინავს და სუსის ამ საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტს ვერ კითხულობს?… ამ საკითხებით უნდა იყოს კიდეც სუსი დაინტერესებული, ნაცვლად სასულიერო პირების, „ოცნების“ ოპონენტების და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების პირადი ცხოვრების უკანონო თვალთვალისა,“ – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
„ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები… დაანებოს თავი ამ ტყუილების გამეორებას,“ – ამ ნაწილში შეაწყვეტინა ზუსტად გამოსვლა გიორგი სიორიძეს არჩილ გორდულაძემ: ტყუილია, რომ სასულიერო პირებს სუსი უსმენსო.
„გაღიზიანებას ვერ ვატყობ. ამ მითითებას არ იზიარებს სასამართლო,“ – თქვა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ, თუმცა მაინც არჩია „ოცნების“ რეპლიკა გაეთვალისწინებინა და გიორგი სიორიძეს მიმართა:
„რაც შეეხება ბრალდებებს, ბატონო გიორგი, უხეშ ბრალდებებს, შეეცადეთ იყო კორექტული. თქვენი შეფასებებისგან ამა თუ იმ ფაქტების, შეიკავეთ თავი. რაც არ არის კონკრეტული გადაწყვეტილებებით დადასტურებული, ასეთი მითითებებისგან თავი შეიკავეთ,“ – აღნიშნა პლენუმის თავმჯდომარე, რევაზ ნადარაიამ. „გადაწყვეტილებებში“ მან სასამართლოს გადაწყვეტილებები იგულისხმა, თუმცა როგორ იარსებებს სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ გამოძიება, მაგალითად, გასაჯაროებულ „სუსის ფაილებს“ არ გამოიძიებს? „სუსის ფაილების საქმეზე“ იმავე საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ და „ოცნების“ დამფუძნებელმა, მანანა კობახიძემაც ისაუბრა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძემ სუს-ის კრებსებში მოხვედრის შემდეგ საგამოძიებო უწყებას 2022 წელს მიმართა და დაზარალებულის სტატუსი მოითხოვა. კობახიძე პროკურატურაში გამოიკითხა. „დაკითხული ვარ პროკურატურაში, დიახ. ჩემი ინიციატივით მივმართე [საგამოძიებო უწყებას] და, რამდენადაც მახსოვს, დაზარალებულის სტატუსი მოვითხოვე“, – განაცხადა მანანა კობახიძემ 2022 წელს.
სავარაუდოდ, სუსიდან 2021 წელს გაჟონილ ფაილებში მანანა კობახიძისა და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის საუბრები მოხვდა პრეზერვატივების კომპანია „აიისას“ სარჩელთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობდა.
„ეს იყო საჯაროდ გავრცელებული ფაქტები, რაზეც სასულიერო პირებიც საუბრობდნენ. კრებსები არაერთხელ გამოსულა. ეს მართლა ხდებოდა,“ – მოსამართლე რევაზ ნადარაიას მიმართა გიორგი სიორიძემ.
„ისეთ რაღაცაზე ვსაუბრობთ, რაც თემას არ ეხება,“ – დისკუსია დაასრულა რევაზ ნადარაიამ.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოვლენილი დარღვევების გამო თბილისში, აჭარასა და შიდა ქართლში ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა.
სააგენტოს ცნობით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობების გამო დააჯარიმეს და საწარმოო პროცესი შეუჩერეს რესტორან „ღელე-ღურდანს“, რომელიც ბათუმში, ხალვაშის გამზირზე მდებარეობს.
„ობიექტზე დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, ინვენტარის არასათანადო რეცხვა/დეზინფექცია და ჰიგიენური ნომრების დარღვევა“ – წერს სააგენტო.
ამავე დროს, სააგენტომ შემოსული შეტყობინების საფუძველზე შეამოწმა მზა კერძების მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტი „კნატუნა“ თბილისში და გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
სააგენტო ასევე წერს, რომ ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს შიდა ქართლში, სადაც კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 ოქტომბრის 21 საათიდან 31 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, წვიმა, შესაძლებელია ელვა-ჭექა.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:
რუსეთში, სამარის ოლქში, ნოვოკუიბიშევსკში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონის თავდასხმის შემდეგად იწვის.
ტელეგრამარხები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომს აშუქებენ, Astra და Exilenova+, წერენ, რომ 30 ნოემბრის დილით, ნოვოკუიბიშევსკის მცხოვრებებმა აფეთქებებისა და საჰაერო თავდაცვის განგაშის შესახებ შეიტყვეს.
რეგიონში დრონების საფრთხეზე განგაში ოფიციალურად დილის 6:00 საათზე გამოცხადდა, ამ დროისთვის თავდასხმა უკვე მიმდინარეობდა. დაიხურა ქალაქის აეროპორტი.
უკრაინული მედიის ცნობით, ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 20-ზე მეტი სახეობის ნავთობპროდუქტს აწარმოებს, მათ შორის, ევრო-5 სტანდარტის საავტომობილო ბენზინს და დიზელის საწვავს, საავიაციო საწვავს (რუსეთის საჰაერო ძალებისთვის) და ა.შ.
გამოძიების ვერსიით, „ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც უკანონოდ დაეუფლნენ გასაყიდ პროდუქციას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 30 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სავაჭრო ობიექტში განთავსებული სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და და მე-3 ნაწილების შესაბამისად, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 30 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 586 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 590. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 450 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 25 617 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 51 720 ერთეული [+21]
MLRS – 2 246 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 728 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 452 ერთეული [+2]
ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 588 998 ერთეული [+1 589]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 3 039 ერთეული [+3]
გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 168 274 ერთეული [+264]
სპეცტექნიკა – 4 860 ერთეული [+0]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 140 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
თავდაპირველად წინა დღით დაწყებული მოხსენება ნიკა გვარამიამ დაასრულა, პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა. მან თქვა, რაში ემიჯნება ის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას.
ივანიშვილის დაჯგუფების მიერ მომზადებულ სარჩელში ერთ-ერთი მთავარი ბრალდება ოპოზიციის წინააღმდეგ არის ეს: „არ გაემიჯნენ „ნაციონალურ მოძრაობას“. საუბარია პარტიებზე, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ არსებობდნენ, მაგრამ „ოცნების“ ლოგიკით, ისინიც უნდა გაუქმდნენ.
„უნდა ვთქვა, რაში ვემიჯნები წინა ხელისუფლებას – იმაში, რომ ერთ კონკრეტულ პირს არასდროს არ ახდევინებდა გადასახადებს და დააგროვებინა ასობით მილიონი, ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ვითომ ქველმოქმედება აწარმოებინა, რომელიც აღმოჩნდა გრძელვადიანი საარჩევნო კამპანია. ეს პირია ბიძინა ივანიშვილი,“ – განაცხადა ნიკა გვარამია.
„ეს პოლიტიკური შეფასებებია“, – მაშინვე წამოიძახეს „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატებმა, თუმცა არ განუმარტავთ: პოლიტიკური პარტიის ლიდერი სხვა პოლიტიკური პარტიის ქმედებებს არაპოლიტიკურად როგორ უნდა გაემიჯნოს?
„თუ მეკითხებით, რაში ემიჯნებიო, გიპასუხეთ. ბიძინა ივანიშვილის ნაწილში ყველას ვემიჯნები, ვისაც პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონია მის მიმართ ოდესმე. წინა მთავრობა ამაში იყო შემჩნეული და ამაში ვემიჯნები,“ – მაინც თქვა სათქმელი ნიკა გვარამიამ.
დღევანდელ პროცესზე „ოცნების“ სარჩელს უპასუხეს „ლელოს“ ლიდერებმა: ბადრი ჯაფარიძემ, გიორგი სიორიძემ, თორნიკე ართმელაძემ.
ბადრი ჯაფარიძემ თავისი გამოსვლა იმაზე საუბრით დაიწყო, რომ „ოცნება“ მხოლოდ რამდენიმე პარტიას კი არ აუქმებს, არამედ „ცილობს, აკრძალოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა… გვაქვს სრული საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ პარტიების აკრძალვით „ოცნება“ ამზადებს ნიადაგს კონსტიტუციური გადატრიალებისთვის,“ – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
,,აქამდე არაერთი ტყუილის მიუხედავად, ხმა არ ამომიღიაო“, – ფეხზე წამოდგა არჩილ გორდულაძე, დეპუტატი „ოცნების“ პარლამენტიდან. მან თქვა, რომ მოსარჩელემ მხოლოდ სარჩელთან დაკავშირებით უნდა ისაუბროს.
აქ ბადრი ჯაფარიძემ არჩილ გორდულაძეს გაუხსენა: „ხანდაზმულ თაღლითებს“ გვიწოდებს და შემჩნეულია შეურაცხყოფაშიო, გორდულაძემ კი, მოსამართლეს უთხრა, შეურაცხყოფის შესახებ საქმე სასამართლოში წააგესო.
„პოლიტიკაზე საუბარს ვერ ავცდებით… ჩვენ ვიხილავთ საქმეს კონკრეტულ ფაქტებთან მიმართებით… ჩვენთვის პოლიტიკაზე საუბარს აზრი არა აქვს,“ – ბადრი ჯაფარიძეს მიმართა რევაზ ნადარაიამ, პლენუმის თავმჯდომარემ.
„სარჩელის მიზანი რა არის: ეს არის თუ არა პოლიტიკური?“ – დიალოგი ლევან სამუშიამ განაგრძო, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა. მან პლენუმის თავმჯდომარეს განუმარტა, ვინმე სასამართლოს ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის კი არ იყენებს, არამედ ეს პირდაპირ უკავშირდება „ოცნების“ სარჩელსო.
რევაზ ნადარაიამ აქ უკვე თქვა, რომ პოლიტიკაზე საუბარს პოლიტიკოსებს ვერ შეუზღუდავს, მაგრამ მოულოდნელად ლევან ბეჟაშვილმა წამოიძახა: თქვენ არა, მოსარჩელე მხარე გვზღუდავსო.
ეს კი უკვე შეურაცხყოფად მიიღო პლენუმის თავმჯდომარემ, ანუ გამოდის, რომ „ოცნების“ მოთხოვნებს ითვალისწინებს სასამართლო.
რევაზ ნადარაიამ განმარტა, რომ სასამართლომ ერთგვარი „ზღვარი“ დააწესა და როდესაც მხარე ამ ზღვარს სცდება, მოსარჩელეს უჩნდება პრეტენზია… არ მინდა ნამდვილად, რომ გაგაწყვეტინოთ,“ – თქვა რევაზ ნადარაიამ.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა რევაზ ნადარაია ოპოზიციონერს აწყვეტინებს საუბარს, როცა ამას „ოცნება“ ითხოვს, ან როცა საქმე ივანიშვილის მკაცრ კრიტიკას ეხება, ასევე ლავროვზე საუბარს – იმას, თუ როგორ ემთხვევა „ოცნების“ სარჩელის გზავნილების რუსულ დოქტრინას.
„ქართული ოცნება“ გვადანაშაულებს კონსტიტუციის დარღვევაში, პარლამენტში რატომ არ შეხვედითო. ამავდროულად ის, ვინც პარლამენტში შევიდა, აქვე სხედან იმ პარტიებს შორის, რომელთა აკრძალვასაც „ქართული ოცნება“ ითხოვს,“ – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ „ოცნების“ სარჩელის მთავარი საფრთხე აგვისტოს ომის შესახებ ჩანაწერებია.
„ვითარდება ლოგიკა, თითქოს აგრესიისთვის ნიადაგი საქართველომ შექმნა… ამით სახიფათო კაპიტულანტური პრეცედენტი შეიძლება შეიქმნას,“ – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
ბადრი ჯაფარიძემ ისაუბრა იმაზეც, რომ ყოველთვის ემიჯნებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს საკუთრების უფლების ხელყოფის, ასევე პოლიტიკური მიზნებით ადამიანების გასამართლების დადასტურებულ შემთხვევებს. ამიტომაც, გაუგებარია, რა გამიჯვნას სთხოვს „ოცნება“ „ლელოს“.
„მეტიც, ჩვენი პარტიის წარმომადგენლები 2012 წლამდე იცავდნენ უკანონოდ დევნილ ადამიანებს და ასეთი არაერთი შემთხვევაა. პარტიის დონეზე, ლიდერების თუ წევრების დონეზე ჩვენ არასდროს არ გავქცევივართ შეფასებებს,“ – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ. მან 1990 წლის მრავალპარტიული არჩევნებიც ახსენა, რომლის შემდეგაც დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ბადრი ჯაფარიძემაც მოაწერა ხელი.
„ვინც მაშინ ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობდა, მიზანდასახულად ებრძოდა დემოკრატიული გზით არჩეულ ხელისუფლებას, დღეს ხელისუფლებაშია და ჩვენ დამოუკიდებელი საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის ამჯერად იარაღის გარეშე და სახელისუფლებო ბერკეტების გამოყენებით ცდილობენ, შეგვიწყვიტონ არამხოლოდ საპარლამენტო მანდატი, არამედ პოლიტიკოსის და ხალხის წარმომადგენლობითი მანდატი,“ – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
სასამართლოში გამოსვლა ბადრი ჯაფარიძემ ლუკას სახარების ციტატით დაასრულა:
„რაჲთა გიყონ კაცთა, თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ. მითვე საწყაულითა, რომლითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ,“ – დაასრულა ბადრი ჯაფარიძემ.
ტრიბუნასთან ამჯერად გიორგი სიორიძე მივიდა, რომელმაც გამოსვლა ამ ციტატით დაიწყო:
„ყველაფერს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ცისქვეშეთში. ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა… ეკლესიასტეს წიგნის ეს სიტყვები და მათში ჩადებული ბრძნული აზრი ზედმიწევნით შეესაბამება იმ აწმყოს, რომელსაც ახლა ჩვენ გავდივართ და მიესადაგება მომავალს, რომელიც ბუნდოვანია, მაგრამ აუცილებლად დადგება. საქართველო დღეს დგას გზაგასაყარზე,“ – თქვა გიორგი სიორიძემ.
გიორგი სიორიძემ დაასაბუთა, რატომ არის სამართლიანი „ლელოს“ შეფასება, როცა იგი 2024 წლის არჩევნების შემდეგ ფორმირებულ ხელისუფლებას არალეგიტიმურს უწოდებს.
„საარჩევნო დარღვევები ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში გავასაჩივრეთ, შემდეგ სასამართლოებში, ინსტიტუციური ბრძოლის ყველა მეთოდი გამოვიყენეთ. ეს არჩევნები უნდა გამოცხადებულიყო არჩატარებულად და მოვითხოვეთ ხელახლა არჩევნების ჩატარება.
პარლამენტი შეიკრიბა კონსტიტუციის და რეგლამენტის დარღვევით, რადგან არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობა გასაჩივრებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოში. გარდა ამისა, პარლამენტი უნდა მოეწვია პრეზიდენტს. ამის შესახებ არსებობს ძალიან მკაცრი დათქმა, რაც ასევე დაირღვა… ამიტომაც გეძახდით არალეგიტიმურებს,“ – „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატებს მიმართა გიორგი სიორიძემ.
„ოცნების“ წარმომადგენლებს ამჯერად არაფერი უთქვამთ.
„4 ოქტომბრის საქმე“ – ამ საქმეზეც საუბრობს „ოცნება“, რომ ოპოზიცია, როგორც „ერთიანი ორგანიზმი“ ცდილობდა კონსტიტუციური წყობილების ჩამოშლას, ამ დროს „ლელო“ 2025 წლის არჩევნებშიც მონაწილეობდა.
„5 მოპასუხიდან 2, ანუ ჩვენ და „გახარია საქართველოსთვის“ ვმონაწილეობდით არჩევნებში. ესეც კიდევ ერთი დასტურია, რომ არანაირი „ერთიანი ორგანიზმი“ არ არსებობს,“ – დასძინა გიორგი სიორიძემ.
„სხვათა შორის, რუსეთის დუმის 2021 წლის არჩევნებს არ აღიარებდა ლეგიტიმურად „კომუნისტურია პარტია“. მათი აკრძალვა არავის მოსვლია თავში აზრად. არ მინდა, რომ რუსეთს გადავუსწროთ ავტორიტარულ მისწრაფებაში,“ – თქვა გიორგი სიორიძემ და მოსამართლეებს განუმარტა, ეს „ოცნების“ წარმომადგენლობას მიემართებაო.
„მხარემ ჩვენკენ ხელის გამოშვერას თავი დაანებოს,“ – ოპოზიციის კრიტიკა გააპროტესტა ისევ არჩილ გორდულაძემ, – „ან ზრდილობას მოუხმოს, ან ნერვები დაიწყნაროს… პოლიტიკური განცხადებები გააკეთოს გარეთ,“ – დაამატა გორდულაძემ.
„თავი შეიკავეთ, არაეთიკურია ავტორიტარიზმში…“ – სათქმელი არ დაუსრულებია, მაგრამ მიკერძოებულობა „ოცნების“ სასარგებლოდ ისევ დაეტყო პლენუმის თავმჯდომარეს.
„ავტორიტარიზმი მოიკითხეთ თქვენკენ“ – მოსამართლეს სიტყვა შეაწყვეტინა „ოცნების“ წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ.
„ესეც ხომ შეფასებაა. თქვენ არაკონსტიტუციურ პარტიას გვეძახით და მე ავტორიტარიზმის შეფასების უფლება არ მაქვს თქვენი პარტიის?“ – აღშფოთება დაეტყო გიორგი სიორიძეს.
„ჩვენ ამ პრინციპით მოვდივართ მთელი ეს დღეები, რომ აქ არ იქნება შეურაცხმყოფელი შეფასებები…. სხდომის დარბაზს გარეთ თავისუფალი ხართ სასამართლოსგან. დანარჩენი თქვენი პასუხისმგებლობაა,“ – განაცხადა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ.
„მაშინ თვითონ სარჩელია ჩვენთვის შეურაცხმყოფელი,“ – მოსამართლის პოზიცია გააპროტესტა გიორგი სიორიძემ.
„ლელოს“ კიდევ ერთი წარმომადგენელი, თორნიკე ართმელაძე კი, ერთ გახმაურებულ საქმეზე ესაუბრა მოსამართლეებს, რომელიც „ოცნების“ სარჩელში მთავარი არგუმენტია „ლელოს“ წინააღმდეგ. ეს ალეკო ელისაშვილის და „სასამართლოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობის საქმეა“. „ოცნება“ საუბრობს იმაზე, რომ ალეკო ელისაშვილი 2024 წლის არჩევნებში „ლელოს“ წარმოადგენდა, ელისაშვილის მიერ ჩადენილ ტერორისტულ აქტს კი, „ლელო“ არ გაემიჯნაო.
„აი, „ლელოს“ მიერ გამოქვეყნებული განცხადება, რომელიც იწყება ამ სიტყვით „დღეს“ – მოსამართლეებს მიმართა თორნიკე ართმელაძემ და ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ „ლელო“ ალეკო ელისაშვილის ქმედებას, რასაც სისხლის სამართლებრივი დევნა მოჰყვა, იმავე დღეს გაემიჯნა და პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მომხდარს „მიუღებელი“ და „გაუმართლებელი“ უწოდა.
ამავდროულად, „ლელო“ არ დაეთანხმა ალეკო ელისაშვილის ტერორიზმის მუხლით გასამართლებას.
„ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ გამოძიება ამ ფაქტზე დაიწყო სხვისი ქონების დაზიანების მუხლით, შემდეგ შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საჯაროდ, ეს ტერორისტული აქტიაო და მეორე დღეს საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალეს…“ – ელისაშვილის საქმის პოლიტიკურ მოტივზე მიუთითა „ლელოს“ წარმომადგენელმა.
„ანუ თქვენ კვალიფიკაციას არ ეთანხმებით?“ – ჩაეკითხა ოპოზიციონერს მოსამართლე ევა გოცირიძე.
„დიახ და საერთაშორისო ორგანიზაცია „გამჭვირვალობა საქართველოს“, ამ ავტორიტეტულ ორგანიზაციას ჰქონდა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ამ საქმეში არ იკვეთება ტერორიზმი, ევროსაბჭოს კრიტერიუმებით კი, ელისაშვილი პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევაო.
ამას გარდა, ალეკო ელისაშვილს „ლელოსთან“ ორგანიზაციული კავშირი არ ჰქონია. ის იყო პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი და ორი პარტიის წევრი, ერთდროულად, კანონის მიხედვით ვერ იქნები.
„გამიჯვნას სრულიად არასწორად ითხოვს „ოცნება“, ეს არასწორი სტანდარტის დამკვიდრების მცდელობაა. ჩვენ ვართ 2019 წელს დაფუძნებული პარტია…. როგორ წარმოუდგენიათ, ჩამოვდგეთ და გავემიჯნოთ, რაც, მაგალითად, ბოლო 30 წლის განმავლობაში ხდებოდა? საიდან იწყება ათვლა? ასე არც ის გვითქვამს, რომ ვემიჯნებით კომუნისტებს. ლოგიკური კავშირი უნდა არსებობდეს, რასაც შეიძლება გაემიჯნო,“ – მოსამართლეებს მიმართა თორნიკე ართმელაძემ და შემდეგ „ოცნების“ სარჩელის მთავარი საფრთხე დაასათაურა: „ნებისმიერ ხელისუფლებას შეეძლება აკრძალოს ნებისმიერი პარტია“.
„ლელოს“ წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ „ოცნების“ სარჩელის მთავარი მტკიცებულება ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნაა, ეს კომისია კი, თავიდანვე შეიქმნა ოპოზიციის გაუქმების განზრახვით. ამის დასტურად თორნიკე ართმელაძემ ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის რამდენიმე საჯაროდ გაკეთებული განცხადება დაასახელა, რაც ივანიშვილის დაჯგუფების ამ განზრახვას ადასტურებს.
„ლელო“ იყო ჩართული ბიზნესის რეკეტში, რაზეც უნდა აღსრულდეს სამართალი,“ – ჯერ კიდევ 2024 წლის არჩევნების წინა პერიოდში უთქვამს ირაკლი კობახიძეს, რომ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა აიკრძალება“, მათ შორის, „ლელო“.
ე.წ. წულუკიანის კომისიას სულ რამდენიმე დღე ჰქონდა მუშაობა დაწყებული, როცა მამუკა მდინარაძეს, ანუ „ოცნების“ ყოფილ ლიდერს უთქვამს, უკვე არსებობს „კარგი საფუძველი“ პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთო.
„ასე რომ, ეს იყო დაგეგმილი პროცესი. ჯერ კიდევ 2024 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში გაჟღერდა პარტიების აკრძალვა,“ – „ოცნების“ ლიდერების განცხადებები შეაჯერა თორნიკე ართმელაძემ.
ხვალ სასამართლო ისევ მოისმენს „ლელოს“ პოზიციას „ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით. ახსნა-განმარტების ეტაპი ხვალვე დასრულდება პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის მოხსენებით.
პლენუმის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ დღევანდელი პროცესის ბოლოს უკვე დააანონსა ის, რომ არსებითი განხილვა კითხვა-პასუხის ეტაპიდან 9 ნოემბერს განახლდება და სამუშაო კვირა სრულად ისევ „პარტიების გაუქმების საქმეს“ დაეთმობა.
საკონსტიტუციო სასამართლო მომდევნო კვირაში „ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის“ განხილვას აჩერებს და სხდომებს 9 ნოემბრიდან გააგრძელებს. საქმე იმაშია, რომ მომდევნო კვირაში სასამართლო 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლომ ოპოზიციურ პარტიებს უარი უთხრა 1 დღით არ ემუშავათ და სხდომები მიმდინარე კვირაში არა ორშაბათს, არამედ სამშაბათს განახლებულიყო.
საკონსტიტუციო სასამართლო თავის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ საერთაშორისო კონფერენციას ჩაატარებს. გახსნის ცერემონიის პირდაპირ ეთერში გადაცემის უზრუნველსაყოფად კი სასამართლო 34 800 ლარს ტენდერის გარეშე გადაიხდის.
ცალკე 29 500 ლარს კი, ასევე უტენდეროდ, სასამართლო სინქრონულ თარგმნასა და გახმოვანებასთან დაკავშირებული ტექნიკის დაქირავებაში იხდის. სინქრონული თარგმანი იქნება რუსულ ენაზეც.
„კონფერენციის ფარგლებში ქვეყნის უმაღლესი რანგის პირების სატელევიზიო მიმართვების პროფესიონალურად გაშუქება ჩვენი ინტერესია, რათა ფართო საზოგადოებამდე უხარვეზოდ იქნეს მიწოდებული საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.“ – წერს სასამართლო შესყიდვების სააგენტოს და მისგან 34 800 ლარის უტენდეროდ დახარჯვაზე თანხმობას ითხოვს.
აქ აღსანიშნავია, რომ „პარტიების აკრძალვის საქმეზე“ სხდომების გადაღების უფლება საკონსტიტუციო სასამართლომ არცერთ მედიას არ მისცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა.
სასამართლოს ინფორმაციით, „მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია „საკონსტიტუციო კონტროლის როლი სამართლებრივ სახელმწიფოში“, რომელიც გაიმართება ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“. კონფერენციის ფარგლებში ბათუმს ესტუმრება 20 სხვადასხვა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და მოსამართლეები.
გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებიან და სიტყვით გამოდიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და სხვა მაღალი რანგის სტუმრები. შესაბამისად, გახსნის ცერემონიისათვის გათვალისწინებულია რამდენიმე ტელეარხისათვის პირდაპირი ეთერით უზრუნველყოფა.“
„ეს მომსახურება უნდა გაეწია ადგილობრივ, აჭარის საზოგადოებრივ არხს, საკუთარი ტექნიკით, თუმცა არასათანადო კლიმატური პირობების გამო შეუძლებელი ხდება არსებული ტელევიზიის გამოყენება ხარვეზების გარეშე. ასევე, გაუმართავი ტექნიკური აღჭურვილობის, ე.წ. მოძრავი სატელევიზიო სადგურის გაუმართაობის გამო, ვერ ახერხებს ტრანსლირებას ბათუმში საქართველოს საზოგადოებრივი არხიც. ეს ტექნიკური პრობლემები დღეს, 29 ოქტომბერს გახდა ჩვენთვის ცნობილი.“ – წერს საკონსტიტუციო სასამართლო შესყიდვების სააგენტოს.
სასამართლოს თავის განაცხადზე დართული აქვს ორი კომპანიის ინვოისი, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ მომსახურებას სთავაზობენ: შპს „ალფა სტუდიო“ – 34 800 ლარად და შპს „ტვ სტუდიო“ – 36 500 ლარად.
ამ ეტაპზე უცნობია რა თანხას გადაუხდის საკონსტიტუციო სასამართლო სასტუმრო „ჰილტონს“.
რაც შეეხება სინქრონულ თარგმანთან დაკავშირებით ტენდერის გარეშე 29 500 ლარის დახარჯვას, ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოს შესყიდვების სააგენტომ თანხმობა 2026 წლის 16 სექტემბერს მისცა.
ბათუმში, ნონეშვილის პირველში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს, შპს „კომუნა ჰოლდინგი“ 217,50 მეტრისიმაღლის, 58 სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს.
კომპანიამ სამშენებლო მიწის ნაკვეთების ნაწილი კერძო მესაკუთრეებისგან მშენებლობისა და ქონების გადაცემის პირობით გამოისყიდა, ნაწილი კი აჭარის მთავრობამ გადასცა პირდაპირი წესით. როგორც მთავრობა წერს, „პოზიტიური პირობით“ , ავარიული სახლის ათვისებისა და ახლის მშენებლობის მიზნით.
ამონარიდი დოკუმენტიდან, რომლითაც დგინდება, რომ მთავრობამ ქონება მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ სწორედ კომპანიისთვის გადასაცემად მოსთხოვა.
შეთანხმების თანახმად, კომპანიას საპრივატიზებო საფასური 1 მილიონ 326 912 ლარი უნდა გადაეხადა, თუმცა მალევე მერიას მისი გადავადება მოსთხოვა, „დიდი ხარჯი მქონდა და ვერ გავწვდებიო.“ ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ვალის გადავადებასთან დაკავშირებით მერია საკრებულოს წერდა:
„შპს კომუნა ჰოლდინგის“ მხრიდან მოხდა სოლიდური ხარჯების გაწევა საპროექტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ხდება მოსახლეობის ვადაზე ადრე გასახლება, რაც კომპანიის მხრიდან დაკავშირებულია დამატებით ხარჯების გაწევასთან. მათივე განმარტებით, შპს „კომუნა ჰოლდინგს“ უწევს სანებართვო დოკუმენტაციის მოპოვებამდე და სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე გარკვეული ფულადი სახსრების გაწევა. რის გამოც მერიას მიმართეს თხოვნით, მუნიციპალიტეტისათვის ჩასარიცხი თანხის ვადის 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაზრდასთან დაკავშირებით“.
საკრებულოს თანხმობით, მერიამ კომპანიას თანხის გადახდა გადაუვადა.
ფოტომონტაჟი მერიაში წარდგენილი დოკუმენტებიდან
მერიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის საპრივატიზებო თანხა კომპანიას უკვე გადახდილი აქვს, თუმცა რეესტრის ამონაწერი არ არის განახლებული და ეს ქონებები ისევ მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. იქვეა დაურეგისტრირებელი ფართობებიც.
დღეს, ანუ 2026 წლის 29 ოქტომბერს „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, რომ ნონეშვილის პირველიდან კომპანიას მოსახლეობა არათუ არ გამოუსახლებია, არამედ ეს საკითხი დღის წესრიგში არც კი დამდგარა.
„მოვიდნენ დიდი ხნის წინ, მოვილაპარაკეთ, ქონება დაირეგისტრირეს და გაქრნენ, აღარ გამოჩენილან. რასაც გვპირდებოდნენ არ შეუსრულებიათ“, – გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელმაც ასევე გვითხრა, რომ სასამართლოში უჩივლა კომპანიას ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნით. „ვერ მოვლენ აქ, ვერ ააშენებენ“ – დაამატა მეორემ, თუმცა ღიად საუბარი არ ისურვეს: „სასამართლოში შევიტანეთ, მეტი რაა სალაპარაკო.“
ნონეშვილის #1-ში მდებარე სახლი
ამ ადგილის მიმართ მშენებლის ინტერესს ისიც განაპირობებს, რომ კორპუსს სამი მხრიდან ზღვის, ქალაქისა და პორტის ხედი ექნება, რაც მომავალში ბინების ძვირად გაყიდვის შესაძლებლობაა.
მართალია, აქაურობა ნავთობის სუნით ყარს, მაგრამ დამკვიდრებული პრაქტიკით ეს გაყიდვებს ხელს ვერ შეუშლის. ბათუმში ბინებს ძირითადად უცხოელები ყიდულობენ, რომლებსაც არ აქვთ ინფორმაცია, რა გამოწვების წინაშე აღმოჩნდნენ ბათუმში კერძო სახლებიდან კორპუსებში გადასულები – მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა და შესაბამისად მძაფრი სუნი, პარკინგის არარსებობა, ხმაური, გაუმართავი ლიფტები და ასე შემდეგ.
მონიშნულია სამშენებლო ტერიტორია
ამჯერად მერია საკრებულოს ტერიტორიის განაშენიანების დეტალურ გეგმაში ცვლილების დამტკიცებას სთხოვს, რომლის მიხედვითაც პროექტით გათვალისწინებული ავტოსადგომების რაოდენობა 78 ადგილით მცირდება.
სანაცვლოდ „კომუნა ჰოლდინგმა“ უნდა აიღოს ვალდებულება, რომელიც მშენებლობის ნებართვის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში მერიის მიერ მითითებულ ადგილზე 80-ადგილიანი ავტოპარკინგის სივრცის მოწყობას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე დოკუმენტში დაზუსტებული არ არის ამის შესახებ, თუმცა დიდი ალბათობით ეს იქნება ფასიანი პარკინგი, რომელიც შეიძლება იგივე კორპუსში მცხოვრებლებმა ვერც გამოიყენონ, ტერიტორიულად მათ საცხოვრებელ სივრცესთან ახლოს რომც იყოს.
ამასთან დაკავშირებით მერიაში განგვიმარტეს:
„პროექტით შენობის გარეთ იდგა მექანიზებული მრავალსართულიანი პარკირება, რომლის ექსპლუატაციაც რთული იქნებოდა. მოვითხოვეთ კომპანიისგან გვერდით არსებული მიწის ნაკვეთების ათვისება, სადაც უნდა აეშენებინა ღია 80 ადგილიანი პარკინგი. სწორედ ამას ითვალისწინებს ცვლილება. შესაბამისად, გდგ-ში პარკირების რაოდენობა მცირდება 78-ით და კომპანია აიღებს ვალდებულებას, რომ გვერდით არსებულ ნაკვეთებზე მოაწყოს პარკირება 80 ავტომანქანისთვის.“
აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ კორპუსში 800-ზე მეტი ბინის და 12 საზოგადოებრივი ობიექტის მოწყობაა დაგეგმილი.
კომპანიას განაშენიანების დეტალური გეგმა 2025 წლის ბოლოს აქვს დამტკიცებული. სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, საცხოვრებელი კორპუსი 58 სართულიანი იქნება, განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით კი, 60 სართულიანი, მათ შორის ერთი მიწისქვეშა სართულით.
მშენებლობის პარამეტრები 2025 წელს დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით
ამ ამბავში საინტერესო და არანაკლებ მნიშვნელოვანი ის არის, რომ მერიის ინფორმაციით, პარკინგი კომპანიამ საკუთარ მიწის ნაკვეთზე კი არა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნდა მოაწყოს. ეს პირობა კომპანიას მერიამ ერთგვარი საკომპენსაციო ვალდებულების სახით განუსაზღვრა.
ახალი მშენებლობის დასაწყებად შპს „კომუნა ჰოლდინგი“ ნონეშვილის პირველში და მის მიმდებარედ ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟს გეგმავს. საერთო ჯამში საპროექტო მიწის ნაკვეთები 3735 კვ.მეტრია. კომპანიამ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდა 17,0 – მდე მოითხოვა.
სამშენებლო დოკუმენტებში, რომელიც მერიაშია წარდგენილი წერენ:
„პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს გეგმარებით ერთეულზე განთავსებული, გასულ საუკუნეში აშენებული ამორტიზებული საცხოვრისების ახალი კაპიტალური ფონდით ჩანაცვლებას, მოქალაქეთა ღირსეული საცხოვრებელი გარემოს და სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ურბანული სივრცის განვითარებას, არაესთეტიკური შენობა-ნაგებობებისაგან გამოთავისუფლებას და თანამედროვე არქიტექტურული ღირებულების მქონე კომპლექსის განთავსებას.
წარმოიქმნება მოწესრიგებული კვარტალი, ჩამოყალიბდება ფუნქციურად მდგრადი ერთეული, რაც ურბანული თვალსაზრისით გამართლებული და მიზანშეწონილია. პროექტის განხორციელებით შეიქმნება დასაქმების ადგილები, როგორც უშუალოდ ობიექტის მშენებლობის დროს, ასევე ექსპლუატაციის პერიოდში“… და ასე შემდეგ. ისევე როგორც სხვა პროექტების შემთხვევაში ჰპირდებოდნენ მოქალაქეებს, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები. რეალობა კი არც ისე მომხიბვლელი აღმოჩნდა.
საპროექტო ტერიტორიას ესაზღვრება მდინარე ბარცხანა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით [N440] ტექნიკური რეგლამენტი წყალდაცვითი ზოლის შესახებ განსაზღვრავს 25 კილომეტრამდე სიგრძის მდინარეებისთვის – 10 მეტრით დაშორების აუცილებლობას. ამ მოთხოვნის დაცვაც მერიაში წარდგენილი პროექტის პარამეტრების მიხედვით რთულად წარმოსადგენია. აქაც კომპანიას სავარაუდოდ „ავარიული სახლების“ პროგრამამ უშველა, რადგან ამ პროგრამის ფარგლებში სამშენებლო კოდექსის გვერდის ავლით, შეღავათების მიცემის შესაძლებლობა მერს აქვს.
დოკუმენტების მიხედვით, სპეციალისტები საჭიროდ მიიჩნევენ სამშენებლო ტერიტორიასა და მდინარე ბარცხანისწყალს შორის მოეწყოს გამტარუნარინი კალაპოტი იმისთვის, რომ „თავიდან აცილებული იქნას გვერდითი ეროზია.“
კომპანია მერიას წერს, რომ მდინარესა და საპროექტო ნაკვეთის საზღვრის გასწვრივ მოაწყობს დამცავ კედელს, რამაც უნდა უზრუნველყოს მდინარეში თუ მის მიმდებარედ არასასურველი მოვლენების აცილება.
ცვლილება განაშენიანების დეტალურ გეგმაში ბათუმის საკრებულომ 30 ოქტომბერს, ანუ ხვალის სხდომაზე უნდა დაამტკიცოს.
შპს „კომუნა ჰოლდინგი“, იგივე „შპს მიურექს დეველოპმენტი“ 2023 წელს ბიზნესმენ გელა გაბაიძეს დაუფუძნებია, კომპანიის დირექტორად გია ბერიძე ფიქსირდებოდა. საჯარო რეესტრის ამონაწერისა და სხვა დოკუმენტების მიხედვით, 2024 წელს მან კომპანიის ასივე პროცენტი დიანა თურმანიძეს უსასყიდლოდ დაუთმო.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის სახელზე არსებული რიგი ქონება დაყადაღებულია სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მითითებულია ასევე საგადასახადო დავალიანებაზეც [საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით შპს „კომუნა ჰოლდინგს“ სახელი შეუცვალეს და შპს „მიურექს დეველოპმენტი“ უწოდეს].
გელა გაბაიძე „ოცნების“ შემწირველი და მხარდამჭერია, ისევე როგორც გია ბერიძე.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი თითქმის შიშველი, საცვლის ამარა ჩაიყვანეს პოლიციელებმა ბათუმიდან ოზურგეთში… დამამცირებელ მოპყრობაზე გამოძიება არ დაიწყო,“ – ამბობს ადვოკატი გიორგი გუბელაძე.
პოლიციელებს ბესიკ ბ. ძარცვის ბრალდებით 2026 წლის 15 ივლისს დაუკავებიათ:
„ის მიიყვანეს პოლიციის მე-7 განყოფილებაში, სადაც პირადი შემოწმების მიზნით გახადეს ტანსაცმელი. შემდეგ კი უთხრეს, რომ ტანსაცმელს ვერ დაუბრუნებდნენ… მერე უთქვამთ, ბათუმის იზოლატორში ადგილი არ არისო და ბათუმიდან ოზურგეთში თითქმის შიშველი, საცვლის ამარა გადაიყვანეს.
ოზურგეთის იზოლატორში ვიღაცამ გამოიჩინა ადამიანობა და ბრალდებულს ჩააცვა სხვისი ძველი ტანსაცმელი. ბათუმში რომ ჩამოიყვანეს ბესო პირველი წარდგენის პროცესზე, ტიროდა, იმდენად დამცირებულად გრძნობდა თავს.
ამის შესახებ ბრალდებულმა თავად უთხრა მოსამართლეს, მოსამართლემ კი, ფაქტის მოკვლევა დაავალა პროკურორს. დისტანციური წესით გამოკითხეს ბესო, რასაც მეც ვესწრებოდი და ბრალდებულმა დაადასტურა ის, რაც მანამდე მოსამართლეს უთხრა.
იმ პოლიციელს უთქვამს [ვინც დაკავებული შეამოწმა] თვითონ ბრალდებულმა აღარ ჩაიცვა ტანსაცმელი და მზად ვართ ჩაგაბაროთო. ეს უკვე არასერიოზულია.
მერე მოვიკითხე, რა გააკეთა გამოძიებამ-მეთქი და მიპასუხეს: ეს საქმე შსს-ს გენინსპექციას გადავეცით, არ დაგვიწყია გამოძიებაო. გამოდის, რომ შსს-ს ერთი უწყება გამოიძიებს შსს-ს თანამშრომლების მიერ ჩადენილ დამამცირებელ და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევას?
დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა დანაშაულია, რაც პროკურატურას უნდა გამოეძიებინა.
ეს თემა ასე ჩაფარცხეს. ამჯერად მივმართავ სახალხო დამცველსაც, რომ მოახდინოს რეაგირება. აქამდე საჯაროდ არ გვისაუბრია, რადგან ბრალდებულს არ სურდა ამის გაჟღერება და დაცვის მხარის სტრატეგიაც ეს იყო.
ძარცვის საქმეზე წინასასამართლო სხდომა უკვე ჩატარდა, არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა გიორგი გუბელაძემ.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა შსს-ს პრესცენტრს და იკითხა, რა ეტაპზეა ამ ფაქტის მოკვლევა გენერალურ ინსპექციაში? – ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
ადვოკატ გიორგი გუბელაძის თქმით, ბესიკ ბ. – ს მანამდე პროკურატურა სხვა დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, მაგრამ იგი სასამართლომ გაამართლა. ამ ფაქტის შემდეგ კი, პოლიციელები ბესიკ ბ.-ს ქვეყნის დატოვებას სთხოვდნენ. ადვოკატმა არ გვითხრა, რა მუხლით იყო წინა შემთხვევაში ბრალდებული ბესიკ ბ. თუმცა თქვა, რომ მას „ქურდული სამყაროს“ წევრობას არ ედავებოდნენ.
ბოლო წლებში, რამდენიმე ადვოკატმა განაცხადა, რომ „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით გასამართლებულ პირებს პოლიცია ქვეყნის დატოვებას აიძულებს.
დღეს, 29 ოქტომბერს, თურქეთის ცენტრალურ ნაწილში, კაპადოკიის ქალაქ გორემეში, ძლიერი წვიმის შედეგად ბუნებრივი ქვის სვეტიდან კლდის ნატეხები ჩამოიშალა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
თურქული ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ოფიციალური ცნობების თანახმად, დაღუპულთაგან 2 თურქეთის მოქალაქეა, ერთი კი – უცხოეთის.
კლდის ნატეხები ჩამოცვივდა იმ ადგილას, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ – ღია ცის ქვეშ არსებულ მუზეუმთან.
„ანადოლუ“ წერს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შემთხვევა ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა მეწყრულმა პროცესებმა გამოიწვია.