მაჭახელას თოფის ისტორია

თუ მდინარე ჭოროხისა და მაჭახელას შესართავიდან მარცხნივ გადაუხვევთ და მაჭახლის ხეობას შეუყვებით, გზად ერთი უცნაური ძეგლი შეგხვდებათ – მაჭახლის ხეობის მცხოვრებლებმა მაჭახელას თოფს ძეგლი დაუდგეს. აჭარაში კაჟ-ჩახმახიან თოფებსა და დამბაჩებს რამდენიმე ადგილას ამზადებდნენ, თუმცა თოფით განთქმული იყო მაჭახლის ხეობა. მაჭახელას თოფი მაჭახლის ხეობაში არსებულ სამჭედლოებში მზადდებოდა. სამჭედლოები სოფლებში იყო განთავსებული. ხელობის მემკვიდრეობით გადაცემა მამიდან შვილზე ჩხუტუნეთში დღემდე შემორჩენილი პრაქტიკაა. მაჭახლის ხეობაში განთქმული მჭედლები იყვნენ ნაგერვაძეები, ძნელაძეები და ქავთარაძეები.

„თოფი 30-40 მეტრის მანძილზე ისროდა. უფრო მეტად საფანტით გამოიყენებოდა. ლულიდან ჯერ ჩაყრიდნენ დენთს, მერე საფანტს, კონდახთან იდებოდა კაფსოლი, მერე დასხლეტდნენ და თოფი გავარდებოდა,“ – იხსენებს ზემო ჩხუტუნეთელი ვასო ძნელაძე.

ვასო ძნელაძე

ზემო ჩხუტუნეთი ზუსტად ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტი სამჭედლო იყო და სადაც „დაიბადა“ მაჭახელას თოფი.

მაჭახლის ხეობაში მცხოვრები დავით ძნელაძე მაჭახელას თოფის ისტორიას საგვარეულო ფესვებში იკვლევს. მისი თქმით, კაჟიანი მაჭახელა თოფი სოფელ ზედა ჩხუტუნეთელმა სალიხ ძნელაძემ გამოიგონა, უსტა სალიხად წოდებულმა.

„თოფი მაჭახელა რომ სალიხ ძნელაძემ გამოიგონა, ამას ადასტურებს ზედა ჩხუტუნეთში მცხოვრები ხანდაზმული ხალხი. ახლა ხან ქავთარაძეს ამბობენ, ხან ნაგერვაძეს და სხვებს, მაგრამ მე უფრო სალიხ ძნელაძის გამოგონებული მგონია. ხალხი ხომ ტყუილად არ დააბრალებდა თოფის გამოგონებას. ზოგიც ამბობს, რომ ძნელაძემ თოფი მოიგონა და ქავთარაძემ დენთიო. ძნელიეთში დღემდეა შემორჩენილი სალიხის შთამომავლების მიერ გაკეთებული სამჭედლო,“ – ამბობს დავით ძნელაძე.

მაჭახლის ხეობაში მოგზაურობის დროს იმ სამჭედლოს სანახავად წავედით, სადაც ადრე თოფს ამზადებდნენ. სოფელ ზემო ჩხუტუნეთში იმ უბანს, სადაც ადრე სამჭედლო იყო, ძნელიეთს ეძახიან. სამჭედლო ძნელაძეებს ეკუთვნოდათ. სოფელში ასულებს სამჭედლო დანგრეული დაგვხვდა.

„თოვლის სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩემმა ქმარმა დაანგრია, მაგრამ აღვადგენთ აუცილებლად,“ – გვითხრა ძნელაძეების ოჯახის რძალმა ნათელა დუმბაძემ.

გრდემლი, რომელზეც მაჭახელას თოფი იჭედებოდა
გრდემლი, რომელზეც მაჭახელას თოფი იჭედებოდა

ზუსტი, დადასტურებული ცნობები, თუ როდის დაიწყო მაჭახლის ხეობაში იარაღის დამზადება, არ მოიპოვება. სხვადასხვა ისტორიული ცნობებით, მაჭახლის ხეობაში მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში იარაღის წარმოება უკვე კარგად იყო განვითარებული.

ფრანგი მოგზაური ჟან მურიე, რომელმაც მე-19 საუკუნის ბოლოს იმოგზაურა აჭარაში წერს, რომ ქედის ბაზრობაზე მოსახლეობას მაუდის, კარაქის, ხილისა და სხვადასხვა ნაწარმთან ერთად გასაყიდად ჰქონდათ გამოტანილი თოფის ლულები.

სხვადასხვა ცნობით, მე-19 საუკუნის 80-იან წლებში მაჭახლის ხეობაში სამხედრო იარაღის 30-მდე მჭედელი ყოფილა. თოფი მაჭახელა ცნობილი იყო მთელს კავკასიაში და ყირიმში დამზადებულ თოფზე წინაც მდგარა. მაჭახელა თოფი პოპულარული იყო იმერეთში, ფშავსა და გურიაში. მას შემდეგ, რაც ოსმალებმა დაიპყრეს აჭარა, მაჭახელას თოფით დაინტერესდნენ იმპერიის დიდგვაროვნები და ამბობენ, რომ სტამბოლში ბევრი ფაშის სახლში შეიძლებოდა მაჭახელას თოფის ნახვა.

მაჭახლის ხეობაში დამზადებული იარაღი მთელს ოსმალეთის იმპერიაში რომ იყო განთქმული, ამას ზაქარია ჭიჭინაძეც ადასტურებს. „იარაღებში „მაჭახელა“ პირველობდა, ოსმალეთში ყველამ იცოდა მაჭახლური იარაღის მნიშვნელობა. იმიტომ ქებით მოიხსენიებდნენ მაჭახლურ იარაღს მოშაირენი და მელექსენი. შაირებში თურმე ასე იტყოდნენ: „მაჭახელა“ ან „სტამბული“ ე.ი. იარაღი ან მაჭახლის ხეობის უნდა იყოს, ან სტამბოლისაო“, – წერს ჭიჭინაძე.

მაჭახელას თოფის დამზადების ისტორია მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნოდარ კახიძეს აქვს შესწავლილი. მის მიერ მოკვლეული ინფორმაციით, თოფებსა და დამბაჩებს ამზადებდნენ მაჭახლის ხეობის შემდეგ სოფლებში: ზედა ჩხუტუნეთში, ხერთვის-ქავთარეთში, ეფრატსა და ზედავაკეში. განსაკუთრებით კარგი ხარისხის იარაღს ამზადებდნენ ზედა ჩხუტუნეთსა და ქავთარეთში. ზედა ჩხუტუნეთში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში იარაღის დამზადების კარგი ოსტატები ყოფილან მამა-შვილი და შვილიშვილი ლომან (უსტა ლომან), ხასან (უსტა ხასან) და ახმედ (უსტა ახმედი) ნაგერვაძეები, უსტა ახმედის ხუთი შვილიც მეიარაღე-მჭედელი ყოფილა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ზედა ჩხუტუნეთში ასევე საჩიტე ანუ ფილთა თოფებსაც აკეთებდნენ. იარაღის ოსტატები ყოფილან ეშრეფ უსტა ნაგერვაძე და ყადირ უსტა ძნელაძე. ხერთვის-ქავთარეთში ცნობილი იარაღის მჭედლები ყოფილან ქავთარაძეები, სოფელ გორგაძეთში კი – გორგაძეები.

მაჭახლის ხეობის იარაღის მჭედლები ძირითადად ორი სახის იარაღს ამზადებდნენ – თოფხანეს და ნალფარას. თოფხანე მოსევადებული იყო ვერცხლითა და ძვლით. გადმოცემით თოფებსა და დამბაჩებს ოქრო-ვერცხლითაც ასევადებდნენ. თოფხანე თოფს ხრახნილი ლულსა ჰქონდა, რაც ხელს უწყობდა შორს და მიზანში სროლას. რაც შეეხება ნალფარა თოფს, მისი ლულა ხრახნილის გარეშე მზადდებოდა. ადგილზე ამზადებდნენ დენთსა და საფანტს, ტყვია კი, შემოჰქონდათ.

თოფისა და დამბაჩის ფასსაც შესაბამისად ლულის, ჩახმახის და კონდახის მორთულობა განსაზღვრავდა. რუსი სამხედრო კორესპონდენტის ლისოვსკის ცნობით, მაჭახელში დამზადებული თოფხანე 75 მანეთი ღირებულა, ნალფარა თოფი კი – 20 მანეთი.

თოფისა და დამბაჩის ლულები მზადდებოდა სპეციალურ დაზგაზე, რომელსაც „თოფის ჩარხი“ ერქვა. დამზადებული ლულა იხარშებოდა შაბნარევ წყალში, რისთვისაც იყენებდნენ სპილენძის გრძელ ცილინდრისებურ საგანგებო ჭურჭელს, რომელსაც ყუბური ეწოდებოდა. გამოხარშული თოფის ლულა ბზინვარებას იძენდა და დაჟანგვისაგან იცავდა მათ.

იარაღის სამჭედლოში, როგორც წესი, ორი ან სამი მჭედელი მუშაობდა. ერთ-ერთი აუცილებლად იყო უსტაბაში, ანუ მთავარი ოსტატი. მეორე-მესამე დამხმარეებად ითვლებოდნენ. თოფის დამზადების მთლიანი პროცესი უსტაბაშის მითითებით და მეთვალყურეობით მიმდინარეობდა. მეიარაღეები, მჭედლები საზოგადოებაში დიდი პოპულარობითა და პატივისცემით სარგებლობდნენ.

ცეცხლსასროლი იარაღის დამზადება მე-19 საუკუნის ბოლოს აჭარაში შემცირდა, ბოლოს კი, შეწყდა. იარაღის დამზადების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი საუკეთესო ხელოსნების მუჰაჯირად წასვლაც იყო. ამასთან საქართველოში უკვე ხელმისაწვდომი გახდა ინგლისური, ფრანგული, ბელგიური და რუსული წარმოების იარაღი. თან ეს იარაღი, გაცილებით იაფი ღირდა, ვიდრე მაჭახლის ხეობაში დამზადებული.

მაჭახელას თოფის ძეგლი ხეობის შესასვლელში
მაჭახელას თოფის ძეგლი ხეობის შესასვლელში

მაჭახლის ხეობაში დამზადებული მაჭახელა თოფის ერთი ეგზემპლარი დღეისათვის ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება. თოფი 1881 წელს მარადიდში მცხოვრებ მაიორ ახმედ ეფენდი ხალვაშს უჩუქებია გურიის ქვეითი რაზმის უფროსისთვის, პოლკოვნიკ ერმალო ნიჟარაძისთვის. თოფი, ხანჯალთან ერთად, ერმალო ნიჟარაძემ 1919 წელს გადასცა მუზეუმს.

მაჭახლის ხეობაში მე-19 საუკუნის ბოლო წლებში არაერთმა ქართველმა მკვლევარმა იმოგზაურა. მკვლევარები წერდნენ, რომ ხეობის მკვიდრნი გარდა იმისა, რომ საუკეთესო იარაღს ამზადებდნენ, საუკეთესოდ ფლობდნენ კიდეც. ძველად მაჭახლის ხეობის მცხოვრებნი იშვიათად თუ გამოვიდოდნენ სახლიდან იარაღის გარეშე. ბავშვებს შვიდი წლის ასაკიდან ასწავლიდნენ იარაღის ხელში დაჭერას. იარაღის სიყვარული მაჭახლის ხეობაში დღემდე შემორჩა. დღეს მაჭახლელები, მართალია, მაჭახელა თოფით ვეღარ, მაგრამ საბჭოური წარმოების იარაღებით იწონებენ თავს.

რა განათლებას მიიღებენ ქედის ზრდასრულთა ცენტრში

„ზრდასრულთა განათლების ცენტრში“ პირველ ეტაპზე სამი სასწავლო კურსი იფუნქციონირებს. როგორც ცენტრის დირექტორი გიორგი აბულაძე ამბობს, სამომავლოდ შესაძლოა სასწავლო კურსი სხვადასხვა სფეროს მიმართულებით დაემატოს. მისი თქმით, კონკრეტული კურსის დამატებას მოთხოვნა განაპირობებს, შესამისად ის სასწავლო კურსი დაემატება ცენტრს, რასაც მოსახლეობა მოითხოვს.

 

ზრდასრულთა განათლების ცენტრი ქედის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პარტნიორობით მოეწყო და ის აჭარის მასშტაბით პირველი ცენტრია.

 

„DVV International-მა გამოაცხადა კონკურსი, პროექტის ფარგლებშიც ზრდასრულთა განათლების ცენტრი უნდა მოწყობილიყო. როგორც ვიცი, კონკურსში 25-მდე ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა, აჭარაში „დემოკრატიის ინსტიტუტი“ შეირჩა, სწორედ მისი დახმარებით მოეწყო ქედაში ზრდასრულთა განათლების ცენტრი.

 

ცენტრი გავხსენით და კონკურსით შეირჩა სამი ტრენერი. ამ დროისთვის მსმენელების მიღება გვაქვს გამოცხადებული. ასაკი არ არის შეზღუდული, ნებისმიერ მსურველს მივიღებთ. გარდა სასწავლო კურსისა, მოვაწყვეთ ახალგაზრდული ოთახი, სადაც ახალგაზრდებს კომპიუტერთან, ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა აქვთ, ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა დაგეგმონ პროექტი, მოაწყონ კინოჩვენებები. ეს იქნება როგორც ახალგაზრდებისთვის საკუთარი თავის რეალიზების ადგილი, ასევე ცენტრი, სადაც ადამიანები დამატებით საქმეს შეისწავლიან“, – ამბობს გიორგი აბულაძე.

 

„ზრდასრულთა განათლების ცენტრში“ მეფუტკრეობის კურსით მსმენელები თეორიულ სწავლებასთან ერთად საფუტკრე მეურნეობებში იმუშავებენ.

 

ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში სასწავლო კურსის ღირებულების 95%-ს ორგანიზაცია დაფარავს, 5% კი, მსმენელებისთვის დაწესებული მინიმალური თანხით შეივსება.

 

ცენტრში კომპიუტერის გამართვის, საოფისე პროგრამების, ხელსაქმისა და სუვენირების დამზადების სასწავლო კურსის ხანგრძლივობა სამი თვეა. რაც შეეხება მეფუტკრეობას, ამ მიმართულებით დაინტერესებულები ექვსი თვის განმავლობაში ისწავლიან.
DVV International-გერმანული ორგანიზაციაა და მას გერმანიის მთავრობა აფინანსებს. ორგანიზაცია ზრდასრულთა განათლების სფეროში, განვითარებასა და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში 40 წელია ახორციელებს.

დამატებითი კრედიტები სტუდენტებს უნივერსიტეტში

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თამთა ქათამაძემ უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე 2010 წელს ჩააბარა. წესით, 2014 წელს მას უკვე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა აეღო, თუმცა ეს ვერ შეძლო. თამთა ამბობს, რომ ინგლისურში კრედიტები სრულად ვერ აითვისა. ამის გამო თამთას დამატებით სამი ახალი საგნის კრედიტების ათვისება მოუწევს. გაიზარდა ინგლისურის კრედიტების რაოდენობაც.

 

„ჩავაბარე სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. მოგვიანებით სამართალმცოდნეობა ცალკე ფაკულტეტად ჩამოყალიბდა. ყველა საგანი, რაც იყო პროგრამით გათვალისწინებული გავიარე და მქონდა მხოლოდ ინგლისური დარჩენილი. ავიღე დამატებით ერთი სემესტრი. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ინგლისურის გარდა კიდევ სამი ახალი საგნის კრედიტები უნდა ავითვისო. თუ ჩემმა თანაკურსელებმა ძველი პროგრამით აიღეს დიპლომი, მე მიწევს მათზე მეტი კრედიტები გავიარო,“ – ამბობს თამთა.

 

იმისთვის, რომ ამა თუ იმ ფაკულტეტის სტუდენტმა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღოს, სასწავლო პერიოდის მანძილზე (4 წელი) 240 კრედიტი უნდა დააგროვოს.

 

უმაღლესი განათლების შესახებ კანონის შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება და შინაგანაწესი.

 

თამთა ამბობს, რომ მან სრულად აითვისა ყველა კრედიტი, რაც იყო პროგრამით გათვალისწინებული და ვერ ხვდება, რატომ აიძულებს უნივერსიტეტი დამატებითი კრედიტების ათვისებას.

 

„როდესაც დეკანს დავუსვი კითხვა, თუ რატომ უნდა ამეღო სამი ახალი საგანი, მითხრა ახალი პროგრამააო. თუ გინდათ ლეგიტიმური იყოს დიპლომი, უნდა გაიაროო. კითხვაზე – რა პროგრამაა ასეთი, რომ რეალურად რაც დამრჩა, იმ საგანს მიმატებთ ციდან ჩამოვარდნილ სამ საგანს, „ახალი პროგრამაა, ახალი პროგრამაა“, – იყო პასუხი. სხვა გზა რადგან არ მქონდა, გადავიხადე ამ კრედიტების საფასური – 525 ლარი. ახლა აღმოჩნდა, რომ ინგლისური თუ ადრე 20-კრედიტიანი იყო, 25 გახდა და ამაშიც დამატებით თანხა უნდა გადავიხადო. ვერავინ მიხსნის რა პროგრამაა, რატომ უნდა გავიარო, მინიმუმ უსამართლობაა, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,“ – ამბობს თამთა ქათამაძე.

 

თამთას გარდა ამ პრობლემის წინაშე იურიდიული ფაკულტეტის სხვა სტუდენტებიც დგანან. იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ადამ მახარაძე შექმნილ სიტუაციას ასე განმარტავს:

 

„იურიდიული ფაკულტეტი ადრე გაერთიანებული იყო სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. ამ გარემოების გათვალისწინებით პირველ წელს, პირველ სემესტრში, ჩარიცხული სტუდენტები სწავლობდნენ ისეთი ტიპის საგნებს, როგორიც იყო, მაგალითად, ეკონომიქსი, საერთაშორისო ურთიერთობები და ფსიქოლოგია. ყველა ეს საგნები იყო ხუთ-ხუთკრედიტიანი. შემდეგ, როდესაც გამოიყო ფაკულტეტი, გარკვეული სახეცვლილება ჩვენმა პროგრამამ განიცადა. კერძოდ, ისეთი საგნები, როგორიცაა: ეკონომიქსი და საერთაშორისო ურთიერთობები ამოვიღეთ, ფსიქოლოგიის კრედიტები კი, შემცირდა. ამასთან ჩაემატა ისეთი ტიპის საგნები, რომლებიც იყო იურისტისთვის აუცილებელი. ასევე გაიზარდა ინგლისური ენის კრედიტები და ავიდა 25 კრედიტზე. სტუდენტებმა, რომლებმაც 2013-2014 სასწავლო წელს დაასრულეს უნივერსიტეტი, მათ დაასრულეს ძველი საგანმანათლებლო პროგრამით. იმ სტუდენტებს, რომლებმაც ოპტიმალურ ვადაში ვერ დაასრულეს უნივერსიტეტი, აკადემიურმა საბჭომ მისცა საშუალება, ერთი სასწავლო წლით მათი სასწავლო პროცესი გახანგრძლივებულიყო. ახლა, როდესაც ისინი დაასრულებენ უნივერსიტეტს, კვალიფიკაცია უნდა მივანიჭოთ 2014-2015 წელს მოქმედი პროგრამის შესაბამისად“.

 

კითხვაზე, აღნიშნული ცვლილებით ხომ არ დგებიან სტუდენტები არათანაბარ პირობებში იმ სტუდენტებთან შედარებით, რომელთან ერთადაც ჩაირიცხნენ უნივერსიტეტში, ადამ მახარაძე პასუხობს: „2013-2014 წელს ვინც დაასრულა, ისინი აღარ არიან მათი თანაკურსელები. მათი კურსელები არიან 2014-2015 წლებში ვინც დაასრულებს, ისინი. ისინი ვალდებულნი იყვნენ, მათი საგანმანათლებლო პროგრამა როდესაც ამოიწურა, მაშინ დაესრულებინათ უნივერსიტეტი. არ უნდა ჰქონოდათ დავალიანება, ასევე თავის დროზე უნდა გადაეხადათ თანხა. სხვა შემთხვევაში ისინი უნდა გარიცხულიყვნენ უნივერსიტეტიდან. აკადემიურმა საბჭომ დაუშვა გამონაკლისი და ერთი სასწავლო წლის ვადით გაუხანგრძლივა სწავლა. სასურველია სტუდენტმა, რომელ პროგრამასაც გადის, ოპტიმალურ ვადაში დაასრულოს ის“.

გსურთ გახდეთ კვალიფიციური ექიმი და გაიაროთ რეზიდენტურა ამერიკაში?

გულიკო მაისურაძე, რომლის აბიტურიენტი შვილი სამედიცინოზე ჩაბარებას გეგმავს, მიიჩნევს, რომ საქართველოში მიღებული უმაღლესი სამედიცინო განათლების ხარისხი ამერიკულ ან ევროპულ სტანდარტს ბევრად ჩამორჩება. მისი აზრით, სტუდენტი, რომელიც უმაღლესი სამედიცინო განათლების პირველ ეტაპს საქართველოში გადის, არ არის მზად იმისთვის, რომ რეზიდენტურაში სწავლის გაგრძელება ამერიკაში შეძლოს.

“იქ სხვანაირი სწავლებაა და სულ სხვა დონის მომზადებაა, რაც გინდა კარგად ისწავლოს აქ სტუდენტმა, იქაურს კონკურენციას ვერ გაუწევს”, – ამბობს გულიკო მაისურაძე.

მის მსგავსად შესაძლოა ბევრი ფიქრობს, თუმცა საწინააღმდეგოზე მეტყველებს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის იმ კურსდამთავრებულების რაოდენობა, რომლებმაც რეზიდენტურაში სწავლა ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში გააგრძელეს. ბოლო 10 წლის განმავლობაში,  60-მდე კურსდამთავრებულმა ჩააბარა სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდა და რეზიდენტურაში სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელა.

 

 

დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის, იგივე უმაღლესი სამედიცინო სკოლა “აიეტის” სწავლების გამოცდილება და შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ამერიკული სტანდარტის შესაბამისი სამედიცინო განათლების მიღება შესაძლებელია. ამას უნივერსიტეტის ორიგინალური და აშშ-ს ექიმთა სალიცენზიო საგამოცდო ცენტრის მოთხოვნების მიხედვით შედგენილი სასწავლო პროგრამა უზრუნველყოფს.

ეს პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ისწავლონ ინგლისურ ენაზე და იმ სახელმძღვანელოებით, რომლითაც ამერიკის უნივერსიტეტების უმაღლეს სამედიცინო სკოლებში სწავლობენ. მათ რეალური შანსი აქვთ, სწავლის პერიოდშივე ჩააბარონ ამერიკის ექიმთა სალიცენზიო გამოცდები (USMLE) და რეზიდენტურა აშშ-ს წამყვან კლინიკებში გაიარონ.

USMLE  რამდენიმე ნაწილისგან შემდგარი სამედიცინო პროფესიული გამოცდაა, რომლის ჩაბარებაც აუცილებელია იმისთვის, რომ კურსდამთავრებულს აშშ-ში სარეზიდენტო პროგრამის გავლის და ექიმად მუშაობის უფლება მიეცეს.

 

სასწავლო პროგრამა

როგორც უნივერსიტეტის რექტორი ლევან ტვილდიანი ამბობს, აკადემიური პროგრამის ორიგინალობა ისაა, რომ ის სისტემებზეა ორიენტირებული. ეს ნიშნავს, რომ სტუდენტები სხვადასხვა საგნებს არა დამოუკიდებლად, არამედ ადამიანის ორგანიზმის რომელიმე სისტემის, მაგალითად, სასუნთქი სისტემის მიხედვით სწავლობენ.

“თუ სწავლების საბჭოური სქემით, პირველ ან მეორე კურსზე სტუდენტი გადიოდა ანატომიას, ჰისტოლოგიას, პათოლოგიას და სხვა, ჩვენს პროგრამაში ყველა ეს საგანი თანმიმდევრულად არის დალაგებული კონკრეტული სისტემის ჭრილში. ხომ არსებობს სხვადასხვა სისტემა ადამიანის ორგანიზმში – გულსისხლძარღვთა სისტემა, კუჭნაწლავის სისტემა, სასუნთქი სისტემა და ასე შემდეგ. სწავლება აგებულია სწორედ ამ სისტემების მიხედვით. სტუდენტს, რომელიც ამ მოდულს გადის, წარმოდგენა აქვს ამა თუ იმ სისტემაზე ყველა ფუნდამენტალური საგნის თვალთახედვით – სულ სხვანაირად ალაგებს და იძენს სტუდენტი ცოდნას ასეთ შემთხვევაში”, – ამბობს უნივერსიტეტის რექტორი.

საბაზისო სამედიცინო განათლება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 6 წლიანია (ერთსაფეხურიანი, წყვეტის გარეშე) და ამ პროგრამის გავლის შემდეგ, სტუდენტს დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი ენიჭება, რომელიც უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, გათანაბრებულია მაგისტრის ხარისხთან. ამ 6 წლის განმავლობაში, “აიეტის” სტუდენტი, გარდა იმისა, რომ საერთაშორისო სტანდარტის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას იღებს, ის ასევე თანმიმდევრულად ემზადება ამერიკის ექიმთა სალიცენზიო გამოცდებისთვის (USMLE) და  სურვილის შემთხვევაში, გამოცდებს ეტაპობრივად აბარებს კიდეც.

“პირველი 2,5 წლის დასრულებისა და საბაზისო საგნების გავლის შემდეგ, თუ სტუდენტმა წარმატებით ჩააბარა შიდა შემაჯამებელი გამოცდები, მას უკვე უფლება აქვს, მიმართოს ამერიკის საგამოცდო ცენტრს გამოცდის პირველი საფეხურისთვის. მომდევნო 2,5 წლის თავზე, კლინიკური სწავლების ნაწილის დასრულების შემდეგ, შეუძლია უკვე მეორე საფეხურისთვის მიმართოს. ასე რომ,  ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა სრულ შესაბამისობაშია ამერიკულ სისტემასთან”, – განმარტავს ლევან ტვილდიანი.

იმისთვის, რომ სტუდენტებს USMLE-ის გამოცდების ჩაბარება ტექნიკურადაც გაუადვილონ, მიმდინარე სასწავლო წლიდან “აიეტში” დამატებით ამ გამოცდების მოსამზადებელი კურსებიც აამოქმედეს, სადაც სტუდენტებს გამოცდის ანალოგიური ტესტების გამოყვანაში ამეცადინებენ. USMLE-ის მოსამზადებელი კურსები უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის უფასოა. მენტორობას სტუდენტებს ის კურსდამთავრებულები უწევენ, რომლებსაც თვითონ წარმატებით აქვთ ჩაბარებული ეს გამოცდები.

 

დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი

დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი

 

წიგნები და ლიტერატურა

 

USMLE-ის მოსამზადებელ კურსებზე, ისევე, როგორც სწავლების პროცესში ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოები და ლიტერატურა გამოიყენება. ლევან ტვილდიანი ამბობს, რომ თანამედროვე ლიტერატურის შეძენის საკითხი დღის წესრიგში თავიდანვე დადგა, როცა მიზნად განათლების ამერიკული სტანდარტებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილება დაისახეს.

“შეუძლებელი იყო რუსულენოვანი ან ქართულენოვანი საბჭოური ლიტერატურით გვესწავლებინა და სტუდენტს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნა მიეღო. აქედან გამომდინარე, სასწავლო-ლიტერატურული ბაზა – ბიბლიოთეკა, ძირითადად, (90 პროცენტზე მეტი), ამერიკული, ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოებით დაკომპოლექტდა. ეს ის სახელმძღვანელოებია, რომლითაც სწავლობენ თვითონ ამერიკელი სტუდენტები”, – ამბობს ტვილდიანი.

 

ხანმოკლე გაცვლითი პროგრამები

ტვილდიანის უნივერსიტეტში არსებობს პრაქტიკა, როცა 6 წლიანი სწავლის პერიოდში სტუდენტები ხანმოკლე სასწავლო აკადემიური მივლინებით (მაქსიმუმ ერთი სემესტრით) უცხოეთის უნივერსიტეტებსა და კლინიკებში მიდიან. მათ შორისაა:
აშშ-ში – მეიოს კლინიკა (როჩესტერი, არიზონა), მიჩიგანის საუნივერსიტეტო კლინიკა (მიდლენდი, მიჩიგანი), კლივლენდის კლინიკა (ოჰაიო), ემორის კლინიკა (ატლანტა, ჯორჯია).
ევროპაში: ზაარლენდის საუნივერსიტეტო კლინიკა (ჰომბურგი, გერმანია), რეხტს დერ ისარის კლინიკა (მიუნხენი, გერმანია), ბავშვთა და მოზარდთა კლინიკა (დატელნი, გერმანია), კლაიპედას საუნივერსიტეტო კლინიკა (ლიტვა);
თურქეთი – აიდამანის საუნივერსიტეტო კლინიკა.

გარდა ამისა, სტუდენტებს თვითონაც შეუძლიათ მოიძიონ სხვა გაცვლითი პროგრამები, რაშიც სასწავლებელი ყველა დაინტერესებულ სტუდენტს ხელს უწყობს.

 

შეღავათები

იმ სტუდენტებს, რომლებიც “აიეტის” შიდა სასელექციო გამოცდას წარმატებით აბარებენ, რაც იმის გარანტიაა, რომ ისინი USMLE-ის გამოცდებსაც დაძლევენ, უნივერსიტეტი მათ ამ გამოცდების ჩაბარების საფასურს უხდის. USMLE-ის გამოცდების ჩაბარება ფასიანია და თითოეული საფეხური 1200 აშშ დოლარი ღირს.

გარდა ამისა, “აიეტს” დაწესებული აქვს შეღავათები სწავლის გადასახადთან მიმართებაშიც. იმის მიხედვით, როგორია სტუდენტის საბოლოო შეფასება სემესტრის ბოლოს, მას შესაძლოა შეეხოს 75%-იანი, 50%-იანი და 25%-იანი შეღავათი სწავლის გადასახადზე.

 

სწავლა “აიეტში” მარტივი არ არის

უნივერსიტეტის რექტორი ამბობს, რომ სასწავლო პროგრამის მაღალი სტანდარტი, ერთი მხრივ ძალიან მიმზიდველია მომავალი ექიმებისთვის, თუმცა, მეორე მხრივ, სწავლა “აიეტში” ადვილი არ არის, რადგან ლექტორები მაქსიმუმს ითხოვენ და მიდგომა სტუდენტის შეფასების მიმართ “უშეღავათო და უკომპრომისოა”.

“ჩვენმა სტუდენტებმა იციან, რომ ჩვენ ყველანაირად ხელს ვუწყობთ სწავლის პროცესში, ათვისების პროცესში და ასე შემდეგ, მაგრამ დაუმსახურებელ შეფასებას ისინი ვერ მიიღებენ. სხვა შემთხვევაში, თუ ეს პრინციპი დაირღვა, ფასი დაეკარგება ჩვენს მუშაობას. ცოდნას არავის ვუკარგავთ, ძალიან დეტალურად გვაქვს გაწერილი შეფასების ქულობრივი სისტემა, ამაში შედის დასწრება, ყოველდღიური აქტივობა, ზეპირი ჩათვლები, ტესტური ჩათვლები, შემაჯამებელი გამოცდა –  ყველა ესენი კომპონენტებად შედის საბოლოო ნიშანში. მაგრამ თუ სტუდენტი ზარმაცობს, აცდენს და სათანადო შრომას არ ეწევა ამ პროგრამის ათვისებისთვის, ეს რა თქმა უნდა, მის შეფასებაზე აისახება”, – ამბობს ლევან ტვილდიანი.

“აიეტში” ქართველებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც სწავლობენ. ლევან ტვილდიანის თქმით, გარდა იმისა, რომ მათი კურსდამთავრებულების უმრავლესობა წარმატებით აბარებს სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდებს და კვალიფიკაციას ამერიკაში და ევროპის ქვეყნებში იმაღლებს, კურსდამთავრებულებზე საქართველოშიც დიდი მოთხოვნაა და არცერთი მათგანი დაუსაქმებელი არ რჩება.

 

დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი

დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი

 

ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი:

  • შესულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამედიცინო ცნობარში (WHO AVICENNA Directory for medicine)

  • უნივერსიტეტი სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (Word Federation for Medical Education – WFME), ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (Association for Medical Education in Europe – AMEE), ევროპის უმაღლესი სამედიცინო სკოლების ასოციაციის (Association of Medical Schools in Europe – AMSE) და  ევროპულ სისტემაში ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო განათლების ორგანიზაციის (ORPHEUS – Organization for PhD Education in Biomedicine and Health Sciences in the European System) წევრია.

 

 

დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი

დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი

 

ცხრა ეკომიგრანტ ოჯახს სახლები შეუძინეს

 

 

ეკომიგრანტებისთვის სახლების შეძენა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, რეგიონალური განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს შორის 2014 წლის თებერვალში გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში მოხდა.

 

 ამ ეტაპისთვის, ერთი სახლი შუახევიდან წამოსული ეკომიგრანტი ოჯახისთვის არის შეძენილი, რვა სახლი კი ხულოდან მიგრირებული ოჯახებისთვის.

 

საგრანტო ხელშეკრულების IV – მუხლის ,,ბ“- ქვეპუნქტი ბენეფიციართა განსახლებისათვის საჭირო ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვასაც ითვალისწინებს. თითოეულ ბენეფიციარი ოჯახი ტრანსპორტირებისთვის სარეზერვო ფონდიდან 1 500 ლარს მიიღებს. სამთავრობო კომისიის რეკომენდაცია დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში წარედგინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს.

 

ინფორმაციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.  

 

კომისიის სხდომა

300 ათასი ლარი ძირკვაძეების სკოლის რეაბილიტაციისთვის

 

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების შესრულების და საავანსო გარანტიის (მისი წარმოდგენის შემთხვევაში) მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. გამარჯვებულთან დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი განისაზღვრება 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით სკოლის რეაბილიტაცია უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის ვადაში. სამუშაოების შესრულების დროდ ითვლება ტექნიკური ზედამხდეველის მიერ დადასტურებული ინფორმაციიის სამინისტროში წარდგენის დღე.

 

შესყიდვის ობიექტის საერთო და ერთეულის ფასი უნდა მოიცავდეს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებულ პრეტენდენტის ყველა სავარაუდო ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. 

ტყის ინვენტარიზაცია აჭარაში – 1,6 მილიონ ლარად ჭიანჭველების ბუდეებიც დაითვლება

 

ტყის ინვენტარიზაციისთვის ტენდერია გამოცხადებული. სატენდერო პირობების თანახმად კი კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს აერო ან კოსმოსური სურათების გადაღება და ორთოფოტოების მომზადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი შეადგენს სავარაუდოთ 250 ათას ჰა-ს.

 

არეოგადაღება უნდა განხორციელდეს 25 სმ-იანი (GSD) პიქსელის ზომით, ხოლო იმ ადგილებში სადაც შეუძლებელი იქნება აეროგადაღების განხორციელება ობიექტური მიზეზების გამო (მაგალითად საზღვართან სიახლოვეს გადაღების შეუთანხმებლობა) კოსმოსური გადაღება არა უმეტეს 35-50 სმ პიქსელის ზომით;

 

გადაღება უნდა მოხდეს მინიმალური ღრუბლიანობის პირობებში 4%-ზე ნაკლები ჩრდილები. ასევე მიწაზე თოვლის, წყალდიდობის, ნისლის, მტვერის ან სხვა ეკოლოგიური ფაქტორის ასახვის გარეშე, რამაც შეიძლება შეაფერხოს მიწის ზედაპირზე ინფორმაციის შეგროვება.

 

სატყეო ფონდის სავარაუდო ფართობია 141 000 ჰა, რომლზეც უნდა განხორციელდეს საველე ინვენტარიზაცია და ტყეთმოწყობის გეგმების მომზადება მოიცავს აჭარის არ 5 მუნიციპალიტეტს;

 

გაანგარიშებიდან გამორიცხული იქნეს შემდეგი ტიპის უბნები: ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისა, ეკლესია-მონასტრებისა და სარიტუალო ადგილების მიმდებარედ არსებული; გამოყოფილი იქნას ეკოლოგიური დერეფანი;

 

გაბატონებულად ჩაითვალოს მერქნიანი სახეობა, რომელიც შეადგენს უმეტეს ნაწილს კორომის საერთო მარაგში გარდა – წაბლით, კაკლით, მუხით, ცაცხვით, თელით, ნეკერჩხლით, იფნით, უთხოვრით, პანტით, მაჟალოთი და წიფლით გაბატონებული კორომებისა, რომელთა გაბატონებისათვის საკმარისია საერთო მარაგის 40% (კორომის შემადგენელი მერქნიანი სახეობების 4 ერთეული). კორომებში თანაბარი ხვედრითი წილის შემთხვევაში გაბატონებულ სახეობად ჩაითვალოს სახეობა თანახმად ზემოთ მოცემული ჩამონათვალის თანმიმდევრობისა.

 

იმ მერქნიანი სახეობების კორომში გაბატონებისათვის, რომლებიც არ შედიან აღნიშნულ ჩამონათვალში მიღებული იქნეს შემდეგი თანმიმდევრობა: ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, რცხილა, არყი, თხმელა, ვერხვი, ტირიფი და სხვა;

 

წითელ ნუსხაში შეტანილი მერქნიანი სახეობების გავრცელების ზონების გამოვლენა- დადგენა; ხელუხლებელი კორომების გამოვლენა-დადგენა; სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობების თვალსაზრისით, ტერიტორიები დაიყოს მისადგომ, ძნელად მისადგომ და მიუდგომელ უბნებად;

 

ტყის მავნებლებისა და დაავადებების კერების გამოსავლენად სატყეო უბნის ტერიტორიაზე განხორციელდეს სპეციალური სატყეო პათოლოგიური გამოკვლევები. სათანადო ანალიზის საფუძველზე დაიგეგმოს ბრძოლის ღონისძიებები;

 

ტყის ბუნებრივი განახლების მსვლელობის შესწავლა და მასზე საქონლის არარეგულირებული ძოვების უარყოფითი ზეგავლენის საკითხი. დაპროექტდეს შესაბამისი ღონისძიებები; ყურადღება მიექცეს სატყეო სამეურნეო ღონისძიებების დანიშვნისას სოფლის

მიმდებარედ არსებულ ფართობებს, ეგრედ წოდებულ საფარ ტყეებს;

 

ამ და სხვა მოთხოვნათა პარალელურად, ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოების განხორციელების პროცესში, სამუშაოების შემსრულებელმა დამკვეთთან შეთანხმებით, ორგანიზება უნდა გაუკეთოს შეხვედრებს ადგილობრივი თვითმართველობებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან.

”დინამომ” ფანკლუბის, დუბლშემადგენლობისა და ჭაბუკთა ლიგის ტრანსპორტირებაზე ტენდერი გამოაცხადა

 

ფასების ცხრილი

 

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამგზავრო ტრანსპოტით საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმის“ დუბლშემადგენლობის, ფანკლუბისა და ჭაბუკთა გუნდების გადაყვანა ეროვნული ჩემპიონატისა და რეგიონალურ თამაშებზე საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში.

 

წინადადები მიღება 31 მარტს დაიწყება.

 

მიმწოდებელმა სატენდერო ფასების სავარაუდო ცხრილის მიხედვით ოთხი მიმართულებით უნდა უზრუნველყოს:

 

30 კაციანი დუბლ-შემადგენლობის ტრანსპორტირება

  • ბათუმი-თბილისი-ბათუმი (2 დღე) 850 ლარი – 3 მარშუტი
  • ბათუმი-ზუგდიდი- ბათუმი 340 ლარი – 1 მარშუტი
  • ბათუმი-საჩხერე-ბათუმი 600 ლარი – 1 მარშუტი
  • ბათუმი-ქობულეთი-ბათუმი 100 ლარი – 3 მარშუტი

ჯამში: 3790 ლარი

 

20 კაციანი ფანკლუბის ტრანსპორტირება

  • ბათუმი-თბილისი-ბათუმი 500 – 3 მარშუტი
  • ბათუმი-ზუგდიდი-ბათუმი 230 ლარი – 1 მარშუტი
  • ბათუმი-საჩხერე-ბათუმი 300 ლარი – 1 მარშუტი
  • ბათუმი-ქობულეთი-ბათუმი 60 ლარი – 7 მარშუტი

ჯამში: 3950 ლარი

 

20 კაციანი ჭაბუკთა ლიგის ტრანსპორტირება

  • ბათუმი-თბილისი-ბათუმი (2 დღე) 500 ლარი – 2 მარშუტი
  • ბათუმი-სამტრედია-ბათუმი 170 ლარი – 1 მარშუტი
  • ბათუმი-ზესტაფონი-ბათუმი (2 დღე) 250 ლარი – 1 მარშუტი
  • ბათუმი-ქობულეთი-ბათუმი 60 ლარი – 10 მარშუტი

ჯამში: 3020 ლარი

 

მიმწოდებელმა შემდეგ პირობები უნდა დააკმაყოფილოს:

  • მგზავრთა დროულად და უსაფრთხოდ გადაყვანა უნდა განხორციელდეს ყველა სატრანსპორტო წესების დაცვით და გათვალისწინებით
  • გასაწევი მომსახურების პერიოდის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში
  • სატრანსპორტო საშუალების მძღოლი უნდა იყოს მაღალკვალიფიციური
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს კომფორტული (გათბობა-კონდიციონერი, ტელევიზორი) და ტექნიკურად გამართული. არ უნდა იყოს გამოშვებული 2007 წლის ქვემოთ
  • მიმწოდებელს უნდა შეძლოს არანაკლებ ორი-სამი სამგზავრო ტრანსპორტის გამოყვანა, მინიმუმ 20-30 ადგილიანი (დასაჯდომი ადგილი) სატრანსპორტო საშუალება, მოთხოვნიდან 1 დღის ვადაში, რისთვისაც მიმწოდებელი 1 დღით ადრე იქნება ინფორმირებული.
  • მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ყველა სატრანსპორტო ოპერაცია და პროცედურა (სათანადო დოკუმენტაციის მომზადება, სატრანსპორტო საშუალების გამართულ მდგომარეობაში ყოფნა და ა.შ.) მგზავრთა დროულად და უსაფრთხოდ გადაყვანისათვის.

 

ბათუმის ”დინამოს” ფანკლუბი მიკრო ავტობუსით დღევანდელ მატჩზე მიემგზავრება | ფოტო: ”დინამოს” ფანკლუბის ”შავი ზღვის მეკობრეების” facebook გვერდიდან

მერიის 100 ათასიანი ტენდერი პროექტების შედგენაზე

 

ქუჩების რეკონსტრუქციის, ეზოების, ქუჩების სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტე-მის რეაბილიტაციის, ქუჩების, პარკების, სკვერებისა და მოედნების განათების და სხვადასხვა სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 15 აპრილს დაიწყება და 20 აპრილს დასრულდება.

 

ტენდერის პირობების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებული იქნება ყოველი კონკრეტული საპროექტო სამუშაოები შეასრულოს სამუშაოები კლასიფიკაციის ინსტრუქციის შესაბამისად (საუწყებო სამშენებლო ნორმები) და ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული პირობებით. რიგ შემთხვევებში დასაშვებია საბაზრო ფასების გამოყენების პრაქტიკაც;

 

საკვლევაძიებო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების დროულად და ხა-რისხიანად შესრულებისათვის მოახდინოს დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და პირებთან პროექტის საჭირო წინასწარი შეთანხმებები, გარდა სამშენებლო მოედნისა, ტერიტორიის გამოყოფის და გათავისუფლებისა, რომელიც წარმოადგენს შემსყიდველის მოვალეობას;

 

დავალების შესრულების წესი განისაზღვრება დავალების შინაარსით და ხელშეკრუ-ლების სპეციფიკური პირობებით. კონკრეტული ობიექტების პროექტების შედგენის ვადები განისაზღვრება ტექნიკური დავალებებით.

 

მომზადებული ნებისმიერი შესწავლა, ანგარიში, გრაფიკული ან სხვა სახის მასალი ეკუთვნის შემსყიდველს და რჩება მის საკუთრებაში; მიმწოდებელს არ აქვს ამ მასალების გამოყენების უფლება სხვა სამუშაოების შესასრულებლად შემსყიდველის წინასწარი თანხმობის გარეშე.

 

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 25 დეკემბრამდე.

ლაშა გობაძე ევროპის ჩემპიონია

 

ლაშა გობაძე

 

 

 

ჩემპიონატიდან კიდევ ორი საპრიზო ადგილი ბრინჯაოს მედლები ხვიჩა ჭითავამ (59 კგ) და კოკა კირცხალიამ (98 კგ) მოიპოვეს.

 

ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატი პოლონეთის ქალაქ ვალბჟიხში 24 მარტიდან მიმდინარეობს და დღეს სრულდება.

 

ლაშა გობაძე აჭარის ნაკრების წევრია. ის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლევან შავაძის შვილიშვილია.

 

სახელმწიფო გზებზე მიმდინარე სამუშაოები აჭარაში

 

ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობას ამ ეტაპზე (ლოტი 2, გზის სიგრძე – 18,9 კმ) შპს ,,სინოჰიდრო” ახორციელებს. წელს 65 მილიონი ლარის სამუშაოები უნდა შესრულდეს. დაფინანსების წყარო აზიის განვითარების ბანკია. შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 2013-2016წწ.

 

მდ. ჭოროხზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი შპს „ზიმო“ ასრულებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 929 400 ლარია გამოყოფილი (2015-2016წწ.). მიმდინარე წელს 1 750 000 ლარის სამუშაო შესრულდება.

 

დაბა ხულოს გასასვლელთან არსებული გზის ქვედა საყრდენი კედლის პირველი იარუსის აღდგენისა და მიწის ვაკისის მდგრადობისთვის (ასევე, საყრდენი კედლის მეორე იარუსის და ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენისთვის) გადაუდებელი სამუშაოების I და I I ეტაპებს შპს „იბერია ჯ“ ასრულებს. სახელმწიფო  ბიუჯეტიდან გამოყოფილია 482 ათასი ლარი.

 

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზის 23-ე კმ-ში ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენით სამუშაოებს კი         შპს „ზიმო 7“ ასრულებს, რისთვისაც 499 600 ლარია გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე N33 და N34 ზონაში შემავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების (მოვლა–შენახვა) სამუშაოებს შესაბამისად         შპს „ზიმო 7“ და შპს „იბერია ჯ“  შეასრულებენ. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 1,3 მილიონზე მეტია გამოყოფილი. თანხის ამოწურვის შემდგომ გამოცხადდება ახალი ტენდერი.

 

ხულოს მუნიციპალიტეტში, ზომლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის სხალთა-კვატიას მონაკვეთის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება       (2015-2016წწ.). ბანკი 4 500 000 ლარს გამოყოფს. დეპარტამენტის ინფორმაციით დავალება გასაცემია (განიხილება).

 

საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 8,5 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით მოხდება. წელს 3 მილიონი ლარი გამოიყოფა. დავალება გაცემულია (განიხილება).

 

ქ. ბათუმში მარკოზ აჭარელის IV ჩიხში, მდ.ყოროლისწყალი მე-2 უბანი დასაპროექტებელია, რაზედაც გაცემულია შესაბამისი დავალება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის წელს 450 ათასი ლარი დაიხარჯება.

 

ხიდის მშენებლობა ქობულეთის ასაქცევ გზაზე /ფოტო: georoad.ge /

აჭარის სამთავრობო დელეგაცია ყაზახეთში გაემგზავრა

 

ქ. ასტანაში, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად მშენებლობის, ტურიზმისა და ლოჯისტიკის სფეროში მოღვაწე კერძო კომპანიების წარმომადგენელთა ვიზიტიც იგეგმება. ღონისძიებაში ასევე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია მონაწილეობს. ბიზნესფორუმზე პრეზენტაციებით ბათუმის საზღვაო პორტი, სასტუმრო „ჰილტონი“, სამშენებლო კომპანია „ორბი“ და ტურისტული კომპლექსი „დრიმლენდ ოაზისი“ წარსდგებიან.

ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ყაზახეთის რესპუბლიკის საერთაშორისო სავაჭრო პალატა, ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების სამინისტრო, ექსპორტისა და ინვესტიციების ეროვნული სააგენტო – კაზნექს-ინვესტი.

30 მარტს დაგეგმილ ბიზნესფორუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. დელეგაცია ყაზახეთს 31 მარტს დატოვებს.

 

შსს: დაკავებულია თაღლითური დაჯგუფების ოთხი წევრი

 

შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს ოთხი მოქალაქე: 1992 წელს დაბადებული ჯემალ ჭ, 1990 წელს დაბადებული გოგიტა ბ, 1991 წელს დაბადებული თამაზ ტ. და 1989 წელს დაბადებული გიორგი დ. ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე დააკავეს.

 

გამოძიება ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

მილიონი ლარი მდინარე თერგის დროებითი ნაპირგამაგრებისთვის

 

საბაჟო-გამშვებ პუნქტ “ყაზბეგის” მიმდებარედ მდინარე თერგის კალაპოტის დროებითი ნაპირსამაგრი ღონისძიებების შესყიდვაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი 20 მარტს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ 354 ათას 240 ლარი იყო. ელექტრონულ ტენდერში 7 პრეტენდენტი იღებდა  მონაწილეობას.

 

სატენდერო კომისიამ დოკუმენტაციის დასაზუსტებლად შპს „კალასის“ ვადა 31 მარტამდე მისცა, რის შემდეგაც კომისია კომპანიას გამოაცხადებს გამარჯვებულად, ან მოახდენს მის დისკვალიფიკაციას.

 

ტენდერის მოთხოვნის მიხედვით სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 15 ივლისამდე პერიოდი. ჩასატარებელ ძირითად სამუშაოთა სახეობები კი – მიწის სამუშაოები, ქვაყრილისა და ბუტო-ბეტონის კედლის მოწყობა.

 

შემსრულებელი პასუხისმგებელია ავტოტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობის პირობებში შეასრულოს სამუშაოები პერსონალის უსაფრთხო პირობების და ეკოლოგიურად მისაღები გზით და ვალდებულია დაიცვას შემეგი პირობები:

 

უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში მდებარე ხეების და მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა;

 

მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაოებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა;

 

სამუშაოების დასრულების შემდეგ თავისი ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და ა. შ.;

 

სამუშაო ადგილის ფარგლებში უზრუნველყოს გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმადე დაყვანა.

 

გასული წლის მაისში დარიალის ხელობაში ჩამოწვა მეწყერი, რამაც მდინარე თერგის კალაპოტის გადაკეტვა გამოიწვია. ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს.

გორგილაძის ქუჩა აპრილის ბოლომდე არ გაიხსნება

საავტომობილო მოძრაობას ბათუმში, ჭავჭავაძისა და გორგილაძის ქუჩების ბოლო მონაკვეთებში,  კიდევ უფრო ართულებს პუშკინის ქუჩის გადაკეტვა ჯავახიშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის [აქაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო და ეს მონაკვეთის მინიმუმ 1 თვე იქნება გადაკეტილი].

GE DIGITAL CAMERA

მიუხედავად იმისა, რომ გორგილაძის ქუჩის ბოლოში ინტენსიური მოძრაობაა, სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად არ მიმდინარეობს. ეს მონაკვეთი მეორედ გადაკეტეს, თუმცა, როგორც აქ დასაქმებული ადამიანები ამბობენ „მიწისქვეშა ქსელებია შესაცვლელი, რასაც ალბათ 20 დღე დასჭირდება. შემდეგ მოვაასფალტებთ“.

GE DIGITAL CAMERA
GE DIGITAL CAMERA

მხატვარი არქეოლოგიური მუზეუმიდან

ანზორ ჯაველიძე

თავზე კეპი ახურავს და ნახატებს ჩაჰკირკიტებს. საუბარს იმით იწყებს, რომ კარგი ორატორი არ არის და აქვე იხსენებს: „ბავშობაში პატარა პიესაში უნდა მეთამაშა, სულ სამი სიტყვა იყო: „მე წავალ და მოვემზადები“. მთელი დღე ვვარჯიშობდი სარკესთან, გავედი სცენაზე, დავიბენი, მაგრამ წარმოვთქვი ეს სამი სიტყვა და სიცილი ატყდა დარბაზში. ვერ მივხვდი რა ხდებოდა. რეჟისორმა მითხრა კულისებში გასულს – რა თქვი ბიჭო ესო? იმის ნაცვლად რომ მეთქვა, „მე წავალ და მოვემზადები!“, მითქვამს: „მე წავალ და მოვხაზირდები!“ არ გამომდის ლაპარაკი.“

ლაპარაკი გამოსდის. მიხსნის, რატომ არის მნიშვნელოვანი მხატვრის ყოფნა არქეოლოგიური გათხრების დროს: „პირველ რიგში უნდა დაიხაზოს ის ტერიტორია, სადაც გათხრები იწყება. ჩემი მოვალეობაა ადგილზევე ჩავიხატო ნივთი, რომელსაც არქეოლოგები პოულობენ. ყველაფერი უნდა აჩვენოს მხატვარმა, ყველა დეტალი… ზოგიერთი ნივთი ისეთია, შეიძლება ადგილზე დაიშალოს, ამიტომ ჩახატვა უნდა მოასწრო. ხანდახან მხატვარს მაშინაც უწევს ველზე დარჩენა, როცა ყველა მიდის, რადგან მას სამუშაო ბევრი აქვს.“

ანზორი ამბობს, რომ მის საქმიანობაში მთავარი სიზუსტეა – ისე უნდა გაკეთდეს, რომ ყველაფერი იოლად აღსაქმელი იყოს მნახველისთვის. არქეოლოგიური გათხრებისას მხატვრის ყოფნა დღესაც, ციფრული ფოტოგრაფიის პირობებშიც, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ადრე. „აი, მაგალითად,“ – მაჩვენებს ნახატს ანზორ ჯაველიძე, „- ეს ბრინჯაოს ცულია, ფოტო ასე კარგად ვერ აჩვენებს ზედ დატანილ ორნამენტს. გარდა ამისა, უნდა გაკეთდეს ზედხედი, დეტალები უნდა ჩაიხატოს, იმას, რასაც აჩვენებს მხატვარი, ვერ აჩვენებს ფოტოგრაფი.“

არქეოლოგიურ მუზეუმში დაარსების დღიდან მუშაობს. მანამდე კვლევით მუზეუმში მუშაობდა. ზუსტად ახსოვს ის დღე, როცა მუშაობა დაიწყო: „არქიტექტურას ვსწავლობდი ჯერ თბილისში, ოთხი წელი, თუმცა არ დამისრულებია სწავლა, ისე ჩამოვედი ბათუმში. მერე აქ ისტორიული დავამთავრე. გავლილი მქონდა პრაქტიკა ხატვაში, გეოდეზიაშიც და ერთ დღესაც გავიარე კვლევით ისტიტუტში, სადაც ჩემს ძველ მეგობარს ვეძებდი, იმ პერიოდში ვეძებდი სამსახურსაც და ისე მოხდა, რომ ორივე ვიპოვე. 1966 წელი იყო. ადრე უფრო მეტი სამუშაო იყო, ხანდახან დაღამებამდეც ვმუშაობდით, რომ მოგვესწრო“, – იხსენებს ანზორ ჯაველიძე. უმუშავია ფიჭვნარში, ხიხაძირში, კალოთაში, ღორჯომში, გურიანთაში, მახვილაურში, გონიოში და სხვა ადგილებში.

ბევრი არქეოლოგიური აღმოჩენის უშუალო მონაწილეა, მაგრამ ერთის, ანტიკური პერიოდის ბერძნული ჭურჭლის, კრატერის აღმოჩენა განსაკუთრებით კარგად ახსოვს: „1967 წელი იყო ჩემთვის ყველაზე კარგი წელი. ამ წელს აღმოვაჩინეთ ცნობილი კრატერი და მთელი თბილისი ჩამოვიდა მის სანახავად. ფიჭვნარში ჩამოვიდნენ ლადო გუდიაშვილი, შალვა ამირანაშვილი, ლევან გოთუა, ირაკლი აბაშიძე… ძალიან დასამახსოვრებელი მომენტი იყო.“

არქეოლოგების ძველი ტრადიციის, „ნათლობის“ შესახებ, რომლის დროსაც ახალბედა არქეოლოგს კოლეგები ეხუმრებიან და საგანგებოდ აღმოაჩენინებენ ვითომ ძველ ნივთს, ერთ შემთხვევას იხსენებს: „მეგობარი მყავდა ერთი და იმას გავუკეთე: გავთალე ჯოხი, ჩაის ყლორტების და ანწლის წვენისგან გავამუქე, დავამუშავე ისე, რომ დამსგავსებოდა ძველ ისრის პირს. დიდი სამარხი გქონდა, სადაც შუბი იყო აღმოჩენილი და ჩავდე იქ, მიწა მივაყარე და გავაფრთხილე ყველა, რომ მალე ახალი „აღმოჩენა“ გვექნებოდა. დაიწყო თხრა და ბანაკში მოვიდა გახარებული, გამარჯვებული სახით, სინზე დადებული ნივთებით და არქეოლოგ ამირან კახიძეს ეუბნება: „ბატონო ამირან, 64 ისრის პირი ვნახეთ!~ ამირანმა გადმომხედა, ერთი ჩადე და 64 საიდანო? – მეკითხებოდა მზერით. მეც დავიბენი, ვიფიქრე, რომ ვიღაცამ გამამხილა და ხუმრობდა. ჩემმა მეგობარმა კი გააგრძელა – 64 ვნახე, მაგრამ ერთი განსაკუთრებულიაო და გახსნა ბამბაში სათუთად შეხვეული ჩემი ისრის პირი. სინამდვილეში თურმე იქვე აღმოჩნდა 63 ნამდვილი, სკვითური ისრის პირი, კარგი დამთხვევა იყო. ამოვისუნთქე შვებით, მაჩვენე ერთი ვნახო-მეთქი, მოვკიდე ხელი და გავღუნე და გავტეხე. რას შვებიო – იყვირა, რა დაემართა, შეგიძლია წარმოიდგინოთ“, – იცინის ანზორ ჯაველიძე.

წელს წავა თუ არა ფიჭვნარში, არქეოლოგიურ ექსპედიციაში, ჯერ არ იცის, მაგრამ მიხსნის, რა არის ექსპედიციის მონაწილისათვის ყველა ახალი სეზონი: „ეს არის მოლოდინი. ყოველი წელი ელოდები ახალ აღმოჩენას და თქვენ არ იცით, რა სიხარულია საინტერესო აღმოჩენა!“

სახლები პარკინგის გარეშე

„ბათუმი პლაზა“-ს მიმდებარე ტერიტორია

ავტომანქანების საცობებში ხანგრძლივი დგომა, განსაკუთრებით შუადღის საათებში, ბათუმისთვისაც ჩვეულებრივი ნორმა ხდება. სწორედ ასეთ ვითარებაში ახალაშენებულ კორპუსებსა და კომერციულ დაწესებულებებში პარკინგისთვის გამოყოფილი ადგილი კომერციული მიზნებისთვის არის გამოყენებული, მაგალითად, „ბათუმი პლაზაში“ პარკინგის ნაცვლად სავაჭრო ცენტრია განთავსებული, პარკინგს კი უმნიშვნელო ნაწილი აქვს დათმობილი. ავტოსადგომი დაკეტილია LC Waikiki-სა და ყოფილი „დომბიტის“ ტერიტორიაზე აგებულ მრავალბინიან სახლებშიც. ამ სახლის ავტოსადგომის მეთვალყურე ნოდარ გორგაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პარკინგი გაიხსნება, თუმცა მისი მომსახურება მობინადრეებისთვის ფასიანი იქნება.

„უფასო არ იქნება, მაგრამ მცხოვრებლებისთვის შეღავათიანი ფასი დაწესდება. ფასი ჯერ უცნობია, პარკინგის ამოქმედების შემდეგ დაზუსტდება და ალბათ მერიის პარკინგთან შედარებით იაფი იქნება“, – ამბობს ის.

„ბათუმის პლაზას“ დირექტორის, ნათია მეტრეველის განცხადებით, პარკინგი არა მარტო მცხოვრებლებზე, არამედ მთლიან კომპლექსზეა გათვლილი, თუმცა, მინუს სართულზე, ავტოსადგომისთვის საკმაოდ მცირე ფართობი ფუნქციონირებს. სადგომის მეთვალყურე ამბობს, რომ ტერიტორია, რომელიც ამჟამად სავაჭრო ცენტრს უკავია, ავტოპარკინგისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ამ ინფორმაციას ნათია მეტრეველი უარყოფს:

„სავაჭრო ცენტრი კომერციულ ფართობშია განთავსებული, ის არ არის საპარკინგე ნაწილი. რა ფუნქციით დაიტვირთება ფართობი, ამას მეპატრონე წყვეტს“.

ის, რომ მიღება-ჩაბარების დოკუმენტის შემდეგ, მერია ვერ აკონტროლებს პროექტით დამტკიცებულ პარკინგის ტერიტორიას რა მიზნით იყენებს მესაკუთრე, ამას ირაკლი ახალაძეც ადასტურებს.

„იმ შემთხვევაში, თუ ასაშენებენ კორპუსს მანქანებისთვის საჭირო პარკირება არ ექნება, მერიის არქიტექტურის სამსახური მშენებლობაზე ნებართვას არ გასცემს. ანუ პარკინგის ქონა ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ახალი მშენებლობის წარმოების დროს. თუმცა მერიის შესაბამისი სამსახური აღარ აკონტროელებს, იყენებს თუ არა მეპატრონე ამ ფართს პარკინგისთვის. ჩვენ ამაზე ზემოქმედების ბერკეტი არ გვაქვს“.

როგორ დატვირთავს დამკვეთი მშენებლობის დსრულების შემდეგ ფართს, ამას ვერც არსებული კანონმდებლობა არეგულირებს:
ირაკლი ახალაძის თქმით, ეს სამართლებრივი საკითხია და საკრებულოს დონეზე უნდა გადაწყდეს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩავლეიშვილი კი ამბობს, რომ ფრაქცია „რესპუბლიკელები“ ბათუმის საკრებულოში მუშაობენ პროექტზე, რომლითაც არა მარტო ავტოსადგომებთან დაკავშირებული დეტალები იქნება კანონში დაკონკრეტებული, არამედ მშენებლობებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი მხარეებიც დაზუსტდება:

„ვაღიარებ, რომ კანონმდებლობაში არსებობს პრობლემა, რაც ქალაქზეც აისახება. პროექტში, რომელსაც ვამზადებთ, საუბარია, მაგალითად, იმაზეც, თუ როგორ უნდა განთავსდეს კონდიციონერები შენობებზე, რომ მშენებლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ სარეცხის საშრობები შენობაში, როგორ უნდა შეიფუთოს სახლი და ასე შემდეგ. უნდა არსებობდეს ვალდებულება, რომ სახლები იყოს ადაპტირებული შშმ პირებისთვისაც“.

ყველა ეს დეტალი, როგორც ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, საკანონმდებლო ნორმაშია მოსაქცევი. „ამ საკითხებს კი სჭირდება საკრებულოს სხდომაზე გატანა და უმრავლესობის მხარდაჭერა“.

კანონმდებლობის მოწესრიგებამდე ირაკლი ახალაძე პასუხისმგებლობას მოქალაქეებს აკისრებს: „თვითონ, მოქალაქეები ქმნიან დისკომფორტს, რადგან არ სარგებლობენ მერიის ფასიანი პარკინგით და ცდილობენ ავტომანქანები ტროტუარებსა ან სკვერების მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერონ, რის გამოც ქუჩები იხერგება და ქალაქის ინფრასტრუქტურაც ზიანდება“.

თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, ამ პრობლემის მოგვარება მერიას სწორი ადმინისტრირებით შეუძლია: „იქ, სადაც ამკრძალავი ნიშნებია განთავსებული და მანქანა მაინც დგას, მძღოლები უნდა დაჯარიმდნენ“.

ბათუმში ბოლო ორი თვის განმავლობაში მშენებლობის ნებართვა 70 საცხოვრებელ სახლზე გაიცა.

ასმათ დიასამიძე: რაღაც გაორებული ვარ

 

 

„მართალი გითხრათ, სერიოზულად ამ თემაზე არ მქონია არც საუბარი და არც მე არ ჩავღრმავებულვარ. რაღაც გაორებული ვარ, თუმცა,  ვფიქრობ, რომ ქალთა კვოტირება ცუდი არ იქნება. საზოგადოებაც მიეჩვევა და ქალების მხრიდან იქნება მეტი მონდომება.

 

დიდად არც პარტიების დავალდებულების მომხრე ვარ, მაგრამ  რადგან გამოსავალი არ არის და ფაქტობრივად წლების განმავლობაში შედეგს ვერ მივაღწიეთ, ალბათ პირველ ეტაპზე ეს კანონი ხელს შეუწყობს ქალთა წარმოჩენას და გააქტიურებას. ვინაიდან, ამ წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა საჭირო რაოდენობის ქალთა შესვლა საკანონმდებლო ორგანოში, ეტყობა მაინც საჭიროა რაღაც საკანონმდებლო ინიციატივა, რომ ეს ვალდებულება კანონის დონეზე ავიღოთ.

 

გენდერული ბალანსი დაცული უნდა იყოს საკანონმდებლო ორგანოში და ეს სურათს შეცვლის იმ კუთხით, რომ აქტიური ქალის როლი მნიშვნელოვანი იქნება“.   

კინოჩვენება დედამიწის საათის ფარგლებში

 

ღონისძიება, რომელსაც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული „მწვანე კლუბის“ წევრებიც ესწრებოდნენ, სამმართველოს უფროსმა ვახტანგ წულაძემ გახსნა.

 მან მოზარდებსა და სტუდენტებს იმ გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ ესაუბრა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა და ზოგადად, პლანეტა დგას. შეხვედრა კითვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და გლობალური დათბობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებით დასრულდა.

 

 

არჩილ ხაბაძე თურქეთის ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს აჭარის ტურისტული პოტენციალი გააცნო და სამომავლო თანამშრომლობაზე ესაუბრა. შეხვედრას ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მამუკა ბერძენიშვილი ესწრებოდნენ.

 

თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაცია იურიდიული სტატუსის მქონე პროფესიული ორგანიზაციაა, რომლის ძირითადი მიზანია ტურისტული სააგენტოების მომსახურების ხარისხის და პროფესიონალიზმის გაზრდა, ტურიზმის სექტორის განვითარება, პროფესიული ეთიკისა და სოლიდარობის დაცვა.

 

აჭარა ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალზე პოლონეთში

 

სხვა დამეგობრებულ რეგიონებთან ერთად, აჭარის სტენდზე ვიზიტორებს შეეძლებათ აჭარა-ბათუმის ტურისტული პოტენციალის ამსახველი სარეკლამო-საინფორმაციო მასალების ხილვა. გამოფენის ფარგლებში გაიმართება ასევე საქმიანი შეხვედრების პოლონეთის ტურისტულ კომპანიებთან.

 

ინფორმაციას, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

 

 

ჯემალ ფუტკარაძე: ქალი უფრო მეტ წვლილს შეიტანს, თუკი ოჯახში იტრიალებს

„ვაღიარებ, რომ ქალებს უფრო მეტი შეუძლიათ, მაგრამ ქალების საკანონმდებლო ორგანოში კვოტირება ხელოვნურობად მიმაჩნია. ეს ქალებს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. პოლიტიკური აქტიურობისთვის არ უნდა იყოს განმსაზღვრელი  ქალი იქნება თუ კაცი.

მიმაჩნია, რომ ეს ეს ყველაფერი წინასწარ, პოლიტიკურ ბრძოლაში და საქმიანობაში უნდა იასახოს და არა საარჩევნო სიებში  კვოტირებით, რომ  სიაში  ყოველი მეორე  იყოს  ქალი.  ხელოვნურობა  უნდა მოვაშოროთ და ჩვენი ბუნებრივი რაც არის, რაც  უფალს ქალისთვის მონიჭებული აქვს, ის უნდა გამოვიყენოთ.

რას ვგულისხმობ? – ქალს უფლისგან მონიჭებული აქვს, რომ იქ, სადაც ქალია, იქ არის მშვიდობა, სიყვარული, ამ თვისებებით ქალი  უფრო მეტ წვლილს შეიტანს, როცა იტრიალებს ოჯახში, საზოგადოებაში. მაგრამ თუ გამოჩნდებიან ისეთი ქალებიც, რომლებიც იტრიალებენ, იფუსფუსებენ საკანონმდებლო ორგანოში, რა თქმა უნდა, ეს ჩემი მხრიდან მისასალმებელი იქნება.

ჩვენ სხვა სტიმული უნდა შევუქმნათ პარტიებს, თუნდაც დაფინანსების კუთხით. შეიძლება მოხდეს ისე, რომ ქალები უფრო მძიმეწონიანი ფიგურები აღმოჩნდნენ პარლამენტში და უფრო მეტი ადგილი დაიკავონ. ამიტომ, ხელოვნურად არ უნდა იყოს ადგილები შექმნილი მათთვის“.

დავით ბაციკაძე: პარტიებს კვოტირების ვალდებულება არ უნდა ავკიდოთ

 

 

 

„მე ხელოვნურობისა და იძულების წინააღმდეგი ვარ. ვფიქრობ, რომ კვოტირების თემაც იძულებითია და არ იქნება სწორი, თუ პარტიებს  ვალდებულებას ავკიდებთ,  რომ უნდათ თუ არა  ქალები ჰყავდეთ პარტიაში. ეს პრობლემებს შექმნის.

 

მართალია, პოლიტიკური პარტიები წაახალისეს, როცა დაფინანსება გაეზარდათ პარტიაში ქალთა რაოდენობის ზრდისთვის, თუმცა ეს არ არის რეალური წახალისება და სამომავლოდ ამაზეც უნდა ვიფიქროთ.  რომ გავჩერდეთ და ქალები არ გავააქტიუროთ, არც ეს იქნება სწორი. როგორ?  ეს უნდა მოვიფიქროთ.

 

კვოტირებაზეც უნდა ვიფიქროთ, ოღონდ მოგვიანებით, რომ პარტიებსაც ჰქონდეთ მოფიქრებისთვის დრო“-აცხადებს დავით ბაციკაძე.    

პროექტი „შვილობილები“ – ღარიბი ბავშვების დასახმარებლად

 

„ფონდის დამფუძნებლები თამთა დემურიშვილი და თინათინ მაღალაშვილი არიან. ფონდი თბილისში დაფუძნდა, ამ დროისთვის ბათუმშიც  ვაპირებთ საქველმოქმედო საქმინობას და გვინდა პროექტში სამეგრელოც ჩავრთოთ.

 

„პროექტის – „შვილობილები“ – ფარგლებში ამ დროისთვის ბათუმში 35 ოჯახს გავუწიეთ  დახმარება. ბათუმსა და ქობულეთში სულ 70  სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავს აღრიცხული და გვინდა, რომ თვის ბოლომდე ყველასთან მისვლა შევძლოთ“ – ამბობს ფონდის წარმომადგენელი ბათუმში თიკო აბაშიძე.

 

საქველმოქმედო ფონდი პროექტის ფარგლებში მოლაპარაკებას აწარმოებს  რესტორნებთან და კაფე-ბარებთან, რომლებიც სურვილის შემთხვევაში, კვირაში ერთხელ შეძლებენ, ღარიბი ოჯახებისთვის საკვები პროდუქტის გამოყოფას. „პროდუქტების ოჯახამდე მიტანას ჩვენი ფონდი უზრუნველყოფს“- გვეუბნება თიკო აბაშიძე.

 

თიკო აბაშიძის განცხადებით, ამ დროისთვის საქველმოქმედო აქციაში ჩართვის სურვილი მხოლოდ სამმა რესტორანმა გამოთქვა: „კარგი იქნება თუკი უფრო მეტი კვების ობიექტი ჩაერთვება ამ პროცესში. ასევე, მინდა ვთხოვო ყველას, თუკი ექნებათ მათ სოციალურად დაუცველ, უკიდურეს სიღარიბეში მყოფი  ბავშვების შესახებ  ინფორმაცია, მოგვაწოდონ, რომ  მათი დახმარებაც შევძლოთ“.  

 

თიკო აბაშიძის თქმით, გარდა საკვები პროდუქტებისა, მსურველებს შეუძლიათ  ოჯახების დასახმარებლად ტანსაცმელი და სხვა საოჯახო ნივთებიც შეაგროვონ.

 

„მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამოთქვეს დახმარების სურვილი და ცოტა ხნის წინ ტანსაცმელი შეაგროვეს. სამწუხაროდ, ოფისი არ გვაქვს ბათუმში, ამიტომ ჯერჯერობით  ჩემს  ბინაში გვიხდება ნივთების შეგროვება.“

 

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დახმარების  მსურველებს შეუძლიათ ორგანიზაციის წარმომადგენელს, თიკო აბაშიძეს დაუკავშირდნენ ტელეფონზე: 599 20 96 46.

 

ჰოკეის ეროვნული ნაკრები ბათუმში ემზადება [ვიდეო | ფოტო]

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები ბათუმში | 27-03-2015

როგორც ეროვნული ნაკრების წევრი, ცენტრალური თავდამსხმელი გია ოგანეზიანი გვეუბნება საქართველოს ნაკრები შეხვდება არაბეთის, ჰონკონგის, ბოსნიის, ლუქსემბურგისა და თურქეთს გუნდებს.

გია ოგანეზიანი: „ამ შეკრებაში ფავორიტი თურქეთის გუნდია, რადგან ის მეორე დივიზიონში ასპარეზობდა. იმ პირობის გათვალისწინებით, რომ საქართველოში სტანდარტული მოედანი მხოლოდ ბათუმშია და წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვვარჯიშობთ აქ, ზამთრის პერიოდში კი – ბაკურიანში მხოლოდ ორი თვე, ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე მზად ვართ“.

საქართველოს ჰოკეის ეროვნულ ნაკრებს ამჟამად უკრაინელი სპეციალისტი ევგენი ალიპოვი წვრთნის. ის საქართველოს ნაკრებთან 2010 წლიდან მუშაობს.

„ბათუმელები“ საათნახევრიანი ვარჯიშის შემდეგ, რომელიც წუხელი ღამის 12 საათზე დამთავრდა, ევგენი ალიპოვს ესაუბრა:

– გვიან ღამით რატომ ვარჯიშობთ?

– ასეთი გრაფიკი მოგვიწია. გარდა ამისა, დღისით მეტი სითბოა და სუნთქვა ჭირს. დილით და საღამოს კი, ცივა და კარგი ყინულია.

– როგორ შეაფასებთ თქვენს გუნდს, რამდენად მზად არიან მოთამაშეები?

– ეს აღარ არის ის ჯგუფი, რომელიც იყო გასულ წლებში. წელს საქართველოს ნაკრები იქნება სიურპრიზი ბევრი სპეციალისტისთვის და სხვა გუნდებისთვის. ჩვენ უკვე კარგად შეგვიძლია თამაში. თუმცა საქართველოს ნაკრებმა რომ წარმატებით იასპარეზოს მსოფლიო ჩემპიონატის ტურებში, საჭიროა თბილისში, ქუთაისში, ბაკურიანში მინიმუმ ისეთი პირობები როგორიცაა ბათუმში, რადგან ბევრი ახალგაზრდა, გოგოები და ბიჭები არიან ყინულის ჰოკეით დაინტერესებული.

– კიდევ რამდენი ვარჯიშს ჩაატარებთ იზმირში გამგზავრებამდე?

– დაგვრჩა ოთხი დღე. ორ დღეს ორ-ორი ვარჯიში გვექნება დილით და საღამოს და ორი დღე თითო ვარჯიში. დაგეგმილი გვაქვს ორი საკონტროლო თამაში ჩვენს გუნდს შორის, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ შევამოწმოთ რამდენად მზად არიან ისინი თამაშისთვის.

– რა შემადგენლობით გაემგზავრებით თურქეთში?

20 მოთამაშე, აქედან ორი მეკარე გვეყოლება.

ევგენი ალიპოვი – საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარჯიშზე

ოქრო-ვერცხლის უკანონოდ შემოტანის მცდელობები საბაჟო გამშვებ პუნქტებზე

 

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, პირი დაჯარიმდა და სანქციის სახთ 3411,20 ლარის გადახდა შეეფარდა.

 

ასევე,  25 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი რაოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს. თურქეთის მხრიდან სამგზავრო ავტობუსით შემოსული სომხეთის მოქალაქე ჰ.რ.-ის მიმართ ეჭვის საფუძველზე ავტობუსის დათვალიერების შედეგად, მათ აღმოაჩინეს აღნიშნული პირის კუთვნილი არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: ოქროს ნაკეთობები – საერთო წონით 546,95 გრამი, ვერცხლის ნაკეთობები – საერთო წონით 1485,22 გრამი, რომელთა საერთო ღირებულებამ შეადგინა 28976,57 ლარი, ასევე, ხელოვნური თვლები.

 

მგზავრს საქონელი დამალული ჰქონდა  ავტობუსში სპეციალურად მოწყობილ სამალავებში. საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის  აჭარისა და გურიის სამმართველოს.

 

ასევე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანა სცადა 25 მარტს  „წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე აზერბაიჯანის  მოქალაქე ტ.მ.-მ. დათვალიერების შედეგად შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მას 4738,43 ლარის ღირებულების 4 ცალი ოქროს ყელსაბამი აღმოუჩინეს.

 

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, პირს სანქციის სახით  შეეფარდა ფულადი ჯარიმა 4738,43 ლარის ოდენობით.

შსს: ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია სოციალური აგენტი

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან ნავერიანი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას მოქალაქეს სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მინიჭებასა და სახელმწიფო შემწეობის დანიშვნაში დახმარებას დაჰპირდა. ლევან ნავერიანმა მოქალაქე ასევე დაარწმუნა, რომ მის ქონებრივ სტატუსს სოციალური აგენტი არ შეამოწმებდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით, ყოველწლიურად მოითხოვა ერთი თვის შემწეობის თანხა – 350 ლარი. აღნიშნული თანხიდან 200 ლარი 2014 წლის ნოემბერში, ხოლო 150 ლარი 2015 წლის მარტში გამოართვა“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

 

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

აუქციონი სასტუმროსა და კაზინოს ამოქმედების პირობით

შემსყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 (ორმოცდაორი) თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 24-სართულიანი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში შეყვანა. ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის განმავლობაში კი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობიდან არანაკლებ 100 სასტუმრო ნომრის ფუნქციონირებისათვის და კაზინოსათვის საჭირო ფართობის ცალკე საკადასტრო ერთეულად რეგისტრაცია, სასტუმროსა და კაზინოს ამოქმედება და აღნიშნულ საკადასტრო ერთეულზე (მხოლოდ სასტუმროსა და კაზინოს ნაწილზე)  ამოქმედებიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება.

 

შემსყიდველმა ასევე უნდა უზრუნველყოს აღნიშნულ პროექტში არანაკლებ ცხრა მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება.

 

პირობიანი ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და იგი 6 აპრილს, 17 საათზე დასრულდება.

პუშკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ბათუმში, პუშკინის ქუჩის მონაკვეთი ჯავახიშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის, გადაკეტილია. გადაკეტილია გრიბოედოვის ქუჩაც პუშკინის ქუჩის კვეთაში. ქუჩების გადაკეტვის მიზეზი კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყებაა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და პუშკინის ქუჩის მონაკვეთები ეტაპობრივად გადაიკეტება.

სამუშაოები პარალელურად უნდა დაიწყოს პორტის მიმდებარე ტერიტორიიდანაც [გოგებაშვილისა და შავშეთის ქუჩების კვეთა].

ქობულეთში შუქნიშანი მოიპარეს

 


„ბათუმელების” ინფორმაციით, შუქნიშანი რამდენიმე დღის წინ მოიპარეს, ქურდობაში ბრალდებული მონადირეა და მან შუქნიშანი ნადირობისთვის მოიპარა. „ბათუმელები” დამატებითი დეტალების დაზუსტებას ცდილობს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.  


კოდექსში ამ მუხლის ფორმულირება ასეა ჩამოყალიბებული: “ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.” 

საჯარო მოსამსახურეებმა ქედის ცენტრი დაასუფთავეს



ქედის გამგებლის დავით დუმბაძის თქმით, ნარჩენების მართვის გასაუმჯობესებლად გამგეობა წელს 100 ურნას შეიძენს.



„დასუფთავების აქცია მნიშვნელოვანია, გასულ კვირას ცხმორისის ცენტრი დავასუფთავეთ, სამომავლოდ კი მოსახლეობის მონაწილეობით მსგავსი აქციები მოეწყობა ადმინისტრაციულ თემებსა და სოფლებში. რაც შეეხება ნარჩენების მართვას, ჩვენ ვფიქრობთ შევიძინოთ 100-მდე ურნა, სოფლებში, სკოლებსა და ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიებზე განვათავსოთ, რომ არ გადაიყაროს საყოფაცხოვრებო თუ არასაყოფაცხოვრებო ნარჩენები სოფლის გზებსა და ხრამებში“ – ამბობს ის.







SMS და ვიდეოზარი 112-თან დასაკავშირებლად – ახალი სერვისი სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის

 

 

გადაუდებელი დახმარების შესახებ შესული შეტყობინება სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო/სამაშველო სამსახურს გადაეცემა. ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისგან შესულ შეტყობინებებს ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები მიიღებენ.

 

„ახალი სერვისი მნიშვნელოვნად შეცვლის ყრუ და სმენადაქვეითებულ პირთა ცხოვრებას, ხელს შეუწყობს მათ დამოუკიდებლობას და ინტეგრაციას საზოგადოებაში. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კომპლექსური მომსახურება – SMS და ვიდეოზარი, მხოლოდ სამ ევროპულ ქვეყანაშია დანერგილი: ჩეხეთის რესპუბლიკაში, საფრანგეთსა და მალტაში“, – განაცხადა “112”-ის ხელმძღვანელმა გიორგი ბიჭაშვილმა ახალი სერვისის პრეზენტაციაზე.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის თქმით, „112″-ის ახალი მომსახურება, ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის, შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და პირდაპირ პასუხობს, როგორც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს

 

 

 

„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის დონე იზომება იმ ფაქტორით, თუ რა დამოკიდებულებაა საზოგადოებაში ამა თუ იმ ჯგუფის, მაგალითად, სმენადაქვეითებული ადამიანების მიმართ. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი სმენადაქვეითებულ პირებს დამატებით შესაძლებლობას აძლევს, რაც მათ აქამდე არ გააჩნდათ. ეს შესაძლებლობა მათ საშუალებას აძლევს, დარეკონ გადაუდებელი დახმარების სამსახურში და დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანების უმეტესობას არც კი უფიქრია აქამდე, რომ ეს პრობლემა საერთოდ არსებობდა. ასევე, რაც ძალიან მომწონს ამ სერვისში არის ის, რომ ის იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს, მაგრამ ამავდროულად ის მარტივი და ეფექტურია, ეს დიდი შეღავათი იქნება ამ ადამიანებისთვის“, – თქვა გაერო-ს ელჩმა საქართველოში ნილს სკოტმა.

 

 

“112”-ის ინიციატივა გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. სერვისის შემუშავებაში ჩართული იყო საქართველოს ყრუთა კავშირი, ხოლო გაერო-სა და შვედეთის ელჩებმა მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო კამპანიაში, რომლის მეშვეობითაც ინფორმაცია ახალი სერვისის შესახებ ვრცელდება სატელევიზიო ეთერსა და სოციალურ მედიაში.

 

სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ფორმის შევსება შესაძლებელია “112”-ის ვებ-გვერდზე.

ცხმორისის თემში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა

 

აქციის ფარგლებში კონსულტაცია და სხვადახვა სახის კვლევა 220 ადგილობრივს ჩაუტარდა –  ექოსკოპიური კვლევა – 74 პაციენტს, ელექტროკარდიოგრაფიული კვლევა – 33 პაციენტს, გლუკომეტრია 3 – პაციენტს, სპირომეტრია კი – 5 პაციენტს.

 

ენდოკრინოლოგის, უროლოგის, ლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, ალერგოლოგის, ნევროპათოლოგის, კარდიოლოგის, და ექოსკოპისტის კონსულტაციის მიღება ადგილობრივ მოსახლეობას დილიდან შეეძლო.

აქცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ქედის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართება.

სამედიცინო აქციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ჯანდავის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე და ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე გაეცნენ.

 

Exit mobile version