აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 2024 წლის დეკემბრის ბოლოს პროევროპული აქციების მონაწილე თანამშრომელი თამარ ლომაძე სამსახურიდან გაუშვა. დათხოვნის ოფიციალურ მიზეზად დეპარტამენტმა შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვა დაასახელა.
ფაქტი სახალხო დამცველმა შეისწავლა და დაადგინა, რომ „თამარ ლომაძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა სავარაუდოდ კრიტიკული პოზიციების საჯაროდ გამოხატვას უკავშირდება“.
თამარ ლომაძე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში 2016 წლიდან მუშაობდა. 2023-24 წლებში კი იყო შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი.
თამარ ლომიძის სახელს უკავშირდება დეპარტამენტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტი – „გამომყევი აჭარაში“, რომელშიც საქართველოში მცხოვრები ინფლუენსერები მონაწილეობენ.
თამარ ლომაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ პროექტის სახელი, მასში მონაწილეობის წესები, პირობები, თავად მოიფიქრა.
თამარ ლომაძე სამსახურიდან 2024 წლის 31 დეკემბერს გაათავისუფლეს, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით.
თამარ ლომაძემ სახალხო დამცველს 2025 წლის 14 მარტს მიმართა, განსხვავებული მოსაზრების ნიშნით, სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით.
თამარ ლომიძის თქმით, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან „ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტებისა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო გაათავისუფლეს“.
2024 წლის 28 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი“. ამ განცხადებას ქვეყანაში უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც დღემდე გრძელდება.
თამარ ლომიძის განმარტებით, სწორედ ამ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის და მისი სოციალურ ქსელში აქტიურობის გამო გაათავისუფლეს საჯარო სამსახურიდან. მანამდე კი არაერთი გაფრთხილება მიიღო.
„2024 წლის 29 ნოემბერს დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან [თინათინ ზოიძისგან] მიიღო შეტყობინება, რომ „მოზომილად და გააზრებულად“ მოქცეულიყო. ხოლო 2024 წლის 28 დეკემბერს მისწერა, რომ სოციალურ ქსელებში აქტიურობას მორიდებოდა. 2024 წლის 30 დეკემბერს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შეხვედრა სთხოვა, სადაც იყო საუბარი, მათ შორის, აქციებზე სიარულთან დაკავშირებითაც,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის მოკვლევაში.
თამარ ლომიძის თქმით, თინათინ ზოიძემ მას განუმარტა, რომ „აქციაზე სიარული პოლიტიკურ განაცხადს წარმოადგენდა“. ასევე, დაინტერესდა, ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, კვლავ გააგრძელებდა თუ არა აქციებზე სიარულს.
რატომ გაუშვა აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტმა სამსახურიდან კადრი, რომელმაც პოპულარული პროექტის წარმატებაში დიდი როლი შეასრულა? – ამ კითხვაზე „ბათუმელებმა“ დეპარტამენტიდან პასუხი ვერ მიიღო.
დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ გვითხრა, რომ სახალხო დამცველისადმი მიწერილი პასუხით გვეხელმძღვანელა.
სახალხო დამცველისათვის მიცემულ განმარტებაში, კი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კი ასე ხსნის თამარ ლომიძის გათავისუფლებას: „შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანების მოცულობა შემცირდა და აღნიშნული პოზიციის შენარჩუნების საჭიროება აღარ არსებობდა“.
სახალხო დამცველმა თამარ ლომიძის სამსახურიდან გაშვების ფაქტი სამართლებრივად შეაფასა და დაადგინა, რომ „საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მრავალმხრივი ანალიზის შედეგად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დისკრიმინაციული მოპყრობა ვერ დგინდება“.
თუმცა, იქვე სახალხო დამცველი ვრცლად მიმოიხილავს ფაქტობრივ გარემოებებს და წერს:
„მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალები, დისკრიმინაციის დადგენის შესახებ, დასაბუთებული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დასახელებული გარემოებების ერთობლიობა, კერძოდ: ის რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა მრავალწლიანი და განგრძობითი იყო; დეპარტამენტის ხელმძღვანელის მხრიდან განმცხადებლის მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად ფასდებოდა, რასაც მიმოწერისას კმაყოფილების გამოხატვისა თუ მადლობის გადახდის არა ერთი ფაქტი მოწმობს, საქმის მასალებით დასტურდება, რომ განმცხადებელი ხელისუფლების ქმედებების მიმართ თავის კრიტიკულ დამოკიდებულებას ღიად გამოხატავდა, რაც მოპასუხის მხრიდან შენიშვნისა თუ თავშეკავებისკენ მოწოდების საგანი არაერთხელ გახდა.
დამხმარე ამოცანების შესასრულებლად კადრის დაქირავების საჭიროების არ არსებობა დღის წესრიგში მას შემდგომ დადგა, რაც განმცხადებელმა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიციის გამოხატვა აქტიურად დაიწყო – სერიოზულ და საფუძვლიან კითხვის ნიშნებს აჩენს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მოტივთან დაკავშირებით და თანასწორობის სტანდარტებთან მისადაგებისა და მოპასუხისთვის ანტი-დისკრიმინაციული დებულებების განმარტების საჭიროებას წარმოშობს,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის მოკვლევაში.
სახალხო დამცველი წერს, რომ საქმის კონტექსტში ყურადღება უნდა დაეთმოს იმასაც, რომ განმცხადებელი კრიტიკულ დამოკიდებულებას ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებთან, მათ შორის – ხელისუფლების მოქმედებებთან დაკავშირებით ღიად და საჯაროდ გამოხატავდა.
„განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ კრიტიკული პოზიციების გამოხატვის ფონზე, განმცხადებელს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თავშეკავებისკენ რამდენჯერმე მოუწოდა, კერძოდ: 2024 წლის 29 ნოემბერს დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან მიიღო შეტყობინება, რომ „მოზომილად და გააზრებულად“ მოქცეულიყო, ხოლო 2024 წლის 28 დეკემბერს ღიად განუცხადა, რომ სოციალურ ქსელებში აქტიურობას მორიდებოდა. აღნიშნული შინაარსის გზავნილები ნეიტრალურ და არაფორმალურ რჩევებად ვერ შეფასდება, რამდენადაც მოცემული კონტექსტი ცხადად მიანიშნებს, რომ განმცხადებლის ქმედებების მიმართ არსებობდა აშკარა დისკომფორტი/მიუღებლობა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ როგორც განმცხადებელი განმარტავს, სოციალურ ქსელებში იმ პერიოდში გაზიარებული პოსტები მხოლოდ აქციების თემატიკის იყო. შესაბამისად, ხელმძღვანელის თავშეკავებულობისკენ მოწოდებაც სწორედ ამ პოსტებს მიემართებოდა.
სახალხო დამცველის შეფასებით, ხელმძღვანელის მხრიდან თავშეკავებულობისკენ მოწოდება იმ აქტივობებთან მიმართებით, რომლებიც კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას განეკუთვნება, რთულია სამუშაო ეთიკის დაცვის ჩვეულებრივ მოთხოვნად შეფასდეს.
შესაბამისად, მოცემული ფაქტობრივი გარემოება ქმნის ეჭვს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დროებითი კადრის საჭიროების არ არსებობას კი არა, არამედ კრიტიკული პოზიციების საჯაროდ გამოხატვას უკავშირდება.
ძალზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული სამართლებრივი არგუმენტი – სამუშაოს მოცულობის შემცირება და დამხმარე ამოცანების საჭიროების გაქრობა – დღის წესრიგში სწორედ მას შემდგომ დგება/დროში ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც განმცხადებელი ხელისუფლების ქმედებებთან მიმართებით კრიტიკული პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებას აქტიურად იწყებს,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის მოკვლევაში.
სახალხო დამცველი მიმოიხილავს ზოგად კონტექსტსაც. კერძოდ, 2024 წლის დეკემბრის თვიდან არა ერთმა საჯარო მოხელემ თუ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულმა პირმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებისა თუ პეტიციებზე [ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე შეჩერებაზე,საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით] ხელმოწერის გამო – შრომითი ურთიერთობა შეუწყდათ. გათავისუფლებულები შრომითი ურთიერთობის დასრულების საფუძვლად უმეტესწილად ხელშეკრულების ვადის გასვლასა და რეორგანიზაციას მიუთითებენ.
მიუხედავად იმისა, რომ, ფორმალურად, შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა კანონით განსაზღვრულ საფუძვლებს ეფუძნება, შემთხვევების რაოდენობა, ქრონოლოგიური თანმიმდევრობა და საერთო მახასიათებლები დასაქმებულთა სისტემური დისკრიმინაციის ეჭვს აჩენს.
„გარემოებების ერთობლიობა სახალხო დამცველს აფიქრებინებს, რომ რეალურად, განმცხადებელთან [თამარ ლომაძესთან] შრომითი ურთიერთობის დასრულებაც, შესაძლოა, მიზანმიმართულ, პოლიტიკურად ან სხვა მოტივით ნაკარნახევ, ინსტიტუციური წმენდის ფარგლებში ექცეოდეს,“ – ვკითხულობთ მოკვლევაში.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საჯარო სამსახურში გამოხატვის თავისუფლების დაცვის მნიშვნელობას და მოპასუხეს განუმარტავს, რომ პოლიტიკურ თუ სხვა საკითხზე ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციის გამო პირთა სამსახურიდან გათავისუფლება ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და საფრთხეში აგდებს დემოკრატიული ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას.
ამასთან, საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც დისკრიმინაციული მოპყრობის მიმართულებით საფუძვლიან ეჭვს ქმნის, სახალხო დამცველი მოპასუხეს [თინათინ ზოიძეს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელს] მოუწოდებს, მხედველობაში მიიღოს ზემოაღნიშნული შეფასებები და შრომით ურთიერთობებში მონაწილეობისას თავი შეიკავოს იმგვარი პრაქტიკისგან, რაც დასაქმებულთა კრიტიკული გამოხატვის გამო ანგარიშსწორების მცდელობად შეიძლება იყოს აღქმული. არსებითია, რომ შრომითი ურთიერთობის გაგრძელებასთან ან/და შეწყვეტასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ობიექტურ, სამუშაო პროცესთან დაკავშირებულ საჭიროებებს ეფუძნებოდეს და არა დასაქმებულის მიერ გამოხატულ პოზიციას.
ამავე თემაზე:
„მკითხეს, კიდევ ვივლიდი თუ არა აქციებზე“ – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომელი






