სიახლეები

SMS და ვიდეოზარი 112-თან დასაკავშირებლად – ახალი სერვისი სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის

27.03.2015 • 1567
SMS და ვიდეოზარი 112-თან დასაკავშირებლად – ახალი სერვისი სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის

 

 

გადაუდებელი დახმარების შესახებ შესული შეტყობინება სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო/სამაშველო სამსახურს გადაეცემა. ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისგან შესულ შეტყობინებებს ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები მიიღებენ.

 

„ახალი სერვისი მნიშვნელოვნად შეცვლის ყრუ და სმენადაქვეითებულ პირთა ცხოვრებას, ხელს შეუწყობს მათ დამოუკიდებლობას და ინტეგრაციას საზოგადოებაში. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კომპლექსური მომსახურება – SMS და ვიდეოზარი, მხოლოდ სამ ევროპულ ქვეყანაშია დანერგილი: ჩეხეთის რესპუბლიკაში, საფრანგეთსა და მალტაში“, – განაცხადა “112”-ის ხელმძღვანელმა გიორგი ბიჭაშვილმა ახალი სერვისის პრეზენტაციაზე.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის თქმით, „112″-ის ახალი მომსახურება, ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის, შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და პირდაპირ პასუხობს, როგორც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს

 

 

 

„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის დონე იზომება იმ ფაქტორით, თუ რა დამოკიდებულებაა საზოგადოებაში ამა თუ იმ ჯგუფის, მაგალითად, სმენადაქვეითებული ადამიანების მიმართ. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი სმენადაქვეითებულ პირებს დამატებით შესაძლებლობას აძლევს, რაც მათ აქამდე არ გააჩნდათ. ეს შესაძლებლობა მათ საშუალებას აძლევს, დარეკონ გადაუდებელი დახმარების სამსახურში და დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანების უმეტესობას არც კი უფიქრია აქამდე, რომ ეს პრობლემა საერთოდ არსებობდა. ასევე, რაც ძალიან მომწონს ამ სერვისში არის ის, რომ ის იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს, მაგრამ ამავდროულად ის მარტივი და ეფექტურია, ეს დიდი შეღავათი იქნება ამ ადამიანებისთვის“, – თქვა გაერო-ს ელჩმა საქართველოში ნილს სკოტმა.

 

 

“112”-ის ინიციატივა გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. სერვისის შემუშავებაში ჩართული იყო საქართველოს ყრუთა კავშირი, ხოლო გაერო-სა და შვედეთის ელჩებმა მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო კამპანიაში, რომლის მეშვეობითაც ინფორმაცია ახალი სერვისის შესახებ ვრცელდება სატელევიზიო ეთერსა და სოციალურ მედიაში.

 

სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ფორმის შევსება შესაძლებელია “112”-ის ვებ-გვერდზე.

გადაბეჭდვის წესი