კვირის ამბები

მხატვარი არქეოლოგიური მუზეუმიდან

28.03.2015 • 2104
მხატვარი არქეოლოგიური მუზეუმიდან
ანზორ ჯაველიძე

თავზე კეპი ახურავს და ნახატებს ჩაჰკირკიტებს. საუბარს იმით იწყებს, რომ კარგი ორატორი არ არის და აქვე იხსენებს: „ბავშობაში პატარა პიესაში უნდა მეთამაშა, სულ სამი სიტყვა იყო: „მე წავალ და მოვემზადები“. მთელი დღე ვვარჯიშობდი სარკესთან, გავედი სცენაზე, დავიბენი, მაგრამ წარმოვთქვი ეს სამი სიტყვა და სიცილი ატყდა დარბაზში. ვერ მივხვდი რა ხდებოდა. რეჟისორმა მითხრა კულისებში გასულს – რა თქვი ბიჭო ესო? იმის ნაცვლად რომ მეთქვა, „მე წავალ და მოვემზადები!“, მითქვამს: „მე წავალ და მოვხაზირდები!“ არ გამომდის ლაპარაკი.“

ლაპარაკი გამოსდის. მიხსნის, რატომ არის მნიშვნელოვანი მხატვრის ყოფნა არქეოლოგიური გათხრების დროს: „პირველ რიგში უნდა დაიხაზოს ის ტერიტორია, სადაც გათხრები იწყება. ჩემი მოვალეობაა ადგილზევე ჩავიხატო ნივთი, რომელსაც არქეოლოგები პოულობენ. ყველაფერი უნდა აჩვენოს მხატვარმა, ყველა დეტალი… ზოგიერთი ნივთი ისეთია, შეიძლება ადგილზე დაიშალოს, ამიტომ ჩახატვა უნდა მოასწრო. ხანდახან მხატვარს მაშინაც უწევს ველზე დარჩენა, როცა ყველა მიდის, რადგან მას სამუშაო ბევრი აქვს.“

ანზორი ამბობს, რომ მის საქმიანობაში მთავარი სიზუსტეა – ისე უნდა გაკეთდეს, რომ ყველაფერი იოლად აღსაქმელი იყოს მნახველისთვის. არქეოლოგიური გათხრებისას მხატვრის ყოფნა დღესაც, ციფრული ფოტოგრაფიის პირობებშიც, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ადრე. „აი, მაგალითად,“ – მაჩვენებს ნახატს ანზორ ჯაველიძე, „- ეს ბრინჯაოს ცულია, ფოტო ასე კარგად ვერ აჩვენებს ზედ დატანილ ორნამენტს. გარდა ამისა, უნდა გაკეთდეს ზედხედი, დეტალები უნდა ჩაიხატოს, იმას, რასაც აჩვენებს მხატვარი, ვერ აჩვენებს ფოტოგრაფი.“

არქეოლოგიურ მუზეუმში დაარსების დღიდან მუშაობს. მანამდე კვლევით მუზეუმში მუშაობდა. ზუსტად ახსოვს ის დღე, როცა მუშაობა დაიწყო: „არქიტექტურას ვსწავლობდი ჯერ თბილისში, ოთხი წელი, თუმცა არ დამისრულებია სწავლა, ისე ჩამოვედი ბათუმში. მერე აქ ისტორიული დავამთავრე. გავლილი მქონდა პრაქტიკა ხატვაში, გეოდეზიაშიც და ერთ დღესაც გავიარე კვლევით ისტიტუტში, სადაც ჩემს ძველ მეგობარს ვეძებდი, იმ პერიოდში ვეძებდი სამსახურსაც და ისე მოხდა, რომ ორივე ვიპოვე. 1966 წელი იყო. ადრე უფრო მეტი სამუშაო იყო, ხანდახან დაღამებამდეც ვმუშაობდით, რომ მოგვესწრო“, – იხსენებს ანზორ ჯაველიძე. უმუშავია ფიჭვნარში, ხიხაძირში, კალოთაში, ღორჯომში, გურიანთაში, მახვილაურში, გონიოში და სხვა ადგილებში.

ბევრი არქეოლოგიური აღმოჩენის უშუალო მონაწილეა, მაგრამ ერთის, ანტიკური პერიოდის ბერძნული ჭურჭლის, კრატერის აღმოჩენა განსაკუთრებით კარგად ახსოვს: „1967 წელი იყო ჩემთვის ყველაზე კარგი წელი. ამ წელს აღმოვაჩინეთ ცნობილი კრატერი და მთელი თბილისი ჩამოვიდა მის სანახავად. ფიჭვნარში ჩამოვიდნენ ლადო გუდიაშვილი, შალვა ამირანაშვილი, ლევან გოთუა, ირაკლი აბაშიძე… ძალიან დასამახსოვრებელი მომენტი იყო.“

არქეოლოგების ძველი ტრადიციის, „ნათლობის“ შესახებ, რომლის დროსაც ახალბედა არქეოლოგს კოლეგები ეხუმრებიან და საგანგებოდ აღმოაჩენინებენ ვითომ ძველ ნივთს, ერთ შემთხვევას იხსენებს: „მეგობარი მყავდა ერთი და იმას გავუკეთე: გავთალე ჯოხი, ჩაის ყლორტების და ანწლის წვენისგან გავამუქე, დავამუშავე ისე, რომ დამსგავსებოდა ძველ ისრის პირს. დიდი სამარხი გქონდა, სადაც შუბი იყო აღმოჩენილი და ჩავდე იქ, მიწა მივაყარე და გავაფრთხილე ყველა, რომ მალე ახალი „აღმოჩენა“ გვექნებოდა. დაიწყო თხრა და ბანაკში მოვიდა გახარებული, გამარჯვებული სახით, სინზე დადებული ნივთებით და არქეოლოგ ამირან კახიძეს ეუბნება: „ბატონო ამირან, 64 ისრის პირი ვნახეთ!~ ამირანმა გადმომხედა, ერთი ჩადე და 64 საიდანო? – მეკითხებოდა მზერით. მეც დავიბენი, ვიფიქრე, რომ ვიღაცამ გამამხილა და ხუმრობდა. ჩემმა მეგობარმა კი გააგრძელა – 64 ვნახე, მაგრამ ერთი განსაკუთრებულიაო და გახსნა ბამბაში სათუთად შეხვეული ჩემი ისრის პირი. სინამდვილეში თურმე იქვე აღმოჩნდა 63 ნამდვილი, სკვითური ისრის პირი, კარგი დამთხვევა იყო. ამოვისუნთქე შვებით, მაჩვენე ერთი ვნახო-მეთქი, მოვკიდე ხელი და გავღუნე და გავტეხე. რას შვებიო – იყვირა, რა დაემართა, შეგიძლია წარმოიდგინოთ“, – იცინის ანზორ ჯაველიძე.

წელს წავა თუ არა ფიჭვნარში, არქეოლოგიურ ექსპედიციაში, ჯერ არ იცის, მაგრამ მიხსნის, რა არის ექსპედიციის მონაწილისათვის ყველა ახალი სეზონი: „ეს არის მოლოდინი. ყოველი წელი ელოდები ახალ აღმოჩენას და თქვენ არ იცით, რა სიხარულია საინტერესო აღმოჩენა!“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: